გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები
საოცარია იმის ხილვა, რასაც იეჰოვა მთელ დედამიწაზე თავისი ხალხის მეშვეობით აკეთებს. ამ „წელიწდეულიდან“ გაიგებთ, თუ რა გაკეთდა ჟესტების ენაზე და რა კვლევა-ძიებას აწარმოებს სამწერლო განყოფილება. თქვენ წაიკითხავთ საერთაშორისო კონგრესების შესახებ და აღმოაჩენთ ახალ სიმღერების წიგნთან დაკავშირებულ საინტერესო დეტალებს. გაეცნობით ბოლო დროინდელ სასამართლო საქმეებს, ახალ ამბებს ჰაიტიდან და იმას, თუ რომელი ფილიალების მიძღვნა მოხდა ახლახან. ვიმედოვნებთ, რომ ეს წიგნი თქვენთვის სასიამოვნო და გამამხნევებელი იქნება.
ღმერთს სურს, რომ ის ყრუ-მუნჯებმაც გაიცნონ
ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება ჟესტების ენაზე. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ყრუ-მუნჯი სალვატორის ცოლი იეჰოვას მოწმეა. მიუხედავად იმისა, რომ სალვატორს წლების მანძილზე ჰქონდა შეხება ბიბლიურ ჭეშმარიტებასთან, სულიერად წინ ვერ მიიწევდა. ცოლმა ურჩია, რომ ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე ეკითხა ბიბლია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობდა წაკითხულის გაგებას, არაფერი გამოსდიოდა. ბოლოს გულგატეხილმა თქვა: „იეჰოვას სიყვარულს ვერასოდეს ვისწავლი“.
მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა სალვატორს უთხრეს, რომ ამერიკული ჟესტების ენაზე გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გარკვეული ნაწილი DVD ფორმატზე. ამის საშუალებით მან გამოიკვლია ღვთის სიტყვა და გახარებულმა აღნიშნა: „დარწმუნებული ვიყავი, რომ ღმერთს სურდა, მეც გამეცნო ის“. სალვატორმა შეისწავლა ბიბლია, მოინათლა და ბედნიერია, რომ დღეს იეჰოვას ემსახურება.
სალვატორის მსგავსად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ბევრმა ყრუ-მუნჯმა იგრძნო იეჰოვას სიყვარული და დიდი მზრუნველობა, როდესაც მათთვისაც ხელმისაწვდომი გახდა ჟესტების ენაზე ბიბლია და სხვა პუბლიკაციები DVD ფორმატზე. მათი ჩამოტვირთვა ინტერნეტიდანაც შეიძლება. დღეისათვის პუბლიკაციები ჟესტების 46 ენაზე გამოიცემა, მათგან „საგუშაგო კოშკი“ ცხრა ენაზე გამოდის. ახლო მომავალში იგეგმება პუბლიკაციების კიდევ 13 ჟესტების ენაზე გამოცემა. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გარკვეული ნაწილები უკვე გამოიცა ამერიკულ, ბრაზილიურ, იტალიურ, კოლუმბიურ, მექსიკურ და რუსულ ჟესტების ენაზე.
აღმაფრთოვანებელია, როცა ვხედავთ, როგორ მოქმედებს ჟესტების ენაზე გამოცემული პუბლიკაციები ბიბლიის შემსწავლელებზე. «პირველად ბიბლიის შესწავლა 1981 წელს დავიწყე იაპონურ ენაზე გამოცემული დაბეჭდილი პუბლიკაციების დახმარებით, — იხსენებს იაპონელი ყრუ-მუნჯი ქალი, ნაცუე. — მაგრამ ბევრ რამეს ვერ ვიგებდი და მშობლებიც მეწინააღმდეგებოდნენ. ამიტომ შესწავლას თავი დავანებე.
2007 წლის აპრილში ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან 26 წლის შემდეგ, ერთმა იეჰოვამ მოწმემ იაპონურ ჟესტების ენაზე მიჩვენა „შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!“. მაშინვე განვაახლე შესწავლა. მიხაროდა, რომ სულიერ წყურვილს ვიკლავდი. 2008 წლის ნოემბერში მოვინათლე».
დღეს მთელ მსოფლიოში 16 000-ზე მეტი ყრუ-მუნჯი ემსახურება იეჰოვას. ხელებითა და სახის მიმიკებით ისინი ხოტბას ასხამენ მას. ჟესტების ენაზე გამოცემული 30 წიგნი, აგრეთვე ბროშურები, ტრაქტატები, ვიდეოფილმები და ბიბლიური დრამები ჩვენს სმენადაქვეითებულ და-ძმებს იეჰოვას სიყვარულში არწმუნებს. ისინი ხედავენ, რომ ღმერთი აფასებს მათ ერთგულ მსახურებას.
54 ფილიალი, სადაც ჟესტების ენაზე მზადდება პუბლიკაციები, ჩვენი და-ძმებისა და დაინტერესებულებისგან უამრავ სამადლობელ წერილს იღებს. ისინი აღნიშნავენ, რა დიდ სიხარულს განიცდიან, როცა თავიანთ ენაზე იგებენ ღრმა სულიერ საკითხებს. ერთ-ერთი ასეთი შინაარსის წერილი ეკუთვნის იაპონიაში მცხოვრებ ემის, რომელსაც ყრუ-მუნჯი მშობლები ჰყავს.
«ჩემი მშობლები ჩემზე დიდი ხნით ადრე მოინათლნენ, — ამბობს ემი, — მაგრამ ძალიან უჭირდათ იმის გაგება, რასაც დაბეჭდილ პუბლიკაციებში კითხულობდნენ. როცა რაღაცას ვერ იგებდნენ, მე მეკითხებოდნენ. ახლა კი მათ შეუძლიათ დამაჯერებლად იმსჯელონ ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე. დედამ თქვა: „ზოგი ბიბლიური საკითხი ჩემთვის ბოლომდე გასაგები მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ჟესტების ენაზე მივიღეთ პუბლიკაციები“. ამის წყალობით ჩემი მშობლები უფრო დაუახლოვდნენ იეჰოვას. ჩვენი ოჯახი ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა».
ყველაფრის ზედმიწევნით გამოკვლევა
იესომ თქვა, რომ ერთგული მონა გონივრულად იმოქმედებდა და დროულად მისცემდა საზრდოს შინაურებს. ამით იესოს იმის თქმა უნდოდა, რომ ღვთის მსახურთათვის საზრდოს მიწოდებისას ისინი კეთილსინდისიერებას, წინდახედულებასა და გამჭრიახობას გამოავლენდნენ (მათ. 24:45—47).
ჩვენს დროში ქრისტეს ცხებული ძმები ბრუკლინში (ნიუ-იორკი) არსებული სამწერლო განყოფილების მეშვეობით გვაწვდიან სულიერ საზრდოს ჟურნალების, ბროშურების, წიგნებისა და სხვა დაბეჭდილი თუ ელექტრონული მასალის სახით. ფიზიკური საზრდოს მსგავსად, ეს სულიერი საზრდო კარგად უნდა იყოს მომზადებული. ბიბლიის დამწერებიც კი, რომლებსაც წმინდა სული ხელმძღვანელობდა, ცდილობდნენ, მათ მიერ ჩაწერილი ინფორმაცია კარგად გამოკვლეული და ზუსტი ყოფილიყო. მაგალითად, ლუკა ბევრ თვითმხილველს ესაუბრა და „ყველაფერი თავიდანვე ზედმიწევნით გამოიკვლია“ (ლუკ. 1:1—4).
სამწერლო განყოფილებაც ყველაფრის ზედმიწევნით გამოკვლევას ცდილობს. მაგრამ სად შეიძლება სანდო ინფორმაციის მოძიება? მართალია ინტერნეტით სწრაფად შეიძლება ზღვა ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ ჩვენი ძმები არ ენდობიან ბლოგებსა და უცნობი ან არაკვალიფიცირებული პიროვნებების მიერ ვებ-გვერდებზე განთავსებულ არასაიმედო ინფორმაციას. მაგალითად, ონლაინ ენციკლოპედია, „ვიკიპედია“, მომხმარებელს აფრთხილებს, რომ მათ ვებ-გვერდზე განთავსებული ზოგიერთი სტატია „შეიცავს არასწორ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ზოგჯერ ადგილი აქვს ვანდალიზმს. ეს კი მომხმარებელმა უნდა იცოდეს“. ამიტომ სამწერლო განყოფილება იყენებს ავტორიტეტულ წყაროებს, აღიარებული ექსპერტების მიერ დაწერილ სტატიებსა და ცნობილი გამომცემლობების მიერ დაბეჭდილ წიგნებს.
თავად სამწერლო განყოფილებას საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს, რომელიც ათასობით წიგნისგან შედგება. გარდა ამისა, ძმები ახლომდებარე საჯარო და სამეცნიერო ბიბლიოთეკებითაც სარგებლობენ. სპეციალურ მასალებს კი საბიბლიოთეკათშორისო გაცვლის მეშვეობით მოიპოვებენ. ერთ-ერთი დიდი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, რომლითაც ჩვენი მკვლევარები სარგებლობენ, ინახება 5 მილიონი წიგნი, 58 000 პერიოდული გამოცემა, 5,4 მილიონი მიკროფორმა და ათასობით მონაცემთა ბაზა. სამწერლო განყოფილებას აგრეთვე აქვს ამონარიდების, შემთხვევებისა და ისტორიული მოვლენების დიდი არქივი, რომელიც გამუდმებით ახლდება როგორც ადგილობრივი, ისე მთელ მსოფლიოში არსებული სხვადასხვა ფილიალებიდან მოწოდებული ინფორმაციით.
ეს ყველაფერი გვახსენებს ეკლესიასტეს 12:12-ში ჩაწერილ სიტყვებს: „წიგნების წერას ბოლო არ ექნება“. ზოგჯერ ავტორიტეტული წყაროებიც კი შეიძლება მცდარ ინფორმაციას შეიცავდეს. მაშ, როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ინფორმაცია ზუსტი და სანდოა?
მაგალითად ავიღოთ ბროშურაში, „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“, მოყვანილი ერთი განაცხადი, რომ ობობას ქსელი მსოფლიოში ყველაზე გამძლე მასალად ითვლება: „თუ აბლაბუდის ქსელს, რომლის ძაფის სისქე 1 სანტიმეტრი იქნება და ძაფებს შორის მანძილი 4 სანტიმეტრი, სტადიონის ზომაზე გავადიდებთ, ის უზარმაზარ ავიალაინერს გააჩერებს“. ეს ინფორმაცია სანდო სამეცნიერო ჟურნალიდან იქნა აღებული, მაგრამ ის არ იყო პირველწყარო. როცა ძმებმა პირველწყარო გამოიკვლიეს, მათ ის ორაზროვანი მოეჩვენათ. ამიტომ საჭირო გახდა უშუალოდ ამ სიტყვების ავტორთან დაკავშირება და იმის გაგება, თუ რამ მიიყვანა ის ამ დასკვნამდე. ჩვენმა მკვლევარებმა ფორმულაც კი მოიძიეს, რათა გამოეთვალათ, რა სიძლიერით შეეჯახებოდა ავიალაინერი ფეხბურთის სტადიონის ზომაზე გაზრდილ ობობას ქსელს. გამოთვლებს არაერთი საათი მოანდომეს, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ ამ პატარა, მაგრამ გამაოგნებელი ინფორმაციის სიზუსტეში.
ზოგჯერ, ერთი შეხედვით ავტორიტეტულმა წყაროებმაც კი შეიძლება ვერ გადმოგვცენ ინფორმაციის ზუსტი დეტალები. მაგალითად, ამბობენ, რომ მოჰანდას განდიმ თავის აშრამაში (ინდუსების მონასტერი) ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწეს ლორდ ირვინს უთხრა: „როდესაც ჩვენი ქვეყნები შეთანხმდებიან ქრისტეს მიერ მთაზე ქადაგებისას წარმოთქმული სწავლებების საფუძველზე, ჩვენ გადავწყვეტთ არა მარტო ჩვენი ქვეყნების პრობლემებს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემებსაც“. მაგრამ საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგადაც კი ვერ მიაგნეს ფაქტებს, რომლებიც დაადასტურებდა ლორდ ირვინის სტუმრობას მოჰანდას განდის აშრამაში. ამან წარმოშვა კითხვები, რომლებიც დღემდე უპასუხოდ რჩება. მაგალითად, სად და როდის წარმოთქვა განდიმ ზემოხსენებული სიტყვები ან საერთოდ თუ წარმოთქვა. ამიტომ ჩვენს პუბლიკაციებში ეს ციტატა მეტად აღარ გამეორებულა.
ან შესაძლოა წაგიკითხავთ იმის შესახებ, რომ სერ ისაკ ნიუტონმა მზის სისტემის მოდელი გააკეთა. ამბობენ, რომ მასთან სტუმრად მისულმა ერთმა ათეისტმა ნიუტონს ჰკითხა: „ეს ვინ გააკეთა?“. ნიუტონმა უპასუხა, რომ არავინ. შემდეგ ათეისტმა უთხრა: „შენ, მგონი სულელი გგონივარ!“. ამის მერე თურმე ნიუტონს მისთვის უთქვამს, რომ ეს მოდელი, რაც უმნიშვნელო მიმსგავსება იყო გრანდიოზული მზის სისტემისა, იმაზე მეტყველებდა, რომ სამყაროს შემოქმედი ჰყავდა. რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს ეს მაგალითი, არც ისტორიული წყაროები, არც ის მეცნიერები, რომლებიც ნიუტონის ნაშრომებს იკვლევენ და არც მისი ბიოგრაფიის დამწერები არ ადასტურებენ, რომ მათ შორის ასეთი საუბარი გაიმართა. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევის შესახებ ყველაზე ადრეული ჩანაწერები გამოჩნდა მე-19 საუკუნის დასაწყისში, ოღონდ მასში მოხსენიებული იყო არა ნიუტონის, არამედ გერმანელი მკვლევარის, ათანასე კირხერის, სახელი. ამის გამო, სამწერლო განყოფილება ამ შემთხვევას მეტად აღარ მოიხსენიებს ჩვენს პუბლიკაციებში.
ზოგჯერ სიზუსტის დასაცავად შეიძლება უბრალო ნათქვამის გადამოწმებაც კი გახდეს საჭირო. მაგალითად, შეიძლება ძმა თავის ბიოგრაფიაში ამბობს, რომ დაიბადა ჩეხოსლოვაკიაში 1915 წელს. მაგრამ ჩეხოსლოვაკია 1918 წლამდე არ არსებობდა. მაშ, სად დაიბადა ძმა? პასუხის მისაღებად შეიძლება საჭირო გახდეს ძველი რუკების ან ისტორიული ჩანაწერების გადასინჯვა.
ან ძმამ შეიძლება თქვას, რომ ამა და ამ დღეს სან-ფრანცისკოში მოინათლა. მაგრამ გულმოდგინე გამოკვლევის შედეგად შეიძლება გაირკვეს, რომ იმ დღეს ამ ქალაქში საერთოდ არ ჩატარებულა კონგრესი. რა გამოსავალი არსებობს ასეთ დროს? ზოგჯერ შეიძლება მეხსიერებამ გვიმტყუნოს. შესაძლოა ძმას მონათვლის ადგილი არ დაავიწყდა, მაგრამ მას აერია მონათვლის თარიღი. როგორც წესი, ზუსტი დეტალების დასადგენად საჭიროა სხვადასხვა წყაროების გადამოწმება.
აქედან გამომდინარე, სამწერლო განყოფილებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მხოლოდ ის მასალა გამოიყენოს, რომელიც ზუსტი და უტყუარია, მაშინაც კი, როცა ეს უმნიშვნელო დეტალებს ეხება. სწორედ ამის წყალობით გვაწვდის „ერთგული და გონიერი მონა“ მუდმივად ისეთ სულიერ საზრდოს, რომელსაც დიდება მოაქვს იეჰოვასთვის, ჭეშმარიტი ღვთისთვის (ფსალმ. 31:5).
კონგრესები სიფხიზლის შენარჩუნებაში გვეხმარება
2009 წელს ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესებს დევიზით „იფხიზლეთ!“ მთელ მსოფლიოში მილიონობით იეჰოვას მოწმე დაესწრო და სიამოვნებით მოისმინა პრაქტიკული და დროული მითითებები. 37 საერთაშორისო კონგრესს მთლიანობაში 136 ქვეყნიდან ჩამოსული 200 000-ზე მეტი მოწვეული სტუმარი დაესწრო. ეს კონგრესები ჩატარდა: ავსტრიაში, განაში, გერმანიაში, იტალიაში, კენიაში, კორეაში, კოტ-დ’ივუარში, მექსიკაში, მიანმაში, პერუში, პოლონეთში, სამხრეთ აფრიკაში, საფრანგეთში, ტრინიდადსა და ტობაგოში, შეერთებულ შტატებსა და ჩილეში. საერთაშორისო კონგრესებზე დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა 1 495 045-ს მიაღწია, 15 730 კი მოინათლა.
რატომ ტარდება საერთაშორისო კონგრესები? ხელმძღვანელი საბჭო ასეთ შეკრებებს რამდენიმე წელიწადში ერთხელ გეგმავს სტრატეგიულ ქალაქებში, ზოგჯერ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ადრე იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აკრძალული იყო. ასეთი კონგრესები ძმებს რწმენას უმტკიცებს და ხელს უწყობს ამ ქვეყნებში სასიხარულო ცნობის სწრაფად გავრცელებას.
ასეთ კონგრესებზე ძმებს იმის შესაძლებლობაც ეძლევათ, რომ პირადად ნახონ, რა ერთიანობა სუფევს საერთაშორისო საძმოში (კოლ. 3:14). ნამდვილად სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რა დიდი სიყვარული, მშვიდობა და ერთიანობაა გამეფებული ასეთ კონგრესებზე, რაც ამსხვრევს ეროვნულ, კულტურულ და ენობრივ ბარიერს! შესვენების დროს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ერთად სადილობენ, თბილად ესაუბრებიან ერთმანეთს, უბრალო საჩუქრებს ჩუქნიან, იღებენ ბევრ სურათს და ერთმანეთს ქრისტიანული სიყვარულით გულში იკრავენ. ეს ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ მათ შორის ჭეშმარიტი სიყვარულია! ბევრი სტუმარი თუ ადგილობრივი მოწმე ტრადიციულ ტანსაცმელშია გამოწყობილი.
საერთაშორისო კონგრესების პროგრამის განსაკუთრებული ნაწილია „ცნობები სხვა ქვეყნებიდან“, რაც ოთხივე დღეს არის წარმოდგენილი. ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა, რომელიც იტალიაში მსახურობს, აღნიშნა, რომ ეს ცნობები თითოეულ დამსწრეს ეხმარება, „თავი საერთაშორისო საძმოს ნამდვილ წევრად იგრძნოს, რომელიც იღვწის ერთი მიზნისკენ — სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისკენ“. სასიამოვნო იყო იმ გამამხნევებელი შემთხვევების მოსმენა, რომელსაც სამშობლოში ჩასული მისიონერები და სხვა ქვეყნებში დანიშნული სრული დროით მსახურები ყვებოდნენ. მათი შესანიშნავი მაგალითი ახალგაზრდებსაც ამხნევებს და ხანში შესულებსაც.
რაოდენ სასიხარულო იყო, რომ საერთაშორისო კონგრესებს ხელმძღვანელი საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც დროული მითითებები მოგვცეს და გაგვამხნევეს. მათი მოხსენებები და „ცნობები სხვა ქვეყნებიდან“ პარალელურად ითარგმნებოდა სხვადასხვა ენაზე, რათა თითოეულ დამსწრეს შესძლებოდა მოსმენა. მაგალითად, ჰონოლულუში (ჰავაი) ჩატარებულ მეორე საერთაშორისო კონგრესზე ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, სტივენ ლეტმა, ინგლისურ ენაზე ოთხი მოხსენება წარმოთქვა, რომელიც ერთდროულად ითარგმნა იაპონურ, ილოკურ, მანდარინულ, მარშალურ, სამოურ და ტრუკიულ ენებზე.
საერთაშორისო კონგრესების დაგეგმვისას ხელმძღვანელი საბჭო ითვალისწინებს, რამდენი ადამიანი დაეტევა კონგრესის ჩატარების ადგილზე, აგრეთვე ადგილობრივი და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დელეგატების რაოდენობას და იმას, თუ რამდენი სტუმრის დაბინავება შეიძლება იმ ქალაქში. ამის შემდეგ კონგრესის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ძმები მთავრობისგან იღებენ ნებართვას და ხელშეკრულებას აფორმებენ იმ სტადიონის ან შენობის მეპატრონესთან, სადაც კონგრესი უნდა ჩატარდეს.
საერთაშორისო კონგრესები ხშირად დიდ სტადიონებზე ტარდება და იეჰოვას თაყვანისცემის ადგილი ღირსეულად რომ გამოიყურებოდეს, ძმებს სერიოზული სამუშაოების ჩატარება უწევთ. მაგალითად, პერუში კონგრესის წინა დღეს სტადიონზე ფეხბურთის მატჩი იყო დაგეგმილი, ამიტომ ძმებს სტადიონის დასუფთავება და მოწყობა კონგრესის წინა ღამეს მოუწიათ. სულ 3 000 მოხალისე იყო საჭირო, მაგრამ საღამოს 6 საათზე სტადიონზე 7 000 კაცი მივიდა და მთელი ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავა.
სამმა მამაკაცმა, რომლებიც ლონგ-ბიჩის (კალიფორნია, აშშ) სტადიონზე მუშაობდნენ, კონგრესის ბოლოს აღნიშნა: „ამ სტადიონზე ბევრი რელიგიის წარმომადგენლები შეკრებილან, მაგრამ ვერავინ შეძლო იმის გაკეთება, რასაც თქვენ აკეთებთ. ეს დაუჯერებელია!“. ერთმა მათგანმა თქვა, რომ როცა იეჰოვას მოწმეები მის კარზე აკაკუნებდნენ, გულში ამბობდა: „აკაკუნეთ რამდენიც გინდათ, კარს მაინც არ გაგიღებთ“. შემდეგ კი დასძინა, რომ ამიერიდან, როცა მოწმეები კარზე დაუკაკუნებდნენ, სიამოვნებით მოუსმენდა. ერთ-ერთმა ასეთი რამ თქვა: „აქამდე არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ ვყოფილვარ, მაგრამ თქვენს რელიგიაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი“.
რა საოცრად განდიდდა იეჰოვას სახელი იმ ქალაქებში, სადაც ეს კონგრესები ჩატარდა! რაოდენ მადლიერნი ვართ იეჰოვასი ამ რწმენის განმამტკიცებელი კონგრესებისთვის, რაც სიფხიზლის შენარჩუნებაში გვეხმარება! (მათ. 24:42).
იეჰოვას განსადიდებელი სიმღერები
იეჰოვას განსადიდებელი სიმღერების შესრულება ჩვენი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, 2009 წლის კონგრესებზე ღვთის მსახურებმა ძალიან გაიხარეს, როცა გაიგეს, რომ გამოიცა ახალი სიმღერების წიგნი „უმღერეთ იეჰოვას“. და მაინც, რატომ გახდა საჭირო ახალი სიმღერების წიგნის გამოცემა?
სულიერი სინათლის მატებასთან ერთად დროდადრო საჭირო ხდება სიმღერების წიგნის გადამუშავება (იგავ. 4:18). ეს საშუალებას იძლევა სათანადოდ შეიცვალოს სიმღერების ტექსტი. შეირჩა ისეთი სიტყვები, რომელთა აღქმა და დამახსოვრება სიმღერის შესრულების პროცესში უფრო ადვილია. გარდა ამისა, დამახსოვრება რომ გაგვიადვილდეს, ბევრი სიმღერის ტექსტი შემოკლდა. მთავარი აზრების გამოკვეთის მიზნით, ზოგ სიმღერას მისამღერი დაემატა. ნაცვლად იმისა, რომ თითო მარცვალი რამდენიმე ნოტზე ყოფილიყო გადანაწილებული, ახლა უკვე ერთ მარცვალს ერთი ნოტი შეუსაბამეს.
ძველი სიმღერების წიგნის გადასინჯვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ზოგი სიმღერის მელოდია მცირე ცვლილებას საჭიროებდა, რათა მისი შესრულება გაადვილებულიყო. ამიტომ ზოგ სიმღერაში ტონალობა დაწიეს, რომ მაღალი ბგერები უფრო ადვილი სამღერი გამხდარიყო. ყველა სიმღერა ზუსტად ნოტების მიხედვით არ სრულდებოდა, ამიტომ ზოგი სიმღერის მელოდია შეიცვალა, რათა მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო იმასთან, რასაც ძმები მღეროდნენ.
დიდი ყურადღება მიექცა ისეთ უმნიშვნელო დეტალებსაც კი, როგორიც ნოტების ფურცელზე განთავსებაა. ძმებმა გაითვალისწინეს, რომ ნათარგმნი ტექსტები შეიძლება უფრო დიდი გამოსულიყო, ამიტომ გრძელი სიმღერები ორ გვერდზე ისე განათავსეს, რომ ფურცლის გადაშლა არ გახდეს საჭირო. დღეს უკვე არც ერთი სიმღერა სამ სტროფს არ აღემატება.
როგორ გაართვეს თავი ამ უზარმაზარ საქმეს? 2007 წლის აგვისტოში ხელმძღვანელმა საბჭომ მიიწვია პროფესიონალების ჯგუფი, რათა ერთად შეექმნათ სიმღერების ტექსტები და მელოდიები. ძველი სიმღერების წიგნში თითოეული სიმღერა გულდასმით გადაამოწმეს, რომ ენახათ რაიმე პრობლემა ხომ არ იყო სწავლებასთან, მთავარ სიტყვებთან და მელოდიასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ძველი მელოდია კარგი იყო, მაგრამ ტექსტის შეცვლას საჭიროებდა. ზოგი სიმღერის ტექსტში მცირე ცვლილების შეტანა იყო საჭირო, მელოდია კი თითქმის მთლიანად იყო შესაცვლელი. სასწავლო კომიტეტმა გადაწყვიტა, რა თემებზე უნდა დაწერილიყო სიმღერები, რომლებიც შესრულდებოდა კრების შეხვედრებზე, კონგრესებსა და მიძღვნის პროგრამებზე.
ამასთანავე კომპოზიტორებმა კიდევ ერთხელ გადახედეს ძველი მუსიკის სტილს. ძმებს სურდათ, ღვთის განსადიდებელი ლამაზი სიმღერების შექმნა, მაგრამ არ უნდოდათ, რომ ისინი ქრისტიანული სამყაროს საეკლესიო საგალობლებს დამსგავსებოდა. ამავე დროს, ისინი მოერიდნენ სიმღერების ისეთ სტილს, რომელიც ქარიზმატულ ეკლესიებშია პოპულარული.
ამ პროექტზე მუშაობისას ხელმძღვანელი საბჭო გულდასმით ამოწმებდა თითოეული სიმღერის ტექსტსა და კომპოზიციას. მათთვის უცნობ ახალ სიმღერებს მომღერლები ასრულებდნენ და კეთდებოდა ჩანაწერები, რათა ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს მოესმინათ და განეხილათ. იმ სიმღერების ტექსტები, რომლებსაც ხელმძღვანელი საბჭო მოიწონებდა, მაშინვე ეგზავნებოდა ფილიალებს გადასათარგმნად, რათა მათ ენაზე სიმღერების წიგნი ინგლისურთან ერთად გამოსულიყო.
2007 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ შეკრიბა მომღერალთა გუნდი, რათა ჩაეწერათ სიმღერები, რომლებიც კრებებს ახალი სიმღერების სწავლაში დაეხმარებოდა. წლებია, რაც 14 ფილიალიდან მოწვეული და-ძმებისგან შემდგარი ორკესტრი წელიწადში ორჯერ იკრიბება პატერსონში (ნიუ-იორკი), რათა ჩაწერონ მუსიკა იეჰოვას მოწმეთა საგანმანათლებლო პროგრამებისთვის, მათ შორის დრამებისთვის, ვიდეო-ფილმებისა და კონგრესებისთვის. ეს ერთგული და-ძმები შესანიშნავი მუსიკოსები არიან. ბევრი მათგანი სრული დროით მსახურობს; ისინი დროსა და სახსრებს არ ზოგავენ, რომ პატერსონში ჩავიდნენ და მუსიკა ჩაწერონ მსოფლიოს საძმოსთვის. შემდეგ ჩანაწერებს ორკესტრის შესრულებით მსოფლიოს ფილიალებში აგზავნიან, რათა ისინი კონგრესებზე აჟღერდეს და ადგილობრივ ენებზე ჩაიწერონ სიმღერები გუნდის შესრულებით. გუნდის მიერ შესრულებული მრავალი სიმღერა, რომელიც ფილიალებში ჩაიწერა, განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე www.pr2711.com.
როგორი გამოხმაურება მოჰყვა ახალ წიგნს, „უმღერეთ იეჰოვას“? ერთმა დამ ასეთი სამადლობელი სიტყვები მოგვწერა: „მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ლამაზი სიმღერებისთვის, რომლებიც ახალ წიგნშია შესული. ისინი გულს გვითბობს, რწმენას გვიძლიერებს და გვანუგეშებს. ეს წიგნი ძვირფასი საჩუქარია იეჰოვასგან“.
გვსურს, რომ ახალი სიმღერების წიგნი მსოფლიო საძმოს ნუგეშისა და გამხნევების წყაროდ იქცეს. მოდი, თანამორწმუნეებთან თუ მარტო ყოფნისას, ამ სიმღერებით ყოველთვის გამოვხატოთ სიყვარული ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვასადმი!
„წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან . . . დასამოწმებლად“
იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ მათ „სასამართლოებს გადასცემდნენ“ და წაიყვანდნენ „გამგებლებთან და მეფეებთან“. მაგრამ ეს მათ საშუალებას მისცემდა, „მათთვის და უცხოტომელებისთვის“ დაემოწმებინათ (მათ. 10:17, 18). გასულ წელს იეჰოვას მოწმეებზე ზუსტად შესრულდა ეს წინასწარმეტყველება. ქრისტეს სიტყვისამებრ, ცუდმა მოპყრობამ მოწმეებს შესანიშნავი დამოწმების შესაძლებლობა მისცა.
სომხეთი.
იეჰოვას მოწმე ვაჰან ბაიათიანს სამხედრო სამსახურზე უარი თქმის გამო ორწელიწად ნახევარი მიუსაჯეს. ძმამ განაჩენი რამდენჯერმე გაასაჩივრა სომხეთის სასამართლოებში, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ 2003 წელს მან სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა. 2009 წლის 27 ოქტომბერს ევროპის სასამართლომ განაჩენი სომხეთის სასარგებლოდ გამოიტანა. მსგავსი პრეცედენტი ბოლო 50 წლის განმავლობაში არ მომხდარა. თუმცა ერთი მოსამართლე არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას, რადგან მისი აზრით, „ეს ეწინააღმდეგებოდა რელიგიური მოტივით სამხედრო სამსახურზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ევროპის სასამართლო სტანდარტებს“.
ევროპის სასამართლომ გაითვალისწინა ამ საკითხის სერიოზულობა და ეს საქმე დიდ პალატას გადასცა. ამ საქმის მოსმენა დაგეგმილი იყო 2010 წლის 24 ნოემბერს სტრასბურგში (საფრანგეთი). დიდი პალატის გადაწყვეტილება ჯერ არ იყო ცნობილი, როცა ეს ანგარიში დასაბეჭდად მზადდებოდა.
აზერბაიჯანი.
იეჰოვას მოწმეებს კვლავ უჭირთ ამ ქვეყანაში რელიგიური ლიტერატურის შეტანა. ხელისუფლება მათ ზოგიერთი ლიტერატურის შეტანის უფლებას აძლევს, ზოგისას კი არა, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, „მათი შინაარსი ხაზს უსვამს იეჰოვას მოწმეთა რელიგიის განსაკუთრებულობას და შეურაცხყოფს სხვა ქრისტიანულ კონფესიებს“. პოლიციამ არაერთხელ გაჩხრიკა ჩვენი და-ძმების სახლები და ჩამოართვა ბიბლიური ლიტერატურა.
2010 წლის 25 აპრილს საქართველოში გამართული კონგრესიდან 250 იეჰოვას მოწმე ხუთი ავტობუსითა და ერთი მინივენით სახლში ბრუნდებოდა. ქალაქ ყაზახში სასაზღვრო პოლიციამ მათ ჩამოართვა პირადი ბიბლიური ლიტერატურა და 33 ბიბლია. ბევრი მოწმე, მათ შორის ხანდაზმულები და ფიზიკურად დაუძლურებულები თითქმის რვა საათი გააჩერეს საზღვარზე. მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და აზერბაიჯანში სულიერი საზრდოს თავისუფლად შესატანად, ძმებმა საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს.
ბელორუსია.
2009 წლის 6 ნოემბერს დიმიტრი სმიკი, რომელიც იეჰოვას მოწმეა, სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დააჯარიმეს 3 500 000 რუბლით (1 154 აშშ დოლარი). „ვცდილობ, რომ ბიბლიური პრინციპების ერთგული ვიყო და მათ შესაბამისად ვიცხოვრო, — თქვა ძმა სმიკმა. — მჯერა, რომ მორწმუნე კაცმა არც სამხედრო მომზადება უნდა გაიაროს და არც იომოს“ (ეს. 2:1—4).
მართალია, ბელორუსიის კონსტიტუცია მოქალაქეებს აძლევს იმის უფლებას, რომ სამხედრო სამსახურის ნაცვლად ალტერნატიული სამსახური აირჩიონ, რეალურად ამ უფლებით ვერავინ სარგებლობს. „გამოდის რომ ქაღალდზე დაწერილი კანონის თანახმად მაქვს ალტერნატიული სამსახურის არჩევის უფლება, სინამდვილეში კი ამ უფლებით სარგებლობა არ შემიძლია“, — ამბობს ძმა სმიკი.
2010 წლის 18 თებერვალს ბელორუსიის პრეზიდენტმა ამ კანონპროექტის შესამუშავებლად და ასამოქმედებლად კომისია გამოყო. მალე სასამართლომ ძმა სმიკი უდანაშაულოდ სცნო და დაკისრებული ჯარიმაც გაუუქმა. დღეს ბელორუსიაში არაერთი ახალგაზრდა იეჰოვას მოწმე დგას იგივე პრობლემის წინაშე. ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო იზრუნებს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შექმნაზე.
ბელგია.
1993 წელს ბრიუსელში არსებული ბეთელის საკუთრება, ბელგიაში არსებული სხვა რელიგიური შენობების მსგავსად, გადასახადებისგან გათავისუფლდა. მაგრამ იმავე წელს საგადასახადო სამინისტრომ აზრი შეიცვალა და უარი თქვა გადასახადის სრულად გაუქმებაზე. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბეთელს მხოლოდ რელიგიური დანიშნულება არა აქვს და ის ფინანსური მოგების მიზნითაც ფუნქციონირებს. ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ არც ბეთელელები არიან სრულად დაკავებული რელიგიური საქმეებით. ამ საქმის საბოლოო მოსმენა 2008 წელს შედგა, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვეტილება საგადასახადო სამინისტროს სასარგებლოდ გამოიტანა. მოწმეებმა გაასაჩივრეს და 2010 წლის 4 მაისს სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა. სამმა მოსამართლემ ვერდიქტში აღნიშნა: „ბეთელში მცხოვრებ მოწმეთა მსახურება მოითხოვს ღრმა რწმენასა და ღვთის მსახურებისადმი სრულ მიძღვნას . . . ისინი სპეციალური სრული დროით მსახურთა მსოფლიო გაერთიანების წევრები არიან. ერთად ცხოვრობენ, ერთად ლოცულობენ, ერთად მღერიან და ერთად იკვლევენ ბიბლიას. ისინი დილის თაყვანისცემასაც ერთად ესწრებიან, რომელიც ბეთელშივე ტარდება“.
ერიტრეა.
იეჰოვას მოწმეები ერიტრეაში ღვთის ერთგულების გამო დღემდე მრავალ გასაჭირს იტანენ. ამჟამად 58 მოწმე ზის ციხეში, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. მთავრობის მკაცრი შეზღუდვებისა და დაპატიმრების შიშით, ძალიან რთულია პატიმართა შესახებ ინფორმაციის მოპოვება. წლებია, რაც იეჰოვას მოწმეები დიპლომატიური გზებით ცდილობენ ერიტრეელი თანაქრისტიანებისთვის მდგომარეობის შემსუბუქებას. მოწმეებმა დახმარებისთვის მიმართეს შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირისა და სხვადასხვა საელჩოების ოფიციალურ პირებს. ისინი აგრეთვე შეხვდნენ „აფრიკის რქის“ მრავალ მაღალჩინოსანს, მათ შორის აფრიკის კავშირის წარმომადგენლებს. ახლახან, იეჰოვას მოწმეებმა მთელ მსოფლიოში არსებულ ერიტრეის 18 საელჩოს გაუგზავნეს წერილი და იმ პატიმართა სია, რომლებიც წვევამდელები არ იყვნენ. წერილში მათ თხოვნით მიმართეს პრეზიდენტ აფევერკის, რომ ციხიდან გაეთავისუფლებინა ბავშვები, ხანდაზმულები და ისინი, ვინც არ იყვნენ წვევამდელები. მაგრამ მთავრობა ამ წერილს დღემდე არ გამოხმაურებია.
საბერძნეთი.
2010 წლის 15 იანვარს, საბერძნეთის უმაღლესმა სასამართლომ ანუ სახელმწიფო საბჭომ გადაწყვიტა, რომ იეჰოვას მოწმე ევანგელოს დელისს უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა რეზერვში მსახურებაზე. ძმა დელისმა სამხედრო მომზადება მანამ გაიარა, სანამ იეჰოვას მოწმე გახდებოდა. მაგრამ, როცა რეზერვში გაიწვიეს, ბიბლიით განსწავლულმა სინდისმა აღარ მისცა ასეთი მომზადების გავლის უფლება. მართალია, სამინისტრომ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა, მაგრამ სახელმწიფო საბჭომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის საფუძველზე დაადგინა, რომ პიროვნებას უფლება აქვს შეიცვალოს რელიგიური მრწამსი სამხედრო სამსახურში მსახურების შემდეგაც კი და უარი თქვას სამხედრო მომზადებაზე ახლად შეძენილი რწმენის გამო. ეჭვგარეშეა, რომ საბერძნეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება არა მარტო საბერძნეთის მოქალაქეებს, არამედ აზერბაიჯანის, თურქეთის, სამხრეთ კორეისა და სომხეთის მოქალაქეებსაც დაეხმარება.
პორტუგალია.
2009 წლის 25 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ იეჰოვას მოწმეთა გაერთიანებას ისეთივე სტატუსი მიანიჭა, რომლითაც უძველესი რელიგიები სარგებლობენ. ახლა იეჰოვას მოწმეებს უმაღლესი სამართლებრივი და რელიგიური სტატუსი აქვთ, რაც მათ მსახურებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. მაგალითად, ზოგიერთ ძმას უფლება მიენიჭა, რომ წყვილის ქორწინება რეგისტრაციაში გაატაროს სამეფო დარბაზში. ეს სტატუსი მოწმეებს იმის შესაძლებლობასაც მისცემს, რომ საავადმყოფოებსა და ციხეებში სულიერი დახმარება აღმოუჩინონ მათ, ვისაც ესაჭიროება.
პუერტო-რიკო.
2010 წლის 27 იანვარს პუერტო-რიკოს უზენაესმა სასამართლომ ძალზედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მან მხარი დაუჭირა იმ აზრს, რომ ზრდასრულ ადამიანს უფლება აქვს, უარი თქვას მკურნალობის გარკვეულ მეთოდზე. სასამართლომ აგრეთვე აღიარა, რომ პაციენტს უფლება აქვს, ისარგებლოს წინასწარ შევსებული სამედიცინო მინდობილობით და ჰყავდეს წარმომადგენელი, რომელიც უგონო მდგომარეობაში ყოფნის დროს მის ინტერესებს დაიცავს. იეჰოვას მოწმე ბიქტორ ერნანდესმა საავადმყოფოში წასვლამდე შეავსო ეს დოკუმენტი. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ არ გაითვალისწინა სამედიცინო მინდობილობაში გამოხატული მისი ნება მკურნალობასთან დაკავშირებით, რომელსაც მისი წარმომადგენელიც აწერდა ხელს. უზენაესმა სასამართლომ უარყო ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება და აღიარა ადამიანის ძირითადი უფლება, რომლის მიხედვითაც აკრძალულია პაციენტის ნების წინააღმდეგ ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების განხორციელება. ეს გამარჯვება არა მარტო პუერტო-რიკოში მცხოვრებ 25 000 იეჰოვას მოწმეს დაეხმარება, არამედ მთელ კუნძულზე მცხოვრებ სხვა ადამიანებსაც.
რუსეთი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იეჰოვას ხალხი რუსეთში ყველაზე დიდი საშიშროების წინაშე ამ ბოლო თვეებში აღმოჩნდა. 2009 წლის 8 დეკემბერს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა როსტოვის ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რასაც შედეგად მოჰყვა ტაგანროგში იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის ლიკვიდაცია, სამეფო დარბაზის კონფისკაცია და 34 პუბლიკაციის ექსტრემისტულად გამოცხადება. ამ პუბლიკაციებს შორის არის წიგნები: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, „ბიბლიური მოთხრობები“ და „მოდი და გამომყევი“.
რამდენიმე კვირის შემდეგ რუსეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ალთაის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომაც მსგავსი გადაწყვეტილება გამოიტანა ქალაქ გორნო-ალტაისკში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის წინააღმდეგ და ექსტრემისტულად გამოცხადებულ პუბლიკაციათა სიას კიდევ 18 დაამატა. ამ სასამართლო გადაწყვეტილებების გამო რუსეთის ტერიტორიაზე დღეს შეუძლებელია ამ პუბლიკაციებიდან რომელიმეს შეტანა. ყოველივე ამან ქრისტეს მტრები კიდევ უფრო გაათამამა. ისინი თავს ესხმიან და ემუქრებიან იესოს მშვიდობიან მიმდევრებს სხვადასხვა ქალაქებში. 8 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ დაფიქსირდა 300-ზე მეტი თავდასხმის, დაპატიმრების, სახლების ჩხრეკისა და თაყვანისმცემლობაში ხელის შეშლის სხვა შემთხვევა.
ამის საპასუხოდ, ხელმძღვანელმა საბჭომ გამოსცა სპეციალური ტრაქტატი, სახელწოდებით „ხომ არ მეორდება ისტორია? — კითხვა რუსეთის მოქალაქეებს“, რომელიც 12 მილიონ ეგზემპლარად დაიბეჭდა (ეს ტრაქტატი ქართულად არ გამოცემულა). ტრაქტატში ნათლად იყო პარალელები გავლებული კომუნისტური რეჟიმის დროს იეჰოვას მოწმეების დევნასა და იმ წინააღმდეგობებს შორის, რასაც ისინი დღეს ხვდებიან. იეჰოვას მოწმეებმა 2010 წლის 26—28 თებერვალს ეს სპეციალური ტრაქტატი მთელ რუსეთში გაავრცელეს. 40-გრადუსიანი ყინვის მიუხედავად, ბევრმა კრებამ ტრაქტატები ორ დღეში გაავრცელა.
„როსკომნადზორი“ (კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიისა და მასმედიის ფედერალური სამსახური) საპასუხო შეტევაზე გადავიდა და 2010 წლის 26 აპრილს მოწმეებს გაუუქმა რუსეთის ტერიტორიაზე ჟურნალების, „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის, შეტანის ლიცენზია.
მაგრამ „იეჰოვას ხელი არ დამოკლებულა ისე, რომ ვერ იხსნას“ (ეს. 59:1). 2010 წლის 10 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. სასამართლო საქმის, „ქალაქ მოსკოვში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ მოსკოვში იეჰოვას მოწმეთა გაერთიანების ლიკვიდაცია და მათი საქმიანობის აკრძალვა არაკანონიერი იყო, რითაც დაირღვა ადამიანის ძირითადი უფლებები, კერძოდ, აზრის, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება. 2004 წლის 26 მარტს მოსკოვში მოწმეების საქმიანობის აკრძალვისა და ლიკვიდაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა წინააღმდეგობისა და ძალადობის შემთხვევები. ევროპის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ რუსეთის მთავრობას „კანონით დაკისრებული აქვს ვალდებულება, აღკვეთოს სასამართლოს მიერ აღმოჩენილი ძალადობრივი ქმედებები და რამდენადაც შესაძლებელია მათ გამოსასწორებლად საჭირო ზომები მიიღოს“.
სასამართლოზე აღინიშნა, რომ მათი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, იაპონიის, კანადის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკისა და შეერთებული შტატების უმაღლეს სასამართლოებში იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ გამოტანილი ცხრა დადგენილებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მანამდე მათ სასარგებლოდ გამოტანილი რვა გადაწყვეტილების საფუძველზე. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მანამდე გამოტანილი გადაწყვეტილებები სამართლიანია. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციისა და მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმეებს რუსეთის მთავრობის მიერ წაყენებულ არც ერთ დანაშაულში ბრალი არ მიუძღოდათ.
„იეჰოვას მოწმეთა გაერთიანება მოსკოვში კანონიერად არსებობდა და ფუნქციონირებდა 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში (1992—2004 წლებში), — აღნიშნული იყო სასამართლოზე. — ამ ხნის განმავლობაში გაერთიანებას, არც ერთ მის წევრს და არც უხუცესებს ბრალი არ მიუძღვის რაიმე სახის კრიმინალურ, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში“. სასამართლომ დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმეების უფლებები იქნა დარღვეული და დასძინა, რომ „მოპასუხე მხარე ვალდებულია . . . საჭირო ზომები მიიღოს, რათა ქვეყანაში აღიკვეთოს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები“.
2010 წლის 9 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ სარჩელი შეიტანა დიდ პალატაში და ცხადია, ეს იმიტომ გააკეთა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გათვალისწინება გააჭიანუროს. არ ვიცით, დიდი პალატა განიხილავს თუ არა ამ საქმეს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ეს უდიდესი დამოწმება იქნება.
სერბია.
თითქმის ოთხწლიანი ბრძოლის შემდეგ, სერბიის რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ, როგორც იქნა რეგისტრაციაში გაატარა იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული გაერთიანება. მათ იგივე სტატუსი მიენიჭათ, რაც სერბეთში არსებულ ეკლესიებსა და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს აქვთ. მანამდე სამინისტრომ სამჯერ უთხრა მოწმეებს უარი რეგისტრაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ სერბეთში ბიბლიის საერთაშორისო მკვლევარები (ასე იცნობდნენ ადრე იეჰოვას მოწმეებს) უკვე 1920-იანი წლებიდან ქადაგებდნენ. მას შემდეგ, რაც სერბიის უზენაესმა სასამართლომ ჩვენ სასარგებლოდ ორი გადაწყვეტილება გამოიტანა, რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ დააკმაყოფილა მოწმეების თხოვნა რეგისტრაციაში გატარების შესახებ.
წარსულში ჩვენი მოწინააღმდეგეები მასმედიის საშუალებით ხშირად ცდილობდნენ, იეჰოვას მოწმეები საშიშ სექტად წარმოედგინათ. ეჭვგარეშეა, მოწმეების საქმიანობის კანონიერი რეგისტრაცია სერბიაში მცხოვრებ გულწრფელ ადამიანებს იმის დანახვაში დაეხმარება, რომ იეჰოვას მოწმეები პატიოსანი მოქალაქეები არიან, რომლებიც პატივს სცემენ კანონებს და არავითარ საშიშროებას არ უქმნიან არც საზოგადოებას და არც ცალკეულ ადამიანებს. პირველი, რაც რეგისტრაციას მოჰყვა, ის იყო, რომ აღარ არის საჭირო საბაჟო გადასახადის გადახდა იმ ბიბლიური ლიტერატურისა და ნივთებისთვის, რომლებიც კრების შეხვედრებზე და ქადაგებისას გამოიყენება.
სლოვენია.
2009 წლის 27 ნოემბერს სლოვენიაში იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულმა გაერთიანებამ იგივე სტატუსი მიიღო, რაც ამ ქვეყანაში არსებულ ეკლესიებსა და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს აქვთ, რომელთაც სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობა უჭერს მხარს. სლოვენიის რელიგიურ საქმეთა სამინისტროს დირექტორმა ჩვენს წარმომადგენლებს უთხრა, რომ სლოვენიაში 40 რელიგიური ორგანიზაციიდან თუ ჯგუფიდან, იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული გაერთიანება რიგით მერვე იყო, რომელიც წარმატებით გატარდა ხელმეორედ რეგისტრაციაში რელიგიური თავისუფლების შესახებ მიღებული ახალი კანონის საფუძველზე. რეგისტრაცია სრული დროით მსახურებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ იმ შეღავათებით, რაც ხელისუფლებამ მათთვის დაადგინა, ვინც სრულად მონაწილეობს რელიგიურ საქმიანობაში.
თურქეთი.
იეჰოვას მოწმეები ქალაქ მერსინში თითქმის 20 წელი სარგებლობდნენ საკუთარი სამეფო დარბაზით. მაგრამ 2003 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ მათი დარბაზი დალუქა იმ მიზეზით, რომ ის არ მოხვდა იმ ზონაში, რომელიც მსგავსი შენობებისთვის იყო განკუთვნილი. მდგომარეობის გამოსასწორებლად ძმებმა სასამართლოებს მიმართეს, მაგრამ 2009 წლის 30 დეკემბერს თურქეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და გადაწყვეტილება მერსინის ადგილობრივი ხელისუფლების სასარგებლოდ გამოიტანა. ძმებმა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს.
სიყვარულის გამოვლენა ჰაიტიზე
2010 წლის 12 იანვარს ძლიერმა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა ჰაიტის დედაქალაქი პორტ-ო-პრენსი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, უფრო მეტი კი უსახლკაროდ დარჩა. დაიღუპა 154 იეჰოვას მოწმე, ათასობით მოწმემ კი საცხოვრებელი დაკარგა. სხვები სერიოზულად დაშავდნენ ან სიკვდილს ძლივს გადაურჩნენ.
მიწისძვრის დროს აკლოკი სახლში იყო. უცებ ბლოკით ნაშენი კედლები დომინოს ქვებივით ჩამოიშალა, თავად კი ჩამოვარდნილ ჭერსა და იატაკს შორის მოექცა. საბედნიეროდ, ის სერიოზულად არ დაზიანებულა. მან სიბნელეში ხელების ცეცება დაიწყო. აკლოკი იხსენებს: „მივხვდი, რომ იქვე წყლიანი ვედრო იდგა. მისი ახლოს მოწევა ვერ შევძელი, მაგრამ ის კი მოვახერხე, რომ თითები წყალში ჩავყავი და რამდენიმე წვეთით ტუჩები დავისველე. იქვე ქვა ვიპოვე და კაკუნი დავიწყე იმ იმედით, რომ ვიღაც გაიგონებდა და მიშველიდა“. აკლოკი იეჰოვას სთხოვდა დახმარებას და კაკუნს განაგრძობდა.
„საათი არ მქონდა და არ ვიცოდი, რა დრო იყო, — ამბობს აკლოკი. — თავიდან ვტიროდი და იეჰოვას ვეხვეწებოდი, გადავერჩინე. მაგრამ მოგვიანებით სხვანაირად დავიწყე ლოცვა: იეჰოვა ვიცი, რომ აღმადგენ, მაგრამ ჯერ ახალგაზრდა კაცი ვარ და თუ არ მოვკვდები, შენს მსახურებას არასოდეს შევწყვეტ“.
აკლოკი გრძნობდა, რომ თანდათანობით ძალა ეცლებოდა, უკვე დაკაკუნების თავიც აღარ ჰქონდა და გრძნობაც მალევე დაკარგა.
აკლოკი მაშინ მოვიდა გონზე, როცა საშველად მისული მოწმეები ნანგრევებიდან მის გამოყვანას ცდილობდნენ. „მოულოდნელად ჩემს ფეხთან ბეტონის ნატეხი დაეცა, — გვიყვება ის. — მივხვდი, რომ მეორე ნატეხი მუხლზე დამეცემოდა, ამიტომ იქით გავხოხდი, საიდანაც სინათლე შემოდიოდა, რათა მაშველებისთვის მენიშნებინა, რომ იქ ვიყავი“. მალე აკლოკი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, სადაც ოთხი დღე იმყოფებოდა.
დაუყოვნებელი დახმარება
მიწისძვრიდან 24 საათში ჰაიტიზე პირველი მოწმე ექიმი დომინიკელთა რესპუბლიკიდან ჩავიდა. მას მიჰყვა იეჰოვას მოწმე ექიმებისა და მაშველების უწყვეტი ნაკადი და ჰუმანიტარული დახმარება. ფილიალის ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ მოაწყვეს საველე ჰოსპიტალი, სადაც ათასზე მეტ იეჰოვას მოწმესა თუ სხვა დაზარალებულს აღმოუჩინეს დახმარება.
პაციენტებს შორის იყო ორი გოგონა, ორივემ მარჯვენა ხელი დაკარგა. ერთ-ერთი მოხალისე, მილენი იხსენებს: „სხვა დაუქორწინებელი პაციენტების მსგავსად, რომლებმაც კიდურები დაკარგეს, ისინიც იმას დარდობდნენ, რომ ვეღარ გათხოვდებოდნენ და შვილები არ ეყოლებოდათ“. მილენი დაუკავშირდა საფრანგეთში მცხოვრებ ერთ დას, რომელმაც ბავშვობაში ავტო-საგზაო შემთხვევის დროს ხელი დაკარგა, და სთხოვა, ეს ორი გოგონა გაემხნევებინა. საფრანგეთიდან დამ მათ ელექტრონული ფოსტით ქმარ-შვილთან გადაღებული სურათები გაუგზავნა. ამ სურათებმა ისინი ძალიან ანუგეშა. ახლა გოგონები თავიანთ მდგომარეობას ეგუებიან.
საკვების, ტანსაცმლისა და წამლების გარდა, მიწისძვრით დაზარალებულებს თავშესაფარი სჭირდებოდათ. ჰაიტელმა და სხვა ქვეყნებიდან ჩასულმა მოწმეებმა 1 700-ზე მეტი დროებითი საცხოვრებელი ააგეს, რათა უსახლკაროდ დარჩენილი მოწმეები ღია ცის ქვეშ არ ყოფილიყვნენ. ივნისში მოხალისეების ჯგუფმა დროებითი სამეფო დარბაზების აშენება დაიწყო, ივლისში კი მთავრობამ მათ ოფიციალურად მისცა სამეფო დარბაზების აშენების უფლება.
ფიზიკური, ემოციური და სულიერი დახმარების აღმოჩენა
იეჰოვას მოწმე ერთი ექიმი, რომელიც ისეთ პაციენტებს ეხმარება, ვინც პოსტტრამვული სტრესი გადაიტანა, მარტში შეხვდა მიწისძვრით დაზარალებული 115 კრების უხუცესებს. ექიმმა უხუცესებს პრაქტიკული რჩევები მისცა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაეწიათ სულიერი დახმარება კრების იმ წევრებისთვის, ვინც ემოციური ტრავმა გადაიტანა. შემდეგ ექიმი პირადად შეხვდა 100-ზე მეტ და-ძმას, ვისაც უშუალოდ სპეციალისტის დახმარება სჭირდებოდა.
მალე ჰაიტიში და-ძმების სანუგეშებლად და გასამხნევებლად ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, დეივიდ სპლეინი, ჩავიდა. ძმა სპლეინმა, რომელიც ფრანგულადაც ლაპარაკობს, გაამხნევა სარაიონო კონგრესზე შეკრებილი თანაქრისტიანები. ის აგრეთვე შეხვდა ბეთელის ოჯახის წევრებს, მისიონერებსა და მიმომსვლელ ზედამხედველებს. ჰაიტელმა და-ძმებმა დიდი მადლიერება გამოხატეს ხელმძღვანელი საბჭოს მიერ გამოვლენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანდა, „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჰაიტის კრეოლურ ენაზე ითარგმნა, დაიბეჭდა და გაიგზავნა ფილიალში. ბიბლიების ჰაიტიზე ჩატანა ივლისში, საოლქო კონგრესის დღეს მოხერხდა, რამდენიმე საათით ადრე, სანამ მისი გამოცემა გამოცხადდებოდა. 2010 წელს ჰაიტიზე განვითარებული მოვლენების პირველივე დღიდანვე დიდ თუ პატარა საქმეში ყველა გრძნობდა იეჰოვას ხელმძღვანელობასა და მხარდაჭერას. ყველანაირი დახმარება იმდენად დროული იყო და ისეთი სახით ხორციელდებოდა, რომ შეუძლებელი იყო, ეს ყველაფერი შემთხვევითობისთვის მიგეწერა. ერთმა დიდი ხნის მისიონერმა თქვა: „იეჰოვას ხელი აშკარა იყო და ეს რომ დაგენახათ, აქ უნდა ყოფილიყავით“.
ფილიალების მიძღვნა ღმერთს განადიდებს
2010 წლის 13 თებერვალი დაუვიწყარი დღე იყო სოლომონის კუნძულებზე მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისთვის. ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, სტივენ ლეტმა, წაიკითხა ფილიალის ახალი შენობების მიძღვნის მოხსენება. 368 დამსწრეს შორის პირველი ადგილობრივი მოწმე კლემენტ ფაბასუაც იყო. ერთი თვით ადრე ფილიალმა ახლომახლო მცხოვრები ხალხისთვის ღია კარის დღე მოაწყო. ამ დღეს 273 ადამიანს მიეცა ფილიალის დათვალიერების შესაძლებლობა. ერთმა სტუმარმა, რომელიც არქიტექტორი იყო, წამყვან გაზეთში დაწერა: „მთლიანობაში ფილიალი უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. ვისთვისაც არ უნდა იყოს ეს შენობა აშენებული, სოლომონის კუნძულებზე მცხოვრებთათვის ეს სამაგალითო ნაგებობაა. დამპროექტებელს, მუშა ხელსა თუ მათ, ვინც მშენებლობას ხელმძღვანელობდა, შეუძლიათ თამამად თქვან, რომ ჩვენს სამოთხისმაგვარ კუნძულზე ხელოვნების უძვირფასესი ნიმუში შექმნეს“.
ესტონეთში დიდხანს ემახსოვრებათ ფილიალის მიძღვნის პროგრამა, რომელიც 2010 წლის 3 აპრილს, შაბათს, ჩატარდა. პროგრამა 438-მა კაცმა მოისმინა. მიძღვნის მოხსენება წაიკითხა ძმა კრისტიან მუნტიანმა საბერძნეთის ფილიალიდან. ძმებმა შეიძინეს ფილიალის გვერდით მდებარე ორსართულიანი შენობა, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას ეკუთვნოდა. ამ გადაკეთებულ შენობაში განთავსდა ჩამწერი სტუდია და საკლასო ოთახი ისეთი ბიბლიური სკოლებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის.
ლატვიაში მიძღვნის პროგრამა 2010 წლის 10 აპრილს ჩატარდა. მას შემდეგ, რაც 1918 წელს ლატვიაში პირველად იქადაგეს, ათწლეულების განმავლობაში სასიხარულო ცნობის გავრცელება სერიოზულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. დღეს კი ლატვიაში სამქადაგებლო მსახურებას ხელს აღარაფერი უშლის. ადგილობრივ და-ძმებთან ერთად მიძღვნის მოხსენება, რომელიც კრისტიან მუნტიანმა წარმოთქვა, ცხრა ქვეყნიდან ჩამოსულმა 248 დელეგატმაც მოისმინა.
2010 წლის 8 მაისს, შაბათს, 2200-ზე მეტმა დამსწრემ მოისმინა ხელმძღვანელი საბჭოს წევრის, გერიტ ლოშის, მოხსენება, რომელიც მან პარაგვაის ფილიალის მიძღვნისას წარმოთქვა. აშენდა დიდი კომპლექსი, სადაც განთავსდა ოფისები და 32 საცხოვრებელი ოთახი, ყოფილი საცხოვრებელი ოთახები კი გადაკეთდა და გარემონტდა. გარდა ამისა, მიწის ქვეშ ჩაამონტაჟეს 40 ტონიანი წლის ცისტერნა. ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლები მშენებლობის დასაწყისიდანვე ძალიან კმაყოფილნი იყვნენ საერთაშორისო თუ ადგილობრივი მშენებლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხით. ერთმა სახელმწიფო მოხელემ აღნიშნა, რომ სხვა რელიგიური შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა იქმნება ხოლმე, მაგრამ იეჰოვას მოწმეები ყველაფერს სწორად აკეთებენ. სწორედ ამიტომ, მათ ადვილად მიიღეს ფილიალის მშენებლობის ნებართვა.
2010 წლის 29 მაისს, შაბათს, პაპუა-ახალ გვინეაში 12 ქვეყნიდან ჩამოსული 500-მდე და-ძმა შეიკრიბა, რათა ფილიალის მიძღვნის პროგრამა მოესმინათ. მოხსენება წარმოთქვა ავსტრალიის ფილიალიდან ჩასულმა ძმამ, უინსტონ პეინმა. ფილიალის გაფართოების პროგრამაში შედიოდა ოთხსართულიანი შენობა, სადაც განთავსებული იყო საცხოვრებელი ოთახები, სასადილო, სამზარეულო და სამრეცხაო. ასევე ერთი შენობა საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და სამეფო დარბაზისთვის. აშენდა აგრეთვე საკმაოდ დიდი შენობა მთარგმნელობითი განყოფილებისთვის. დამსწრეთა შორის იყო რამდენიმე მოწმე, რომლებმაც ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ექვსი დღე უსწორმასწორო მთებზე იარეს. ისინი ტრადიციულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი და სტუმრებს ცეკვა-სიმღერით ეგებებოდნენ. ერთმა დიდი ხნის მონათლულმა დამ თვალცრემლიანმა თქვა: „ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკვე სამოთხეში ვარ“. ამ სიტყვებით მან ბევრის გრძნობები გამოხატა.
„ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ“
უდავოა, რომ იეჰოვას მოწმეების ერთობლივ ძალისხმევას დიდება მოაქვს ღვთისთვის. იესომ თქვა: „მამაჩემისთვის იმას მოაქვს დიდება, რომ ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ და ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ“ (იოან. 15:8). იეჰოვას კურთხევითა და ხელმძღვანელობით ისინი ისწრაფვიან, „იეჰოვას ღირსად იარონ იმ მიზნით, რომ ყველაფერში ასიამოვნონ მას — ყოველ კარგ საქმეში ნაყოფი გამოიღონ და ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა გაიღრმაონ, გაძლიერდნენ მთელი ძალით მისი დიდებული ძლევამოსილებისამებრ, რათა ყველაფერი მოითმინონ და სულგრძელნი იყვნენ სიხარულით“ (კოლ. 1:10, 11).
[სურათი 8 გვერდზე]
ნაცუემ ბიბლიის შესწავლა განაახლა
[სურათები 11 გვერდზე]
ძმები გულდასმით ამოწმებენ ინფორმაციას
[სურათი 13 გვერდზე]
კორეა
[სურათი 14 გვერდზე]
მექსიკა
[სურათები 14 გვერდზე]
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
[სურათი 15 გვერდზე]
სტივენ ლეტი ერთ-ერთ საერთაშორისო კონგრესზე, ჰავაი
[სურათი 22 გვერდზე]
დიმიტრი სმიკი
[სურათი 25 გვერდზე]
ევანგელოს დელისი
[სურათი 25 გვერდზე]
იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი
[სურათი 33 გვერდზე]
მიწისძვრიდან მალევე მოწმეებისგან შემდგარი მედპერსონალი ჰაიტიზე ჩავიდა
[სურათი 33 გვერდზე]
ჰაიტელმა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა მოწმეებმა 1 700-ზე მეტი დროებითი საცხოვრებელი ააგეს
[სურათი 34 გვერდზე]
ჰაიტის კრეოლურ ენაზე გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“
[სურათი 36 გვერდზე]
ესტონეთის ფილიალის გაფართოება
[სურათი 37 გვერდზე]
პარაგვაის ბეთელი
[სურათები 37 გვერდზე]
უინსტონ პეინი მიძღვნის მოხსენებას კითხულობს პაპუა-ახალი გვინეის ფილიალში