საქართველო
ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას მივმართავდი
თამაზ ბიბლაია
დაიბადა: 1954 წ.
მოინათლა: 1982 წ.
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: კომუნისტური რეჟიმის დროს ლიტერატურის ბეჭდვაში იღებდა მონაწილეობას. იგი ერთ-ერთი პირველი მიმომსვლელი ზედამხედველი იყო და თან ოთხ შვილს ზრდიდა.
დედაჩემი ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ მე და ჩემი მეუღლე ციცო იეჰოვას მოწმეები ვიყავით. იმ პერიოდში ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. ერთხელ დედამ მთელი სანათესაო შეკრიბა იმ იმედით, რომ დამარწმუნებდნენ, ყოველგვარი კავშირი გამეწყვიტა მოწმეებთან. არჩევანის წინაშე დამაყენეს — ან ჩემს რწმენაზე უნდა მეთქვა უარი, ან სახლიდან უნდა წავსულიყავი.
გადავწყვიტე, საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავსულიყავი. პროფესიით ხარატი ვარ, ამიტომ ქუთაისში გადასვლაზე ვფიქრობდი, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი იყო. ვიმედოვნებდი, რომ იქ ადვილად ვიპოვიდი სამუშაოს. თანაც ვიცოდი, რომ ამ ქალაქში მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იეჰოვას ვთხოვდი ხელმძღვანელობას.
ცოტა ხანში შევხვდი ჩემს ერთ ბიბლიის შემსწავლელს, რომელიც პატარა ქალაქ ჯვარში ცხოვრობდა. როცა გაიგო, რომ ქუთაისში გადასვლაზე ვფიქრობდი, შემეხვეწა, მის ქალაქში გადავსულიყავი. მან მითხრა: „ჩვენთან იცხოვრეთ. მე და ჩემი ცოლ-შვილი ერთ ოთახში ვიქნებით, თქვენ კი — მეორეში“.
რადგანაც იეჰოვას ხელმძღვანელობას ვეძებდი, ვუთხარი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდებოდი, თუ ჯვარში მალევე ვიშოვიდი ბინას და სამუშაოს. ჩემდა გასაკვირად, მან იმ საღამოსვე მომიტანა ფურცელი, რომელზეც ჩამოწერილი ჰქონდა სამუშაოების სია.
რამდენიმე დღეში უკვე ჯვარში ვიყავით. პირველივე დღეს ვიპოვე სამუშაო და, თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. ჩემმა ახალმა უფროსმა ქარხნის კუთვნილ საცხოვრებელში გადასვლა შემომთავაზა. მალე ძმებმა გვთხოვეს, თუ შესაძლებელი იყო, ჩვენს სახლში დაგვებეჭდა ლიტერატურა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდით. საკმაოდ დიდი სახლი გვქონდა, ამიტომ ადგილის გამონახვა არ გაგვჭირვებია.
მრავალი წლის მანძილზე ჩვენთან გახსენების საღამო და სხვა სულიერი ღონისძიებები ტარდებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს სახლში 500-ზე მეტი ადამიანი მოინათლა! როცა წარსულს ვიხსენებ, მიხარია, რომ აშკარად დავინახე იეჰოვას ხელმძღვანელობა და ერთგულად მივყევი!