საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 მარტი გვ. 26-31
  • იეჰოვას ხელი არასდროს დამოკლდება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იეჰოვას ხელი არასდროს დამოკლდება
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲛᲝᲡᲔᲡᲐ ᲓᲐ ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘ
  • ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲣᲠᲘ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ
  • ᲡᲐᲛᲝᲛᲐᲕᲚᲝ ᲒᲔᲒᲛᲔᲑᲘ
  • ყურად იღეთ მოსეს, დავითისა და იოანეს გამოსამშვიდობებელი სიტყვები!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • გადაწყვეტილებები, რომლებიც იეჰოვასადმი ნდობაზე მეტყველებს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
  • თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • გახსოვდეთ, იეჰოვა ცოცხალი ღმერთია!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 მარტი გვ. 26-31

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 13

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 4 „იეჰოვაა ჩემი მწყემსი“

იეჰოვას ხელი არასდროს დამოკლდება

„მოკლე ხომ არ გგონია იეჰოვას ხელი?!“ (ᲠᲘᲪᲮ. 11:23).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ეს სტატია კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენს მატერიალურ საჭიროებებზე.

1. საიდან გამოჩნდა, რომ მოსე ენდობოდა იეჰოვას?

ᲬᲘᲒᲜ „ებრაელებში“ ბევრი ღვთის ერთგული მსახურია მოხსენიებული, რომელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული მოსეა (ებრ. 3:2–5; 11:23–25). მან დიდი რწმენა გამოიჩინა, როცა ისრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა. ის არ შეუშინდა ფარაონსა და მის ლაშქარს. იეჰოვაზე მინდობილმა შუა ზღვაში გაატარა ხალხი და მას შემდეგ უდაბნოშიც მიუძღოდა მათ (ებრ. 11:27–29). მოსეს მაშინაც არ დაუკარგავს ნდობა, როცა ხალხის უმრავლესობა დაეჭვდა იმაში, იზრუნებდა თუ არა იეჰოვა მათზე. მას ამის სრული საფუძველი ჰქონდა, რადგან კარგად ხედავდა, როგორ აძლევდა იეჰოვა უდაბნოში მათ სასწაულებრივად საკვებსა და წყალსa (გამ. 15:22–25; ფსალმ. 78:23–25).

2. რა უთხრა იეჰოვამ მოსეს და რატომ? (რიცხვები 11:21–23).

2 ფაქტია, მოსეს ძლიერი რწმენა ჰქონდა. თუმცა ეგვიპტის დატოვებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მას ეჭვი შეეპარა იმაში, შეძლებდა თუ არა იეჰოვა მილიონობით ადამიანის ხორცით გამოკვებას. ამიტომაც უთხრა იეჰოვამ: „მოკლე ხომ არ გგონია იეჰოვას ხელი?!“ (წაიკითხეთ რიცხვების 11:21–23). „იეჰოვას ხელში“ იგულისხმება მისი წმინდა სული ანუ ძალა, რითაც ის რაიმეს ქმნის ან აკეთებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვამ მოსეს ჰკითხა: „მართლა გგონია, რომ რასაც ვამბობ, ვერ გავაკეთებ?“.

3. რატომაა ჩვენთვის საყურადღებო მოსესა და ისრაელების მაგალითი?

3 შეიძლება ზოგჯერ ჩვენც გვაფიქრებს, იზრუნებს თუ არა იეჰოვა ჩვენი და ჩვენი ოჯახის მატერიალურ საჭიროებებზე. ამ კუთხით ნამდვილად დაგვეხმარება მოსესა და ისრაელების მაგალითის განხილვა. ვიმსჯელებთ შესაბამის ბიბლიურ პრინციპებზე, რაც კიდევ უფრო განგვიმტკიცებს იმის რწმენას, რომ იეჰოვას ხელი არასდროს დამოკლდება.

ᲛᲝᲡᲔᲡᲐ ᲓᲐ ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘ

4. რატომ დაეჭვდა ხალხი იეჰოვას მზრუნველობაში?

4 რატომ დაეჭვდა ხალხი იეჰოვას მზრუნველობაში? გასათვალისწინებელია ერთი ფაქტი. ისრაელთან ერთად ეგვიპტე დატოვა უამრავმა ჭრელმა ხალხმა. ისინი არ იყვნენ ებრაელები, მაგრამ ისრაელებს აღთქმული მიწისკენ მიმავალ გზაზე გაჰყვნენ (გამ. 12:38; კან. 8:15). გავიდა დრო და ამ ხალხს მობეზრდა მანანის ჭამა და წუწუნი დაიწყეს (რიცხ. 11:4–6). მათ გავლენაში მოქცეული ისრაელებიც აწუწუნდნენ და იმ საკვებს ნატრულობდნენ, ეგვიპტეში რომ ჰქონდათ. მოსე მათ გამო ცუდ დღეში ჩავარდა და შეწუხებული იმასღა დარდობდა, საიდან მოეტანა ამ ხალხისთვის ხორცი (რიცხ. 11:13, 14).

5, 6. რას გვასწავლის ისრაელების მაგალითი?

5 როგორც ჩანს, ისრაელზე ჭრელი ხალხის უკმაყოფილებამ და უმადურობამ მოახდინა გავლენა. მსგავსი რამისგან არც ჩვენ ვართ დაზღვეული. სხვების უმადურობამ შეიძლება ჩვენც იქამდე მიგვიყვანოს, რომ აღარ დავაფასოთ ის, რასაც იეჰოვა ჩვენთვის აკეთებს. ასეთ განწყობას ზოგჯერ ისიც განაპირობებს, თუ წარსულს მივტირით ან სხვების გვშურს. მაგრამ თავს უფრო ბედნიერად ვიგრძნობთ, თუ ვისწავლით, კმაყოფილი ვიყოთ იმით, რაც გვაქვს.

6 ისრაელებს უნდა ხსომებოდათ, რას დაჰპირდა მათ იეჰოვა – ისინი ყველაფერს უხვად უდაბნოში კი არა, აღთქმულ მიწაზე მიიღებდნენ. ჩვენც ყურადღება იმაზე არ უნდა გვქონდეს გადატანილი, დღეს რა გვაქვს და რა არა, არამედ იმაზე, თუ რას გვპირდება იეჰოვა ახალ ქვეყნიერებაში. ღვთის დაპირებები ჩვენთვის უფრო სანდო რომ გახდეს, შესაბამისი ბიბლიური მუხლებიც უნდა გავაანალიზოთ.

7. რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვას ხელი არ დამოკლდება?

7 რაზე სურდა იეჰოვას დაეფიქრებინა მოსე, როცა ჰკითხა, მოკლე ხომ არ გგონიაო იეჰოვას ხელი? მოსეს ეს, სავარაუდოდ, ორ რამეზე დააფიქრებდა: 1) იეჰოვას ძალა უსაზღვროა და 2) მის ძალას ვერაფერი შეზღუდავს და ყველგან მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელები შუაგულ უდაბნოში იყვნენ, ამას ღვთისთვის ხელი არ შეუშლია, რომ მათთვის უხვად მიეცა ხორცი. თანაც საკუთარი თვალით ჰქონდათ ნანახი, როგორ იხსნა იეჰოვამ ისინი „ძლიერი ხელითა და გაწვდილი მკლავით“ (ფსალმ. 136:11, 12). თუ ჩვენც აღმოვჩნდებით რთულ სიტუაციაში, უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა ყოველთვის გამოგვიწვდის დახმარების ხელს (ფსალმ. 138:6, 7).

8. რა დაგვეხმარება, რომ იგივე შეცდომა არ დავუშვათ, რაც ისრაელებმა დაუშვეს უდაბნოში? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

8 იეჰოვამ შეასრულა პირობა და ხალხს თავზე საყრელად მისცა მწყერი. ნაცვლად იმისა, რომ მადლიერება გამოეხატათ ამ სასწაულისთვის, ხარბად დააცხრნენ და მთელი დღე-ღამის განმავლობაში აგროვებდნენ და ახვავებდნენ მწყერს. მათმა სიხარბემ ისე განარისხა იეჰოვა, რომ სასჯელი დაატეხა თავს (რიცხ. 11:31–34). ისრაელების მაგალითი ჩვენთვისაც დამაფიქრებელია. სიფრთხილე გვმართებს, რომ სიხარბის მახეში არ გავებათ. როგორი ფინანსური მდგომარეობაც არ უნდა გვქონდეს, ჩვენთვის მთავარი ის უნდა იყოს, რომ ზეცაში მოვაგროვოთ განძი, რასაც მხოლოდ იეჰოვასთან და იესოსთან მეგობრობით შევძლებთ (მათ. 6:19, 20; ლუკ. 16:9). ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა არასდროს მოგვაკლებს აუცილებელს.

ხორცს დახარბებული ისრაელები უდაბნოში ღამით მწყერს აგროვებენ.

რა რეაქცია ჰქონდა ხალხს მწყრის დანახვაზე და რას გვასწავლის ეს ჩვენ? (იხილეთ აბზაცი 8)


9. კიდევ რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული?

9 იეჰოვა დღესაც უწვდის დახმარების ხელს თავის ხალხს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მატერიალურად არასდროს გაგვიჭირდება და ყოველთვის გვექნება ლუკმაპური.b მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა არასდროს მიგვატოვებს. რა რთულ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, ის მხარში ამოგვიდგება და ძალას მოგვცემს. ჩვენ რით დავამტკიცოთ ჩვენი ნდობა იეჰოვასადმი? განვიხილოთ ორი სიტუაცია: 1) როცა ფინანსური პრობლემები გვაქვს და 2) როცა ვგეგმავთ, რით ვირჩენთ ასაკში თავს.

ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲣᲠᲘ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ

10. რა სახის ფინანსურ პრობლემებს შეიძლება შევხვდეთ?

10 რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ქვეყნიერების აღსასრულს, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. პოლიტიკური არასტაბილურობის, შეიარაღებული კონფლიქტების, სტიქიური უბედურებების ან რაიმე ახალი პანდემიის გამო შეიძლება მოულოდნელად დავკარგოთ სამსახური, სახლი ან სხვა რამ. შესაბამისად ახალი სამსახურის შოვნა მოგვიწიოს. თუ ეს ადგილობრივად ჭირს, შეიძლება ოჯახის სარჩენად სხვა ქვეყანაში გადასვლაზეც დავიწყოთ ფიქრი. როგორ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, საიდანაც გამოჩნდება იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა?

11. რა დაგეხმარებათ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებაში? (ლუკა 12:29–31).

11 პირველ რიგში, იეჰოვას გაანდეთ თქვენი საწუხარი (იგავ. 16:3). სთხოვეთ მას სიბრძნე, რომ შეძლოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, და სიმშვიდე, რომ ზედმეტად არ დადარდიანდეთ (წაიკითხეთ ლუკას 12:29–31). იმაზეც ილოცეთ, რომ სწორი განწყობა შეინარჩუნოთ და კმაყოფილი იყოთ იმით, რაც გაქვთ (1 ტიმ. 6:7, 8). ჩვენს პუბლიკაციებსა თუ ვებსაიტზე jw.org მოიძიეთ პრაქტიკული რჩევები იმასთან დაკავშირებით, როგორ გაუმკლავდეთ ფინანსურ პრობლემებს. ეს რჩევები ბევრს დაეხმარა სწორი კურსის არჩევაში.

12. რა კითხვებზე უნდა დაფიქრდეს ქრისტიანი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს?

12 ზოგმა ისეთი სამსახური აირჩია, რომ ოჯახისგან შორს მოუწია ყოფნა. მაგრამ მოგვიანებით მიხვდნენ, რომ არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღეს. ვიდრე მსგავსი ტიპის სამსახურს დათანხმდებით, მხოლოდ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე კი ნუ გააკეთებთ აქცენტს, იმაზეც დაფიქრდით, რის ფასად დაგიჯდებათ ეს (ლუკ. 14:28). წინასწარ აწონ-დაწონეთ: როგორ იმოქმედებს ეს მეუღლესთან ჩემს ურთიერთობაზე? შევძლებ და-ძმებთან ურთიერთობას და სულიერ საქმეებში მონაწილეობას? თუ შვილები გყავთ, იმაზეც დაფიქრდით, როგორ აღზრდით მათ იეჰოვას მოსაწონად და დაარიგებთ, თუ მათ გვერდით არ იქნებით (ეფეს. 6:4). შეიძლება ოჯახის წევრები ან მეგობრები, რომლებიც ბიბლიური პრინციპებით არ ცხოვრობენ, სხვა რამეს გირჩევენ, მაგრამ ეცადეთ, იეჰოვას თვალით შეხედოთ საკითხს და ასე მიიღოთ გადაწყვეტილებები.c ტონის, რომელიც დასავლეთ აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს, არაერთი კარგი სამსახური შესთავაზეს საზღვარგარეთ. მას შემდეგ, რაც ტონიმ ილოცა ამ საკითხზე და ცოლთან ერთად იმსჯელა, გადაწყვიტა, უარი ეთქვა ამ წინადადებებზე. მათ შეიმუშავეს გეგმა, როგორ შეემცირებინათ ხარჯები. ტონი ასე აფასებს წარსულში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას: „არაერთ ადამიანს დავეხმარე იეჰოვას გაცნობაში და შვილებსაც შევაყვარე ის. მთელი ოჯახი დავრწმუნდით, რომ თუ მათეს 6:33-ში ჩაწერილი პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, იეჰოვა ყოველთვის იზრუნებს ჩვენზე“.

ᲡᲐᲛᲝᲛᲐᲕᲚᲝ ᲒᲔᲒᲛᲔᲑᲘ

13. რა გონივრული ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია იმისთვის, რომ საპენსიო ასაკს ფინანსურად მომზადებულები შევხვდეთ?

13 ჩვენი ნდობა იეჰოვასადმი მაშინაც შეიძლება გამოიცადოს, როცა საპენსიო ასაკისთვის გეგმებს ვადგენთ. ბიბლიაც მოგვიწოდებს იმისკენ, რომ ვიშრომოთ და სამომავლოდ დანაზოგი გავაკეთოთ (იგავ. 6:6–11). ასე რომ, თუ ამის საშუალება გვაქვს, გონივრული იქნება, რაიმე გადავდოთ, რათა საპენსიო ასაკს ფინანსურად მომზადებულები შევხვდეთ. ფაქტია, ფული ერთგვარად დაცულობის შეგრძნებას ანიჭებს ადამიანს (ეკლ. 7:12). მთავარია, მისი შოვნა ჩვენთვის ცხოვრების უმთავრეს მიზნად არ იქცეს.

14. რაში დაგვეხმარება ებრაელების 13:5?

14 იესომ მაგალითის მეშვეობით დაგვანახა, რამხელა უგუნურებაა, ადამიანი ფულს აგროვებდეს და ღვთის თვალში არ მდიდრდებოდეს (ლუკ. 12:16–21). არავინ იცის, რას მოუტანს ხვალინდელი დღე (იგავ. 23:4, 5; იაკ. 4:13–15). იესომ თავისი მოწაფეები გააფრთხილა, მზად ყოფილიყვნენ ქონების დასათმობად (ლუკ. 14:33). პირველ საუკუნეში იუდეაში მცხოვრებ ქრისტიანებს მოუწიათ ამ რეალობასთან შეჯახება, მაგრამ სიხარული არ დაუკარგავთ (ებრ. 10:34). ჩვენს დროშიც ბევრმა ძმამ იზარალა ფინანსურად პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გამო (გამოცხ. 13:16, 17). რა დაეხმარა მათ, დათმობაზე არ წასულიყვნენ? მათ ეჭვი არ ეპარებოდათ იეჰოვას დანაპირებში: „არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (წაიკითხეთ ებრაელების 13:5). ასე რომ, კარგია, თუ წინასწარ დავიჭერთ თადარიგს, მაგრამ თუ ჩვენი მოლოდინი არ გამართლდება და დავზარალდებით, ეჭვი არ შეგვეპარება იეჰოვას მზრუნველობაში.

15. რა უნდა იყოს მშობლების მთავარი მიზანი შვილების აღზრდისას? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

15 ზოგიერთ კულტურაში შვილების გაჩენის მთავარი მიზანი ის არის, რომ ასაკში მშობლები ფინანსურად უზრუნველყონ. რაღაც გაგებით, მათთვის შვილები საპენსიო გეგმის ნაწილი ხდებიან. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ შვილებზე მშობლები უნდა ზრუნავდნენ (2 კორ. 12:14). თუმცა ასაკში შეიძლება მათაც დასჭირდეთ შვილების დახმარება და ბევრი შვილი მხარში უდგას კიდეც ასაკოვან მშობლებს (1 ტიმ. 5:4). და მაინც, მშობლების მთავარი მიზანი ის უნდა იყოს, რომ შვილები ღვთის მსახურებად აღზარდონ და არა ის, რომ ფინანსური გარანტიები შეიქმნან საპენსიო ასაკისთვის. სწორედ ეს მოუტანს მათ დიდ სიხარულს (3 იოან. 4).

მშობლები ვიდეოზარით ელაპარაკებიან თავიანთ ქალიშვილს და სიძეს, რომლებსაც სამშენებლო ამრეკლი ჟილეტები აცვიათ.

ქრისტიანი წყვილები ბიბლიური პრინციპების საფუძველზე გეგმავენ თავიანთ მომავალს (იხილეთ აბზაცი 15).d


16. როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ შვილებს, რომ გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები? (ეფესოელები 4:28).

16 მშობლებო, მოამზადეთ შვილები იმისთვის, რომ მომავალში თავად შეძლონ საკუთარი თავის რჩენა. ამავე დროს პირადი მაგალითით ასწავლეთ, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასადმი ნდობა. პატარაობიდანვე დაანახეთ შრომის ფასი (იგავ. 29:21; წაიკითხეთ ეფესოელების 4:28). ყველანაირად შეუწყვეთ ხელი, რომ სკოლაში კარგად ისწავლონ. გამოიკვლიეთ შესაბამისი ბიბლიური პრინციპები, რომ შვილებს განათლებასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროთ. თქვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ მათ საკუთარი თავის რჩენაც შეძლონ და აქტიურად მსახურებაც.

17. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?

17 იეჰოვას მსახურებს ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს იმაში, რომ მას სურვილიც აქვს და ძალაც შესწევს, იზრუნოს ჩვენს მატერიალურ მოთხოვნილებებზე. რაც უფრო ახლოვდება ამ ქვეყნიერების აღსასრული, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა გამოიცდება. რაც არ უნდა მოხდეს და სადაც არ უნდა ვიყოთ, გვჯეროდეს, რომ იეჰოვა „ძლიერი ხელითა და გაწვდილი მკლავით“ დაგვეხმარება.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რისი სწავლა შეგვიძლია მოსესა და ისრაელების მაგალითიდან?

  • საიდან გამოჩნდება, რომ ვენდობით იეჰოვას ფინანსური პრობლემების დროს?

  • რაზე უნდა დავფიქრდეთ, როცა ვგეგმავთ, რით ვირჩენთ ასაკში თავს?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 150 ეძებეთ იეჰოვა და გადარჩით

a იხილეთ 2023 წლის ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, „მკითხველთა შეკითხვები“.

b იხილეთ 2014 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, „მკითხველთა შეკითხვები“.

c იხილეთ 2014 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა“.

d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: დედ-მამა ელაპარაკება ქალიშვილს, რომელიც ქმართან ერთად დარბაზის მშენებლობაზე მუშაობს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება