Ahmad Gharabli/AFP via Getty Images
იფხიზლეთ!
შეუძლიათ მთავრობებს დედამიწის კლიმატური კატასტროფისგან ხსნა? რას ამბობს ბიბლია?
კვირას, 2022 წლის 20 ნოემბერს, დასრულდა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართული ყოველწლიური სამიტი (COP27). ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ფინანსური დახმარება გაეწიათ ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც ხშირია სტიქიური უბედურებები. თუმცა, ფაქტია, ამით პრობლემა სრულად არ აღმოიფხვრება.
2022 წლის 19 ნოემბერს, ანტონიო გუტერეშმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა, განაცხადა: „მივესალმები ფონდის ჩამოყალიბებას, რომელიც დაზარალებული ქვეყნების დახმარებას მოემსახურება! რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი . . . ჩვენი პლანეტა კვლავაც კლიმატური კატასტროფის საფრთხის ქვეშაა“.
2022 წლის 20 ნოემბერს მერი რობინსონმა, ირლანდიის ყოფილმა პრეზიდენტმა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის ყოფილმა უმაღლესმა კომისარმა, ასეთი განცხადება გააკეთა: „მსოფლიოში კლიმატური კატასტროფა გარდაუვალია“.
დღეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს აღელვებთ დედამიწის მომავალი. საინტერესოა, შეძლებენ მთავრობები კატასტროფის თავიდან აცილებას, რას ამბობს ბიბლია?
გაერთიანდება მსოფლიო კლიმატური კატასტროფის წინააღმდეგ?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, აღმოიფხვრას კლიმატური კრიზისი, მთავრობები მაინც ვერ მოახერხებენ ამ პრობლემის სრულად მოგვარებას. ვისაუბროთ ამის ორ მიზეზზე:
„გამრუდებულს ვერ გაასწორებ“ (ეკლესიასტე 1:15).
რას ნიშნავს ეს სიტყვები: მთავრობებს ვერ ექნებათ წარმატება, რადგან ადამიანს საკუთარი ცხოვრების წარმართვაც კი არ შეუძლია (იერემია 10:23). ერები რომც გაერთიანდნენ და მთელი ძალით ეცადონ, მაინც ვერ შეძლებენ მსოფლიო პრობლემების აღმოფხვრას.
„ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები,.. რომლებთანაც შეუძლებელი იქნება საერთო ენის გამონახვა“ (2 ტიმოთე 3:2, 3, სქოლიო).
რას ნიშნავს ეს სიტყვები: ბიბლია ნათლად გვიხსნის, რომ ჩვენს დროში ადამიანები იქნებოდნენ ეგოისტები და სხვის კეთილდღეობაზე არ იზრუნებდნენ.
რატომ შეგვიძლია მომავალს იმედის თვალით ვუყუროთ
ადამიანთა დაპირებები ვერ განსაზღვრავს ჩვენი პლანეტის მომავალს. ღმერთმა საუკეთესო მმართველი, იესო ქრისტე გამოგვიგზავნა. ბიბლიაში ნათქვამია:
„მას მიენდობა მმართველობა, დაერქმევა მას საოცარი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, მარადიული მამა და მშვიდობის მთავარი“ (ესაია 9:6).
იესო არის ღვთის ზეციერი სამეფოს მეფე (მათე 6:10). მას აქვს ძალაც, სიბრძნეც და სურვილიც, რომ იზრუნოს დედამიწაზე და მასზე მცხოვრებ ხალხზე (ფსალმუნი 72:12, 16). მისი მმართველობის დროს, ზეციერი მთავრობა მოსპობს დედამიწის მომსპობთ და დედამიწა კვლავ დაიბრუნებს ძველ მშვენებას (გამოცხადება 11:18; ესაია 35:1, 7).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია „რას ამბობს ბიბლია კლიმატის ცვლილებასა და კაცობრიობის მომავალზე?“.