საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მისტიკით შეპყრობილი მსოფლიო
    გამოიღვიძეთ! — 2017 | No. 2
    • ბიჭი გაოცებული იყურება თავის ელექტრონულ მოწყობილობაში

      მთავარი თემა | მისტიკური სამყარო — უწყინარია მასთან კავშირი?

      მისტიკით შეპყრობილი მსოფლიო

      „კინოფილმებსა და ნაწარმოებებში ვამპირები, მაქციები და ზომბები დემონიზმმა და ეგზორციზმმა ჩაანაცვლა“, — აღნიშნულია „უოლ-სტრიტ ჯორნელში“.

      წიგნებში, ფილმებსა თუ ვიდეოთამაშებში ხშირად ჩნდებიან მისტიკური პერსონაჟები — ჯადოქრები, ლამაზი გრძნეული ქალები და მიმზიდველი გარეგნობის ვამპირები. რატომ იზიდავს ხალხს მისტიკური სამყარო?

      „ბოლო ათწლეულებია, შეერთებულ შტატებში სულ უფრო იზრდება მათი რიცხვი, ვისაც მოჩვენებების სჯერა; თუკი ადრე ყოველ მეათე ამერიკელს სჯეროდა მოჩვენებების, ახლა ყოველ მესამეს სჯერა, — აღნიშნავს სოციოლოგიის პროფესორი კლოდ ფიშერი. — ძველი თაობის ამერიკელებთან შედარებით ორჯერ მეტია იმ ახალგაზრდა ამერიკელების რიცხვი, რომლებიც მედიუმებს მიმართავენ და რომელთაც მოჩვენებების სჯერათ“.

      ამიტომაც ბოლო დროს ისტორიები ადამიანებში ჩასახლებული ბოროტი სულების შესახებ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს ნამდვილად შემაშფოთებელი ფაქტია. „დღეს რომ გართობის ინდუსტრიაში მყარად აქვს ფეხი მოკიდებული დემონიზმს, გარკვეულწილად იმან განაპირობა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვამპირები, მაქციები და ზომბები ხშირად ფიგურირებდა ფილმებსა თუ ნაწარმოებებში“, — აღნიშნავს მაიკლ კალი „უოლ-სტრიტ ჯორნელის“ ერთ სტატიაში.

      ერთი ანგარიშის თანახმად, „მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 25-დან 50 პროცენტამდე მერყეობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც მოჩვენებების სჯერათ. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში ხშირად ვხვდებით მისტიკურ პერსონაჟებს“. სოციოლოგიის პროფესორების, კრისტოფერ ბედერისა და კარსენ მენკენის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად „გამოვლინდა, რომ ამერიკელთა სადღაც 70—80 პროცენტი, სულ მცირე, ერთ მოვლენას მაინც მიაწერს ზებუნებრივ ძალებს“.

      უწყინარია სპირიტიზმით ან მისტიკური შინაარსის წიგნებით, კინოფილმებითა თუ ვიდეოთამაშებით გართობა?

  • რას ამბობს ბიბლია სპირიტიზმზე?
    გამოიღვიძეთ! — 2017 | No. 2
    • წყვილი ათვალიერებს მისტიკური შინაარსის ფილმებს

      გართობის ინდუსტრია მიმზიდველად წარმოაჩენს ყველაფერს, რაც სპირიტიზმს უკავშირდება, ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს

      მთავარი თემა | მისტიკური სამყარო — უწყინარია მასთან კავშირი?

      რას ამბობს ბიბლია სპირიტიზმზე?

      ბევრი სკეპტიკურად უყურებს ყველაფერს, რაც ზებუნებრივ ძალებსა და სპირიტიზმს უკავშირდება, რადგან ფიქრობენ, რომ ეს სიყალბე ან კინორეჟისორების ფანტაზიის ნაყოფია. თუმცა ბიბლიის თვალსაზრისი სრულიად საპირისპიროა. ის გვაფრთხილებს, რომ მოვერიდოთ სპირიტიზმს. მაგალითად, კანონის 18:10—13-ში ვკითხულობთ: „არ იყოს შენში . . . არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი“. რატომ მოგვცა ღმერთმა ეს მითითება? პასუხს იქვე ვკითხულობთ: „ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას . . . უბიწო იყავი იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე“.

      რატომ გმობს ღმერთი სპირიტიზმის ნებისმიერ ფორმას?

      საიდან იღებს დასაბამს სპირიტიზმი?

      ბიბლიიდან ვიგებთ, რომ დედამიწის დაფუძნებამდე დიდი ხნით ადრე ღმერთმა მილიონობით სულიერი ქმნილება, ანგელოზები, შექმნა (იობი 38:4, 7; გამოცხადება 5:11). მან თითოეულ მათგანს ნების თავისუფლება უბოძა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ თავად გააკეთონ არჩევანი სწორსა და არასწორს შორის. სამწუხაროდ, ზოგმა ანგელოზმა არასწორი არჩევანი გააკეთა და ღმერთს დაუპირისპირდა. ამ ურჩმა ანგელოზებმა მიატოვეს თავიანთი სამკვიდრო ზეცაში და ადამიანთა მოდგმას დიდი უბედურება მოუტანეს. შედეგად, დედამიწა „აივსო ძალადობით“ (დაბადება 6:2—5, 11; იუდა 6).

      ბიბლიაში ნათქვამია, რომ ბოროტ ანგელოზებს მილიონები შეჰყავთ შეცდომაში (გამოცხადება 12:9). მათ კარგად იციან, რომ ადამიანებს აინტერესებთ თავიანთი მომავალი, ამიტომ ბოროტად იყენებენ მათ ცნობისმოყვარეობას (1 სამუელი 28:5, 7; 1 ტიმოთე 4:1).

      ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს ამ სულიერ ქმნილებებს ადამიანების დახმარება სურთ (2 კორინთელები 11:14). მაგრამ სინამდვილეში ისინი ცდილობენ, გონება დაუბრმაონ მათ, რათა ჭეშმარიტება არ გაიგონ ღვთის შესახებ (2 კორინთელები 4:4).

      ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ბოროტ სულებთან კავშირის დამყარება ძალიან საშიშია. სწორედ ამიტომ პირველ საუკუნეში იმ ადამიანებმა, რომლებმაც გაიგეს ღვთის თვალსაზრისი სპირიტიზმზე და სურდათ, იესოს მოწაფეები გამხდარიყვნენ, რადიკალურ ზომებს მიმართეს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოქრობას მისდევდა, მოიტანა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა“ მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნები საკმაოდ ძვირადღირებული იყო (საქმეები 19:19).

      ქალი მისტიკური შინაარსის წიგნს კითხულობს

      „ბოლო დროს კინოფილმებში, ტელეგადაცემებსა თუ წიგნებში ჯადოქრები და მისტიკური გმირები ისე არიან წარმოჩენილი, რომ სულ უფრო მეტ გოგონას სჯერა მათი არსებობის“ (Gallup Youth Survey, 2014)

      მათ მსგავსად დღესაც ბევრმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ყველაფერზე, მათ შორის გართობის ისეთ სახეობაზე, რომელიც სპირიტიზმს უკავშირდება. მაგალითად, 12 წლის ასაკში მარიაa ფიქრობდა, რომ მომავლის წინასწარმეტყველების ზებუნებრივი უნარი ჰქონდა. ის კლასელებთან კარტით მკითხაობდა და მისი ნათქვამი ხშირად სრულდებოდა. დროთა განმავლობაში მარია ოკულტიზმმა მთლიანად მოიცვა.

      მარიას ეგონა, რომ ეს უნარი ღვთისგან ჰქონდა ნაბოძები, რათა ხალხს დახმარებოდა. თუმცა ის გულახდილად ამბობს: „გაურკვევლობაში ვიყავი. კარტით სხვებს ვუმკითხავებდი, მაგრამ საკუთარი მომავლის გაგება არ შემეძლო, არადა ძალიან მინდოდა მცოდნოდა, რა მელოდა წინ“.

      მარიას ბევრი კითხვა აწუხებდა, რომელზეც პასუხი არ ჰქონდა. მან ლოცვით მიმართა ღმერთს, მოგვიანებით კი შეხვდა იეჰოვას მოწმეებს, რომლებთანაც ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მარიამ ბიბლიიდან გაიგო, რომ მომავლის წინასწარმეტყველების უნარი ღვთისგან არ ჰქონდა ნაბოძები. მან ისიც გაიგო, რომ ღვთის თაყვანისმცემლებმა უნდა მოიშორონ ყველაფერი, რაც სპირიტიზმს უკავშირდება (1 კორინთელები 10:21). ამიტომ მარიამ გადაყარა მაგიური ნივთები და წიგნები. ის ახლა სხვებს უზიარებს ბიბლიიდან ნასწავლ ჭეშმარიტებას.

      მოზარდობის წლებში მაიკლი გატაცებული იყო ფანტასტიკური ნოველების კითხვით. „მსიამოვნებდა ჩემი ასაკის გმირებთან ერთად ფანტასტიკურ სამყაროში მოგზაურობა“, — ამბობს მაიკლი. თანდათან იგი შეიტყუა ისეთი წიგნების კითხვამ, სადაც მაგიური და სატანური რიტუალები იყო აღწერილი. „ცნობისმოყვარეობამ იმდენად მძლია, რომ თვალს ვეღარ ვწყვეტდი მისტიკურ წიგნებსა და ფილმებს“, — დასძენს იგი.

      ბიბლიის შესწავლის დროს მაიკლი მიხვდა, რომ დიდი სიფრთხილით უნდა შეერჩია საკითხავი მასალა. იგი განაგრძობს: «თავი მოვუყარე ყველა იმ ნივთს, რაც სპირიტიზმს უკავშირდებოდა, და გადავყარე. დამაფიქრა 1 კორინთელების 10:31-ში ჩაწერილმა პრინციპმა: „ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“. ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა არჩევანის წინაშე ვდგები, საკუთარ თავს ვეკითხები: „თუ ამ წიგნს წავიკითხავ, ხომ არ შეურაცხვყოფ ღმერთს?“. ეს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში მეხმარება».

      ქალი ათვალიერებს ვებ-გვერდს jw.org

      ბიბლიას მართებულად ეწოდება ლამპარი, რადგან ის სავალს გვინათებს და ააშკარავებს, თუ სინამდვილეში ვინ დგას სპირიტიზმის მიღმა (ფსალმუნი 119:105). გარდა ამისა, ბიბლია გვპირდება, რომ დადგება დრო, როცა აღარავინ იქნება ბოროტი სულების ტყვეობაში. აი, რას ვკითხულობთ ფსალმუნის 37:10, 11-ში: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“.

      a სტატიაში სახელები შეცვლილია.

      რას მოიცავს სპირიტიზმი?

      ადამიანები რომ სპირიტიზმით არიან დაინტერესებულნი, იქიდან ჩანს, რომ ხშირად მიმართავენ ასტროლოგიას, ჯადოქრობასა და მაგიას. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხალხი ექსტრასენსებისა და ექიმბაშების მეშვეობით ცდილობს, დაამყაროს კავშირი ბოროტ სულებთან. ბევრი მომავლის გასაგებად მკითხავებს მიმართავს. ისინი იყენებენ მაგიურ კრისტალს, მკითხაობენ ხელის გულზე, აკვირდებიან ვარსკვლავებს და სხვადასხვა ნიშანს, რომელიც, მათი აზრით, რაღაცის მომასწავებელია.

      წიგნები, ჟურნალები და კინოფილმები სპირიტიზმს მიმზიდველ და უწყინარ გართობად წარმოგვიდგენენ. ზოგი ექსპერტის აზრით, ტელეგადაცემებსა და ფილმებში პარანორმალური მოვლენები ისეა წარმოჩენილი, რომ ადამიანებს ჰგონიათ, ეს ყველაფერი რეალურად ხდება.

      რას ასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

      მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-10 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ და ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე jw.org. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უფასოდ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება