საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 ოქტომბერი გვ. 6-11
  • იეჰოვა უშრეტი სიხარულის წყაროა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იეჰოვა უშრეტი სიხარულის წყაროა
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲘ ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘᲡ ᲓᲐ ᲑᲔᲓᲜᲘᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲬᲧᲐᲠᲝ
  • ᲜᲣᲠᲐᲤᲔᲠᲡ ᲛᲘᲡᲪᲔᲛᲗ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲐᲡ, ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘ ᲬᲐᲒᲐᲠᲗᲕᲐᲗ
  • როგორ ვიქადაგოთ მეტი სიხარულით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ხელგაშლილობა გვაბედნიერებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • სიხარული — თვისება, რომელიც ღვთისგან მომდინარეობს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 ოქტომბერი გვ. 6-11

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 40

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 111 ჩვენი სიხარულის მიზეზი

იეჰოვა უშრეტი სიხარულის წყაროა

„მივალ . . . ჩემს ღმერთთან, უშრეტი სიხარულის წყაროსთან“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 43:4).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რამ შეიძლება წაგვართვას სიხარული და როგორ დავიბრუნოთ ის.

1, 2. ა) რას განიცდის დღეს ბევრი? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

ᲓᲦᲔᲡ მთელი მსოფლიო ბედნიერების ძიებაშია. მაგრამ ნამდვილი ბედნიერება ბევრისთვის მიუღწეველ ოცნებად რჩება და სიხარულის შეგრძნებაც ხშირ შემთხვევაში ხანმოკლეა. ამიტომაცაა, რომ ბევრს სიცარიელის და დანაკლისის შეგრძნება აქვს და სევდიან განწყობაზეა. ასეთი გრძნობები არც იეჰოვას მსახურებისთვისაა უცხო, რადგან „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ და ვერ ავერიდებით „მძიმე და ძნელად ასატან“ სიტუაციებს (2 ტიმ. 3:1).

2 ამ სტატიაში განვიხილავთ, რამ შეიძლება წაგვართვას სიხარული და როგორ დავიბრუნოთ ის. თუმცა თავიდან ვისაუბროთ, ვისგან მომდინარეობს ნამდვილი სიხარული და ბედნიერება.

ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲘ ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘᲡ ᲓᲐ ᲑᲔᲓᲜᲘᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲬᲧᲐᲠᲝ

3. რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ მისი შემოქმედებიდან? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

3 იეჰოვა ბედნიერი ღმერთია და სურს, რომ ჩვენც ბედნიერები ვიყოთ. ამაზე მოწმობს მისი შემოქმედებაც, მაგალითად, ჩვენი ულამაზესი პლანეტა, გასაოცარი ფერთა გამა, ონავარი ცხოველები და გემოთა მრავალფეროვნება. აშკარაა, რომ იეჰოვას ვუყვარვართ და სურს, გავიხაროთ ცხოვრებით.

ფოტოკოლაჟი: ონავარი ცხოველები. 1) სპლიყვი წყალში თამაშობს. 2) პატარა პინგვინები თოვლში დაბაჯბაჯებენ. 3) ციკნები მინდორში დაკუნტრუშებენ. 4) დელფინები ჰაერში ხტებიან და წყალში ეშვებიან.

Baby elephant: Image © Romi Gamit/Shutterstock; penguin chicks: Vladimir Seliverstov/500px via Getty Images; baby goats: Rita Kochmarjova/stock.adobe.com; two dolphins: georgeclerk/E+ via Getty Images

როცა ონავარი ცხოველების ცქერით ვტკბებით, ვრწმუნდებით, რომ იეჰოვა ბედნიერი ღმერთია (იხილეთ აბზაცი 3).


4. ა) ამდენი უბედურების შემხედვარე მაინც შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა ბედნიერია? ბ) რაში გვეხმარება იეჰოვა? (ფსალმუნი 16:11).

4 იეჰოვა ბედნიერი ღმერთია მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცის, რამდენი რამ აყენებს ადამიანებს ტკივილს (1 ტიმ. 1:11). საინტერესოა, ამის ფონზე როგორ არ კარგავს სიხარულს. მან კარგად იცის, რომ დღევანდელი მდგომარეობა დროებითია და მონიშნულიც კი აქვს „კალენდარში“ დღე, როცა ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის. ამიტომაც მოთმინებით ელის იმ დროს, როცა საბოლოოდ წარსულში დარჩება ის, რაც გულს გვიმძიმებს. ამავე დროს ის თანაგვიგრძნობს და იმაშიც გვეხმარება, რომ დღესვე ვიყოთ ბედნიერები (წაიკითხეთ ფსალმუნის 16:11). მოდი ახლა ვიმსჯელოთ, იესოს როგორ აბედნიერებს მამასთან ურთიერთობა და ჩვენ რას ვსწავლობთ მის მაგალითზე.

5, 6. რა აბედნიერებს იესოს?

5 თამამად შეიძლება ითქვას, რომ იესო ღვთის ქმნილებებს შორის ყველაზე ბედნიერია. რატომ ვამბობთ ამას? 1) „ის უხილავი ღვთის ანარეკლია“, რაც გვაფიქრებინებს, რომ იეჰოვასავით ისიც ბედნიერია (კოლ. 1:15; 1 ტიმ. 6:15); 2) მას ყველაზე მეტი დრო აქვს გატარებული მამასთან, სიხარულისა და ბედნიერების წყაროსთან.

6 ისიც უნდა ითქვას, რომ იესოს ყოველთვის სიხარულს ანიჭებს იმის კეთება, რასაც მამა ავალებს (იგავ. 8:30, 31; იოან. 8:29). მას იმის ცოდნაც ახარებს, რომ იეჰოვა იწონებს და კმაყოფილია მისით (მათ. 3:17).

7. ჩვენ რა გვანიჭებს ბედნიერებას?

7 იეჰოვასთან სიახლოვე ჩვენც გვანიჭებს ბედნიერებას. რაც უფრო ახლოს გავიცნობთ მას და მივბაძავთ, მით უფრო ბედნიერი ვიქნებით. სიხარულს მისი ნების შესრულება და იმის ცოდნაც გვმატებს, რომ ის გვიწონებს და კმაყოფილია ჩვენით (ფსალმ. 33:12).a თუმცა ვინმემ შეიძლება თქვას, რომ სულაც არ გრძნობს თავს ბედნიერად ან ხშირად დგება მელანქოლიურ განწყობაზე. ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთი აღარ იწონებს? ცხადია, არა. იეჰოვას ესმის, რომ დღევანდელი რეალობის ფონზე ბუნებრივია, თუ დროდადრო ემოციურ ტკივილს განვიცდით, სევდა გვერევა ან დეპრესიაში ვართ (ფსალმ. 103:14). მოდი ახლა ვიმსჯელოთ, რა ფაქტორებმა შეიძლება წაგვართვას სიხარული და როგორ დავიბრუნოთ ის.

ნამდვილი სიხარული იეჰოვასთანაა

სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული. ნამდვილი სიხარულის განცდა მხოლოდ იეჰოვას დახმარებითაა შესაძლებელი, რადგან სიხარული წმინდა სულის ნაყოფში შედის (გალ. 5:22). წმინდა სულის წყალობით შევძლებთ „მოთმინებითა და სიხარულით ავიტანოთ“ ნებისმიერი განსაცდელი (კოლ. 1:11).

იეჰოვას თაყვანისცემას უმთავრესი ადგილი დაუთმეთ. რეგულარულად იკვლიეთ ღვთის სიტყვა და ბიბლიური პუბლიკაციები. რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმეთ იმ ცნობის ქადაგებას, რომელიც ადამიანებს „დიდ სიხარულს მოჰგვრის“ (ლუკ. 2:10). ყველაზე ბედნიერი ის ხალხია, ვის ცხოვრებაშიც იეჰოვა პირველ ადგილზეა (ფსალმ. 65:4).

ყოველთვის დაემორჩილეთ იეჰოვას. ნუ დაგავიწყდებათ, რომ იეჰოვას კანონები თქვენთვისვეა სასიკეთო. ღვთის მორჩილება შემზღუდველი კი არ არის, ბედნიერების მომტანია (ლუკ. 11:28).

ᲜᲣᲠᲐᲤᲔᲠᲡ ᲛᲘᲡᲪᲔᲛᲗ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲐᲡ, ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘ ᲬᲐᲒᲐᲠᲗᲕᲐᲗ

8. როგორ მოქმედებს ჩვენზე ცხოვრებისეული პრობლემები?

8 ცხოვრებისეული პრობლემები. სიღარიბე, სტიქიური უბედურება, დევნა, ავადმყოფობა თუ სიბერე დღეს ბევრ ქრისტიანს აწუხებს. ასეთი პრობლემების პირისპირ ძნელია სიხარულის შენარჩუნება, განსაკუთრებით თუ ბევრი არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. ბიბლიაც ხომ ამბობს, „გულისტკივილი სულს ამწუხრებსო“ (იგავ. 15:13). ერთი უხუცესი ბაბისი, რომელმაც ოთხი წლის შუალედში ძმა და ორივე მშობელი დაკარგა, თავის გულისტკივილს გვიზიარებს: „სანამ ცოცხლები იყვნენ, მინდოდა, მათთან მეტი დრო გამეტარებინა, მაგრამ ამას ვერ ვახერხებდი, იმდენი რამ მქონდა მოსაგვარებელი. თავს უსუსურად და მარტოსულად ვგრძნობდი. არ ვიცოდი, როგორ მეზრუნა მათზე. ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი“. როცა ცხოვრებისეულ პრობლემებს ხვდები, მით უმეტეს ასეთ განსაცდელს, ძნელია, ფიზიკურად და ემოციურად არ გამოიფიტო.

9. როგორ დავიბრუნოთ სიხარული? (იერემია 29:4–7, 10).

9 როგორ დავიბრუნოთ სიხარული? ეს გაგვიადვილდება, თუ ვიქნებით რეალისტები და მადლიერები. დღეს ბევრის აზრით, ბედნიერი რომ იყო, იდეალურად უნდა გქონდეს ყველაფერი. მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. მაგალითად, იეჰოვამ ბაბილონში გადასახლებულ ებრაელებს ურჩია, შეგუებოდნენ ახალ გარემოს და ტყვეობის მიუხედავად საკუთარ კეთილდღეობაზე ეზრუნათ (წაიკითხეთ იერემიას 29:4–7, 10). ჩვენ რას გვასწავლის ეს? კარგი იქნება, თუ თვალს გავუსწორებთ რეალობას და შევეცდებით, იმ კარგ რაღაცებზე გავაკეთოთ აქცენტი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ჩვენ გვერდითაა და მზადაა დასახმარებლად (ფსალმ. 63:7; 146:5). ეფი, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა, ასეთ რამეს ამბობს: „იმხელა თანადგომა და დახმარება ვიგრძენი იეჰოვასგან, ოჯახისგან და თანაქრისტიანებისგან, რომ უფლება არ მქონდა, ხელი ჩამექნია ყველაფერზე. ეს ჩემი მხრიდან დიდი უმადურობა იქნებოდა“.

10. რა გვეხმარება სიხარულის შენარჩუნებაში პრობლემების დროს?

10 შესაძლოა ჩვენს ცხოვრებას იდეალური ნამდვილად ვერ ვუწოდოთ ან პირადად ჩვენ ან ოჯახის წევრს შეემთხვას რაღაც სერიოზული. თუმცა სიხარულის შენარჩუნება ასეთ დროსაც შესაძლებელია (ფსალმ. 126:5).b ჩვენ გვესმის, რომ ბედნიერება დიდწილად ჩვენს მდგომარეობასა თუ გარე ფაქტორებზე არაა დამოკიდებული. ერთი პიონერი და მარია ამბობს: „პრობლემების დროს სიხარულის შენარჩუნება იმას არ ნიშნავს, რომ რეალობას თვალს არ ვუსწორებთ და ემოციებს ვახშობთ. ეს უბრალოდ იმაზე მოწმობს, რომ ღვთის დანაპირები ჩვენს გონებაში მუდამ ცოცხალია. თანაც იეჰოვაც გვეხმარება, სიხარული არ დავკარგოთ“. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი პრობლემა, დიდი თუ პატარა, ისეთივე დროებითია, როგორც ქვიშის სანაპიროზე დატოვებული ნაკვალევი, რომელსაც ზღვის ტალღები მალე გადარეცხავს.

11. რითაა თქვენთვის გამამხნევებელი პავლეს მაგალითი?

11 პრობლემების ფონზე ქრისტიანმა შეიძლება დაასკვნას, რომ იეჰოვა აღარ იწონებს მას. ასეთ დროს კარგი იქნება, თუ ღვთის ერთგული მსახურების ცხოვრებაზე დაფიქრდება. ამ მხრივ საინტერესოა პავლე მოციქულის მაგალითი. ის თავად იესომ აირჩია, რომ ჭეშმარიტება „უცხოტომელებისთვის, მეფეებისა და ისრაელებისთვის“ ემცნო (საქ. 9:15). მართლაც, რამხელა ნდობა გამოუცხადა! მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ პავლეს ცხოვრება უპრობლემოდ წარიმართა (2 კორ. 11:23–27). რახან სირთულეებს ბოლო არ უჩანდა, ნიშნავდა ეს იმას, რომ იეჰოვას კეთილგანწყობა დაკარგა? რა თქმა უნდა, არა. ის ფაქტი, რომ მან ყველაფერი ღირსეულად აიტანა, იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვა უმაგრებდა ზურგს (რომ. 5:3–5). როგორ დავუკავშიროთ პავლეს მაგალითი ჩვენს ცხოვრებას? თუ პრობლემების მიუხედავად მაინც ერთგულად ვაგრძელებთ მსახურებას, ეს იმას ნიშნავს, რომ გვერდში იეჰოვა გვიდგას და გვიწონებს.

12. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენზე, თუ მიზნებს ვერ ვაღწევთ?

12 მიუღწეველი მიზნები (იგავ. 13:12). იეჰოვასადმი სიყვარულისა და მადლიერების გამო სურვილი გვიჩნდება, რომ სულიერი მიზნები დავისახოთ და მეტი გავაკეთოთ მისთვის. მაგრამ თუ არარეალისტურ მიზნებს დავისახავთ, შეიძლება გული გაგვიტყდეს (იგავ. 17:22). ერთი პიონერი და ჰოლი ამბობს: „ძალიან მინდოდა, სამეფოს მახარობელთა სკოლაში მესწავლა, საზღვარგარეთაც მემსახურა და რამაპოს სამშენებლო პროექტშიც მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ჩემი მდგომარეობა შეიცვალა და ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელი გახდა. საშინლად მწყდება გული, რომ ვერცერთი ჩემი ოცნება ვერ ავისრულე“. მსგავსი რამ ბევრს გამოუცდია.

13. რა შეიძლება იყოს თქვენს შემთხვევაში რეალისტური მიზანი?

13 როგორ დავიბრუნოთ სიხარული? დავიწყოთ იმით, რომ იეჰოვა ჩვენგან ბევრს არ მოითხოვს. ის შეუძლებელს არ მოელის და არც იმის მიხედვით გვაფასებს, რა შეგვიძლია და რა არა. მას ახარებს, როცა ჩვენს მოკრძალებას და ერთგულებას ხედავს (მიქ. 6:8; 1 კორ. 4:2). მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი გულის მოტივებია და არა ის, რამდენს ვახერხებთ მსახურებაში. მაშ, რამდენად გონივრულია, ჩვენ მოვითხოვოთ საკუთარი თავისგან ის, რასაც იეჰოვა არ გვთხოვს?!c თუ გარემოება ხელს არ გიწყობთ, აჯობებს ყურადღება იმაზე გადაიტანოთ, რის საშუალებასაც თქვენი მდგომარეობა გაძლევთ. მაგალითად, უფრო მეტი დრო დაუთმოთ ახალგაზრდების მომზადებას ან ხანდაზმული და-ძმების გამხნევებას. შეიძლება რეალისტური მიზანი იყოს ისიც, თუ ვინმესთან პირადად მიხვალთ ან სატელეფონო ზარის თუ შეტყობინების მეშვეობით გაამხნევებთ. იეჰოვას ის აბედნიერებს, რომ თქვენს შესაძლებლობებს სწორად იყენებთ და ბუნებრივია, ეს თქვენც მოგანიჭებთ სიხარულს. ისიც გახსოვდეთ, რომ მალე, ახალ ქვეყნიერებაში, არაერთი საშუალება მოგეცემათ, იეჰოვას ისეთ საოცარ საქმეებში გამოადგეთ, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდით. ზემოთ ნახსენები ჰოლიც ასეთ დასკვნას აკეთებს: „ზოგჯერ ჩემს თავს ვეუბნები, რა მანერვიულებს, წინ ხომ მთელი მარადიულობაა?! იეჰოვას დახმარებით ახლა თუ ვერა, მომავალში მაინც შევძლებ-მეთქი ჩემი მიზნების განხორციელებას“.

14. კიდევ რამ შეიძლება წაგვართვას სიხარული?

14 საკუთარი თავის განებივრება. სოციალურ მედიას თუ დავუჯერებთ, ნამდვილი ბედნიერება საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრებას მოაქვს. ამიტომ ბევრისთვის ცხოვრება ჰობის, საყიდლების თუ მოგზაურობის გარშემო ტრიალებს. ბუნებრივია, თუ მსგავსი რაღაცები სიამოვნებას გვანიჭებს. იეჰოვამაც ხომ ასეთებად შეგვქმნა. ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ ის რაღაცები, რაც უნდა გვაბედნიერებდეს, ზოგჯერ სიხარულს გვართმევს. ამაზე მოწმობს ერთი პიონერი დის, ევას სიტყვები: „როცა სულ საკუთარი თავის განებივრებაში ხარ, ისეთი განცდა გაქვს, თითქოს რაღაც გაკლია და ვერ ივსები“. ხშირ შემთხვევაში საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრება სიცარიელის გრძნობას გვიტოვებს და მეტს არაფერს.

15. რა დასკვნა გააკეთა სოლომონმა?

15 მეფე სოლომონმა თავის თავზე გამოსცადა, რა შედეგებამდე მიჰყავს ადამიანი საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრებას. ბედნიერება რომ ეგრძნო, ის არაფერს იკლებდა, იქნებოდა ეს საუკეთესო საჭმელ-სასმელი, სასიამოვნო მუსიკა და სხვა ყველაფერი, რისი მოპოვებაც თავისი უსაზღვრო ქონებით შეეძლო. მაგრამ ბოლოს მაინც უკმაყოფილო დარჩა. მან თქვა: „ვერც თვალი ძღება ცქერით და ვერც ყური – სმენით“ (ეკლ. 1:8; 2:1–11). ის, რაშიც დღეს ადამიანები ბედნიერებას ხედავენ, ყალბი ფულივითაა, რომელსაც სინამდვილეში ჩალის ფასი აქვს.

16. როგორ დავიბრუნოთ სიხარული? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

16 როგორ დავიბრუნოთ სიხარული? იესომ თქვა, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35). ალეკოსი, რომელიც უხუცესია, ასეთ რამეს ამბობს: „ვცდილობ, და-ძმების დასახმარებლად რაღაც მაინც გავაკეთო, თუნდაც მცირედი. ასეთ დროს ჩემს თავზე და ჩემს სურვილებზე ნაკლებად ვფიქრობ და უფრო ბედნიერიც ვარ“. თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ სხვებისთვის? მაგალითად, თუ ამჩნევთ, რომ კრებაში ვინმე უხასიათოდაა, შეეცადეთ, გაამხნეოთ. შეიძლება პრობლემა ვერ მოუგვაროთ, მაგრამ ის მაინც შეგიძლიათ, რომ ყურადღებით მოუსმინოთ, თანაუგრძნოთ და დაანახვოთ, რამდენად მნიშვნელოვანია, თავისი სადარდებელი იეჰოვას მიანდოს (ფსალმ. 55:22; 68:19). იმაშიც დაარწმუნეთ, რომ იეჰოვას არ მიუტოვებია (ფსალმ. 37:28; ეს. 59:1). შეიძლება მისთვის დამხმარე ისიც აღმოჩნდეს, თუ ერთად გაისეირნებთ, სადილს მოუმზადებთ ან სხვა პრაქტიკულ დახმარებას შესთავაზებთ. დაუგეგმეთ მსახურებაც, რაც განწყობას გამოუკეთებს. მიეცით საშუალება იეჰოვას, რომ თქვენი მეშვეობით იზრუნოს თავის მსახურებზე. ფაქტია, როცა სხვების დახმარებაზე ვართ ორიენტირებული, თავს უფრო ბედნიერად ვგრძნობთ (იგავ. 11:25).

ფოტოკოლაჟი: 1) ერთი და მარტო ზის კაფეში და ტელეფონს სქროლავს. გვერდით ახლადშეძენილი ნივთებით სავსე ჩანთები უწყვია. 2) ეს და ხანდაზმულ თანაქრისტიანს ინახულებს და ღიმილიანი სახით ყვავილების თაიგულს ჩუქნის.

თუ გინდათ, სიხარული იგრძნოთ, ყოველთვის საკუთარ თავზე ნუ იქნებით ორიენტირებული. იმაზეც იფიქრეთ, სხვებს რით ასიამოვნოთ (იხილეთ აბზაცი 16).d


17. რაზეა დამოკიდებული ჩვენი ბედნიერება? (ფსალმუნი 43:4).

17 ნამდვილი ბედნიერება რომ განვიცადოთ, არ უნდა შევწყვიტოთ იეჰოვასთან, ჩვენს ზეციერ მამასთან, დაახლოება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა უშრეტი სიხარულის წყაროა (წაიკითხეთ ფსალმუნის 43:4). ასე რომ, რა რთულ პერიოდსაც არ უნდა გავდიოდეთ ცხოვრებაში, მაინც შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, თუ იეჰოვასთან, ბედნიერ ღმერთთან, ვიმეგობრებთ (ფსალმ. 144:15).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რა აბედნიერებთ იეჰოვას და იესოს?

  • რამ შეიძლება წაგვართვას სიხარული?

  • როგორ დავიბრუნოთ სიხარული?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 155 ულევი სიხარული

a იხილეთ ჩარჩო „ნამდვილი სიხარული იეჰოვასთანაა“.

b ვებსაიტზე jw.org იხილეთ ხელმძღვანელი საბჭოს 2023 წლის მე-5 ანგარიში, სადაც მოისმენთ დენის და ირინა კრისტენსენების ინტერვიუს.

c დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2008 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „ზედმეტს ხომ არ სთხოვთ საკუთარ თავს?“.

d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: დამ თავისთვის ბევრი რამ იყიდა, მაგრამ მაშინ უფრო ბედნიერად იგრძნო თავი, როცა ხანში შესულ დას ყვავილები მიართვა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება