-
რატომ უჭირს ზოგს ღმერთის შეყვარება?საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 ნოემბერი
-
-
მთავარი თემა | ღმერთზე გავრცელებული სიცრუე
რატომ უჭირს ზოგს ღმერთის შეყვარება?
«„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება» (იესო ქრისტე, ახ. წ. 33).a
ზოგისთვის რთულია ღმერთის შეყვარება. მათთვის ღმერთი მიუწვდომელი და სასტიკია. აი, რას ამბობენ ისინი . . .
„როცა მიჭირდა, ღმერთს ლოცვით მივმართავდი, მაგრამ თან ვფიქრობდი, რომ ის მიუწვდომელი იყო. ჩემთვის ღმერთი რაღაც აბსტრაქტული, გრძნობებს მოკლებული იყო“ (მარკო, იტალია).
„გულწრფელად მსურდა ღვთის მსახურება, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ის ძალიან შორს იყო ჩვენგან. ღმერთი სასტიკი მეგონა, რომელიც მხოლოდ სჯის ადამიანებს. ვერ ვიჯერებდი, რომ ღმერთს სათუთი გრძნობები ჰქონდა“ (როზა, გვატემალა).
„ბავშვობაში მჯეროდა, რომ ღმერთი სულ იმას ცდილობდა, რაღაცაში გამოვეჭირეთ და დავესაჯეთ. როცა გავიზარდე, ვფიქრობდი, რომ ის თავისთვის იყო და ჩვენს ცხოვრებაში არ ერეოდა. ჩემს წარმოდგენაში ღმერთი პრემიერ-მინისტრივით იყო, რომელიც რაღაც საქმეებს კი განაგებს, მაგრამ ადამიანები საერთოდ არ ადარდებს“ (რეიმონდი, კანადა).
თქვენ რას ფიქრობთ? შეუძლებელია ღმერთის შეყვარება? ეს კითხვა ქრისტიანებს საუკუნეებია, რაც აწუხებთ. შუა საუკუნეებში ქრისტიანული სამყაროს უმეტესობა არც კი ლოცულობდა ყოვლისშემძლე ღმერთზე. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ხალხს ავადმყოფური შიში განუვითარდა ღვთისადმი. ისტორიკოსი უილ დოურანტი აღნიშნავს: „როგორ გაბედავდა ცოდვილი ადამიანი, რომ ლოცვით მიემართა ასეთი სასტიკი და მიუწვდომელი ღმერთისთვის“.
რატომ ფიქრობს ზოგი, რომ ღმერთი სასტიკი და მიუწვდომელია? რას გვასწავლის სინამდვილეში ბიბლია ღმერთზე? არ შეიყვარებდით ღმერთს, მასზე სიმართლე რომ გაგეგოთ?
-
-
სიცრუე, რომელმაც ხალხს ღვთის სახელი დაავიწყასაგუშაგო კოშკი — 2013 | 1 ნოემბერი
-
-
მთავარი თემა | ღმერთზე გავრცელებული სიცრუე
სიცრუე, რომელმაც ხალხს ღვთის სახელი დაავიწყა
რა სწამს ბევრს.
„ჩვენ ვერ შევთანხმდით იმაზე, საერთოდ აქვს თუ არა ღმერთს სახელი და თუ აქვს, რომელია ის“ (რელიგიის პროფესორი დეივიდ კანინგემი, The Journal of Theological Studies).
ბიბლიური ჭეშმარიტება.
ღმერთმა თქვა: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი“ (ესაია 42:8). „იეჰოვა“ ებრაული სახელია, რაც ნიშნავს „აქცევინებს“ (დაბადება 2:4, სქოლიო).
იეჰოვას სურს, რომ ვიყენებდეთ მის სახელს. ბიბლია მოგვიწოდებს: „მოუხმეთ მის სახელს. აუწყეთ ხალხებს მისი საქმეები. გააცხადეთ, რამდენად ამაღლებულია მისი სახელი“ (ესაია 12:4).
იესო იყენებდა ღვთის სახელს. ლოცვაში იესომ იეჰოვას უთხრა: „ვამცნე მათ [იესოს მოწაფეებს] შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ“. რატომ ამცნო იესომ ღვთის სახელი თავის მოწაფეებს? ის განაგრძობს: „რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე მათთან ვიყო ერთობაში“ (იოანე 17:26).
რატომ უნდა გვაინტერესებდეს.
„ადამიანი, რომელიც ღმერთს სახელით არ იცნობს, სინამდვილეში, არ იცნობს მას, როგორც პიროვნებას, — დაწერა თეოლოგმა უოლტერ ლოურმა. — თუ ის ფიქრობს, რომ ღმერთი მხოლოდ უპიროვნო ძალაა, მას ვერ შეიყვარებს“.
ვიქტორი კვირაობით ეკლესიაში დადიოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ღმერთს საერთოდ არ იცნობდა. „მოგვიანებით გავიგე, რომ ღმერთს იეჰოვა ერქვა. ეს ისე იყო, თითქოს ღმერთი ოფიციალურად გავიცანი. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ბოლოს და ბოლოს შევხვდი მას, ვის შესახებაც ამდენი რამ მქონდა გაგონილი. ის ჩემთვის უკვე რეალური პიროვნება გახდა და მასთან ახლო ურთიერთობაც განვივითარე“, — ამბობს ვიქტორი.
ღვთის საკუთარი სახელის დამალვა ან სხვა რამით ჩანაცვლება, ბიბლიიდან მისი ამოჭრის ტოლფასია
თავის მხრივ, იეჰოვაც უახლოვდება მათ, ვინც მის სახელს მოუხმობს. მათ, „ვინც მის სახელზე ფიქრობს“, ღმერთი ჰპირდება: „შევიბრალებ მათ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის ვაჟს, თავის მსახურს“ (მალაქია 3:16, 17). ამასთანავე, ღმერთი კურთხევებს არ მოაკლებს მათ, ვინც მის სახელს მოუხმობს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (რომაელები 10:13).
-
-
სიცრუე, რომელმაც ღმერთი საიდუმლოების საბურველში გახვიასაგუშაგო კოშკი — 2013 | 1 ნოემბერი
-
-
მთავარი თემა | ღმერთზე გავრცელებული სიცრუე
სიცრუე, რომელმაც ღმერთი საიდუმლოების საბურველში გახვია
რა სწამს ბევრს.
ქრისტიანული სამყაროს „სამი ძირითადი მიმდინარეობა — რომის კათოლიკური, აღმოსავლურ მართლმადიდებლური და პროტესტანტული ეკლესიები — ასწავლის, რომ არსებობს სამპიროვანი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. ქრისტიანული თეოლოგიის თანახმად, სამპიროვან ღმერთში იგულისხმება სამი ღმერთი არსებითად ერთში და არა სამი ცალკე მდგომი ღმერთი“— (ახალი ენციკლოპედია ბრიტანიკა).
ბიბლიური ჭეშმარიტება.
იესოს, ღვთის ძეს, არასოდეს უთქვამს, რომ მამის თანასწორი ან მისი ერთარსი იყო. პირიქით, მან თქვა: „მამასთან . . . მივდივარ, რადგან მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 14:28). თავის ერთ მიმდევარს მან ასეთი რამ უთხრა: „მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“ (იოანე 20:17).
სულიწმინდა ანუ წმინდა სული პიროვნება არ არის. იეჰოვამ თქვა: „გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ხორციელზე“. მართლაც, პირველი ქრისტიანები „წმინდა სულით“ აღივსნენ (საქმეები 2:1—4, 17). წმინდა სული არ არის სამების ნაწილი. ის ღვთის მოქმედი ძალაა.
რატომ უნდა გვაინტერესებდეს.
კათოლიკე სწავლულები კარლ რანერი და ჰერბერტ ფორგრიმლერი განმარტავენ, რომ „შეუძლებელია სამების არსს ადამიანი გამოცხადების გარეშე ჩასწვდეს. გამოცხადების შემდეგაც კი შეუძლებელია ყველაფერი ნათელი გახდეს“. შეგიძლიათ შეიყვაროთ ისეთი ადამიანი, რომლის გაცნობაც შეუძლებელია ან გიჭირთ მისი გაგება? სამების მოძღვრება ის ბარიერია, რომელიც ხელს გვიშლის გავიცნოთ და შევიყვაროთ ღმერთი.
წინა სტატიაში მოხსენიებულ მარკოს ღვთის გაცნობაში სამების ბუნდოვანი სწავლება უშლიდა ხელს. ის ამბობს: „მეგონა ღმერთი თავის ვინაობას მიმალავდა. ეს კი მას საიდუმლოების საბურველში ხვევდა და უფრო მიუწვდომელს ხდიდა“. სინამდვილეში, ღმერთი არ არის საიდუმლოებით მოცული. ის არ გვიმალავს თავის ვინაობას. ღმერთს სურს, რომ ვიცნობდეთ მას. იესომ თქვა: „ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს“ (იოანე 4:22).
„მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ღმერთი სამების ნაწილი არ არის, შევძელი მასთან დაახლოება“, — ამბობს მარკო. თუ იეჰოვა ჩვენთვის ბურუსით მოცული პიროვნება არ იქნება, მას ბევრად ადვილად შევიყვარებთ. „ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8).
-
-
სიცრუე, რომელმაც ღმერთი უმოწყალოდ წარმოგვიჩინასაგუშაგო კოშკი — 2013 | 1 ნოემბერი
-
-
მთავარი თემა | ღმერთზე გავრცელებული სიცრუე
სიცრუე, რომელმაც ღმერთი უმოწყალოდ წარმოგვიჩინა
რა სწამს ბევრს.
„სიკვდილისთანავე იმ მოკვდავთა სულები, რომლებმაც სიცოცხლეში ვერ მოინანიეს ცოდვები, ჯოჯოხეთში ხვდებიან, სადაც მარადიულ ცეცხლში იტანჯებიან“ (კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო). ზოგი რელიგიური წინამძღოლი აცხადებს, რომ ჯოჯოხეთში მყოფნი ღვთისგან სამუდამოდ მიტოვებულნი არიან.
ბიბლიური ჭეშმარიტება.
„სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“ (ეზეკიელი 18:4). „მკვდრებმა არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). თუ სული კვდება და მან არაფერი იცის, როგორღა დაიტანჯება მარადიულ ცეცხლში?
ბიბლიაში ებრაული და ბერძნული სიტყვები, რომლებიც ხშირად ითარგმნება როგორც „ჯოჯოხეთი“, სინამდვილეში ნიშნავს კაცობრიობის საერთო სამარეს. მაგალითად, იობი, რომელიც საშინელი დაავადებით იტანჯებოდა, ლოცულობდა: «ნეტავ დამმალავდე სამარეში [„ჯოჯოხეთსა შინა“, ძველი აღთქმის ორტომეული (იდ-იგ)]» (იობი 14:13). იობს უნდოდა თავისი დაავადებისგან საფლავში დაესვენა და არა ისეთ ადგილას, სადაც მარადიულად დაიტანჯებოდა.
რატომ უნდა გვაინტერესებდეს.
სისასტიკე ღმერთს ვერ შეგვაყვარებს. პირიქით, ეს მის მიმართ უარყოფითად განგვაწყობს. „ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ არსებობდა ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი, — ამბობს როსიო, რომელიც მექსიკაში ცხოვრობს. — ისეთი შეძრწუნებული ვიყავი, რომ მეგონა, ღმერთს დადებითი თვისებები საერთოდ არ გააჩნდა. ვფიქრობდი, რომ ღმერთი მრისხანე და შეუწყნარებელი იყო“.
მაგრამ როსიომ გაიგო ბიბლიური ჭეშმარიტება ღვთის სასჯელისა და მკვდრების მდგომარეობის შესახებ და ღმერთზე თვალსაზრისი შეიცვალა. „ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ზურგიდან დიდი ტვირთი ჩამომხსნეს. ნელ-ნელა დავრწმუნდი, რომ ღმერთს მხოლოდ კარგი სურს ჩვენთვის. მივხვდი, რომ ღმერთს ვუყვარვართ და თურმე მისი შეყვარებაც შესაძლებელი ყოფილა. ღმერთი ჰგავს მზრუნველ მამას, რომელიც თავის შვილებს ხელჩაკიდებული ატარებს. მას საუკეთესო სურს მათთვის“ — ამბობს როსიო (ესაია 41:13).
ბევრი ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შიშით ხდება ღვთისმოსავი. მაგრამ ღმერთს არ უნდა, მას შიშის გამო ემსახურებოდნენ. იესომ თქვა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი“ (მარკოზი 12:29, 30). უფრო მეტიც, როდესაც გვესმის, რომ ღმერთი უსამართლო არ არის, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის მომავალშიც სამართლიან განაჩენს გამოიტანს. იობის მეგობრის, ელიჰუს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ: „შორს არის ღვთისგან ბოროტება და ყოვლისშემძლისგან — უსამართლობა!“ (იობი 34:10).
-
-
ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთსაგუშაგო კოშკი — 2013 | 1 ნოემბერი
-
-
მთავარი თემა | ღმერთზე გავრცელებული სიცრუე
ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ
ერთხელ იესო იერუსალიმში ხალხს თავის მამაზე, იეჰოვაზე ესაუბრებოდა და ამხელდა რელიგიურ წინამძღოლებს (იოანე 8:12—30). მისი ნათქვამიდან გავიგებთ, როგორ გამოვიკვლიოთ ღმერთზე დღეს გავრცელებული შეხედულებები. იესომ თქვა: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:31, 32).
ფრაზით „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით“ იესომ მიანიშნა, რომ ღვთის სიტყვა იქნებოდა იმის განმსაზღვრელი, არის თუ არა ჭეშმარიტი ესა თუ ის რელიგიური სწავლება. როდესაც ღმერთზე რაღაც მოსაზრებას ისმენთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: შეესაბამება ეს მოსაზრება იესოს სიტყვებს და საერთოდ ბიბლიას? მიჰბაძეთ მათ, რომლებიც პავლეს ქადაგების შემდეგ „ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11).
ამ სერიის პირველ სტატიაში მოხსენიებულმა მარკომ, როზამ და რეიმონდმა გულდასმით გამოიკვლიეს თავიანთი რწმენა, როცა იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდნენ ბიბლიას. ვნახოთ, რას ამბობენ ისინი:
მარკო: „ჩემი და ჩემი მეუღლის მიერ დასმულ ყველა კითხვას ჩვენი ბიბლიის მასწავლებელი ბიბლიიდან პასუხობდა. ღვთისადმი ჩვენი სიყვარული გაიზარდა და მე და ჩემი ცოლიც ერთმანეთს უფრო დავუახლოვდით“.
როზა: „თავიდან ვფიქრობდი, რომ ბიბლია უბრალოდ ფილოსოფიური წიგნი იყო, რომელშიც ღმერთი ადამიანის თვალით იყო წარმოსახული. მაგრამ თანდათანობით ჩემს კითხვებზე პასუხები ბიბლიიდან მივიღე. დღეს იეჰოვა ჩემთვის რეალური პიროვნებაა, რომელსაც შემიძლია ვენდო“.
რეიმონდი: „ღმერთს ლოცვით მივმართავდი, რომ მასზე უფრო მეტი გამეგო. მალე მე და ჩემმა ქმარმა ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ. როგორც იქნა, ვიპოვეთ ჭეშმარიტება იეჰოვა ღმერთზე. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგეთ, სინამდვილეში როგორი იყო ღმერთი“.
ბიბლია არა მხოლოდ ღმერთზე გავრცელებულ სიცრუეს აქარწყლებს, არამედ მის შესანიშნავ თვისებებზეც საუბრობს. ბიბლია ღვთის შთაგონებული სიტყვაა. ის გვეხმარება, „ვიცოდეთ, რა გვიბოძა ღმერთმა“ (1 კორინთელები 2:12). კარგი იქნება, თუ თქვენც გამოიკვლევთ ბიბლიურ პასუხებს ღმერთთან, მის განზრახვასა და მომავალთან დაკავშირებულ ძირითად კითხვებზე. ზოგ კითხვაზე პასუხი შეგიძლიათ ნახოთ ვებ-გვერდზე www.pr2711.com (ბიბლიური სწავლებები > პასუხები ბიბლიურ კითხვებზე). აგრეთვე შეგიძლიათ მოითხოვოთ ბიბლიის შესწავლა იმავე ვებ-გვერდზე ან მიმართოთ რომელიმე იეჰოვას მოწმეს. გვჯერა, რომ თუ ასე მოიქცევით, ღმერთს უკეთ გაიცნობთ და ადვილად შეიყვარებთ.
-