საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 ნოემბერი გვ. 2-7
  • ხანდაზმულებო, ნუ დაკარგავთ ცხოვრების ხალისს!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხანდაზმულებო, ნუ დაკარგავთ ცხოვრების ხალისს!
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲡ ᲐᲡᲐᲙᲘ ᲒᲐᲜᲬᲧᲝᲑᲐᲖᲔ
  • ᲠᲐ ᲓᲐᲒᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐᲗ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲮᲐᲚᲘᲡᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐᲨᲘ
  • ᲗᲐᲜᲐᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ
  • დააფასეთ ღვთის ერთგული ხანდაზმულები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
  • ყურად იღეთ მოსეს, დავითისა და იოანეს გამოსამშვიდობებელი სიტყვები!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • იეჰოვა სიყვარულით ზრუნავს თავის ხანდაზმულ მსახურებზე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 ნოემბერი გვ. 2-7

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 44

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 138 ჭაღარის სილამაზე

ხანდაზმულებო, ნუ დაკარგავთ ცხოვრების ხალისს!

„სიბერეშიც . . . გაფურჩქნილნი იქნებიან, ძლიერნი და ქორფანი“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 92:14).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ შეუძლიათ ხანდაზმულებს შეინარჩუნონ დადებითი განწყობა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი.

1, 2. რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ხანდაზმულების მიმართ? (ფსალმუნი 92:12–14; იხილეთ აგრეთვე სურათი).

ᲐᲡᲐᲙᲘᲡ მატებაზე სხვადასხვა კულტურის ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. გახსოვთ, პირველად როდის შენიშნეთ თმაში ჭაღარა? შეიძლება მაშინვე მისი ამოძრობა სცადეთ, სანამ ვინმე შეამჩნევდა. თუმცა იმასაც აცნობიერებდით, რომ ამით სიბერეს ვერ შეაჩერებდით. როგორც არ უნდა იყოს, ადამიანს მაინც უჭირს ამ ფაქტთან შეგუება.

2 როგორია ჩვენი შემოქმედის დამოკიდებულება ხანდაზმულების მიმართ? (იგავ. 16:31). ის მათ გაფურჩქნილ ხეებს ადარებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 92:12–14). რატომ იყენებს ასეთ შედარებას? ხშირ შემთხვევაში ის ხეები, რომლებიც ფოთოლხშირია და ლამაზად ყვავის, დიდი ხნისაა. ყვავილობის პერიოდში განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა იაპონური ალუბლის ხე საკურა. ზოგიერთი საკურა ათას წელზე მეტს ითვლის და ისეთი მშვენიერია, თვალს ვერ მოწყვეტ. ასაკოვანი ხეების არ იყოს, ჩვენი ხანში შესული თანაქრისტიანებიც მშვენიერი არიან იეჰოვას თვალში. და ეს იმიტომ, რომ ის ჭაღარის მიღმა ადამიანის პიროვნებას, მის შესანიშნავ თვისებებს ხედავს. ხედავს მის ერთგულებას და ამტანობას, რომლებსაც დრომ ვერაფერი დააკლო.

ასაკოვანი წყვილი სკვერში ზის. ირგვლივ გაყვავებული საკურას ხეებია.

ასაკოვანი ხეების არ იყოს, ღვთის ერთგული ხანდაზმულებიც მშვენიერნი არიან. თავიანთი კარგი თვისებების გამო ღმერთი და თანაქრისტიანები მათ ძალიან აფასებენ (იხილეთ აბზაცი 2).


3. ვისი მაგალითები მოწმობს, რომ ასაკის გამო ადამიანს ფასი არ ეკარგება იეჰოვას თვალში?

3 ასაკის გამო ადამიანს ღვთის თვალში ფასი არ ეკარგება.a წარსულში იეჰოვა ხშირად ხანში შესული მსახურების მეშვეობით ასრულებდა თავის განზრახვას და ეს დღესაც ასეა. მაგალითად, გავიხსენოთ სარას შემთხვევა. ის უკვე ასაკში იყო, როცა შეიტყო, რომ მისგან ძლიერი ერი წარმოიშობოდა და მესიის წინაპარი გახდებოდა (დაბ. 17:15–19). არც მოსე ყოფილა ახალგაზრდა, როცა იეჰოვამ ეგვიპტიდან ისრაელის გამოყვანა დაავალა (გამ. 7:6, 7). მოციქული იოანეც ღრმად მოხუცებული იყო, როცა ღვთის შთაგონებით ბიბლიის ხუთი წიგნი დაწერა.

4. რა დაეხმარება ხანდაზმულებს ასაკობრივ პრობლემებთან გამკლავებაში? (იგავები 15:15; იხილეთ აგრეთვე სურათი).

4 ფაქტია, ასაკის მატებას გარკვეული პრობლემები ახლავს თან. ერთმა ასაკოვანმა დამ ხუმრობით ასეთი რამ თქვა: „სიბერე ფაფის ჭამა არ გეგონოთ“. თუმცა, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, დადებითი განწყობა ხანში შესულებს ასაკობრივ პრობლემებთან გამკლავებას გაუადვილებს (წაიკითხეთ იგავების 15:15). ამ სტატიაში მოყვანილია რჩევები, რომლებიც დაეხმარება მათ, არ დაკარგონ სიხარულიb და ცხოვრების ხალისი. იმაზეც ვიმსჯელებთ, თანაქრისტიანებს როგორ შეუძლიათ ამოუდგნენ მხარში ასეთ და-ძმებს. მოდი ჯერ ვისაუბროთ, რატომ შეიძლება იყოს ძნელი ასაკში დადებითი განწყობის შენარჩუნება.

წინა სურათზე ნაჩვენები ცოლ-ქმარი აყვავებული საკურას ქვეშ დგას. ქმარს ცოლისთვის ხელი აქვს გადახვეული. ორივე იღიმის.

დადებითი განწყობა ხანში შესულებს ასაკობრივ პრობლემებთან გამკლავებას უადვილებს (იხილეთ აბზაცი 4).


ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲡ ᲐᲡᲐᲙᲘ ᲒᲐᲜᲬᲧᲝᲑᲐᲖᲔ

5. რამ შეიძლება გული გაუტეხოს ზოგს?

5 თუ ხანდაზმული ხართ, თქვენ რა გიტეხთ ხოლმე გულს? ის ხომ არა, რომ რაღაც-რაღაცებს უწინდელივით ვეღარ აკეთებთ? ან სულ იმ დროზე ხომ არ გეფიქრებათ, როცა ახალგაზრდა და ძალ-ღონით სავსე იყავით? (ეკლ. 7:10). ერთი და რუბი ამბობს: „ხელ-ფეხი არ მემორჩილება და ტკივილები მაწუხებს. ტანსაცმლის ჩაცმაც კი მიჭირს. წინდებსაც ძლივს ვიცვამ. ართრიტის გამო თითებს თავისუფლად ვერ ვამოძრავებ და მარტივ საქმეებსაც გაჭირვებით ვაკეთებ“. ერთი ძმა ჰაროლდი კი, რომელიც ერთ დროს ბეთელში მსახურობდა, აღნიშნავს: „ჩემს თავს ვეღარ ვცნობ. ნერვები მეშლება, რომ ბევრ რამეს ძველებურად ვეღარ ვაკეთებ. არადა ახალგაზრდობაში ძალიან ათლეტური და ენერგიული ვიყავი. ბეისბოლის თამაში მიყვარდა. ჩემზე ამბობდნენ: ჰაროლდს მიეცით ბურთი, ის ყოველთვის მიზანში არტყამსო. მაგრამ ამ სიბერეში მე მგონი, ბურთსაც ვერ ვისვრი“.

6. ა) კიდევ რა უტეხთ გულს ხანდაზმულებს? ბ) რა დაეხმარება ხანში შესულებს იმის განსაზღვრაში, კიდევ შეუძლიათ თუ არა ავტომობილის მართვა? (ამავე ნომერში იხილეთ სტატია „ხომ არ შევეშვა მანქანის ტარებას?“).

6 გული იმის გამო ხომ არ გიტყდებათ, რომ სხვებზე გახდით დამოკიდებული? შეიძლება მომვლელი დაგჭირდათ ან საცხოვრებლად შვილთან მოგიწიათ გადასვლა და ამიტომ გრძნობთ თავს ასე. შესაძლოა ჯანმრთელობა გაგიუარესდათ ან მხედველობა იმდენად დაგიქვეითდათ, რომ ფეხით თუ მანქანით ვეღარ გადაადგილდებით. რთულია, ამ დროს ადამიანმა დადებითი განწყობა შეინარჩუნოს. მაგრამ ერთი რამ გახსოვდეთ: იეჰოვასა და თანაქრისტიანების თვალში ფასი არ დაგიკარგავთ მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც-რაღაცებს დამოუკიდებლად ვერ აკეთებთ. იმაშიც დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას ბოლომდე ესმის თქვენი. მისთვის მთავარი ისაა, როგორი ადამიანი ხართ. იეჰოვა ხედავს თქვენს სიყვარულსა და მადლიერებას როგორც მის, ისე და-ძმების მიმართ და ამას ძალიან აფასებს (1 სამ. 16:7).

7. რაზე ღირს ყურადღების გადატანა, თუ ფიქრობთ, რომ არმაგედონს ვერ მოესწრებით?

7 შესაძლოა იმაზე გეფიქრებათ, რომ არმაგედონს ვერ მოესწრებით და ეს გულს გიმძიმებთ. რა დაგეხმარებათ უარყოფით გრძნობებთან გამკლავებაში? იფიქრეთ იმ მიზეზზე, რატომ იცდის იეჰოვა და დღესვე რატომ არ იღებს ზომებს ბოროტების გასანადგურებლად (ეს. 30:18). გახსოვდეთ, რომ მისი მოთმინების წყალობით მილიონობით ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, გაიცნონ და ემსახურონ მას. ის უმიზეზოდ ნამდვილად არ ითმენს (2 პეტ. 3:9). ასე რომ, თუ სევდიანი ფიქრები შემოგაწვებათ, იფიქრეთ, რამდენ ადამიანს მოუტანს სიკეთეს იეჰოვას მოთმინება. მათ შორის შესაძლოა თქვენი ოჯახის წევრებიც იყვნენ.

8. როგორ შეიძლება იმოქმედოს ადამიანზე ასაკით გამოწვეულმა პრობლემებმა?

8 არა აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ვართ თუ ხნიერი, როცა თავს ცუდად ვგრძნობთ, შეიძლება ისეთი რამ ვთქვათ ან გავაკეთოთ, რასაც შემდეგ ვინანებთ (ეკლ. 7:7; იაკ. 3:2). ასე დაემართა ღვთისმოშიშ იობს, როცა თავისი სატანჯველის გამო დაუფიქრებლად დაიწყო ლაპარაკი (იობ. 6:1–3). ზოგჯერ ისეც ხდება, რომ დაავადებისა თუ მედიკამენტების გამო ზოგიერთი ხანდაზმული საუბარსა თუ საქციელს ვერ აკონტროლებს. ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ პრობლემა ამ ადამიანშია. მეორე მხრივ, ასაკი ან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ სხვებს ვეუხეშოთ ან ზედმეტად მომთხოვნები ვიყოთ. და თუ შევამჩნევთ, რომ ჩვენი ნათქვამით ვინმეს გული ვატკინეთ, ჯობია, მალევე მოვუბოდიშოთ (მათ. 5:23, 24).

ᲠᲐ ᲓᲐᲒᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐᲗ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲮᲐᲚᲘᲡᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐᲨᲘ

ფონზე ჩანს აყვავებული საკურას ტოტი; პატარა სურათებზე კი ნაჩვენებია, როგორ ინარჩუნებენ ცხოვრების ხალისს ასაკოვანი და-ძმები. ეს სურათები უკავშირდება 9–13 აბზაცებს.

რა დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ დადებითი განწყობა ასაკობრივი პრობლემების მიუხედავად? (იხილეთ აბზაცები 9–13)


9. რატომ უნდა მისცეთ სხვებს დახმარების საშუალება? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

9 მიეცით სხვებს დახმარების საშუალება (გალ. 6:2). შეიძლება თავიდან გაგიჭირდეთ სხვებისგან დახმარების მიღება. ერთი და გრეტელი ამბობს: „არ მინდა, ვინმეს ტვირთად დავაწვე, ამიტომ, როცა დახმარებას მთავაზობენ, სულ იმის ცდუნება მაქვს, რომ უარი ვუთხრა. დრო დამჭირდა, საკუთარ თავთან მეღიარებინა, რომ ყველაფრის გაკეთებას დამოუკიდებლად უკვე ვეღარ ვახერხებდი“. გახსოვდეთ, როცა სხვებს საშუალებას აძლევთ, მხარში ამოგიდგნენ, ამით მათაც აბედნიერებთ და თავადაც უფრო რწმუნდებით მათ სიყვარულში (საქ. 20:35).

ასაკოვან დას ხელკავი აქვს გამოდებული ახალგაზრდა დისთვის, რომელიც მას საყიდლებზე გაჰყვა

(იხილეთ აბზაცი 9).


10. რატომ არ უნდა დაგავიწყდეთ მადლიერების გამოხატვა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

10 გამოხატეთ მადლიერება (კოლ. 3:15; 1 თეს. 5:18). როცა სხვები სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობა გვეუფლება, თუმცა ზოგჯერ გვავიწყდება, ეს გამოვხატოთ. უბრალოდ გაღიმება ან მადლობის თქმაც კი შეიძლება საკმარისი იყოს, მათ ვაგრძნობინოთ, რომ სიკეთეს ვუფასებთ. ლეა, რომელიც ხანდაზმულ ბეთელელებს უვლის, ამბობს: „ერთი და სამადლობელ ბარათებს მიტოვებს ხოლმე. შეიძლება სულ რამდენიმე სიტყვა ეწეროს, მაგრამ გულს ძალიან მითბობს. როცა ამ წერილებს ვკითხულობ, განწყობა მიმაღლდება. მიხარია, რომ აფასებს, რასაც მისთვის ვაკეთებ“.

ხანში შესული და სამადლობელ წერილს წერს

(იხილეთ აბზაცი 10).


11. რით შეგიძლიათ სხვებს დაეხმაროთ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

11 რაც შეგიძლიათ, ის გააკეთეთ. როცა ადამიანი სხვების დახმარებაზეა ორიენტირებული, ნაკლებად ეფიქრება საკუთარ პრობლემებზე. ერთი აფრიკული ანდაზა მოხუცებს ბიბლიოთეკას ადარებს. ფაქტია, ასაკთან ერთად ადამიანი დიდ სიბრძნესა და გამოცდილებას აგროვებს. თუმცა თაროზე შემოდებული წიგნი თავისთავად არ იძლევა სიბრძნეს. ასე რომ, როგორც „ცოცხალი ბიბლიოთეკა“, გაუზიარეთ ახალგაზრდებს თქვენი ცოდნა და გამოცდილება. დაუსვით კითხვები და მოუსმინეთ. საკუთარი მაგალითით დაანახვეთ, რომ იეჰოვას ნორმებით ცხოვრება ბედნიერებას მოუტანთ და ამ არჩევანს არასდროს ინანებენ. ახალგაზრდების დახმარება თქვენზეც იმოქმედებს დადებითად და სიხარულს მოგანიჭებთ (ფსალმ. 71:18).

ასაკოვანი ძმა უსმენს ახალგაზრდას, რომელიც გულს უშლის

(იხილეთ აბზაცი 11).


12. რას ჰპირდება იეჰოვა ხანდაზმულებს? (ესაია 46:4; იხილეთ აგრეთვე სურათი).

12 სთხოვეთ იეჰოვას ძალა. ის უსაზღვრო ძალას ფლობს, „არასოდეს იღლება და იქანცება“ (ეს. 40:28). ჩვენთვის კი ფიზიკური თუ ემოციური დაღლილობა უცხო ნამდვილად არ არის. მაგრამ იეჰოვა თავის ერთგულ ხანდაზმულ მსახურებს ჰპირდება, რომ გააძლიერებს (წაიკითხეთ ესაიას 46:4; ეს. 40:29–31). ისიც ვიცით, რომ თავის სიტყვას არასდროს გადავა (იეს. 23:14; ეს. 55:10, 11). როცა ლოცვის პასუხად იეჰოვას სიყვარულს და მზრუნველობას საკუთარ თავზე გამოცდით, თავს უფრო ბედნიერად იგრძნობთ.

ხანში შესული ძმა ლოცულობს

(იხილეთ აბზაცი 12).


13. რა უნდა გახსოვდეთ? (2 კორინთელები 4:16–18; იხილეთ აგრეთვე სურათი).

13 არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი მდგომარეობა დროებითია. როცა ზუსტად ვიცით, რომ რთული სიტუაცია გადაივლის, მისი ატანა გვიადვილდება. ბიბლია გვარწმუნებს, რომ სიბერე და ავადმყოფობა დროებითია (იობი 33:25; ესაია 33:24). ასე რომ, სიხარულის მიზეზი ნამდვილად გაქვთ, რადგან საუკეთესო დღეები უკან კი არ მოიტოვეთ, წინ გელოდებათ! (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:16–18). მოდი ახლა იმაზე ვიმსჯელოთ, თანაქრისტიანებს როგორ შეუძლიათ ხანდაზმულების დახმარება.

ეტლში მჯდომი ხანდაზმული და ბიბლიის კითხვის დროს თავს სამოთხეში წარმოიდგენს, სადაც ახალგაზრდაა და ეტლიც აღარ სჭირდება

(იხილეთ აბზაცი 13).


ᲗᲐᲜᲐᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ

14. რატომ უნდა მოვიკითხოთ ასაკოვანი და-ძმები?

14 დაურეკეთ და მოინახულეთ ასაკოვანი და-ძმები (ებრ. 13:16). ბევრი ხანდაზმული მარტოობას განიცდის. ერთი ძმა კამი ამბობს: „ძალიან მწყინდება მთელი დღე სახლში ჯდომა. თავი გალიაში გამომწყვდეული ბებერი ლომი მგონია. ჩემი მდგომარეობის გამო ზოგჯერ ძალიან ვღიზიანდები“. როცა ასეთ და-ძმებს ვინახულებთ, ისინი გრძნობენ, რომ გვიყვარს და ჩვენთვის ძვირფასნი არიან. ალბათ ყველას გვქონია მომენტი, როცა დავაპირეთ ხანში შესულ თანაქრისტიანთან დარეკვა ან მონახულება, მაგრამ გადაგვავიწყდა. მიზეზი გასაგებია, ყველას გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. რა დაგვეხმარება, გავითვალისწინოთ ბიბლიური პრინციპი „[დაინახეთ,] რა უფრო მნიშვნელოვანია“ და მოვინახულოთ ხანდაზმული და-ძმები? (ფილ. 1:10). შეგვიძლია ტელეფონის კალენდარში მოვნიშნოთ დრო, რომელიც შეგვახსენებს, როდის შევეხმიანოთ ან მოვინახულოთ ხანდაზმული კრებელი. აჯობებს, ყოველთვის წინასწარ დავგეგმოთ, რომ შემთხვევითობის იმედად არ ვიყოთ.

15. რისი გაკეთება შეუძლიათ ახალგაზრდებს?

15 ხშირად ახალგაზრდები იმიტომ იკავებენ თავს ასაკოვნებთან ურთიერთობისგან, რომ არ იციან, მათთან ერთად რა გააკეთონ ან რაზე ისაუბრონ. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ? უბრალოდ მეგობრული იყავით (იგავ. 17:17). გამოელაპარაკეთ ხოლმე კრების დაწყებამდე ან დამთავრების შემდეგ. მაგალითად, ჰკითხეთ, რა არის მისი საყვარელი ბიბლიური მუხლი ან მოაყოლეთ ბავშვობაში გადამხდარი რაიმე სასაცილო ამბავი. შეგიძლიათ JW მაუწყებლობის ერთად ყურებაც შესთავაზოთ, აგრეთვე ისეთ რაღაცებში დაეხმაროთ, რისი გაკეთებაც დამოუკიდებლად უჭირთ. მაგალითად, ჩამოუტვირთოთ უახლესი პუბლიკაციები ან მოწყობილობაზე მოსული განახლებების დაყენებაში დაეხმაროთ. ერთი და კეროლი ახალგაზრდებს ასეთ რამეს ურჩევს: „არ იფიქროთ, რომ ასაკოვნებს ის არ მოეწონებათ, რაც თქვენ მოგწონთ. ამიტომ შესთავაზეთ მათ, ერთად გაატაროთ დრო. ასაკში კი ვარ, მაგრამ მეც მიყვარს კაფეში და რესტორანში წასვლა, საყიდლებზე სიარული, ბუნებაში სეირნობა და ასე შემდეგ“. ერთი და მაირა კი ამბობს: „ჩემი მეგობარი 90 წლისაა. ჩვენ შორის 57 წელია სხვაობა, მაგრამ ეს საერთოდ არ იგრძნობა. ხშირად ვატარებთ ერთად დროს, ვუყურებთ ფილმებს, ბევრს ვიცინით და როცა პრობლემები გვაქვს, აზრსაც თავისუფლად ვეკითხებით ერთმანეთს“.

16. რატომ იქნება კარგი, თუ ხანდაზმულ თანაქრისტიანს ექიმთან გავყვებით?

16 გაჰყევით ექიმთან. გარდა იმისა, რომ ტრანსპორტირებაზე იზრუნოთ, შეგიძლიათ ხანში შესულ თანაქრისტიანს ექიმთანაც მიჰყვეთ, რომ დარწმუნდეთ, იჩენენ თუ არა მის მიმართ სათანადო ყურადღებას (ეს. 1:17). მაგალითად, ჩაინიშნეთ, რასაც ექიმი ეტყვის. ერთი მოხუცი და რუთი გვიყვება: „როცა მარტო მივდივარ ხოლმე ექიმთან, ზერელე დამოკიდებულებას ვგრძნობ. ისინი წესიერად არც კი მისმენენ. ისეთ შთაბეჭდილებას მიქმნიან, თითქოს რაღაცებს ვიგონებ და სინამდვილეში არაფერი მაწუხებს. მაგრამ, როცა ვინმე მახლავს თან, ყველაფერი სხვანაირადაა და უფრო სერიოზულადაც ეკიდებიან ჩემს სიმპტომებს. ძალიან მადლიერი ვარ და-ძმების, რომლებიც იცლიან ჩემთვის და ექიმთან მომყვებიან“.

17. როგორ შეგიძლიათ იმსახუროთ ასაკოვნებთან ერთად?

17 იმსახურეთ მათთან ერთად. ზოგ ხანდაზმულს ფიზიკურად არ შეუძლია კარდაკარ იქადაგოს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ სტენდით ქადაგება შესთავაზოთ და, თუ საჭიროა, იმაზეც იზრუნოთ, რომ სკამზე ჩამოჯდეს და ისე იმსახუროს. იქნებ ბიბლიის შესწავლაზე დაპატიჟოთ ან თუ შესაძლებელია, მისივე სახლში ჩაატაროთ. კარგი იქნება, თუ უხუცესები იმსჯელებენ, ხომ არ ღირს სამქადაგებლო შეხვედრების ჩატარება ასაკოვანი თანაქრისტიანის სახლში, რომ გაუადვილდეს დასწრება და მსახურებაში გასვლა. იეჰოვა ძალიან აფასებს, როცა ხანში შესულ თანაქრისტიანებზე ვზრუნავთ და მხარში ვუდგავართ (იგავ. 3:27; რომ. 12:10).

18. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

18 ამ სტატიიდან კიდევ ერთხელ შევიხსენეთ, რომ იეჰოვას ძალიან უყვარს თავისი ხანდაზმული მსახურები და აფასებს მათ. ჩვენც ასეთივე დამოკიდებულება გვაქვს მათ მიმართ. ფაქტია, ასაკობრივ პრობლემებთან გამკლავება ადვილი არ არის, მაგრამ იეჰოვას დახმარებით შეძლებთ დადებითი განწყობის შენარჩუნებას (ფსალმ. 37:25). გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ საუკეთესო დღეები უკან კი არ მოიტოვეთ, წინ გელოდებათ! მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ მათზე, ვინც ასაკოვან თუ ავადმყოფ ოჯახის წევრს ან მეგობარს უვლის, და განვიხილავთ რჩევებს, რომლებიც სიხარულის შენარჩუნებაში დაეხმარებათ.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რა უტეხთ გულს ხანდაზმულებს?

  • რა დაეხმარება ხანში შესულებს ცხოვრების ხალისის შენარჩუნებაში?

  • რისი გაკეთება შეუძლიათ თანაქრისტიანებს ხანდაზმულებისთვის?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 30 ჩემო მამა, ჩემო ღმერთო, ჩემო მეგობარო!

a jw.org-ზე ან JW ბიბლიოთეკაში უყურეთ ვიდეოს „ხანდაზმულებო, თქვენ სჭირდებით კრებას!“.

b ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: სიხარულს წმინდა სული წარმოშობს (გალ. 5:22). ნამდვილი სიხარული იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას მოაქვს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება