ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 36
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 103 მწყემსები – ძღვენი ადამიანთა სახით
მიმართეთ უხუცესებს დახმარებისთვის
„ავად არის რომელიმე თქვენგანი? მოუხმოს კრების უხუცესებს“ (ᲘᲐᲙ. 5:14).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან გავიგებთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, უხუცესებს საჭირო დროს დახმარება ვთხოვოთ.
1. საიდან ჩანს, რომ იეჰოვასთვის თავისი მსახურები ძვირფასნი არიან?
ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲗᲕᲘᲡ თავისი მსახურები ძალიან ძვირფასნი არიან. მან ისინი იესოს სისხლით გამოისყიდა და მათზე ზრუნვა კრებაში სულიერ მწყემსებს დაავალა (საქ. 20:28). იეჰოვას სურს, რომ უხუცესები კრების თავის, იესოს, ხელმძღვანელობას მიჰყვნენ, სიყვარულით მოეპყრონ სამწყსოს და დაიცვან სულიერი ზიანისგან (ეს. 32:1, 2).
2. ვის მიმართ იჩენს იეჰოვა განსაკუთრებულ ყურადღებას? (ეზეკიელი 34:15, 16).
2 იეჰოვა თითოეული თავისი მსახურით არის დაინტერესებული, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მათ მიმართ იჩენს, ვინც სულიერად მოსუსტებულია. ასეთებს ის უხუცესების მეშვეობით ეხმარება (წაიკითხეთ ეზეკიელის 34:15, 16). მას სურს, რომ ჩვენც ვითხოვოთ დახმარება, როცა ამის საჭიროება არსებობს. ასეთ დროს გულწრფელ ლოცვებთან ერთად მნიშვნელოვანია, მათაც ვთხოვოთ დახმარება, ვინც კრებაში „მწყემსად და მასწავლებლად“ არის დანიშნული (ეფეს. 4:11, 12).
3. რაში დაგვეხმარება ეს სტატია?
3 ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ უწევს იეჰოვა სულიერ დახმარებას თავის ხალხს უხუცესების მეშვეობით. ვიმსჯელებთ შემდეგ კითხვებზე: როდის უნდა მივმართოთ უხუცესებს დახმარებისთვის? რატომ უნდა მოვიქცეთ ასე? და როგორ დაგვეხმარებიან ისინი? შეიძლება ცხოვრების ამ ეტაპზე ვერ ხედავთ უხუცესების დახმარების საჭიროებას, თუმცა ამ კითხვებზე პასუხის მიღება უკეთ დაგანახებთ იეჰოვას მზრუნველობას და მის მიმართ მადლიერებასაც გაგიღრმავებთ. სამომავლოდ კი, თუ დახმარება დაგჭირდებათ, გეცოდინებათ, როგორ მოიქცეთ.
ᲠᲝᲓᲘᲡ ᲕᲗᲮᲝᲕᲝᲗ ᲣᲮᲣᲪᲔᲡᲔᲑᲡ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ
4. რატომ ვასკვნით, რომ იაკობის 5:14–16, 19, 20-ში სულიერად მოსუსტებულებზეა საუბარი? (იხილეთ აგრეთვე სურათები).
4 მოწაფე იაკობმა უხუცესების მხრიდან დახმარებაზე საუბარი ასეთი კითხვით წამოიწყო: „ავად არის რომელიმე თქვენგანი? მოუხმოს კრების უხუცესებს“ (წაიკითხეთ იაკობის 5:14–16, 19, 20). კონტექსტიდან ჩანს, რომ იაკობი სულიერ სისუსტეზე საუბრობს და არა პირდაპირი გაგებით ავადმყოფობაზე. ის მოუწოდებს ქრისტიანს, ექიმს კი არა, უხუცესს მიმართოს და იმასაც ეუბნება, რომ განსაკურნავად შეიძლება ცოდვების პატიებაც დასჭირდეს. რატომ მოჰყავს მას ასეთი შედარება? როდესაც ავად ვხდებით, ექიმთან მივდივართ, ვეუბნებით, რა სიმპტომები გვაქვს და მივყვებით მის დანიშნულებას. მსგავსად, როცა სულიერად დასუსტებული ვართ, უხუცესს მივმართავთ, ვუხსნით ჩვენს მდგომარეობას და ვითვალისწინებთ მის მიერ მოცემულ ბიბლიურ რჩევებს.
როცა ავად ვართ, ექიმთან მივდივართ; როცა სულიერად სუსტად ვგრძნობთ თავს, დახმარებისთვის უხუცესებს მივმართავთ (იხილეთ აბზაცი 4).
5. როგორ ამოვიცნოთ სულიერი სისუსტის ნიშნები?
5 იაკობის მეხუთე თავი გვირჩევს, უხუცესებს მივმართოთ დახმარებისთვის, თუ ვატყობთ, რომ რწმენა შეგვისუსტდა. მნიშვნელოვანია, დროულად მივიღოთ ზომები, რათა საქმე იქამდე არ მივიდეს, რომ იეჰოვას ჩამოვშორდეთ. ამავე დროს საკუთარ თავთან პატიოსანი უნდა ვიყოთ, რომ თავი არ მოვიტყუოთ, თითქოს ყველაფერი რიგზე გვაქვს (იაკ. 1:22). ზუსტად ასე მოხდა სარდისელი ქრისტიანების შემთხვევაში. ამიტომ გააფრთხილა იესომ ისინი, დაფიქრებულიყვნენ თავიანთ სულიერ მდგომარეობაზე (გამოცხ. 3:1, 2). თვითშემოწმებისთვის შეგიძლიათ დაფიქრდეთ, უწინდელთან შედარებით დღეს როგორი განწყობით ემსახურებით იეჰოვას (გამოცხ. 2:4, 5). მაგალითად, მოსაწყენი ხომ არ გახდა ბიბლიის კითხვა და წაკითხულზე ფიქრი? ისე ხომ არ ხდება, რომ კრება გიცდებათ ხოლმე ან მოუმზადებელი მიდიხართ? მსახურებაში ენთუზიაზმი ხომ არ გაგინელდათ? გული უფრო მეტად სხვა საქმეებისკენ ხომ არ მიგიწევთ? ხშირად ხომ არ გეფიქრებათ ფულის შოვნაზე და რამის შეძენაზე? თუ რომელიმე კითხვაზე მაინც დადებითია პასუხი, ეს იმის ნიშანია, რომ დროულად უნდა იმოქმედოთ, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს. თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ სულიერ ფორმაში ჩადგომას ან თუ უკვე დაუშვით რაღაც შეცდომა, უხუცესებს მიმართეთ დახმარებისთვის.
6. როგორ უნდა მოიქცეს ის, ვინც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა?
6 თუ ვინმე სერიოზულ ცოდვას ჩაიდენს, რის გამოც შეიძლება კრებაში არ დატოვონ, უხუცესს უნდა დაელაპარაკოს ამის შესახებ (1 კორ. 5:11–13). ასეთი ქრისტიანი საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენას. ღმერთმა რომ გამოსასყიდის საფუძველზე აპატიოს, მონანიება საქმით უნდა დაამტკიცოს, რაც უხუცესთან მისვლასაც გულისხმობს (საქ. 26:20).
7. კიდევ ვის სჭირდება უხუცესების დახმარება?
7 უხუცესები მათ დასახმარებლადაც მზად არიან, ვისაც არასწორ სურვილებთან ბრძოლა უძნელდება (საქ. 20:35). ეს განსაკუთრებით რთული შეიძლება იმ შემთხვევაში იყოს, თუ წარსულში ნარკოდამოკიდებული იყავით, პორნოგრაფიას უყურებდით ან უზნეო ცხოვრებას ეწეოდით. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ამ პრობლემას მარტომ უნდა შეეჭიდოთ. შეგიძლიათ იმ უხუცესს დაელაპარაკოთ, ვისთანაც თავს უფრო თავისუფლად გრძნობთ. ის აუცილებლად მოგისმენთ, პრაქტიკულ რჩევებს მოგცემთ და იმაშიც დაგარწმუნებთ, რომ იეჰოვას გაახარებთ, თუ არასწორ სურვილებს არ დანებდებით (ეკლ. 4:12). თუ ასეთ სურვილებს ვერა და ვერ იშორებთ, შეიძლება გულიც კი გაგიტყდეთ. ამ დროს უხუცესები შეგახსენებენ, რომ თქვენი მხრიდან დახმარების თხოვნა თქვენს თავმდაბლობაზე მეტყველებს და იმაზეც მოწმობს, რომ იეჰოვასთან ურთიერთობას უფრთხილდებით (1 კორ. 10:12).
8. ყველა შეცდომაზე უნდა მივმართოთ უხუცესებს? ახსენით.
8 არ არის აუცილებელი, ყველა შეცდომაზე უხუცესებს დაელაპარაკოთ. დავუშვათ, რომელიმე თანაქრისტიანს თქვენი სიტყვებით გული ატკინეთ ან ისე გაუბრაზდით, რომ მოთმინებიდან გამოხვედით. ასეთ შემთხვევაში აჯობებს, იესოს რჩევა გაითვალისწინოთ და ამ ადამიანთან პირადად მოაგვაროთ უთანხმოება (მათ. 5:23, 24). კარგი იქნება, თუ ჩვენს პუბლიკაციებში მოიძიებთ ინფორმაციას რბილ ხასიათზე, მოთმინებასა თუ თავშეკავებაზე, რაც დაგეხმარებათ, მსგავს სიტუაციებს უკეთ გაართვათ თავი. თუმცა თუ მცდელობის მიუხედავად უთანხმოებას ვერ აგვარებთ, შეგიძლიათ რჩევისთვის უხუცესს მიმართოთ. ფილიპელებისთვის მიწერილ წერილში პავლემ ერთ ძმას სთხოვა, ევოდიასა და სინტიქეს დახმარებოდა გაუგებრობის მოგვარებაში. მსგავს დახმარებას გაგიწევენ თქვენი კრების უხუცესებიც (ფილ. 4:2, 3).
რᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲘᲕᲛᲐᲠᲗᲝᲗ ᲣᲮᲣᲪᲔᲡᲔᲑᲡ
9. უხერხულობის მიუხედავად რატომ უნდა მივმართოთ უხუცესებს? (იგავები 28:13).
9 თუ სერიოზული ცოდვა ჩაიდინეთ ან გრძნობთ, რომ საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლაში მარცხდებით, აუცილებელია, დახმარება ითხოვოთ, რაც დიდ რწმენას და გამბედაობას მოითხოვს. უხერხულობის გამო თავი არ უნდა შეიკავოთ უხუცესთან დალაპარაკებისგან. რატომ ღირს ასე მოქცევა? იეჰოვა უხუცესების მეშვეობით ზრუნავს ჩვენს სულიერ კეთილდღეობაზე. თუ მათ დახმარებისთვის მივმართავთ, ვაჩვენებთ, რომ ვენდობით და ვემორჩილებით იეჰოვას. ამით იმასაც ვაღიარებთ, რომ მის გარეშე გაგვიჭირდება სწორ გზაზე დარჩენა (ფსალმ. 94:18). იეჰოვა აუცილებლად გვაპატიებს, თუ მოვინანიებთ ჩადენილ დანაშაულს და აღარ გავიმეორებთ (წაიკითხეთ იგავების 28:13).
10. რა მოჰყვება ცოდვის დამალვას?
10 ცოდვის დამალვით ჩვენს მდგომარეობას კიდევ უფრო გავამწვავებთ, ხოლო მონანიებით იეჰოვასთან მეგობრობას აღვადგენთ. როდესაც მეფე დავითმა ცოდვების დამალვა სცადა, ეს მის სულიერ, ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახა (ფსალმ. 32:3–5). მაგალითად, რა ხდება მაშინ, როცა დაავადებას ან ჭრილობას დროულად არ ვმკურნალობთ? ჯანმრთელობას უფრო ვიზიანებთ. მსგავსად, თუ დროულად არ ჩავაყენებთ უხუცესებს საქმის კურსში, იეჰოვასთან ურთიერთობას უფრო გავიფუჭებთ. მას ნამდვილად არ სურს, რომ საქმე აქამდე მივიყვანოთ, ამიტომაც გვეუბნება: „მოდით და მოვაგვაროთ საქმეები“. ეს იმას ნიშნავს, რომ მის მიერ დანიშნულ მწყემსებს მივმართოთ (ეს. 1:5, 6, 18).
11. როგორ შეიძლება იმოქმედოს სხვებზე ცოდვის დამალვამ?
11 თუ სერიოზული ცოდვა ჩავიდინეთ და დავმალეთ, სხვებსაც შევუქმნით საფრთხეს. ჩვენ გამო შეიძლება კრებაში წმინდა სულის მოქმედება შეფერხდეს და და-ძმებმა შინაგანი სიმშვიდე დაკარგონ (ეფეს. 4:30). მეორე მხრივ, თუ გაიგებთ, რომ კრებაში ვინმემ ცოდვა ჩაიდინა, შემცოდველს უნდა სთხოვოთ, უხუცესს დაელაპარაკოს.a მისთვის ხელის დაფარება ჩვენც ჩაგვეთვლება დანაშაულში (ლევ. 5:1). იეჰოვასადმი ძლიერი სიყვარული საკუთარ თავში ძალას გვაპოვნინებს, რომ უხუცესებს სიმართლე ვუთხრათ. ამგვარად, ხელს შევუწყობთ კრების სიწმინდეს და შემცოდველს იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენაში დავეხმარებით.
ᲠᲐ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐᲡ ᲐᲦᲛᲝᲒᲕᲘᲩᲔᲜᲔᲜ ᲣᲮᲣᲪᲔᲡᲔᲑᲘ
12. როგორ ეხმარებიან უხუცესები სულიერად მოსუსტებულებს?
12 უხუცესებს ევალებათ, მხარი დაუჭირონ სულიერად მოსუსტებულებს (1 თეს. 5:14). თუ შესცოდეთ, ისინი ტაქტიანი კითხვებით შეეცდებიან, გაიგონ, რას ფიქრობთ და რას გრძნობთ (იგავ. 20:5). შეიძლება აღზრდის, ხასიათისა თუ სირცხვილის გრძნობის გამო გაგიჭირდეთ გულღიად საუბარი, თუმცა თუ ასე მოიქცევით, მათ თქვენს დახმარებას გაუადვილებთ. იმაზე ნუ იდარდებთ, რას როგორ იტყვით (იობ. 6:3). უხუცესები არ ჩქარობენ დასკვნების გამოტანას. ისინი ყველანაირად შეეცდებიან, ბოლომდე მოგისმინონ და, სანამ რამეს გირჩევენ, სრული სურათი დაინახონ (იგავ. 18:13). მათ კარგად ესმით, რომ თქვენ დასახმარებლად და პრობლემის მოსაგვარებლად შეიძლება ერთი შეხვედრა საკმარისი არ იყოს.
13. როგორ გვეხმარება უხუცესების მიერ წარმოთქმული ლოცვები და მათგან მიღებული ბიბლიური რჩევები? (იხილეთ აგრეთვე სურათები).
13 უხუცესებს არ სურთ, დანაშაულის გრძნობა კიდევ უფრო გაგიმძაფრონ. პირიქით, უნდათ, რომ დაგამშვიდონ. ამიტომ ისინი ილოცებენ თქვენთვის. შეიძლება გაგაოცოთ იმის დანახვამ, თუ რამხელა ძალა აქვს მათ ლოცვებს. კიდევ ერთი, რასაც ისინი აკეთებენ, ზეთის ცხებას ჰგავს (იაკ. 5:14–16). „ზეთში“ ღვთის სიტყვაში მოცემული აზრები იგულისხმება. უხუცესები ზუსტად ბიბლიის მეშვეობით ეცდებიან, განუგეშონ და გაგამხნევონ და იეჰოვასთან ურთიერთობაში გაჩენილი ბზარის გამთელებაში დაგეხმარონ (ეს. 57:18). მათგან მიღებული ბიბლიური რჩევები მოტივაციას შეგმატებთ, ღვთის მოსაწონად მოიქცეთ. შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა მათი მეშვეობით გეუბნებათ: „ეს არის გზა, იარეთ მასზე!“ (ეს. 30:21).
უხუცესები ბიბლიის მეშვეობით ანუგეშებენ და ამხნევებენ სულიერად მოსუსტებულებს (იხილეთ აბზაცები 13, 14).
14. როგორ ეხმარებიან უხუცესები მას, ვინც მცდარი ნაბიჯი გადადგა? (გალატელები 6:1; იხილეთ აგრეთვე სურათები).
14 წაიკითხეთ გალატელების 6:1. მცდარი ნაბიჯის გადადგმა ნიშნავს, რომ ქრისტიანი სწორ გზას სცდება. ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც არაგონივრული გადაწყვეტილება, ისე სერიოზული ცოდვა. ვინაიდან უხუცესებს უყვართ და-ძმები, ისინი შეეცდებიან, რბილად მიუდგნენ და გამოასწორონ ასეთი ადამიანი. „გამოსწორებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ისეთ კონტექსტშიც გვხვდება, როცა ექიმი მოტეხილი ძვლის გასწორებას ან ამოვარდნილის ჩასმას ცდილობს, რათა პაციენტი დახეიბრებას გადაარჩინოს. ასეთ დროს გამოცდილი ექიმი ყველანაირად ეცდება, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გააკეთოს ეს. მსგავსად უხუცესებიც რბილად უდგებიან მას, ვისაც სულიერი დახმარება სჭირდება. ამავე დროს ისინი საკუთარ თავსაც უკვირდებიან, რადგან კარგად ესმით, რომ შეცდომებისგან არც თავად არიან დაზღვეული. ეს ეხმარება მათ, მოსამართლის მანტია კი არ მოირგონ, არამედ მეტად შევიდნენ თანაქრისტიანის მდგომარეობაში და თანაუგრძნონ (1 პეტ. 3:8).
15. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ რაიმე პრობლემა გვაწუხებს?
15 როცა რაიმე პრობლემა გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია ბოლომდე ვენდოთ უხუცესებს. მათ კარგად ესმით, რომ კონფიდენციალურად უნდა შეინახონ ჩვენი პირადი საკითხები, რჩევები პირად შეხედულებებზე კი არა, ბიბლიაზე უნდა დააფუძნონ და პრობლემასთან ბრძოლისას ბოლომდე მხარში გვედგნენ (იგავ. 11:13; გალ. 6:2). ფაქტია, უხუცესები პიროვნულადაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან და არც ერთნაირი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ჩვენი დახმარება ნებისმიერს შეუძლია და ვისთანაც თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობთ, შეგვიძლია მას ვესაუბროთ. ცხადია, სათითაოდ ყველასთან არ უნდა მივიდეთ იმ მიზნით, რომ რომელიმესგან მაინც მოვისმინოთ ის, რაც გვინდა. ასეთ შემთხვევაში მათ დავემსგავსებით, ვისაც „ყურის მაამებელი“ რჩევა ურჩევნია „ჯანსაღ მოძღვრებას“ (2 ტიმ. 4:3). უხუცესმა შეიძლება გვკითხოს, სხვა უხუცესებს ხომ არ ვთხოვეთ უკვე დახმარება და რა გვირჩიეს. სანამ რამეს გვეტყვის, შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს, სხვა უხუცესს ჰკითხოს რჩევა (იგავ. 13:10).
ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲐ
16. რა არის ჩვენი პირადი პასუხისმგებლობა?
16 მართალია, უხუცესებს ღვთის სამწყსოზე ზრუნვა ავალიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გვკარნახობენ, როგორ მოვიქცეთ. თითოეულის პირადი პასუხისმგებლობაა, ღმერთს ერთგულება დაუმტკიცოს. ყველანი მის წინაშე ვაგებთ პასუხს ჩვენს სიტყვებსა თუ საქმეებზე. იეჰოვა თავად გვეხმარება, რომ მის მოსაწონად ვიცხოვროთ (რომ. 14:12). სწორედ ამიტომ არ გვეუბნებიან უხუცესები, თუ როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. ისინი ბიბლიის მეშვეობით ცდილობენ, დაგვანახონ იეჰოვას დამოკიდებულება, რომ თავად მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ გავითვალისწინებთ მათგან მიღებულ ბიბლიურ რჩევებს, უკეთ მივხვდებით, როგორ უყურებს იეჰოვა სხვადასხვა საკითხს და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებასაც შევძლებთ (ებრ. 5:14).
17. რას მოელის იეჰოვა ჩვენგან?
17 დიდი ბედნიერებაა, რომ ღვთის სამწყსოს ვეკუთვნით. იეჰოვამ საუკეთესო მწყემსი შეგვირჩია, რომელმაც გამოგვისყიდა და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცა (იოან. 10:11). უხუცესების მეშვეობით კი იეჰოვა ასრულებს თავის დანაპირებს: „დაგიყენებთ ჩემს მოსაწონ მწყემსებს, და ისინი ჩაგინერგავენ ცოდნასა და გამჭრიახობას“ (იერ. 3:15). თუ სულიერად მოვსუსტებით ან ღმერთთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება, არ უნდა მოგვერიდოს უხუცესებისთვის დახმარების თხოვნა. ამგვარად საკუთარ თავზე გამოვცდით იეჰოვას მზრუნველობას.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 31 იარე ღმერთთან ერთად
a თუ შემცოდველი დროის გონივრულ ფარგლებში არ დაელაპარაკება უხუცესებს, თქვენ, როგორც ღვთის ერთგულმა მსახურმა, უნდა ჩააყენოთ ისინი საქმის კურსში.