საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 აგვისტო გვ. 2-7
  • როგორ გვაძლევს იეჰოვა მოთმინების ძალას

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ გვაძლევს იეჰოვა მოთმინების ძალას
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲚᲝᲪᲕᲐ
  • ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲐ
  • ᲗᲐᲜᲐᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲘ
  • ᲩᲕᲔᲜᲘ ᲘᲛᲔᲓᲘ
  • გახსოვდეთ, იეჰოვა ცოცხალი ღმერთია!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • წერილი, რომელიც დაგვეხმარება, ბოლომდე ვუერთგულოთ იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • იეჰოვა „კურნავს გულგატეხილებს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 აგვისტო გვ. 2-7

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 32

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 38 ის გაგაძლიერებთ

როგორ გვაძლევს იეჰოვა მოთმინების ძალას

„გულმოწყალე ღმერთი . . . გაგამხნევებთ, განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ“ (1 ᲞᲔᲢ. 5:10).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ აძლევს იეჰოვა თავის მსახურებს მოთმინების ძალას და ჩვენგან რისი გაკეთებაა საჭირო.

1. რატომ გვჭირდება მოთმინება და ვინ გვაძლევს საჭირო ძალას? (1 პეტრე 5:10).

ᲐᲛ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲔᲠᲔᲑᲘᲡ ბოლო დღეებში ღვთის ხალხს ბევრი რამის ატანა უწევს. ზოგს ქრონიკული დაავადება აწუხებს, ზოგი ახლობლის დაკარგვის გამო დიდ ტკივილს განიცდის. ზოგიც წინააღმდეგობას ხვდება ოჯახის წევრებისა თუ ხელისუფლების მხრიდან (მათ. 10:18, 36, 37). რისი ატანაც არ უნდა გიწევდეთ, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა მოგცემთ მოთმინების ძალას (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:10).

2. რა იგულისხმება მოთმინებაში?

2 მომთმენი ადამიანი უძლებს წინააღმდეგობას, დევნას, განსაცდელს და ცდუნებას ისე, რომ იმედს არ კარგავს. ასეთი მოთმინება პიროვნული სიძლიერით არაა განპირობებული. ეს შესაძლებელია იმ ძალით, „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, და რომელსაც მხოლოდ იეჰოვა გვაძლევს (2 კორ. 4:7). ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ გვაძლევს იეჰოვა მოთმინების ძალას და ჩვენი მხრიდან რისი გაკეთებაა საჭირო.

ᲚᲝᲪᲕᲐ

3. რატომ შეიძლება ლოცვას სასწაული ვუწოდოთ?

3 ლოცვა ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა მოთმინების ძალას გვაძლევს. მართალია, ცოდვილები ვართ, მაგრამ იეჰოვამ მაინც მოგვცა მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა (ებრ. 4:16). ნამდვილად საოცარია, რომ შეგვიძლია იეჰოვას ნებისმიერ დროს ნებისმიერ თემაზე ვესაუბროთ. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე ვსაუბრობთ და სად ვიმყოფებით (იონ. 2:1, 2; საქ. 16:25, 26). მაშინაც კი, თუ იმდენად ვართ განერვიულებული, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობთ, იეჰოვას ესმის, რისი თქმა გვსურს (რომ. 8:26, 27). ასე რომ, ლოცვას ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ სასწაული.

4. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას სურს, მოთმინების ძალა ვთხოვოთ?

4 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას „რაც არ უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოან. 5:14). თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ როცა იეჰოვას მოთმინების ძალას ვთხოვთ, მისი ნებისამებრ ვლოცულობთ. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ რომ, როცა განსაცდელებს ვუძლებთ, იეჰოვას საშუალებას ვაძლევთ, პასუხი გასცეს თავის დამცინავს, სატანას (იგავ. 27:11). გარდა ამისა, მას უნდა, „თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით ემსახურება“ (2 მატ. 16:9). უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვას სურვილიც აქვს და ძალაც, ყველაფრის მოთმენაში დაგვეხმაროს (ეს. 30:18; 41:10; ლუკ. 11:13).

5. რას გვაძლევს იეჰოვა ლოცვის პასუხად? (ესაია 26:3).

5 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ როცა ვლოცულობთ და გულს ვუშლით იეჰოვას, „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს [ჩვენს] გულსა და გონებას“ (ფილ. 4:7). ეს არ ჰგავს იმ სიმშვიდეს, რომლის მიღწევასაც ადამიანები პრობლემების დროს მედიტაციის მეშვეობით ცდილობენ. მაგალითად, მედიტაციის ზოგი მეთოდი მიზნად ისახავს გონების გათავისუფლებას ყოველგვარი ფიქრისგან. სინამდვილეში, ამან შეიძლება უფრო მეტი საფრთხე შეუქმნას ადამიანს და დემონურ გავლენაშიც კი მოაქციოს (შეადარეთ მათეს 12:43–45). გარდა ამისა, მედიტაციით მიღწეული სიმშვიდე ვერც კი შეედრება „ღვთის მშვიდობას“. ჩვენი ლოცვის პასუხად იეჰოვა უწყვეტ მშვიდობას გვაძლევს, რადგან ვენდობით მას (წაიკითხეთ ესაიას 26:3). მან შეიძლება გაგვახსენოს ის დამამშვიდებელი და მანუგეშებელი აზრები, რომლებიც მისი სიტყვიდან ამოგვიკითხავს. ეს კი, თავის მხრივ, შინაგან სიმშვიდეს გვგვრის, რადგან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობაში (ფსალმ. 62:1, 2).

6. რა უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ ლოცვის ძალა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

6 რისი გაკეთება შეგიძლიათ. განსაცდელის დროს იეჰოვას მიანდეთ თქვენი ტვირთი და სთხოვეთ, სიმშვიდე მოგცეთ (ფსალმ. 55:22). რთულ სიტუაციასთან გასამკლავებლად საჭირო სიბრძნე და მოთმინების ძალაც სთხოვეთ (იგავ. 2:10, 11). სათხოვართან ერთად მადლიერების გამოხატვაც არ დაგავიწყდეთ (ფილ. 4:6). დაუკვირდით, როგორ გიჭერთ იეჰოვა მხარს და მადლობა უთხარით ამისთვის. ნუ მისცემთ პრობლემებს იმის საშუალებას, რომ ვეღარ დაინახოთ იეჰოვას ხელი თქვენს ცხოვრებაში (ფსალმ. 16:5, 6).

ასაკოვანი ძმა სახლში სავარძელში ზის და ლოცულობს. მუხლებზე გადაშლილი ბიბლია უდევს. იქვე მაგიდაზე წამლის კოლოფია. გარეთ ზამთრის სუსხია.

ლოცვის დროს იეჰოვას ესაუბრებით, ბიბლიის კითხვის დროს კი ის გესაუბრებათ (იხილეთ აბზაცი 6).b


ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲐ

7. როგორ გვმატებს ბიბლია მოთმინების ძალას?

7 იეჰოვა ბიბლიის მეშვეობითაც გვაძლევს მოთმინების ძალას. ღვთის სიტყვის კითხვის დროს არაერთ აზრს ვხვდებით, რომლებიც იეჰოვას მხარდაჭერაში გვარწმუნებს. ამის ერთ-ერთი მაგალითია მათეს 6:8-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები: „თქვენმა მამამ მანამდე იცის, რა გჭირდებათ, სანამ სთხოვთ“. იესოზე კარგად მამას არავინ იცნობს, ამიტომ ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ იეჰოვას აღელვებს ჩვენი მდგომარეობა. ბიბლიაში სხვა მსგავს აზრებსაც შევხვდებით, რომლებიც მოთმინების ძალას შეგვმატებს (ფსალმ. 94:19).

8. ა) მაგალითად მოიყვანეთ ბიბლიური პრინციპი, რომელიც მოთმინებაში გვეხმარება. ბ) რა დაგვეხმარება, რომ საჭირო დროს საჭირო პრინციპი გავიხსენოთ?

8 მოთმინებაში ბიბლიური პრინციპებიც გვეხმარება. ისინი სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო სიბრძნეს შეიცავს (იგავ. 2:6, 7). ამის მაგალითია მათეს 6:34-ში ჩაწერილი პრინციპი, რომ ვიცხოვროთ დღევანდელი დღით და ხვალინდელ დღეზე ზედმეტად არ ვიწუხოთ. თუ ბიბლიის კითხვა და წაკითხულზე ფიქრი ჩვევაში გვაქვს, საჭირო დროს საჭირო პრინციპის გახსენება უფრო გაგვიადვილდება.

9. როგორ გვარწმუნებს იეჰოვას მხარდაჭერაში ბიბლიური ისტორიები?

9 ბიბლიაში მოთხრობილია ჩვენნაირი ადამიანების ისტორიები, რომლებიც იეჰოვას ენდობოდნენ და გრძნობდნენ მის მხარდაჭერას (ებრ. 11:32–34; იაკ. 5:17). როცა მათ მაგალითზე ვფიქრობთ, უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ იეჰოვაა „ჩვენი თავშესაფარი და ძალა, შემწე, რომელიც უსათუოდ შეგვეწევა გაჭირვების ჟამს“ (ფსალმ. 46:1). წარსულში მცხოვრები ღვთის მსახურების ერთგულების მაგალითი ჩვენც გვიჩენს იმის სურვილს, რომ ბოლომდე მოვითმინოთ და რწმენა შევინარჩუნოთ (იაკ. 5:10, 11).

10. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთის სიტყვამ იმოქმედოს ჩვენზე?

10 რისი გაკეთება შეგიძლიათ. ყოველდღე წაიკითხეთ ბიბლია და მოინიშნეთ თქვენთვის გამამხნევებელი მუხლები. ყოველდღიური მუხლის განხილვაც კარგი საშუალებაა, რომ დღე პოზიტიური აზრებით დაიწყოთ. ამაზე მოწმობს ერთი დის, მარისa შემთხვევა. მის ორივე მშობელს კიბო აღმოაჩნდა. სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში მარის მათზე ზრუნვა უწევდა. რა აძლევდა მას ძალებს ასეთ რთულ პერიოდში? მარი ამბობს: „ყოველ დილით ვკითხულობდი ყოველდღიურ მუხლს და ვფიქრობდი მასზე. ეს მეხმარებოდა, რომ ფიქრები გამამხნევებელ ბიბლიურ აზრებზე გადამეტანა და სხვა თვალით შემეხედა ჩემი პრობლემებისთვის“ (ფსალმ. 61:2).

ᲗᲐᲜᲐᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲘ

11. როგორ გვეხმარება იმის ცოდნა, რომ ჩვენნაირ განსაცდელებს სხვებიც ხვდებიან?

11 იეჰოვა თანაქრისტიანების მეშვეობითაც გვაძლევს მოთმინების ძალას. ჩვენ ვიცით, რომ მარტონი არ ვართ, რადგან „მსგავს სატანჯველს [ჩვენი] საძმოც ხვდება“ (1 პეტ. 5:9). ისიც ვიცით, რომ ბევრი მათგანი მოთმინებით გაუმკლავდა კიდეც სირთულეებს. ეს კი იმაში გვარწმუნებს, რომ ამას ჩვენც შევძლებთ (საქ. 14:22).

12. როგორ გვეხმარებიან თანაქრისტიანები და ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის? (2 კორინთელები 1:3, 4).

12 თანაქრისტიანები ჩვენ გვერდით არიან და მოთმინების ძალას გვაძლევენ. ასე მოხდა მოციქულ პავლეს შემთხვევაშიც. შინაპატიმრობის დროს მას თანამორწმუნეები ანუგეშებდნენ, ამხნევებდნენ და ზრუნავდნენ მის საჭიროებებზე. თავის წერილებში პავლემ სახელებით მოიხსენია ისინი და მადლიერება გამოხატა მათ მიმართ (ფილ. 2:25, 29, 30; კოლ. 4:10, 11). სირთულეების დროს ჩვენც გვიდგანან და-ძმები მხარში და როცა მათ სჭირდებათ მხარში დგომა, ჩვენც მათ გვერდით ვართ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:3, 4).

13. რა დაეხმარა ერთ დას?

13 რუსეთში მცხოვრები ერთი და, მაია, დიდ თანადგომას გრძნობდა და-ძმებისგან. 2020 წელს მისი სახლი გაჩხრიკეს, მოგვიანებით კი მის წინააღმდეგ სასამართლო საქმე აღძრეს. მაია ამბობს: „როცა ემოციურად გამოფიტული ვიყავი, და-ძმები მირეკავდნენ და მწერდნენ და თავიანთ სიყვარულში მარწმუნებდნენ. ყოველთვის ვიცოდი, რომ დიდი და მოსიყვარულე ოჯახის წევრი ვიყავი, თუმცა 2020 წლის შემდეგ ამაში განსაკუთრებით დავრწმუნდი“.

14. რა უნდა გავაკეთოთ, რომ სირთულეების დროს ვიგრძნოთ და-ძმების მხარდაჭერა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

14 რისი გაკეთება შეგიძლიათ. სირთულეების დროს ახლო ურთიერთობა იქონიეთ და-ძმებთან. ნუ მოგერიდებათ უხუცესებისთვის დახმარების თხოვნა. ისინი თქვენთვის იქნებიან „თავშესაფარი ქარში და საფარი ქარიშხალში“ (ეს. 32:2). გახსოვდეთ, რომ არც და-ძმებს აქვთ დალხენილი ცხოვრება. ასე რომ, თუ მათ გაჭირვების დროს მხარში ამოუდგებით, დადებით განწყობას შეინარჩუნებთ და თქვენი პრობლემების ატანაც უფრო გაგიადვილდებათ (საქ. 20:35).

იგივე ასაკოვანი ძმა სახლში ესაუბრება სტუმრად მოსულ ცოლ-ქმარს, რომელთაც თან ჰყავთ ორი პატარა გოგონა. უფროსი გოგონა მას თავის დახატულ სამოთხეს აჩვენებს. სავარძელთან ხელჯოხი ჩანს და მაგიდაზე რამდენიმე წამლის კოლოფი დევს. გარეთ გაზაფხულია.

ახლო ურთიერთობა იქონიეთ და-ძმებთან (იხილეთ აბზაცი 14).c


ᲩᲕᲔᲜᲘ ᲘᲛᲔᲓᲘ

15. რაში დაეხმარა იესოს იმედი და ჩვენ რაში დაგვეხმარება? (ებრაელები 12:2).

15 იეჰოვამ მომავლის უტყუარი იმედი მოგვცა, რაც სირთულეების ატანაში გვეხმარება (რომ. 15:13). დავფიქრდეთ იესოს მაგალითზე. მან იცოდა, რომ თავისი ერთგულებით ღვთის სახელს განწმენდდა. ის ფიქრობდა იმ დროზეც, როცა მამასთან დაბრუნდებოდა და ცხებულ ძმებთან ერთად ზეციერ სამეფოში იმმართველებდა. სწორედ ამ ყველაფერზე ფიქრი დაეხმარა მას უმძიმესი განსაცდელის გადატანაში (წაიკითხეთ ებრაელების 12:2). ახალ ქვეყნიერებაში მარადიულად ცხოვრების იმედი ჩვენც გვეხმარება, რომ გავუძლოთ ყველაფერს, რასაც სატანის ქვეყნიერება გვატეხს თავს.

16. როგორ დაეხმარა ერთ დას იმედი და რა იყო თქვენთვის საყურადღებო მისი სიტყვებიდან?

16 საინტერესოა, როგორ დაეხმარა მომავლის იმედი რუსეთში მცხოვრებ ერთ დას, ალას, როცა მისი მეუღლე დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ის ამბობს: „ლოცვა და იმედის გონებაში გაცოცხლება მეხმარება, გული არ გამიტყდეს. მესმის, რომ არსებული სიტუაცია ყველაფრის დასასრული არაა. იეჰოვა აუცილებლად გაიმარჯვებს და, შესაბამისად, ჩვენც გამარჯვებულები გამოვალთ“.

17. საიდან გამოჩნდება, რომ მადლიერი ვართ იმ იმედისთვის, რომელსაც ღმერთი გვაძლევს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

17 რისი გაკეთება შეგიძლიათ. იფიქრეთ იმ შესანიშნავ მომავალზე, რომელსაც იეჰოვა გპირდებათ, და წარმოისახეთ თქვენი ცხოვრება იმ დროს. იმ სიხარულის ფონზე, რაც მომავალში გველის, დღევანდელი განსაცდელები „უმნიშვნელოდ და ხანმოკლედ“ მოგვეჩვენება (2 კორ. 4:17). ყველანაირად ეცადეთ, რომ მომავლის იმედი სხვებსაც ჩაუსახოთ. წარმოიდგინეთ, რა რთულია უიმედო ადამიანებისთვის დღევანდელ პრობლემებთან გამკლავება. შეიძლება ზოგჯერ ორიოდე სიტყვაც კი საკმარისი იყოს, რომ მათ ღვთის დაპირებების მიმართ ინტერესი გაუღვიძოთ.

იგივე ასაკოვანი ძმა სახლში სავარძელში ზის. მას ხელში პლანშეტი უჭირავს, სადაც სამოთხის სურათი აქვს გახსნილი; ის წარმოიდგენს ახალ ქვეყნიერებას. სავარძელთან სიარულში დამხმარე საშუალება ჩანს, მაგიდაზე კი რამდენიმე წამლის კოლოფი დევს. გარეთ შემოდგომაა.

იფიქრეთ იმ საოცარ მომავალზე, რომელსაც იეჰოვა გპირდებათ (იხილეთ აბზაცი 17).d


18. რატომ უნდა ვენდოთ იეჰოვას დაპირებებს?

18 მას შემდეგ, რაც იობმა არაერთი განსაცდელი გადაიტანა, იეჰოვას ასეთი რამ უთხრა: „ახლა კი ვიცი, რომ შენთვის შეუძლებელი არაფერია. არ არსებობს განზრახვა, ხორცი რომ ვერ შეასხა“ (იობ. 42:2). იობი მიხვდა, რომ იეჰოვას ხელს ვერაფერი შეუშლის თავისი განზრახვის განხორციელებაში. ამის ცოდნა ჩვენც გვაძლევს მოთმინების ძალას. მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ მძიმე ავადმყოფობით დატანჯული ადამიანი, რომელსაც ვერცერთმა ექიმმა ვერ უშველა. თუმცა ბოლოს ერთმა გამოცდილმა ექიმმა დაუსვა სწორი დიაგნოზი და მკურნალობა დაუნიშნა. მართალია, განკურნებას დრო სჭირდება, მაგრამ რახან იმის იმედი აქვს, რომ განიკურნება, თავის მდგომარეობასთან გამკლავებაც უადვილდება. ბედნიერი მომავლის იმედი ჩვენც გვმატებს მოთმინების ძალას.

19. რა მოგვცემს მოთმინების ძალას?

19 როგორც დავინახეთ, ლოცვა, ღვთის სიტყვა, თანამორწმუნეები და მომავლის იმედი მოთმინების ძალას გვაძლევს. თუ ვაფასებთ ამ ყველაფერს, იეჰოვა გადაგვალახვინებს ნებისმიერ სირთულეს, რომელსაც შეიძლება ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე შევხვდეთ (ფილ. 4:13).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲕᲐᲫᲚᲔᲕᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲛᲝᲗᲛᲘᲜᲔᲑᲘᲡ ᲫᲐᲚᲐᲡ. . .

  • ლოცვისა და ბიბლიის მეშვეობით?

  • თანაქრისტიანების მეშვეობით?

  • მომავლის იმედით?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 33 მიანდე იეჰოვას შენი საზრუნავი

a ზოგი სახელი შეცვლილია.

b ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: თვე თვეს მისდევს და უკეთესობისკენ არაფერი იცვლება, თუმცა ასაკოვანი ძმა მოთმინებით იტანს თავის განსაცდელს.

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: თვე თვეს მისდევს და უკეთესობისკენ არაფერი იცვლება, თუმცა ასაკოვანი ძმა მოთმინებით იტანს თავის განსაცდელს.

d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: თვე თვეს მისდევს და უკეთესობისკენ არაფერი იცვლება, თუმცა ასაკოვანი ძმა მოთმინებით იტანს თავის განსაცდელს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება