ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 30
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 36 ვიცავთ ჩვენს გულებს
რას ვსწავლობთ ისრაელის მეფეების მაგალითზე?
„მაშინ კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და ბოროტს შორის, ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“ (ᲛᲐᲚ. 3:18).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ისრაელის მეფეების მაგალითზე დავინახავთ, რას მოელის იეჰოვა დღეს თავისი თაყვანისმცემლებისგან და რა შემთხვევაში გვექნება მის თვალში მართალი ადამიანის სახელი.
1, 2. რას ვიგებთ ბიბლიიდან ისრაელის მეფეების შესახებ?
ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ისრაელის 40-ზე მეტ მეფესa მოიხსენიებს და ზოგიერთი მათგანის შესახებ საკმაოდ ბევრ დეტალს გვაცნობს. ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ კარგი მეფეებიც კი ყოველთვის არ იქცეოდნენ სწორად. მაგალითად, იეჰოვამ დავითზე თქვა, რომ ის მთელი გულით სცემდა მას თაყვანს და იმას აკეთებდა, რაც სწორი იყო მის თვალში (1 მეფ. 14:8). თუმცა დავითმა გათხოვილ ქალთან იმრუშა და შემდეგ მისი ქმარიც მოაკვლევინა (2 სამ. 11:4, 14, 15).
2 ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ორგული მეფე შიგადაშიგ სწორად იქცეოდა. მაგალითად, რობოამი, რომელიც იეჰოვას თვალში „ბოროტებას სჩადიოდა“, წინ არ აღუდგა მის ნებას, როცა ისრაელის სამეფო ორად გაიყო (2 მატ. 12:14; 1 მეფ. 12:21–24). მან ღვთის ხალხის დასაცავად ორტომიან სამეფოში ქალაქებიც გაამაგრა (2 მატ. 11:5–12).
3. რა კითხვა წამოიჭრება და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ზემოთქმულის ფონზე წამოიჭრება მნიშვნელოვანი კითხვა: რის საფუძველზე განსაზღვრავდა იეჰოვა, იყო თუ არა მეფე ერთგული? ამ კითხვაზე პასუხი დაგვანახვებს, რა შემთხვევაში გვექნება იეჰოვას თვალში მართალი ადამიანის სახელი. მოდი ვიმსჯელოთ სამ ფაქტორზე, რომლებსაც იეჰოვა ისრაელის მეფეების შეფასებისას ითვალისწინებდა: 1) როგორი იყო მათი გულის მდგომარეობა, 2) ინანიებდნენ თუ არა დაშვებულ შეცდომებს და 3) როგორი იყო მათი დამოკიდებულება წმინდა თაყვანისმცემლობისადმი.
ᲒᲣᲚᲘᲡ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐ
4. რა იყო ერთ-ერთი განმასხვავებელი ფაქტორი კარგ მეფეებსა და ცუდ მეფეებს შორის?
4 მეფეები, რომლებსაც იეჰოვა იწონებდა, მას მთელი გულითb სცემდნენ თაყვანს. მაგალითად, იეჰოშაფატზე ნათქვამია: „მთელი გულით ემსახურებოდა იეჰოვას“ (2 მატ. 22:9). იოშიაზე კი ასეთი რამ წერია: „არ ყოფილა მანამდე ისეთი მეფე, მის მსგავსად რომ დაბრუნებოდა იეჰოვას . . . მთელი გულით“ (2 მეფ. 23:25). თუმცა მათგან განსხვავებით სოლომონზე, რომელმაც სიბერეში გადაუხვია სწორი გზიდან, ნათქვამია: „არ ერთგულობდა იეჰოვას“ (1 მეფ. 11:4). ხოლო ორგულ მეფე აბიამზე ასეთ რამეს ვკითხულობთ: „მთელი გულით არ იყო იეჰოვასთან“ (1 მეფ. 15:3).
5. რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი მთელი გულით ემსახურება იეჰოვას?
5 ის, ვინც მთელი გულით ემსახურება იეჰოვას, ამას მოვალეობის მოხდის მიზნით არ აკეთებს. მას ამისკენ სიყვარული და იმის ძლიერი სურვილი აღძრავს, რომ უერთგულოს იეჰოვას. თანაც ასეთ მოტივაციას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს. სწორედ ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი მთელი გულით ემსახურება იეჰოვას.
6. რა დაგვეხმარება, ყოველთვის მთელი გულით ვემსახუროთ იეჰოვას? (იგავები 4:23; მათე 5:29, 30).
6 მეფეები, რომლებიც მთელი გულით ემსახურებოდნენ იეჰოვას, ცდილობდნენ, არ მოქცეულიყვნენ ცუდ გავლენაში. ჩვენც უნდა მივბაძოთ მათ. მაგალითად, სიფრთხილეა საჭირო, რომ ქრისტიანისთვის შეუფერებელმა გართობამ, ცუდმა საზოგადოებამ და ფულისადმი არაჯანსაღმა დამოკიდებულებამ არ გაგვინელოს იეჰოვას სიყვარული. იმ შემთხვევაში, თუ შევნიშნავთ, რომ რაღაც ჩვენსა და იეჰოვას შორის დგება, მაშინვე უნდა მივიღოთ ზომები (წაიკითხეთ იგავების 4:23; მათეს 5:29, 30).
7. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთის სიყვარული არ გაგვინელდეს?
7 ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ თუ აქტიურად იქნება ჩაბმული სულიერ საქმეებში, ეს თავისთავად დაიცავს ცუდი გავლენისგან. მაგრამ ეს თავის მოტყუება იქნება. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: წარმოიდგინეთ, რომ გარეთ ძალიან ცივა, ქარი უბერავს და ერთი სული გაქვთ, გათბეთ. სახლში რომ მიხვალთ, რას გააკეთებთ? მაშინვე გათბობას ჩართავთ. რა თქმა უნდა, სახლის კარსაც დაკეტავთ, რომ სიცივე არ შემოვიდეს, თორემ გათბობის ჩართვას აზრი არ ექნება. რას გვასწავლის ეს მაგალითი? სულიერი საქმეები კი გვაახლოებს იეჰოვასთან, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. საჭიროა, გულის კარიც დავუკეტოთ ქვეყნიერების სულს, რომელიც ცივი ჰაერივითაა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ღვთის სიყვარული გაგვინელდეს და მთელი გულით ვეღარ შევძლოთ მისი მსახურება (ეფეს. 2:2).
ᲛᲝᲜᲐᲜᲘᲔᲑᲐ
8, 9. რა რეაქცია ჰქონდათ დავითსა და ხიზკიას, როცა ამხილეს? (იხილეთ სურათი).
8 როგორც პირველ აბზაცში აღვნიშნეთ, დავითმა მძიმე ცოდვები ჩაიდინა, მაგრამ როცა ნათანმა ამხილა ის, თავი დაიმდაბლა და მოინანია (2 სამ. 12:13). მოჩვენებითი სინანული ხომ არ იყო ეს ან სასჯელის თავიდან არიდება ხომ არ სურდა? არა, დავითი მთელი გულით ინანიებდა, რაც 51-ე ფსალმუნიდანაც კარგად ჩანს (ფსალმ. 51:3, 4, 17, ეპიგრაფი).
9 ცოდვა მეფე ხიზკიამაც ჩაიდინა. ბიბლიაში ნათქვამია: „[ხიზკია] გადიდგულდა. ამიტომ განურისხდა ღმერთი მას და იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთ“ (2 მატ. 32:25). რატომ გაამაყდა ის? როგორც ჩანს, მან იფიქრა, რომ განსაკუთრებული იყო, რადგან იეჰოვამ სიმდიდრე მოახვეჭინა, ასურელებზე გაამარჯვებინა და სასწაულებრივად განკურნა. შესაძლოა სწორედ სიამაყე გახდა იმის მიზეზი, რომ ბაბილონელებთან თავი მოიწონა თავისი დიდძალი სიმდიდრით. მაგრამ როცა იეჰოვამ წინასწარმეტყველი ესაიას პირით შეაგონა, მან თავი დაიმდაბლა და მოინანია (2 მეფ. 20:12–18; 2 მატ. 32:26). სწორედ ამის გამო იეჰოვამ ის მთლიანობაში ერთგულ ადამიანად შეაფასა. ბიბლიაში მასზე ვკითხულობთ: „სწორად იქცეოდა ხიზკია იეჰოვას თვალში“ (2 მეფ. 18:3).
შეგონების შემდეგ დავითმაც და ხიზკიამაც თავი დაიმდაბლეს და მოინანიეს (იხილეთ აბზაცები 8, 9).
10. როგორ მოიქცა ამაცია, როცა იეჰოვას წინასწარმეტყველმა შეაგონა?
10 იუდას მეფე ამაციაზე ბიბლიაში ნათქვამია: „სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში, თუმცა არა მთელი გულით“ (2 მატ. 25:2). რატომ არის ის ასე დახასიათებული? მას შემდეგ, რაც ამაციამ იეჰოვას დახმარებით ედომელები დაამარცხა, მათი კერპების თაყვანისცემა დაიწყო.c ხოლო როცა იეჰოვას წინასწარმეტყველმა ამხილა, მან ყურად არ იღო შეგონება (2 მატ. 25:14–16). სწორედ ამიტომ მიიჩნია ის იეჰოვამ ორგულ მეფედ.
11. რა შემთხვევაში გვაპატიებს იეჰოვა? (2 კორინთელები 7:9, 11; იხილეთ აგრეთვე სურათები).
11 ჩვენ რას ვსწავლობთ მათ მაგალითზე? თუ უხუცესები შეცდომაზე მიგვითითებენ, ჩვენც უნდა მოვინანიოთ და ყველანაირად ვეცადოთ, აღარ გავიმეოროთ. ასე უნდა მოვიქცეთ მაშინაც, თუ ჩვენი შეცდომა უმნიშვნელოდ გვეჩვენება. ასეთ დროს არც იეჰოვას სიყვარულში უნდა დავეჭვდეთ და არც ის უნდა დავასკვნათ, რომ უხუცესები ჯიბრში გვიდგანან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რჩევა და შეგონება კარგ მეფეებსაც სჭირდებოდათ (ებრ. 12:6). ასე რომ, როცა შეცდომაზე მიგვითითებენ, 1) თავი უნდა დავიმდაბლოთ, 2) მოვახდინოთ საჭირო ცვლილებები და 3) განვაგრძოთ იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურება. ამ შემთხვევაში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა აუცილებლად გვაპატიებს (წაიკითხეთ 2 კორინთელების 7:9, 11).
როცა რჩევას გვაძლევენ, სამი რამ უნდა გავაკეთოთ: 1) თავი უნდა დავიმდაბლოთ, 2) მოვახდინოთ საჭირო ცვლილებები და 3) განვაგრძოთ იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურება (იხილეთ აბზაცი 11).f
ᲬᲛᲘᲜᲓᲐ ᲗᲐᲧᲕᲐᲜᲘᲡᲛᲪᲔᲛᲚᲝᲑᲘᲡᲐᲓᲛᲘ ᲓᲐᲛᲝᲙᲘᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ
12. განსაკუთრებით რით გამოირჩეოდნენ ერთგული მეფეები?
12 როგორც დავინახეთ, კარგი მეფეებიც უშვებდნენ შეცდომებს, მაგრამ იეჰოვა მათ ერთგულად მიიჩნევდა. რატომ? მათ წმინდა თაყვანისმცემლობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ. ისინი მხოლოდ იეჰოვას სცემდნენ თაყვანს და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდნენ. მეტიც, ყველანაირად ცდილობდნენ, კერპთაყვანისმცემლობის ყოველგვარი კვალი წაეშალათ თავიანთი სამეფოდან.d
13. რატომ მიიჩნია იეჰოვამ ახაბი ორგულ მეფედ?
13 რისი თქმა შეიძლება იმ მეფეებზე, რომლებიც იეჰოვამ ორგულად მიიჩნია? ფაქტია, ისინი ყოველთვის ცუდად არ იქცეოდნენ. თვით ბოროტმა მეფე ახაბმაც კი დაიმდაბლა გარკვეულწილად თავი, როცა ნაბოთის მკვლელობაში ამხილეს (1 მეფ. 21:27–29). მან ქალაქებიც ააგო და ისრაელს არაერთი გამარჯვებაც მოაპოვებინა (1 მეფ. 20:21, 29; 22:39). თუმცა თავისი ცოლის ზეგავლენაში მოქცეული კერპებს ემსახურებოდა და ცრუ თაყვანისმცემლობაში მთელ ერსაც ითრევდა. ეს ცოდვა მას არასოდეს მოუნანიებია (1 მეფ. 21:25, 26). ამიტომაც იყო, რომ იეჰოვა მას ორგულ მეფედ მიიჩნევდა.
14. ა) რატომ მიიჩნია იეჰოვამ რობოამი ორგულად? ბ) რა საერთო მახასიათებელი ჰქონდათ ორგულ მეფეთა უმეტესობას?
14 მოვიყვანოთ კიდევ ერთი მეფის, რობოამის, მაგალითი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მან ბევრი რამ გააკეთა თავისი ხალხისთვის. თუმცა ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ მას შემდეგ, რაც განმტკიცდა მისი მეფობა, შეწყვიტა იეჰოვას კანონის დაცვა და კერპების თაყვანისცემა დაიწყო (2 მატ. 12:1). მართალია, ის ზოგჯერ იეჰოვას მოსაწონადაც იქცეოდა, მაგრამ მთლიანობაში მტკიცედ არ იდგა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეს (1 მეფ. 14:21–24). ახაბისა და რობოამის მსგავსად ორგულ მეფეთა უმეტესობა იეჰოვას კი არა, კერპებს სცემდა თაყვანს და ერსაც ხვევდა ამ ცოდვაში. აშკარაა, წმინდა თაყვანისმცემლობისადმი დამოკიდებულება იყო იმის განმსაზღვრელი, როგორ მეფედ ჩათვლიდა იეჰოვა მათ.
15. რატომაა იეჰოვასთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის დამოკიდებულება წმინდა თაყვანისმცემლობისადმი?
15 რატომ ანიჭებდა წმინდა თაყვანისმცემლობისადმი დამოკიდებულებას იეჰოვა ამხელა მნიშვნელობას? შეგვიძლია სულ მცირე სამი მიზეზი გამოვყოთ: პირველი, მეფეებს, როგორც წინამძღოლებს, ხალხისთვის იეჰოვას ერთგულების კარგი მაგალითი უნდა მიეცათ. მეორე, ცრუ თაყვანისმცემლობის გამო ხალხი სხვა ცოდვებშიც ეხვეოდა და ქვეყანაში უსამართლობაც იკიდებდა ფეხს (ოს. 4:1, 2). და მესამე, ეს იეჰოვას თვალში მრუშობის ტოლფასი იყო, რადგან მეფეც და მთელი ერიც იეჰოვასთვის იყვნენ მიძღვნილები. იეჰოვასთვის ასეთი ორგულობა ისეთივე მტკივნეული იყო, როგორიც ცოლქმრულ ურთიერთობაში ღალატი (იერ. 3:8, 9). მისი დამოკიდებულება დღესაც არ შეცვლილა. ორგულობაზე მას უწინდელივით მძაფრი რეაქცია აქვსe (კან. 4:23, 24).
16. ვის მიიჩნევს იეჰოვა მართალ ადამიანად?
16 წინასწარმეტყველი მალაქიას სიტყვებიდანაც კარგად ჩანს, რომ იეჰოვა მხოლოდ მას მიიჩნევს მართლად, ვინც მას ემსახურება. მალაქიამ თქვა: „კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და ბოროტს შორის, ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“ (მალ. 3:18). აქედან გამომდინარე, ჩვენ აქტიურად უნდა დავუჭიროთ მხარი წმინდა თაყვანისმცემლობას და საერთო არაფერი გვქონდეს ცრუ რელიგიასთან. ამასთანავე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს საკუთარ არასრულყოფილებასთან ბრძოლა და რა შეცდომაც არ უნდა დავუშვათ, ამის გამო იეჰოვას მსახურება არ უნდა შევწყვიტოთ. ეს ხომ უკვე, თავისთავად, დიდი ცოდვა იქნება.
17. რატომ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე მეუღლის არჩევისას?
17 როგორ შეგვიძლია დავუკავშიროთ მალაქიას სიტყვები ქორწინებას? თუ ადამიანი არ ემსახურება იეჰოვას, როგორი კარგი თვისებებიც არ უნდა ჰქონდეს, ის მას მართალ ადამიანად არ მიიჩნევს (2 კორ. 6:14). თუ ასეთ ადამიანზე დაქორწინდებით, როგორ ფიქრობთ, მოახდენს ის თქვენზე კარგ ზეგავლენას? მოდი სოლომონის მაგალითზე დავფიქრდეთ. მის წარმართ ცოლებს ალბათ ბევრი კარგი თვისებაც ჰქონდათ, მაგრამ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ისინი არ სცემდნენ იეჰოვას თაყვანს. დროთა განმავლობაში ის მათ გავლენაში მოექცა და კერპების თაყვანისცემა დაიწყო (1 მეფ. 11:1, 4).
18. რა უნდა გავითვალისწინოთ შვილების აღზრდისას?
18 მშობლებო, ისრაელის მეფეების მაგალითზე შეგიძლიათ შვილებსაც დაანახვოთ, რის საფუძველზე ახდენს იეჰოვა ადამიანის შეფასებას. დაეხმარეთ მათ, რომ თქვენი ხათრით კი არ სცემდნენ იეჰოვას თაყვანს, არამედ თავად შეიყვარონ ის და მისი მსახურების სურვილი ჰქონდეთ. ასწავლეთ, რომ ბიბლიის შესწავლა, კრების შეხვედრები, მსახურება თუ სხვა სულიერი საქმეები ცხოვრებაში უმთავრესი უნდა იყოს და ეს საკუთარი მაგალითითაც დაანახვეთ (მათ. 6:33). ამ შემთხვევაში ნაკლები იქნება იმის ალბათობა, რომ მათ ცხოვრებაში იეჰოვას მსახურების ადგილი სხვა რამემ დაიკავოს ან საერთოდ ზურგი აქციონ მას.
19. რის საშუალებას აძლევს იეჰოვა მათ, ვინც შეწყვიტა მისი მსახურება? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „თქვენ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ იეჰოვას“).
19 თუ ადამიანმა შეწყვიტა იეჰოვას მსახურება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან დაბრუნება აღარ შეუძლია. თუ მოინანიებს, ის კვლავაც შეძლებს გააგრძელოს იეჰოვას მსახურება. ზოგ შემთხვევაში უხუცესებისგან დახმარების მისაღებად შეიძლება საჭირო იყოს, რომ სიამაყეს გადააბიჯოს (იაკ. 5:14). თუმცა რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს, იეჰოვას კეთილგანწყობის დაბრუნება ნამდვილად ღირს ძალისხმევად.
20. რატომ უნდა მივბაძოთ ერთგულ მეფეებს?
20 რა დაგვანახვა ამ განხილვამ? ისრაელის ერთგული მეფეების მსგავსად ჩვენც მთელი გულით უნდა ვცეთ იეჰოვას თაყვანი. გარდა ამისა, უნდა ვისწავლოთ საკუთარი შეცდომებიდან და მზად ვიყოთ მოსანანიებლად და საჭირო ცვლილებების მოსახდენად. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თაყვანისცემას მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა, იმსახურებს. თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვას თვალში მართალი ადამიანის სახელი გვექნება.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 45 ჩემი გულის ზრახვები
a ამ სტატიაში ისრაელის მეფეებში იგულისხმებიან როგორც გაერთიანებული სამეფოს, ისე იუდას ორტომიანი და ისრაელის ათტომიანი სამეფოს მეფეები.
b ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: ბიბლიის დამწერები სიტყვა „გულს“ ადამიანის შინაგანი პიროვნების აღსაწერად იყენებენ. მასში იგულისხმება ჩვენი სურვილები, ფიქრები, ხასიათი, განწყობა, უნარი, მოტივები და მიზნები.
c დაპყრობილი ერების ღვთაებების თაყვანისცემა იმ დროს საკმაოდ გავრცელებული იყო წარმართ მეფეებს შორის.
d მეფე ასამ სერიოზული შეცდომები დაუშვა (2 მატ. 16:7, 10). როცა ის იეჰოვას წინასწარმეტყველმა შეაგონა, მან ყურად არ იღო გაფრთხილება. თუმცა, როგორც ჩანს, მოგვიანებით მოინანია. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა მას მართალ ადამიანად მიიჩნევდა, რადგან მისმა კარგმა ცუდი გადაწონა. ის არასდროს გამხდარა კერპთაყვანისმცემელი, პირიქით, ცრუ თაყვანისმცემლობის აღმოფხვრას ცდილობდა (1 მეფ. 15:11–13; 2 მატ. 14:2–5).
e აღსანიშნავია, რომ ათი მცნებიდან პირველი ორი ხაზს უსვამდა იმას, რომ ებრაელებს მხოლოდ იეჰოვასთვის უნდა ეცათ თაყვანი (გამ. 20:1–6).
f ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ახალგაზრდა უხუცესი რჩევას აძლევს ძმას, რომელსაც სმის პრობლემა აქვს. ისიც თავმდაბლად იღებს ამ რჩევას, საჭირო ცვლილებებს ახდენს და განაგრძობს იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურებას.