‘არ მიატოვებს უფალი თავის ხალხს’
„მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი“ (ფსალმუნი 33:20).
1, 2. ა) როგორ კურთხევას აძლევს იეჰოვა თავის ხალხს დღეს? ბ) რას აწყდება მრავალი ქრისტიანი და რა კითხვები წამოიჭრება?
იეჰოვას თაყვანისმცემლები სულიერ სამოთხეში ცხოვრობენ, რითაც ბიბლიური წინასწარმეტყველება სრულდება (2 კორინთელთა 12:1–4). იეჰოვას მოწმეები ეკუთვნიან საერთაშორისო საზოგადოებას, რომელსაც სიყვარული და ერთიანობა ახასიათებს (იოანე 13:35). ისინი ბიბლიური ჭეშმარიტებების ღრმა და ამომწურავ შემეცნებას ფლობენ (ესაია 54:13). როგორ ემადლიერებიან ისინი იეჰოვას უპირატესობისთვის — სტუმრებად იყვნენ მის სულიერ კარავში! (ფსალმუნი 14:1, აქ).
2 თუმცა იეჰოვას ორგანიზაციაში ყველა შეხარის სულიერ კეთილდღეობას, ზოგი, როგორც ჩანს, შედარებით მშვიდობასა და მყუდროებაში ცხოვრობს, მაშინ როცა სხვები ამა თუ იმ მხრივ იტანჯებიან. მრავალი ქრისტიანი ხედავს, რომ დიდი ხანია საცოდავ მდგომარეობაში იმყოფება და არანაირ შვებას აღარ მოელის. ასეთ პირობებში გულგატეხილობა ბუნებრივია (იგავნი 13:12). არის უბედურებები ღვთის უკმაყოფილების მაჩვენებელი? უზრუნველყოფს იეჰოვა განსაკუთრებული მფარველობით ზოგ ქრისტიანს, მაშინ როცა სხვებს ტოვებს?
3. ა) არის იეჰოვა პასუხისმგებელი მისი ხალხის უბედურებებისთვის? ბ) რატომ იტანჯებიან იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემლებიც კი?
3 ბიბლია გვპასუხობს: „ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისგან ვიცდებიო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს სცდის“ (იაკობი 1:13). იეჰოვა თავისი ხალხის მფარველი და მხარდამჭერია (ფსალმუნი 90:2–6). «არ მოიშორებს [„მიატოვებს“, აქ] უფალი თავის ხალხს» (ფსალმუნი 93:14). ეს არ ნიშნავს, რომ ერთგულ ქრისტიანებს არ მოუწევთ ტანჯვა. თანამედროვე მსოფლიო სისტემას მართავენ ადამიანები, რომლებიც დაბადებიდანვე არასრულყოფილები არიან. მრავალი ზნედაცემულია, ზოგი კი — აშკარად ბოროტი. არც ერთი მათგანი არ ეძებს სიბრძნეს იეჰოვასთან. ამას მრავალი ტანჯვა მოაქვს. ბიბლია ნათელყოფს, რომ იეჰოვას ხალხი ყოველთვის ვერ არიდებს თავს ადამიანური არასრულყოფილებისა და სიბოროტის სამწუხარო შედეგებს (საქმეები 14:22).
ურყევად ერთგული თაყვანისმცემლები მოელიან ტანჯვას
4. რის მოლოდინი შეუძლიათ ჰქონდეთ ქრისტიანებს, სანამ ამ ბოროტ სისტემაში ცხოვრობენ, და რატომ?
4 თუმცა წუთისოფლის არ არიან, იესოს მიმდევრები ამ სისტემაში ცხოვრობენ (იოანე 17:15, 16). ბიბლიაში სატანა მხილებულია როგორც ამ წუთისოფლის უკან მდგარი მბრძანებელი ძალა (1 იოანე 5:19, აქ). აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ადრე თუ გვიან ყველა ქრისტიანი სერიოზულ პრობლემებს წააწყდება. პეტრე მოციქულს ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა თქვა: „მღვიძარენი იყავით, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს. წინაღუდექით მას მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი სატანჯველი თქვენს საძმოსაც ხვდება წუთისოფელში“ (1 პეტრე 5:8, 9). დიახ, ქრისტიანთა მთელი საზოგადოება უნდა მოელოდეს ტანჯვას.
5. როგორ ნათელყო იესომ, რომ ერთგული ქრისტიანები ცხოვრებაში წააწყდებოდნენ რამე სამწუხაროს?
5 თუნდაც ძლიერ გვიყვარდეს იეჰოვა და მისი პრინციპებისადმი ურყევად ერთგულები ვიყოთ, ცხოვრებაში წავაწყდებით რამე სამწუხაროს. იესომ ნათელყო ეს მათეს 7:24–27-ში ჩაწერილი თვალსაჩინო მაგალითით, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირა ისინი, ვინც ემორჩილებიან მის სიტყვებს, და ისინი, ვინც არ აკეთებენ ამას. მორჩილი მოწაფეები მან შეადარა კეთილგონიერ კაცს, რომელიც სახლს მყარ კლდეზე იშენებს. ისინი, ვინც არ ემორჩილებიან მის სიტყვებს, მან შეადარა უგუნურ კაცს, რომელიც სახლს ქვიშაზე იშენებს. მკაცრი ქარიშხლის შემდეგ მხოლოდ კლდეზე აშენებული სახლი რჩება უვნებელი. ყურადღება მიაქციე, რომ კეთილგონიერი კაცის შემთხვევაში „მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს; ის კი არ დაეცა“. იესოს არ უთქვამს, რომ კეთილგონიერი კაცი მუდამ მშვიდობითა და მყუდროებით დატკბებოდა. პირიქით, კეთილგონიერება მოამზადებდა ამ კაცს ქარიშხლის გადასატანად. მსგავსი აზრია გამოხატული მთესველთან დაკავშირებულ თვალსაჩინო მაგალითშიც. იქ იესო ხსნის, რომ ‘კეთილი და წრფელი გულის’ მქონე მორჩილი თაყვანისმცემლებიც კი „მოთმინებით იძლევიან ნაყოფს“ (ლუკა 8:4–15).
6. ვინ ექვემდებარება ცეცხლოვან გამოცდას პავლეს მიერ მოყვანილ თვალსაჩინო მაგალითში ცეცხლგამძლე მასალებზე?
6 კორინთელებისთვის მიწერილ წერილში პავლე მოციქულმა მეტაფორული ენა გამოიყენა, რომ ეჩვენებინა საიმედო თვისებების საჭიროება, რომლებსაც შეუძლია დაგვეხმაროს განსაცდელების გადატანაში. ისეთი ცეცხლგამძლე მასალები, როგორიცაა: ოქრო, ვერცხლი და პატიოსანი ქვები, ღვთიური თვისებების შესაბამისია (შეადარე იგავნი 3:13–15; 1 პეტრე 1:6, 7). მეორე მხრივ, ხორციელი თვისებები შედარებულია საწვავ მასალებთან. შემდეგ პავლე ამბობს: „თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და თითოეულის საქმეს, როგორიც ის არის, ცეცხლი გამოცდის. ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს“ (1 კორინთელთა 3:10–14). აქ ბიბლია კიდევ ერთხელ ხსნის, რომ თითოეული ჩვენგანი აუცილებლად შეხვდება რამე ცეცხლოვან გამოცდას.
7. რომაელთა 15:4-ის თანახმად, როგორ შეუძლია საღვთო წერილს დაგვეხმაროს განსაცდელების გადატანაში?
7 ბიბლია მრავალ ცნობას შეიცავს ღვთის ურყევად ერთგულ მსახურებზე, რომელთაც უბედურებების გადატანა უწევდათ — ზოგჯერ ხანგრძლივი დროით. მაგრამ იეჰოვას არ მიუტოვებია ისინი. პავლე მოციქულს, ალბათ, ასეთი მაგალითები ჰქონდა მხედველობაში, როცა თქვა: „ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელთა 15:4). განვიხილოთ იმ სამი მამაკაცის მაგალითები, რომლებმაც ღმერთთან ახლო ურთიერთობის მიუხედავად მრავალი უბედურება გადაიტანეს.
რას ვსწავლობთ ბიბლიური ცნობებიდან
8. რა დაუშვა იეჰოვამ იოსების შემთხვევაში და რამდენი ხნით?
8 იაკობის ძეს, იოსებს, იეჰოვამ ახალგაზრდობაშივე მიანიჭა უპირატესობა. მაგრამ ის რიგი უბედურებებით იტანჯებოდა, თუმცა უდანაშაულო იყო. ის საკუთარმა ძმებმა შეიპყრეს და უმოწყალოდ მოექცნენ. იგი მონად გაყიდეს უცხო ქვეყანაში, სადაც ცრუ ბრალდება წაუყენეს და „დილეგში“ ჩააგდეს (დაბადება 40:15). იქ „გატანჯეს ბორკილებით ფეხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს“ (ფსალმუნი 104:17, 18). მონობისა და პატიმრობის განმავლობაში იოსები, ეჭვგარეშეა, მრავალგზის ევედრებოდა იეჰოვას გათავისუფლებაზე. მიუხედავად ამისა, თუმცა იეჰოვას მიერ სხვადასხვაგვარად გაძლიერებული, ის დაახლოებით 13 წლის მანძილზე ყოველ დილას იღვიძებდა როგორც მონა ან პატიმარი (დაბადება 37:2; 41:46).
9. რის გადატანა უწევდა დავითს მრავალი წლის მანძილზე?
9 მსგავსია დავითის შემთხვევა. ისრაელში მმართველობისთვის ვარგისი მამაკაცის ამორჩევისას იეჰოვამ თქვა: „ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი“ (საქმეები 13:22). იეჰოვას თვალში პრივილეგირებული მდგომარეობის მიუხედავად, დავითი დიდად იტანჯებოდა. მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო და მრავალი წელი იმალებოდა უდაბნოში, გამოქვაბულებში, ნაპრალებში და უცხო მიწაზე. მასზე ნადირობდნენ როგორც გარეულ ცხოველზე და იგი გულგატეხილობითა და შიშით იყო შეპყრობილი. მიუხედავად ამისა, ის ითმენდა იეჰოვას ძალით. დავითს სამართლიანად შეეძლო საკუთარი გამოცდილებიდან ეთქვა: „მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი“ (ფსალმუნი 33:20).
10. რა საშინელი უბედურება გადახდათ ნაბოთსა და მის ოჯახს?
10 წინასწარმეტყველ ელიას დროს ისრაელში მხოლოდ 7 000 ადამიანი იყო, რომლებიც მუხლს არ იდრეკდნენ ცრუ ღვთაების, ბაალის, წინაშე (მესამე მეფეთა 19:18; რომაელთა 11:4). ნაბოთი, ალბათ, ერთ-ერთი მათგანი, საშინელი უსამართლობის მსხვერპლი გახდა. ის დაამცირეს იმით, რომ ღვთის გმობა დააბრალეს. ბრალდებული დამნაშავედ სცნეს და სამეფო ბრძანებულებით განაჩენი გამოუტანეს, რომ ჩაქოლვით მოეკლათ; და მის სისხლს ძაღლები ლოკავდნენ. მისი ვაჟებიც კი დახოცეს! მაგრამ ის უდანაშაულო იყო. მისი მოწინააღმდეგე მოწმეები მატყუარები იყვნენ. მთელი საქმე მდგომარეობდა შეთქმულებაში, რომელიც დედოფალმა იზებელმა მოაწყო, რომ მეფეს შეძლებოდა ნაბოთის ვენახის ხელში ჩაგდება (მესამე მეფეთა 21:1–19; მეოთხე მეფეთა 9:26).
11. რას გვამცნობს პავლე მოციქული ბიბლიურ ისტორიაში არსებულ ერთგულ მამაკაცებსა და ქალებზე?
11 იოსები, დავითი და ნაბოთი მხოლოდ სამნი არიან ბიბლიაში მოხსენიებული მრავალი ერთგული მამაკაციდან და ქალიდან, რომლებიც უბედურებებით იტანჯებოდნენ. პავლე მოციქულმა თავის წერილში ისტორიულად მიმოიხილა იეჰოვას მსახურები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ. მასში ის ლაპარაკობდა იმათზე, ვინც „დაითმინა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები. მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, შეჭირვებულნი, შევიწროებულნი, დათრგუნულნი. ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი წუთისოფელი, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევხუვებში“ (ებრაელთა 11:36–38). მაგრამ იეჰოვას არ მიუტოვებია ისინი.
იეჰოვა ზრუნავს მათზე, ვინც იტანჯება
12. რომელი ზოგი უბედურებით იტანჯებიან დღეს იეჰოვას მოწმეები?
12 რა შეიძლება ითქვას დღეს იეჰოვას ხალხზე? როგორც ორგანიზაციას, შეგვიძლია ღვთიური მფარველობისა და ამ უკანასკნელი დღეებისა თუ დიდი გასაჭირის უვნებლად გადატანის იმედი გვქონდეს (ესაია 54:17; გამოცხადება 7:9–17). მაგრამ, როგორც ცალკეულ პიროვნებებს, გვესმის, რომ „დრო და შემთხვევა“ განაგებს ყველა ადამიანს (ეკლესიასტე 9:11). დღეს მრავალი ერთგული ქრისტიანი იტანჯება უბედურებებით. ზოგი უკიდურეს სიღარიბეს იტანს. ბიბლია ლაპარაკობს ქრისტიან ‘ქვრივ-ობლებზე’, რომელთაც უჭირთ (იაკობი 1:27). სხვები იტანჯებიან სტიქიური უბედურებების, ომების, დამნაშავეობის, ძალის ბოროტად გამოყენების, ავადმყოფობისა და სიკვდილის გამო.
13. რა მძიმე შემთხვევებზე იტყობინებოდნენ ახლახანს?
13 მაგალითად, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოსთვის გაგზავნილ 1996 სამსახურებრივი წლის ანგარიშში საზოგადოება საგუშაგო კოშკის ფილიალები იტყობინებოდნენ, რომ ჩვენი ზოგი და-ძმა, ბიბლიური პრინციპების დაცვისთვის დაპატიმრებული, სავალალო მდგომარეობაში იტანჯება. სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში სამი კრება დაიშალა, როცა პარტიზანულმა ჯგუფებმა აიძულეს ასობით მოწმე, ევაკუირება მოეხდინათ გარკვეული ზონიდან. დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში რამდენიმე მოწმე მოკლულ იქნა სამოქალაქო ომის დროს მომხდარი შეტაკებისას. ცენტრალური ამერიკის ქვეყანაში გრიგალის მძაფრმა შეტევამ გააუარესა ზოგი ძმის ისედაც კრიტიკული ეკონომიკური მდგომარეობა. სხვა ადგილებში, სადაც სიღარიბე და საკვების უკმარისობა, შესაძლებელია, პრობლემას არ წარმოადგენს, ზოგს შეიძლება სიხარული გაუნელოს უარყოფითმა ზეგავლენამ. სხვები წელში მოხარა დღევანდელი ცხოვრების პირობებმა. საზოგადოებრივი გულგრილობის გამო კიდევ სხვები შეიძლება გულგატეხილობას გრძნობდნენ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებისას.
14. ა) რას ვსწავლობთ იობის მაგალითიდან? ბ) უარყოფითი აზროვნების ნაცვლად, რა უნდა ვაკეთოთ გასაჭირში?
14 ეს ვითარებები არ უნდა განიმარტოს როგორც ღვთის უკმაყოფილების მაჩვენებელი. გაიხსენე იობის შემთხვევა და მრავალი უბედურება, რითაც ის იტანჯებოდა. ის იყო ‘ალალი, წრფელი კაცი’ (იობი 1:8). როგორი გულგატეხილობა უნდა ეგრძნო იობს, როცა ელიფაზმა ბოროტმოქმედება დააბრალა მას! (იობი, მე-4, მე-5, 22-ე თავები). არ გვინდა სწრაფად დავასკვნათ, რომ უბედურებებს იმიტომ განვიცდით, რომ იეჰოვას რაღაცაში ვუღალატეთ ან რომ ის კურთხევას გვართმევს. გასაჭირში უარყოფით აზროვნებას შეეძლო შეესუსტებინა ჩვენი რწმენა (1 თესალონიკელთა 3:1–3, 5). გასაჭირში საუკეთესოა იმ ფაქტზე ფიქრი, რომ იეჰოვა და იესო ახლოს არიან მართალთან, რაც არ უნდა მოხდეს.
15. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას ძალიან აწუხებს ის, რომ მისი ხალხი უბედურებებით იტანჯება?
15 პავლე მოციქული გვარწმუნებს: „ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“ (რომაელთა 8:35, 38, 39). იეჰოვა ძალიან წუხს ჩვენზე და იცის ჩვენი ტანჯვის შესახებ. თუმცა ჯერ კიდევ გაქცეული იყო, დავითი წერდა: „უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები — მათი ლოცვისაკენ. ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან“ (ფსალმუნი 33:16, 19; მათე 18:6, 14). ჩვენი ზეციერი მამა ზრუნავს ჩვენზე და ეცოდება ისინი, ვინც იტანჯებიან (1 პეტრე 5:6, 7). როგორც არ უნდა ვიტანჯებოდეთ, ის უზრუნველგვყოფს ყველაფრით, რაც მოსათმენად გვჭირდება.
იეჰოვას ძღვენი მხარს გვიჭერს
16. რით უზრუნველგვყო იეჰოვამ, რაც გვეხმარება, რომ მოვითმინოთ, და როგორ?
16 თუმცა არ შეგვიძლია ამ ძველ სისტემაში უბედურებებისგან თავისუფალ ცხოვრებას მოველოდეთ, არა ვართ „მიტოვებულნი“ (2 კორინთელთა 4:8, 9). იესო თავის მიმდევრებს დაჰპირდა, რომ ნუგეშისმცემლით უზრუნველყოფდა. მან თქვა: „მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ — ჭეშმარიტების სულს“ (იოანე 14:16, 17). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრე მოციქულმა მსმენელებს უთხრა, რომ შეეძლოთ ‘სულიწმიდის ნიჭის’ მიღება (საქმეები 2:38). გვეხმარება სულიწმიდა დღეს? დიახ! იეჰოვას მოქმედი ძალა გვაძლევს შესანიშნავ ნაყოფს, როგორიცაა: «სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება [„რწმენა“, სსგ], სიმშვიდე, თავშეკავება» (გალატელთა 5:22, 23). ყოველივე ეს წარმოადგენს ფასდაუდებელ თვისებებს, რომლებიც გვეხმარება, რომ მოვითმინოთ.
17. რომელია ზოგი ბიბლიური ჭეშმარიტება, რომლებიც გვამტკიცებს რწმენასა და გადაწყვეტილებაში — მოთმინებით ველოდოთ ღმერთს?
17 სულიწმიდა აგრეთვე გვეხმარება, გავიგოთ, რომ ახლანდელი ტანჯვა მარადიულ სიცოცხლესთან შედარებით ‘მსუბუქი და ხანმოკლეა’ (2 კორინთელთა 4:16–18). ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი არ დაივიწყებს ჩვენს საქმესა და მისთვის გამოჩენილ სიყვარულს (ებრაელთა 6:9–12). ბიბლიის ინსპირირებული სიტყვების კითხვისას გვანუგეშებს ძველი დროის იმ ერთგულ მსახურთა მაგალითები, რომლებმაც მრავალი უბედურება გადაიტანეს, მაგრამ ბედნიერებად იქნენ შერაცხული. იაკობი წერს: «ჩემო ძმებო, წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ, ტანჯვისა და სულგრძელების მაგალითად აიღეთ თქვენთვის. აჰა, ჩვენ შევნატრით [„ბედნიერებად ვრაცხავთ“, აქ] იმ მომთმენთ» (იაკობი 5:10, 11). განსაცდელების გადატანაში დასახმარებლად ბიბლია ‘აღმატებულ ძლიერებას’ გვპირდება. იეჰოვა აგრეთვე მკვდრეთით აღდგომის იმედით გვაძლევს კურთხევას (2 კორინთელთა 1:8–10; 4:7). ბიბლიის ყოველდღიური კითხვითა და ამ დანაპირებებზე ფიქრით განვიმტკიცებთ რწმენასა და გადაწყვეტილებას — მოთმინებით ველოდოთ ღმერთს (ფსალმუნი 41:6).
18. ა) რისკენ მოგვიწოდებს მე-2 კორინთელთა 1:3, 4? ბ) როგორ შეუძლიათ ზედამხედველებს, ნუგეშისა და გამაგრების წყაროები აღმოჩნდნენ?
18 გარდა ამისა, იეჰოვა გვაძლევს სულიერ სამოთხეს, სადაც შეგვიძლია ვიხაროთ ჩვენი ქრისტიანი ძმებისა და დების ნამდვილი სიყვარულით. ჩვენ ყველამ უნდა ვანუგეშოთ ერთმანეთი (2 კორინთელთა 1:3, 4). განსაკუთრებით ქრისტიან ზედამხედველებს შეუძლიათ იყვნენ ნუგეშისა და ძალების განახლების მნიშვნელოვანი წყარო (ესაია 32:2). როგორც „ძღვენი ადამიანების სახით“ (აქ), ისინი უფლებამოსილები არიან, აღაშენონ პიროვნებები, რომლებიც იტანჯებიან, ‘ანუგეშონ სულმოკლენი, მხარი დაუჭირონ უძლურთ’ (ეფესელთა 4:8, 11, 12; 1 თესალონიკელთა 5:14). უხუცესები მოწოდებულნი არიან, კარგად ისარგებლონ ჟურნალებით „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, აგრეთვე ‘ერთგული და გონიერი მონის’ მიერ მოწოდებული სხვა პუბლიკაციებით (მათე 24:45–47). ამაში შედის ბიბლიაზე დაფუძნებული მრავალი რჩევა, რომლებიც გვეხმარება, გადავწყვიტოთ — და ავიცილოთ კიდეც — წუხილის გამომწვევი ზოგი პრობლემა. დაე მივბაძოთ იეჰოვას ერთმანეთის ნუგეშისცემითა და გამხნევებით ამ მძიმე დროში!
19. ა) რა გვეხმარება ზოგი უბედურების თავიდან არიდებაში? ბ) საბოლოოდ, ვის უნდა მივენდოთ და რა მოგვცემს საშუალებას, გაბედულად შევხვდეთ განსაცდელებს?
19 რაც უფრო ღრმად შევდივართ უკანასკნელ დღეებში და პირობები თანამედროვე სისტემაში უარესდება, ქრისტიანები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, რომ თავი აარიდონ უბედურებებს (იგავნი 22:3). კარგ მსჯელობას, საღ აზროვნებასა და ბიბლიური პრინციპების შემეცნებას შეუძლია დაგვეხმაროს ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში (იგავნი 3:21, 22). ზედმეტი შეცდომების თავიდან ასარიდებლად ჩვენ ვუსმენთ იეჰოვას სიტყვას და ვემორჩილებით მას (ფსალმუნი 37:5). მიუხედავად ამისა, გვესმის, რომ ჩვენი მხრიდან არანაირ მცდელობას არ შეუძლია სრულიად გამორიცხოს ტანჯვა ჩვენი ცხოვრებიდან. ამ სისტემაში მრავალი მართალი აწყდება სასტიკ უბედურებებს. მაგრამ განსაცდელებს შეგვიძლია შევხვდეთ სრული რწმენით, რომ «არ მოიშორებს [„მიატოვებს“, აქ] უფალი თავის ხალხს» (ფსალმუნი 93:14). და ჩვენ ვიცით, რომ ეს სისტემა თავის უბედურებებთან ერთად მალე გადაივლის. ამიტომ დაე მივიღოთ გადაწყვეტილება — ‘არ მოგვეწყინოს სიკეთის კეთება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით’ (გალატელთა 6:9).
რა ვისწავლეთ?
◻ რა განსაცდელებს აწყდება ქრისტიანთა მთელი საზოგადოება?
◻ რომელი ბიბლიური მაგალითები გვეხმარება, გავიგოთ, რომ უბედურებები იეჰოვას უკმაყოფილების მაჩვენებელი არ არის?
◻ რას ფიქრობს იეჰოვა უბედურებებზე, რომლებითაც მისი ხალხი იტანჯება?
◻ იეჰოვას მიერ ბოძებული რომელი ზოგი ძღვენი გვეხმარება განსაცდელების გადატანაში?
[სურათები 10 გვერდზე]
დავითი, ნაბოთი და იოსები — ეს სამი პიროვნება უბედურებებით იტანჯებოდა.