-
ღირსეული ქორწინება, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალშისაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ოქტომბერი
-
-
ღირსეული ქორწინება, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალში
„ქორწილი იყო გალილეის კანაში . . . ქორწილში იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ დაპატიჟებული“ (იოანე 2:1, 2).
1. რაზე ამახვილებს ყურადღებას ცნობა, რომელიც კანაში იესოს ყოფნის შესახებ მოგვითხრობს?
იესოს, დედამისსა და ზოგ მის მოწაფეს ესმოდათ, თუ რა სიხარული მოაქვს ღირსეულ ქორწილს ღვთის ხალხისთვის. ქრისტემ ერთ-ერთი ქორწილი გამორჩეულიც კი გახადა იმით, რომ იქ პირველი სასწაული მოახდინა და სტუმრებს მეტი სიამოვნება მიანიჭა (იოანე 2:1—11). ალბათ, თქვენც დასწრებიხართ იმ ქრისტიანთა ქორწილს, რომლებსაც სურთ, იყვნენ ბედნიერნი და ერთად ემსახურონ იეჰოვას. შეიძლება თავად აპირებთ ქორწილის გადახდას ან გსურთ, მეგობარს დაეხმაროთ, რომ მისმა ქორწილმა კარგად ჩაიაროს. რა შეიძლება გაკეთდეს ღირსეული ქორწინებისთვის?
2. რას გვეუბნება ბიბლია ქორწილების შესახებ?
2 ქრისტიანებმა იციან, რომ ღვთის შთაგონებით დაწერილ სიტყვაში მოცემული რჩევები ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვინც დაქორწინებას აპირებს (2 ტიმოთე 3:16, 17). ბიბლიაში დაწვრილებით არ არის მოცემული, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ქრისტიანული ქორწილი. ეს გასაგებიცაა, რადგან ტრადიციები და კანონები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მაგალითად, ძველ ისრაელში ქორწილის დროს არანაირი ოფიციალური ცერემონიალი არ ტარდებოდა. ქორწილის დღეს ნეფეს პატარძალი თავის ან მამამისის სახლში მიჰყავდა (დაბადება 24:67; ესაია 61:10; მათე 1:24). ასეთი სახე ჰქონდა მაშინ ქორწილს, რაც განსხვავდება დღევანდელი მრავალი ქორწილისგან.
3. კანაში ყოფნისას რომელ ღონისძიებაში მიიღო იესომ მონაწილეობა?
3 ისრაელებს კარგად ესმოდათ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა დაქორწინებას ნიშნავდა. ამის შემდეგ დაქორწინებულ წყვილს შეიძლება წვეულება გაემართა, როგორც ეს იოანეს 2:1-შია მოხსენიებული. ბიბლიის მრავალი თარგმანი ამ მუხლს შემდეგნაირად გადმოსცემს: „ქორწილი იყო კანაში“. მაგრამ დედნის ენიდან ეს სიტყვა მართებულად არის გადმოტანილი, როდესაც ნათარგმნია, როგორც „ქორწილი“ ანუ „საქორწილო წვეულება“a (მათე 22:2—10; 25:10; ლუკა 14:8). ბიბლიის ზემოხსენებული მონაკვეთიდან ნათლად ჩანს, რომ იესო იყო ებრაულ ქორწილში და გარკვეული წვლილი შეიტანა იმაში, რომ მასზე დასწრება სასიამოვნო ყოფილიყო. მაგრამ აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ქორწილები განსხვავდება იესოს დროინდელი ქორწილებისგან.
4. როგორი ქორწილის გადახდას ამჯობინებს ზოგი ქრისტიანი და რატომ?
4 დღეს მრავალ ქვეყანაში ქრისტიანებს, რომელთაც დაქორწინება სურთ, გარკვეული სახელმწიფო კანონების დაცვა მოეთხოვებათ. მათ შეუძლიათ, დაქორწინდნენ, ოღონდ კანონის ფარგლებში. ეს შეიძლება იყოს პატარა, უბრალო ცერემონიალი, რომელსაც გაუძღვება მოსამართლე, ქალაქის მერი ან სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი რელიგიური პირი. ზოგი ამჯობინებს, ამ პროცედურაზე ახლო ნათესავები და მეგობრები მიიწვიოს მოწმეებად და თავიანთი სიხარულის გასაზიარებლად (იერემია 33:11; იოანე 3:29). მსგავსად ამისა, სხვებმა, შესაძლოა, არ გადაიხადონ დიდი ქორწილი, რაც კარგ ორგანიზებასა და დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. ნაცვლად ამისა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მათ შეიძლება ვიწრო წრეში აღნიშნონ. რასაც უნდა ვანიჭებდეთ უპირატესობას, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სხვა მოწიფულ ქრისტიანებს ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება განსხვავებული შეხედულება ჰქონდეთ (რომაელები 14:3, 4).
5. რატომ სურს ბევრ ქრისტიანს, რომ თავიანთ ქორწილში ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება წარმოითქვას და რას ეხება ეს მოხსენება?
5 ქრისტიანთა უმეტესობას სურს, თავიანთ ქორწილში ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება წარმოითქვასb. მათ ესმით, რომ იეჰოვაა ქორწინების დამფუძნებელი და ის თავის სიტყვაში გონივრულ რჩევებს იძლევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ქორწინებამ წყვილს ბედნიერება და კმაყოფილება მოუტანოს (დაბადება 2:22—24; მარკოზი 10:6—9; ეფესოელები 5:22—33). ბევრ წყვილს სურს, მათი სიხარული მეგობრებმა და ნათესავებმა გაიზიარონ. მაგრამ, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კანონები, პროცედურები და ადგილობრივი წეს-ჩვეულებები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან? ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყანაში? ზოგი ქორწილი შეიძლება საკმაოდ განსხვავდება იმისგან, რაც თქვენ გინახავთ ან, რაც თქვენს ქვეყანაშია მიღებული. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული პრინციპები, რომლებიც ღვთის მსახურთათვის მნიშვნელოვანია.
ღირსეული ქორწინება კანონიერი ქორწინებაა
6, 7. რატომ უნდა გვაინტერესებდეს ქორწინებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კანონები და როგორ შეგვიძლია მათი დაცვა?
6 მართალია, იეჰოვაა ქორწინების დამფუძნებელი, მაგრამ ადამიანთა მთავრობებსაც აქვთ ქორწინების ფორმალურ მხარეზე გარკვეული უფლებამოსილება. ეს მართებულია. იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მარკოზი 12:17). მოციქულმა პავლემაც აღნიშნა: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ, რადგან ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა. არსებულ ხელისუფალთ ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ“ (რომაელები 13:1; ტიტე 3:1).
7 ბევრ ქვეყანაში კეისარი, ანუ სახელმწიფო მოხელე, უფლებამოსილია, განსაზღვროს, ვის აქვს დაქორწინების უფლება. ამგვარად, ორი ქრისტიანი, რომელთაც ბიბლიის საფუძველზე დაქორწინების უფლება აქვთ, კეთილსინდისიერად ემორჩილება ადგილობრივ სახელმწიფო კანონებს. ამაში შეიძლება შედიოდეს სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირისგან ქორწინებაზე ნებართვის აღება და ქორწინების რეგისტრირება. როდესაც კეისარ ავგუსტუსმა მოითხოვა, ჩატარებულიყო მოსახლეობის აღწერა, მარიამი და იოსები დაემორჩილნენ მის ბრძანებას და ბეთლემში წავიდნენ, ‘რათა აღწერილიყვნენ’ (ლუკა 2:1—5).
8. რა პასუხისმგებლობას აკისრებს ქორწინება წყვილს და რა ცხადყოფს, რომ იეჰოვას მოწმეებს ესმით ეს?
8 როდესაც ორი ქრისტიანი კანონიერად ქორწინდება, ღვთის თვალში ისინი ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლები არიან. იეჰოვას მოწმეები მრავალჯერ არ იმეორებენ ქორწინების ცერემონიალს და არც ქორწინების 25-ე და 50-ე წლისთავზე დებენ ხელმეორედ საქორწილო აღთქმას (მათე 5:37). (ზოგი ეკლესია არ სცნობს სახელმწიფოს მიერ კანონიერად აღიარებულ ქორწინებას და აცხადებს, რომ ქორწინება სინამდვილეში კანონიერი არ არის, თუ მღვდელმა ან რომელიმე სასულიერო პირმა არ ჩაატარა საქორწილო რიტუალი და წყვილი ცოლ-ქმრად არ გამოაცხადა). ბევრ ქვეყანაში მთავრობა იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენლებს ქორწინების რეგისტრირების უფლებას აძლევს. თუ შესაძლებელია, ეს გაკეთდება სამეფო დარბაზში, სადაც წარმოითქმება საქორწინო მოხსენება. სამეფო დარბაზი არის იეჰოვას მოწმეების ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ადგილი. ამიტომ ის შესაფერისი ადგილია იმისათვის, რომ წარმოითქვას მოხსენება იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც იეჰოვას მიერ არის დაფუძნებული.
9. ა) რა შეიძლება მოისურვოს ქრისტიანმა წყვილმა კანონიერად დაქორწინების შემდეგ? ბ) რა წვლილი შეაქვთ უხუცესებს საქორწილო ცერემონიალის დაგეგმვაში?
9 ზოგან კანონით მოითხოვება, რომ წყვილი დაქორწინდეს სახელმწიფო დაწესებულებაში ან საქორწილო რიტუალი შეასრულოს სახელმწიფო მოხელემ. ქორწინების კანონიერად რეგისტრირების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ქრისტიანები ამჯობინებენ, იმავე ან მომდევნო დღეს სამეფო დარბაზში წაკითხულ იქნას საქორწინო მოხსენება. (სასურველი არ არის, რომ ქორწინების რეგისტრირებიდან ბიბლიური მოხსენების წარმოთქმამდე მრავალი დღე გავიდეს, რადგან წყვილი უკვე დაქორწინებულია ღვთისა და ადამიანების, მათ შორის ქრისტიანული კრების, წინაშე). თუ წყვილს სურს, რომ ქორწინების რეგისტრირების შემდეგ სამეფო დარბაზში მოხსენება იქნას წაკითხული, საჭიროა, კრების სამსახურებრივი კომიტეტისგან წინასწარ ჰქონდეთ ნებართვა აღებული. მას შემდეგ, რაც უხუცესები წყვილს კარგ რეკომენდაციას გაუწევენ, მათ უნდა იზრუნონ, მოხსენება ისეთ დროს წარმოითქვას, რომ ხელი არ შეეშალოს კრების შეხვედრების ჩატარებას ან სხვა დაგეგმილ ღონისძიებებს (1 კორინთელები 14:33, 40). ისინი, წყვილის თხოვნით, აგრეთვე გადახედავენ დარბაზის სათანადოდ გაფორმების საკითხს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაკეთდეს თუ არა განცხადება საქორწინო მოხსენების წარმოთქმის თაობაზე.
10. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის კანონი მოითხოვს ქორწინების რეგისტრირება სახელმწიფო სტრუქტურებში მოხდეს, რა გავლენა უნდა მოახდინოს ამან საქორწინო მოხსენებაზე?
10 უხუცესის მიერ წარმოთქმულ საქორწინო მოხსენებაში სითბო უნდა იგრძნობოდეს; ის გამამხნევებელი უნდა იყოს და არავის ღირსება არ უნდა შელახოს. თუ წყვილი მოხსენების წარმოთქმამდე უკვე კანონიერად დაქორწინდა, მომხსენებელმა უნდა აღნიშნოს, რომ ისინი კეისრის კანონის თანახმად, ცოლ-ქმარი არიან. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მიერ ქორწინების რეგისტრირების დროს წყვილს არ დაუდია საქორწილო აღთქმა, მათ ეს მოხსენების წარმოთქმის დროს შეუძლიათ გააკეთონc. თუ აღთქმა დაიდო რეგისტრირების დროს, მაგრამ ახალდაქორწინებულებს სურთ, რომ ის იეჰოვასა და კრების წინაშეც წარმოთქვან, ეს მათ წარსულ დროში უნდა გააკეთონ. ამით ისინი ცხადყოფენ, რომ უკვე ‘შეუღლებულები’ არიან (მათე 19:6; 22:21).
11. როგორ ქორწინდება ზოგ ქვეყანაში წყვილი და რა გავლენას ახდენს ეს საქორწინო მოხსენებაზე?
11 ზოგ ქვეყანაში შეიძლება კანონით არ მოითხოვება საქორწილო ცერემონიალი და არც სახელმწიფო მოხელესთან მისვლა. წყვილი კანონიერად დაქორწინებულად ითვლება, როდესაც ხელმოწერილ ქორწინების მოწმობას სახელმწიფო მოხელეს წარუდგენენ. შემდეგ ხდება საქორწინო მოწმობის რეგისტრაციაში გატარება. ამგვარად წყვილი ოფიციალურად ცოლ-ქმრად ცხადდება და ეს დღე არის მათი დაქორწინების თარიღი. როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთი სახით დაქორწინებულ წყვილს შესაძლოა სურდეს, რომ რეგისტრირების შემდეგ სულიერად მოწიფულმა ძმამ სამეფო დარბაზში ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება წაიკითხოს. მომხსენებელი ყველა დამსწრის გასაგონად აღნიშნავს, რომ წყვილი რეგისტრაციაში გატარდა და უკვე დაქორწინებულია. აღთქმა უნდა დაიდოს მე-10 აბზაცისა და იქვე მინიშნებული სქოლიოს შესაბამისად. სამეფო დარბაზში მყოფი ყველა დამსწრე იზიარებს ახალდაქორწინებულთა სიხარულს და სარგებლობას იღებს ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული რჩევებიდან (ქებათა ქება 3:11).
ტრადიციული და სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული ქორწინება
12. რა არის ტრადიციული ქორწინება და რის გაკეთებაა რეკომენდებული ასეთი ქორწინების შემდეგ?
12 ზოგ ქვეყანაში წყვილი ტრადიციულად (ტომში მიღებული წეს-ჩვეულების თანახმად) ქორწინდება. აქ საუბარი არ არის ორ პიროვნებაზე, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და არც იმათზე, რომლებიც ერთმანეთთან სამოქალაქო ქორწინებაში (ამ დროს წყვილი კანონიერი რეგისტრირების გარეშე ცხოვრობს ერთად) არიან, თუმცა შეიძლება გარკვეული სტატუსი აქვთ, მაგრამ მათი ქორწინება ბოლომდე არ არის კანონიერიd. აქ საუბარია ქორწინებაზე, რომელიც ამა თუ იმ ტომში ან მხარეში მიღებული ტრადიციის თანახმად ხდება. ამაში შეიძლება შედიოდეს ურვადის გადახდა და აღება, რომლის საფუძველზეც წყვილი კანონიერად და, ბიბლიური ნორმების შესაბამისად, დაქორწინებულად ითვლება. მთავრობა ასეთ ტრადიციულ ქორწინებას კანონიერად მიიჩნევს. ჩვეულებრივ, შესაძლებელია ტრადიციული ქორწინების რეგისტრირება და ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ წყვილი იღებს ქორწინების მოწმობას. ეს მოწმობა იცავს წყვილისა და მათი მომავალი შვილების უფლებებს; იგი იცავს აგრეთვე ცოლის უფლებებს მისი დაქვრივების შემთხვევაში. კრებამ ტრადიციულად დაქორწინებული წყვილები უნდა აღძრას, რაც შეიძლება მალე გაიარონ რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ მოსეს კანონის თანახმად, ოფიციალურად ხდებოდა ქორწინებისა და ბავშვის დაბადების რეგისტრირება (მათე 1:1—16).
13. ტრადიციული ქორწინების შემდეგ, რის გაკეთება იქნებოდა მიზანშეწონილი საქორწინო მოხსენების წარმოთქმისას?
13 ასეთი ტრადიციული პროცესის შემდეგ წყვილი ცოლ-ქმარი მაშინ ხდება, როდესაც ისინი ამას კანონიერად აფორმებენ. როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთი სახით კანონიერად დაქორწინებულ წყვილს შესაძლოა სურდეს, სამეფო დარბაზში წაკითხულ იქნას საქორწინო მოხსენება და ერთმანეთს საქორწილო აღთქმა მისცენ. ასეთ შემთხვევაში მომხსენებელი აღნიშნავს, რომ წყვილი კეისრის კანონის თანახმად უკვე დაქორწინებულია. ამგვარი მოხსენება მხოლოდ ერთხელ უნდა წარმოითქვას. დაქორწინება — ამ შემთხვევაში კანონიერი ტრადიციული ქორწინება — ერთხელ ხდება და ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებაც ერთხელ იკითხება. ამ ორი რამის რაც შეიძლება მალე — სასურველია იმავე დღეს — გაკეთება ქორწინებას ღირსეულს ხდის საზოგადოების თვალში.
14. რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა იმ შემთხვევაში, თუ მის ქვეყანაში მიღებულია როგორც ტრადიციული, ისე სახელმწიფო მოხელის მიერ გაფორმებული ქორწინება?
14 ზოგან, სადაც ტრადიციული ქორწინება კანონიერად ითვლება, არსებობს საშუალებები იმისათვის, რომ ქორწინება სახელმწიფოს მიერ იქნას რეგისტრირებული. ამ შემთხვევაში ქორწინების რეგისტრირებას, ჩვეულებრივ, სახელმწიფო მოხელე ახდენს; ამ დროს წყვილი დებს აღთქმას და ხელს აწერს. ზოგი ქრისტიანი წყვილი ტრადიციულ ქორწინებას ასეთ ქორწინებას არჩევს. კანონით არ მოითხოვება ორივეს — ტრადიციული და სახელმწიფო მოხელის მიერ ჩატარებული — საქორწილო ცერემონიალის გავლა, რადგან ორივე კანონიერია. ამ შემთხვევაშიც მართებულია საქორწინო მოხსენებისა და აღთქმის შესახებ მე-9 და მე-10 აბზაცებში მოცემული ინფორმაციის გამოყენება. მნიშვნელოვანია, წყვილი ისე დაქორწინდეს, რომ იგი ღირსეული იყოს, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალში (ლუკა 20:25; 1 პეტრე 2:13, 14).
შეინარჩუნეთ ღირსეული ქორწინება
15, 16. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქორწინება ღირსეული იყოს?
15 როდესაც სპარსეთის მეფეს ქორწინებაში პრობლემები წარმოექმნა, ერთ-ერთმა მრჩეველმა, მემუქანმა, მას სასიკეთო რჩევა მისცა — ‘ყველა ცოლს პატივი მიეგო თავისი პატრონისთვის’ (ესთერი 1:20). ქრისტიანული ოჯახები არ საჭიროებენ მეფისგან ასეთ მითითებას; ცოლები პატივს მიაგებენ ქმრებს. ქრისტიანი ქმრებიც ‘პატივს მიაგებენ’ და აქებენ ცოლებს (იგავები 31:11, 30; 1 პეტრე 3:7). იმისათვის, რომ ერთმანეთს პატივი სცენ, მეუღლეები არ უნდა დაელოდონ დაქორწინებიდან წლების გასვლას. ერთმანეთისადმი პატივისცემა მათ თავიდანვე, ქორწინების დღიდანვე, უნდა გამოავლინონ.
16 ქორწინებისადმი პატივისცემა მხოლოდ ახალდაქორწინებულებმა არ უნდა გამოავლინონ. პატივისცემა უნდა იგრძნობოდეს საქორწინო მოხსენებაშიც, რომელსაც ქრისტიანი უხუცესი წარმოთქვამს. მომხსენებელმა უშუალოდ წყვილს უნდა მიმართოს. ვინაიდან საქორწინო მოხსენება ღირსეულად უნდა წარმოითქვას, მომხსენებელმა მასში არ უნდა ჩართოს ხუმრობები ან ანეგდოტები. ის მოხსენებაში, აგრეთვე, არ უნდა შეეხოს მეტისმეტად პირადულ საკითხებს, რაც წყვილსა თუ აუდიტორიას უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა. ნაცვლად ამისა, ის ეცდება, მოხსენება წარმოითქვას გულთბილად, იყოს გამამხნევებელი და ყურადღება გამახვილდეს ქორწინების დამფუძნებელსა და მის დიდებულ რჩევებზე. დიახ, უხუცესის მიერ ღირსეულად წარმოთქმული საქორწინო მოხსენება გარკვეულ წვლილს შეიტანს ქორწინებაში, რომელიც პატივს მიაგებს იეჰოვა ღმერთს.
17. რატომ უნდა დაიცვან ქრისტიანებმა ქორწინებასთან დაკავშირებული კეისრის კანონები?
17 ალბათ, ამ სტატიაში კანონიერ ქორწინებასთან დაკავშირებულ მრავალ დეტალს შენიშნავდით. ზოგიერთი მათგანი შეიძლება თქვენს ქვეყანას არ ეხება. მაგრამ თითოეულ ჩვენგანს უნდა ესმოდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას მოწმეებმა ქორწინებასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე გააკეთონ, რომ ადგილობრივი კანონებისადმი, კეისრის მოთხოვნებისადმი, პატივისცემა გამოავლინონ (ლუკა 20:25). პავლემ მოგვიწოდა: „ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით: ვისაც გადასახადი — გადასახადი, ვისაც ხარკი — ხარკი ... ვისაც პატივი — პატივი“ (რომაელები 13:7). მართლაც, მართებულია, რომ ქრისტიანებმა ღვთის ამ ღონისძიებისადმი პატივისცემა ქორწინების დღიდანვე გამოავლინონ.
18. ქორწინებასთან დაკავშირებით კიდევ რას უნდა მიექცეს ყურადღება და სად შეგვიძლია ამის შესახებ ინფორმაციის ნახვა?
18 ხშირ შემთხვევაში ქრისტიანები დაქორწინების შემდეგ საქორწილო სუფრას შლიან. გავიხსენოთ, რომ იესოც ესწრებოდა ქორწილს. თუ ქრისტიანი წყვილი ქორწილის გადახდას აპირებს, როგორ დაეხმარება მათ ბიბლიური რჩევები, ისეთი ქორწილი გადაიხადონ, რომ ამითაც პატივი მიაგონ ღმერთს და, ამასთანავე, ამ ქორწილმა დადებით შუქში წარმოაჩინოს როგორც ახალდაქორწინებულები, ისე ქრისტიანული კრება? მომდევნო სტატიაში სწორედ ამ საკითხზე იქნება საუბარიe.
[სქოლიოები]
a იგივე სიტყვა შეიძლება ითარგმნოს „ნადიმად“ და იგი ქორწილთან არ იყოს დაკავშირებული (ესთერი 9:22).
b იეჰოვას მოწმეები ქორწილის დროს კითხულობენ 30-წუთიან მოხსენებას სათაურით: „ღვთის თვალში ღირსეული ქორწინება“. მასში განიხილება ბიბლიური რჩევები წიგნიდან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ და იეჰოვას მოწმეთა სხვა პუბლიკაციებიდან. ეს მოხსენება სასარგებლოა როგორც წყვილისთვის, ისე ყველა დამსწრისთვის.
c თუ ადგილობრივი კანონი სხვა რამეს არ მოითხოვს, უნდა წარმოითქვას აღთქმა, რომელიც პატივს მიაგებს ღმერთს. ნეფემ უნდა თქვას: „მე [ნეფის სახელი] ცოლად გირთავ შენ [პატარძლის სახელი] და აღგითქვამ, რომ მეყვარები და ვიზრუნებ შენზე ღვთის კანონის თანახმად, რომელიც ქრისტიანი ქმრებისთვის წმინდა წერილებშია მოცემული და ასე იქნება მანამ, სანამ ერთად ვიცხოვრებთ დედამიწაზე ცოლქმრული კავშირით გაერთიანებულნი“. პატარძალმა უნდა თქვას: „მე [პატარძლის სახელი] ცოლად მოგყვები შენ [ნეფის სახელი] და აღგითქვამ, რომ მეყვარები, ვიზრუნებ შენზე და დიდ პატივს გცემ ღვთის კანონის თანახმად, რომელიც ქრისტიანი ცოლებისთვის წმინდა წერილებშია მოცემული და ასე იქნება მანამ, სანამ ერთად ვიცხოვრებთ დედამიწაზე ცოლქმრული კავშირით გაერთიანებულნი“.
d სამოქალაქო ქორწინებასთან დაკავშირებით ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ 1962 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდი 287 (ინგლ.).
e იხილეთ აგრეთვე სტატია „დაე უფრო სასიხარულო და ღირსეული იყოს თქვენი ქორწილის დღე“, გვერდი 28.
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რატომ უნდა ვიყოთ დაინტერესებული დაქორწინების დროს როგორც კანონიერი, ისე სულიერი მხარეებით?
• რის გაკეთება შეიძლება სურდეთ ქრისტიანებს სახელმწიფო კანონის თანახმად დაქორწინების შემდეგ მალევე?
• რატომ წარმოითქმება საქორწინო მოხსენება სამეფო დარბაზში?
[სურათი 18 გვერდზე]
ძველ ისრაელში დაქორწინების ნიშნად სიძეს პატარძალი თავის ან მამის სახლში მიჰყავდა.
[სურათი 21 გვერდზე]
ტრადიციული ქორწინების შემდეგ ქრისტიანებს შეიძლება სურდეთ, სამეფო დარბაზში წაკითხულ იქნას მოხსენება.
-
-
თქვენი ცხოვრებით დაამტკიცეთ, რომ გაქვთ რწმენასაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ოქტომბერი
-
-
თქვენი ცხოვრებით დაამტკიცეთ, რომ გაქვთ რწმენა
„რწმენაც . . . თუ საქმეები არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია“ (იაკობი 2:17).
1. რატომ აქცევდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები ყურადღებას როგორც რწმენას, ისე საქმეებს?
პირველ საუკუნეში ქრისტიანებმა თავიანთი ცხოვრებით დაამტკიცეს, რომ ჰქონდათ რწმენა. მოწაფე იაკობმა ყველა ქრისტიანს მოუწოდა: „იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი“. მან დაამატა: „როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ისე რწმენაა მკვდარი საქმეების გარეშე“ (იაკობი 1:22; 2:26). ამ სიტყვების დაწერიდან დაახლოებით 35 წლის შემდეგ მრავალი ქრისტიანი განაგრძობდა რწმენის სათანადო საქმეებით გამოვლენას. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგი ასე არ იქცეოდა. იესომ სმირნას კრება შეაქო, მაგრამ სარდისის კრების ბევრი წევრის მისამართით თქვა: „ვიცი შენი საქმეები, ისეთი სახელი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, თუმცა მკვდარი ხარ“ (გამოცხადება 2:8—11; 3:1).
2. რა კითხვები უნდა დაუსვან ქრისტიანებმა საკუთარ თავს რწმენასთან დაკავშირებით?
2 იესომ მოუწოდა სარდისის კრების წევრებს — და ყველას, ვინც მოგვიანებით მის სიტყვებს წაიკითხავდა — ჭეშმარიტებისადმი თავიანთი პირველი სიყვარული საქმეებით დაემტკიცებინათ და სულიერად ეფხიზლათ (გამოცხადება 3:2, 3). თითოეულმა შეიძლება საკუთარ თავს ჰკითხოს: „როგორია ჩემი საქმეები? ნათლად ცხადყოფს ისინი, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, რწმენა გამოვავლინო ყველაფერში, მათ შორის ისეთ საქმეებშიც, რომლებიც ქადაგებასა და კრების შეხვედრებთან უშუალოდ არ არის დაკავშირებული?“ (ლუკა 16:10). ამის გამოსარკვევად შეიძლება გადავხედოთ ცხოვრების მრავალ სფეროს, მაგრამ ახლა განვიხილოთ მხოლოდ ერთი მათგანი — ერთად შეკრება, მათ შორის, ქრისტიანულ ქორწილზე დასწრება.
პატარა თავყრილობა
3. როგორია ბიბლიის თვალსაზრისი ერთად შეკრებასთან დაკავშირებით?
3 უმეტესობა ჩვენგანი მოხარულია, როდესაც თანაქრისტიანები სტუმრად გვეპატიჟებიან. იეჰოვა ‘ბედნიერი ღმერთია’ და სურს, მისი მსახურებიც ბედნიერნი იყვნენ (1 ტიმოთე 1:11). მან სოლომონს ბიბლიაში ჩააწერინა: „შევაქე მხიარულება, რადგან ადამიანისთვის იმაზე უკეთესი არაფერია მზის ქვეშ, რომ ჭამოს, სვას და გაიხაროს. ეს თან უნდა ახლდეს მას გარჯაში მთელი სიცოცხლე“ (ეკლესიასტე 3:1, 4, 13; 8:15). მსგავსი მხიარულება სუფევს ოჯახურ სადილზე ან ჭეშმარიტ ქრისტიანთა სხვა თავშეყრის ადგილებში (იობი 1:4, 5, 18; ლუკა 10:38—42; 14:12—14).
4. რით უნდა იყოს დაინტერესებული ქრისტიანი, რომელიც სტუმრების მოწვევას აპირებს?
4 თუ სტუმრების დაპატიჟებას აპირებთ, კარგად უნდა აწონ-დაწონოთ ყველაფერი მაშინაც კი, თუ მხოლოდ რამდენიმე თანაქრისტიანს იწვევთ სადილად ან, უბრალოდ, სასაუბროდ (რომაელები 12:13). ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ „ყველაფერი წესიერად“ და „ზემოდან მომავალი სიბრძნის“ ხელმძღვანელობით ხდებოდეს (1 კორინთელები 14:40; იაკობი 3:17). მოციქული პავლე წერდა: „ამიტომ ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ. ნუ დააბრკოლებთ [სხვებს]“ (1 კორინთელები 10:31, 32). რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება? თუ ამაზე წინასწარ იფიქრებთ, ეს თქვენ და თქვენს სტუმრებს დაგეხმარებათ, რწმენა საქმით გამოავლინოთ (რომაელები 12:2).
როგორი უნდა იყოს შეხვედრა?
5. რატომ უნდა მიაქციოს მასპინძელმა ყურადღება ალკოჰოლური სასმელების გამოყენებასა და მუსიკას?
5 მრავალი მასპინძელი ფიქრობს, გაუმასპინძლდეს თუ არა სტუმრებს ალკოჰოლური სასმელებით. სასმელი აუცილებელი არ არის იმისათვის, რომ სტუმრებმა ისიამოვნონ. გავიხსენოთ, როგორ დააპურა იესომ უამრავი ადამიანი პურითა და თევზით. ბიბლიის ამ მონაკვეთში ნათქვამი არ არის, რომ იესომ სასწაული მოახდინა, რათა ხალხს ღვინით გამასპინძლებოდა, თუმცა ვიცით, რომ მას შეეძლო ამის გაკეთება (მათე 14:14—21). თუ ალკოჰოლური სასმელებით გამასპინძლებას გადაწყვეტთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ სასმელი ზომიერად იყოს სუფრაზე; ამავე დროს გქონდეთ უალკოჰოლო სასმელებიც მათთვის, ვინც ასეთ სასმელს ამჯობინებს (1 ტიმოთე 3:2, 3, 8; 5:23; 1 პეტრე 4:3). არავის დააძალოთ სასმელის დალევა, რომელმაც შეიძლება ‘გველივით უკბინოს’ ადამიანს (იგავები 23:29—32). რა შეიძლება ითქვას მუსიკასა და სიმღერებზე? თუ შეხვედრების დროს მუსიკის მოსმენა გსურთ, რა თქმა უნდა, საგულდაგულოდ უნდა შეარჩიოთ სიმღერები და მხედველობაში მიიღოთ, როგორც რიტმი, ისე სიტყვები (კოლოსელები 3:8; იაკობი 1:21). ბევრმა ქრისტიანმა დაინახა, რომ „სამეფოს მელოდიების“ მოსმენა ან მათი მღერა სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის (ეფესოელები 5:19, 20). ასევე საჭიროა ყურადღება მიექცეს მუსიკის ხმის სიმაღლეს, რათა ამან ხელი არ შეუშალოს ერთმანეთს შორის სასიამოვნო საუბარს და არც მეზობლები შეაწუხოს (მათე 7:12).
6. როდესაც საქმე ეხება შეხვედრაზე საუბრებსა თუ სხვა საკითხებს, როგორ შეიძლება მასპინძელმა ცხადყოს, რომ მისი რწმენა ცოცხალია?
6 შეხვედრების დროს ქრისტიანები სხვადასხვა თემაზე საუბრობენ, ამა თუ იმ მასალას ხმამაღლა კითხულობენ ან საინტერესო შემთხვევებს ყვებიან. თუ საუბარი ქრისტიანული ნორმების ფარგლებს სცდება, მასპინძელმა ტაქტიანად უნდა შეუცვალოს მას მიმართულება. მასპინძელი აგრეთვე ყურადღებით უნდა იყოს, რათა საუბრის დროს ერთი პიროვნება არ დომინირებდეს. თუ მსგავსი რამ შეინიშნება, მან გონიერება უნდა გამოავლინოს და სხვებსაც მისცეს საუბარში მონაწილეობის მიღების საშუალება; შეიძლება ახალგაზრდები ჩართოს საუბარში ან ისეთ თემაზე დაიწყოს ლაპარაკი, რომელშიც ყველა მიიღებდა მონაწილეობას. ეს სასიამოვნო იქნებოდა ყველასთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, ისე ხანდაზმულისთვის. როგორც ორგანიზატორი, თუ შეხვედრას გონივრულად და ტაქტიანად გაუძღვებით, ‘თქვენი კეთილგონიერება ცნობილი გახდება’ დამსწრეთათვის (ფილიპელები 4:5). ყველა დაინახავს, რომ თქვენი რწმენა ცოცხალია და თქვენი ცხოვრების ყველა სფეროზე ირეკლება.
საქორწილო ცერემონიალი და ქორწილი
7. რატომ არის საჭირო კარგი დაფიქრება ქრისტიანული ქორწილის ორგანიზებაზე?
7 სიხარულის მომტანი ერთ-ერთი განსაკუთრებული მოვლენა ქრისტიანული ქორწილია. ღვთის ძველი დროის მსახურები, მათ შორის ქრისტე და მისი მოწაფეები, სიამოვნებით ესწრებოდნენ ასეთ მხიარულ შეკრებებსა და ნადიმებს (დაბადება 29:21, 22; იოანე 2:1, 2). მაგრამ დღეს გამოცდილება აჩვენებს, რომ ქორწილის ორგანიზება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, რათა ასეთ წვეულებაზე გონიერება და ზომიერება გამოვლინდეს. წვეულებები ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ დროს ქრისტიანს საშუალება ეძლევა, დაამტკიცოს, რომ მისი რწმენა ცოცხალია.
8, 9. როგორ ჩანს მრავალი ქორწილიდან ის, რაც 1 იოანეს 2:16, 17-შია ჩაწერილი?
8 მრავალი, ვინც არ იცნობს ღმერთს და ღვთის პრინციპებს უგულებელყოფს, ქორწილის დროს უკიდურესობებში ვარდება ან ბევრ რამეს შემწყნარებლურად ეკიდება. ერთ ევროპულ ჟურნალში ახალდაქორწინებულმა ქალმა თავისი „მეფური“ ქორწილის შესახებ აღნიშნა: „ოთხ ცხენშებმულ ეტლში ვისხედით; უკან 12 ცხენშებმული კაბრიოლეტი მოგვყვებოდა; მას კი მოსდევდა კარეტა, რომელშიც მუსიკოსები ისხდნენ და უკრავდნენ. ზღაპრული სუფრა გვქონდა გაშლილი და საუცხოო მუსიკით ვტკბებოდით. ყველაფერი ფანტასტიკური იყო. ოცნება ავისრულე — იმ დღეს ნამდვილი დედოფალი ვიყავი“.
9 ქორწილთან დაკავშირებული ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია, მაგრამ ზემოთ ნათქვამი სიტყვებიდან აშკარად ჩანს ის, რაც მოციქულმა იოანემ აღნიშნა: „ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა“. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მოწიფული ქრისტიანი წყვილი, რომელთაც „მეფურ“ ქორწილში ზღაპრული სუფრის გაშლა სურთ? ქორწილისადმი ქრისტიანების დამოკიდებულებამ უნდა ცხადყოს, რომ მათ ესმით ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „ღვთის ნების შემსრულებელი . . . სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:16, 17).
10. ა) რატომ არის წინასწარ დაგეგმვა მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქორწილმა მართებულად ჩაიაროს? ბ) როგორ უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ქორწილში სტუმრების დაპატიჟებასთან დაკავშირებით?
10 ქრისტიან წყვილს მართებს, იყვნენ რეალისტები და გონიერები, რაშიც მათ ბიბლია დაეხმარება. ქორწილის დღე მნიშვნელოვანია, მაგრამ წყვილს ესმის, რომ ეს არის ოჯახური ცხოვრების მხოლოდ დასაწყისი ქრისტიანთათვის, რომელთაც მარადიული ცხოვრების პერსპექტივა აქვთ. აუცილებელი არ არის, რომ მათ დიდი ქორწილი გადაიხადონ. თუ წყვილი ქორწილის გადახდას აპირებს, საჭიროა წინასწარ გამოთვალონ ხარჯები და იფიქრონ, თუ როგორ წარიმართება ის (ლუკა 14:28). ბიბლიის თანახმად, ქმარი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახის თავი (1 კორინთელები 11:3; ეფესოელები 5:22, 23). ამიტომ, ძირითადად, ნეფეა პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ წარიმართება ქორწილი. რა თქმა უნდა, ის თავის მომავალ მეუღლესთან ერთად წყვეტს, რამდენი სტუმრის მიღება შეუძლიათ და ვისი დაპატიჟება სურთ. შეუძლებელია და არაპრაქტიკული ყველა მეგობრისა და ნათესავის დაპატიჟება; ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას ზომიერების გამოვლენაა საჭირო. წყვილი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ, თუ რომელიმე თანაქრისტიანს ქორწილში ვერ დაპატიჟებენ, ისინი გაუგებენ და არ განაწყენდებიან (ეკლესიასტე 7:9).
„თამადა“
11. რა როლს ასრულებს ქორწილში „თამადა“?
11 თუ წყვილი ქორწილის გადახდას გადაწყვეტს, როგორ შეუძლიათ იზრუნონ იმაზე, რომ ეს მოვლენა ღირსეულად აღინიშნოს? ათეული წლებია, რაც იეჰოვას მოწმეები აფასებენ იმ ბიბლიური სიტყვების პრაქტიკულობას, რომლებიც კანაში ქორწილზე იესოს დასწრებას ეხება. იქ ჰყავდათ „თამადა“, რომელიც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი თანამორწმუნე იყო, და ნადიმს ხელმძღვანელობდა (იოანე 2:9, 10). მსგავსად ამისა, გონიერი სიძე სულიერად მოწიფულ ძმას ირჩევს იმისათვის, რომ მას დააკისროს ეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. ამ ძმამ უნდა გაიგოს, რა სურს სიძეს და რას ანიჭებს უპირატესობას, შემდეგ კი ქორწილამდე და ქორწილის დროს ამის თანახმად იმოქმედოს.
12. რა უნდა მიიღოს მხედველობაში სიძემ ალკოჰოლური სასმელების გამოყენებასთან დაკავშირებით?
12 როგორც მე-5 აბზაცში იყო აღნიშნული, ზოგმა წყვილმა შეიძლება საერთოდ უარი თქვას ალკოჰოლური სასმელებით გამასპინძლებაზე, რათა არავინ გამოიყენოს ის ბოროტად და ყველაფერმა ღირსეულად ჩაიაროს (რომაელები 13:13; 1 კორინთელები 5:11). მაგრამ ალკოჰოლური სასმელები თუ ექნებათ, საჭიროა სიძემ ყურადღება მიაქციოს, რომ ის ზომიერად იქნას გამოყენებული. კანაში, სადაც იესო ქორწილს დაესწრო, ჰქონდათ ღვინო და თავად იესომაც იზრუნა იმაზე, რომ სტუმრებისთვის კარგი ღვინო შეეთავაზებინათ. საინტერესოა თამადის სიტყვები: „ჯერ კარგი ღვინო გამოაქვთ, ხოლო როცა ხალხი დათვრება — მდარე, შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს“ (იოანე 2:10). ცხადია, იესო ხელს არ შეუწყობდა ლოთობას, რადგან ის მიუღებლად მიიჩნევდა ასეთ რამეს (ლუკა 12:45, 46). თამადამ კარგი ღვინის დანახვაზე გაოცება ვერ დამალა და წარმოთქვა სიტყვები, საიდანაც ჩანს, რომ ის ისეთ ქორწილებშიც ყოფილა, სადაც დათრობამდე სვამდნენ (საქმეები 2:15; 1 თესალონიკელები 5:7). ამიტომ სიძემაც და იმ ქრისტიანმაც, ვისაც ქორწილის გაძღოლას მიანდობენ, უნდა იზრუნონ, რომ ყველა დამსწრემ გაითვალისწინოს მითითება: „ნუ დათვრებით ღვინით, რაშიც აღვირახსნილობაა“ (ეფესოელები 5:18; იგავები 20:1; ოსია 4:11).
13. რას უნდა მიაქციოს წყვილმა ყურადღება, თუ მათ სურთ ქორწილში მუსიკა უკრავდეს და რატომ?
13 ქორწილში, ისევე როგორც სხვა შეკრებების დროს, თუ მუსიკა იქნება, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ხმის სიმაღლეს, რათა დამსწრეებს საუბარში ხელი არ შეეშალოს. ერთმა ქრისტიანმა უხუცესმა აღნიშნა: „წვეულების დაწყებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც საუბრები უფრო გაცხოველებული ხდება და ცეკვას იწყებენ, ზოგჯერ მუსიკის ხმასაც უწევენ. მანამდე თუ მუსიკა მხოლოდ ფონს ქმნიდა, ახლა ის უფრო მაღალ ხმაზე უკრავს და დამსწრეებს საუბარში ხელს უშლის. ქორწილი შესანიშნავი საშუალებაა სასიამოვნო ურთიერთობებისთვის. რა სამწუხარო იქნებოდა, თუ მუსიკა ამაში ხელს შეგვიშლიდა!“ ნეფემ და თამადამ იმაზეც უნდა იზრუნონ, რომ მუსიკოსებზე — იქნება ეს დაქირავებული თუ სხვები — არ იყოს დამოკიდებული ხმის სიმაღლის რეგულირება; მათ აგრეთვე კონტროლი უნდა გაუწიონ, თუ რა სიმღერებს შეასრულებენ ისინი. პავლემ დაწერა: „სიტყვით იქნება თუ საქმით, ყველაფერი უფალ იესოს სახელით აკეთეთ“ (კოლოსელები 3:17). ქორწილიდან დაბრუნებულ სტუმრებს, როგორ გაახსენდებათ მუსიკა, რომელიც იქ ჟღერდა — ჩანდა მასში ის, რომ წყვილი ყველაფერს იესოს სახელით აკეთებდა? ამაზე ღირს დაფიქრება.
14. რა უნდა გაახსენდეთ სიამოვნებით ქრისტიანებს ქორწილიდან?
14 დიახ, კარგად ორგანიზებული ქორწილი სასიამოვნო გასახსენებელია. ადამმა და ედიტამ, რომლებიც 30 წელია, რაც დაქორწინებული არიან, ერთი ქორწილის შესახებ თქვეს: „იქ ნამდვილად ქრისტიანული ატმოსფერო სუფევდა. მღეროდნენ იეჰოვას განსადიდებელ სიმღერებს; იყო ქრისტიანებისთვის მისაღები სხვა გასართობი საშუალებებიც. ცეკვა და მუსიკა უკანა პლანზე იყო გადატანილი. ყველაფერი სასიამოვნო და გამახალისებელი იყო და ბიბლიურ პრინციპებს შეესაბამებოდა“. ნათელია, რომ ნეფე-პატარძალს ბევრის გაკეთება შეუძლიათ იმისათვის, რომ რწმენა საქმეებით დაამტკიცონ.
საქორწილო საჩუქარი
15. რომელი ბიბლიური რჩევა უნდა გამოვიყენოთ საქორწილო საჩუქრის მირთმევისას?
15 ბევრ ქვეყანაში მიღებულია, რომ ახალდაქორწინებულებს ახლობლებმა და მეგობრებმა საჩუქრები მიართვან. რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ საჩუქრის მიტანას აპირებთ? გაიხსენეთ მოციქულ იოანეს სიტყვები „ქონებით ტრაბახთან“ დაკავშირებით. იოანე ამ სიტყვებს იყენებს არა იმ ქრისტიანებთან მიმართებაში, რომლებიც რწმენას საქმეებით ავლენენ, არამედ ‘ქვეყნიერებასთან’ დაკავშირებით, რომელიც „გადადის“ (1 იოანე 2:16, 17). ღვთის შთაგონებით იოანეს მიერ წარმოთქმული სიტყვებიდან გამომდინარე, სახალხოდ უნდა გამოაცხადონ ახალდაქორწინებულებმა, თუ ვინ რა საჩუქარი მიართვა მათ? მაკედონელმა და აქაიელმა ქრისტიანებმა იერუსალიმელი ძმებისთვის შესაწირავები გაიღეს, მაგრამ ბიბლიაში არსად არ არის მოხსენიებული, რომ მათი სახელები საჯაროდ გამოცხადდა (რომაელები 15:26). ბევრ ქრისტიანს, ვინც ახალდაქორწინებულებს საჩუქარს ჩუქნის, არ სურს, რომ ეს გახმაურდეს და ზედმეტი ყურადღება მიიქციოს. ამასთან დაკავშირებით, გაიხსენეთ იესოს რჩევა, რომელიც მათეს 6:1—4-შია ჩაწერილი.
16. როგორ შეუძლიათ საქორწილო საჩუქრებთან დაკავშირებით ახალდაქოწინებულებს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდონ სხვები?
16 იმის ხმამაღლა თქმამ, თუ ვინ რა საჩუქარი მიიტანა, ადამიანებში შეიძლება „შეჯიბრების“ სული აღძრას — ვისი საჩუქარია უკეთესი ან უფრო ძვირფასი. ამგვარად, გონიერი ახალდაქორწინებული ქრისტიანი წყვილი თავს შეიკავებს სახელების ხმამაღლა გამოცხადებისგან, რაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა სხვებს, რომელთაც შესაძლოა არა აქვთ საჩუქრის მიტანის შესაძლებლობა (გალატელები 5:26; 6:10). ცხადია, ცუდი არაფერია იმაში, რომ ნეფე-პატარძალმა იცოდეს, ვინ მიართვა ესა თუ ის საჩუქარი. ამის გაგება მათ შეუძლიათ ღია ბარათიდან, რომელიც თან ახლავს საჩუქარს, მაგრამ ამ ბარათს ხმამაღლა არ კითხულობენ. როდესაც საქორწილო საჩუქარს ვყიდულობთ, ვჩუქნით ან თავად ვიღებთ მას, გვეძლევა შესაძლებლობა, ასეთ პირად საკითხებშიც კი, ჩვენი რწმენა საქმეებით დავამტკიცოთa.
17. რა მიზანი უნდა ჰქონდეს ქრისტიანს რწმენასა და საქმეებთან დაკავშირებით?
17 რწმენის საქმეებით დადასტურებაში უფრო მეტი შედის, ვიდრე ზნეობრივი პრინციპების თანახმად ცხოვრება, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და ქადაგება. დაე თითოეულ ჩვენგანს გვქონდეს ცოცხალი რწმენა, რაც გავლენას მოახდენს ყველაფერზე, რასაც გავაკეთებთ. დიახ, ჩვენ შეგვიძლია რწმენის გამოვლენა ‘საქმეების ბოლომდე შესრულებით’ ყველაფერში და, მათ შორის, ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებში (გამოცხადება 3:2).
18. როგორ ეხება იოანეს 13:17-ში ჩაწერილი სიტყვები ქრისტიანულ ქორწილებსა და შეხვედრებს?
18 მას შემდეგ, რაც იესომ ფეხების დაბანით ერთგულ მოციქულებს თავმდაბლობის მაგალითი მისცა, აღნიშნა: „თუ ეს იცით, ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით“ (იოანე 13:4—17). ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, შეიძლება აუცილებელი არ იყოს ან უჩვეულოდაც მიაჩნდეთ სტუმრისთვის ფეხების დაბანა. მაგრამ, როგორც ამ სტატიიდან დავინახეთ, ცხოვრების სხვა სფეროებში შეგვიძლია რწმენა დავადასტუროთ საქმეებით, რომლებშიც სიყვარული ჩანს და სხვების გრძნობებს ეწევა ანგარიში. ასე უნდა მოიქცნენ ქრისტიანები, რომლებსაც რწმენის საქმეებით გამოვლენა სურთ იმისგან დამოუკიდებლად, ნეფე-პატარძლის როლში იქნებიან თუ სტუმრის.
[სქოლიოები]
a დამატებითი ინფორმაცია ქორწინებასა და ქორწილთან დაკავშირებით იხილეთ მომდევნო სტატიაში: „დაე უფრო სასიხარულო და ღირსეული იყოს თქვენი ქორწინების დღე“.
როგორ უპასუხებდით?
• როგორ შეგიძლიათ რწმენის საქმეებით გამოვლენა:
• როდესაც დიდ შეხვედრებს აწყობთ?
• როდესაც ქორწილს იხდით?
• როდესაც იღებთ ან ჩუქნით საქორწილო საჩუქარს?
[სურათი 24 გვერდზე]
მაშინაც კი, როდესაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ეპატიჟებით, „ზემოდან მომავალი სიბრძნით“ იხელმძღვანელეთ.
-
-
დაე უფრო სასიხარულო და ღირსეული იყოს თქვენი ქორწინების დღესაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ოქტომბერი
-
-
დაე უფრო სასიხარულო და ღირსეული იყოს თქვენი ქორწინების დღე
„ქორწინების დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სასიხარულო დღე იყო“, — თქვა გორდონმა, რომელიც დაახლოებით 60 წელია, რაც დაქორწინებულია. რატომ არის ქორწილის დღე ასე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის? ამ დღეს ისინი წმინდა აღთქმას აძლევენ საყვარელ პიროვნებებს — მეუღლეებსა და იეჰოვა ღმერთს (მათე 22:37; ეფესოელები 5:22—29). დიახ, წყვილებს, რომლებიც დაქორწინებას აპირებენ, სურთ, ქორწილის დღე სასიამოვნოდ გაატარონ და, ამასთანავე, პატივი მიაგონ ქორწინების დამფუძნებელს (დაბადება 2:18—24; მათე 19:5, 6).
როგორ შეუძლია ნეფეს უფრო ღირსეული გახადოს ეს ბედნიერი დღე? რის გაკეთება შეუძლია პატარძალს იმისათვის, რომ პატივისცემა გამოავლინოს ქმრისა და იეჰოვას მიმართ? როგორ შეუძლიათ სტუმრებს თავისი წვლილი შეიტანონ იმაში, რომ ქორწილმა უფრო სასიამოვნოდ ჩაიაროს? ამ კითხვებზე პასუხების პოვნაში დაგვეხმარება გარკვეული ბიბლიური პრინციპების განხილვა. ამ პრინციპების გათვალისწინება შეამცირებს შესაძლო პრობლემებს, რომლებიც ამა თუ იმ სახით შებღალავდა ამ განსაკუთრებულ დღეს.
ვის აკისრია პასუხისმგებლობა?
ბევრ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის ზოგ წარმომადგენელს აქვს წყვილის ოფიციალურად დაქორწინების უფლება. იქაც კი, სადაც წყვილს რეგისტრაციაში სახელმწიფოს წარმომადგენელი ატარებს, ახალდაქორწინებულებს შესაძლოა ბიბლიური მოხსენების მოსმენა სურდეთ. ამ მოხსენებაში ნეფეს შეახსენებენ, იფიქროს მისთვის, როგორც ოჯახის თავისთვის, ღვთის მიერ დაკისრებულ როლზე (1 კორინთელები 11:3). შესაბამისად, ნეფეს აკისრია ძირითადი პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართება ქორწილი. ცხადია, წინასწარ ხდება საქორწილო ცერემონიალთან და სუფრასთან დაკავშირებული დეტალების დაგეგმვა. რატომ შეიძლება ეს სირთულეებთან იყოს დაკავშირებული?
ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სიძის ან პატარძლის ნათესავებს შესაძლოა სურდეთ, თავიანთი ნებისამებრ წარიმართოს ქორწილი. როდოლფო, რომელსაც არაერთი ქორწილისთვის გაუწევია ორგანიზება, აღნიშნავს: „ზოგჯერ სიძე ნათესავების მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ქორწილის ხარჯების დაფარვაში ისინი ეხმარებიან. სიძის ნათესავებს შესაძლოა საკუთარი შეხედულებები ჰქონდეთ საქორწილო ცერემონიალთან და სუფრასთან დაკავშირებით. ამან შეიძლება სიძეს ხელი შეუშალოს ქორწილთან დაკავშირებული ბიბლიური პასუხისმგებლობის შესრულებაში“.
მაქსი, რომელიც 35 წელზე მეტია, რაც საქორწილო ცერემონიალებს უძღვება, ამბობს: „როგორც შევნიშნე, არსებობს ტენდენცია, რომ პატარძლები თავად წყვეტენ, როგორ წარიმართოს ქორწილი და სიძეს თითქმის არაფერს ეკითხებიან“. დევიდიც, რომელსაც არაერთი ქორწილისთვის გაუწევია ორგანიზება, ამბობს: „სიძეები, ჩვეულებრივ, საკუთარ თავზე არ იღებენ საქორწილო სამზადისთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს და სათანადოდ არ მონაწილეობენ მასში“. როგორ შეუძლია სიძეს კარგად შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა?
აზრთა გაზიარებას მეტი სიხარული მოაქვს
საქორწილო სამზადისთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა ნეფემ წარმატებით რომ შეასრულოს, საჭიროა მან სხვებს ყურადღებით მოუსმინოს. ბიბლიაში ნათქვამია: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება“ (იგავები 15:22). ბევრი პრობლემის არიდებას შეძლებენ, თუ სიძე საქორწილო სამზადისთან დაკავშირებით თავიდანვე იმსჯელებს პატარძალთან, ოჯახის წევრებსა და სხვებთან, ვისაც ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევების მოცემა შეუძლია.
მნიშვნელოვანია, რომ დანიშნულმა წყვილმა ერთმანეთთან შეათანხმოს გეგმები და შესაძლო ვარიანტები. რატომ? ვნახოთ, თუ რას ამბობენ დიდი ხნის დაქორწინებული ივანი და დელვინი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. ივანი იხსენებს, თუ როგორ გეგმავდნენ თავიანთ ქორწილს და ამბობს: „ჩვენს ქორწილთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები მქონდა. ამაში შედიოდა ის, რომ ქორწილში ყველა ჩემი მეგობარი დამეპატიჟა, გვქონოდა საქორწილო ტორტი და ჩემს საცოლეს თეთრი საქორწილო კაბა სცმოდა. მაგრამ დელვინს პატარა, უბრალო ქორწილი უნდოდა ყოველგვარი საქორწილო ტორტის გარეშე. მას საქორწილო კაბის ჩაცმაც კი არ სურდა“.
როგორ მოაგვარა ამ წყვილმა ეს პრობლემა? გულწრფელი და თავაზიანი საუბრით (იგავები 12:18). ივანი ამბობს: „შევისწავლეთ ქორწილთან დაკავშირებით ბიბლიაზე დაფუძნებული სტატიები; ერთ-ერთი მათგანი მოცემული იყო 1985 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ (რუს.)a. ეს მასალა ქორწილთან დაკავშირებით სულიერი თვალსაზრისის განვითარებაში დაგვეხმარა. განსხვავებული კულტურის გამო ორივეს მოგვიწია გარკვეულ დათმობაზე წავსულიყავით“.
არეტი და პენიც მსგავსად მოიქცნენ. თავისი ქორწილის დღის შესახებ არეტი ამბობს: „მე და პენიმ ქორწილთან დაკავშირებულ ჩვენს განსხვავებულ შეხედულებებზე ვიმსჯელეთ და ბოლოს ერთ აზრამდე მივედით. ვილოცეთ, რომ იეჰოვას ეკურთხებინა ეს დღე. ასევე რჩევისთვის მშობლებსა და კრებაში მოწიფულ წყვილებს მივმართეთ. მათი რჩევები ძალიან გამოგვადგა. შედეგად, ჩვენი ქორწილის დღე ერთ-ერთი ულამაზესი და ღირსეული დღე იყო ჩვენს ცხოვრებაში“.
ღირსეული გარეგნობა და ჩაცმულობა
ბუნებრივია ქორწილის დღეს ნეფე-პატარძალს სურდეს, ლამაზად გამოიყურებოდნენ (ფსალმუნები 45:8—15). ისინი, შესაძლოა, დროს, ძალისხმევასა და ფულს არ იშურებენ სათანადო ტანსაცმლის შესაძენად. რომელი ბიბლიური პრინციპები დაეხმარება მათ, შეარჩიონ ტანსაცმელი, რომელიც ღირსეულიც იქნება და მიმზიდველიც?
ვისაუბროთ პატარძლის მორთულობაზე. ყველას განასხვავებული გემოვნება აქვს; ასევე ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ადამიანი. მაგრამ ბიბლიური რჩევა ყველგან და ყველასთვის გამოსადეგია. ქალებმა „მოკრძალებითა და საღი აზროვნებით“ შერჩეული სამოსი უნდა ატარონ. ეს პრინციპი ქრისტიანებმა ყოველთვის უნდა გამოიყენონ, მათ შორის, ქორწილის დღესაც. ფაქტია, ქორწილმა სასიამოვნოდ რომ ჩაიაროს, აუცილებელი არ არის, საქორწილო ტანსაცმელი ძალიან ძვირფასი იყოს (1 ტიმოთე 2:9; 1 პეტრე 3:3, 4). ამ რჩევის გათვალისწინება მართლაც კმაყოფილების მომტანია!
ზემოთ მოხსენიებულმა დევიდმა აღნიშნა: „ბევრი წყვილი ცდილობს, ბიბლიური პრინციპების თანახმად მოიქცეს, რისთვისაც ქებას იმსახურებენ. მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც პატარძალსა და ხელისმომკიდეს არ ეცვათ მოკრძალებულად — მათ ღრმად ამოჭრილი ან ისეთი კაბები ეცვათ, რომლებშიც ყველაფერი ჩანდა“. მოწიფული ქრისტიანი უხუცესი, როდესაც წინასწარ ხვდება დასაქორწინებელ წყვილს, ეხმარება ყველაფერი ქრისტიანული ნორმების ფარგლებში გააკეთონ. როგორ? ის ეკითხება მათ, არის თუ არა მათი საქორწილო ტანსაცმელი იმდენად მოკრძალებული, რომ შეიძლება მისი ქრისტიანულ შეხვედრებზე ჩაცმა. ცხადია, ის, რასაც ქრისტიანულ შეხვედრებზე ვიცვამთ, განსხვავდება საქორწილო ტანსაცმლისგან; საქორწილო ტანსაცმლის შერჩევაზე ადგილობრივი ტრადიციებიც ახდენს გავლენას, მაგრამ პატარძლის ჩაცმულობაში მოკრძალება უნდა ჩანდეს და კაბა ქრისტიანული ნორმების შესაბამისად უნდა იყოს შერჩეული. მაშინაც კი, როდესაც ქვეყნიერებაში ვიღაცას ბიბლიური ნორმები ძალიან მკაცრი ეჩვენება, ჭეშმარიტი ქრისტიანები ცდილობენ, წინ აღუდგნენ ქვეყნიერების სულს, თავის ყალიბში მოაქციოს ისინი (რომაელები 12:2; 1 პეტრე 4:4).
პენი ამბობს: „მე და არეტს დიდი მნიშვნელობა ტანსაცმლისა და სუფრისთვის კი არ მიგვინიჭებია, არამედ მთელი ყურადღება სულიერზე გვქონდა გადატანილი. ეს იმ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ყველაზე მეტად ის კი არ დამამახსოვრდა, რა მეცვა და რა ვჭამე, არამედ ის, რომ ცოლად მივყვებოდი მამაკაცს, რომელიც მიყვარდა; ასევე ის, რომ გვერდით საყვარელი ადამიანები მყავდნენ“. კარგია, თუ ქრისტიანები ასეთ თვალსაზრისს ინარჩუნებენ, როცა ქორწილის გადახდას აპირებენ.
სამეფო დარბაზი — საპატიო ადგილი
ბევრ ქრისტიან წყვილს სურს, თუ შესაძლებელია, საქორწილო ცერემონიალი სამეფო დარბაზში აღნიშნოს. რატომ აკეთებენ ისინი ასეთ არჩევანს? ერთი წყვილი ამბობს: „ჩვენ გვესმოდა, რომ ქორწინება იეჰოვას მიერ დაფუძნებული წმინდა კავშირია. სამეფო დარბაზში, ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილას, დაქორწინება ოჯახური ცხოვრების დასაწყისიდანვე დაგვეხმარა, გვხსომებოდა, რომ იეჰოვა ჩვენი ქორწინების განუყოფელი ნაწილი იყო. საქორწილო ცერემონიალის სამეფო დარბაზში ჩატარების კიდევ ერთი დადებითი მხარე ის იყო, რომ იქ დამსწრე ურწმუნო ნათესავებმა დაინახეს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით იეჰოვას თაყვანისცემას“.
თუ სამეფო დარბაზზე პასუხისმგებელი უხუცესები წყვილს ნებას დართავენ, საქორწილო ცერემონიალი დარბაზში ჩაატარონ, წყვილმა წინასწარ უნდა უთხრას უხუცესებს, რის გაკეთებას აპირებენ. ნეფე-პატარძალს სტუმრებისადმი პატივისცემის გამოვლენა იმითაც შეუძლია, რომ დაგეგმილ დროს მივლენ ცერემონიალზე. ცხადია, წყვილმა უნდა იზრუნოს, რომ ყველაფერი ღირსეულად მოხდესb (1 კორინთელები 14:40). ამგვარად ისინი თავიდან აირიდებენ უღირს ქმედებებს, რაც მრავალი ქვეყნიური ქორწილისთვის არის დამახასიათებელი (1 იოანე 2:15, 16).
მიწვეული სტუმრებიც უნდა იზიარებდნენ ქორწინებასთან დაკავშირებით იეჰოვას თვალსაზრისს. მაგალითად, მათ არ უნდა ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ ეს ქორწილი სხვა ქრისტიანულ ქორწილებზე უკეთესი იქნება, თითქოს, შეჯიბრი ხდებოდეს იმაში, თუ ვინ უკეთეს ქორწილს გადაიხდის. მოწიფულ ქრისტიანებს აგრეთვე ესმით, რომ სამეფო დარბაზში ბიბლიური მოხსენების მოსმენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქორწილო სუფრაზე ყოფნა. თუ დრო და მდგომარეობა მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე დასწრების საშუალებას გვაძლევს, სამეფო დარბაზში მისვლა ნამდვილად უმჯობესი იქნებოდა. ერთი უხუცესი, სახელად უილიამი, ამბობს: „თუ სტუმრები არასაპატიო მიზეზის გამო არ მივლენ სამეფო დარბაზში, მაგრამ მოგვიანებით საქორწილო სუფრაზე იქნებიან, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მათ არ ესმით, რამდენად წმინდაა ქორწინება. მაშინაც კი, თუ საქორწილო სუფრაზე მიწვეულები არა ვართ, სამეფო დარბაზში ცერემონიალზე დასწრებით სიძე-პატარძალს მხარში ამოვუდგებით და მათ ურწმუნო ნათესავებს კარგ დამოწმებას მივცემთ“.
სიხარული, რომელიც ქორწილის დღით არ შემოიფარგლება
კომერციულმა სამყარომ საქორწილო ცერემონიალი შემოსავლის უდიდეს წყაროდ აქცია. ერთი ცნობის თანახმად, შეერთებულ შტატებში საშუალო დონის ქორწილი „22 000 დოლარი ჯდება, რაც ოჯახის [წლიური] შემოსავლის ნახევარია“. კომერციული პროპაგანდის გავლენით მრავალი ახალდაქორწინებული ან მათი ოჯახები ვალებში ვარდება, რასაც წლების განმავლობაში იხდიან. არის გონივრული ოჯახური ცხოვრების ამგვარად დაწყება? ის, ვინც არ იცნობს ან უგულებელყოფს ბიბლიურ პრინციპებს, შეიძლება ასეთ უკიდურესობაში ჩავარდეს, მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის სულ სხვაგვარად არის საქმე.
მრავალი ქრისტიანი კმაყოფილდება პატარა ქორწილით, ვალებს არ იღებს და ამ მოვლენის სულიერ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, რის შედეგადაც შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი დრო და მატერიალური სახსრები ღვთისადმი მიძღვნის შესაბამისად გამოიყენონ (მათე 6:33). განვიხილოთ ლოიდისა და ალექსანდრას მაგალითი, რომლებიც უკვე 17 წელია დაქორწინებულები არიან და დაქორწინების დღიდან სრული დროით მსახურობენ. ლოიდი ამბობს: „შესაძლოა, ზოგი ფიქრობდა, რომ მეტისმეტად უბრალო ქორწილი გვქონდა, მაგრამ მე და ალექსანდრა ძალიან კმაყოფილები ვიყავით. ვფიქრობდით, რომ ქორწილის დღე ტვირთად კი არ უნდა დასწოლოდა წყვილს და ფინანსური პრობლემები შეექმნა მათთვის, არამედ იეჰოვას მიერ დაფუძნებული ეს დღესასწაული ისეთი სახით უნდა აღნიშნულიყო, რომ დიდი სიხარული მოეტანა ახალდაქორწინებულთათვის“.
ალექსანდრა დასძენს: „დაქორწინებამდე პიონერად ვმსახურობდი და არ მინდოდა პიონერობის მიტოვება მხოლოდ იმიტომ, რომ უჩვეულო ქორწილი გადამეხადა. ჩვენი ქორწილის დღე განსაკუთრებული იყო. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი ცოლქმრული ცხოვრების დასაწყისი იყო. გავითვალისწინეთ რჩევა, მეტისმეტი ყურადღება დაქორწინების პროცესზე კი არ გაგვემახვილებინა, არამედ იმაზე, რომ, როგორც დაქორწინებულ წყვილს, ცხოვრებაში იეჰოვას ხელმძღვანელობა გვეძია. ამან ნამდვილად მოგვიტანა იეჰოვას კურთხევები“c.
დიახ, ქორწილის დღე განსაკუთრებულია. ამ დღისადმი თქვენმა დამოკიდებულებამ და იმან, თუ რას გააკეთებთ ამ დღეს, შეიძლება თქვენს ცხოვრებაზე წლების განმავლობაში იქონიოს გავლენა. ამიტომ ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას მიმართეთ (იგავები 3:5, 6). ამ დღეს უმთავრესი მნიშვნელობა სულიერს მიანიჭეთ. ერთმანეთს დაეხმარეთ თქვენთვის ღვთის მიერ დაკისრებული როლის შესრულებაში. ასეთი სახით თქვენს ქორწინებას მტკიცე საფუძველს ჩაუყრით და თქვენი სიხარული, იეჰოვას კურთხევით, მხოლოდ ქორწილის დღით არ შემოიფარგლება (იგავები 18:22).
[სქოლიოები]
a ქორწილთან დაკავშირებით დამატებითი მასალის ნახვა შეგიძლიათ 2002 წლის 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“-ში (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
b თუ წყვილი გადაწყვეტს, სამეფო დარბაზში ცერემონიალის დროს გადაიღოს სურათები ან ჩაიწეროს პროგრამა, წინასწარ უნდა იზრუნონ, რომ ისეთი არაფერი გაკეთდეს, რაც ხელს შეუშლიდა ქორწილის ღირსეულად წარმართვას.
c იხილეთ წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, გვერდი 26 (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
[სურათი 29 გვერდზე]
ქორწილის დაგეგმვისას წყვილი გულახდილად და პატივისცემით უნდა ესაუბროს ერთმანეთს.
[სურათი 31 გვერდზე]
ქორწილის დღეს უმთავრესი მნიშვნელობა სულიერს მიანიჭეთ.
-