-
მრავალმხრივ გამოვცადეთ ღვთის წყალობასაგუშაგო კოშკი — 2017 | თებერვალი
-
-
ბიოგრაფია
მრავალმხრივ გამოვცადეთ ღვთის წყალობა
მამაჩემს, ართურ გესტს, რომელიც ღვთისმოშიში კაცი იყო, ახალგაზრდობაში სურდა, მეთოდისტური ეკლესიის მსახური გამხდარიყო. თუმცა მისი გეგმები მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბიბლიის მკვლევართა ლიტერატურის კითხვა და მათ შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. ის 1914 წელს 17 წლის ასაკში მოინათლა. იმ დროს პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ამიტომ მამაც გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. ვინაიდან იარაღს ხელში არ აიღებდა, მას 10-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კინგზტონის ციხეში (ონტარიოს პროვინცია, კანადა). გათავისუფლების შემდეგ მამამ სრული დროით მსახურება დაიწყო როგორც წიგნების დამტარებელმა (პიონერი).
1926 წელს მამამ ცოლად მოიყვანა ჰეიზელ უილკინსონი. დედამისმა ჭეშმარიტება 1908 წელს გაიგო. მე 1931 წლის 24 აპრილს დავიბადე. ოთხ დედმამიშვილს შორის მეორე ვიყავი. ჩვენს ოჯახში იეჰოვასადმი თაყვანისცემა პირველ ადგილზე იდგა. ვინაიდან მამა აფასებდა და ავტორიტეტად მიიჩნევდა ბიბლიას, ღვთის სიტყვის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ჩვენც განგვივითარდა. მთელი ოჯახი რეგულარულად ვმონაწილეობდით კარდაკარ მსახურებაში (საქ. 20:20).
მივყვები მამის კვალს
1939 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მომდევნო წელს კი კანადაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აიკრძალა. საჯარო სკოლებში ტარდებოდა პატრიოტული ცერემონიალები, რომლებშიც დროშისთვის სალმის მიცემა და ეროვნული ჰიმნის შესრულება შედიოდა. ამ დროს მე და ჩემს უფროს დას კლასიდან გვიშვებდნენ. ერთ დღეს ჩემდა გასაკვირად ჩემი მასწავლებელი შეეცადა კლასის წინაშე დავემცირებინე და ლაჩარი მიწოდა. გაკვეთილების შემდეგ რამდენიმე თანაკლასელმა წამაქცია და მცემა. თუმცა ამ შემთხვევამ მხოლოდ განმიმტკიცა გადაწყვეტილება, ადამიანზე მეტად ღმერთს დავმორჩილებოდი (საქ. 5:29).
1942 წლის ივლისში ერთ ფერმაში წყლის ავზში მოვინათლე. მაშინ 11 წლისა ვიყავი. არდადეგების დროს დროებით პიონერად (დამხმარე პიონერი) ვმსახურობდი ხოლმე. ერთხელ სამ ძმასთან ერთად გადავედი ონტარიოს ჩრდილოეთ ნაწილში გაუნაწილებელ ტერიტორიაზე იქაურ ტყისმჭრელებთან საქადაგებლად.
1949 წლის პირველ მაისს პიონერად მსახურება დავიწყე. იმ პერიოდში ფილიალის გაფართოება მიმდინარეობდა. მეც მიმიწვიეს მშენებლობაზე. იმავე წლის პირველ დეკემბერს კანადის ბეთელის ოჯახის წევრი გავხდი. სტამბაში დამნიშნეს, სადაც ბრტყლად საბეჭდი მანქანის გამოყენება ვისწავლე. რამდენიმე კვირის განმავლობაში ღამის ცვლაში ვმუშაობდი და ვბეჭდავდი ბუკლეტს, რომელიც კანადაში იეჰოვას ხალხის დევნას ეხებოდა.
მოგვიანებით, სამსახურებრივ განყოფილებაში მსახურებისას, ინტერვიუ ავიღე ფილიალში სტუმრად მოსული პიონერებისგან, რომლებიც მსახურების გაფართოების მიზნით კვებეკში, დევნის ეპიცენტრში მიდიოდნენ. ამ პიონერთაგან ერთ-ერთი იყო მერი ზაზულა ედმონტონიდან (ალბერტას პროვინცია). მერის მშობლებმა, რომლებიც თავგამოდებული მართლმადიდებლები იყვნენ, ის და მისი უფროსი ძმა ჯო სახლიდან გააგდეს, რადგან ბიბლიის შესწავლაზე უარს არ ამბობდნენ. 1951 წლის ივნისში ორივენი მოინათლნენ, ექვსი თვის შემდეგ კი პიონერულ მსახურებას შეუდგნენ. ინტერვიუს დროს მერის სულიერმა ხედვამ მომხიბლა. გულში ვთქვი: თუ ყველაფერი კარგად იქნება, ამ გოგოს ცოლად მოვიყვან! ცხრა თვის შემდეგ, 1954 წლის 30 იანვარს დავქორწინდით. ერთი კვირის დაქორწინებულები ვიყავით, როცა სარაიონო მსახურებისთვის სტაჟირების გასავლელად მიგვიწვიეს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ონტარიოში ვინახულებდით კრებებს.
ვინაიდან მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა სწრაფად მიიწევდა წინ, მეტი მისიონერი იყო საჭირო. ჩვენ ვფიქრობდით, რომ თუკი ზამთარში უკიდურეს სიცივეს ვუძლებდით, ზაფხულში კი — აბეზარ კოღოებს, ნებისმიერ პირობებს შევეგუებოდით. 1956 წლის ივლისში სკოლა „გალაადის“ 27-ე კლასი დავამთავრეთ, იმავე წლის ნოემბერში კი შევუდექით მისიონერულ მსახურებას ბრაზილიაში.
-