საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 სექტემბერი გვ. 14-19
  • პატივი ეცით ყველას

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • პატივი ეცით ყველას
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲞᲐᲢᲘᲕᲘᲡᲪᲔᲛᲐ
  • ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲘ
  • ᲗᲐᲜᲐᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲘ
  • ᲕᲘᲜᲪ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲠᲬᲛᲔᲜᲐᲡ ᲐᲠ ᲘᲖᲘᲐᲠᲔᲑᲡ
  • სად გაქრა პატივისცემა?
    გამოიღვიძეთ! — 2024
  • ყველას სცემთ პატივს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • როგორ გამოვავლინოთ პატივისცემა
    გამოიღვიძეთ! — 2016
  • რატომ უნდა ვცეთ პატივი და დავემორჩილოთ უფლებამოსილთ?
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 სექტემბერი გვ. 14-19

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 38

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 120 მიჰბაძეთ ქრისტეს და გქონდეთ რბილი ხასიათი

პატივი ეცით ყველას

„უმჯობესია, პატივს გცემდნენ, ვიდრე ოქრო-ვერცხლი გქონდეს“ (ᲘᲒᲐᲕ. 22:1).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან გავიგებთ, რატომაა სხვების პატივისცემა მნიშვნელოვანი და რა დაგვეხმარება, ასე მოვიქცეთ მაშინაც კი, როცა ეს ადვილი არაა.

1. რატომ გვსიამოვნებს, როცა სხვები პატივისცემით გვეპყრობიან? (იგავები 22:1).

ᲧᲕᲔᲚᲐᲡ გვსურს, პატივისცემით გვეპყრობოდნენ. ეს ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილებაა. ამ დროს თავს დაფასებულად ვგრძნობთ. ბიბლიაშიც ნათქვამია: „უმჯობესია, პატივს გცემდნენ, ვიდრე ოქრო-ვერცხლი გქონდეს“ (წაიკითხეთ იგავების 22:1).

2, 3. ა) რატომ გვიჭირს ზოგჯერ სხვების პატივისცემა? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 სხვების პატივისცემა ყოველთვის ადვილი არ არის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ გვინდა არ გვინდა, ვამჩნევთ სხვების ნაკლოვანებებს. გარდა ამისა, დღეს უპატივცემულო დამოკიდებულება ჩვეულებრივი რამ გახდა. თუმცა ჩვენს შემთხვევაში ასე არ უნდა იყოს, რადგან იეჰოვა მოელის, რომ ყველას პატივს ვცემთ (1 პეტ. 2:17).

3 ამ სტატიიდან გავიგებთ, რა არის პატივისცემა და როგორ გამოვხატოთ ის 1) ოჯახის წევრების, 2) თანაქრისტიანებისა და 3) სხვების მიმართ. იმაზეც ვისაუბრებთ, რა დაგვეხმარება, ასე მოვიქცეთ მაშინაც კი, როცა ეს ადვილი არ არის.

ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲞᲐᲢᲘᲕᲘᲡᲪᲔᲛᲐ

4. რას მოიცავს პატივისცემა?

4 სხვების პატივისცემა ჩვენი დამოკიდებულებიდან და საქციელიდან ჩანს. ზოგადად ადამიანს პატივს სცემენ კარგი თვისებების, მიღწევებისა თუ ძალაუფლების გამო. პატივისცემას გამოვხატავთ, როცა ვცდილობთ, ჩვენი საქციელით სხვებს თავი ღირსეულად და დაფასებულად ვაგრძნობინოთ. თუმცა ეს გულწრფელად უნდა გავაკეთოთ.

5. უმთავრესად რა უნდა გვიბიძგებდეს სხვების პატივისცემისკენ?

5 იეჰოვას სურს, რომ ყველას მიმართ პატივისცემით ვიყოთ განწყობილი, მათ შორის ხელისუფლების მიმართ (რომ. 13:1, 7). თუმცა ზოგი თვლის, რომ ადამიანმა პატივისცემა უნდა დაიმსახუროს. გამართლებულია ასეთი შეხედულება? იეჰოვას მსახურებს გვესმის, რომ სხვების პატივისცემას მაინცდამაინც საქციელი არ განსაზღვრავს. ჩვენი მთავარი მოტივატორი ისაა, რომ გვიყვარს იეჰოვა და გვინდა, მას ვასიამოვნოთ (იეს. 4:14; 1 პეტ. 3:15).

6. შესაძლებელია პატივი ვცეთ მათ, ვინც შეურაცხგვყოფს? ახსენით (იხილეთ სურათი).

6 შესაძლებელია პატივისცემით მოვეპყროთ მას, ვინც შეურაცხყოფა მოგვაყენა? დიახ. ამის არაერთი ბიბლიური მაგალითი გვაქვს. ერთ-ერთია იონათანი. მამამისმა მეფე საულმა ის სახალხოდ დაამცირა, მაგრამ იონათანს მის მიმართ პატივისცემა მაინც არ დაუკარგავს და სიცოცხლის ბოლომდე მასთან ერთად იბრძოდა (გამ. 20:12; 1 სამ. 20:30–34; 2 სამ. 1:23). შეურაცხყოფილად თავს ხანაც იგრძნობდა, როცა ელის ის მთვრალი ეგონა და შენიშვნა მისცა (1 სამ. 1:12–14). თუმცა ხანა პატივისცემით მოექცა მას, არადა საქვეყნოდ ცნობილი იყო, რომ ელი, როგორც მამა და მღვდელმთავარი, საუკეთესო მაგალითს ვერ იძლეოდა (1 სამ. 1:15–18; 2:22–24). ამ კონტექსტში თავისუფლად შეგვიძლია ვახსენოთ პავლეც, რომელსაც ათენელებმა „მოლაყბე“ ეძახეს (საქ. 17:18). მაგრამ მოციქულმა მაინც თავაზიანად მიმართა მათ (საქ. 17:22). რას გვაჩვენებს ეს ბიბლიური მაგალითები? თუ გვიყვარს იეჰოვა და არ გვინდა, მას გული ვატკინოთ, რთულ სიტუაციებშიც შევძლებთ, პატივი ვცეთ სხვებს. ახლა კონკრეტულად ვისაუბროთ, ვის მიმართ უნდა გამოვხატოთ პატივისცემა და რატომ.

მახვილებით, შუბებითა და ფარებით აღჭურვილი საული, იონათანი და სხვა ისრაელი მეომრები

საულმა იონათანი სახალხოდ დაამცირა, მაგრამ იონათანს მამისთვის ზურგი არ შეუქცევია (იხილეთ აბზაცი 6).


ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲘ

7. რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს ოჯახის წევრების პატივისცემა?

7 რაში მდგომარეობს სირთულე? როგორც წესი, ოჯახთან დიდ დროს ვატარებთ. შესაბამისად, კარგად ვიცით ერთმანეთის დადებითი თუ უარყოფითი მხარეები. შესაძლოა რომელიმე ოჯახის წევრს რაღაც დაავადება აქვს და რთული მოსავლელია ან ემოციური პრობლემები აწუხებს და გამაღიზიანებლად იქცევა; ზოგი შეიძლება ნათქვამით ან საქციელით გულს სტკენს ოჯახის წევრებს; ზოგიც უპატივცემულოდ იქცევა ნაცვლად იმისა, რომ მშვიდ და მყუდრო ატმოსფეროს შეუწყოს ხელი. ეს ყველაფერი კი დაძაბულობის მიზეზი ხდება. ასეთი მდგომარეობა რაღაცით ართრიტს ჰგავს. როცა ადამიანს ართრიტი აქვს, კიდურებს თავისუფლად ვერ ამოძრავებს და ბევრი რამის კეთება უჭირს. მსგავსად, როცა ოჯახში უპატივცემულობაა, ჰარმონია ირღვევა და ოჯახის წევრები თავიანთ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებენ. თუმცა თუ ართრიტისგან სრულად განკურნება შეუძლებელია, ოჯახში იდილიის აღდგენა შესაძლებელია, თუ ყველა ისწავლის ერთმანეთის პატივისცემას.

8. რატომ უნდა ვცეთ პატივი ოჯახის წევრებს? (1 ტიმოთე 5:4, 8).

8 რატომაა მნიშვნელოვანი? (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:4, 8). ტიმოთესთვის მიწერილ პირველ წერილში პავლემ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებმა ერთმანეთზე იზრუნონ და ასე გამოხატონ პატივისცემა. მოციქულმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამისკენ უპირველესად ღვთისადმი ერთგულება უნდა აღძრავდეთ და არა უბრალოდ მოვალეობის გრძნობა. ოჯახის ინსტიტუტი იეჰოვამ დააფუძნა, ამიტომ, როცა ოჯახის წევრებს პატივს ვცემთ, ამით იეჰოვასაც მივაგებთ პატივს (ეფეს. 3:14, 15). ნამდვილად კარგი მიზეზი გვაქვს, ოჯახში ერთმანეთს პატივისცემით მოვექცეთ.

9. საიდან ჩანს, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს პატივს სცემს? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

9 როგორ გამოვხატოთ? კარგი ქმარი ცოლს აგრძნობინებს, რომ ძვირფასია მისთვის და აფასებს. ის სახლშიც ასე იქცევა და სხვების გარემოცვაშიც (იგავ. 31:28; 1 პეტ. 3:7). ქმარი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას არასდროს მიაყენებს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებს და თავს უღირსად არ აგრძნობინებს. ერთი არგენტიელი ძმა არიელიa ამბობს: „ჩემს მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ამის გამო ზოგჯერ ისეთ რაღაცებს მეუბნება, რაც გულს მტკენს. ამ დროს ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე, რომ ეს გულიდან წამოსული სიტყვები კი არაა, უბრალოდ დაავადება ალაპარაკებს. 1 კორინთელების 13:5 მეხმარება, არ გავუბრაზდე და ყოველთვის თავაზიანად ველაპარაკო“ (იგავ. 19:11). კარგი ცოლი ქმარზე სხვებთან ყოველთვის დადებითად საუბრობს (ეფეს. 5:33). ის ყველანაირად ერიდება ქმართან სარკასტულ საუბარს, მის დაცინვას და დამამცირებელი სახელებით მიმართვას. მას კარგად ესმის, რომ ასეთი საქციელი ჟანგივითაა და ნელ-ნელა ძირს გამოუთხრის ქორწინებას (იგავ. 14:1). ერთი იტალიელი და, რომლის ქმარსაც შფოთვითი აშლილობა აქვს, ამბობს: „ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩემი ქმარი ზედმეტად განიცდის რაღაცებს და ნერვიულობს. ადრე ამაზე ვღიზიანდებოდი და ეს სიტყვებშიც და გამომეტყველებაშიც მემჩნეოდა. თუმცა დავაკვირდი, რომ რაც უფრო ხშირად ვურთიერთობ ისეთ ადამიანებთან, ვინც სხვების პატივისცემით გამოირჩევა, უფრო მიადვილდება მეუღლის მიმართ პატივისცემის გამოხატვა“.

ფოტოკოლაჟში ნაჩვენებია ცოლ-ქმარი, რომელიც პატივისცემით ეპყრობა ერთმანეთს: 1) ისინი ერთად ამზადებენ სადილს; ქმარი ცოლს თბილად ესაუბრება; 2) ცოლი სტუმრებთან ქმარს აქებს, რომელიც ამ დროს ასაკოვან ძმას უმასპინძლდება.

როცა ოჯახის წევრებს პატივს ვცემთ, დიდებულ ოჯახის თავს, იეჰოვას, მივაგებთ პატივს (იხილეთ აბზაცი 9).


10. საიდან ჩანს, რომ შვილები პატივს სცემენ მშობლებს?

10 შვილები უნდა ითვალისწინებდნენ მშობლების მიერ დადგენილ წესებს და თავაზიანად ელაპარაკებოდნენ მათ (გამ. 21:17; ეფეს. 6:1–3). ასაკის მატებასთან ერთად მშობლებს შეიძლება უფრო მეტად დასჭირდეთ თქვენი ყურადღება და დახმარება. აგრძნობინებთ, რომ აფასებთ და ზრუნავთ მათზე. საინტერესოა მარიას შემთხვევა, რომლის მამაც იეჰოვას მოწმე არ არის. როცა მამამისს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, მარიას გაუჭირდა მასზე ზრუნვა, რადგან სულ ჭირვეულობდა და ეუხეშებოდა. ის ამბობს: „იეჰოვას ვთხოვდი, მამის პატივისცემა არ დამეკარგა და დამხმარებოდა, მას თბილად მოვპყრობოდი. ვფიქრობდი, რახან იეჰოვა ჩემგან მშობლის პატივისცემას მოითხოვს, იმის ძალასაც მომცემს, რომ ეს შევძლო-მეთქი. დრო დამჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ რომც არ შეცვლილიყო მამაჩემის ხასიათი, მე მაინც ღირსეულად უნდა მოვქცეოდი“. როცა ნებისმიერ სიტუაციაში პატივისცემით ვექცევით ოჯახის წევრებს, პატივს მივაგებთ იეჰოვას, ოჯახის ინსტიტუტის დამფუძნებელს.

ᲗᲐᲜᲐᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲘ

11. რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს თანაქრისტიანების პატივისცემა?

11 რაში მდგომარეობს სირთულე? ყველანი ვცდილობთ, ბიბლიური პრინციპებით ვიცხოვროთ, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგჯერ რაღაცები გვეშლება. შეიძლება თანაქრისტიანი უტაქტოდ მოგვექცეს, არასწორად შეაფასოს ჩვენი ნათქვამი თუ საქციელი ან სხვა რაღაცის გამო გავღიზიანდეთ მასზე. თუ რომელიმე და ან ძმა „ჩივილის მიზეზს“ გვაძლევს, შეიძლება გაგვიჭირდეს მისი პატივისცემა (კოლ. 3:13). რაზე ღირს დაფიქრება?

12. რატომ უნდა ვცეთ პატივი თანაქრისტიანებს? (2 პეტრე 2:9–12).

12 რატომაა მნიშვნელოვანი? (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:9–12). თავის მეორე წერილში პეტრემ აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქრისტიანი უპატივცემულოდ საუბრობდა „დიდებით მოსილებზე“ ანუ უხუცესებზე. საინტერესოა, როგორი რეაქცია ჰქონდათ ამაზე ანგელოზებს და რისი სწავლა შეგვიძლია მათგან. „იეჰოვასადმი პატივისცემის გამო“ მათ ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვაც კი არ დასცდენიათ ამ ადამიანების მისამართით. ისინი იეჰოვას კომპეტენციაში არ შეიჭრნენ და ამ ქედმაღალი კაცების გასამართლება თუ გაკიცხვა მას მიანდეს (რომ. 14:10–12; შეადარეთ იუდას 9). დაფიქრდით, თუ ანგელოზები ასეთებსაც კი არ მოექცნენ უპატივცემულოდ, მით უმეტეს ჩვენს ძვირფას და-ძმებს არ უნდა მოვექცეთ ასე. პირიქით, მათ პატივისცემაში უნდა დავასწროთ (რომ. 12:10). ამით იეჰოვასაც მივაგებთ პატივს.

13, 14. რაში გამოიხატება თანაქრისტიანების პატივისცემა? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

13 როგორ გამოვხატოთ? უხუცესებო, თქვენი პასუხისმგებლობაა, თანაქრისტიანებს სიყვარულით ასწავლოთ (ფლმ. 8, 9). თუ ვინმესთვის რჩევის მიცემას აპირებთ, ეს რბილად გააკეთეთ. ისეთ დროს ნუ დაელაპარაკებით, როცა გაღიზიანებული ხართ. დებო, თანაქრისტიანებს ერთმანეთის პატივისცემას გაუადვილებთ, თუ კრებაში სასიამოვნო ატმოსფეროს შეუწყობთ ხელს, და იფრთხილებთ, რომ თქვენი საუბარი ჭორაობაში ან ცილისწამებაში არ გადაიზარდოს (ტიტ. 2:3–5). თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია პატივისცემა გამოვიჩინოთ უხუცესების მიმართ. ეს კი იქიდან გამოჩნდება, თუ ვითანამშრომლებთ მათთან და მადლიერებას გამოვხატავთ. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამას, რადგან კრებისთვის ბევრს შრომობენ: ატარებენ შეხვედრებს, ორგანიზებას უწევენ სამქადაგებლო საქმეს და ეხმარებიან მათ, ვინც მცდარ ნაბიჯს დგამს (გალ. 6:1; 1 ტიმ. 5:17).

14 ერთ დას, სახელად როსიოს, უხუცესმა რჩევა მისცა. როსიომ ჩათვალა, რომ ძმა ზედმეტად მკაცრად მიუდგა, ამიტომ მის მიმართ პატივისცემის გამოვლენა უჭირდა. ის ამბობს: „სახლში ამ ძმაზე უარყოფითად ვსაუბრობდი. არ ვიმჩნევდი, მაგრამ გულის სიღრმეში იმასაც ვფიქრობდი, რომ მას ჩემი დახმარების სურვილი სულაც არ ჰქონდა. ამიტომ არც რჩევის გათვალისწინებას ვაპირებდი“. რა დაეხმარა როსიოს დამოკიდებულების შეცვლაში? ის დასძენს: „ბიბლიის კითხვის დროს ჩემი ყურადღება მიიქცია 1 თესალონიკელების 5:12, 13-მა. ამ სიტყვებმა დამაფიქრა ჩემს დამოკიდებულებაზე. მივხვდი, რომ სათანადო პატივს არ ვცემდი ამ ძმას და ამის გამო სინდისმა შემაწუხა. იეჰოვას ვთხოვე დახმარება და ჩვენს პუბლიკაციებში ისეთი ინფორმაცია მოვიძიე, რაც დამოკიდებულების შეცვლაში დამეხმარებოდა. საბოლოოდ გავიაზრე, რომ პრობლემა ეს ძმა კი არ იყო, სიამაყემ მძლია. ისიც დავინახე, რომ თავმდაბლობის გარეშე გამიჭირდება, სხვებს პატივი ვცე. ამ მხრივ კიდევ მაქვს სამუშაო, თუმცა ვგრძნობ, რომ იეჰოვა მცდელობას მიფასებს“.

ფოტოკოლაჟი: ხანდაზმული და ბიბლიას კითხულობს და ფიქრობს, რამხელა შრომას სწევენ უხუცესები: 1) უხუცესი კრებაზე მოხსენებას კითხულობს; 2) იგივე უხუცესი ეტლში მჯდომი ძმის მიმართ ყურადღებას იჩენს; 3) ის თოვლისგან წმენდს დარბაზის შესასვლელს.

პატივისცემას გამოვიჩენთ უხუცესების მიმართ, თუ ვითანამშრომლებთ მათთან და მადლიერებას გამოვხატავთ (იხილეთ აბზაცები 13, 14).


ᲕᲘᲜᲪ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲠᲬᲛᲔᲜᲐᲡ ᲐᲠ ᲘᲖᲘᲐᲠᲔᲑᲡ

15. რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს მათი პატივისცემა, ვინც არ იზიარებს ჩვენს რწმენას?

15 რაში მდგომარეობს სირთულე? მსახურებაში ხშირად ისეთ ადამიანებს ვხვდებით, რომლებსაც არც ბიბლია აინტერესებთ და არც ღმერთი (ეფეს. 4:18). ზოგი იმიტომ არ გვისმენს, რომ ამას მამაპაპისეული რწმენის ღალატად მიიჩნევს. ამას გარდა, ზოგს შეიძლება ისეთი დამსაქმებელი ან მასწავლებელი ჰყავს, რომელსაც ვერაფრით ასიამოვნებს, ან თანამშრომლებთან თუ კლასელებთან ვერ პოულობს საერთო ენას. მსგავსი მიზეზების გამო შეიძლება დროთა განმავლობაში დავკარგოთ ასეთი ადამიანების პატივისცემა და ეს ჩვენი საქციელიდანაც გამოჩნდეს.

16. რატომ უნდა ვცეთ პატივი მათ, ვინც არ იზიარებს ჩვენს რწმენას? (1 პეტრე 2:12; 3:15).

16 რატომაა მნიშვნელოვანი? უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვასთვის სულერთი არაა, როგორ მოვეპყრობით მათ, ვინც არ იზიარებს ჩვენს რწმენას. მოციქულმა პეტრემ თანაქრისტიანებს შეახსენა, რომ მათმა კარგმა საქციელმა შეიძლება სხვები ღვთის განდიდებისკენ აღძრას. ამიტომაც მოუწოდა, რომ მათთან თავიანთ მრწამსზე რბილად და პატივისცემით ელაპარაკათ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:12; 3:15). არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან გვიწევს ჩვენს რწმენაზე საუბარი, მოსამართლესთან თუ კარის მეზობელთან, პატივისცემა ყველას მიმართ გვმართებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვას არასდროს რჩება შეუმჩნეველი, რას და როგორ ვამბობთ. ნამდვილად კარგი მიზეზი გვაქვს, მათაც ვცეთ პატივი, ვინც ჩვენი თანაქრისტიანი არ არის.

17. რაში გამოიხატება მათდამი პატივისცემა, ვინც თანაქრისტიანი არაა?

17 როგორ გამოვხატოთ? მსახურებაში ადამიანებს ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა შევუქმნათ, თითქოს მათზე უკეთესები ვართ, მხოლოდ იმიტომ, რომ მეტი ბიბლიური ცოდნა გვაქვს. ჩვენი დამოკიდებულებიდან უნდა ჩანდეს, რომ ისინი ღვთისთვის ძვირფასნი არიან და მათ საკუთარ თავზე აღმატებულად ვთვლით (ანგ. 2:7; ფილ. 2:3). როცა ვინმე მრწამსის გამო შეურაცხყოფას მოგვაყენებს, შეიძლება ცდუნება გაგვიჩნდეს, რომ სარკასტულად ან ენამოსწრებულად ვუპასუხოთ. ეს ნამდვილად არ იქნებოდა პატივისცემის მაჩვენებელი (1 პეტ. 2:23). თუ საუბარში ზედმეტი მოგივიდათ, მაშინვე მოიბოდიშეთ. რას ვიტყოდით დამსაქმებელსა თუ თანამშრომლებზე? შეეცადეთ, მათ მიმართაც კარგი დამოკიდებულება გქონდეთ და სამუშაო კეთილსინდისიერად შეასრულოთ (ტიტ. 2:9, 10). რომც არ დაგიფასონ პატიოსნება და გულმოდგინება, ღმერთი აუცილებლად დაგიფასებთ (კოლ. 3:22, 23).

18. რატომაა მნიშვნელოვანი, პატივისცემით მოვეპყროთ ყველას?

18 ნამდვილად არაერთი მიზეზი გვაქვს, პატივისცემით განვეწყოთ ყველას მიმართ და ეს გამოვხატოთ კიდეც. როცა ასე ვექცევით ოჯახის წევრებს და სულიერ და-ძმებს, პატივს მივაგებთ დიდებულ ოჯახისთავს, იეჰოვას. ამგვარი დამოკიდებულებით შეიძლება ისინიც აღვძრათ იეჰოვას განდიდებისკენ, ვინც ჯერ არ ემსახურება მას. მაშინაც კი, თუ არ დაგვიფასებენ მცდელობას, მაინც არ უნდა შევწყვიტოთ მათდამი პატივისცემის გამოვლენა. იეჰოვას ეს შეუმჩნეველი არ დარჩება. ის გვპირდება: „ვინც მე მომაგებს პატივს, მეც იმას მივაგებ პატივს“ (1 სამ. 2:30).

ᲡᲐᲘᲓᲐᲜ ᲩᲐᲜᲡ, ᲠᲝᲛ ᲞᲐᲢᲘᲕᲡ ᲕᲪᲔᲛᲗ . . .

  • ოჯახის წევრებს?

  • თანაქრისტიანებს?

  • მათ, ვინც არ იზიარებს ჩვენს რწმენას?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 129 ბოლომდე მოვითმენთ

a ზოგი სახელი შეცვლილია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება