მათ „ახალ აღთქმაში“ ღვთის სახელი აღადგინეს
დღეს ბევრი ადამიანი წარმოთქვამს ლოცვას, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა. ეს ლოცვა „მამაო ჩვენოს“ სახელითაა ცნობილი და ის „ახალ აღთქმაშია“ ჩაწერილი. ლოცვა შემდეგი სიტყვებით იწყება: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9). თუმცა ღვთის სახელი, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც „იეჰოვა“ და ზოგჯერ „იაჰვე“, იშვიათად გვხვდება „ახალი აღთქმის“ თარგმანებში. არადა მათში მოხსენიებულია ისეთი ცრუ ღმერთების სახელები, როგორებიცაა მაგალითად, ზევსი, ჰერმესი და არტემიდა. თუ „ახალ აღთქმაში“ ცრუ ღმერთების სახელებია მოხსენიებულია, განა ბიბლიის ავტორის, ჭეშმარიტი ღვთის, სახელი არ უნდა იყოს ჩაწერილი ბიბლიაში?! (საქმეები 14:12; 19:35; 2 ტიმოთე 3:16).
თუ „ახალ აღთქმაში“ ცრუ ღმერთების სახელებია მოხსენიებული, განა ბიბლიის ავტორის, ჭეშმარიტი ღვთის, სახელი არ უნდა იყოს მოხსენიებული ბიბლიაში?!
ლანსელოტ შადველს და ფრედერიკ პარკერს, რომლებმაც ბიბლია ინგლისურ ენაზე თარგმნეს, მიაჩნდათ, რომ ღვთის სახელი უნდა აღდგენილიყო „ახალ აღთქმაში“. მათ სჯეროდათ, რომ ბიბლიის ორიგინალ ხელნაწერებში ღვთის სახელი ეწერა, რომელიც მოგვიანებით ამოღებული იქნა. რატომ მივიდნენ ისინი ამ დასკვნამდე?
ლანსელოტ შადველმა და ფრედერიკ პარკერმა იცოდნენ, რომ ებრაულ ენაზე შესრულებულ „ძველი აღთქმის“ არსებულ ხელნაწერებში ათასობით ადგილზე იყო ნახსენები ღვთის სახელი. ამიტომ დაინტერესდნენ, რატომ იყო „ახალი აღთქმის“ მანუსკრიპტებში ღვთის სახელის სრული ფორმა ამოღებული.a გარდა ამისა, ლანსელოტმა შენიშნა, რომ „ახალი აღთქმის“ მანუსკრიპტებში, სადაც „ძველი აღთქმიდან“ ფრაზები იყო ციტირებული, ღვთის სახელის ნაცვლად სხვადასხვა ტერმინი გამოიყენებოდა. მაგალითად, ფრაზაში „იეჰოვას ანგელოზი“, გამოყენებული იყო სიტყვა „კირიოსი“ (Kyʹri·os), რაც ნიშნავს „უფალს“ (2 მეფეები 1:3, 15; საქმეები 12:23).
ღვთის სახელი ებრაულად
„ახალი აღთქმის“ ინგლისურ თარგმანებში ღვთის სახელი სხვა მთარგმნელებსაც ჰქონდათ აღდგენილი, მაგრამ სულ რამდენიმე ადგილას.b 1863 წელს ფრედერიკმა გამოსცა „ახალი აღთქმის სიტყვასიტყვითი თარგმანი“, სადაც არაერთ ადგილას აღადგინა ღვთის სახელი. მანამდე „ახალი აღთქმის“ არცერთ ინგლისურ თარგმანში არ იყო გამოყენებული ღვთის სახელი ამდენ ადგილას. ვინ იყვნენ ლანსელოტ შადველი და ფრედერიკ პარკერი?
ლანსელოტ შადველი
ლანსელოტ შადველი (1808-1861) იყო ადვოკატი და ინგლისის ვიცე-კანცლერის, სერ ლანსელოტ შადველის, ვაჟი. ის ინგლისის ეკლესიის მრევლიც იყო. მართალია, სამების მოძღვრების სწამდა, მაგრამ პატივისცემას იჩენდა ღვთის სახელის მიმართ და ამბობდა ხოლმე: „დიდება იეჰოვას სახელს!“. მან სახელი „იეჰოვა“ 28-ჯერ გამოიყენა მათესა და მარკოზის სახარებების თარგმანების ძირითად ტექსტში და 465-ჯერ — თანმხლებ შენიშვნებში.
ლანსელოტმა შესაძლოა ღვთის სახელი პირველად დედნისეულ ენაზე შესრულებულ „ძველ აღთქმაში“ აღმოაჩინა. მან აღნიშნა, რომ მთარგმნელები, რომლებმაც „ახალი აღთქმის“ ბერძნულ თარგმანში ღვთის სახელი სიტყვა „კირიოსით“ ჩაანაცვლეს, „არ იყვნენ პატიოსანი მთარგმნელები“.
1859 წელს ლანსელოტის მიერ ინგლისურად ნათარგმნი „მათეს სახარება“, რომელშიც შესულია შენიშვნები, ინახება ბოდლიანის ბიბლიოთეკაში (Licensed under CC BY-NC-SA 2.0 UK. Modified: Text highlighted).
მათეს 1:20 ლანსელოტ შადველის მიერ შესრულებულ თარგმანში
ღვთის სახელი „იეჰოვა“ ლანსელოტმა პირველად მათეს 1:20-ში მოიხსენია. ამ მუხლის შენიშვნაში მან დაწერა: «სიტყვა „კირიოსში“ „ახალი აღთქმის“ ამ და ბევრ სხვა ადგილას, ნაგულისხმევია „იეჰოვა“, ღვთის საკუთარი სახელი. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს სიტყვა აღდგეს ინგლისურ თარგმანშიც. ღვთისთვის პატივის მისაგებად ეს აუცილებელია. მან თავად აირჩია სახელი „იეჰოვა“, ამიტომ მასზე საუბრისას ჩვენც უნდა მოვიხსენიოთ მისი სახელი. „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ სახელი „იეჰოვა“ იშვიათად გვხვდება და მის ნაცვლად უმეტეს ადგილას გამოყენებულია სიტყვა „უფალი“ (ინგლისურად „ლორდი“)». ლანსელოტმა ისიც აღნიშნა, რომ ამ სიტყვით ღვთის სახელის ჩანაცვლება ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული, რადგან ამ წოდებით თავად მასაც კი მიმართავდნენ თავის ადგილ-მამულში.
«მან თავად აირჩია სახელი „იეჰოვა“, ამიტომ მასზე საუბრისას ჩვენც უნდა მოვიხსენიოთ მისი სახელი», — ლანსელოტ შადველი.
ლანსელოტმა 1859 წელს „მათეს სახარების“ თარგმანი გამოსცა, მოგვიანებით კი, 1861 წელს, მათესა და მარკოზის სახარებების თარგმანი გამოაქვეყნა ერთ წიგნად. მისი მთარგმნელობითი საქმიანობა ამით დასრულდა, ვინაიდან ის იმავე წლის 11 იანვარს, 52 წლის ასაკში, გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, მის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია.
ფრედერიკ პარკერი
ლანსელოტის მიერ შესრულებულმა „მათეს სახარების“ თარგმანმა მდიდარი ლონდონელი ბიზნესმენის, ფრედერიკ პარკერის (1804-1888), ყურადღება მიიპყრო. თავად ფრედერიკს ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში დაუწყია „ახალი აღთქმის“ თარგმნა. ლანსელოტისგან განსხვავებით, ფრედერიკს არ სწამდა სამების მოძღვრების. მან დაწერა: „დაე, ღვთის ძვირფასი ძის მთელმა ეკლესიამ გულით მიიღოს ჭეშმარიტება და თაყვანი სცეს ერთადერთ ყოვლისშემძლე ღმერთს, იეჰოვას“. ფრედერიკი აგრეთვე მიიჩნევდა, რომ „ახალი აღთქმის“ მანუსკრიპტებში სიტყვა „კირიოსის“ გამოყენება როგორც ღმერთთან, ისე იესოსთან მიმართებით, მკითხველში დაბნეულობას იწვევდა. მან შენიშნა, რომ ლანსელოტს თავის თარგმანში ზოგ ადგილას „კირიოსის“ ნაცვლად „იეჰოვა“ ეწერა.
როგორ გადაჭრა ფრედერიკმა ეს პრობლემა? მან შეისწავლა ბერძნული ენა და გამოსცა რამდენიმე წიგნი და ტრაქტატი ბერძნული გრამატიკის შესახებ. ის აგრეთვე გახდა ანგლო-ბიბლიური ინსტიტუტის წევრი. ეს ინსტიტუტი აწარმოებდა ბიბლიური მანუსკრიპტების კვლევას იმ მიზნით, რომ გაუმჯობესებულიყო ბიბლიის მთარგმნელობითი საქმიანობა ინგლისურ ენაზე. 1842 წელს ფრედერიკმა „ახალი აღთქმის“ თავისი პირველი თარგმანის ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნება დაიწყო.c
ფრედერიკ პარკერის (ჰერმან ჰაინფეტერი) მიერ შესრულებული „ახალი აღთქმის“ თარგმანი
ღვთის სახელის აღდგენა
ფრედერიკი წლების განმავლობაში იკვლევდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: «როდისაა სიტყვა „კირიოსში“ ნაგულისხმები იესო და როდის — ღმერთი? რატომ არის ხშირად „კირიოსი“ გამოყენებული საკუთარ სახელად და არა წოდებად?».
როდესაც ფრედერიკი გაეცნო ლანსელოტის მიერ შესრულებულ 1859 წელს გამოცემულ „მათეს სახარების“ თარგმანს და მის კომენტარებს „კირიოსის“ შესახებ, დარწმუნდა, რომ ზოგ კონტექსტში „კირიოსის“ ნაცვლად უნდა წერებულიყო სახელი „იეჰოვა“. ამის შემდეგ მან გადახედა თავის თარგმანს და იქ, სადაც კონტექსტი და ბერძნული ენის გრამატიკა იძლეოდა საფუძველს, ყველგან გადმოიტანა ღვთის სახელი. საბოლოო ჯამში, ფრედერიკის მიერ 1863 წელს ერთ ტომად გამოცემულ „ახალი აღთქმის სიტყვასიტყვით თარგმანში“ ღვთის სახელი ძირითად ტექსტში 187 ადგილზე იყო გამოყენებული. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ეს იყო პირველი ინგლისური თარგმანი, სადაც ღვთის სახელი „ქრისტიანულ-ბერძნულ წერილების“ მთლიან ტექსტში იყო გამოყენებული.d
ფრედერიკ პარკერის მიერ 1864 წელს გამოცემული „ახალი აღთქმის“ თარგმანის თავფურცელი
1864 წელს ფრედერიკ პარკერმა გამოსცა „ახალი აღთქმის“ კიდევ ერთი თარგმანი, სადაც ორი თარგმანი ერთ ტომად იყო გაერთიანებული (A Collation of an English Version of the New Testament . . .With the Authorized English Version). ამ ორი თარგმანის ერთ ტომად გაერთიანების მიზანი ის იყო, რომ მკითხველს განსხვავება დაენახა ამ ორ თარგმანს შორის.e
იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ღვთის სახელის აღდგენა, მან მეორე თარგმანიდან მაგალითად რამდენიმე მუხლი მოიყვანა, მათ შორის რომაელების 10:13, სადაც ეწერა: „ყველა, ვინც უფლის სახელს უხმობს, გადარჩება“. შემდეგ თქვა: «ამ მუხლების კითხვისას ხალხი არასწორად ასკვნის, რომ „უფალში“ იესო ქრისტე იგულისხმება და არა იეჰოვა».
რომაელების 10:13 „მეფე ჯეიმზის თარგმანსა“ (ზემოთ) და ფრედერიკ პარკერის მიერ შესრულებულ 1864 წლის თარგმანში (ქვემოთ)
ფრედერიკმა ათასობით ფუნტი დახარჯა თავისი ტრაქტატების, გაზეთებისა და სხვა ხელნაწერების გამოქვეყნებასა თუ რეკლამირებაზე. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მან 800 ფუნტი დახარჯა, რაც დღევანდელ 100 000 ბრიტანულ ფუნტზე (132 000$) მეტია. გარდა ამისა, მან თავისი პუბლიკაციების ეგზემპლარები უფასოდ გაუგზავნა ნაცნობებსა და მაღალი რანგის სასულიერო პირებს.
ფრედერიკის ხელნაწერები და „ახალი აღთქმის“ თარგმანები, რომლებიც მცირე ტირაჟით იბეჭდებოდა, დაცინვის საგანი გახდა ზოგი მკვლევრის მხრიდან. ამგვარი ქმედებით ისინი არად აგდებდნენ ფრედერიკის, ლანსელოტისა და სხვათა გულწრფელ მცდელობას, აღედგინათ ღვთის სახელი „ახალი აღთქმის“ ინგლისურ თარგმანებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის უყურეთ ათწუთიან ვიდეოს «ექსკურსია უორიკის მუზეუმში: „ბიბლია და ღვთის სახელი“».
a „იაჰ“ არის „იეჰოვას“ შემოკლებული ფორმა და გვხვდება გამოცხადების 19:1, 3, 4, 6 მუხლებში. ზოგ თარგმანში გამოყენებულია სიტყვა „ალილუია“, რაც განიმარტება როგორც „ადიდეთ იაჰი!“.
b ლანსელოტს მთლიანად არ უთარგმნია „ახალი აღთქმა“. ბერძნული წერილების კიდევ სხვა მთარგმნელთა რიცხვს მიეკუთვნებიან: ფილიპ დოდრიჯი, ედუარდ ჰარვუდი, უილიამ ნიუქამი, ედგარ ტეილორი და გილბერტ უეიკფილდი.
c რელიგიურ ხელნაწერებსა და ბიბლიის თარგმანებში ფრედერიკ პარკერი იყენებდა ფსევდონიმს „ჰერმან ჰაინფეტერი“, რათა თავისი მოღვაწეობა რელიგიურ სფეროში ბიზნეს საქმიანობისგან გაემიჯნა. მისი ფსევდონიმი რამდენჯერმე გვხვდება ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ დანართებში.
d 1864 წელს ფრედერიკ პარკერმა გამოსცა „ახალი აღთქმის ინგლისური თარგმანი“, სადაც ღვთის სახელი 186 ადგილას გამოიყენა.
e მთარგმნელებს „ახალი აღთქმის“ ებრაულ ენაზე შესრულებულ თარგმანებშიც ჰქონდათ გამოყენებული ღვთის სახელი რამდენიმე ადგილას. 1795 წელს იოჰან იაკობ შტოლცმა გამოსცა გერმანული თარგმანი, სადაც ღვთის სახელი „მათეს სახარებიდან“ „იუდას წერილამდე“ 90-ზე მეტ ადგილას იყო გამოყენებული.