კოლუმბია
გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები
ძირითადი ყურადღება სამქადაგებლო საქმეს ეთმობა
2015 წლის 23 სექტემბერს, ოთხშაბათს, ხელმძღვანელმა საბჭომ ბეთელის ოჯახებს მთელ მსოფლიოში აცნობა ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ, რომელიც იმისკენ იყო მიმართული, რომ, რაც შეიძლება საუკეთესოდ გამოეყენებინათ შეწირული თანხები. მალევე, 2015 წლის 3 ოქტომბერს, შაბათ დღეს ხელმძღვანელმა საბჭომ ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა: «ფილიპელების 1-ლი თავის მე-10 მუხლი მოგვიწოდებს, დავრწმუნდეთ, „რა უფრო მნიშვნელოვანია“. ამ მოწოდების საფუძველზე ჩვენ [ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს] გვსურს, რომ ძირითადი აქცენტი ისეთ საქმეებზე გადავიტანოთ, რაც ღვთის ხალხის სულიერ კეთილდღეობასა და მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლას ემსახურება».
მოგვიანებით ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა სტივენ ლეტმა JW მაუწყებლობაზე ამის მიზეზი ასე ახსნა: „ხელმძღვანელი საბჭო სერიოზულად ფიქრობს, თუ როგორ შეუწყოს ხელი სამქადაგებლო საქმის წინსვლას. ამიტომ გადავწყვიტეთ, შევამციროთ ფილიალების ხარჯები, რათა უფრო მეტი თანხა სამქადაგებლო საქმეს მოვახმაროთ. მაგალითად, ბევრი განყოფილება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ბეთელებში, ან საერთოდ გაუქმდა, ან ამ განყოფილებებში მომსახურე პერსონალი შემცირდა. შესაბამისად, ბეთელელების რაოდენობაც შემცირდება“.
2015 წლის სექტემბრიდან მოყოლებული დაახლოებით 5 500-მა და-ძმამ დატოვა ბეთელი და აქტიურად ჩაება სამქადაგებლო საქმიანობაში. მართალია, ეს საკმაოდ სერიოზული ცვლილება იყო, მაგრამ აშკარაა, რომ იეჰოვამ აკურთხა ეს გადაწყვეტილება. ამ ცვლილებამ მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლას.
ერთი შრი-ლანკელი ცოლ-ქმარი, რომლებიც ბეთელში მსახურობდნენ, დღეს პიონერები არიან. მათ, როგორც თავად თვლიან, შესაძლებლობა აქვთ, რწმენა გამოავლინონ იეჰოვას მიმართ და ნდობა გამოუცხადონ მის ორგანიზაციას. ისინი წერენ: «არ ვიცოდით, რა გზის გავლა მოგვიწევდა, თუმცა დარწმუნებული ვიყავით, რომ იეჰოვა არასდროს მიგვატოვებდა. ამიტომ ასე ვლოცულობდით: „იეჰოვა, გევედრებით, რაც არ უნდა მოხდეს, დაგვეხმარე, ისე მოვერგოთ ახალ პირობებს, რომ ორივემ შევძლოთ პიონერად მსახურება“. მართალია, პირველ თვეს ფინანსურად გაგვიჭირდა, მაგრამ იეჰოვას მზრუნველობა არ მოგვკლებია. დღეს ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი გვაქვს, რაც საჭირო ხარჯების დაფარვაში გვეხმარება. საკმაოდ დატვირთული განრიგი გვაქვს — საოჯახო საქმეები, სამუშაო და მსახურება. მაგრამ ყველაფერს შესანიშნავად ვართმევთ თავს და ეს იმიტომ, რომ ბეთელში ამ მხრივ კარგი გამოცდილება მივიღეთ. იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა ადამიანებს ჭეშმარიტების გაგებაში ეხმარები; ასე რომ, გვიხარია, რომ პიონერები ვართ და ასე აქტიურად ვართ ჩაბმული ამ საქმეში».
კოლუმბიაში ზოგმა ყოფილმა ბეთელელმა უცხო ენა შეისწავლა და დაშორებულ ტერიტორიებზე გადავიდა, რათა იქ მცხოვრები ხალხისთვის სამეფოს შესახებ ცნობა ექადაგა. ეს და-ძმები ნამდვილ კურთხევად იქცნენ იმ კრებებისთვის, სადაც დაინიშნენ. ერთი სარაიონო ზედამხედველი იმ წყვილის შესახებ, რომლებმაც მისი რაიონის ერთ კრებაში დაიწყეს მსახურება, აღნიშნავს: „კრების წევრები ძალიან აფასებენ მათ მხარდაჭერას. ამ წყვილის გადმოსვლის შემდეგ ისინი უფრო კარგი მქადაგებლები გახდნენ; მათი დახმარებით ძმებიც უფრო ადვილად ართმევენ თავს თავიანთ დავალებებს“. ზოგი და-ძმა, რომლებიც ბეთელში მსახურობდნენ, იმასაც ახერხებს, რომ კვირაში ერთი ან ორი დღე მოხალისედ იმსახუროს ბეთელში.
ერთი იაპონელი ძმა, რომელიც 31 წელი მსახურობდა ბეთელში, ისეთ კრებაში დანიშნეს, სადაც მხოლოდ ორი უხუცესი იყო. ეს კრება სამეფო დარბაზის რეკონსტრუქციას გეგმავდა, ამიტომ ამ ძმამ გადაწვიტა, ორი კვირა არ ემუშავა. მაგრამ სანამ ძმები სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შეუდგებოდნენ, ქალაქ კუმამოტოს, სადაც ეს კრება იყო, 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაატყდა. რადგანაც ამ ძმას ორი კვირა ეცალა, მან ეს დრო იმისთვის გამოიყენა, რომ დაზარალებულებს დახმარებოდა და მიწისძვრის შემდეგ და-ძმები მოენახულებინა. ის ამბობს: „იეჰოვამ ზუსტად იქ გამგზავნა, სადაც ყველაზე მეტად ვიყავი საჭირო“.
ფილი და სუგარი, რომლებიც ავსტრალაზიის ფილიალში მსახურობდნენ, იხსენებენ: „როცა ახალი დავალება მივიღეთ, გადავწყვიტეთ, კვლავაც უბრალოდ გვეცხოვრა. ჩვენ ლოცვაში ვთხოვდით იეჰოვას, დაგვხმარებოდა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და კურთხევა არ დაეშურებინა ჩვენთვის. ერთადერთი, რაც გვინდოდა, ის იყო, რომ გვემსახურა უცხო ქვეყანაში. იეჰოვამ უდავოდ აკურთხა ჩვენი გადაწყვეტილება და მოგვისწორა ბილიკები, რათა დაუბრკოლებლად და მთელი შემართებით გვემსახურა მისთვის“. ამჟამად ეს წყვილი კუნძულ სამალიზე (დავაო, ფილიპინები) ინგლისურენოვან ჯგუფში მსახურობს, სადაც 34 მაუწყებელი და 9 პიონერია. დღეს მათ დაახლოებით 120 ადამიანი ჰყავთ მოსანახულებელი, რომლებიც ჭეშმარიტებით დაინტერესდნენ. „ძალიან გვიხარია, რომ ამდენი საქმე გვაქვს ველზე. რა კარგია, რომ ბოლომდე მივენდეთ იეჰოვას, რის შედეგადაც მისადმი სიყვარული და რწმენა გაგვიღრმავდა“, — ამბობს ეს წყვილი.
რუსეთში ერთი დაუქორწინებელი და, რომელმაც ბეთელის შემდეგ სპეციალურ პიონერად დაიწყო მსახურება, ამბობს: „პიონერული მსახურების წყალობით უფრო მეტად ვარ ჩაბმული სამქადაგებლო საქმეში, რომელიც აღარასდროს განმეორდება. ბედნიერი ვარ, რომ კვლავ იეჰოვას ნებას ვასრულებ“. ამჟამად ის ექვს ადამიანს ასწავლის ბიბლიას, რომლებიც ერაყიდან, ზამბიიდან, ნიგერიიდან, სირიიდან და შრი-ლანკიდან არიან იქ ჩასული.
ზამბია: ყოფილ ბეთელელებს ახალ კრებაში გულთბილად ხვდებიან
ზამბიაში ბევრ ბეთელელს, რომლებიც პიონერებად განაგრძობენ მსახურებას, ძალიან უხარია, რომ მეტ დროს უთმობენ ქადაგებას. ენდრიუ, რომელიც მეუღლესთან ერთად პიონერად მსახურობს, გვიყვება: „ბეთელიდან არც ისე დიდი ხნის წამოსულები ვართ და საინტერესოა, რომ ამ მოკლე პერიოდში უკვე ორ ადამიანს ვასწავლეთ წერა-კითხვა. ერთ-ერთი ჩვენი შემსწავლელი 10 წლის ბიჭუნაა, რომელიც მალე შუა კვირის შეხვედრაზე აუდიტორიის წინაშე პირველად წარდგება. გარდა ამისა, ერთი წყვილი, რომლებსაც ჩვენ ვუქადაგეთ, გახსენების საღამოს დაესწრო და იმ დღიდან მოყოლებული არც ერთი კრების შეხვედრა არ გაუცდენიათ. ისინი სულიერად სწრაფად მიიწევენ წინ. იეჰოვას ხელმძღვანელობას რომ არ მივყოლოდით და მისგან დახმარება და კურთხევები რომ არ მიგვეღო, ამ ყველაფრის მომსწრე თავად არასდროს გავხდებოდით“.
ყოფილი ბეთელელები, ედსონი და არტნესი, რომლებიც აგრეთვე ზამბიაში ცხოვრობენ, რამდენიმე თვის დაქორწინებული იყვნენ, როდესაც ველზე განაგრძეს მსახურება. არტნესი აღნიშნავს: „ბეთელში მსახურებამ ფულის ყაირათიანად ხარჯვა გვასწავლა, თანაც ისე, რომ კმაყოფილებიც ვყოფილიყავით და არც ვალები დაგვედო. ნამდვილად არაფერი გვაქვს სანანებელი. გვიხარია, რომ ბეთელში მსახურების პატივი გვხვდა წილად. ჩვენ ვისწავლეთ, შევგუებოდით ცვლილებებს, სხვა სულიერი მიზნები დაგვესახა და იეჰოვას დახმარებით მიგვეღწია კიდეც. დღეს უფრო მეტად ვენდობით იეჰოვას და მზად ვართ, ბოლომდე ვუერთგულოთ მას“.