რა ემართება სულს სიკვდილის დროს?
„სწავლება ადამიანის უკვდავი სულის შესახებ, რომელიც პიროვნების სიკვდილისა და სხეულის გახრწნის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს, ქრისტიანული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ქვაკუთხედია“. „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“.
1. რას აღიარებს „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ სიკვდილის შემდეგ სულის არსებობასთან დაკავშირებით?
ზემოხსენებული ცნობარი ამასთანავე აღიარებს, რომ „სიკვდილის შემდეგ სულის არსებობის წარმოდგენა არსად ჩანს ბიბლიაში“. მაშ, სინამდვილეში, რას ასწავლის ბიბლია იმის შესახებ, თუ რა ემართება სულს სიკვდილის დროს?
მკვდრები ვერაფერს გრძნობენ
2, 3. რა მდგომარეობაში არიან მკვდრები და საღვთო წერილის რომელი მუხლებიდან ჩანს ეს?
2 მკვდრების მდგომარეობა ნათლად არის აღწერილი ეკლესიასტეს 9:5, 10 მუხლებში, სადაც ვკითხულობთ: „მკვდრებმა. . . არაფერი იციან. . . არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში“. მაშასადამე, სიკვდილი არარსებობის მდგომარეობაა. ფსალმუნმომღერალმა დაწერა, რომ პიროვნება სიკვდილის შემდეგ „დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 145:4).
3 ასე რომ, მკვდრები უგრძნობ და უმოქმედო მდგომარეობაში არიან. როდესაც ადამისთვის განაჩენი გამოჰქონდა, ღმერთმა თქვა: „მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბადება 3:19). სანამ ღმერთი მას მიწის მტვრისგან შექმნიდა და სიცოცხლეს მისცემდა, ადამი არ არსებობდა. სიკვდილის შემდეგ ადამი იმავე მდგომარეობას დაუბრუნდა. მისი სასჯელი სიკვდილი იყო, და არა სხვა სამყაროში გადასვლა.
სული კვდება
4, 5. მოიყვანეთ მაგალითები ბიბლიიდან საიდანაც ჩანს, რომ სული კვდება.
4 ადამის სიკვდილის შემდეგ რა დაემართა მის სულს? გაიხსენეთ, რომ ბიბლიაში სიტყვა „სული“ ხშირად თვითონ პიროვნების მნიშვნელობით არის გამოყენებული. აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, რომ ადამი მოკვდა, ეს ნიშნავს, რომ სული, სახელად ადამი, მოკვდა. ეს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს პიროვნებას, რომელსაც სულის უკვდავება სწამს. მაგრამ ბიბლიაში ვკითხულობთ: „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“ (ეზეკიელი 18:4). მასში მოხსენიებულია, რომ მოწმიდარებს ეკრძალებოდათ, გაჰკარებოდნენ „სულსა ზედა აღსრულებულსა“ (რიცხვნი 6:6, ძვო). და „მოკუდინ სული ჩემი“ (რიცხვნი 23:10, ძვო).
5 სულის შესახებ მსგავსი აზრი გვხვდება მსაჯულნის 16:30-ში: „თქვა სამსონმა: მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად!“ ასევე იესომაც ახსენა ‘სულის დაღუპვა’ (მარკოზი 3:4). ასე რომ, სულის სიკვდილი პიროვნების სიკვდილს ნიშნავს.
სულის ‘ამოხდომა’ და ‘დაბრუნება’
6. რა იგულისხმება ბიბლიის იმ ადგილას, სადაც ნათქვამია, რომ რახელს ‘სული ამოხდა’?
6 მაშ, რა შეიძლება ითქვას რახელის ტრაგიკულ სიკვდილზე, რომელიც მეორე ვაჟზე მშობიარობას გადაჰყვა? დაბადების 35:18-ში ვკითხულობთ: „სულის ამოხდომისას, როცა კვდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ-ყონი, ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი“. საუბარია აქ იმაზე, რომ რახელს ჰქონდა სული, რომელიც სიკვდილის დროს მის სხეულს გამოეყო? სრულიადაც არა. გაიხსენეთ, რომ სიტყვა „სული“ შეიძლება პიროვნების სიცოცხლესაც აღნიშნავდეს. ასე რომ, ამ შემთხვევაში რახელის „სული“ უბრალოდ მის „სიცოცხლეს“ ნიშნავს. ამიტომაც ზოგი თარგმანი ამ მუხლში, ნაცვლად „სულის ამოხდომისას“, ამბობს „უკანასკნელად ამოსუნთქვისას“ (Jerusalem Bible) და „სიცოცხლის დასრულებისას“ (Bible in Basic English). აქ არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ რახელმა სიკვდილის შემდეგ სულიერი სხეულით განაგრძო ცხოვრება.
7. რა გაგებით ‘დაუბრუნდა’ ქვრივის ვაჟს სული?
7 ეს სიტყვა ამავე მნიშვნელობითაა გამოყენებული მესამე მეფეთა მე-17 თავში, სადაც მოთხრობილია ქვრივის ვაჟის აღდგენის შესახებ. 22-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ, როდესაც ელიამ პატარა ბიჭისთვის ილოცა „ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სული სხეულში. და გადარჩა იგი“. სიტყვა „სული“ აქაც „სიცოცხლეს“ ნიშნავს. ამიტომაც ერთ-ერთ თარგმანში ვკითხულობთ: „ბავშვს სიცოცხლე დაუბრუნა და აღდგა იგი“ (New American Standard Bible). დიახ, ბავშვს სიცოცხლე დაუბრუნდა და არა რაღაც აჩრდილისებური სხეული. ეს თანხმობაშია ელიას სიტყვებთან ბავშვის დედისადმი: „დახედე, ცოცხალია შენი შვილი [მთლიანი პიროვნება]“ (მესამე მეფეთა 17:23).
დილემა „შუალედური მდგომარეობა“
8. რა სწამს აღდგომის შესახებ მრავალ ადამიანს, რომელიც თავს ქრისტიანად აცხადებს?
8 მრავალ ადამიანს, რომელიც თავს ქრისტიანად აცხადებს, სწამს მომავალი აღდგომის, რომლის დროსაც სხეული უკვდავ სულს შეერწყმება. შემდეგ კი აღმდგარი პიროვნებები, მათი საბოლოო ხვედრის მიხედვით, ან სიკეთისთვის დაჯილდოვდებიან ან ბოროტებისთვის დაისჯებიან.
9. რას ნიშნავს „შუალედური მდგომარეობა“ და, ზოგის აზრით, რა ემართება სულს ამ პერიოდში?
9 ეს წარმოდგენა ერთი შეხედვით მარტივია. მაგრამ მათთვის, ვისაც სულის უკვდავება სწამს, რთული ასახსნელია, თუ რა ემართება სულს სიკვდილის შემდეგ, ვიდრე აღდგება. მართლაც ეს „შუალედური მდგომარეობა“, როგორც ხშირად მოიხსენიებენ, საუკუნეების მანძილზე საკამათო საკითხია. ზოგის აზრით, ამ პერიოდში სული განსაწმენდელში მიდის, სადაც მისატევებელი ცოდვებისგან განიწმინდება, რომ ზეციერი ცხოვრების დამკვიდრების ღირსი გახდესa.
10. რატომ არის არაბიბლიური ის წარმოდგენა, რომ სიკვდილის შემდეგ სულები გარკვეული დროის მანძილზე განსაწმენდელში არიან, და როგორ ამტკიცებს ამას ლაზარეს მაგალითი?
10 როგორც დავინახეთ, სული თვითონ პიროვნებაა. პიროვნების სიკვდილის დროს სული კვდება. მაშასადამე, სიკვდილის შემდეგ არავითარი სიცოცხლე არ არსებობს. მართლაც, როდესაც ლაზარე მოკვდა, იესოს არ უთქვამს, რომ ის განსაწმენდელში იმყოფებოდა ან რაღაც „შუალედურ მდგომარეობაში“ იყო. იესომ უბრალოდ თქვა: „ლაზარემ. . . დაიძინა“ (იოანე 11:11). ცხადია, იესომ იცოდა, თუ რა ემართებოდა სულს სიკვდილის დროს, და დარწმუნებული იყო, რომ ლაზარე ვერაფერს გრძნობდა ანუ არ არსებობდა.
რა არის სული („რუაჰ“)?
11. რატომ არ შეიძლება, რომ „სულად“ გადმოთარგმნილი სიტყვა „რუაჰ“ ნიშნავდეს სულს, რომელიც პიროვნების სიკვდილის შემდეგ სხეულიდან ამოდის და სიცოცხლეს განაგრძობს?
11 ბიბლიაში ნათქვამია, რომ პიროვნებას, სიკვდილის დროს, „ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას“ (ფსალმუნი 145:4)b. ნიშნავს ეს იმას, რომ სული პირდაპირი გაგებით ამოდის სხეულიდან და პიროვნების სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს? შეუძლებელია, რომ ასე იყოს, რადგანაც ფსალმუნმომღერალი შემდეგ ამბობს: „იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“. მაშ რა არის სული (რუაჰ) და როგორ ‘ამოდის’ ის პიროვნების სიკვდილის დროს?
12. რას გულისხმობს ის ებრაული და ბერძნული სიტყვები, რომლებიც ბიბლიაში გადმოთარგმნილია როგორც „სული“?
12 სიტყვები (ებრაული „რუაჰ“; ბერძნული „პნეუმა“), რომლებიც ბიბლიაში გადმოთარგმნილია, როგორც „სული“, ძირითადად ნიშნავს „სუნთქვას“. ამიტომაც ერთ-ერთ თარგმანში ‘ამოუვა სულის’ ნაცვლად ნათქვამია „სუნთქვას შეწყვეტს“ (ფსალმუნი 145:4, Knox). მაგრამ სიტყვა „სული“ (რუაჰ) არა მხოლოდ სუნთქვის პროცესს გულისხმობს, არამედ უფრო ფართო გაგებაც აქვს. მაგალითად, მსოფლიო წარღვნის დროს ადამიანებისა და ცხოველების დაღუპვის შესახებ დაბადების 7:22-ში ნათქვამია: „ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა [ანუ სული; ებრაულად „რუაჰ“] ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა“. ასე რომ, „სული“ შეიძლება ნიშნავდეს ყველა ცოცხალი ქმნილების, როგორც ადამიანის, ისე ცხოველის სასიცოცხლო ძალას, რომელიც სუნთქვის საშუალებით ნარჩუნდება.
13. რა მხრივ შეგვიძლია სული დენის ნაკადს შევადაროთ?
13 ილუსტრაციისთვის: ელექტრობა ენერგიით ამარაგებს მოწყობილობას. თუ დენის ნაკადი წყდება მოწყობილობა აღარ მუშაობს. მაგრამ დენის ნაკადი არ ხდება მოწყობილობისგან გამოყოფილი ნაწილი. მსგავსად, როდესაც პიროვნება კვდება, მისი სული ვეღარ აცოცხლებს სხეულის უჯრედებს. ის არ ტოვებს სხეულს და არ გადადის სხვა სამყაროში (ფსალმუნი 103:29).
14, 15. როგორ უბრუნდება სული ღმერთს პიროვნების სიკვდილის დროს?
14 მაშ, რას ნიშნავს ეკლესიასტეს 12:7-ში ნათქვამი, რომ პიროვნების სიკვდილის შემდეგ ‘სული უბრუნდება ღმერთს, რომელმაც შთაბერა’? ნიშნავს ეს, რომ სული პირდაპირი გაგებით სივრცის გავლით მიფრინავს ღმერთთან? მსგავსი არაფერია ნაგულისხმები. გაიხსენეთ, რომ სული სასიცოცხლო ძალაა. მას შემდეგ, რაც სასიცოცხლო ძალა წაერთმევა, მხოლოდ ღმერთს შეუძლია, რომ პიროვნებას დაუბრუნოს ის. აქედან გამომდინარე, სული იმ გაგებით ‘უბრუნდება ღმერთს’, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ამ პიროვნებისთვის მომავალში სიცოცხლის მიცემა.
15 მხოლოდ ღმერთს შესწევს ძალა, რომ სულის ანუ სასიცოცხლო ძალის კვლავ მიცემით პიროვნებას სიცოცხლე დაუბრუნოს (ფსალმუნი 103:30). მაგრამ ნამდვილად განზრახული აქვს ღმერთს ეს?
[სქოლიოები]
a „ახალი კათოლიკური ენციკლოპედიის“ თანახმად, „[ეკლესიის] მამები დარწმუნებული არიან განსაწმენდლის არსებობის შესახებ თავიანთი მტკიცების უტყუარობაში“. თუმცა ეს ცნობარი იმასაც აღიარებს, რომ „განსაწმენდლის შესახებ ეს კათოლიკური სწავლება გადმოცემებზეა დაფუძნებული და არა საღვთო წერილზე“.
b როგორც შენიშნეთ, ამ ქვესათაურამდე განვიხილეთ სიტყვა „სული“, რომელიც გადმოთარგმნილია ებრაული სიტყვიდან „ნეფეშ“. ამ ქვესათაურში საუბარი იქნება სიტყვაზე „სული“, რომელიც შეესაბამება ებრაულ სიტყვას „რუაჰ“.
[ჩარჩო 23 გვერდზე]
წინა ცხოვრების მოგონებები
სხეულის სიკვდილის შემდეგ თუ აღარაფერი განაგრძობს სიცოცხლეს, მაშ, როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ ზოგიერთს, როგორც თვითონ ამბობს, წინა ცხოვრება ახსენდება?
ინდუსი სწავლული ნიკჰილანანდა ამბობს, რომ „შეუძლებელია საღი გონებით დაამტკიცო სიკვდილის შემდგომი შემთხვევები“. თავის ლექციაში „მარადისობის რწმენის მაგალითები რელიგიებში“ თეოლოგი ჰანს კიუნგი აღნიშნავს: „წინა ცხოვრების მოგონებები, რაც ხშირ შემთხვევაში ბავშვებს აქვთ, ძირითადად კი ისეთ ქვეყნებში, სადაც გარდასახვის წარმოდგენაა გავრცელებული, შეუძლებელია, დაამტკიცო“. ის განაგრძობს: „უმრავლესობა [ამ სფეროში მომუშავე მეცნიერ-მკვლევართაგან] აღიარებს, რომ მათთვის ცნობილი შემთხვევების საფუძველზე შეუძლებელია დამტკიცდეს, რომ მიწიერი ცხოვრება მეორდება“.
მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ წინა ცხოვრება გახსოვთ? ასეთი გრძნობები შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული. ზღვა ინფორმაცია, რომელსაც ვღებულობთ, ჩვენს მეხსიერებაში ღრმად ილექება, რადგან მაშინვე არ ვიყენებთ მას. როდესაც მივიწყებული მოგონებები ამოტივტივდება, ზოგი ადამიანი ამას წინა ცხოვრების არსებობის მტკიცებად მიიჩნევს. თუმცა, სინამდვილეში, ჩვენი ახლანდელი ცხოვრების გარდა არავითარი სხვა ცხოვრების არსებობის დამამტკიცებელი შემთხვევები არა გვაქვს. მთელ მსოფლიოში ადამიანთა უმრავლესობას არავითარი წინა ცხოვრება არ ახსოვს; და ისინი არც კი ფიქრობენ, რომ უწინ ოდესმე უცხოვრიათ.