ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
იეჰოვამ ყველგან გვაპოვნინა ბედნიერება
ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ ასეთი გამონათქვამი: „იქ გაიხარე, სადაც დაგრგესო“. ერთი შეხედვით უცნაური რჩევაა, თუმცა ერთმა შვედმა ცოლ-ქმარმა, მატსმა და ან-კატრინმა, კარგად დაინახეს ამ სიტყვების ფასი. ქვემოთ შევიტყობთ, როგორ გამოადგათ ეს რჩევა.
მატს და ან-კატრინ კასჰოლმებმა 1979 წელს სკოლა „გალაადი“ დაამთავრეს. სწორედ იქ მოისმინეს ეს რჩევა ერთ-ერთი ინსტრუქტორისგან, ჯეკ რედფორდისგან. წლების მანძილზე ისინი არაერთგან „გადარგეს“, მაგალითად, გადანიშნეს ზაირში, ირანში, მავრიკიზე, მიანმარში, ტანზანიასა და უგანდაში. მოდი მეტი გავიგოთ მათ შესახებ.
მოგვიყევით, როგორ გაიგეთ ჭეშმარიტება.
მატსი: მეორე მსოფლიო ომის დროს მამაჩემი პოლონეთში ცხოვრობდა. ის კარგად ხედავდა კათოლიკური ეკლესიის თვალთმაქცობას, თუმცა იმის რწმენა არ დაუკარგავს, რომ ჭეშმარიტი რელიგია სადღაც აუცილებლად იარსებებდა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ის არ ცდებოდა. კითხვა ძალიან მიყვარდა. ხშირად ვყიდულობდი მეორად წიგნებს. ერთხელ ჩემი ყურადღება მიიქცია წიგნის სათაურმა „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“. ისე დამაინტერესა, ერთ ღამეში თავიდან ბოლომდე წავიკითხე და მივხვდი, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე.
1972 წლის აპრილიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებს ვკითხულობდი და ჩემს კითხვებზე პასუხებსაც ვიღებდი. იესოს იგავში მოყვანილ ვაჭარს ვგავდი, რომელმაც უძვირფასესი მარგალიტის სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდა. მეც ჭეშმარიტების უძვირფასესი მარგალიტის სანაცვლოდ დავთმე ჩემი მიზანი – მესწავლა უნივერსიტეტში და გავმხდარიყავი ექიმი (მათ. 13:45, 46). 1972 წლის 10 დეკემბერს მოვინათლე.
ერთ წელიწადში ჩემი მშობლებიც და უმცროსი ძმაც მოინათლნენ. 1973 წლის ივლისში პიონერობა დავიწყე. ჩემს კრებაში იყო ერთი ლამაზი და გულმოდგინე პიონერი და ან-კატრინი. ერთმანეთი შეგვიყვარდა და 1975 წელს დავქორწინდით. პირველი ოთხი წელი ვმსახურობდით შვედეთის ერთ პატარა და ლამაზ ქალაქში, შტრემსუნდში, სადაც ბევრი ისმენდა სასიხარულო ცნობას.
ან-კატრინი: მამაჩემმა ჭეშმარიტება სტოკჰოლმში გაიგო, როცა უნივერსიტეტში სწავლობდა. სულ რაღაც სამი თვის ვიყავი, მამა კრებაზე და მსახურებაში რომ დამატარებდა. დედას ეს დიდად არ სიამოვნებდა და იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ მოწმეები ცდებოდნენ. თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა და ბოლოს მონათვლაც კი გადაწყიტა. მე 13 წლის მოვინათლე, 16 წლისამ კი პიონერობა დავიწყე. რაღაც პერიოდი ქალაქ უმეოში ვმსახურობდი, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნა იყო. მოგვიანებით კი სპეციალურ პიონერად დავინიშნე.
დაქორწინების შემდეგ არაერთ ადამიანს დავეხმარეთ ჭეშმარიტების გაგებაში. ერთ-ერთი იყო მაივორი, მოზარდი გოგონა, რომელმაც სპორტულ კარიერაზე უარი თქვა. ის და ჩემი უმცროსი და ერთად მსახურობდნენ პიონერებად. 1984 წელს სკოლა „გალაადიც“ გაიარეს და დღეს ეკვადორში მსახურობენ მისიონერებად.
როგორ გამოგადგათ „გალაადში“ მიღებული რჩევა მისიონერობის დროს?
მატსი: წლების მანძილზე ბევრჯერ „გადაგვრგეს“, თუმცა ვცდილობდით, იესოსთვის მიგვებაძა და თავმდაბლობა გამოგვევლინა (კოლ. 2:6, 7). ეს გვეხმარებოდა, ადვილად შევგუებოდით ახალ გარემოს. და-ძმებს არ ვთხოვდით, ჩვენ მოგვრგებოდნენ, პირიქით, ვცდილობდით, გაგვეთვალისწინებინა მათი კულტურა და მენტალიტეტი. რაც უფრო მეტად ვბაძავდით იესოს, მით უფრო მეტად ვგრძნობდით თავს „წყლის ნაკადებთან დარგულ ხესავით“ და დავალებული საქმეც სიამოვნებას გვანიჭებდა (ფსალმ. 1:2, 3).
კრებების მოსანახულებლად ხშირად გვიწევდა გზაში ყოფნა.
ან-კატრინი: როგორც წესი, გადარგულმა ხემ რომ გაიხაროს, მზის სითბო სჭირდება. ჩვენთვის ამ სითბოს წყარო იეჰოვა იყო (ფსალმ. 84:11). მისი წყალობით ყველგან გარს გვეხვივნენ თბილი და მოსიყვარულე და-ძმები. მაგალითად, თეირანის (ირანი) პატარა კრებაში ისეთ გულუხვობას და სტუმართმოყვარეობას იჩენდნენ, როგორზეც ბიბლიაში გვქონდა წაკითხული. ძალიან გვინდოდა იქ დარჩენა, მაგრამ 1980 წლის ივლისში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ირანში აიკრძალა. ამიტომ იძულებული გავხდით, იქაურობა სასწრაფოდ დაგვეტოვებინა. ამისთვის მხოლოდ 48 საათი მოგვცეს. ამის შემდეგ აფრიკაში, ზაირში დაგვნიშნეს (დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა).
სასიამოვნოდ გვახსენდება ზაირში მსახურება (1982 წ.).
ტირილი ვერ შევიკავე, როცა გავიგე, რომ აფრიკაში გვიშვებდნენ. ამ კონტინენტის გაგონებაზე გველები და დაავადებები მახსენდებოდა. თუმცა ჩვენმა მეგობრებმა, რომლებიც იქ დიდი ხანი მსახურობდნენ, დაგვამშვიდეს და გვითხრეს: „ჯერ ხომ არც ჩასულხართ?! წინასწარ ნუ განიცდით. დაგვიჯერეთ, იქაურობა მაგრად შეგიყვარდებათ!“ ასეც მოხდა. აფრიკელი და-ძმები საოცრად თბილები და მოსიყვარულეები იყვნენ. ექვსი წლის შემდეგ, როცა აკრძალვის გამო ზაირს ვტოვებდით, ჩემს თავზე გამეცინა, რადგან იეჰოვას ლოცვაში ვთხოვდი, აფრიკაში დაგვტოვე-მეთქი.
რა მოგცათ ამ წლებმა?
ჩვენი „საძინებელი“ (ტანზანია, 1988 წ.)
მატსი: არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის მეგობრული ურთიერთობები, რაც სხვადასხვა ქვეყნის მისიონერებთან გვაკავშირებს. განსაკუთრებულ სიხარულს გვანიჭებდა ბიბლიის შესწავლებიც. მე და ჩემი მეუღლე ცალ-ცალკე სადღაც 20-მდე შესწავლას ვატარებდით. ასევე, არ მავიწყდება აფრიკელი და-ძმების სიყვარული და სტუმართმოყვარეობა. ეს განსაკუთრებით ვიგრძენით ტანზანიაში კრებების მონახულების დროს. როცა მათ ჩვენი მოსიარულე „საძინებლით“, „ფოლკსვაგენ ტრანსპორტერით“, მივადგებოდით ხოლმე, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩვენთვის ესიამოვნებინათ (2 კორ. 8:3). ძალიან ტკბილად მახსენდება ჩვენი ტრადიციაც, რომელსაც „დღის ამბები“ დავარქვით. ყოველი დღის ბოლოს მე და ან-კატრინი ჩამოვსხდებოდით ხოლმე და განვლილი დღის საინტერესო შემთხვევებს ვუყვებოდით ერთმანეთს. მერე კი მადლობას ვუხდიდით იეჰოვას, რომ ყოველთვის ჩვენთან იყო.
ან-კატრინი: დიდი ბედნიერებაა, როცა სხვადასხვა ეროვნების და-ძმებთან ცხოვრების შესაძლებლობა გეძლევა. ამ დროის მანძილზე არაერთი ენაც ვისწავლეთ. მაგალითად, სპარსული, ფრანგული, ლუგანდა და სუაჰილი და სხვადასხვა კულტურასაც გავეცანით. რაც მთავარია, მოწაფეების მომზადებაში მივიღეთ მონაწილეობა და შევიძინეთ ძვირფასი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ვემსახურებოდით იეჰოვას (სოფ. 3:9).
მთელი ის პერიოდი იმის შესაძლებლობაც გვქონდა, რომ იეჰოვას მრავალფეროვანი შემოქმედებით დავმტკბარიყავით. ყოველ ჯერზე, როცა ახალ დავალებას ვიღებდით, ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს იეჰოვა ახალ თავგადასავალში გვეპატიჟებოდა, სადაც გიდობას თავად გაგვიწევდა. მან ისეთი რაღაცები გვასწავლა, რასაც ჩვენით ვერასდროს ვისწავლიდით.
ვქადაგებთ განსხვავებულ ადგილებში (ტანზანია).
რა სირთულეებს შეხვდით და როგორ გაართვით თავი?
მატსი: წლების მანძილზე სხვადასხვა ტროპიკული დაავადებით დავინფიცირდით, მათ შორის მალარიით. ან-კატრინს რამდენიმე სასწრაფო ოპერაციაც დასჭირდა. ამას გარდა, ჩვენს ასაკოვან მშობლებზეც ვდარდობდით. უზომოდ მადლიერი ვართ ჩვენი დედმამიშვილების, რომლებიც მათ მზრუნველობას არ აკლებდნენ და ამას მოთმინებით და სიყვარულით აკეთებდნენ (1 ტიმ. 5:4). თუმცა დრო და დრო მაინც უარყოფითი ემოციები გვეძალებოდა, რადგან იმდენს ვერ ვაკეთებდით მშობლებისთვის, რამდენიც გვინდოდა.
ან-კატრინი: 1983 წელს ზაირში მსახურების დროს ქოლერა შემეყარა. ჩემი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმმა მატსს ურჩია, სასწრაფოდ გადავეყვანე სხვა ქვეყანაში. ჩვენ შვედეთში წასვლა გადაწყვიტეთ. მეორე დღეს სატვირთო თვითმფრინავით გავემგზავრეთ, რადგან სხვა ფრენები არ იყო.
მატსი: ცხარე ცრემლებით ვტიროდით, რადგან გვეგონა, რომ მისიონერულ მსახურებას ვეღარ გავაგრძელებდით. საბედნიეროდ, ექიმის პროგნოზი არ გამართლდა და ან-კატრინი სრულად გამოჯანმრთელდა. ერთი წლის შემდეგ ისევ ზაირში დავბრუნდით და ლუბუმბაშის პატარა სუაჰილიენოვან კრებაში დავიწყეთ მსახურება.
ან-კატრინი: იქ მსახურების დროს შევიტყვეთ, რომ ორსულად ვიყავი. თუმცა სამწუხაროდ, მუცელი მომეშალა. ეს ამბავი ძალიან განვიცადე მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ყოლას არ ვგეგმავდით. ამ მძიმე პერიოდში იეჰოვას ხელი აშკარად ვიგრძენით – იმდენი შესწავლა დავიწყეთ, რამდენიც არასდროს გვქონია. სულ რაღაც ერთ წელიწადში ჩვენს კრებაში მაუწყებლების რიცხვი 35-დან 70-მდე, დამსწრეთა რაოდენობა კი 40-დან 220-მდე გაიზარდა. ასეთმა აქტიურმა და ნაყოფიერმა მსახურებამ ჩემს ტკივილთან გამკლავება გამიადვილა. თუმცა დღემდე ხშირად ვფიქრობთ და ვსაუბრობთ ჩვენს პატარაზე და ერთი სული გვაქვს, როდის მოგვიშუშებს იეჰოვა ყველანაირ „ჭრილობას“.
მატსი: ერთი პერიოდი ან-კატრინი ძალიან გამოიფიტა. მეც მაშინ დამიდგინეს მსხვილი ნაწლავის კიბო. აღმოჩნდა, რომ მეოთხე სტადია მქონდა და საკმაოდ რთული ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო. დღეს უკვე თავს კარგად ვგრძნობ. ან-კატრინიც, რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს მსახურებაში.
გვესმის, რომ განსაცდელებს მხოლოდ ჩვენ არ ვხვდებით. 1994 წელს რუანდაში მომხდარი გენოციდის შემდეგ ლტოლვილთა ბანაკებში და-ძმები მოვინახულეთ. მათმა რწმენამ, მოთმინებამ და სტუმართმოყვარეობამ, რომელსაც გაჭირვების მიუხედავად იჩენდნენ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ იეჰოვას ძალით ყველანაირი განსაცდელის გადატანა შესაძლებელია (ფსალმ. 55:22).
ან-კატრინი: 2007 წელს კიდევ ერთი ტრაგედია დაგვატყდა თავს, როცა უგანდაში ფილიალის მიძღვნაზე ვიყავით ჩასული. პროგრამის შემდეგ ნაირობისკენ (კენია) მიმავალ გზას დავადექით. ჩვენთან ერთად 25-მდე მისიონერი და ბეთელელი მგზავრობდა. საზღვარს რომ მივუახლოვდით, საპირისპირო მხრიდან მომავალი სატვირთო მანქანა ჩვენს ზოლში გადმოვიდა და პირდაპირ ჩვენს ავტობუსს შეეჯახა. მძღოლი და ხუთი თანაქრისტიანი ადგილზევე დაიღუპა, ერთი და კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა კვლავ ვნახავთ მათ! (იობ. 14:13–15).
ავარიის შედეგად მიღებული ფიზიკური დაზიანებები საბოლოოდ მომირჩა, თუმცა პოსტტრავმული სტრესი ჩვენ და სხვა მგზავრებს კარგა ხანს გაგვყვა. ღამე პანიკური შეტევები მაღვიძებდა ხოლმე და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ინფარქტი მივიღე. ძალიან მეშინოდა, მაგრამ გულმხურვალე ლოცვა და საყვარელ ბიბლიურ მუხლებზე დაფიქრება ორივეს გვამშვიდებდა. ექიმებისგანაც მივიღეთ დახმარება და ახლა თავს ბევრად უკეთ ვგრძნობთ. იეჰოვას ვთხოვთ, რომ სხვებიც ანუგეშოს, ვინც მსგავს პრობლემას ებრძვის.
პრობლემებთან გამკლავებაზე საუბრისას აღნიშნეთ, რომ იეჰოვა „უმი კვერცხივით“ გატარებდათ. შეგიძლიათ განგვიმარტოთ?
მატსი: სუაჰილი ენაზე არსებობს ასეთი გამოთქმა: „უმი კვერცხივით მატარებდა“. როცა უმი კვერცხი მიგაქვს, ძალიან ფრთხილობ, რომ არ გაგიტყდეს. ზუსტად ასე გვიფრთხილდებოდა იეჰოვა ყველგან, სადაც ვმსახურობდით. ყოველთვის გვქონდა ის, რაც გვჭირდებოდა და იმაზე მეტიც. ხელმძღვანელი საბჭოსგანაც არაერთხელ გვიგრძნია მხარდაჭერა, რაც იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობაში გვარწმუნებს.
ან-კატრინი: ერთ შემთხვევას გავიხსენებ. ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, რომ მამაჩემი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დააწვინეს. მატსს ახალი გადატანილი ჰქონდა მალარია. ამას ისიც ემატებოდა, რომ შვედეთში გასამგზავრებლად საჭირო თანხა არ გვქონდა. ამიტომ მანქანის გაყიდვა გადაწყვიტეთ. ზუსტად ამ დროს ერთმა წყვილმა, რომელმაც ჩვენი ამბავი იცოდა, დაგვირეკა და გვითხრა, რომ ერთი ბილეთის ფასს გადაიხდიდნენ. მალე კიდევ ერთი ზარი მივიღეთ. ამჯერად ერთი ასაკოვანი დისგან, რომელსაც თანხის შესაგროვებლად სპეციალური ყუთი ჰქონდა წარწერით „გაჭირვებულთათვის“. ასე რომ, ჩვენი პრობლემა იეჰოვამ წამებში მოაგვარა (ებრ. 13:6).
50 წელზე მეტია, რაც სრული დროით მსახურობთ. რა გასწავლათ ამ წლებმა?
ამჟამად მიანმარში ვმსახურობთ.
ან-კატრინი: ვისწავლე, რომ ჩვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და იეჰოვასადმი ნდობაშია. როცა მას ვენდობით, ის ჩვენ მაგივრად იბრძვის (ეს. 30:15; 2 მატ. 20:15, 17). ნებისმიერ დავალებას მთელი სულითა და გულით ვასრულებდით და იეჰოვასგან ისეთი კურთხევები მივიღეთ, როგორსაც ვერც ერთი სხვა საქმე ვერ მოგვიტანდა.
მატსი: ყველაზე მთავარი, რაც ვისწავლე ისაა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში იეჰოვას მივენდო და დაველოდო, როგორ იმოქმედებს (ფსალმ. 37:5). მას ჩემთვის იმედი არასდროს გაუცრუებია. დღეს მიანმარის ბეთელში ვმსახურობთ და მის მხარდაჭერას კვლავაც ვგრძნობთ.
ვისურვებდით, რომ ბევრმა ახალგაზრდამ გააფართოოს მსახურება და საკუთარ თავზე გამოცადოს იეჰოვასგან ის დიდი სიყვარული, რაც ჩვენ ვიგრძენით. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასეც იქნება, თუ „გაიხარებენ“ იქ, სადაც იეჰოვა „დარგავს“.