საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yb14 გვ. 26-35
  • იურიდიული ანგარიში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იურიდიული ანგარიში
  • იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2014
  • მსგავსი მასალა
  • იურიდიული ანგარიში
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2015
  • გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2013
  • იურიდიული ანგარიში
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2016
  • გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2012
იხილეთ მეტი
იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2014
yb14 გვ. 26-35
სურათი 27 გვერდზე

გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

იურიდიული ანგარიში

მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა: „გახსოვდეთ საპყრობილეში ბორკილებში მყოფნი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი“ (ებრ. 13:3). ჩვენ, იეჰოვას მსახურები არ ვივიწყებთ ერთგულ და-ძმებს და ვლოცულობთ „ყველასთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია, რათა კვლავაც წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ ღვთისადმი სრული ერთგულებითა და სერიოზულობით“ (1 ტიმ. 2:1, 2; ეფეს. 6:18).

ამ იურიდიულ ანგარიშში გაეცნობით იმ სამართლებრივ საქმეებს, რომელზე მუშაობაც იეჰოვას მოწმეებს გასულ წელს უწევდათ:

რუსეთში მართლმადიდებლური ეკლესია და ზოგი ხელისუფლების წარმომადგენელი აქტიურად ცდილობენ შეაჩერონ ჩვენი საქმიანობა. ყოველივე ამის მიუხედავად, ჩვენი ძმები „დაუღალავად ასწავლიან და აუწყებენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქ. 5:42). რუსეთის მთავრობა ჩვენს და-ძმებთან და ლიტერატურასთან მიმართებაში კვლავაც იყენებს კანონს, რომელიც ექსტრემიზმთან ბრძოლას ეხება. აღსანიშნავია, რომ ეს კანონი საკმაოდ ბუნდოვანია. რუსეთის სასამართლოებმა 70-მდე ჩვენი პუბლიკაცია ექსტრემისტულად შერაცხეს, რის შედეგადაც ეს პუბლიკაციები სახელმწიფოს მიერ აკრძალული ლიტერატურის სიაში შევიდა. ამ ლიტერატურის კონფისკაციის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეიდი მოაწყვეს სამეფო დარბაზებსა და ჩვენი და-ძმების სახლებში. აგრეთვე დაფიქსირდა არაერთი ფაქტი, როდესაც მსახურებაში ბევრ ჩვენს და-ძმას აპატიმრებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და მათგან თითის ანაბეჭდებსაც იღებდნენ. დაშინების მიზნით ხშირად ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ.

2013 წლის მაისიდან მოყოლებული ქალაქ ტაგანროგში იეჰოვას მოწმეებს უსამართლოდ ექცევიან. 16 და-ძმას ბრალი წაუყენეს იმაში, რომ ორგანიზებას უწევენ ქრისტიანული კრების შეხვედრებს, ესწრებიან და მონაწილეობენ მათში და ქადაგებენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოწმეებს თავიანთი საქმიანობის გამო სისხლის სამართლის დანაშაულში დასდეს ბრალი. ზოგიერთ მხარეში რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე უფლებამოსილი პირები სასამართლოს ძალით ითხოვენ ჩვენი ლიტერატურის აკრძალვას ანუ მათ ექსტრემისტულად გამოცხადებას და ჩვენი ძმების სისხლის სამართლის წესით გასამართლებას.

ჩვენი და-ძმები ერიტრეაში კვლავაც სასტიკ წინააღმდეგობას ხვდებიან. 2013 წლის ივლისის მონაცემებით, 52 და-ძმა, მათ შორის 70 წელს გადაცილებული 8 ძმა და 6 და, ციხეშია. დაპატიმრებულთა შორის არიან პაულუს ეიასუ, ისააკ მოგოსი და ნეგედე ტეკლემარიამი, რომლებიც 1994 წლის სექტემბერში სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დააპატიმრეს და დღემდე ციხეში სხედან.

დაპატიმრებულების ნახევარზე მეტი მიტერის სამხედრო ციხეში იმყოფება, რომელიც დედაქალაქ ასმერას ჩრდილოეთით მდებარეობს. 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის აგვისტომდე 25 მოწმე მეტად უცნაური მეთოდით დასაჯეს: ისინი მიწაში ნახევრად ჩაფლულ რკინის კასრში ჩასვეს. ზაფხულში მცველები პატიმრებს უფლებას აძლევდნენ, დღის განმავლობაში ამოსულიყვნენ კასრიდან, რადგან კასრში გაუსაძლისი სიცხე იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ პატიმრები არ იღებენ საკმარისი რაოდენობის საკვებსა და წყალს, რაც მათ ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, 2013 წლის აგვისტოში ამ საშინელი პირობების გამო 68 წლის ძმა, იოჰანეს ჰაილი გარდაიცვალა. მსგავსი შემთხვევა პირველად 2011 წელს მოხდა, როდესაც ერიტრეის ციხეში ძმა მისგენე გებრეტინსაე დაიღუპა.

ვითხოვთ ალტერნატიულ სამსახურს

სამხედრო სამსახურზე უარის თქმის ბიბლიური საფუძველი: ესაიას 2:4 და იოანეს 18:36.

სომხეთი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელმაც განიხილა საქმე „ხაჩატურიანი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ“, 2012 წლის 27 ნოემბერს გადაწყვეტილება მათივე სასარგებლოდ მიიღო. სომხეთის მთავრობამ უსამართლოდ აღძრა საქმე 17 მოწმის წინააღმდეგ; მიზეზი ის იყო, რომ მოწმეები ისეთ ალტერნატიულ სამსახურს ითხოვდნენ, რომელიც არ იქნებოდა სამხედრო სამსახურის დაქვემდებარებაში. ამგვარი უკანონო ქმედების გამო სომხეთის მთავრობას მოუწია დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა და მათი სასამართლო ხარჯების დაფარვა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოპოვებული ამ და სხვა გამარჯვებების მიუხედავად, რომელთაგანაც ერთ-ერთი უკავშირდებოდა ისტორიული მნიშვნელობის საქმეს „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“, გარკვეული დროის მანძილზე სომხეთში ახალგაზრდა ძმებს მაინც ავიწროებდნენ და აპატიმრებდნენ. მაგრამ 2013 წლის 8 ივნისს სომხეთის მთავრობამ შესწორებები შეიტანა კანონში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის თაობაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური მეტად აღარ იქნებოდა სამხედრო სამსახურის დაქვემდებარებაში. 2013 წლის 12 ნოემბერს ყველა მოწმე, რომლებიც სინდისის, მრწამსისა და აღმსარებლობის გამო უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე და პატიმრობაში იმყოფებოდნენ, გაათავისუფლეს; აგრეთვე დააკმაყოფილეს იმ ახალგაზრდა მოწმეების მოთხოვნაც, ვინც ალტერნატიულ სამსახურს ითხოვდა.

სამხრეთი კორეა.

2013 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში 602 ძმა იყო დაპატიმრებული. 1950 წლიდან მოყოლებული დღემდე ამ ქვეყანაში 17 605 იეჰოვას მოწმეს მთლიანობაში 34 184 წლის გატარება მოუწია ციხეში იმის გამო, რომ უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე.

არც ისე დიდი ხნის წინ დაპატიმრებული მოწმეები საშიშ კრიმინალებთან ერთად ისხდნენ საკანში. ამიტომ იეჰოვას მოწმეებმა მიმართეს კორეის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და მოითხოვეს, რომ ციხის ადმინისტრაციას დაპატიმრებული ძმები სხვა პატიმრებთან ერთად აღარ ჩაესვათ ერთ საკანში. ციხის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და ჩვენი ძმები კრიმინალებს დააშორეს. ასე რომ, 2013 წლის აპრილისთვის ძმების, სულ მცირე, 75 პროცენტი უკვე მხოლოდ ოთხ-ხუთ ძმასთან ერთად იჯდა საკანში. აი, რას ამბობს ზოგი ძმა, რომელთაც ეს ცვლილება შეეხოთ:

„ჩვენ უკვე აღარ გვესმის უხამსი ლაპარაკი და აღარც ზნეობრივად დაცემული ადამიანების გარემოცვაში გვიწევს ყოფნა“. სხვა ძმა კი დასძენს: „ახლა ჩვენ ერთმანეთს ვამხნევებთ და ყოველკვირეულად კრების ხუთივე შეხვედრას ვატარებთ“.

დაახლოებით ამ პერიოდში ასეთი რამ მოხდა: მათგან, ვინც სამხედრო სამსახურიდან რეზერვში გადაიყვანეს, 56 მამაკაცი მოგვიანებით იეჰოვას მოწმე გახდა. მათ უარი თქვეს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე, რის გამოც არაერთხელ გაასამართლეს, ფულადი ჯარიმაც დააკისრეს და დააკავეს. ვინაიდან რეზერვისტთა გაწვევა მხოლოდ ერთხელ არ ხდება, შეიძლება რვა წლის მანძილზე ძმები არაერთხელ გამოიძახონ კომისარიატში. მათთვის მუდმივად ასეთი უსამართლო წნეხის ქვეშ ყოფნა ნამდვილად არ არის ადვილი.

სინგაპური.

მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურში ძმებმა არაერთხელ მოითხოვეს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, 12 ძმას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და სამხედრო ციხეებში ჩასვეს. ერთი ძმა კი ერთი წლით დააპატიმრეს იმის გამო, რომ უარი თქვა სარეზერვო სამსახურზე.

თურქმენეთი.

ცხრა იეჰოვას მოწმეს, რომლებმაც მრწამსის გამო უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურზე, წელიწად-ნახევრიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. მათ ციხის მცველები და ჯარისკაცები ხშირად უმოწყალოდ სცემდნენ. გათავისუფლების შემდეგ უფლებამოსილი პირები ამ ძმებს რეციდივისტებად რაცხავდნენ და კვლავ აღძრავდნენ მათ წინააღმდეგ საქმეს, რის შემდეგაც ასამართლებდნენ და უფრო მკაცრი რეჟიმის ციხეებში სვამდნენ. ამ უსამართლო მოპყრობის გამო ადვოკატებმა იმ ათი მოწმის საქმე, რომლებმაც სინდისის, მრწამსისა და აღმსარებლობის გამო უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურზე, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში გაასაჩივრეს.

არ ვმონაწილეობთ პატრიოტულ ცერემონიალებში

ეს შეხედულება ეფუძნება დანიელის 3:16—18-ს.

სურათი 32 გვერდზე

ტანზანია. მას შემდეგ, რაც ამ ახალგაზრდა მოწმეებს ბრალდება მოუხსნეს, კვლავ განაგრძობენ სკოლაში სწავლას

ტანზანია.

დარ-ეს-სალამის სააპელაციო სასამართლომ (ტანზანიის უზენაესი სასამართლო) დაგმო ის ფაქტი, რომ ხუთი მოსწავლე სახელმწიფო ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმის გამო გარიცხეს სკოლიდან. როგორც სასამართლოზე აღინიშნა, თუ ასეთი ქმედება არ აღიკვეთებოდა, კიდევ 122 მოწაფეს მოუწევდა სკოლის დატოვება. 2013 წლის 12 ივლისს სასამართლომ აღიარა, რომ იეჰოვას მოწმეებს აქვთ სრული უფლება, ისე სცენ ღმერთს თაყვანი, როგორც მათთვისაა მისაღები. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების თანახმად, დაცული იქნება იეჰოვას მოწმეების კონსტიტუციური უფლება, მათი სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. ამ ღვთის მოყვარული ახალგაზრდების სიმტკიცემ გამარჯვებამდე მიგვიყვანა, დიდება მოუტანა იეჰოვას სახელს და ხელი შეუწყო იმას, რომ ღვთის ხალხმა თავისუფლად სცეს ღმერთს თაყვანი ტანზანიაში.

აკრძალვის მიუხედავად, მაინც ვქადაგებთ

ეს შეხედულება ეფუძნება საქმეების 4:19, 20-ს.

ყაზახეთი.

რელიგიურ საქმეთა რეგიონალური დეპარტამენტის მიერ დანიშნულმა ექსპერტიზამ რამდენიმე ჩვენი პუბლიკაცია ექსტრემისტულად გამოაცხადა, რადგან, მათი თქმით, ისინი საზოგადოებას ორად ყოფდა და რელიგიურ შუღლს აღვივებდა. 2013 წლის 6 აპრილს ქალაქ კარაბალიკში პოლიციამ არასანქცირებადი რეიდი მოაწყო იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრის დროს, რომელიც კერძო სახლში ტარდებოდა და მოწმეებს ლიტერატურა ჩამოართვა. 2013 წლის 3 ივლისს ქალაქ ასტანაში ადგილობრივმა სასამართლომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც უნდა აკრძალულიყო ჩვენი ათი პუბლიკაცია, კვლავაც უნდა ყოფილიყო დაწესებული ცენზურა ჩვენს ლიტერატურაზე და ქვეყანაში მათი შეტანაც უნდა შეზღუდულიყო. გარდა ამისა, 2012 წლის დეკემბერში უფლებამოსილმა პირებმა დაიწყეს მთელი რიგი დაკავებები; ისინი ეგრეთ წოდებული უკანონო მისიონერული საქმიანობის ბრალდებით ასამართლებდნენ ძმებს. 2013 წლის 28 მარტს რელიგიურ საქმეთა საბჭომ „იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ ცენტრს“ მიმართა და დაავალა, ყაზახეთში ყველა იეჰოვას მოწმისთვის აეხსნათ, რომ კანონით ეკრძალებოდათ თავიანთი დარეგისტრირებული თაყვანისმცემლობის ადგილებს გარეთ ქადაგება. 2013 წლის ივლისიდან მოყოლებული უფლებამოსილმა პირებმა 21 საქმე აღძრეს ჩვენი და-ძმების წინააღმდეგ.

გვაქვს ერთად შეკრების უფლება

ეს თვალსაზრისი ეფუძნება ებრაელების 10:24, 25-ს.

აზერბაიჯანი.

2010 წელს სახელმწიფო კომიტეტმა, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებთან თანამშრომლობს, უარი თქვა იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანების ხელახლა დარეგისტრირებაზე; კომიტეტმა მიზეზად მოიყვანა განცხადებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები. იეჰოვას მოწმეებმა გამოასწორეს ეს შეცდომები, მაგრამ არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომიტეტი უარს ამბობდა მათი გაერთიანების ხელახლა დარეგისტრირებაზე. 2012 წლის 31 ივლისს ჩვენმა ძმებმა ეს საქმე განსახილველად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს, რამეთუ აზერბაიჯანის მთავრობა ლახავდა მათი რელიგიის თავისუფლებას, როცა უსაფუძვლო მიზეზების გამო უარს ამბობდა მათი გაერთიანების ხელახლა დარეგისტრირებაზე. ამ რეგისტრაციის გარეშე აზერბაიჯანელი და-ძმები სრულად ვერ სარგებლობენ იურიდიული სტატუსით.

გვაქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და საკუთრების დაცვის უფლება

ეს თვალსაზრისი ეფუძნება ფილიპელების 1:7-ს.

უკრაინა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში იეჰოვას მოწმეები თავისუფლებით სარგებლობენ, მათ ხშირად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, საკუთრებას უწვავენ და სამეფო დარბაზებზე ვანდალურ თავდასხმებს ახორციელებენ. სამწუხაროდ, ამ უკანონო ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოები სათანადოდ არ რეაგირებენ. ეს დაუსჯელობის სინდრომი მოწინააღმდეგეებს უფრო მეტ სითამამეს სძენს. შედეგი ისაა, რომ 2012—2013 წლებში ჩვენს ძმებზე თავდასხმის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. 2010 წელს ვანდალიზმისა და საკუთრების გადაწვის მხოლოდ 5 შემთხვევა დაფიქსირდა, 2011 წელს ეს რიცხვი 15-მდე გაიზარდა, 2012 წელს 50-ს მიაღწია, ხოლო 2013 წლის პირველი ხუთი თვის მანძილზე კიდევ 23 მსგავსი შემთხვევა მოხდა. უკრაინის ფილიალმა ეს საქმეები განსახილველად გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადასცა.

სურათი 28 გვერდზე

უკრაინა: მალე ძმები აღადგენენ ამ სამეფო დარბაზს, რომელზეც ადგილობრივებმა ვანდალური თავდასხმა განახორციელეს და გადაწვეს

გვაქვს თვითგამორკვევის ანუ საკუთარი ნება-სურვილის გამოხატვის უფლება

ეს თვალსაზრისი ეფუძნება საქმეების 5:29-სა და 15:28, 29-ს.

არგენტინა.

2012 წლის გაზაფხულზე პაბლო ალბარასინი შემთხვევით შეესწრო დაყაჩაღების სცენას; მძარცველებმა სროლა ატეხეს, რის შედეგადაც პაბლო დაიჭრა. ის უგონო მდგომარეობაში სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში. ძმა პაბლოს წინასწარ ჰქონდა შევსებული სამედიცინო მინდობილობის ბლანკი, რომელშიც უარს ამბობდა სისხლის გადასხმაზე. მართალია, საავადმყოფოს პერსონალი მზად იყო, პატივი ეცა მისი შეხედულებისთვის, მაგრამ ძმა პაბლოს ოჯახის ერთი წევრი, რომელიც არ იზიარებდა მის რწმენას, ცდილობდა, სასამართლოს ძალით მოეთხოვა ექიმებისთვის, რომ მისთვის სისხლი გადაესხათ, რადგან, როგორც ამტკიცებდა, ეს აუცილებელი იყო მის გადასარჩენად. მაგრამ არგენტინის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება პაბლოს სასარგებლოდ მიიღო. სასამართლომ პატივი სცა ძმა პაბლოს არჩევანს ამ საკითხთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ ის უგონო მდგომარეობაში იყო. შესაბამისად, მას არ გადაუსხეს სისხლი. იგი სრულიად გამოჯანმრთელდა და მადლიერია, რომ იეჰოვას დახმარებით ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხში ღვთის ერთგული დარჩა.

ვხდებით რელიგიური დისკრიმინაციის მსხვერპლი

ლუკა 21:12—17.

ყირგიზეთი.

2013 წლის 16 აპრილს ქალაქ ტოკტოუგულში ადგილობრივმა სასამართლომ ჩვენი ძმების სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება. ადგილობრივებმა იქ ორჯერ დაანგრიეს სამეფო დარბაზი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამნაშავეები დააპატიმრეს და ზარალის ანაზღაურების მიზნით კომპენსაციის გადახდა დააკისრეს. ამჟამად განიხილება მათი საქმე, ვინც პირველად შეიჭრნენ ჩვენს ტერიტორიაზე და დაანგრიეს დარბაზი; ძმები იმედოვნებენ, რომ მათ მხარეში მსგავსი უკანონო ქმედება მეტად აღარ განმეორდება. მანამდე კი კრების წევრები მზად არიან, ხელახლა ააშენონ სამეფო დარბაზი.

სურათი 34 გვერდზე

ყირგიზეთი. ეს სამეფო დარბაზი ადგილობრივებმა ორჯერ დაანგრიეს

მნიშვნელოვანი იურიდიული გამარჯვებები

  1. სჭირდება სპეციალური ნებართვა რელიგიურ ჯგუფს კონგრესებისა და კრების შეხვედრების ჩასატარებლად?

    გადაწყვეტილება: 2012 წლის 5 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთის კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლების უფლებას იძლევა. ამ დადგენილების თანახმად, რელიგიური შეხვედრების ჩასატარებლად ჩვენს ძმებს არ სჭირდებათ უფლებამოსილი პირების წინასწარი გაფრთხილება და სპეციალური ნებართვის მიღება.

  2. აქვს მთავრობას უფლება, პაციენტის ავადმყოფობის ისტორია მის დაუკითხავად გამოითხოვოს? ირღვევა ამ დროს პაციენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება? რუსეთი: 2007 წელს ქალაქ სანკტ-პეტერბურგის ვიცე-პროკურორმა მოითხოვა, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას დაუყოვნებლივ ეცნობებინა პროკურატურისთვის, თუ რომელიმე იეჰოვას მოწმე პაციენტი უარს იტყოდა სისხლის ან მისი რომელიმე კომპონენტის გადასხმაზე. ამავე დროს, სამედიცინო პერსონალს საქმის კურსში არ უნდა ჩაეყენებინა პაციენტები. რუსეთის სასამართლოებში ძმებმა ვერ იპოვეს სამართალი, ამიტომ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს.

    გადაწყვეტილება: 2013 წლის 6 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში დაირღვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და დაადასტურა, რომ არ არსებობდა „რაიმე საფუძვლიანი მიზეზი“ იმისთვის, რომ საჯარო მოხელეებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო პირადი ინფორმაცია. 7 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ არ დააკმაყოფილა რუსეთის მთავრობის თხოვნა საქმის ხელახალი გადახედვის შესახებ და ამგვარად 6 ივნისის გადაწყვეტილება საბოლოო გადაწყვეტილებად ცნო („ავილკინა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“).

უახლესი ინფორმაცია

2012 წლის 5 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საფრანგეთის მთავრობას მოუწოდა, სრულიად მოეხსნა იეჰოვას მოწმეებისთვის დაკისრებული ბეგარა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, საფრანგეთის მთავრობამ მოწმეებს უკან დაუბრუნა ჩამორთმეული თანხა, დაფარა სასამართლო ხარჯები და გააუქმა იეჰოვას მოწმეების საფრანგეთის ფილიალისთვის დაკისრებული ბეგარა („2013 წლის წელიწდეული“, გვერდი 34).

ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში იეჰოვას მოწმეები კვლავაც ხვდებიან წინააღმდეგობებს. თუმცა, დღესდღეობით უკვე აღარ ხდება მოწმეებისთვის ცრუ ბრალდებების წაყენება და მათი დაპატიმრება. ამჟამად დაახლოებით 20 სამართლებრივი საქმეა აღძრული იმის თაობაზე, რომ ძმებს აუნაზღაურონ უსამართლო მოპყრობით მიყენებული მორალური ზარალი („2013 წლის წელიწდეული“, გვერდი 35).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება