საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 აპრილი გვ. 26-31
  • ახალგაზრდა ძმებო, მიჰბაძეთ მარკოზსა და ტიმოთეს!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ახალგაზრდა ძმებო, მიჰბაძეთ მარკოზსა და ტიმოთეს!
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲛᲐᲠᲙᲝᲖᲡ ᲓᲐ ᲛᲖᲐᲓ ᲘᲧᲐᲕᲘᲗ, ᲔᲛᲡᲐᲮᲣᲠᲝᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲡ
  • ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲢᲘᲛᲝᲗᲔᲡ ᲓᲐ ᲘᲖᲠᲣᲜᲔᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲖᲔ
  • ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲗ ᲞᲐᲕᲚᲔᲡ ᲛᲐᲛᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ
  • ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐᲡ ᲐᲖᲠᲘᲐᲜᲡ ᲮᲓᲘᲡ
  • „კრებებს განამტკიცებდა“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • გადაწყვეტილებები, რომლებიც იეჰოვასადმი ნდობაზე მეტყველებს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
  • ძმებო, მიზნად დაისახეთ მომსახურედ მსახურება!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • გახსოვდეთ, იეჰოვა ცოცხალი ღმერთია!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 აპრილი გვ. 26-31

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 18

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 65 წინ!

ახალგაზრდა ძმებო, მიჰბაძეთ მარკოზსა და ტიმოთეს!

„მარკოზიც წამოიყვანე, მსახურებაში დამეხმარება“ (2 ᲢᲘᲛ. 4:11).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ეს სტატია ახალგაზრდა ძმებს მარკოზისა და ტიმოთეს მაგალითზე დაანახებს, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ, რომ უფრო მეტი აკეთონ იეჰოვასთვის და და-ძმებისთვის.

1, 2. რას შეიძლება შეეშალა ხელი მსახურებაში მარკოზისა და ტიმოთესთვის?

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲐ ძმებო, გვჯერა, რომ დიდი სურვილი გაქვთ, მეტი გააკეთოთ იეჰოვასა და და-ძმებისთვის. გვახარებს იმის დანახვა, რომ ბევრ ახალგაზრდას აქვს მზადყოფნის სული (ფსალმ. 110:3). მაგრამ შეიძლება გარკვეული მიზეზების გამო ვერ დგამთ ნაბიჯს. შეიძლება იმაზე გეფიქრებათ, როგორ განვითარდება თქვენი ცხოვრება, თუ მეტის კეთებას მოისურვებთ ან შეიძლება თვითრწმენა გაკლიათ და გიჭირთ საკუთარ თავზე რაიმე პასუხისმგებლობის აღება. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ პირველი, ვისაც მსგავსი გრძნობები დაუფლებია.

2 ამაზე მოწმობს მარკოზისა და ტიმოთეს მაგალითები. მათაც ჰქონდათ მსგავსი გრძნობები, მაგრამ ამის გამო უკან არ დაუხევიათ. მარკოზი, როგორც ჩანს, დედასთან ერთად ცხოვრობდა კეთილმოწყობილ სახლში, როცა მას მოციქულმა პავლემ და ბარნაბამ პირველ მისიონერულ მოგზაურობაში გაყოლა შესთავაზეს (საქ. 12:12, 13, 25). მარკოზმა დათმო თავისი მყუდრო გარემო და მსახურებაში გაჰყვა მათ. ისინი ჯერ ანტიოქიაში ჩავიდნენ, შემდეგ კი უფრო შორეული მხარეებისკენ აიღეს გეზი (საქ. 13:1–5). ტიმოთეც მშობლებთან ცხოვრობდა, როცა მას პავლემ შესთავაზა, თან გაჰყოლოდა. მართალია, ტიმოთე ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, მაგრამ ამის გამო უკან არ დაუხევია და მიიღო პავლეს შემოთავაზება (1 კორინთელების 16:10, 11 შეადარეთ 1 ტიმოთეს 4:12-ს). ამ გადაწყვეტილებამ მას ცხოვრებაში ბევრი სიხარული მოუტანა (საქ. 16:3–5).

3. ა) საიდან ჩანს, რომ პავლე ძალიან აფასებდა მარკოზსა და ტიმოთეს? (2 ტიმოთე 4:6, 9, 11; იხილეთ აგრეთვე სურათები). ბ) რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

3 მარკოზმა და ტიმოთემ ახალგაზრდობაშივე მიიღეს დიდი გამოცდილება და ისწავლეს საკუთარ თავზე სერიოზული პასუხისმგებლობების აღება. პავლე იმდენად აფასებდა ამ ახალგაზრდებს, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ მათი ნახვა მოისურვა (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 4:6, 9, 11). ამ სტატიაში შემდეგ კითხვებზე ვიმსჯელებთ: რით შეაყვარეს თავი მარკოზმა და ტიმოთემ პავლეს? რაში შეუძლიათ ახალგაზრდა ძმებს მიჰბაძონ მათ? და როგორ დაეხმარებათ ახალგაზრდებს პავლეს მამობრივი რჩევების გათვალისწინება?

ფოტოკოლაჟი: 1) მარკოზი პავლესა და ბარნაბას საჭმელს უმზადებს; 2) ტიმოთე წერილს უკითხავს უხუცესებს, რომლებიც ყურადღებით უსმენენ.

მარკოზმა და ტიმოთემ ახალგაზრდობიდანვე ისწავლეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობების აღება, რითაც თავი შეაყვარეს პავლეს (იხილეთ აბზაცი 3)b


ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲛᲐᲠᲙᲝᲖᲡ ᲓᲐ ᲛᲖᲐᲓ ᲘᲧᲐᲕᲘᲗ, ᲔᲛᲡᲐᲮᲣᲠᲝᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲡ

4, 5. საიდან გამოჩნდა, რომ მარკოზს არ დაუკარგავს სხვების მომსახურების სურვილი?

4 ერთი ნაშრომის თანახმად, სხვების მომსახურება გულმოდგინებასა და შეუპოვრობას გულისხმობს. ეს ნამდვილად გამართლდა მარკოზის შემთხვევაში. როცა პავლემ მეორე მისიონერულ მოგზაურობაში არ წაიყვანა, მას ალბათ გული დასწყდა და ეწყინა (საქ. 15:37, 38). მაგრამ ამის გამო მარკოზს გული არ აუცრუებია და კვლავაც გააგრძელა და-ძმების მომსახურება.

5 ის მსახურებაში გაჰყვა თავის ნათესავ ბარნაბას. დაახლოებით 11 წლის შემდეგ მარკოზი პავლეს გვერდით იყო რომში მისი პირველი პატიმრობის დროს (ფლმ. 23, 24). პავლე იმდენად აფასებდა მარკოზის მხარდაჭერას, რომ მას თავისი „ნუგეში“ უწოდა (კოლ. 4:10, 11).

6. რა შესძინა მარკოზს გამოცდილ ქრისტიანებთან ურთიერთობამ? (იხილეთ სქოლიო).

6 მოწიფულ ქრისტიანებთან ურთიერთობამ მარკოზს ბევრი რამ შესძინა. ის ჯერ პავლესთან იყო რომში, შემდეგ კი მოციქულ პეტრეს შეუერთდა ბაბილონში. ისინი ისე დაახლოვდნენ, რომ მოგვიანებით პეტრემ ის შვილადაც კი მოიხსენია (1 პეტ. 5:13). თავის ახალგაზრდა მეგობარს პეტრე, ალბათ, ბევრ საინტერესო დეტალს მოუყვა იესოს ცხოვრებასა და მსახურებაზე. ეს ინფორმაცია მარკოზს სახარების დაწერისას გამოადგა.a

7. როგორ მიჰბაძა ერთმა ახალგაზრდა ძმამ მარკოზს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

7 როგორც დავინახეთ, მარკოზი აქტიურად აგრძელებდა მსახურებას და მოწიფულ ძმებთან თანამშრომლობას. ახალგაზრდა ძმებო, როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მას? თუ სასურველი პასუხისმგებლობა თქვენთვის ჯერ არ მოუნდვიათ, გული არ გაიტეხოთ. ყველანაირად ეცადეთ, რომ იეჰოვასთვის და კრებისთვის მაქსიმალურად დაიხარჯოთ. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა სენგ ვუ, რომელიც ამჟამად უხუცესად მსახურობს. ახალგაზრდობაში ის თავს სხვა ახალგაზრდა ძმებს ადარებდა. როცა ზოგიერთ ამ ძმას პასუხისმგებლობები მიანდეს, სენგ ვუს ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ მისი მცდელობები ვერ შენიშნეს და გული დაწყდა. ის ამის შესახებ უხუცესებს დაელაპარაკა. ერთმა უხუცესმა ურჩია, რომ თავის მხრივ ყველაფერი ეკეთებინა და იმაზე არ ყოფილიყო კონცენტრირებული, შენიშნავდნენ თუ არა ამას სხვები. სენგ ვუმ გაითვალისწინა რჩევა და გადაწყვიტა, კრებაზე მანქანით ეტარებინა ის და-ძმები, რომელთაც ტრანსპორტი სჭირდებოდათ. ის იხსენებს: „მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს სხვების მომსახურება. იმაზე სასიამოვნო არაფერი ყოფილა, როცა სხვებს ეხმარები“.

ახალგაზრდა ძმას ასაკოვანი ძმა მანქანით მიჰყავს კრების შეხვედრაზე.

რა მხრივ დაეხმარება ახალგაზრდა ძმებს მოწიფულ ძმებთან ურთიერთობა? (იხილეთ აბზაცი 7)


ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲢᲘᲛᲝᲗᲔᲡ ᲓᲐ ᲘᲖᲠᲣᲜᲔᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲖᲔ

8. რატომ მოინდომა პავლემ ტიმოთესთან ერთად მსახურება? (ფილიპელები 2:19–22).

8 პავლეს გვერდით გაბედული თანამსახურები სჭირდებოდა, რადგან იმ ქალაქებში აპირებდა დაბრუნებას, სადაც ადრე დიდ წინააღმდეგობას შეხვდა. ამ მიზნით მან გამოცდილი ქრისტიანი, სილა, შეარჩია (საქ. 15:22, 40). მოგვიანებით ტიმოთესაც შესთავაზა ერთად მსახურება. რატომ აირჩია პავლემ ტიმოთე? ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ტიმოთე კარგი რეპუტაციით სარგებლობდა (საქ. 16:1, 2). გარდა ამისა, ის და-ძმებზეც გულწრფელად ზრუნავდა (წაიკითხეთ ფილიპელების 2:19–22).

9. საიდან გამოჩნდა, რომ ტიმოთე გულწრფელად ზრუნავდა და-ძმებზე?

9 მსახურების დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ ტიმოთესთვის სხვების ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ პავლეს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ის ბერეაში ახალმონათლული მოწაფეების გამხნევებას და განმტკიცებას შეძლებდა (საქ. 17:13, 14). ტიმოთე ბერეაში სილასთან ერთად მსახურობდა და ალბათ მისი გამოცდილებიდან ბევრ რამეს ისწავლიდა. მოგვიანებით პავლემ ტიმოთე მარტო გაგზავნა თესალონიკეში იქაური და-ძმების განსამტკიცებლად (1 თეს. 3:2). მომდევნო 15 წლის განმავლობაში თანაქრისტიანებისადმი ტიმოთეს სიყვარული სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. შესაბამისად, მას არ უჭირდა გასაჭირში მყოფი და-ძმების მდგომარეობაში შესვლა და მათი თანაგრძნობა (რომ. 12:15; 2 ტიმ. 1:4). როგორ შეუძლიათ ახალგაზრდა ძმებს მისი მიბაძვა?

10. რა დაეხმარა ერთ ძმას, თანაქრისტიანების მიმართ მეტი ინტერესი გამოეჩინა?

10 განვიხილოთ ერთი ძმის, ვუ ჯეს, მაგალითი, რომელიც დღეს უხუცესად მსახურობს. ახალგაზრდობაში მას უჭირდა უფროსი ასაკის და-ძმებთან ურთიერთობა და კრების შეხვედრაზე მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა. ერთმა უხუცესმა რამდენიმე რჩევა მისცა, როგორ გამოენახა საერთო ენა უფროსი ასაკის და-ძმებთან. მაგალითად, საუბრის დაწყება გაუადვილდებოდა, თუ მათ რაიმე კომპლიმენტს ეტყოდა. და თუ წინასწარ დაფიქრდებოდა იმაზე, რა თემა დააინტერესებდათ, საუბრის გაგრძელებაც არ გაუჭირდებოდა. ვუ ჯემაც გაითვალისწინა ეს რჩევები. ის ამბობს: „დღეს აღარ მიჭირს სხვადასხვა ასაკის და-ძმებთან საუბარი. ასე უკეთ ვეცნობი მათ და ვიგებ, რასთან უწევთ გამკლავება. ეს კი მიადვილებს მათ დახმარებას“.

11. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდა ძმებს მეტი ყურადღება გამოიჩინონ თანაქრისტიანების მიმართ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

11 ახალგაზრდა ძმებო, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ თანაქრისტიანების მიმართ? კრების შეხვედრებზე გამოელაპარაკეთ და მოიკითხეთ სხვადასხვა ასაკის და-ძმები, შემდეგ კი ყურადღებით მოუსმინეთ. ასე უკეთ მიხვდებით, როგორ დაეხმაროთ მათ. მაგალითად, შეიძლება გაიგოთ, რომ რომელიმე ხანდაზმულს უჭირს JW ბიბლიოთეკის გამოყენება ან მსახურებაში სჭირდება პარტნიორი. თუ საკუთარი ინიციატივით დაეხმარებით ასეთ და-ძმებს, სხვებსაც კარგ მაგალითს მისცემთ.

ახალგაზრდა ძმა ასაკოვან ძმასთან ერთად მსახურობს კარდაკარ. ასაკოვანი ძმა მამაკაცს ესაუბრება, ახალგაზრდა ძმას კი ხელში პლანშეტი უჭირავს და ვიდეოს აყურებინებს.

ახალგაზრდა ძმებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ კრებისთვის (იხილეთ აბზაცი 11)


ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲗ ᲞᲐᲕᲚᲔᲡ ᲛᲐᲛᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ

12. რა შემთხვევაში გამოადგებათ ახალგაზრდებს პავლეს რჩევები?

12 ტიმოთეს პავლესგან მიღებული რჩევები პირად ცხოვრებაშიც გამოადგებოდა და მსახურებაშიც (1 ტიმ. 1:18; 2 ტიმ. 4:5). ახალგაზრდა ძმებო, რა უნდა გააკეთოთ, რომ პავლეს მამობრივი რჩევები თქვენც გამოგადგეთ? წაიკითხეთ ტიმოთესთვის მიწერილი ორივე წერილი და წარმოიდგინეთ, რომ პავლე ამ წერილებს თქვენ გწერთ. დაფიქრდით, როგორ გამოიყენებთ მათში ჩაწერილ რჩევებს. მოდი განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

13. რა არის ღვთისადმი ერთგულება და როგორ შეგიძლიათ გაიწაფოთ ამაში?

13 „ღვთისადმი ერთგულებას ესწრაფე და ამაში გაიწაფე“ (1 ტიმ. 4:7ბ). როცა ღვთისადმი ერთგულებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ადამიანის შინაგან განწყობასა და ძლიერ სურვილს, რომ ღვთის მოსაწონად მოიქცეს. აღსანიშნავია, რომ ავტომატურად არავინ ხდება ღვთისადმი ერთგული. ამისთვის საკუთარ თავზე მუშაობა, ანუ პავლეს სიტყვებით თუ ვიტყვით, გაწაფვაა საჭირო. ბერძნულ ენაში სიტყვა, რომელიც „გაწაფვად“ ითარგმნა, ხშირად სპორტსმენების თავდაუზოგავი ვარჯიშის აღსაწერად გამოიყენებოდა. წარმატების მისაღწევად მათ თვითდისციპლინა სჭირდებოდათ. ქრისტიანებსაც სჭირდებათ თვითდისციპლინა ისეთი სულიერი ჩვევების განსავითარებლად, რომლებიც კიდევ უფრო დააახლოებთ იეჰოვასთან.

14. რა უნდა იყოს თქვენი მიზანი ბიბლიის კითხვის დროს და როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება?

14 ერთ-ერთი ჩვევა, რომელიც უნდა გამოიმუშაოთ, ბიბლიის რეგულარული კითხვაა. კითხვის დროს თქვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ უფრო დაუახლოვდეთ იეჰოვას. მაგალითად, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როცა კითხულობთ ისტორიას იესოსა და ახალგაზრდა მდიდარი მმართველის შესახებ? (მარ. 10:17–22). ამ ახალგაზრდას სჯეროდა, რომ იესო მესია იყო, მაგრამ რწმენა არ ჰყოფნიდა, რომ მისი მიმდევარი გამხდარიყო. ამ ისტორიის კითხვისას ალბათ შენიშნავთ, როგორი სიყვარულით განიმსჭვალა იესო მისადმი და რა თბილად დაელაპარაკა. აშკარაა, მას სურდა, რომ ამ ახალგაზრდას სწორი არჩევანი გაეკეთებინა. იესოს დამოკიდებულებიდან იეჰოვას დამოკიდებულებაც გამოჩნდა (იოან. 14:9). ეს ისტორია თქვენს თავს დაუკავშირეთ და დაფიქრდით: მეც ხომ არ მაქვს რაიმე შესაცვლელი, რომ უფრო მეტად დავუახლოვდე იეჰოვას?

15. რატომ უნდა დაფიქრდეს ახალგაზრდა ძმა იმაზე, რა მაგალითს აძლევს სხვებს? (1 ტიმოთე 4:12, 13).

15 „სამაგალითო იყავი ერთგულთათვის“ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:12, 13). პავლეს რჩევისამებრ ტიმოთე მხოლოდ კითხვასა და სწავლებაში კი არ უნდა გაწაფულიყო, არამედ სამაგალითო უნდა ყოფილიყო სიყვარულში, რწმენასა და სიწმინდეში. რატომ არის მნიშვნელოვანი, თქვენც გაითვალისწინოთ ეს რჩევა? იმიტომ, რომ პირად მაგალითს სიტყვაზე მეტი ძალა აქვს. წარმოიდგინეთ, რომ კრებაზე მოხსენებას აკეთებთ, როგორ ვიმსახუროთ მეტი ენთუზიაზმით. თუ თავადაც ენთუზიაზმით მსახურობთ, არ მოგერიდებათ და თამამად ისაუბრებთ ამ საკითხზე. ასეთ შემთხვევაში მსმენელისთვისაც მეტი ფასი ექნება თქვენს სიტყვებს (1 ტიმ. 3:13).

16. ა) ჩამოთვალეთ ხუთი მხარე, რომლებშიც ახალგაზრდა ძმები სამაგალითოები უნდა იყვნენ. ბ) როგორ შეუძლიათ ახალგაზრდა ძმებს, სამაგალითონი გახდნენ საუბარში?

16 1 ტიმოთეს 4:12-ში პავლე აღნიშნავს ხუთ მხარეს, რომლებშიც ახალგაზრდა ძმები სამაგალითონი უნდა იყვნენ. კარგი იქნება, თუ თითოეულ მხარეს უკეთ გამოიკვლევთ და დაფიქრდებით, რაში შეგიძლიათ გაუმჯობესება. დავუშვათ, გინდათ, რომ თქვენმა საუბარმა დადებითი გავლენა მოახდინოს სხვებზე. რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? მაგალითად, შეეცადეთ, უფრო ხშირად გამოხატოთ მადლიერება ოჯახის წევრების მიმართ. როცა კრებაზე ვინმე დავალებას გააკეთებს, შეხვედრის შემდეგ უთხარით, რა მოგეწონათ მის დავალებაში. იმასაც ეცადეთ, რომ კრების შეხვედრაზე კომენტარები თქვენი სიტყვებით გააკეთოთ. თუ ამ მხრივ დაიხვეწებით, ეს თქვენი სულიერი წინსვლის მაჩვენებელი იქნება (1 ტიმ. 4:15).

17. რა დაგეხმარებათ სულიერი მიზნების მიღწევაში? (2 ტიმოთე 2:22).

17 „ნუ აჰყვები ახალგაზრდულ სურვილებს და ისწრაფე სიმართლისკენ“ (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:22). პავლემ ტიმოთეს ურჩია, არ აჰყოლოდა ისეთ სურვილებს, რომლებიც ხელს შეუშლიდა სულიერი მიზნების მიღწევაში და იეჰოვასთან ურთიერთობასაც გაუფუჭებდა. შეიძლება შეგიმჩნევიათ, რომ ზოგი რამ იმდენ დროს გართმევთ, რომ სულიერი საქმეებისთვის ვეღარ იცლით. ეს შეიძლება იყოს სპორტი, ინტერნეტი ან ვიდეოთამაშები. კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით, როგორ გამოითავისუფლოთ მეტი დრო სულიერი საქმეებისთვის, მაგალითად, თქვენი დარბაზის მოვლა-პატრონობისა თუ სტენდთან მსახურებისთვის. მსგავს საქმეებში მონაწილეობით ახალ მეგობრებსაც შეიძენთ, რომლებიც სულიერი მიზნების დასახვასა და მიღწევაში დაგეხმარებიან.

ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐᲡ ᲐᲖᲠᲘᲐᲜᲡ ᲮᲓᲘᲡ

18. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ მარკოზსა და ტიმოთეს საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ?

18 სხვებს რომ მომსახურებოდნენ, მარკოზმა და ტიმოთემ ბევრი რამ შეცვალეს თავიანთ ცხოვრებაში. შედეგად ორივეს აზრიანი და საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ (საქ. 20:35). თანამორწმუნეების გასამხნევებლად მარკოზი ბევრს მოგზაურობდა. მას წილად ხვდა პატივი, აღეწერა იესოს ცხოვრება და მსახურება. რაც შეეხება ტიმოთეს, ის პავლეს არაერთი კრების ჩამოყალიბებაში დაეხმარა. გარდა ამისა, ამხნევებდა და ანუგეშებდა და-ძმებს. აშკარაა, რომ მარკოზიცა და ტიმოთეც თავს არ ზოგავდნენ ღვთის საქმეში, რისთვისაც იეჰოვა ძალიან აფასებდა მათ.

19. რატომ არის საყურადღებო ახალგაზრდა ძმებისთვის პავლეს რჩევები?

19 ტიმოთესთვის მიწერილი პავლეს წერილებიდან კარგად ჩანს, როგორ უყვარდა მას თავისი ახალგაზრდა მეგობარი. პავლემ ეს წერილები ღვთის შთაგონებით დაწერა, რაც იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვას ძალიან უყვარს ახალგაზრდა ძმები. მას უნდა, რომ თქვენც აზრიანი და ბედნიერი ცხოვრება გქონდეთ. ასე რომ, ეცადეთ, გაითვალისწინოთ პავლეს მამობრივი რჩევები და გაიძლიეროთ სხვების მომსახურების სურვილი. თუ ასე მოიქცევით, დღესვე მიიღებთ დიდ სიხარულს, მომავალში კი გაიხარებთ „ჭეშმარიტი სიცოცხლით“ (1 ტიმ. 6:18, 19).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რას სწავლობთ მარკოზისგან?

  • როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ტიმოთეს?

  • პავლეს რომელი რჩევები დაეხმარება ახალგაზრდა ძმებს სულიერ წინსვლაში?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 80 „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“

a პეტრე ემოციური ადამიანი იყო. ამიტომ ის საკმაოდ ცოცხლად აღუწერდა მარკოზს იესოს ცხოვრებისა და მსახურების დეტალებს. ალბათ, ამით აიხსნება ის, რომ მარკოზი თავის სახარებაში ხშირად აღწერს იესოს გრძნობებს (მარ. 3:5; 7:34; 8:12).

b ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: მარკოზი მისიონერული მოგზაურობის დროს ემსახურება პავლესა და ბარნაბას. ტიმოთე კრებას ინახულებს და ამხნევებს ძმებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება