საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 143
  • ცოდვად ითვლება მოწევა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ცოდვად ითვლება მოწევა?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის თვალსაზრისი
  • რას ამბობს ბიბლია მარიხუანის ან სხვა ნარკოტიკების სიამოვნების მიზნით გამოყენებაზე?
  • ივლ.—სექ. სიგარეტი — უარს ამბობ თუ არა მასზე?
    გამოიღვიძეთ! — 1997
  • რა უნდა ვიცოდე მოწევის შესახებ?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
  • იწონებს ღმერთი თამბაქოს მოწევას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს მოწევაზე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 143
სიგარეტის მოწევა

ცოდვად ითვლება მოწევა?

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლიაში არსად არის მოხსენიებული სიტყვა „მოწევა“ ან თამბაქოსთან დაკავშირებული სხვა სიტყვები.a თუმცა მასში მოცემული პრინციპებიდან ჩანს, რომ ღმერთი არ იწონებს უწმინდურ და ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებს. აი, ამიტომ ითვლება მოწევა ცოდვად.

  • სიცოცხლის დაფასება. „ღმერთი ... აძლევს ყველას სიცოცხლეს [და] სუნთქვას“ (საქმეები 17:24, 25). რადგან სიცოცხლე ღვთის საჩუქარია, არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც სიცოცხლეს შეგვიმოკლებდა. სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თამბაქოს მოწევაა.

  • მოყვასის სიყვარული. „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:39). ვერ ვიტყვით, რომ სიგარეტის მოწევით სიყვარულს ვავლენთ გარშემომყოფთა მიმართ. პასიურ მწეველებს, რომლებსაც ხშირად უწევთ მწეველთა გარემოში ყოფნა, ემუქრებათ იმ ზოგი დაავადების განვითარების საფრთხე, რომლებიც ხშირად აქტიურ მწეველებს ემართებათ.

  • სიწმინდის შენარჩუნება. „წარადგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად“ (რომაელები 12:1). „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს, და ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე“ (2 კორინთელები 7:1). მოწევას საერთო არაფერი აქვს სიწმინდესთან, რაშიც სისუფთავე და სისპეტაკე მოიაზრება. თამბაქოს მომხმარებლები განზრახ იბინძურებენ ორგანიზმს ტოქსინებით, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.

რას ამბობს ბიბლია მარიხუანის ან სხვა ნარკოტიკების სიამოვნების მიზნით გამოყენებაზე?

ბიბლიაში არ არის მოხსენიებული „მარიხუანა“ (ცნობილია აგრეთვე „ბალახისა“ და „პლანის“ სახელწოდებით) ან სხვა რომელიმე ნარკოტიკი. თუმცა ბიბლიაში ვხვდებით პრინციპებს, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ, შეიძლება თუ არა სიამოვნების მიზნით ისეთი ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც დამოკიდებულებას იწვევს. აი, კიდევ რამდენიმე გამოსადეგი პრინციპი:

  • გონების კონტროლი. „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი ... მთელი გონებით“ (მათე 22:37, 38). „იფხიზლეთ ყველაფერში“ (1 პეტრე 1:13). ადამიანი, რომელიც ნარკოტიკებს ბოროტად მოიხმარს, სრულად ვერ აკონტროლებს გონებას. ბევრი დამოკიდებულიც კი ხდება ნარკოტიკებზე. ისინი გონებით მთლიანად გადართულნი არიან ნარკოტიკების მოპოვებასა და მიღებაზე, ნაცვლად იმისა, რომ დადებითზე და იმაზე იფიქრონ, რაც ადამიანს აშენებს (ფილიპელები 4:8).

  • სახელმწიფო კანონის მორჩილება. „დაემორჩილონ და მოუსმინონ მთავრობებსა და ძალაუფლებებს“ (ტიტე 3:1). ბევრ ქვეყანაში მკაცრად კონტროლდება ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. თუ გვსურს, ღმერთს ვასიამოვნოთ, უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლებას (რომაელები 13:1).

თამბაქო და თქვენი ჯანმრთელობა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ყოველ წელს დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარების გამო, აქედან 600 000-ზე მეტი პასიური მწეველია. ვნახოთ, როგორ მოქმედებს მოწევა როგორც აქტიურ, ისე პასიურ მწეველებზე.

კიბო. თამბაქო შეიცავს 50-ზე მეტ კარცეროგენულ ნივთიერებას. „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ვკითხულობთ: „მიიჩნევენ, რომ მწეველთა 90 პროცენტს ფილტვის კიბო ემუქრება“. მწეველებს შეიძლება სხვა ორგანოების კიბოც განუვითარდეთ, მაგალითად, პირის ღრუს, ტრაქეის, საყლაპავი მილის, ყელის, ხორხის, ღვიძლის, პანკრეასის და შარდის ბუშტის.

სასუნთქი გზების დაავადებები. მწეველებში იზრდება ისეთი სასუნთქი გზების დაავადებების რისკი, როგორიცაა: პნევმონია და გრიპის მწვავე ვირუსული დაავადებები. იმ ბავშვების შემთხვევაში, რომლებსაც რეგულარულად უწევთ მწეველთა გარემოში ყოფნა, უფრო ადვილად ვითარდება ასთმა, ქრონიკული ხველა; აგრეთვე ფერხდება ფილტვების ნორმალური ზრდა-განვითარება.

გულის დაავადებები. მწეველებში არსებობს ინფარქტის ან გულის სხვა დაავადებების განვითარების მაღალი რისკი. თამბაქოს კვამლში შემავალი ნახშირბადის მონოქსიდი ფილტვებიდან ადვილად გადადის სისხლის მიმოქცევის სისტემაში, სადაც ის ჩაანაცვლებს ჟანგბადს. შედეგად, სისხლი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას, რის გამოც გულს უწევს დიდი დატვირთვით მუშაობა, რომ ორგანიზმი ჟანგბადით მოამარაგოს.

უარყოფითი გავლენა ორსულობის პერიოდში. ბავშვები, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში ეწევიან, ხშირ შემთხვევაში ნაადრევად იბადებიან, აქვთ მცირე წონა ან თანდაყოლილი დეფექტები, მაგალითად, კურდღლის ტუჩი. ასეთ ბავშვებს შეიძლება აგრეთვე განუვითარდეთ სასუნთქი გზების დაავადებები ან ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი.

a მოწევაში იგულისხმება თამბაქოს კვამლის შეგნებულად შესუნთქვა სიგარეტიდან, სიგარიდან, ჩიბუხიდან ან ჩილიმიდან. თუმცა აქ განხილული პრინციპები თანაბრად ეხება როგორც საღეჭ, ისე შესაყნოს თამბაქოს, აგრეთვე ნიკოტინის შემცველ ელექტრონულ სიგარეტსა და სხვა მსგავსი სახის ნაწარმს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება