საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 აგვისტო გვ. 14-19
  • დარწმუნებული იყავით იეჰოვას მიმტევებლობაში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დარწმუნებული იყავით იეჰოვას მიმტევებლობაში
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲠᲬᲛᲣᲜᲓᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲘᲛᲢᲔᲕᲔᲑᲚᲝᲑᲐᲨᲘ
  • ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲠᲬᲛᲣᲜᲓᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲘᲛᲢᲔᲕᲔᲑᲚᲝᲑᲐᲨᲘ
  • ᲜᲣ ᲓᲐᲒᲐᲕᲘᲬᲧᲓᲔᲑᲐᲗ ᲘᲡ, ᲠᲐᲪ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲐᲮᲡᲝᲕᲡ
  • ᲙᲕᲚᲐᲕ ᲓᲐᲐᲠᲬᲛᲣᲜᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲗᲐᲕᲘ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲘᲛᲢᲔᲕᲔᲑᲚᲝᲑᲐᲨᲘ
  • როგორ გვპატიობს იეჰოვა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • იეჰოვა ღმერთი „მზად არის პატიებისთვის“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • ღმერთი მიმტევებელია
    დაუახლოვდი იეჰოვას
  • იეჰოვას მიმტევებლობა უბადლოა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 აგვისტო გვ. 14-19

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 34

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 3 ჩვენო რწმენავ, ძალავ, ჩვენო იმედო

დარწმუნებული იყავით იეჰოვას მიმტევებლობაში

„შენ მაპატიე ჩემი ცოდვა და დანაშაული“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 32:5).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან გავიგებთ, რატომაა მნიშვნელოვანი, დავრწმუნდეთ იეჰოვას მიმტევებლობაში და როგორ გვეხმარება ამაში ბიბლია.

1, 2. რა ანიჭებს მომნანიებელ შემცოდველს შვებას? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

ᲛᲔᲤᲔ დავითმა ცხოვრების მანძილზე არაერთი მძიმე ცოდვა ჩაიდინა, რის გამოც დანაშაულის გრძნობა ტანჯავდა (ფსალმ. 40:12; 51:3; ეპიგრაფი). თუმცა მან წრფელი გულით მოინანია და იეჰოვამაც აპატია (2 სამ. 12:13). დავითმა საკუთარი გამოცდილებით იცოდა, რამხელა შვება მოაქვს იმის ცოდნას, რომ იეჰოვამ გაპატია დანაშაული (ფსალმ. 32:1).

2 ამ კუთხით არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ჩვენც გვანუგეშებს იმის გააზრება, რომ იეჰოვა მძიმე ცოდვებსაც გვპატიობს, თუ ვაღიარებთ, გულწრფელად ვნანობთ და ყველანაირად ვცდილობთ, არ გავიმეოროთ (იგავ. 28:13; საქ. 26:20; 1 იოან. 1:9). შვების მომგვრელია იმის ცოდნაც, რომ იეჰოვა ამ დროს თითქოს გვეუბნება: „ჩათვალე, ცოდვა არც კი ჩაგიდენია“ (ეზეკ. 33:16).

სასახლის აივანზე მჯდომი მეფე დავითი არფაზე უკრავს და გალობს.

მეფე დავითმა არაერთ ფსალმუნში აღწერა იეჰოვას მიმტევებლობა (იხილეთ აბზაცები 1, 2).


3, 4. რისი დაჯერება გაუჭირდა ერთ დას და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ზოგისთვის შეიძლება რთული იყოს იმის დაჯერება, რომ იეჰოვამ აპატია. ამაზე მოწმობს ერთი დის, ჯენიფერის მაგალითი. ის ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა, მაგრამ მოზარდობაში ორმაგი სტანდარტით დაიწყო ცხოვრება. წლების შემდეგ ის დაუბრუნდა იეჰოვას და მოინათლა კიდეც. ჯენიფერი იხსენებს: „ჩემთვის მთავარი ფული და ნივთები იყო, არც უზნეობასა და სმაზე ვამბობდი უარს, თანაც ძალიან ფეთქებადი ხასიათი მქონდა. გონებით კარგად მესმოდა, რომ ქრისტეს მსხვერპლმა ძველი ცოდვები ჩამომრეცხა, მაგრამ გული ისევ მსჯავრს მდებდა და ვერ ვიჯერებდი, რომ იეჰოვამ მაპატია“.

4 ზოგჯერ თქვენც ხომ არ გიჭირთ იმის დაჯერება, რომ იეჰოვამ წარსულში ჩადენილი ცოდვები გაპატიათ? მას სურს, რომ დავითის მსგავსად თქვენც დარწმუნებული იყოთ მის მიმტევებლობაში. ქვემოთ ვიმსჯელებთ, თუ რატომ უნდა დავრწმუნდეთ იეჰოვას მიმტევებლობაში და რა დაგვეხმარება ამაში.

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲠᲬᲛᲣᲜᲓᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲘᲛᲢᲔᲕᲔᲑᲚᲝᲑᲐᲨᲘ

5. რაში სურს სატანას, რომ დაგვარწმუნოს? მოიყვანეთ მაგალითი.

5 თუ დარწმუნებული ვიქნებით იეჰოვას მიმტევებლობაში, არ გავებმებით სატანის მახეში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სატანა არაფერზე დაიხევს უკან, ოღონდ იეჰოვას მსახურებაზე უარი გვათქმევინოს. ამ მიზნის მისაღწევად ის ცდილობს, გვაფიქრებინოს, რომ იეჰოვა არ გვპატიობს. ამ მხრივ საინტერესოა იმ კორინთელი მამაკაცის შემთხვევა, რომელიც უზნეობის ჩადენის გამო კრებაში არ დატოვეს (1 კორ. 5:1, 5, 13). მაგრამ მას შემდეგ, რაც მოინანია, სატანა შეეცადა, გული გაექვავებინა ქრისტიანებისთვის, რომ მომნანიებელი შემცოდველის მიღების სურვილი არ გასჩენოდათ. ასეთი დამოკიდებულების გამო ეს მამაკაცი შეიძლება დარდს შთაენთქა და ეფიქრა, რომ იეჰოვა არ პატიობდა, და ღვთის მსახურების სურვილიც დაეკარგა. სატანის მეთოდები დღემდე უცვლელია. მაგრამ, საბედნიეროდ, „ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები“ (2 კორ. 2:5–11).

6. როგორ გავთავისუფლდეთ დანაშაულის გრძნობისგან?

6 თუ დარწმუნებული ვიქნებით იეჰოვას მიმტევებლობაში, გულს აღარ დაგვიმძიმებს დანაშაულის გრძნობა. ჩადენილი ცოდვის გამო ბუნებრივად გვიჩნდება დანაშაულის გრძნობა (ფსალმ. 51:17). ეს თავისთავად ცუდი არ არის, რადგან შეცდომების გამოსწორებისკენ გვიბიძგებს (2 კორ. 7:10, 11). მაგრამ თუ ვერა და ვერ ვთავისუფლდებით ამ გრძნობისგან, შეიძლება ყველაფერზე ხელი ჩავიქნიოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, იეჰოვას მიმტევებლობაში დავრწმუნდეთ და წარსული წარსულში დავტოვოთ. მხოლოდ ასე შევძლებთ, რომ იეჰოვას სუფთა სინდისითა და სიხარულით ვემსახუროთ, რაც მას სურს კიდეც (კოლ. 1:10, 11; 2 ტიმ. 1:3). რა დაგვეხმარება, გულდაჯერებულები ვიყოთ იმაში, რომ იეჰოვამ გვაპატია?

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲠᲬᲛᲣᲜᲓᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲘᲛᲢᲔᲕᲔᲑᲚᲝᲑᲐᲨᲘ

7, 8. როგორ დაახასიათა იეჰოვამ საკუთარი თავი და რაში გვარწმუნებს ეს? (გამოსვლა 34:6, 7).

7 დაფიქრდით, როგორ ახასიათებს იეჰოვა საკუთარ თავს. გავიხსენოთ, რა უთხრა ერთხელ მან მოსესa (წაიკითხეთ გამოსვლის 34:6, 7). ფაქტია, იეჰოვას შეეძლო, რომ თავისი პიროვნების სხვა მხარეებზე გაემახვილებინა ყურადღება, მაგრამ მან საჭიროდ ჩათვალა, რომ თავი გულმოწყალე და თანამგრძნობ ღმერთად გაეცნო. წარმოუდგენელია, ასეთმა ღმერთმა მომნანიებელ შემცოდველს არ აპატიოს! გულმოწყალე ღმერთი არამც და არამც არ გაიქვავებს გულს!

8 შეუძლებელია, ჭეშმარიტების ღმერთმა საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენა შეგვიქმნას (ფსალმ. 31:5). ასე რომ, მის სიტყვებში არასდროს უნდა შეგვეპაროს ეჭვი. თუ ვერ თავისუფლდებით დანაშაულის გრძნობისგან, დაფიქრდით: თუ მწამს, რომ იეჰოვა გულმოწყალე და თანამგრძნობი ღმერთია და ყველა მომნანიებელ შემცოდველს პატიობს, მაშინ მე რატომ არ მაპატიებს?

9. რას ვიგებთ ფსალმუნის 32:5-დან?

9 დაფიქრდით, როგორ აღწერენ ბიბლიის დამწერები იეჰოვას მიმტევებლობას. ამ მხრივ საინტერესოა, რაც დავითმა თქვა იეჰოვას მიმტევებლობაზე (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:5). ამ მუხლში „პატიებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს „აწევად“, „წაღებად“ და „ტარებად“. ასე რომ, როცა იეჰოვამ აპატია დავითს, მან, ასე ვთქვათ, ასწია და წაიღო ცოდვის ტვირთი. ამან დავითს შვება მოჰგვარა, რადგან დანაშაულის გრძნობა მეტად აღარ ტანჯავდა (ფსალმ. 32:2–4). ეს ასე უნდა იყოს ჩვენს შემთხვევაშიც. როცა გულწრფელად ვინანიებთ, გული მეტად აღარ უნდა დავიმძიმოთ, რადგან იეჰოვამ ჩამოგვხსნა „ტვირთი“ და მოგვაშორა.

10, 11. რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ ფსალმუნის 86:5-დან?

10 წაიკითხეთ ფსალმუნის 86:5. დავითი იეჰოვაზე ამბობს, რომ ის მზად არის პატიებისთვის. ამ ფრაზაზე ერთ ნაშრომში ნათქვამია: „მიმტევებლობა [ღვთის] ბუნების ნაწილია“. რატომ შეიძლება ამის თქმა? მიზეზი ამავე მუხლშია ახსნილი: „სიყვარულს არ იშურებ მისთვის, ვინც გიხმობს“. როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, იეჰოვას ურყევი სიყვარული აკავშირებს თავის თაყვანისმცემლებთან. ამიტომაც არის ის მრავლის მიმტევებელი მათ მიმართ, ვინც ინანიებს (ეს. 55:7). თუ გიჭირთ იმის დაჯერება, რომ იეჰოვა გპატიობთ, დაფიქრდით: თუ მჯერა, რომ იეჰოვა მზად არის, აპატიოს ყველა მომნანიებელს, ვინც უხმობს მას და პატიებას სთხოვს, მე რატომ არ მაპატიებს?

11 ჩვენ გვამშვიდებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა კარგად იცნობს ჩვენს ცოდვილ ბუნებას (ფსალმ. 139:1, 2). ეს ნათლად ჩანს დავითის კიდევ ერთი ფსალმუნიდან, რომელიც მეტად დაგვარწმუნებს იეჰოვას მიმტევებლობაში.

ᲜᲣ ᲓᲐᲒᲐᲕᲘᲬᲧᲓᲔᲑᲐᲗ ᲘᲡ, ᲠᲐᲪ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲐᲮᲡᲝᲕᲡ

12, 13. რა ახსოვს იეჰოვას და რისკენ აღძრავს ეს? (ფსალმუნი 103:14).

12 წაიკითხეთ ფსალმუნის 103:14. როგორც დავითმა თქვა, იეჰოვას „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ ანუ ითვალისწინებს ჩვენს ცოდვილ ბუნებას. ამიტომაცაა იეჰოვა მზად, რომ მოგვიტევოს. ამ საკითხს უკეთ რომ ჩავწვდეთ, მოდი ჩავუღრმავდეთ დავითის სიტყვებს.

13 დავითმა ისიც თქვა, რომ იეჰოვამ „კარგად იცის ჩვენი აგებულება“. მან ადამი მიწის მტვრისგან შექმნა და კარგად ესმის, რომ სრულყოფილ ადამიანსაც აქვს ბუნებრივი შეზღუდვები. ის ვერ იარსებებს ძილის, საკვებისა თუ ჰაერის გარეშე (დაბ. 2:7). მაგრამ ცოდვის ჩადენის შემდეგ იმ აზრმა, რომ მტვრისგან ვართ შექმნილი, ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ჩვენ მემკვიდრეობით ცოდვა გადმოგვეცა და ცუდისკენ ვართ მიდრეკილი. როგორც დავითის სიტყვებიდან გამოჩნდა, იეჰოვამ უბრალოდ კი არ იცის, რომ ცოდვილები ვართ, ახსოვს კიდეც ეს და რახან ახსოვს, შესაბამისი მოქმედებისკენაცაა აღძრული. დავითის სიტყვები რომ შევაჯამოთ: იეჰოვამ კარგად იცის, რომ დროდადრო შეცდომებს დავუშვებთ, ამიტომ მზად არის, გვაპატიოს, როცა ჩვენს გულწრფელ სინანულს ხედავს (ფსალმ. 78:38, 39).

14. ა) კიდევ რა თქვა დავითმა იეჰოვას მიმტევებლობაზე? (ფსალმუნი 103:12). ბ) როგორ ჩანს დავითის მაგალითიდან, რომ იეჰოვა ბოლომდე პატიობს? (იხილეთ ჩარჩო „რით გამოირჩევა იეჰოვას მიმტევებლობა“).

14 კიდევ რა თქვა დავითმა იეჰოვას მიმტევებლობაზე? (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:12). მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ როცა იეჰოვა გვპატიობს, ჩვენს ცოდვებს ისე გვაშორებს, „როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან“. აღმოსავლეთი და დასავლეთი უკიდურესი წერტილებია, რომლებიც ყოველთვის დაშორებულია ერთმანეთისგან. რისი თქმა უნდოდა დავითს ამ ხატოვანი სიტყვებით იეჰოვას მიმტევებლობაზე? ერთ ნაშრომში ნათქვამია: „თუ ღმერთმა ასე დაგვაშორა ჩვენს ცოდვებს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მასთან დაკავშირებული ყოველგვარი მოგონება, ასე ვთქვათ, სურნელი, უკვალოდ გაქრება“. როგორც ვიცით, სურნელი მოგონებებს აღვიძებს. მაგრამ როცა იეჰოვა გვპატიობს, ასე ვთქვათ, სუნის ნატამალიც კი არ რჩება, რაც მას ჩვენს შეცდომებს გაახსენებდა (ეზეკ. 18:21, 22; საქ. 3:19).

ფოტოკოლაჟი: 1) მეფე დავითი სასახლის ბანიდან უყურებს მობანავე ბათ-შებას; 2) ის გულმხურვალედ ლოცულობს; 3) ფსალმუნის წერის დროს ის წარსულს იხსენებს.

რით გამოირჩევა იეჰოვას მიმტევებლობა

როცა იეჰოვა ვინმეს პატიობს, ის იმ გაგებით ივიწყებს ცოდვას, რომ მომავალში არასდროს გაუხსენებს (ეს. 43:25). ადამიანს სერიოზული ცოდვის ჩადენის შემდეგაც შეუძლია ღმერთთან კარგი ურთიერთობის აღდგენა. ამაზე მოწმობს მეფე დავითის მაგალითი.

დავითმა მძიმე ცოდვები ჩაიდინა – ჯერ სხვის ცოლთან იმრუშა და შემდეგ მისი ქმარი მოაკვლევინა. მაგრამ მან გულწრფელად მოინანია და იეჰოვამაც აპატია. დავითმა ყურად იღო შეგონება, საკუთარ თავში საჭირო ცვლილებები მოახდინა და სიცოცხლის ბოლომდე ღვთის ერთგული იყო (2 სამ. 11:1–27; 12:13).

მოგვიანებით იეჰოვამ მის ვაჟს, სოლომონს, მითითება მისცა, რომ დავითივით „ერთგულად და წრფელი გულით“ ემსახურა მისთვის (1 მეფ. 9:4, 5). იეჰოვას არც კი უხსენებია დავითის ცოდვები. პირიქით, მას ერთგული და მართალი კაცი უწოდა. გარდა ამისა, ერთგულებისთვის უხვად დააჯილდოვა კიდეც (ფსალმ. 13:6).

რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ? თუ იეჰოვა ვინმეს პატიობს, ის აღარ იხსენებს მის დანაშაულს. მხოლოდ მის დადებითზე ამახვილებს ყურადღებას, რადგან სურს, დააჯილდოოს (ებრ. 11:6). არც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის, რაც იეჰოვამ უკვე დაივიწყა.

15. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მოსვენებას არ გვაძლევს დანაშაულის გრძნობა?

15 როგორ გვარწმუნებს იეჰოვას მიმტევებლობაში 103-ე ფსალმუნი? თუ დანაშაულის გრძნობა მოსვენებას გიკარგავთ, დაფიქრდით: ხომ არ მავიწყდება ის, რაც იეჰოვას ყოველთვის ახსოვს, ანუ ის, რომ ცოდვილი ბუნება მაქვს და, შესაბამისად, მზად არის, მაპატიოს? ხომ არ ვიხსენებ იმას, რასაც იეჰოვა ივიწყებს ანუ წარსულში ჩადენილ შეცდომებს, რომლებსაც იეჰოვა არასდროს გამიხსენებს? თუკი იეჰოვა არ გვიხსენებს შეცდომებს, ჩვენ რატომღა უნდა ვიხსენებდეთ?! (ფსალმ. 130:3). თუ დარწმუნებული ვიქნებით იეჰოვას მიმტევებლობაში, შევძლებთ, რომ ვაპატიოთ საკუთარ თავს და წარსულით აღარ ვიცხოვროთ.

16. რატომაა საშიში წარსულით ცხოვრება? მოიყვანეთ მაგალითი. (იხილეთ აგრეთვე სურათი).

16 მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. წარმოიდგინეთ მძღოლი, რომელიც თვალს არ აშორებს უკანა ხედვის სარკეს. უსაფრთხოების მიზნით შიგადაშიგ უკან გახედვა საჭიროცაა, მაგრამ, ძირითადად, მძღოლმა წინ უნდა იყუროს. მსგავსად, შიგადაშიგ წარსული შეცდომების გახსენება ცუდი არ არის, რადგან გვეხმარება, მეტად აღარ გავიმეოროთ. მაგრამ თუ მხოლოდ წარსულით ვცხოვრობთ, შეიძლება შევფერხდეთ და ჩვენი მაქსიმუმი ვეღარ გავაკეთოთ იეჰოვასთვის. აჯობებს, მზერა წინ, ახალი ქვეყნიერებისკენ მივმართოთ, სადაც „წინათ მომხდარი აღარავის გაახსენდება“ (ეს. 65:17; იგავ. 4:25).

მიხვეულ-მოხვეულ გზაზე მანქანის ტარებისას მამაკაცი ძირითადად წინ იყურება, თუმცა უკანა ხედვის სარკესაც წამიერად ავლებს ხოლმე თვალს.

მძღოლი, ძირითადად, წინ უნდა იყურებოდეს და არა უკანა ხედვის სარკეში. მსგავსად ჩვენც ნათელი მომავლისკენ უნდა ვიყურებოდეთ და არა წარსული შეცდომებისკენ (იხილეთ აბზაცი 16).


ᲙᲕᲚᲐᲕ ᲓᲐᲐᲠᲬᲛᲣᲜᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲗᲐᲕᲘ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲘᲛᲢᲔᲕᲔᲑᲚᲝᲑᲐᲨᲘ

17. რატომ უნდა დავარწმუნოთ კვლავ საკუთარი თავი იეჰოვას სიყვარულსა და მიმტევებლობაში?

17 რატომ უნდა დავარწმუნოთ კვლავ საკუთარი თავი იეჰოვას სიყვარულსა და მიმტევებლობაში? (1 იოან. 3:19). იმიტომ, რომ სატანა ყოველთვის ეცდება, ისეთი გრძნობა გაგვიჩინოს, თითქოს იეჰოვას არ ვუყვარვართ და არ გვპატიობს. მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს – გული აგვიცრუოს იეჰოვას მსახურებაზე. მან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა, ამიტომ ამ მხრივ ჩვენზე ზეწოლას გააძლიერებს (გამოცხ. 12:12). მოდი ეშმაკს თავს ნუ დავაჩაგვრინებთ!

18. როგორ უნდა დარწმუნდეთ იეჰოვას სიყვარულსა და მიმტევებლობაში?

18 იეჰოვას სიყვარულში რომ დარწმუნდეთ, გამოიყენეთ წინა სტატიაში მოცემული რჩევები. მის მიმტევებლობაშიც რომ არ შეგეპაროთ ეჭვი, დაფიქრდით, როგორ ახასიათებს იეჰოვა საკუთარ თავს და როგორ აღწერენ მის მიმტევებლობას ბიბლიის დამწერები. გახსოვდეთ, მან კარგად იცის, რომ ცოდვილი ბუნების გამო შეცდომებს ვერ აერიდებით, ამიტომ გულმოწყალედ გექცევათ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ თუ გპატიობთ, ერთხელ და სამუდამოდ ივიწყებს თქვენს დანაშაულს. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, დავითივით მთელი დარწმუნებით იტყვით: მადლობა იეჰოვა, რომ „მაპატიე ჩემი ცოდვა და დანაშაული“ (ფსალმ. 32:5).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რატომ უნდა დავრწმუნდეთ იეჰოვას მიმტევებლობაში?

  • როგორ დავრწმუნდეთ იეჰოვას მიმტევებლობაში?

  • რატომ უნდა დავარწმუნოთ კვლავ საკუთარი თავი იეჰოვას მიმტევებლობაში?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 1 იეჰოვას თვისებები

a იხილეთ 2009 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „დაუახლოვდით ღმერთს – როგორ დაახასიათა იეჰოვამ საკუთარი თავი“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება