საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი — 2016 | მარტი
    • მკითხველთა შეკითხვები

      როდის დაატყვევა დიდმა ბაბილონმა ღვთის ხალხი?

      სულიერი ტყვეობა ახ. წ. II საუკუნიდან 1919 წლამდე გაგრძელდა. რას ეფუძნება ეს ახლებური გაგება?

      ყველა ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ სულიერი ტყვეობა 1919 წელს დასრულდა, როცა ცხებული ქრისტიანების შეკრება დაიწყო აღდგენილ ქრისტიანულ კრებაში. ღვთის ხალხი 1914 წლიდან, ზეციერი სამეფოს დამყარებიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში იცდებოდა და იწმინდებოდაa (მალ. 3:1—4). შემდეგ, 1919 წელს, იესომ დანიშნა „ერთგული და გონიერი მონა“, რათა ღვთის განწმენდილი ხალხისთვის დროულად მიეცა სულიერი საზრდო (მათ. 24:45—47). ამავე წელს მათ ღვთისგან ბოძებულ სულიერ სამოთხეში დაბრუნება დაიწყეს. სწორედ ამ პერიოდში გათავისუფლდნენ ისინი დიდი ბაბილონის ტყვეობიდან (გამოცხ. 18:4). მოდი, დაწვრილებით ვიმსჯელოთ, თუ როდის ჩაიგდო ღვთის ხალხი ტყვედ დიდმა ბაბილონმა?

      წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ ღვთის ხალხი სულიერ ტყვეობაში 1918 წელს ჩავარდა და ისინი დიდ ბაბილონს მცირე ხნით ჰყავდა დატყვევებული. 1992 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „როგორც ძველად ღვთის ხალხი აღმოჩნდა ბაბილონის ტყვეობაში გარკვეული ხნით, ისე 1918 წელს იეჰოვას მსახურები აღმოჩნდნენ დიდი ბაბილონის ტყვეობაში რაღაც პერიოდის განმავლობაში“. თუმცა ამ საკითხის სიღრმისეულმა გამოკვლევამ დაგვანახვა, რომ ტყვეობა 1918 წელზე გაცილებით ადრე დაიწყო.

      განვიხილოთ წინასწარმეტყველება, რომელიც ღვთის ხალხის ტყვეობასა და გათავისუფლებას ეხება. ეს წინასწარმეტყველება ჩაწერილია ეზეკიელის 37:1—14-ში. ეზეკიელმა ძვლებით სავსე ველი იხილა. იეჰოვამ მას აუხსნა, რომ ეს ძვლები „ისრაელის მთელ სახლს“ განასახიერებდა. ფართო მასშტაბით ეს წინასწარმეტყველება „ღვთის ისრაელზე“ შესრულდა (გალ. 6:16; საქ. 3:21). შემდეგ ეზეკიელმა დაინახა, როგორ გაცოცხლდა ძვლები და როგორ იქცა „დიდძალ ლაშქრად“. ეს ხილვა მართლაც საუკეთესოდ აღწერს ღვთის ხალხის სულიერ გაცოცხლებას, რამაც თავის კულმინაციას 1919 წელს მიაღწია. მაგრამ საინტერესოა, რას გვიმჟღავნებს ეს ხილვა ტყვეობის ხანგრძლივობის შესახებ?

      დავიწყოთ იმით, რომ ხილვაში ნანახი ძვლები გამხმარი და ძალიან გამომშრალი იყო (ეზეკ. 37:2, 11). ეს იმაზე მიუთითებს, რომ ის ადამიანები, რომელთაც ეს ძვლები ეკუთვნოდათ, დიდი ხნის გარდაცვლილები უნდა ყოფილიყვნენ. გარდა ამისა, ხილვაში გაცოცხლება ხდება თანდათანობით და არა ერთბაშად. თავიდან „ჩხარუნის ხმა“ გაისმა და „ძვლებმა ერთმანეთთან მიახლოება დაიწყეს“. შემდეგ „ძარღვები და ხორცი შეესხა მათ და კანმა დაფარა ისინი“. ბოლოს „სუნთქვა შევიდა მათში და გაცოცხლდნენ“. იეჰოვამ გაცოცხლებულები თავიანთ მიწაზე დაასახლა. ცხადია, ამ ყველაფერს დრო დასჭირდებოდა (ეზეკ. 37:7—10, 14).

      როგორც ბიბლიიდან ვიცით, ისრაელმა ერმა ტყვეობაში საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო. ტყვეობა ძვ. წ. 740 წელს დაიწყო, როცა ათტომიანი სამეფო დაეცა და მრავალი ტყვედ ჩავარდა. შემდეგ, ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს და იუდას სამეფოს მცხოვრებნიც ტყვედ წაასხეს. ეს ტყვეობა ძვ. წ. 537 წელს დასრულდა, როდესაც იუდეველების ნაწილი იერუსალიმში ტაძრისა და წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად დაბრუნდა.

      ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ ღვთის ხალხი დიდ ბაბილონს ტყვეობაში 1918 წლიდან 1919 წლამდე კი არა, გაცილებით მეტხანს უნდა ჰყოლოდა. ტყვეობის პერიოდი ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როცა სარეველასა და ხორბალს ანუ „სამეფოს ძეებს“ ერთად უნდა ეზარდათ (მათ. 13:36—43). ზრდის ამ პერიოდში განდგომილები რიცხობრივად ბევრად აღემატებოდნენ ჭეშმარიტ ქრისტიანებს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ დროს ქრისტიანული კრება დიდი ბაბილონის ტყვეობაში იყო მოქცეული. ტყვეობა ახ. წ. II საუკუნეში დაიწყო და ბოლო დღეებში სულიერი ტაძრის განწმენდით დასრულდა (საქ. 20:29, 30; 2 თეს. 2:3, 6; 1 იოან. 2:18, 19).

      სულიერი ტყვეობის ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სამღვდელოებას ხალხი საკუთარ გავლენაში რომ ჰყოლოდა და ძალაუფლება შეენარჩუნებინა, მათ ღვთის სიტყვას უმალავდა; სასულიერო პირებს ამაში ხელისუფალნიც უჭერდნენ მხარს. იყო დრო, როცა ადამიანს მისთვის გასაგებს ენაზე ბიბლიის კითხვა დანაშაულად ეთვლებოდა. ზოგს ღვთის სიტყვის წაკითხვის გამო კოცონზეც კი წვავდნენ. ვინც სამღვდელოების სწავლების საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამდა, მას სასტიკად უსწორდებოდნენ; ფაქტობრივად, სასულიერო პირები ნებისმიერ მცდელობას ახშობდნენ, რათა ჭეშმარიტების სინათლეს არ ენათებინა.

      მოდი, ახლა იმაზეც ვისაუბროთ, თუ როდის და როგორ განხორციელდა სულიერი აღდგენის პროცესი. ეს მოხდა ეტაპობრივად. მას თან ახლდა „ჩხარუნის ხმა“, რომელიც ბოლო დღეების დაწყებამდე საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა. მართალია, ამ დროის მანძილზე ხალხი ცრუ რელიგიური სწავლებების გავლენაში იყო მოქცეული, მაგრამ თითო-ოროლა ადამიანი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის სადარაჯოზე მაინც დგებოდა. ზოგი მათგანი თავს არ ზოგავდა ხალხისთვის გასაგებ ენებზე ბიბლიის გამოსაცემად, ზოგი კი მთელი გულმოდგინებით აცხადებდა ღვთის სიტყვაში მიკვლეულ ჭეშმარიტებას.

      XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩარლზ ტეიზ რასელი და მისი თანამოაზრეები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ იმისათვის, რომ ბიბლიურ ჭეშმარიტებას კვლავ მოჰფენოდა ნათელი. ისე მოხდა, თითქოს სიმბოლურ ჩონჩხს ნელ-ნელა ხორცი შეესხა და კანით დაიფარა. „სიონის საგუშაგო კოშკმა“ და სხვა პუბლიკაციებმა ალალ-მართალ ადამიანებს ჭეშმარიტება გააგებინა. მოგვიანებით, 1914 წელს გამოსულმა „შემოქმედების ფოტოდრამამ“ და 1917 წელს გამოცემულმა წიგნმა „დასრულებული საიდუმლო“ ღვთის ხალხს ძალა შემატა. საბოლოოდ, 1919 წელს, ღვთის ხალხი, ასე ვთქვათ, გაცოცხლდა და სულიერ მიწაზე დასახლდა. დროთა განმავლობაში ცხებულებს მიწიერი იმედის მქონე ადამიანები შეუერთდნენ და ისინი „დიდძალ ლაშქრად“ გადაიქცნენ (ეზეკ. 37:10; ზაქ. 8:20—23).b

      ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე აშკარად გამოჩნდა, რომ ღვთის ხალხი ბაბილონის ტყვეობაში ახ. წ. II საუკუნეში ჩავარდა, როცა განდგომილებამ იჩინა თავი. ეს იყო შავბნელი პერიოდი, იმ პერიოდის მსგავსი, როცა ისრაელები ბაბილონის ტყვეობაში იმყოფებოდნენ. რა ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ, ღვთის ხალხმა, მრავალსაუკუნოვან ჩაგვრას თავი დავაღწიეთ და ვცხოვრობთ იმ დროში, როცა „სინათლესავით გაანათებენ წვდომის უნარიანნი“ და „მრავალი განიწმინდება . . . გამოიბრძმედება“ (დან. 12:3, 10).

      დროის დიაგრამა, საიდანაც ჩანს, თუ როგორ აღმოჩნდა ღვთის ხალხი დიდი ბაბილონის ტყვეობაში ახ. წ. II საუკუნეში
      დროის დიაგრამა, საიდანაც ჩანს ღვთის ხალხის გათავისუფლება დიდი ბაბილონის ტყვეობიდან 1919 წელს
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი — 2016 | მარტი
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი — 2016 | მარტი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება