ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 37
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 114 მოითმინეთ
როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს უსამართლობაზე?
„სამართალს ელოდა, მაგრამ აი, ირღვევა სამართალი“ (ᲔᲡ. 5:7).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორი რეაქცია ჰქონდა იესოს უსამართლობაზე და რას ვსწავლობთ მისგან.
1, 2. როგორ რეაგირებენ ადამიანები უსამართლობაზე და ჩვენ რა კითხვები შეიძლება გვაწუხებდეს?
ᲓᲦᲔᲡ უსამართლობა არავის უკვირს. ადამიანები სხვადასხვა ნიშნით ხდებიან უსამართლობის მსხვერპლი, იქნება ეს ეკონომიკური მდგომარეობა, სქესი, ეთნიკური წარმომავლობა, კანის ფერი თუ სხვა. გარდა ამისა, ხარბი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები დიდ ზიანს აყენებს გარემოს, რის გამოც ხალხიც ზარალდება. ასე რომ, პირდაპირ თუ ირიბად, უსამართლობას დღეს ყველანი ვხვდებით.
2 ბუნებრივია, ყველას გვსურს, სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ვიცხოვროთ. ამიტომ დღევანდელი რეალობის ფონზე გასაკვირი არაა, რატომ უჩნდება ბევრს პროტესტის გრძნობა. ზოგი სამოქალაქო აქტივისტი ხდება, ხელს აწერს პეტიციებს, უერთდება საპროტესტო აქციებს და ისეთ პოლიტიკურ ლიდერებს თუ პარტიებს უჭერს მხარს, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ჰპირდებიან. თუმცა ჩვენ, ქრისტიანები, არ ვართ „ქვეყნიერების ნაწილი“ და გვჯერა, რომ სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია (იოან. 17:16). მიუხედავად ამისა, ადვილი არაა, უსამართლობას გულგრილად შევხვდეთ. მეტიც, შეიძლება გაგვიჭირდეს ბრაზის დაოკება. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? პასიურად უნდა ვიყოთ თუ შეგვიძლია რამის გაკეთება? ამ კითხვებს რომ ვუპასუხოთ, მოდი კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, როგორია იეჰოვას და იესოს დამოკიდებულება უსამართლობაზე.
ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲓᲐ ᲘᲔᲡᲝᲡ ᲡᲫᲣᲚᲗ ᲣᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲑᲐ
3. რატომ გვაქვს უსამართლობაზე მძაფრი რეაქცია? (ესაია 5:7).
3 იეჰოვას უყვარს სიმართლე და სამართლიანობა (ფსალმ. 33:5). ის არასდროს იქცევა უსამართლოდ და არც სხვისგან იწონებს ასე მოქცევას (კან. 32:3, 4; მიქ. 6:8; ზაქ. 7:9). მაგალითად, წინასწარმეტყველ ესაიას დროს იეჰოვამ შეისმინა „შეჭირვებულთა ღაღადი“, რომელთაც მოძმეები ჩაგრავდნენ (წაიკითხეთ ესაიას 5:7). მან დასაჯა ისინი, ვინც შეგნებულად არღვევდა მის კანონს და სხვებს უსამართლოდ ექცეოდა (ეს. 5:5, 13). ვინაიდან იეჰოვას მსგავსებად ვართ შექმნილი, ბუნებრივია, რომ უსამართლობაზე ჩვენც მძაფრი რეაქცია გვაქვს (დაბ. 1:26).
4. რა დამოკიდებულება ჰქონდა იესოს უსამართლობაზე და საიდან ჩანს ეს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
4 იეჰოვას მსგავსად იესოსაც უყვარს სამართლიანობა, უსამართლობა კი სძულს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის შემთხვევა, როცა მან ხელგამხმარი კაცი განკურნა. ამ მომენტში ნათლად გამოჩნდა, როგორ განსხვავდებოდა იესოს დამოკიდებულება გულქვა რელიგიური წინამძღოლებისგან, რომლებსაც თავისებურად ესმოდათ შაბათის კანონი და საერთოდ არ ადარდებდათ საბრალო კაცის მდგომარეობა. მათმა გულქვაობამ იესო აღაშფოთა და უზომოდ დაამწუხრა (მარ. 3:1–6).
იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს არანაირი თანაგრძნობა არ გააჩნდათ საწყალი ადამიანების მიმართ. იესოს კი ეცოდებოდა ისინი (იხილეთ აბზაცი 4).
5. რა უნდა გვახსოვდეს, თუ უსამართლობის გამო ბრაზი მოგვდის?
5 თუ იეჰოვასა და იესოს აქვთ მწვავე რეაქცია უსამართლობაზე, რა გასაკვირია, ჩვენც გვქონდეს. ამის გამო თავი არ უნდა დავიდანაშაულოთ (ეფეს. 4:26). თუმცა ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: სიბრაზით, თუნდაც გამართლებული იყოს ეს, სიტუაციას ვერ გამოვასწორებთ. თუ ბრაზს ვერა და ვერ მოვერევით, შეიძლება ემოციურად და ფიზიკურად გამოვიფიტოთ (ფსალმ. 37:1, 8; იაკ. 1:20). მაშ, როგორ მოვიქცეთ? ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია იესოსგან.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲘᲥᲪᲔᲝᲓᲐ ᲘᲔᲡᲝ
6. რა უსამართლობა ხდებოდა იესოს დროს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
6 დედამიწაზე ყოფნისას იესო არაერთხელ გახდა უსამართლობის მოწმე. მაგალითად, ხედავდა, როგორ ჩაგრავდნენ რელიგიური წინამძღოლები უბრალო ხალხს (მათ. 23:2–4). ისიც იცოდა, როგორ ავიწროებდნენ რომაელი მმართველები მოსახლეობას. ბევრ ებრაელს ერთი სული ჰქონდა, როდის დააღწევდა თავს რომის იმპერიალისტურ უღელს. ზოგიერთები, მაგალითად ზელოტები, დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლისთვისაც კი იყვნენ მზად. ასეთი დაძაბული ვითარების მიუხედავად იესო არც მიმხრობია რომელიმე მხარეს და არც სოციალური პრობლემების მოგვარება უცდია. ხოლო, როცა გამეფება დაუპირეს, იქაურობას გაეცალა (იოან. 6:15).
როცა ხალხმა იესოს გამეფება დაუპირა, ის გაეცალა იქაურობას (იხილეთ აბზაცი 6).
7, 8. რატომ არ იბრძოდა იესო უსამართლობის წინააღმდეგ? (იოანე 18:36).
7 უსამართლობასთან საბრძოლველად იესო არ ჩაბმულა პოლიტიკურ საქმიანობაში. მას ესმოდა, რომ ადამიანებს არც უფლება აქვთ და არც უნარი, სხვებზე იმმართველონ (ფსალმ. 146:3; იერ. 10:23). ისინი ვერც მასთან გახდებიან რამეს, ვინც უსამართლობის თავიდათავია. მსოფლიოს ხომ ბოროტი სულიერი ქმნილება, სატანა მართავს, რომელიც ადამიანებს მუდამ ბოროტებისკენ აქეზებს (იოან. 8:44; ეფეს. 2:2). არსებობს არასრულყოფილების ფაქტორიც – რამდენად დიდი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, შეუძლებელია ყოველთვის სწორად მოიქცეს (ეკლ. 7:20).
8 იესოს კარგად ესმოდა, რომ უსამართლობასა და მის გამომწვევ მიზეზებს სოციალური რეფორმები ვერ აღმოფხვრიდა. ამას მხოლოდ ზეციერი მთავრობა შეძლებდა, რომელიც „ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (წაიკითხეთ იოანეს 18:36). ამიტომაც იესო მთელ დროსა და ენერგიას სწორედ ამ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას ახმარდა და „სიმართლეს მოშიებულთ და მოწყურებულთ“ არწმუნებდა, რომ ყოველგვარ უსამართლობას მოეღებოდა ბოლო (მათ. 5:6; ლუკ. 8:1; 18:7, 8).
ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲘᲔᲡᲝᲡ
9. რა გარწმუნებთ, რომ უსამართლობას მხოლოდ ღვთის სამეფო აღმოფხვრის?
9 დღეს, ამ ქვეყნიერების „ბოლო დღეებში“ კიდევ უფრო მეტი უსამართლობა ხდება, ვიდრე იესოს დროს. ამის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ სატანაა და ის ხალხი, რომელიც მისი გავლენით მოქმედებს (2 ტიმ. 3:1–5, 13; გამოცხ. 12:12). იესოს მსგავსად ჩვენც გვწამს, რომ უსამართლობასა და მის გამომწვევ მიზეზებს მხოლოდ ღვთის სამეფო აღმოფხვრის. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ სამეფოს. ამიტომაც არ ვებმებით საპროტესტო აქციებში და არც რაიმე სხვა ფორმას მივმართავთ უსამართლობასთან საბრძოლველად. საინტერესოა ერთი დის, სტეისის,a შემთხვევა. ჭეშმარიტების გაგებამდე ის აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო მსვლელობებში. თუმცა რაღაც დროის შემდეგ მას ეჭვი შეეპარა, რამდენად ეფექტური იყო ეს გზა პრობლემების მოსაგვარებლად. სტეისი ამბობს: „აქციაზე ყოფნისას ხშირად მეფიქრებოდა, ვიდექი თუ არა სწორ მხარეს. ახლა ღვთის სამეფოს მხარდამჭერი ვარ და ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ სწორი პოზიცია მიკავია. მხოლოდ იეჰოვას შესწევს ძალა, სამართალი გაუჩინოს ყველა ჩაგრულს. მასთან შედარებით ნებისმიერი ჩემი მცდელობა უსუსურია“ (ფსალმ. 72:1, 4).
10. საიდან ჩანს, რომ სამოქალაქო პროტესტი წინააღმდეგობაში მოდის იესოს სწავლებასთან? (მათე 5:43–48; იხილეთ აგრეთვე სურათი).
10 ხშირ შემთხვევაში სამოქალაქო პროტესტი დაუმორჩილებლობასა და აგრესიაში გადადის, რაც აშკარად ეწინააღმდეგება იესოს სწავლებას (ეფეს. 4:31). ერთი ძმა სახელად ჯეფრი თავის დაკვირვებას გვიზიარებს: „არაერთხელ მინახავს, როგორ გადაზრდილა, ერთი შეხედვით, მშვიდობიანი აქცია ძალადობასა და მაროდიორობაში“. იესო გვასწავლის, რომ სიყვარულით მოვექცეთ ყველას, მათაც კი, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს ან გვავიწროებს (წაიკითხეთ მათეს 5:43–48). როგორც ქრისტიანები ვცდილობთ, თავი შორს დავიჭიროთ ყველაფრისგან, რაც მის სწავლებას არ ეთანხმება.
როცა საქმე პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებს ეხება, პრინციპულობა გვჭირდება, რომ რომელიმე მხარეს არ მივემხროთ (იხილეთ აბზაცი 10).
11. როდის შეიძლება გაგვიჭირდეს იესოს მაგალითის მიყოლა?
11 ეჭვი არ გვეპარება, რომ ღვთის სამეფო საბოლოოდ აღადგენს სამართალს. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ როცა უსამართლობას ვხვდებით, ყოველთვის ადვილი არ არის იესოს მსგავსად მოქცევა. ამას ადასტურებს ერთი დის, ჯანიას, შემთხვევა, რომელიც დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. ის იხსენებს: „ძალიან გაბრაზებული ვიყავი. საშინელი ტკივილი მომაყენეს და მინდოდა, თავიანთი საქციელისთვის პასუხი ეგოთ. მერე გადავწყვიტე, ისეთი ორგანიზაციისთვის დამეჭირა მხარი, რომელიც რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძოდა. ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა პროტესტის გამოხატვის ყველაზე უსაფრთხო გზა“. თუმცა რაღაც დროის შემდეგ ჯანია მიხვდა, რომ ხედვა უნდა შეეცვალა. ის დასძენს: „იმდენად მოვექეცი სხვების გავლენაში, რომ იეჰოვა სულ გადამავიწყდა. ისე გამომივიდა, რომ ნდობა ადამიანებს გამოვუცხადე. საბოლოოდ გადავწყვიტე, ყოველგვარი კავშირი გამეწყვიტა ამ ორგანიზაციასთან“. გაბრაზების საფუძვლიანი მიზეზიც რომ გვქონდეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამის გამო ნეიტრალიტეტი არ დავარღვიოთ (იოან. 15:19).
12. რატომ უნდა შევარჩიოთ დაკვირვებით, რა ინფორმაციას ვიღებთ?
12 უარყოფითი ემოციები რომ გავაკონტროლოთ, მნიშვნელოვანია, დაკვირვებით შევარჩიოთ, რას ვკითხულობთ, ვუსმენთ და ვუყურებთ. ზოგიერთ სოც-მედიის პლატფორმაზე ამა თუ იმ ფაქტს შოკის მომგვრელად წარმოაჩენენ, რათა ადამიანებში პროტესტის გრძნობა გააჩინონ. ხშირად საინფორმაციო სააგენტოებიც ინფორმაციას არაობიექტურად აშუქებენ. თუმცა ასეც რომ არ იყოს, თუ ნეგატიურ ინფორმაციას დიდი დოზით მივიღებთ, გაღიზიანებისა და ნერვიულობის მეტი არაფერი შეგვრჩება და პრობლემასთანაც ვერაფერს გავხდებით (იგავ. 24:10). ყველა სიკეთესთან ერთად, ისიც შეიძლება გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ერთადერთი რეალური გამოსავალი ღვთის სამეფოა.
13. რა მხრივ გვეხმარება ბიბლიის ყოველდღიური კითხვა?
13 ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და წაკითხულზე ფიქრი გვეხმარება, სწორი რეაქცია გვქონდეს უსამართლობაზე. ერთ დას, ალიას, ძალიან აწუხებდა, როგორ ექცეოდნენ ხალხს მის გარშემო. თანაც, ცუდი საქციელისთვის არავინ ისჯებოდა. ალია ამბობს: „ჩემთვის დავფიქრდი, თუ მართლა მჯერა, რომ იეჰოვა მოაგვარებს ამ პრობლემას, მაშინ ასე მწვავედ რატომ განვიცდი-მეთქი?! იმ პერიოდში წავიკითხე იობის 34:22–29. იქ ჩაწერილმა კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ იეჰოვას სამართალს ვერავინ გაექცევა. მან ყველაზე უკეთ იცის, რა არის სწორი და რა არასწორი და მხოლოდ ის აღადგენს სრულად სამართალს“. მაგრამ დღეს როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ უსამართლობას ვხვდებით?
ᲓᲦᲔᲡ ᲠᲐ ᲨᲔᲒᲕᲘᲫᲚᲘᲐ ᲒᲐᲕᲐᲙᲔᲗᲝᲗ
14. ჩვენ როგორ ვიქცევით ამ უსამართლო გარემოში? (კოლოსელები 3:10, 11).
14 ცხადია, სხვების საქციელს ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ შეგვიძლია, საკუთარ თავს დავუკვირდეთ, ჩვენ როგორები ვართ სხვების მიმართ. როგორც უკვე ვთქვით, იესო გვასწავლის, სიყვარულით მოვეპყროთ ადამიანებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ღირსეულად უნდა მოვექცეთ ყველას, მათ შორის მათაც, ვინც ჩვენდამი მტრულად არის განწყობილი (მათ. 7:12; რომ. 12:17). იეჰოვა ძალიან აფასებს, როცა სიკეთეს და სამართლიანობას ვიჩენთ განურჩევლად ყველას მიმართ (წაიკითხეთ კოლოსელების 3:10, 11).
15. რა მხრივ ეხმარება ადამიანებს ჭეშმარიტება?
15 სანამ იეჰოვა საბოლოოდ აღმოფხვრის უსამართლობას, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ადამიანებს ბიბლიური ჭეშმარიტება გავუზიაროთ, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. იეჰოვას გაცნობამ ბევრი შეცვალა პიროვნულად. ზოგი, ვინც ადრე მოძალადე იყო, დღეს მშვიდობისმყოფელი ადამიანია (ეს. 11:6, 7, 9). ამის მაგალითია ჯემალი. ერთ დროს ის თვლიდა, რომ მის ქვეყანას დესპოტური მთავრობა მართავდა, ამიტომ ამბოხებულთა რიგებს შეუერთდა. თუმცა ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ასეთი რამ დაასკვნა: „ადამიანებს იძულებით ვერ შეცვლი უკეთესობისკენ. ეს მხოლოდ ბიბლიურ ჭეშმარიტებას შეუძლია. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც“. ნასწავლმა ჯემალს ბრძოლაზე ხელი ააღებინა. ის ერთადერთი არ არის, ვისი ცხოვრებაც ჭეშმარიტებამ შეცვალა. ფაქტია, რაც უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებით იეჰოვას გაცნობაში, მით უფრო მეტს გაუჩნდება სურვილი, რომ ყოველთვის სამართლიანად მოიქცეს.
16. თქვენ რა გაძლევთ მოტივაციას, ღვთის სამეფოზე იქადაგოთ?
16 იესოს მსგავსად ჩვენც დიდი სურვილი გვაქვს, ადამიანებს გავაგებინოთ, რომ ღვთის სამეფო წაშლის უსამართლობის ყოველგვარ კვალს. ეს იმედი ნუგეშს მოჰგვრის მათ, ვინც უსამართლობის მსხვერპლია (იერ. 29:11). ზემოთ ნახსენები სტეისი ამბობს: „დღესაც არაერთ უსამართლობას ვხედავ, მაგრამ მომავლის იმედი მეხმარება, სიმშვიდე არ დავკარგო. იეჰოვა თავისი სიტყვით მანუგეშებს“. უსამართლობის დასრულების ერთადერთ იმედზე სხვებს რომ ველაპარაკოთ, კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული. ჯერ თავად უნდა დავრწმუნდეთ, რომ რასაც ბიბლია ამბობს ამ პრობლემიდან გამოსავალზე, უდავო ჭეშმარიტებაა. მერე ამ საკითხზე სხვებთანაც ადვილად ვისაუბრებთ, იქნება ეს სამსახურში, სკოლაში თუ სხვაგან.b
17. დღეს როგორ გვეხმარება იეჰოვა უსამართლობასთან გამკლავებაში?
17 ვიცით, რომ სანამ ამ ქვეყნიერებას სატანა მართავს, უსამართლობას ვერ გავექცევით. მაგრამ ბედის ანაბარად და უიმედოდ არ ვართ. გვჯერა, რომ იეჰოვა სატანას და ყოველგვარ ბოროტებას ბოლოს მოუღებს (იოან. 12:31). ბიბლიიდან იეჰოვა მხოლოდ უსამართლობის მიზეზს კი არ გვიმჟღავნებს, იმაშიც გვარწმუნებს, რომ მას ადარდებს დაჩაგრულები და ზრუნავს მათზე (ფსალმ. 34:17–19). იესოს მაგალითით მან დაგვანახა, როგორ უნდა ვრეაგირებდეთ უსამართლობაზე და იმის საფუძვლიანი იმედიც მოგვცა, რომ მალე აღარავინ გახდება უსამართლობის მსხვერპლი (2 პეტ. 3:13). დღეს კი მოდი მთელი გულმოდგინებით ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ და დაველოდოთ იმ დროს, როცა მთელ დედამიწაზე სამართლიანობა იზეიმებს (ეს. 9:7).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 158 „არ დააგვიანდება!“
a ზოგი სახელი შეცვლილია.
b იხილეთ აგრეთვე დანართი 1-ში მოცემული 24–27 პუნქტები ბროშურიდან „გიყვარდეთ ადამიანები – მოამზადეთ მოწაფეები“.