საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ადამიანები ეძებენ უსაფრთხოებას
    გამოიღვიძეთ! — 2002 | თებერვალი 8
    • ადამიანები ეძებენ უსაფრთხოებას

      „XX საუკუნის ბოლოსაც კი ვერ აღმოიფხვრა სისხლისღვრა და დევნა-შევიწროება, რომელთა გამოც ადამიანები იძულებული არიან, გაქცევით უშველონ თავს. ათობით მილიონი ადამიანი ახალ ათასწლეულს ლტოლვილთა ბანაკებსა და სხვა დროებით ნაშენებ თავშესაფრებში შეხვდა. მათ ეშინიათ, რომ სახლში დაბრუნებას თუ გაბედავენ, მოკლავენ“

      (ბილ ფრელიკი, შეერთებული შტატების ლტოლვილთა კომიტეტის წევრი).

      იაკობს ერთი ნატვრა ჰქონდა. ის ოცნებობდა ისეთ ადგილზე, სადაც ადამიანები მშვიდობიანად იცხოვრებდნენ, სადაც ბომბების ჩამოგდების შედეგად ოჯახს პირუტყვი არ დაეხოცებოდა, და სადაც ის სკოლაში სიარულს შეძლებდა.

      თანაქალაქელებმა უთხრეს, რომ ასეთი ადგილი ნამდვილად არსებობს, თუმცა კი ძალიან შორსაა. მამამ კი აუხსნა, რომ მგზავრობა ძალზე სახიფათო იყო, რადგან ზოგიერთები გზაში უწყლობითა და შიმშილით იხოცებიან. მაგრამ როდესაც მეზობელი, რომელსაც ქმარი მოუკლეს, ორ ბავშვთან ერთად გზას გაუდგა, იაკობმაც გადაწყვიტა, მარტო წასულიყო.

      იაკობს არც საჭმელი წაუღია გზაში და არც ტანსაცმელი. პირველ დღეს ის მხოლოდ გარბოდა და გარბოდა. მისთვის სანუკვარ უსაფრთხოებამდე მიმავალი გზა გვამებით იყო მოფენილი. მომდევნო დღეს მას თანაქალაქელი ქალი შეხვდა, რომელმაც თავისთან და თავის თანამგზავრებთან ერთად გაყოლა შესთავაზა. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში მიდიოდნენ და გზად მიტოვებული სოფლები გაიარეს. ერთხელ დანაღმული მინდვრის გადაკვეთა მოუწიათ, სადაც აფეთქების შედეგად ჯგუფიდან ერთი კაცი დაეღუპათ. ეს ქანცგაწყვეტილი მგზავრები ფოთლებით იკვებებოდნენ.

      ათი დღის შემდეგ შიმშილისა და დასუსტების გამო მოსვრა დაიწყო. არცთუ დიდი ხნის შემდეგ, თვითმფრინავებმა მგზავრებს ბომბები დაუშინეს. ბოლოს, იაკობმა როგორც იქნა საზღვარი გადაკვეთა და ლტოლვილთა ბანაკამდე ჩააღწია. ახლა ის სკოლაში დადის და თვითმფრინავების გრუხუნი მეტად აღარ აშინებს. ყველა თვითმფრინავს, რომელსაც ახლა ხედავს, ბომბების ნაცვლად საკვები გადააქვს. მაგრამ მას თავისი ოჯახი ენატრება და სახლში დაბრუნება უნდა.

      მსოფლიოში მილიონობით ასეთი „იაკობია“. ბევრი მათგანი ომის შედეგად ინვალიდდება და შიმშილითა და უწყლობით იტანჯება. ცოტა თუ დაიკვეხნის ნორმალური ოჯახური ცხოვრებით, ბევრი კი ვერასოდეს დაბრუნდება სახლში. მსოფლიოს ღარიბთა შორის ისინი უღარიბესნი არიან.

      გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ასეთ საშინელ დღეში ჩავარდნილ ხალხს ორ ჯგუფად ყოფს. ლტოლვილებად თვლიან მათ, ვინც დევნისა თუ ძალადობის ღრმად გამჯდარი შიშის გამო ტოვებს ქვეყანას. ადგილნაცვალ პირებად ანუ დევნილებად კი მიიჩნევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ომისა თუ მსგავსი სერიოზული საშიშროების გამო თავიანთი ქვეყნის შიგნით არიან იძულებით გადაადგილებულიa.

      დაზუსტებით არავინ იცის, რამდენ ლტოლვილსა და დევნილს გააქვს ძლივ-ძლივობით თავი დროებით მოწყობილ ბანაკებში, ან უსაფრთხოების ძიებაში რამდენი დაეხეტება უმწეოდ ერთი ადგილიდან მეორეზე. ზოგიერთი ცნობის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით მათი სრული რიცხვი 40 მილიონამდე უნდა აღწევდეს, აქედან ნახევარი ბავშვებია. რამ განაპირობა ხალხის ამ მდგომარეობაში ჩავარდნა?

      ჩვენი დროის პრობლემა

      პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ლტოლვილთა პრობლემა ახალ, უფრო დიდ ფაზაში გადაიზარდა. ომის შემდეგ იმპერიები დაიშალა და ეთნიკური უმცირესობები დევნილნი აღმოჩნდნენ. ამის გამო მილიონობით ევროპელმა სხვა ქვეყნებს შეაფარა თავი. მეორე მსოფლიო ომი — რომელიც თავის წინამორბედზე კიდევ უფრო დამანგრეველი აღმოჩნდა — გახდა იმის მიზეზი, რომ სახლები მილიონობით ადამიანმა მიატოვა. 1945 წლის შემდეგ ომებმა უფრო ლოკალური ხასიათი შეიძინა, მაგრამ ისინი არანაკლებ დარტყმას აყენებენ ომის ქარცეცხლში აღმოჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას.

      «მართალია, ომის შედეგად ყოველთვის ჩნდებოდნენ ლტოლვილები, მაგრამ მხოლოდ მეოცე საუკუნეში მომხდარი საერთაშორისო კონფლიქტები შეეხო ამ კონფლიქტებში ჩაბმული ქვეყნების მთელ მოსახლეობას, — ხსნის გილ ლოშერი 1993 წელს გამოცემულ თავის წიგნში „ქველმოქმედება საკმარისი როდია. საერთაშორისო თანამშრომლობა და ლტოლვილთა გლობალური კრიზისი“, — მებრძოლ მხარესა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის არსებული განსხვავების აღმოფხვრამ ლტოლვილთა დიდი რიცხვის წარმოშობა განაპირობა. ეს უკანასკნელნი გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებოდნენ იმის გამო, რომ უმისამართო ძალადობის საშინელი შედეგებიდან თავის დაღწევა არ შეეძლოთ».

      გარდა ამისა, დღევანდელი კონფლიქტების უმეტესობა სამოქალაქო ომებია, რომლებიც ძვირად უჯდებათ არა მხოლოდ გასაწვევი ასაკის მქონე მამაკაცებს, არამედ ქალებსაც და ბავშვებსაც. ზოგ კონფლიქტს, რომელსაც საფუძვლად ეთნიკური და რელიგიური სხვაობით განპირობებული ღრმად ფესვგადგმული სიძულვილი უდევს, დასასრული არ უჩანს. აფრიკის ერთ ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო ომი უკვე 18 წელია გრძელდება, ოთხი მილიონი დევნილია, ასობით ათასზე მეტი კი საზღვარგარეთ გაიქცა.

      ომით გატანჯულ მოსახლეობას ისღა დარჩენია, რომ ძალადობის თავიდან ასაცილებლად სახლები მიატოვონ. „ლტოლვილები სამშობლოდან გარბიან და სხვა ქვეყანაში შესვლის უფლების მიღება უნდათ არა იმიტომ, რომ კეთილმოწყობის სურვილი ამოძრავებთ, არამედ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არა აქვთ“, — ნათქვამია წიგნში „ლტოლვილთა მდგომარეობა მსოფლიოში — 1997-1998 წლები“. მაგრამ ჩვენს დროში სხვა ქვეყანაში შესვლის ნებართვის მიღება არც ისე იოლია.

      90-იან წლებში ლტოლვილთა რიცხვი მსოფლიოში დაახლოებით 17 მილიონიდან 14 მილიონამდე შემცირდა. თითქოს გაუმჯობესება ჩანს, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. იგივე ათწლეულში დევნილთა რიცხვმა ზოგიერთი შეფასებით 25-30 მილიონს მიაღწია. რაშია საქმე?

      ადამიანისთვის ლტოლვილის სახელის ოფიციალურად მინიჭება სხვადასხვა მიზეზის გამო უფრო გაძნელდა. სხვა ქვეყნებს შეიძლება არ სურდეთ ლტოლვილების მიღება ერთი მხრივ იმიტომ, რომ ადამიანების მასიურ მოზღვავებასთან თავის გართმევის საშუალება არა აქვთ, ან იმიტომ, რომ შიშობენ, ლტოლვილთა დიდი რაოდენობა ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიზეზი გახდება. ზოგჯერ, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ მოსახლეობას არც საჭმელი აქვს, არც ფული და არც ძალ-ღონე საიმისოდ, რომ საზღვრამდე მიმყვან გრძელ გზას გაუდგეს. მათ ისღა დარჩენიათ, რომ გასაქცევი თავისივე ქვეყნის შედარებით უსაფრთხო ადგილას ეძებონ.

      ეკონომიკური სიდუხჭირის გამო გადასახლებულთა მოზღვავება

      მილიონობით ნამდვილი ლტოლვილის გარდა არსებობენ სხვა გაღატაკებული მილიონები, რომელთაც თავიანთი ხვედრის შეცვლა სურთ და ამისათვის მათთვის ცნობილ ერთადერთ საშუალებას მიმართავენ — იმ ქვეყანაში გადასვლას, სადაც საცხოვრებელი პირობები გაცილებით უკეთესია.

      2001 წლის 17 თებერვალს ძველი, ჟანგმოკიდებული სატვირთო გემი წყალში თავთხელზე დარჩა და საფრანგეთის სანაპიროს ვერ მიადგა. მასზე დაახლოებით ათასი მამაკაცი, ქალი და ბავშვი იყო. ზღვაში ყოფნისას, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში, პირში ლუკმა არ ჩასვლიათ. ამ სახიფათო მგზავრობის განსახორციელებლად თითოეულმა 2 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ამასთანავე, მათ არც კი იცოდნენ, რომელი ქვეყნისკენ მიემართებოდნენ. გემის ნაპირთან მისვლისთანავე კაპიტანი და ეკიპაჟის წევრები გაუჩინარდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, შეშინებული მგზავრები სხვებმა გადაარჩინეს. საფრანგეთის მთავრობა დაჰპირდა, რომ თავშესაფრით უზრუნველყოფის თაობაზე მათ თხოვნას განიხილავდა. მათ მსგავსად ყოველწლიურად მილიონები ცდილობენ მსგავსი მოგზაურობის წამოწყებას.

      ეკონომიკური პირობების გამო გადასახლებულთაგან ბევრს გამოსავალი არ რჩება და ურიგდება სასტიკ გაჭირვებას, და არც იცის, რას მოუტანს ხვალინდელი დღე. ისინი ძლივძლივობით აგროვებენ გასამგზავრებელ ფულს, რადგან მათ ქვეყანაში არსებული სიღატაკე, ძალადობა, დისკრიმინაცია ან სასტიკი რეჟიმი — და ზოგჯერ ყოველივე ეს ერთად — სიცოცხლეს უმწარებთ.

      ბევრს ძალიან ძვირად უჯდება უკეთესი ცხოვრების ძიების მცდელობა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით 3 500 ადამიანი დაიხრჩო ან დაიკარგა გიბრალტარის სრუტის გადაკვეთისას, როდესაც აფრიკიდან ესპანეთისკენ მიემართებოდნენ. 2000 წელს ორმოცდათვრამეტი ჩინელი მგზავრი გაიგუდა სატვირთო მანქანაში, რომლითაც ბელგიიდან ინგლისში მალულად უნდა ჩაეღწიათ. გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება საჰარაში წყურვილისგან, როდესაც მათი გადატვირთული, მინჯღრეული სატვირთო მანქანები შუა უდაბნოში ფუჭდება.

      საშიშროების მიუხედავად ეკონომიკური მიზეზების გამო გადასახლებულ პირთა რიგები მთელ მსოფლიოში განუწყვეტლივ იზრდება. ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იპარება ევროპაში, ხოლო 300 000 — შეერთებულ შტატებში. 1993 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოთქმული ვარაუდით, მსოფლიოში 100 მილიონი მიგრანტი უნდა ყოფილიყო, რომელთაგანაც მესამედზე მეტი ევროპასა და შეერთებულ შტატებში დასახლდა. იმ დროიდან ეს რიცხვი საგრძნობლად იზრდება.

      ამ მიგრანტებიდან ბევრი ვერასოდეს პოულობს უსაფრთხოებას. ცოტას თუ ღირსებია მუდმივი, მშვიდი თავშესაფრის ნახვა. ეს მგზავრები ძალიან ხშირად ერთი გაჭირვებიდან მეორეში ცვივიან ხოლმე. მომდევნო სტატიაში უფრო დაწვრილებით განვიხილავთ ზოგ მათგანს და მათ გამომწვევ მიზეზებზე გვექნება საუბარი.

      [სქოლიო]

      a სტატიათა ამ სერიაში, სადაც ადგილნაცვალი პირების შესახებ მოგითხრობთ, არ მოვიხსენიებთ იმ 90-დან 100 მილიონამდე ადამიანს, რომლებიც საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა პროგრამების გამო იძულებით გადაასახლეს. ამ პროგრამათა რიცხვს მიეკუთვნება კაშხლების მშენებლობა, სამთო საქმე, მეტყევეობა ან სასოფლო-სამეურნეო პროგრამები.

  • საკუთარი სახლის ძიებაში
    გამოიღვიძეთ! — 2002 | თებერვალი 8
    • საკუთარი სახლის ძიებაში

      „როგორი უბრალოც უნდა იყოს, საკუთარ კერას არაფერი შეედრება“ (ჯონ ჰოვარდ პეინი).

      ჯერ ომი დაიწყო, რომელსაც დასასრული არ უჩანდა. შემდეგ გვალვა მოვიდა, რომელიც არ შესუსტებულა. გვალვას ფეხდაფეხ შიმშილი მოჰყვა. ხალხს ერთი გამოსავალიღა დარჩენოდა — წყლის, საკვებისა და სამუშაოს მოსაძებნად სახლები უნდა მიეტოვებინათ და გააკეთეს კიდეც ასე.

      ათასობით ადამიანი მიადგა სასაზღვრო პუნქტს. მაგრამ მეზობელმა ქვეყნებმა, რომლებმაც ბოლო წლებში უკვე მილიონობით ლტოლვილი შეიფარეს, მეტის შეშვება აღარ ისურვეს. საზღვრის დამცველი ხელკეტმომარჯვებული პოლიციელები თვალყურს ადევნებდნენ, რომ ხელიდან არავინ გასხლტომოდათ.

      საემიგრაციო სამსახურის ადგილობრივმა თანამშრომელმა პირდაპირ დაასახელა ის მიზეზები, რომელთა გამოც არ სურთ ლტოლვილთა მოზღვავებული მასის შეშვება. „ისინი გადასახადებს არ იხდიან, გზებს აფუჭებენ, ხე-ტყეს ჩეხავენ, წყლის მარაგს ამცირებენ. არა, მეტის ატანა აღარ შეგვიძლია!“a.

      ასეთი ტრაგიკული მოვლენები ძალზე გახშირდა. სახლს მოწყვეტილი ხალხი ხედავს, რომ საკუთარი „ნავსაყუდელის“ პოვნა უფრო და უფრო ურთულდებათ. „რაც უფრო მატულობს თავშესაფრის მაძიებელი ხალხის რაოდენობა, მით უფრო უქრება სახელმწიფოებს მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის სურვილი“, — ნათქვამია „ემნისთი ინთერნეიშნლის“ მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებულ ცნობაში.

      ისინი, ვისაც ბედმა გაუღიმა და ლტოლვილთა ბანაკამდე მიაღწიეს, მაინცდამაინც უსაფრთხოდ არ გრძნობენ იქ თავს, თანაც ეს ადგილი სახლის მაგივრობასაც ვერ სწევს. გარდა ამისა, ბანაკის საცხოვრებელი პირობები შეიძლება იდეალურისგან საკმაოდ შორს იყოს.

      ცხოვრება ლტოლვილთა ბანაკებში

      „[სახლში] შეიძლება ტყვიას ემსხვერპლო, მაგრამ აქ [ლტოლვილთა ბანაკში] შვილები შიმშილისგან მოგიკვდებიან“, — ჩიოდა ერთი აფრიკელი ლტოლვილი. როგორც ამ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მამის სიტყვებიდანაც ჩანს, ბევრ ბანაკში მუდმივად მწვავედ დგას საკვებისა და წყლის უკმარისობის პრობლემა, ჰიგიენის მდგომარეობაც არ არის სახარბიელო და არც ნორმალური თავშესაფარი აქვს ხალხს, რაც უბრალო მიზეზებით აიხსნება. განვითარებად ქვეყნებში, სადაც მოულოდნელად ათასობით ლტოლვილმა მოიყარა თავი, მთელ ძალებს შეიძლება მხოლოდ იმასღა ახმარენ, რომ როგორღაც საკუთარი მოქალაქეები გამოკვებონ. კარს მომდგარი ზღვა ხალხისთვის სახელმწიფოს დიდი დახმარების გაწევა არ შეუძლია; შედარებით მდიდარ ქვეყნებს კი, რომლებიც საკუთარი პრობლემების გადაწყვეტით არიან დაკავებული, შეიძლება მაინცდამაინც არ ეხალისებოდეთ სხვა ქვეყნებს შეკედლებული ლტოლვილებისთვის დახმარების აღმოჩენა.

      1994 წელს, როდესაც აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნიდან ორ მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა, სახელდახელოდ შექმნილ ლტოლვილთა ბანაკებში მყისვე იჩინა თავი უწყლობისა და არასათანადო სანიტარულ პირობებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. შედეგად ამისა, იფეთქა ქოლერამ, რომელმაც ამ დაავადების საწინააღმდეგო ზომების მიღებამდე ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შექმნილი მდგომარეობა იმანაც გააუარესა, რომ შეიარაღებული მებრძოლები ლტოლვილთა რიგებში მოჩვენებით შეიჭრნენ და ჰუმანიტარული დახმარების განაწილება მაშინვე თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს. ასეთი პრობლემა მხოლოდ ამ ქვეყნიდან გაქცეულ პირებს არ შეხებიათ. „ლტოლვილთა შორის შეიარაღებული პირების ყოფნამ მშვიდობიანი მოსახლეობა საფრთხეში ჩააგდო. ძალიან ადვილი გახდა მათი დაშინება, მათში შეშფოთების გრძნობის გაჩენა და კონფლიქტში იძულებით ჩაბმა“, — ნათქვამია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში.

      ადგილობრივ მოსახლეობაზეც შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს დამშეული ლტოლვილების მოზღვავება. აფრიკის „დიდ ტბებად“ წოდებულ ერთ-ერთ რეგიონში ზოგი ოფიციალური პირი წუხილს გამოთქვამდა: „[ლტოლვილებმა] მოგვისპეს საკვების მარაგი, გაგვიჩანაგეს მინდვრები, გაგვინადგურეს საქონელი, ნაკრძალები; შიმშილისა და ეპიდემიების გავრცელების მიზეზი გახდნენ . . . [თავად] ჰუმანიტარული დახმარებით სარგებლობენ, მაშინ როცა ჩვენ არაფერი გვრჩება“.

      მაგრამ ყველაზე რთულ პრობლემას წარმოადგენს ალბათ ის, რომ ლტოლვილთა ბევრი დროებითი ბანაკი მუდმივი საცხოვრებელი ხდება. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის ერთ ქვეყანაში დაახლოებით 200 000 ლტოლვილი საშინელ სივიწროვეში ცხოვრობს. მიზეზი ისაა, რომ ისინი ისეთ ბანაკში იმყოფებიან, რომელიც თავდაპირველად ამ რიცხვის მეოთხედისთვის იყო გათვალისწინებული. „ყველა გზა მოჭრილი გვაქვს“, — გულისტკივილით ახსენა ერთ-ერთმა მათგანმა. „მასპინძელ“ ქვეყანაში ეს მრავალტანჯული ლტოლვილები რაიმე სამუშაოზე მოწყობისას დისკრიმინაციას ხვდებიან, რის გამოც მათი 95 პროცენტი უმუშევარია ან არასრული სამუშაო დღით მუშაობს. „ნამდვილად არ ვიცი, როგორ გააქვთ [მათ] თავი“, — აღიარა ლტოლვილთა სტატუსის განმსაზღვრელმა ოფიციალურმა პირმა.

      მაგრამ თუკი ლტოლვილთა ბანაკებში ასეთი მძიმე სიტუაციაა, იმ ადამიანების მდგომარეობა უფრო უარესია, ვისაც ქვეყნის დატოვება არ შეუძლიათ და იძულებული არიან, ქვეყნის შიგნითვე ეძებონ თავშესაფარი.

      გადაადგილებით გამოწვეული ტკივილი

      გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თქმით, „ადგილნაცვალ პირებთან დაკავშირებულ პრობლემას საფუძვლად ადამიანთა ტანჯვა უდევს. ის აგრეთვე უარყოფით გავლენას ახდენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ამ პრობლემის მასშტაბურობამ ქვეყნის შიგნით ადამიანთა იძულებითი გადაადგილება ისეთ გადაუჭრელ საკითხად აქცია, რომელმაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება საგონებელში ჩააგდო“. რამდენიმე მიზეზის გამო ეს უსახლკარო ადამიანები, ჩვეულებრივ, ლტოლვილებზე უარეს მდგომარეობაში ცვივიან.

      არც ერთი საერთაშორისო საზოგადოება არ ზრუნავს დევნილების კეთილდღეობაზე და მათ სავალალო მდგომარეობას მასმედიაშიც ხშირად მცირე ყურადღება თუ ექცევა. ქვეყნის მთავრობასაც, რომელიც ამა თუ იმ სახის შეიარაღებულ კონფლიქტშია ჩაბმული, შეიძლება არც სურდეს და არც შეეძლოს მათი დაცვა. საშიში ზონიდან გაქცევისას ოჯახის წევრები ხშირად ერთმანეთს კარგავენ. ხშირ შემთხვევაში ხალხს მთელი გზის ფეხით გავლა უწევს, რის გამოც ზოგი ვერც კი აღწევს უფრო უსაფრთხო ადგილამდე და გზაშივე კვდება.

      ამ უსახლკარო ადამიანებიდან ბევრი თავს აფარებს ქალაქებს, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა უწევთ ცხოვრება. აქ ისინი ბარაკებსა თუ მიტოვებულ შენობებში სახლდებიან. სხვები დროებით ბანაკებში იყრიან თავს, სადაც ზოგჯერ თავდასხმის მსხვერპლი ხდებიან ხოლმე. სიკვდილიანობის მაჩვენებელი მათში, ჩვეულებრივ, უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის სხვა რომელიმე ჯგუფში.

      დევნილების ტანჯვის შესამსუბუქებლად მიმართულმა გულწრფელმა ძალისხმევამაც კი შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს. გამოცემაში „ლტოლვილთა მდგომარეობა მსოფლიოში — 2000 წელი“ ნათქვამია: „XX საუკუნის ბოლო ათწლეულში ომისგან გაპარტახებული ქვეყნების დასახმარებლად ამოქმედებულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნეს და ხალხის ტანჯვა-წვალების შესამსუბუქებლად მრავალი რამ განახორციელეს. მაგრამ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რასაც გასული ათწლეულიდან ვსწავლობთ, ისაა, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში მეომარი მხარეები შეიძლება ადვილად დაეპატრონონ ჰუმანიტარულ ტვირთს და მათი გადანაწილებაც თავად აკონტროლონ. ეს კი, თავის მხრივ, ძალაუნებურად ისეთ შედეგს გამოიღებს, რაც კონფლიქტის გამჩაღებელთა პოზიციებს გააძლიერებს. გარდა ამისა, ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ მოწოდებულმა დახმარებამ შეიძლება ომის საწარმოებლად აუცილებელი სახსრებით უზრუნველყოს ქვეყანა, რითაც ომის არათუ შეწყვეტას, არამედ გაგრძელებას შეუწყობს ხელს“.

      უკეთესი ცხოვრების ძიებაში

      ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა გარდა არსებობენ ისეთები, რომლებიც ეკონომიკური გაჭირვების გამო ტოვებენ სახლებს. ასეთი პირების რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მსოფლიოს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის უფსკრული იზრდება; პლანეტის უღატაკეს მაცხოვრებლებს კი სატელევიზიო პროგრამებში მდიდრული ცხოვრების ჩვენებით თავბრუს ახვევენ. მოგზაურობა მსოფლიოში უფრო გაადვილდა და საზღვრების გადალახვაც დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს. გარდა ამისა, სამოქალაქო ომებისა და ეთნიკური თუ რელიგიური დისკრიმინაციის გამო, ხალხი ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყნებისკენ ისწრაფვის.

      მაგრამ მაშინ, როცა ზოგ მიგრანტს — განსაკუთრებით კი მათ, ვისი ნათესავებიც განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობენ — მოგზაურობა მშვიდობიანად უმთავრდებათ, სხვებს სიცოცხლე უმწარდებათ. განსაკუთრებული საშიშროება ემუქრება მათ, ვინც მიგრანტებით მოვაჭრეთა ხელში ვარდება (იხილეთ თანდართული ჩარჩო). კარგი იქნებოდა, თუ გაჭირვების გამო გამგზავრებამდე ოჯახი გადასვლასთან დაკავშირებულ საშიშროებებსაც მხედველობაში მიიღებდა.

      1996 წელს ხმელთაშუა ზღვაში ძველი ნავი გადაბრუნდა და 280 კაცი დაიხრჩო. სავარაუდოა, რომ დაღუპულები ინდოეთის, პაკისტანისა და შრი-ლანკას მკვიდრნი იყვნენ, რომლებმაც ევროპაში გასამგზავრებლად 6000-დან 8000-მდე აშშ დოლარი გადაიხადეს. სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, კვირების მანძილზე მათ შიმშილის, წყურვილისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ატანა უწევდათ. „აყვავებული ცხოვრებისკენ მგზავრობა“ კოშმარად ექცათ, რომელიც, საბოლოო ჯამში, ტრაგედიით დასრულდა.

      ფაქტობრივად, ყველა ლტოლვილს, ადგილნაცვალ პირსა თუ უკანონო მიგრანტს თავისებური კოშმარი გადააქვს. რის გამოც უნდა ტოვებდეს ეს ხალხი სახლებს — იქნება ეს ომი, დევნა თუ სიღარიბე — იბადება კითხვები: გადაწყდება ოდესმე ეს პრობლემა? თუ ლტოლვილთა ნაკადი მუდმივად გაიზრდება?

      [სქოლიო]

      a ზემოთ აღწერილი სიტუაცია 2001 წლის მარტში აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში იყო შექმნილი. მაგრამ მსგავსი პრობლემები აფრიკის ზოგ ქვეყანაშიც გვხვდება.

      [ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

      უკანონო მიგრანტთა გასაჭირი

      ლტოლვილებისა და დევნილების გარდა მსოფლიოში 15-დან 30 მილიონამდე „უკანონო მიგრანტია“. აქედან უმრავლესობას იმის იმედი აქვს, რომ უფრო მდიდარ ქვეყანაში გადასვლით სიღარიბესა და შევიწროებას გაექცევა.

      რაკი კანონიერი მიგრაცია უკანასკნელ წლებში შეიზღუდა, ფეხი მოიკიდა ახალმა საქმიანობამ — „თრეფიქინგმა“ ანუ მიგრანტებით ვაჭრობამ. დღესდღეობით, „თრეფიქინგი“ საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატებისთვის სარფიან ბიზნესს წარმოადგენს. ზოგმა მკვლევარმა გამოთვალა, რომ ამ საქმიანობას ყოველწლიურად 12-მილიარდდოლარიანი მოგება მოაქვს, თანაც მოვაჭრეთათვის ძალზე მცირე რისკით. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პინო არლაკიმ ამას „მსოფლიოში ყველაზე სწრაფმზარდი კრიმინალური ბიზნესი“ უწოდა.

      უკანონო მიგრანტებს კანონი, ფაქტობრივად, არ იცავს, და მოვაჭრეები განუწყვეტლივ ართმევენ მათ პასპორტებს. ამ მიგრანტების პოვნა შეიძლება სახელოსნოებში, სადაც ერთი ლუკმა პურისთვის მძიმედ შრომობენ; სხვები შინამოსამსახურეებად მუშაობენ; აგრეთვე მეთევზეობას ან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან. ზოგი მეძაობამდეც კი დაეცა. და თუკი სახელმწიფო მოხელეები მათ დაიჭერენ, შეიძლება სამშობლოში უკაპიკოდ გააბრუნონ. მძიმე სამუშაო პირობების გამო უკმაყოფილებას თუ გამოთქვამენ, შეიძლება ფიზიკური ან სექსუალური შეურაცხყოფაც მიაყენონ ან დაემუქრონ კიდეც, რომ მის ოჯახს არ დაინდობენ.

      ხშირად კრიმინალური დაჯგუფებები პოტენციურ მიგრანტებს მაღალანაზღაურებადი სამუშაოს დაპირებებით იტყუებენ. შედეგად, გაღატაკებულმა ოჯახმა ერთი წევრის ევროპაში ან შეერთებულ შტატებში გასაგზავნად შეიძლება მთელი ქონება დააგირაოს. თუკი მიგრანტს ხარჯების დაფარვის საშუალება არა აქვს, ვალის გადასახდელად, რომელიც შეიძლება 40 000 აშშ დოლარსაც კი შეადგენდეს, მოუწევს მუშაობა. დაპირებული „ახალი ცხოვრება“ უფრო მონურ შრომად ექცევა.

      [სურათი]

      უკანონო მიგრანტები ესპანეთში.

      [ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

      დაკარგული უმანკოება

      ზირის ოჯახი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცხოვრობდა, სადაც მისი მშობლები ბრინჯის მინდვრებს უვლიდნენ. ერთხელ ერთმა ქალმა ზირის მშობლებს უთხრა, რომ გოგონას ქალაქში კარგად ანაზღაურებად სამუშაოს უშოვნიდა. გორაკებზე მომუშავე ფერმერებისთვის ძნელი იყო შემოთავაზებულ 2000 დოლარზე უარის თქმა — მათთვის ეს მთელი ქონება იყო. მაგრამ მალე ზირი საროსკიპოს მეპატრონეთა ხელში ჩავარდა. მათ უთხრეს, რომ გათავისუფლებას თუ მოინდომებდა, 8000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. იმ დროისთვის ზირი მხოლოდ 15 წლის იყო.

      ზირის ამ თანხის გადახდა არაფრით არ შეეძლო. „მუშაობას“ კი ფიზიკური შეურაცხყოფითა და გაუპატიურებით აიძულებდნენ. მანამ, სანამ მისი გამოყენება შეეძლოთ, არაფრით არ გაუშვეს. მწარე სინამდვილე კი ისაა, რომ ბევრი ასეთი მეძავი, საბოლოო ჯამში, თავისუფლდება და ბრუნდება თავის სოფელში, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ შიდს-ისგან მოკვდეს.

      მსგავსი სახის ვაჭრობით მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ითბობენ ხელს. 1999 წელს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „ქალებით საერთაშორისო ვაჭრობა შეერთებულ შტატებში“ ნავარაუდები იყო, რომ ყოველწლიურად მიმდინარეობს ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობა, რომელთა რიცხვი 700 000-დან 2 000 000-მდე აღწევს და ეს ვაჭრობა, უმთავრესად, პროსტიტუციის მიზნით ხორციელდება. ზოგს შეიძლება ატყუებენ, ზოგს — იტაცებენ, მაგრამ პრაქტიკულად ყველას იძულებით ამუშავებენ. აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრებმა მოზარდმა, რომელიც პროსტიტუციის ბიზნესით დაკავებული ბანდისგან იხსნეს, თავისი დამტყვევებლების შესახებ თქვა: „ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. ისინი ადამიანები კი არა, ცხოველები არიან“.

      ეს „ბიზნესმენები“ ლტოლვილთა ბანაკებიდანაც კი იტყუებენ საცოდავ ადამიანებს. ისინი არწმუნებენ მათ, რომ ევროპაში ან შეერთებულ შტატებში სამუშაოსა და ბევრ ფულს აშოვნინებენ. უკეთესი ცხოვრების ძიებაში უამრავი ქალი მეძავად იქცა.

      [ჩარჩო⁄სურათები 10 გვერდზე]

      ეკონომიკური სიდუხჭირის გამო გადასახლებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ

      მიგრანტებით მოვაჭრე კრიმინალური დაჯგუფებების არსებობისა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ლეგალურად შესვლასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით, ქმრები და მამები გადაწყვეტილების მიღებამდე ყურადღებით უნდა მოეკიდონ შემდეგ საკითხებს.

      1. ნამდვილად ისეთი უიმედოა ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ერთი ჩვენგანი ან მთელი ოჯახი უნდა გადასახლდეს ქვეყანაში, სადაც ანაზღაურება უფრო მაღალია?

      2. გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად რა ოდენობის ვალის აღება მოგვიწევს და როგორ გადავიხდით მას?

      3. ღირს ოჯახს მოწყვეტა უკეთესი ეკონომიკური პირობებისთვის, რამაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება იმედები არ გაამართლოს? ბევრმა, ვინც ქვეყანაში არალეგალურად შევიდა, დაინახა, რომ განვითარებულ ქვეყანაში მუდმივი სამუშაოს შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

      4. უნდა დავუჯერო ყველაფერს, რასაც მაღალი ანაზღაურებისა და სოციალური დახმარების შესახებ ყვებიან? ბიბლიაში ნათქვამია, რომ «სულელს [„გამოუცდელს“, აქ] ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება» (იგავნი 14:15).

      5. რა გარანტია მაქვს, რომ ოჯახი კრიმინალური ორგანიზაციის ხელში არ ჩავარდება?

      6. თუკი ასეთი კრიმინალური დაჯგუფება აწყობს მოგზაურობას, ვხედავ თუ არა იმ საშიშროებას, რომ ჩემი ცოლი ან ქალიშვილი შეიძლება მეძავად აქციონ?

      7. მესმის თუ არა, რომ თუკი ქვეყნის საზღვრებს არალეგალურად გადავკვეთ, მუდმივი სამსახური შეიძლება საერთოდ ვერ ვიშოვო და, შესაძლოა, უკანაც გამომაბრუნონ, თანაც ისე, რომ ამ მოგზაურობაში ჩადებულ ფულს სულ დამაკარგვინებენ?

      8. მინდა თუ არა, გავხდე უკანონო მიგრანტი ან უპატიოსნო გზებით მივიღო უფრო აყვავებულ ქვეყანაში შესვლის უფლება? (მათე 22:21; ებრაელთა 13:18).

      [დიაგრამა⁄რუკა 8, 9 გვერდებზე]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      ლტოლვილებისა და შრომითი მიგრანტების გადაადგილება

      ტერიტორიები, სადაც ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა დიდი დასახლებებია.

      შრომითი მიგრანტების გადაადგილების ძირითადი მარშრუტი.

      [საავტორო უფლებები]

      წყაროები: „ლტოლვილთა მდგომარეობა მსოფლიოში“; „მიგრაციის გლობალური კრიზისი“; და „ლტოლვილთა მდგომარეობის მიმოხილვა — 1999 წელი“.

      Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.

      [სურათი 7 გვერდზე]

      ლტოლვილი გადასახლების მოლოდინშია.

      [საავტორო უფლება]

      UN PHOTO 186226/M. Grafman

  • მსოფლიო, სადაც აღარავინ იქნება ლტოლვილი
    გამოიღვიძეთ! — 2002 | თებერვალი 8
    • მსოფლიო, სადაც აღარავინ იქნება ლტოლვილი

      „ვინაიდან ლტოლვილთა არსებობა გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, მისი გადამწყვეტი გზების ძიებამაც გლობალური ხასიათი უნდა შეიძინოს“

      (გილ ლოშერი, პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში).

      ახალგაზრდა წყვილი ღამის წყვდიადში გაუჩინარდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვი ჰყავდათ, ქმარს, რომელსაც ოჯახის უსაფრთხოება ადარდებდა, დრო არ დაუკარგავს. მას გაგონილი ჰქონდა, რომ ქვეყნის სასტიკი მმართველი ქალაქში უმწეო არსებების ამოჟლეტას აპირებდა. ქანცგამწყვეტი მოგზაურობა, რომლის დროსაც ასორმოცდაათ კილომეტრზე მეტი გაიარეს, იმით დასრულდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, საზღვარი გადაკვეთეს და სამშვიდობოს გავიდნენ.

      ეს უბრალო ოჯახი მოგვიანებით ყველასათვის ცნობილი გახდა. ჩვილი იყო იესო, მშობლები კი — მარიამი და იოსები. ამ ლტოლვილებს თავიანთი მხარე იმიტომ კი არ მიუტოვებიათ, რომ მატერიალურ კეთილდღეობას ეძებდნენ, არამედ იმიტომ, რომ ძალზე საშიშ მდგომარეობაში იყვნენ ჩავარდნილი — ქვეყნის მმართველს მათი ბავშვის მოკვლა უნდოდა!

      სხვა ბევრი ლტოლვილის მსგავსად, იოსები და მისი ოჯახი, საბოლოო ჯამში, მაინც დაბრუნდნენ სამშობლოში, როდესაც პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. მაგრამ მათმა დროულმა გაქცევამ ნამდვილად იხსნა ბავშვის სიცოცხლე (მათე 2:13—16). ეგვიპტე — ქვეყანა, სადაც ისინი გაიქცნენ — ცნობილი იყო იმით, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების გამო გამოქცეულ ლტოლვილებს თავშესაფარს აძლევდა. მრავალი საუკუნის წინ იესოს წინაპრებმაც შეაფარეს თავი ეგვიპტეს, როდესაც ქანაანში შიმშილი იყო (დაბადება 45:9—11).

      გადარჩენილნი, მაგრამ მაინც „შავ დღეში“

      როგორც ბიბლიური, ისე ცხოვრებისეული მაგალითებიდანაც ჩანს, რომ სხვა ქვეყანაში გაქცევით შეიძლება თავს უშველო. მაგრამ ნებისმიერი ოჯახისთვის მაინც მტკივნეულია საკუთარი კერის მიტოვება. როგორი უბრალო სახლის პატრონიც უნდა იყოს ადამიანი, წლების მანძილზე ალბათ დიდ დროსა და სახსრებს ხარჯავს მის მოსაწყობად. შესაძლოა, ოჯახური მემკვიდრეობაც, რომლის მიტოვებაც უხდებათ, საკუთარ კულტურასა და სამშობლოსთან აკავშირებთ კიდეც. გარდა ამისა, გაქცევისას ლტოლვილებს, თუ საერთოდ ახერხებენ ამას, ცოტა რამ თუ მიაქვთ პირადი ნივთებიდან, რის გამოც, უარეს დღეში ვარდებიან და სიღარიბეს შეიძლება ვეღარც კი დააღწიონ თავი.

      როდესაც ლტოლვილები უსაფრთხო ადგილს მიაღწევენ, თავდაპირველად შვებას გრძნობენ. მაგრამ ეს გრძნობა შეიძლება მალე გაქრეს, თუკი ჩანს, რომ მთელი ცხოვრება ლტოლვილთა ბანაკში უნდა გაატარონ. და რაც უფრო დიდხანს უწევთ ადამიანებს ლტოლვილებად ყოფნა, მით უფრო ძნელი ასატანი ხდება ეს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი მოსახლეობისგან გარიყულები არიან. ლტოლვილებს, ისევე როგორც ყველას, სურთ, რომ სადმე საკუთარი კერა ჰქონდეთ. ლტოლვილთა ბანაკს კი ნამდვილად ვერ ვუწოდებთ საუკეთესო ადგილს ოჯახის საცხოვრებლად. მოვა კი ისეთი დრო, როდესაც ყველას ექნება საკუთარი სახლი?

      არის თუ არა სამშობლოში დაბრუნება გამოსავალი?

      გასული საუკუნის 90-იან წლებში ცხრა მილიონამდე ადამიანი დაუბრუნდა თავის სახლს. ზოგიერთი მათგანისთვის ეს სასიხარულო მოვლენა იყო და ისინი გატაცებით შეუდგნენ ცხოვრების განახლებას. მაგრამ სხვების დაბრუნებას ასეთი სიხარული არ ახლდა; ისინი მხოლოდ იმიტომ დაბრუნდნენ, რომ მიმღებ ქვეყანაში მათი მდგომარეობა აუტანელი გახდა. გადასახლებაში ყოფნისას პრობლემები იმდენად გაუმწვავდათ, რომ თავიანთ ქვეყანაში არსებული საშიში მდგომარეობის მიუხედავად, დაბრუნება გადაწყვიტეს.

      სამშობლოში დაბრუნება საუკეთესო ვითარებების დროსაც კი პრობლემებთან არის დაკავშირებული, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მეორეჯერ მთლიანად უნდა აიკრიფო გუდა-ნაბადი. «არც ერთი გადაადგილება დანაკარგების გარეშე არ ხდება: ტოვებ ქვეყანას, კარგავ სამუშაოს, სახლსა და პირუტყვს, — ნათქვამია გამოცემაში „ლტოლვილთა მდგომარეობა მსოფლიოში — 1997—1998 წლები“, — გარდა ამისა, ყოველი გადაადგილება რთული აღდგენითი პროცესის დაწყებას უკავშირდება». ცენტრალურ აფრიკაში ჩატარდა სამშობლოში დაბრუნებული ლტოლვილების გამოკითხვა. ამ გამოკითხვამ უჩვენა, რომ „ლტოლვილებისთვის, რომელთაც გადასახლებაში ყოფნისას დახმარება აღმოუჩინეს, დაბრუნება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავად გადასახლებაში ყოფნა“.

      მაგრამ სამშობლოში იძულებით დაბრუნებული მილიონობით ლტოლვილის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. რა ელის მათ? „დაბრუნებულები ვარდებიან ისეთ სიტუაციაში, სადაც კანონი თითქმის არ კანონობს, სადაც ბანდიტიზმი და ძალადობა ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული, სადაც დემობილიზებული ჯარისკაცები მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს და სადაც იარაღი თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია“, — ნათქვამია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში. ცხადია, რომ გატანჯული ხალხისთვის, რომლებიც ასეთ სასტიკ პირობებში არიან ჩავარდნილი, უსაფრთხოებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

      მსოფლიო, სადაც ყველა უსაფრთხოდ იცხოვრებს

      სამშობლოში იძულებითი დაბრუნება არასოდეს გადაწყვეტს ლტოლვილთა პრობლემებს, თუკი ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზები არ აღმოიფხვრება. ქ-ნმა სადაკო ოგატამ, გაეროს ლტოლვილთა ყოფილმა უმაღლესმა კომისარმა, 1999 წელს განაცხადა: „ამ ათწლეულის, და განსაკუთრებით გასული წლის, მოვლენებმა ცხადყო, რომ შეუძლებელია, ვიმსჯელოთ ლტოლვილთა მდგომარეობაზე უსაფრთხოების საკითხის გაუთვალისწინებლად“.

      მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იტანჯება საშიშ გარემოში ცხოვრებით. გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი, ამბობს: „მსოფლიოს ზოგი სახელმწიფო თავის ქვეყანაში მიმდინარე თუ საერთაშორისო კონფლიქტებშია ჩაბმული, რის გამოც თავიანთ მოქალაქეებს წესიერად ვერ იცავენ. სხვაგან კი თავად სახელმწიფოები აგდებენ მოქალაქეებს საფრთხეში, როდესაც საერთო ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. თავიანთ მოწინააღმდეგეებს დევნიან და უმცირესობათა ჯგუფების უდანაშაულო წევრებს სჯიან“.

      ომები, დევნა-შევიწროება და ეთნიკური წმენდა — რაც, კოფი ანანის სიტყვებისამებრ, ხალხის საფრთხეში ჩამგდები ძირითადი მიზეზებია — ჩვეულებრივ, სიძულვილიდან და უსამართლობიდან გამომდინარეობს და კიდევ იქიდან, რომ ხალხს სხვებზე წინასწარშექმნილი უარყოფითი აზრები აქვს. ამ ბოროტების აღმოფხვრა ადვილი საქმე არ არის. ნიშნავს ეს იმას, რომ ლტოლვილთა პრობლემა მხოლოდ გამწვავდება?

      ამ პრობლემის გადაწყვეტა ადამიანებს რომ ჰქონოდათ მინდობილი, შედეგი უცილობლად სავალალო იქნებოდა. მაგრამ ბიბლიაში ღმერთი გვპირდება, რომ „შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე“ (ფსალმუნი 45:10). წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით ის იმ დროსაც აღგვიწერს, როდესაც ადამიანები „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. . . ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად აღარ დაბადებენ შვილებს; რადგან უფლის კურთხეული მოდგმა იქნებიან ისინი და მათი შთამომავალნი მათთანვე იქნებიან“ (ესაია 65:21—23). ასეთ პირობებში ლტოლვილთა პრობლემა ნამდვილად გადაიჭრებოდა. რამდენად რეალურია ასეთ პირობებში ცხოვრება?

      „რადგან ომი ომზე ფიქრით იწყება, ამიტომ ადამიანთა აზროვნებაში უნდა განვამტკიცოთ მშვიდობის დაცვის იდეა“, — ნათქვამია გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის პრეამბულაში. ჩვენმა შემოქმედმა კარგად უწყის, რომ აუცილებელია აზროვნების შეცვლა. იმავე წინასწარმეტყველებაში ახსნილია, თუ რატომ იცხოვრებს ყველა უსაფრთხოდ: „არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9).

      იეჰოვას მოწმეებმა პრაქტიკულად დაინახეს, რომ იეჰოვას შესახებ შემეცნებას წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრისა და სიძულვილის დაძლევა შეუძლია. თავიანთი საერთაშორისო სამქადაგებლო საქმიანობით ისინი ქრისტიანული პრინციპების დანერგვას ცდილობენ, პრინციპებისა, რომლებიც ომით გაპარტახებულ ქვეყნებშიაც კი სიძულვილის ნაცვლად ადამიანთა გულებში სიყვარულს აღვივებს. ისინი ისეთ დახმარებასაც სთავაზობენ ლტოლვილებს, როგორის აღმოჩენაც შეუძლიათ.

      მათ ისიც შეგნებული აქვთ, რომ ლტოლვილთა პრობლემას სრულად ღვთის ცხებული მეფე, იესო ქრისტე, გადაწყვეტს. მას კარგად ესმის, თუ რა ადვილად შეუძლია სიძულვილსა და ძალადობას ადამიანთა სიცოცხლის გამწარება. ბიბლია გვარწმუნებს, რომ თავმდაბლებს ის სიმართლით განიკითხავს (ესაია 11:1—5). მისი ზეციდან მმართველობის დროს ღვთის ნება დედამიწაზეც ისევე შესრულდება, როგორც ზეცაში შესრულდა (მათე 6:9, 10). ამ დღის დადგომისას აღარავინ იქნება ლტოლვილი და ყველას საკუთარი კერა ექნება.

      [ჩარჩო 12 გვერდზე]

      რა არის საჭირო ლტოლვილთა პრობლემის გადასაჭრელად?

      „მსოფლიოს ლტოლვილთა და დევნილთა საჭიროებების დაკმაყოფილება დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფაზე და დახმარების აღმოჩენაზე ბევრად უფრო მეტს მოიცავს. ამისათვის საჭიროა დევნის, ძალადობისა და შეიარაღებული კონფლიქტების აღმოფხვრა, რომელთა გამოც, უპირველეს ყოვლისა, ხალხი საცხოვრებელი ადგილებიდან გარბის. საჭიროა ყველა მამაკაცის, ქალისა და ბავშვის უფლებების აღიარება, რათა მათ შეეძლოთ მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრება ისე, რომ არც ღირსების გრძნობა შეელახოთ და არც სახლიდან გაქცევა მოუწიოთ“ („ლტოლვილთა მდგომარეობა მსოფლიოში“ — 2000 წელი“).

      [ჩარჩო⁄სურათები 13 გვერდზე]

      როგორ გადაწყვეტს პრობლემას ღვთის სამეფო?

      „იმ მიწაზე ყველგან სიმართლე და სამართლიანობა იმეფებს. მშვიდობა და უსაფრთხოება მარადიულად დამკვიდრდება, რადგან ყველა იმას გააკეთებს, რაც სწორია. ღვთის ხალხს აღარაფერი შეაწუხებს და მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრებენ თავიანთ სახლებში“ (ესაია 32:16—18, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება