საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 აგვისტო გვ. 20-25
  • ჩვენ შევძლებთ არასწორი სურვილების დაძლევას!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჩვენ შევძლებთ არასწორი სურვილების დაძლევას!
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲐ ᲡᲣᲠᲡ ᲔᲨᲛᲐᲙᲡ, ᲒᲕᲐᲤᲘᲥᲠᲔᲑᲘᲜᲝᲡ
  • ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲡ ᲩᲕᲔᲜᲖᲔ ᲪᲝᲓᲕᲘᲚᲘ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐ
  • ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲘᲛᲐᲠᲯᲕᲝᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲗᲐᲕᲖᲔ
  • „ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡ ᲨᲔᲐᲛᲝᲬᲛᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲗᲐᲕᲘ“
  • იფრთხილეთ, რომ არ ცდუნდეთ!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • ნათლობის შემდეგაც მიჰყევით იესოს ნაკვალევს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • რა გააკეთა იეჰოვამ ცოდვისგან ადამიანების სახსნელად?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • გადაწყვეტილებები, რომლებიც იეჰოვასადმი ნდობაზე მეტყველებს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 აგვისტო გვ. 20-25

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 35

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 121 გვჭირდება თავშეკავება

ჩვენ შევძლებთ არასწორი სურვილების დაძლევას!

„ნუღარ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში, რომ არ დაემონოთ ხორციელ სურვილებს“ (ᲠᲝᲛ. 6:12).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, რა დაგვეხმარება, 1) გული არ გავიტეხოთ, თუ არასწორი სურვილები გვიჩნდება და 2) ცდუნებას არ ავყვეთ.

1. რასთან უწევს ყველას ბრძოლა?

ᲐᲚᲑᲐᲗ, ყველას გაგვჩენია ისეთი სურვილი, რომელსაც იეჰოვა არ იწონებს. თუმცა ამის გამო გული არ უნდა გავიტეხოთ. ბიბლიაც ხომ ამბობს: „არ გქონიათ ცდუნება, გარდა ადამიანისთვის ჩვეული ცდუნებისა“ (1 კორ. 10:13). აქედან გამომდინარე, თუ არასწორი სურვილი გვიჩნდება, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მსგავსი სურვილი სხვას არასდროს გასჩენია. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ. იეჰოვას დახმარებით შევძლებთ საკუთარ თავზე გამარჯვებას.

2. რა ცდუნებებთან უწევთ ბრძოლა ზოგ მონათლულ ქრისტიანსა თუ ბიბლიის შემსწავლელს? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

2 ბიბლიაში ნათქვამია: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას“ (იაკ. 1:14). ის, რაც ერთისთვის საცდურია, მეორესთვის შეიძლება სულაც არ იყოს. მაგალითად, ზოგს შეიძლება საპირისპირო სქესთან უზნეობის ჩადენის სურვილი გაუჩნდეს, ზოგს კი – თავისივე სქესის ადამიანთან. ზოგი, ვინც ერთ დროს პორნოდამოკიდებული იყო, შესაძლოა დღემდე ებრძვის ასეთი მასალის ნახვის სურვილს. იმავეს თქმა შეიძლება მათზეც, ვინც ნარკოტიკებს მოიხმარდა ან ბევრს სვამდა. ამ და სხვა სურვილებთან ბრძოლა დღესაც უწევს ზოგ ქრისტიანსა თუ ბიბლიის შემსწავლელს. პავლე მოციქულის არ იყოს, დროდადრო ყველას გვაქვს ასეთი შეგრძნება: „მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი“ (რომ. 7:21).

ცდუნების წინაშე შეიძლება ნებისმიერ დროსა და ადგილას აღმოჩნდეთ (იხილეთ აბზაცი 2).c


3. რა გრძნობა შეიძლება დაეუფლოს ადამიანს, რომელიც არასწორ სურვილს ებრძვის?

3 თუ უკვე დიდი ხანია, ებრძვით რაიმე არასწორ სურვილს, შეიძლება ისეთი გრძნობა დაგეუფლოთ, რომ ცდუნების წინაშე უძლური ხართ. შეიძლება ისიც კი იფიქროთ, რომ იეჰოვამ ზურგი გაქციათ და თქვენი მდგომარეობა უიმედოა. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა. ამაში დაგვარწმუნებს შემდეგ კითხვებზე მსჯელობა: 1) ვის სურს, გვაფიქრებინოს, რომ ცდუნებასთან ბრძოლაში უძლურები ვართ და მდგომარეობა უიმედოა? 2) როგორ გავიმარჯვოთ არასწორ სურვილებზე?

ᲠᲐ ᲡᲣᲠᲡ ᲔᲨᲛᲐᲙᲡ, ᲒᲕᲐᲤᲘᲥᲠᲔᲑᲘᲜᲝᲡ

4. ა) რა სურს სატანას? ბ) რა გვარწმუნებს, რომ ცდუნებაზე გამარჯვება შესაძლებელია?

4 სატანას სურს, გვაფიქრებინოს, რომ ცდუნების წინაშე უძლურები ვართ. იესომ იცოდა, რომ ის შეეცდებოდა ჩვენ შეცდენას. ამიტომაც მოუწოდა მოწაფეებს, ასე ელოცათ: „დაგვეხმარე, არ ავყვეთ ცდუნებას და გვიხსენი ბოროტისგან“ (მათ. 6:13). სატანა ამტკიცებს, რომ ცდუნების წინაშე იეჰოვას ვერ ვუერთგულებთ (იობ. 2:4, 5). მის შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა და ჰგონია, რომ ჩვენც მასავით მოვიქცევით. ის იმასაც კი ფიქრობდა, რომ ღვთის სრულყოფილი ძის, იესოს, ცდუნებას შეძლებდა (მათ. 4:8, 9). მართლა უძლურები ვართ არასწორ სურვილებთან ბრძოლაში? სრულებითაც არა! ამაზე მოციქულ პავლეს სიტყვებიც მოწმობს: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“ (ფილ. 4:13).

5. რატომ ფიქრობს იეჰოვა, რომ ცდუნებებთან გამკლავების ძალა შეგვწევს?

5 სატანისგან განსხვავებით იეჰოვას სჯერა, რომ ცდუნებებთან გამკლავებას შევძლებთ. საიდან ვიცით ეს? იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ უამრავი ხალხი უერთგულებდა მას და გადაურჩებოდა „დიდ გასაჭირს“. ღმერთი, რომელმაც შეუძლებელია იცრუოს, ამბობს, რომ ცოტა კი არა, უამრავი ადამიანი გადავა ახალ ქვეყნიერებაში. მათზე ნათქვამია, რომ „გრძელი სამოსელი გაირეცხეს და კრავის სისხლით გაათეთრეს“, ანუ ღვთის თვალში მართლებად ჩაითვალნენ (გამოცხ. 7:9, 13, 14). როგორც ვხედავთ, იეჰოვას ეჭვი არ ეპარება, რომ შეგვიძლია არასწორ სურვილებთან ბრძოლაში გავიმარჯვოთ.

6, 7. კიდევ რა სურს სატანას, გვაფიქრებინოს?

6 სატანას სურს, ისიც გვაფიქრებინოს, რომ ჩვენი მდგომარეობა უიმედოა და არასწორი სურვილების გამო იეჰოვას კეთილგანწყობას ვერ მოვიპოვებთ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სინამდვილეში სატანის მდგომარეობაა უიმედო. მან სამუდამოდ დაკარგა იეჰოვას კეთილგანწყობა და ვერასდროს ჩაითვლება მარადიული სიცოცხლის ღირსად (დაბ. 3:15; გამოცხ. 20:10). სატანამ მშვენივრად იცის, რომ მისგან განსხვავებით ჩვენ მარადიული სიცოცხლის რეალური შესაძლებლობა გვაქვს. ამიტომაც ცდილობს, ეს იმედი დაგვაკარგვინოს. მაგრამ ბიბლია გვარწმუნებს, რომ ჩვენი მდგომარეობა ნამდვილად არაა უიმედო. იეჰოვა ყოველთვის მზადაა, დაგვეხმაროს, რადგან „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9).

7 თუ ვფიქრობთ, რომ არასწორ სურვილებთან ბრძოლის ძალა არ შეგვწევს და მდგომარეობა უიმედო გვეჩვენება, უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ფიქრები მხოლოდ სატანას აძლევს ხელს. როცა კარგად გვესმის ეს, მეტი მოტივაცია გვეძლევა, წინ აღვუდგეთ მას და მოვიშოროთ ასეთი ფიქრები (1 პეტ. 5:8, 9).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲡ ᲩᲕᲔᲜᲖᲔ ᲪᲝᲓᲕᲘᲚᲘ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐ

8. რა არის ცოდვა? (ფსალმუნი 51:5; იხილეთ აგრეთვე „განმარტება“).

8 არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ცდუნებებთან ბრძოლის ძალა არ შეგვწევს და უიმედოდ ვართ. ასეთ ფიქრებს ჩვენი ცოდვილი მდგომარეობა განაპირობებს, რომელიც ადამისა და ევასგან გვერგოa (იობ. 14:4; წაიკითხეთ ფსალმუნის 51:5).

9, 10. ა) როგორ იმოქმედა ცოდვამ ადამსა და ევაზე? (იხილეთ აგრეთვე სურათი). ბ) ჩვენზე როგორ მოქმედებს ცოდვა?

9 როგორ იმოქმედა ცოდვამ ადამსა და ევაზე? მას შემდეგ, რაც იეჰოვას ეურჩნენ, დაიმალნენ და თავიანთი სიშიშვლის დაფარვა სცადეს. „საკვლევ ცნობარში“ ნათქვამია: „ცოდვის გამო მათ დანაშაულის, წუხილის, დაუცველობისა და სირცხვილის გრძნობა დაეუფლათ“. ისინი თითქოს ისეთ სახლში ჩაიკეტნენ, რომელსაც ოთხი ოთახი ჰქონდა. ოთახიდან ოთახში გადაადგილება კი შეეძლოთ, მაგრამ გარეთ გასვლა – არა. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, მათ მუდამ თან სდევდათ დანაშაულის, წუხილის, დაუცველობისა და სირცხვილის გრძნობა და ცოდვილ მდგომარეობას თავს ვერ დააღწევდნენ.

10 მათგან განსხვავებით ჩვენი მდგომარეობა უიმედო არ არის, რადგან გამოსასყიდის წყალობით ცოდვები გვეპატიება და სუფთა სინდისი გვაქვს (1 კორ. 6:11). თუმცა ისიც ფაქტია, რომ მემკვიდრეობით მიღებულ ცოდვილ მდგომარეობას ვერსად გავექცევით. შესაბამისად, ჩვენც გვიჩნდება დანაშაულის, წუხილის, დაუცველობისა და სირცხვილის გრძნობა. ბიბლიაც ამბობს, რომ მთელი კაცობრიობა ცოდვის ტყვეობაშია, ანუ სიკვდილი ბატონობს „მათზეც, ვისაც არ შეუცოდავს ადამივით“ (რომ. 5:14). როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ამ ფაქტისთვის თვალის გასწორება, არ უნდა ვიფიქროთ, რომ უძლურები და უიმედოები ვართ. რა დაგვეხმარება ასეთ უარყოფით გრძნობებთან გამკლავებაში?

შერცხვენილი ადამი და ევა ედემის ბაღს ტოვებენ. მათ ცხოველის ტყავის სამოსი აცვიათ.

ცოდვის გამო ადამსა და ევას დანაშაულის, წუხილის, დაუცველობისა და სირცხვილის გრძნობა დაეუფლათ (იხილეთ აბზაცი 9).


11. როგორ დაგვეხმარება რომაელების 6:12, თუ ვფიქრობთ, რომ ცდუნებასთან ბრძოლაში უძლურები ვართ?

11 თუ ვფიქრობთ, რომ ცდუნებასთან ბრძოლაში უძლურები ვართ, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს ჩვენი ცოდვილი ბუნება „გველაპარაკება“ და მის ხმას არ უნდა მოვუსმინოთ. რომაელების 6:12-ში (წაიკითხეთ) ჩაწერილი სიტყვები „ნუღარ იმეფებს ცოდვა თქვენზე“, იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, ავყვებით თუ არა ცდუნებას (გალ. 5:16). იეჰოვამ იცის, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ არასწორ სურვილებზე, სხვაგვარად ამას არც მოგვთხოვდა (კან. 30:11–14; რომ. 6:6; 1 თეს. 4:3). ასე რომ, თუ არ დავნებდებით, ნებისმიერ ცდუნებას დავძლევთ.

12. როგორ მოვიქცეთ, თუ უიმედობის გრძნობა გვეუფლება?

12 თუ უიმედობის გრძნობა გვეუფლება და ვფიქრობთ, რომ არასწორი სურვილების გამო იეჰოვამ ზურგი გვაქცია, უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ცოდვილი ბუნების ხმაა, რომელსაც არ უნდა მოვუსმინოთ. იეჰოვამ კარგად იცის, რომ ცოდვისკენ ვართ მიდრეკილი (ფსალმ. 103:13, 14). „მან ყველაფერი იცის“, მათ შორის ის, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენზე ცოდვა და რატომ გვიჩნდება ასეთი სურვილები (1 იოან. 3:19, 20). ღვთის თვალში მართლებად ვითვლებით, თუ არ ვყვებით ცდუნებას და არ ვწყვეტთ ბრძოლას. რა გვარწმუნებს ამაში?

13, 14. ნიშნავს არასწორი სურვილის ქონა იმას, რომ იეჰოვა არ გვიწონებს? ახსენით.

13 გაგვიჩნდება თუ არა არასწორი სურვილები, ამას ყოველთვის ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ ავყვებით თუ არა ამ სურვილებს, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ბიბლიიდანაც კარგად ჩანს, რომ არასწორი სურვილი და ცოდვა სხვადასხვა რამეა. მაგალითად, როგორც პავლემ თქვა, კორინთის კრებაში ზოგი ქრისტიანი ერთ დროს ჰომოსექსუალი იყო. მაგრამ ნიშნავდა ეს იმას, რომ მათ მეტად აღარ გასჩენიათ ლტოლვა თავისივე სქესის ადამიანის მიმართ? ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ასეთი მიდრეკილებებისგან ბოლომდე გათავისუფლება ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, ის ქრისტიანები, რომლებიც არ ნებდებოდნენ ასეთ სურვილებს, იეჰოვას მოწონებას იმსახურებდნენ. მისთვის ისინი „განბანილნი“ იყვნენ (1 კორ. 6:9–11). ასე იქნება თქვენს შემთხვევაშიც.

14 რა ცდუნების წინაშეც არ უნდა იდგეთ, თქვენ შეძლებთ გაიმარჯვოთ მასზე. შეიძლება არასწორი სურვილები ბოლომდე ვერ ამოძირკვოთ, მაგრამ ის კი შეგიძლიათ, რომ „საკუთარი ხორცისა და გონების კარნახით“ არ იმოქმედოთ (ეფეს. 2:3). მოდი გავიგოთ, რა დაგეხმარებათ ამაში.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲘᲛᲐᲠᲯᲕᲝᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲗᲐᲕᲖᲔ

15. რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი სისუსტის აღიარება?

15 არასწორ სურვილებთან ბრძოლაში რომ გაიმარჯვოთ, პირველ რიგში საკუთარი სისუსტის აღიარება უნდა შეძლოთ. ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს, რომ თავი არ მოვიტყუოთ „მცდარი აზროვნებით“ (იაკ. 1:22). მაგალითად, ზოგმა შეიძლება თავი ასე იმართლოს: „სხვები უფრო მეტს სვამენ“; ან თავისი სისუსტე სხვას გადააბრალოს და თქვას: „პორნოგრაფიის ყურება არ მომინდებოდა, ჩემი ცოლი უფრო მეტ სითბოს რომ იჩენდეს“. თუ ადამიანი პრობლემას თვალს არ გაუსწორებს, შეიძლება საბოლოოდ ცოდვის ჩადენამდე მივიდეს. ასე რომ, ნუ ეცდებით თავის მართლებას, ფიქრებშიც კი ნუ გააკეთებთ ამას, რადგან თქვენს საქციელზე პასუხისმგებელი თქვენვე ხართ (გალ. 6:7).

16. რა დაგეხმარებათ სწორად მოქცევაში?

16 საკუთარი სისუსტის აღიარებასთან ერთად მნიშვნელოვანია პრინციპული დამოკიდებულებაც (1 კორ. 9:26, 27; 1 თეს. 4:4; 1 პეტ. 1:15, 16). დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს თქვენთვის საცდური და ცდუნების რისკი როდის უფრო იზრდება. შესაძლოა ცდუნებასთან გამკლავება მაშინ უფრო გაგიჭირდეთ, როცა დაღლილი ხართ ან საღამო ხანია. მნიშვნელოვანია, წინასწარ იფიქროთ ასეთ სიტუაციებზე და ისიც განსაზღვროთ, როგორ მოიქცევით (იგავ. 22:3).

17. რას ვსწავლობთ იოსებისგან? (დაბადება 39:7–9; იხილეთ აგრეთვე სურათები).

17 დავფიქრდეთ იოსების რეაქციაზე, როდესაც ფოტიფარის ცოლი მის შეცდენას შეეცადა. მას ყოყმანი არ დაუწყია და მტკიცე უარი თქვა (წაიკითხეთ დაბადების 39:7–9). რაზე მეტყველებს ეს? იოსებს წინასწარ ჰქონდა ნაფიქრი, რომ სხვის ცოლთან საქმეს არ დაიჭერდა. მსგავსად, თქვენც გაგიადვილდებათ პრინციპულად მოქმედება, თუ წინასწარ გადაწყვეტთ, რომ არ აჰყვებით ცდუნებას.

ფოტოკოლაჟი: 1) იოსები ფოტიფარის ცოლს გაურბის და ხელში შეატოვებს სამოსს; 2) მოზარდი ძმა ფლირტში არ ებმება.

იოსების მსგავსად ნუ იყოყმანებთ და მტკიცედ თქვით უარი (იხილეთ აბზაცი 17).


„ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡ ᲨᲔᲐᲛᲝᲬᲛᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲗᲐᲕᲘ“

18. რა დაგეხმარებათ, დაძლიოთ არასწორი სურვილები? (2 კორინთელები 13:5).

18 არასწორ სურვილებთან ბრძოლაში რომ გაიმარჯვოთ, თვითშემოწმება არ უნდა შეწყვიტოთ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 13:5). დროდადრო გააანალიზეთ თქვენი ფიქრები თუ საქციელი და, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინეთ ცვლილებები. მაშინაც კი, თუ შეძელით ცდუნების დაძლევა, ღირს, დაფიქრდეთ, ხომ არ გაგიჭირდათ უარის თქმა. თუმცა ასეც რომ იყოს, თავს ნუ დაიდანაშაულებთ. იფიქრეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ მორიგ ცდუნებას უფრო მომზადებული დახვდეთ. მაგალითად, როგორც კი არასწორი ფიქრები გაგიჩნდებათ, შეეცადეთ, მალევე მოიშოროთ თავიდან. იმაზეც დაფიქრდით, თქვენი არჩეული განტვირთვის საშუალებები ხომ არ არის იმის მიზეზი, რომ გიჭირთ ცდუნებისთვის უარის თქმა; ან როგორია თქვენი რეაქცია, როცა უხამს კადრებს აწყდებით? მაშინვე არიდებთ თვალს? კარგად გაქვთ გააზრებული, რომ იეჰოვას ნორმებით ცხოვრება საუკეთესო არჩევანია, თუნდაც ეს დიდი ძალისხმევის ფასად დაგიჯდეთ? (ფსალმ. 101:3).

19. რამ შეიძლება გაგვირთულოს არასწორ სურვილებთან ბრძოლა?

19 თვითშემოწმების დროს მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან პატიოსანი იყოთ. ბიბლიაში ნათქვამია: „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია“ (იერ. 17:9). იესომაც თქვა, რომ „ბოროტი აზრები“ გულიდან მოდის (მათ. 15:19). მაგალითად, ქრისტიანმა, რომელმაც შეწყვიტა პორნოგრაფიის ყურება, დროთა განმავლობაში შეიძლება ჩათვალოს, რომ საფრთხე ჩავლილია და არაფერი დაშავდება, თუ გამომწვევ ფოტოებს დაათვალიერებს. ან შეიძლება იფიქროს, რომ უწმინდურ ფანტაზიებში ცუდი არაფერია, მთავარია, უზნეობა არ ჩაიდინოს. თუმცა, სინამდვილეში, ასეთ დროს მისი ვერაგი გული უკვე ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებას გეგმავს (რომ. 13:14). გახსოვდეთ, რაღაც-რაღაცებზე თვალის დახუჭვამ შეიძლება დიდი შეცდომა დაგაშვებინოთ.b ფიქრებშიც კი ნუ გაამართლებთ იმას, რაც ქრისტიანისთვის შეუფერებელია.

20. რას ველით მომავალში და რაში გვეხმარება იეჰოვა?

20 როგორც ამ სტატიამ დაგვანახა, იეჰოვას დახმარებით შევძლებთ ცდუნებებთან გამკლავებას. მისი წყალობით გვეპატიება ცოდვები და შესაძლებლობა გვეძლევა, ვიცხოვროთ მარადიულად. წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერება იქნება, როცა მას სუფთა გულითა და გონებით ვემსახურებით. თუმცა დღესვე შეგვწევს ძალა, წინააღმდეგობა გავუწიოთ არასწორ სურვილებს და უიმედო მდგომარეობაში არ ვართ. უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვას დახმარებით გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რა დაგვეხმარება, თუ ვფიქრობთ, რომ ცდუნების წინაშე უძლური ვართ და მდგომარეობა უიმედოა?

  • როგორ გავიმარჯვოთ არასწორ სურვილებთან ბრძოლაში?

  • როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ საკუთარი თავი?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 122 იყავით მტკიცენი და ურყევნი!

a ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: ბიბლიაში სიტყვა „ცოდვა“ ხშირად გულისხმობს ისეთ არასწორ საქციელს, როგორიცაა მაგალითად, ქურდობა, მრუშობა და მკვლელობა (გამ. 20:13–15; 1 კორ. 6:18). თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს სიტყვა ჩვენს ცოდვილ ბუნებაზე მიუთითებს და არა მაინცდამაინც კონკრეტულ ცოდვაზე.

b აღსანიშნავია, რომ იგავების 7:7–23-ში მოხსენიებულმა ახალგაზრდამ არაერთი შეცდომა დაუშვა, რომლებმაც საბოლოოდ უზნეობის ჩადენამდე მიიყვანა.

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: მარცხნივ: ახალგაზრდა ძმა კაფეში ამჩნევს პაემანზე მყოფ ორ მამაკაცს. მარჯვნივ: ერთი და უყურებს ქუჩის კუთხეში მდგომ მწეველებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება