საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მაგალითებით სწავლება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • აღწერილი სიტუაცია დავითს თავის მართლების საშუალებას არ აძლევდა. მასში მოთხრობილია მდიდარ კაცზე, რომელსაც უამრავი ცხვარი ჰყავდა, და ღარიბზე, რომელსაც ერთი ბატკნის მეტი არაფერი ებადა და ზედ დაჰკანკალებდა. ერთ დროს დავითი თავადაც მწყემსი იყო და, აქედან გამომდინარე, ბატკნის პატრონის გრძნობებს კარგად გაიგებდა. ამიტომ დავითი სამართლიანად განრისხდა მდიდარ კაცზე, როდესაც შეიტყო, რომ მან ღარიბს ეს ნალოლიავები ბატკანი წაართვა. ამის შემდეგ ნათანმა პირდაპირ უთხრა დავითს: „შენა ხარ ის კაცი!“. დავითს გულზე მოხვდა ნათანის სიტყვები და გულწრფელად მოინანია (2 სამ. 12:1—14). დროთა განმავლობაში შენც ისწავლი მაგალითების მეშვეობით გულამდე მიღწევას.

      სხვების სასწავლებლად ბევრი ფასდაუდებელი მაგალითის მოყვანა წმინდა წერილებიდანაც შეიძლება. იესოც ასე იქცეოდა. აი, რა თქვა მან: „გახსოვდეთ ლოტის ცოლი“ (ლუკ. 17:32). როდესაც საუბრობდა მოვლენებზე, რომლებიც მისი მოსვლის მიმანიშნებელი იქნებოდა, იესომ „ნოეს დრო“ მოიხსენია (მათ. 24:37—39). ებრაელების მე-11 თავში მოციქულმა პავლემ სამაგალითო რწმენის მქონე 16 მამაკაცი და ქალი დაასახელა. როდესაც კარგად გაეცნობი ბიბლიას, ეფექტური მაგალითების მოყვანას შეძლებ მის ფურცლებზე აღწერილი ამბებისა და მოვლენების გამოყენებით (რომ. 15:4; 1 კორ. 10:11).

      კარგი იქნება, თუ დროდადრო, ნათქვამის მხარდასაჭერად, ცხოვრებაში მომხდარ რეალურ შემთხვევებს გამოიყენებ. მაგრამ ამის კეთებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა შეუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელო; ანდა ისეთი შემთხვევა არ მოიყვანო, რომ მსმენელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ან ყურადღება სხვა საკითხზე გადაატანინო. გახსოვდეს, შემთხვევის მოყოლას გარკვეული მიზანი უნდა ჰქონდეს. არ გადატვირთო მაგალითი ზედმეტი დეტალებით, რითაც მსმენელს მხოლოდ ყურადღებას გადაატანინებ სხვა რამეზე და, შედეგად, მიზანს ვერ მიაღწევ.

      გასაგები იქნება მსმენელისთვის? შენ მიერ მოყვანილი ნებისმიერი მაგალითი კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. შეძლებ კი ასეთი მიზნის მიღწევას, თუ მაგალითს განხილულ მასალას არ დაუკავშირებ?

      მას შემდეგ, რაც იესომ მოწაფეებს „ქვეყნიერების სინათლე“ უწოდა, რამდენიმე სიტყვით განმარტა, როგორ იყენებდნენ ლამპარს და როგორ იყო ეს დაკავშირებული მოწაფეების პასუხისმგებლობასთან (მათ. 5:15, 16). დაკარგულ ცხვარზე მაგალითის მოყვანის შემდეგ მან დასძინა, რა სიხარული მეფობს ზეცაში ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო (ლუკ. 15:7). გულმოწყალე სამარიელზე ამბის მოყოლის შემდეგ, იესომ მოსაუბრეს კარგად გააზრებული კითხვა დაუსვა და შემდეგ პირდაპირ მისცა რჩევა (ლუკ. 10:36, 37). სხვა შემთხვევების დროს იესომ სხვადასხვა სახის ნიადაგთან და მინდორში ჩათესილ სარეველასთან დაკავშირებული მაგალითები მხოლოდ მათ განუმარტა, ვისაც ეყო თავმდაბლობა, რომ მასთან მისულიყო და ეკითხა ამის შესახებ (მათ. 13:1—30, 36—43). სიკვდილამდე სამი დღით ადრე იესო მოჰყვა იგავს ბოროტ მევენახეებზე. ამ შემთხვევაში მას აღარ განუმარტავს, რასთან დაკავშირებით მოიყვანა ეს მაგალითი. ამის საჭიროება არც ყოფილა. „უფროსი მღვდლები და ფარისევლები მიხვდნენ, რომ მათზე ლაპარაკობდა“ (მათ. 21:33—45). ამგვარად, უშუალოდ მაგალითზე, მსმენელზე და შენ მიერ დასახულ მიზანზეა დამოკიდებული, განმარტავ თუ არა მოყვანილ მაგალითს და თუ განმარტავ, რამდენად დეტალურად.

      მაგალითების ეფექტურად გამოყენების სწავლას დრო სჭირდება, მაგრამ ამის გაკეთება ღირს ძალისხმევად. კარგად შერჩეული მაგალითები როგორც ადამიანის გონებაზე, ასევე მის გრძნობებზე ახდენს გავლენას. მათი მეშვეობით ჩვენს სათქმელს ისეთი ძალით გადმოვცემთ, რასაც მხოლოდ ფაქტების გადმოცემით ვერ შევძლებდით.

  • მაგალითები ნაცნობი სიტუაციებიდან
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • გაკვეთილი 46

      მაგალითები ნაცნობი სიტუაციებიდან

      რა უნდა გააკეთო?

      ისეთი მაგალითები მოიყვანე, რომლებიც შენი მსმენელის საქმიანობასთან ან მისთვის კარგად ნაცნობ საკითხებთან იქნება დაკავშირებული.

      რატომ არის მნიშვნელოვანი?

      ნაცნობი სიტუაციებიდან მოყვანილი მაგალითები მსმენელის გულამდე აღწევს.

      ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ მიერ მოყვანილი მაგალითები უკავშირდებოდეს განსახილველ მასალას. თუმცა მიზანს რომ მიაღწიო, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისინი შენს მსმენელსაც შეეფერებოდეს.

      როგორ უნდა შეარჩიო მაგალითები, როდესაც მსმენელთა ჯგუფთან გიწევს საუბარი? როგორ იქცეოდა იესო? დიდ ჯგუფს ესაუბრებოდა თუ რამდენიმე მოწაფეს, იესო არ იყენებდა ისეთ მაგალითებს, რომლებიც მხოლოდ სხვა ქვეყნების ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული. ასეთი მაგალითები უცხო იქნებოდა მისი მსმენელებისთვის. კერძოდ, იესოს არ მოუხსენიებია ეგვიპტის სამეფო კარის ცხოვრება ან ინდოეთის რელიგიური წეს-ჩვეულებები. მაგალითები, რომლებსაც ის იყენებდა, ყველა ქვეყნის მკვიდრთათვის ნაცნობ საქმიანობებთან იყო დაკავშირებული. ის საუბრობდა ტანსაცმლის დაკერებაზე, საქმეების გაძღოლაზე, რაიმე ძვირფასის დაკარგვასა და საქორწილო ნადიმზე. მან იცოდა, როგორ იქცეოდნენ ადამიანები ამა თუ იმ სიტუაციაში და ამას მაგალითებში იყენებდა (მარ. 2:21; ლუკ. 14:7—11; 15:8, 9; 19:15—23). რადგანაც იესო უმეტესწილად ისრაელებთან ქადაგებდა, მის მიერ მოყვანილი მაგალითები ხშირ შემთხვევაში იმ საგნებსა და საქმიანობას ეხებოდა, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო: მიწათმოქმედება, ტიკებში ღვინის შენახვა და ის, თუ როგორ სცნობენ ცხვრები მწყემსის ხმას (მარ. 2:22; 4:2—9; იოან. 10:1—5). ის იხსენიებდა ცნობილ ისტორიულ ფაქტებსაც. სახელდობრ, მან მოიხსენია ადამიანთა პირველი წყვილის შექმნა, ნოეს დროს მომხდარი წარღვნა, სოდომისა და გომორას განადგურება და ლოტის ცოლის დაღუპვა (მათ. 10:15; 19:4—6; 24:37—39; ლუკ. 17:32). მაგალითების შერჩევისას შენც ფიქრობ გულდასმით იმაზე, თუ რა არის ცნობილი შენი მსმენელებისთვის, და ითვალისწინებ მათ კულტურასა და ტრადიციებს?

      როგორ უნდა მოიქცე, როდესაც მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე კი არ გიწევს გამოსვლა, არამედ ერთ ან რამდენიმე ადამიანს ესაუბრები? ეცადე, შეარჩიო ისეთი მაგალითები, რომლებიც განსაკუთრებით შესაფერისი იქნება მათთვის. როდესაც სიქარის მახლობლად მდებარე ჭასთან სამარიელ ქალს უქადაგა, იესომ მოიხსენია ისეთი გამოთქმები, როგორიცაა „სიცოცხლის წყალი“, „აღარასოდეს მოსწყურდება“ და „მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყარო“. ეს გამონათქვამები გადატანითი მნიშვნელობით იყო გამოყენებული და პირდაპირ უკავშირდებოდა იმას, რასაც ქალი იმ მომენტში აკეთებდა (იოან. 4:7—15). ხოლო როდესაც იესო ესაუბრებოდა მამაკაცებს, რომლებიც ბადეებს რეცხავდნენ, მან მეთევზეობასთან დაკავშირებული მაგალითი გამოიყენა (ლუკ. 5:2—11). ორივე შემთხვევაში, მას შეეძლო მიწათმოქმედებაზე ესაუბრა, რადგან ამ ტერიტორიაზე ძირითადად ამით იყვნენ დაკავებული. მაგრამ რამდენად უფრო ეფექტური იყო ის, რომ მის მიერ მოყვანილი მაგალითები უშუალოდ ამ ადამიანთა საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. ეს მათ ყველაფრის ცოცხლად წარმოდგენაში ეხმარებოდა! ცდილობ, შენც იგივე აკეთო?

      იესოს ძირითადი ყურადღება „ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებზე“ ჰქონდა გადატანილი, პავლე მოციქული კი არა მარტო ისრაელებთან, არამედ უცხოტომელებთანაც იყო წარგზავნილი (მათ. 15:24; საქ. 9:15). ახდენდა ეს გავლენას პავლეს მიერ შერჩეულ მაგალითებზე? დიახ. როდესაც კორინთელ ქრისტიანებს სწერდა, მან მოიხსენია შეჯიბრება სირბილში, წარმართულ ტაძრებში კერპთშენაწირის ჭამის ჩვეულება და საზეიმო სვლები — ის, რაც არაიუდეველებისთვის კარგად იყო ცნობილი (1 კორ. 8:1—10; 9:24, 25; 2 კორ. 2:14—16).

      იესოსა და პავლეს მსგავსად, საგულდაგულოდ არჩევ სასწავლებლად გამოსაყენებელ მაგალითებს? ითვალისწინებ შენი მსმენელების წარმოშობასა და ყოველდღიურ საქმიანობას? რა თქმა უნდა, პირველი საუკუნის შემდეგ მსოფლიო ძალიან შეიცვალა. ტელევიზიის მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ მსოფლიო ამბების გაგება. ხშირად სხვა ქვეყნებში მომხდარი შემთხვევები მათთვის უცხო არ არის. თუ შენს ტერიტორიაზეც მსგავსი სიტუაციაა, ცუდი არ იქნება, თუ მაგალითებისთვის ახალ ამბებსაც გამოიყენებ. და მაინც, ადამიანებს ყველაზე მეტად ის აღელვებთ, რაც უშუალოდ უკავშირდება მათ ცხოვრებას: სახლი, ოჯახი, სამსახური, საკვები თუ ამინდი.

      თუ შენ მიერ მოყვანილ მაგალითს ხანგრძლივი განმარტება სჭირდება, შესაძლოა ეს იმიტომ ხდება, რომ მსმენელისთვის უცნობ რამეზე საუბრობ. ასეთი მაგალითი მსჯელობის მთავარ საკითხს უკანა პლანზე გადასწევს. საბოლოო ჯამში კი მსმენელებს მაგალითი დაამახსოვრდებათ და არა ის ბიბლიური ჭეშმარიტება, რომლის გადაცემაც გინდოდა.

      რთული შედარებების გამოყენების ნაცვლად, მაგალითების მოყვანისას იესო უბრალო, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებულ საგნებსა თუ საქმიანობებს ეხებოდა; მცირეთი დიდს განმარტავდა, მარტივით კი — რთულს. ყოველდღიური საქმიანობისა და სულიერი საკითხების ერთმანეთთან დაკავშირებით ის ადამიანებს ჭეშმარიტების უკეთ გაგებასა და დამახსოვრებაში ეხმარებოდა. რა შესანიშნავი მაგალითია ეს ჩვენთვის!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება