ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი
ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო! მთელი არსებით განვადიდებ მის სახელს! (ფსალმ. 103:1).
იეჰოვას ერთგული მსახურები ოდითგანვე მთელი გულით განადიდებდნენ მის სახელს. დავითმა იეჰოვას განდიდება მისი სახელის განდიდებასთან გააიგივა. მას ესმოდა, რომ ღვთის სახელი მის რეპუტაციას, შესანიშნავ თვისებებსა და მის საოცარ საქმეებსაც მოიაზრებდა. ამიტომაც მისთვის წმინდა იყო ღვთის სახელი და სურდა, „მთელი არსებით“ განედიდებინა. ღვთის განდიდების კარგ მაგალითს ლევიანებიც გვაძლევენ. ისინიც მთელი გულით განადიდებდნენ იეჰოვას, თუმცა თავმდაბლურად აღიარებდნენ იმასაც, რომ ჯეროვნად ხოტბას ვერასდროს შეასხამდნენ მის წმინდა სახელს (ნეემ. 9:5). ეჭვგარეშეა, თავისი თავმდაბალი მსახურების მხრიდან საქებარი სიტყვების მოსმენა იეჰოვას დიდ სიხარულს ანიჭებდა. w24.02 9 ¶6
ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი
კვლავაც განვაგრძოთ აღებული გეზით სვლა იმის მიუხედავად, ვინ რამდენად მოწიფულია (ფილ. 3:16).
იეჰოვა თქვენგან იმის გაკეთებას არ ელის, რაც თქვენს ძალას აღემატება (2 კორ. 8:12). ამიტომ რეალისტური მიზნები გქონდეთ. იფიქრეთ იმაზე, რასაც უკვე მიაღწიეთ. ებრაელების 6:10-ში ნათქვამია: „ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა“. არც თქვენ უნდა დაივიწყოთ! იფიქრეთ იმაზე, რასაც უკვე მიაღწიეთ, იქნება ეს იეჰოვასთან დამეგობრება, სხვებთან მის შესახებ საუბარი თუ ნათლობა. დარწმუნებული იყავით, რომ თუ წარსულში შეძელით სულიერი მიზნის მიღწევა, ამას ახლაც შეძლებთ. ჩვენ მხოლოდ მიზნის მიღწევა კი არ გვახარებს, არამედ იმის დანახვაც, გზადაგზა როგორ გვეხმარება და გვაკურთხებს იეჰოვა (2 კორ. 4:7). არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ უფრო დიდი ჯილდო გველის. მთავარია, არ დავნებდეთ! (გალ. 6:9). w23.05 31 ¶16–18
პარასკევი, 31 ოქტომბერი
მამას უყვარხართ, რადგან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ მამისგან ვარ გამოგზავნილი (იოან. 16:27).
იეჰოვა არასდროს იშურებს თბილ სიტყვებს თავისი მსახურებისადმი და მათ ყოველთვის არწმუნებს თავის კეთილგანწყობილებაში. ბიბლიაში მოხსენიებულია ორი შემთხვევა, როცა იეჰოვამ იესოს უთხრა, რომ ის მისი საყვარელი ძე იყო და იწონებდა (მათ. 3:17; 17:5). ალბათ ყველანი ვისურვებდით, რომ იეჰოვას ასეთი სიტყვები ჩვენთვისაც ეთქვა. და ეს ასეც ხდება. მისი ხმა ბიბლიის ფურცლებიდან გვესმის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სახარებებში იესოს სიტყვებს ვკითხულობთ, რომელიც მამის სრულყოფილი ანარეკლი იყო. ასე რომ, ყოველთვის, როცა კითხულობთ, როგორ გამოხატავდა იესო მოწონებას თავისი მოწაფეების მიმართ, ჩათვალეთ, რომ ამ სიტყვებს იეჰოვა პირადად თქვენ გეუბნებათ (იოან. 15:9, 15). თუ დროდადრო იეჰოვა დაუშვებს, რომ სირთულეებს შევხვდეთ, არ უნდა დავასკვნათ, რომ მისი კეთილგანწყობილება დავკარგეთ. პირიქით, შექმნილი მდგომარეობა იმის შესაძლებლობად უნდა აღვიქვათ, რომ იეჰოვას სიყვარული და ნდობა დავუმტკიცოთ (იაკ. 1:12). w24.03 28 ¶10, 11