-
იმედი ნამდვილად მნიშვნელოვანია?გამოიღვიძეთ! — 2004 | მაისი 8
-
-
იმედი ნამდვილად მნიშვნელოვანია?
დენიელი მხოლოდ ათი წლის იყო, მაგრამ ბოლო ერთი წელი სიმსივნით იტანჯებოდა. ექიმებსა და მის ახლობლებს დენიელის განკურნების იმედი გადაეწურათ, თავად ის კი გულს არ იტეხდა. მას სჯეროდა, რომ გაიზრდებოდა, მკვლევარი გახდებოდა და ერთ დღესაც კიბოს წამალს აღმოაჩენდა. დენიელი განსაკუთრებული იმედით ელოდა იმ ექიმის მოსვლას, რომელიც სიმსივნის სწორედ იმ ფორმას მკურნალობდა, რითაც ის იყო დაავადებული. მაგრამ, როცა ეს დღე დადგა, ცუდი ამინდის გამო ექიმმა ვერ შეძლო მისვლა. დენიელს გული გაუტყდა და ყველაფრის ინტერესი დაკარგა, რამდენიმე დღეში კი დაიღუპა.
დენიელის შემთხვევა მოგვითხრო მედიცინის მუშაკმა, რომელიც იკვლევდა იმას, თუ რა გავლენას ახდენს იმედი და უიმედობა ადამიანის ჯანმრთელობაზე. შესაძლოა, თქვენც გსმენიათ მსგავსი შემთხვევები. მაგალითად, სიკვდილის პირას მყოფ მოხუცს მთელი გულით უნდა, მოესწროს რაღაც მნიშვნელოვან მოვლენას ან თარიღს — იქნება ეს საყვარელი ადამიანის მონახულება თუ იუბილე. ჩაივლის თუ არა ეს დღე, მოხუცი მალევე კვდება. რა ხდება ამ დროს? მართლა ასეთი დიდი ძალა აქვს იმედს, როგორც ზოგი ფიქრობს?
სულ უფრო მეტი მედიკოსი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ოპტიმიზმი, იმედი და სხვა დადებითი ემოციები ნამდვილად ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. მაგრამ ყველა არ იზიარებს ასეთ თვალსაზრისს. ზოგი მკვლევარი უარყოფს ასეთ შეხედულებას და მას არამეცნიერულს უწოდებს. ისინი თვლიან, რომ ფიზიკურ დაავადებებს მხოლოდ ფიზიკური მიზეზები იწვევს.
იმედის მნიშვნელოვნების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ახალი არ არის. ათასობით წლის წინათ ბერძენ ფილოსოფოსს არისტოტელეს სთხოვეს, განემარტა იმედის მნიშვნელობა, რაზეც მან თქვა: „ეს არის ზმანება ცხადში“. საუკუნეების შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მოღვაწემ ბენჯამინ ფრანკლინმა სარკასტულად შენიშნა: „ვინც იმედით ცოცხლობს, შიმშილით მოკვდება“.
მაშ, რა არის სინამდვილეში იმედი? მხოლოდ ფუჭი ოცნებაა, რომელსაც ადამიანები ნუგეშისთვის მიმართავენ? თუ არსებობს იმის საფუძველი, გვწამდეს, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ოცნება — რომ ყველას გვჭირდება ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის, და რომ ნამდვილად მყარი და რეალურად სასარგებლოა?
-
-
რატომ გვჭირდება იმედი?გამოიღვიძეთ! — 2004 | მაისი 8
-
-
რატომ გვჭირდება იმედი?
რა მოხდებოდა, თუ წინა სტატიაში მოხსენიებული კიბოთი დაავადებული პატარა დენიელი მტკიცე იმედს შეინარჩუნებდა? განიკურნებოდა? დღესაც ცოცხალი იქნებოდა? იმ აზრის ყველაზე გულმოდგინე მხარდამჭერებიც კი, რომლებიც ფიქრობენ, რომ იმედს დიდი ძალა აქვს, ალბათ, თავს შეიკავებდნენ ამგვარი განაცხადებისგან. სწორედ რომ ესაა მნიშვნელოვანი — იმედის ძალა არ უნდა გაზვიადდეს. ის უებარი წამალი არ არის, არ არის პანაცეა.
ტელე-რადიომაუწყებლობის კორპორაცია სი-ბი-ეს-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დ-რმა ნეითან ჩერნიმ აღნიშნა, რამდენად საშიშია იმედის ძალის გაზვიადება, როცა საქმე მძიმე ავადმყოფებს ეხება: „იყო შემთხვევები, როცა ქმრები საყვედურობდნენ ცოლებს იმის გამო, რომ მათ საკმარისი ოპტიმისტური განწყობილება არ ჰქონდათ“. დ-რმა ჩერნიმ დასძინა: „ასეთმა აზროვნებამ შექმნა ილუზია, თითქოს ავადმყოფს სიმსივნის განვითარების გაკონტროლება შეუძლია; და თუ ის თავს ცუდად გრძნობს, ზოგი შეიძლება ფიქრობდეს, რომ კარგად ვერ აკონტროლებს თავის დაავადებას. ასეთი დასკვნის გამოტანა უსამართლობაა“.
სინამდვილეში, უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანები დამქანცველ, ძალ-ღონის გამომცლელ ბრძოლაში არიან ჩართული. ავადმყოფის ახლობლები არავითარ შემთხვევაში არ მოისურვებდნენ მისი ისედაც მძიმე ტვირთის კიდევ იმით დამძიმებას, რომ დანაშაულის გრძნობაც გაუჩინონ. მაშ, უნდა დავასკვნათ, რომ იმედს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს?
სრულებითაც არა. მაგალითად, ზემოთ მოხსენიებული ექიმი სპეციალიზებულია პალიატიურ მკურნალობაზე, რომელიც გამიზნულია არა უშუალოდ დაავადებასთან საბრძოლველად ან სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, არამედ იმისთვის, რომ მთელი ის პერიოდი, როდესაც ავადმყოფი დაავადებას ებრძვის, შეძლებისდაგვარად, შეამსუბუქოს და სასიამოვნო გახადოს. ასეთ ექიმებს მტკიცედ სჯერათ, რომ მკურნალობა, რომელიც აუმჯობესებს ავადმყოფის განწყობას, ნამდვილად ფასეულია. ის მძიმე ავადმყოფებისთვისაც კი მნიშვნელოვანია. ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ იმედს შეუძლია ეს — და უფრო მეტიც.
იმედის ძალა
„იმედს ძლიერმოქმედი სამკურნალო ძალა აქვს“, — ამბობს ჟურნალისტი, დ-რი უ. გიფერდ-ჯონზი, რომელიც სამედიცინო თემებს აშუქებს. მან მიმოიხილა სხვადასხვა გამოკვლევა, რომლებიც ჩატარდა იმის განსასაზღვრავად, თუ რა გავლენას ახდენს ემოციური მხარდაჭერა უკურნებელი სენით დაავადებულებზე. როგორც ჩანს, ასეთი მხარდაჭერა მათ იმედს უნერგავს და დადებითი აზროვნების შენარჩუნებაში ეხმარება. 1989 წელს ჩატარებულმა ერთმა გამოკვლევამ უჩვენა, რომ ასეთი მხარდაჭერის მქონე ავადმყოფები მეტხანს ცოცხლობდნენ, მაგრამ ბოლოდროინდელი გამოკვლევა ნაკლებად უჭერს მხარს ამ აზრს. თუმცა კი, გამოკვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ სხვებთან შედარებით ემოციური მხარდაჭერის მქონე ავადმყოფები ნაკლებად იტანჯებოდნენ ტკივილებისგან და დეპრესიაშიც ნაკლებად ვარდებოდნენ.
ერთ-ერთი გამოკვლევა, მაგალითად, მიზნად ისახავდა იმის შესწავლას, თუ რა გავლენას ახდენს ოპტიმიზმი და პესიმიზმი გულის კორონარული დაავადების განვითარებაზე. 1 300-ზე მეტ ადამიანს ტესტირება ჩაუტარეს იმის დასადგენად, თუ როგორი შეხედულება ჰქონდათ ცხოვრებაზე — ოპტიმისტური თუ პესიმისტური. ათი წლის შემდეგ იმავე ჯგუფის გამოკვლევამ უჩვენა, რომ 12 პროცენტზე მეტს გულის კორონარული დაავადების ესა თუ ის ფორმა ჰქონდა. ამ ჯგუფის წევრთაგან პესიმისტები ოპტიმისტებზე დაახლოებით ორჯერ მეტი იყვნენ. ჰარვარდის სკოლის ჯანდაცვის კათედრის დოცენტი ლორა კუბზანსკი, რომელიც სწავლობს ჯანმრთელობასა და საზოგადოებრივ ნორმებთან დაკავშირებულ საკითხებს, ამბობს: «წარმოდგენა იმაზე, რომ „დადებითი აზროვნება“ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, უმეტესწილად, არ ყოფილა მეცნიერულად დასაბუთებული — ეს გამოკვლევა იძლევა პირველ ნამდვილ სამედიცინო მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ეს მართლაც ასეა, რაც გულის დაავადებებთან დაკავშირებით გამოვლინდა».
ზოგი გამოკვლევა აჩვენებს, რომ მათ, ვინც თავს სუსტი ჯანმრთელობის პატრონად თვლის, ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესი უფრო უხანგრძლივდებათ, ვიდრე მათ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კარგი ჯანმრთელობა აქვთ. ოპტიმიზმს დღეგრძელობასაც კი უკავშირებენ. ერთი გამოკვლევა ჩატარდა იმის დასადგენად, თუ როგორ მოქმედებს ხანდაზმულებზე ასაკში შესვლასთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი შეხედულებები. მოხუცებულებს მონიტორზე წამიერი გაელვებების დროს ისეთ სიტყვებს უჩვენებდნენ, რომლებიც დაბერების პროცესს სიბრძნესთან და გამოცდილებასთან აკავშირებდა. აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ სიარულისას მათ უფრო მეტი ძალა და ენერგია ჰქონდათ. ასეთი მიღწევა 12-კვირიანი ვარჯიშის შედეგებს უტოლდებოდა!
იმედი, ოპტიმიზმი და დადებითი აზროვნება, როგორც ჩანს, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. საინტერესოა, რატომ? შესაძლოა, მეცნიერები და ექიმები ჯერ ბოლომდე ვერ ერკვევიან ადამიანის გონებასა და ორგანიზმში, რომ ამაზე საბოლოო პასუხები გაგვცენ. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები, რომლებიც ამ საკითხს იკვლევენ, ფაქტებზე დაყრდნობით გარკვეულ მოსაზრებებს გამოთქვამენ. მაგალითად, ერთი პროფესორი ნევროლოგიის დარგში ამბობს: „სასიამოვნოა, როცა ბედნიერი და იმედით სავსე ხარ. ასეთ მდგომარეობაში გაცილებით ნაკლებ სტრესს განიცდი, ორგანიზმზე კი ეს დადებითად აისახება. ეს კიდევ ერთი საშუალებაა, რითაც ადამიანებს ჯანმრთელობის შენარჩუნება შეუძლიათ“.
ზოგმა ექიმმა, ფსიქოლოგმა და მეცნიერმა ეს აზრი შეიძლება ნოვატორულად ჩათვალოს, მაგრამ ბიბლიის შემსწავლელებისთვის ის ახალი არ არის. დაახლოებით 3000 წლის წინათ ბრძენმა მეფე სოლომონმა ღვთის შთაგონებით ეს აზრი შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „მხიარული გული ხელს უწყობს კურნებას, ხოლო დავრდომილი სული ძვალს ახმობს“ (იგავები 17:22). ყურადღება მიაქციეთ, რა გაწონასწორებული თვალსაზრისია აქ გამოთქმული. ამ მუხლში არაა ნათქვამი, რომ მხიარული გული ნებისმიერ დაავადებას განკურნავს, არამედ ის, რომ „ხელს უწყობს კურნებას“.
მართლაც, იმედი რომ სამკურნალო საშუალება ყოფილიყო, რომელი ექიმი არ გამოუწერდა მას ავადმყოფს? გარდა ამისა, იმედი არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო.
ოპტიმიზმი, პესიმიზმი და თქვენი ცხოვრება
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ოპტიმისტების დადებითი თვალთახედვა მრავალმხრივ სასარგებლოა მათთვის. ისინი უფრო კარგად სწავლობენ სკოლაში, უფრო კარგი მუშა-მოსამსახურეები არიან და სპორტულ სარბიელზეც უკეთესი მიღწევები აქვთ. მაგალითად, გამოკვლევა ჩაუტარდა მძლეოსან ქალთა ჯგუფს. მწვრთნელებმა გულდასმით შეაფასეს მათი წმინდა სპორტული მონაცემები. ამავე დროს, თავად ქალების ხასიათიც გამოიკვლიეს იმის გასაგებად, თუ ვინ რამდენად ოპტიმისტი იყო. როგორც შედეგებმა აჩვენა, ოპტიმიზმის დონე მათი მიღწევების უფრო ზუსტი განმსაზღვრელი აღმოჩნდა, ვიდრე მწვრთნელების მიერ შეფასებული მათი მონაცემები. რატომ აქვს იმედს ასეთი დიდი ძალა?
ბევრი რამ გამოირკვა ოპტიმიზმის საწინააღმდეგო განწყობილების — პესიმიზმის შესწავლით. XX საუკუნის 60-იან წლებში ცხოველების ქცევებთან დაკავშირებით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა მკვლევარები მოულოდნელ აღმოჩენამდე მიიყვანა, რის შემდეგაც მათ შემოიღეს ტერმინი „შეთვისებული უმწეობა“. მათ დაადგინეს, რომ ეს სინდრომი შეიძლება ადამიანებსაც ჰქონდეთ. მაგალითად, ჩატარდა ტესტი, რომლის დროსაც ტესტირებულთა პირველ ჯგუფს არასასიამოვნო ხმაურს ასმენინებდნენ და უთხრეს, რომ რამდენიმე ღილაკზე თანმიმდევრული დაჭერით შეეძლოთ ამ ხმაურის შეწყვეტა. ტესტირებულებმა შეძლეს ამ დავალების შესრულება.
მეორე ჯგუფის წევრებსაც იგივე დავალება მისცეს, მაგრამ ღილაკებზე დაჭერამ შედეგი არ მოიტანა. ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ ბევრს ამ ჯგუფიდან უმწეობის გრძნობა გაუჩნდა. მომდევნო ტესტების დროს ისინი ლამის ყველაფერზე ხელს იქნევდნენ, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რაც უნდა გაეკეთებინათ, შედეგს არაფერი მოიტანდა. თუმცა, მეორე ჯგუფშიც კი, ოპტიმისტები მაინც არ ყრიდნენ ფარ-ხმალს.
დ-რმა მარტინ სელიგმენმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ პირველი ექსპერიმენტებიდან ზოგის მომზადებაში, ოპტიმიზმისა და პესიმიზმის უფრო ღრმად შესწავლა მოისურვა. ის საფუძვლიანად იკვლევდა იმ ადამიანების აზროვნებას, რომლებიც საკუთარ თავს არაფრის მაქნისებად თვლიდნენ. ასეთი პესიმისტური განწყობილება, — დაასკვნა მან, — ადამიანს ცხოვრების მრავალ სფეროში ხელს უშლის საკუთარი ძალების მოსინჯვაში ან საერთოდ ხელს აღებინებს ყველაფერზე. სელიგმენი პესიმისტურ აზროვნებასა და მის შედეგებს ასეთ შეფასებას აძლევს: „გამოკვლევების ოცდახუთმა წელმა დამარწმუნა იმაში, რომ თუ ჩვევად გავიხადეთ წარუმატებლობის დროს საკუთარი თავის დადანაშაულება, როგორც ეს პესიმისტების შემთხვევაშია, თუ ვფიქრობთ, რომ წარუმატებლობა განუწყვეტლივ თან გვდევს და რასაც უნდა მოვკიდოთ ხელი, მაინც არაფერი გამოგვივა, უფრო მეტჯერ მოგვიწევს მარცხის განცდა, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი აზროვნება არ გვექნებოდა“.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი დასკვნები ზოგისთვის შეიძლება დღეს ახალი იყოს, მაგრამ ბიბლიის შემსწავლელთათვის ისინი უცხოდ არ ჟღერს. ყურადღება მიაქციეთ ამ იგავს: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“ (იგავები 24:10, აქ). ბიბლია გასაგებად ხსნის, რომ გულგატეხილობა, მისთვის დამახასიათებელ უარყოფით აზრებთან ერთად, დაგასუსტებთ. მაშ, როგორ შეიძლება დაძლიოთ პესიმიზმი და ცხოვრებას ოპტიმიზმითა და იმედის თვალით შეხედოთ?
[სურათი 4, 5 გვერდებზე]
იმედს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია.
-
-
თქვენ შეგიძლიათ დაძლიოთ პესიმიზმიგამოიღვიძეთ! — 2004 | მაისი 8
-
-
თქვენ შეგიძლიათ დაძლიოთ პესიმიზმი
როგორ უყურებთ სირთულეებს, რომლებსაც ცხოვრებაში აწყდებით? ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ამ კითხვაზე გაცემული პასუხი ბევრს ამბობს იმაზე, ოპტიმისტი ხართ თუ პესიმისტი. ყველა ჩვენგანს გვიწევს ცხოვრებაში მძიმე განსაცდელების ატანა, ზოგს უფრო მეტად, ვიდრე სხვებს. მაგრამ, რატომაა, რომ ზოგიერთი, როგორც ჩანს, უმკლავდება სიძნელეებს და მზადაა, კვლავაც მოსინჯოს ძალები, მაშინ როცა სხვები შედარებით მცირე სირთულეების შემდეგაც კი ფარ-ხმალს ყრიან?
მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ სამსახურს ეძებთ. მიდიხართ გასაუბრებაზე და უარს გეუბნებიან. რა აზრები გიჩნდებათ ამის შემდეგ? შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენ, როგორც ადამიანი, უარგყვეს; შესაძლოა, ამას მუდმივ პრობლემად თვლიდეთ და საკუთარ თავს ეუბნებოდეთ: „ჩემნაირ ადამიანს არავინ აიყვანს სამუშაოზე. მე ვერასოდეს მოვეწყობი სამსახურში“. ან, რაც კიდევ უფრო უარესია, ეს ერთი მარცხი შეიძლება ცხოვრების ყველა სფეროს დაუკავშიროთ და ფიქრობდეთ: „მე ხომ არაფერში ვვარგივარ. არავის ვჭირდები“. ასეთი აზროვნება აშკარა პესიმიზმის მაჩვენებელია.
შეებრძოლეთ პესიმიზმს
როგორ შეიძლება დაძლიოთ პესიმიზმი? პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისაა, რომ თვალი გაუსწოროთ ამ უარყოფით აზრებს. შემდეგი ნაბიჯი უკვე მათთან ბრძოლაა. შეეცადეთ, ამ აზრების საპირისპირო გონივრული ახსნა მოუძებნოთ თქვენს წარუმატებლობას. მაგალითად: მართლაც იმიტომ გითხრეს უარი, რომ არავინ მოისურვებდა თქვენს აყვანას სამსახურში? თუ დამსაქმებელი, უბრალოდ, სხვა კვალიფიკაციის მქონე მუშაკს ეძებდა?
კონკრეტულ ფაქტებზე დაფიქრება დაგანახვებთ, რომ პესიმისტური აზრები გადამეტებული რეაგირების ნაყოფია. ერთ სიტუაციაში უარყოფითი პასუხის მიღება ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ მარცხიანი ადამიანი ხართ? თუ, შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების სხვა სფეროები — მაგალითად, თქვენი სულიერი მისწრაფებები, ოჯახური ან მეგობრული ურთიერთობები — სადაც უფრო წარმატებული ხართ? ისწავლეთ საკუთარი პირქუში, „კატასტროფული“ პროგნოზების თავიდან ამოგდება. ბოლოს და ბოლოს, საიდან იცით, რომ ვერასოდეს იშოვით სამსახურს? ნეგატიური აზრების დასაძლევად სხვა რამის გაკეთებაც შეგიძლიათ.
დადებითი, მიზანმიმართული აზროვნება
ბოლო წლებში მკვლევარებმა იმედს საინტერესო, თუმცა კი, სპეციფიკური ახსნა მოუძებნეს. ისინი ამბობენ, რომ იმედი გულისხმობს დასახული მიზნების მიღწევის რწმენას. როგორც მომდევნო სტატიიდან გაირკვევა, იმედი გაცილებით მეტ რამეს მოიცავს. მაგრამ ჩანს, რომ ზოგ შემთხვევაში ეს განსაზღვრება სწორია. თუ ყურადღებას გავამახვილებთ იმედის ამ მხარეზე, ეს უფრო დადებითი და მიზანმიმართული აზროვნების განვითარებაში დაგვეხმარება.
იმისათვის, რომ სამომავლო მიზნების მიღწევის რწმენა გვქონდეს, საჭიროა, მიზნების დასახვისა და მიღწევის გამოცდილება შევიძინოთ. თუ ხედავთ, რომ ასეთი გამოცდილება არა გაქვთ, შეიძლება ღირდეს სერიოზულად დაფიქრება იმაზე, თუ როგორ მიზნებს ისახავთ. საერთოდ, თუ გაქვთ მიზნები? ძალიან ადვილია, ცხოვრების ფერხულში ჩავებათ და მისთვის დამახასიათებელ ერთფეროვან ფაციფუცში გადავეშვათ, თუ არ შევჩერდებით და არ დავფიქრდებით, რა გვინდა სინამდვილეში და რა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ პრაქტიკულ პრინციპთან დაკავშირებით, რომელიც პრიორიტეტების დადგენას ეხება, კვლავაც ვიგებთ, რომ ბიბლიაში ეს აზრი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ გამოიკვეთა: ‘შეამოწმეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია’ (ფილიპელთა 1:10, აქ).
პრიორიტეტების დადგენის შემდეგ უფრო ადვილია მთავარი მიზნების დასახვა სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს სულიერ საკითხებთან, ოჯახურ ცხოვრებასთან, თუ სწავლასა და მუშაობასთან დაკავშირებით. ოღონდ, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ძალიან ბევრი მიზანი არ დავისახოთ; უმჯობესია, შევჩერდეთ ისეთებზე, რომლებსაც ადვილად მივაღწევთ. ზედმეტად რთული მიზნის დასახვამ შეიძლება ხალისი დაგვაკარგვინოს და ხელები ჩამოგვაშვებინოს. ამიტომ, ყოველთვის ჯობია, რომ გრძელვადიანი, დიდი მიზნები უფრო პატარა, მოკლევადიან მიზნებად დავყოთ.
ნათქვამია, „თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო“. ამ გამოთქმაში ჭეშმარიტების მარცვალია. დასახული მიზნების მისაღწევად გვჭირდება ნებისყოფა — სურვილი და მიზანსწრაფვა. ჩვენ შეგვიძლია გავიძლიეროთ ეს გადაწყვეტილება, თუ დავფიქრდებით ჩვენს მიზნებზე და იმ სარგებლობაზე, რომელსაც მათი მიღწევის შედეგად მივიღებთ. ჩვენ წინაშე, რასაკვირველია, წამოიჭრება სირთულეები, მაგრამ მათ ისე უნდა შევხედოთ, როგორც სტიმულის მომცემ ამოცანებს და არა როგორც ჩიხში მომწყვდევ სიტუაციებს.
კარგი იქნება, თუ ჩვენი მიზნების მისაღწევ პრაქტიკულ საშუალებებზეც დავფიქრდებით. კ. რ. სნაიდერი, რომელმაც საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაატარა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმედი, გვირჩევს, დასახული მიზნის მისაღწევად მრავალი გზა განვსაზღვროთ. ასე რომ, თუ ერთი საშუალება არ გაამართლებს, შეგვიძლია მივმართოთ მეორეს, მესამეს და ა. შ.
სნაიდერი ასევე გვირჩევს, რომ ვისწავლოთ ერთი მიზნის მეორით შეცვლა. თუ გვიჭირს მიზნის მიღწევა, ამაზე კონცენტრირება გულგატეხილობის მეტს არაფერს მოგვიტანს. სხვა მხრივ, თუკი ამ მიზანს უფრო რეალისტურით შევცვლით, იმედის საფუძველი გაგვიჩნდება.
ბიბლიაში, ამ მხრივ, შესანიშნავი მაგალითია მოცემული. მეფე დავითს მთელი გულით ეწადა თავისი ღმერთისთვის, იეჰოვასთვის, ტაძრის აშენება. მაგრამ ღმერთმა შეატყობინა დავითს, რომ ტაძრის მშენებლობის პატივი წილად ერგებოდა მის შვილს, სოლომონს. ნაცვლად იმისა, რომ გული გასტეხოდა ან არასასიამოვნო ცვლილების მიუხედავად თავისი დაეჟინებინა, დავითმა მიზნები შეცვალა. მან მთელი თავისი ენერგია ტაძრის მშენებლობისთვის საჭირო სახსრებისა და მასალის შეგროვებისკენ მიმართა, რათა მის შვილს შეძლებოდა ამ პროექტის განხორციელება (3 მეფეთა 8:17—19; 1 ნეშტთა 29:3—7).
მაშინაც კი, თუ პესიმიზმთან ბრძოლისა და დადებითი, მიზანმიმართული აზროვნების განვითარების შედეგად უფრო ოპტიმისტები გავხდებით, შესაძლოა მაინც გვაკლდეს იმედი. რატომ? იმიტომ, რომ უიმედობა, რომელსაც წუთისოფელში ვაწყდებით, უმეტესწილად გამომდინარეობს ისეთი ფაქტორებიდან, რისი გაკონტროლებაც ჩვენს ძალებს აღემატება. როდესაც ვფიქრობთ იმ უამრავ პრობლემაზე, რომელთა წინაშეც დგას კაცობრიობა — სიღარიბეზე, ომებზე, უსამართლობაზე და ავადმყოფობისა და სიკვდილის მუდმივ საშიშროებაზე — როგორ შეგვიძლია იმედის შენარჩუნება?
[სურათი 7 გვერდზე]
თუ უარი გითხრეს, ასკვნით, რომ ვერასოდეს იშოვით სამსახურს?
[სურათი 8 გვერდზე]
მიზნის შეცვლით დავით მეფე ახალ სიტუაციას მოერგო.
-
-
სად შეიძლება ჰპოვოთ ნამდვილი იმედი?გამოიღვიძეთ! — 2004 | მაისი 8
-
-
სად შეიძლება ჰპოვოთ ნამდვილი იმედი?
მაჯის საათი გაგიჩერდათ; როგორც ჩანს, გაფუჭებულა. როდესაც მისი შეკეთება დააპირეთ და ეძებთ, ვის მიმართოთ, თქვენ წინაშე ფართო არჩევანი იშლება. ყოველი მხრიდან აწყდებით სარეკლამო განცხადებებს, რომლებიც ძალიან დამაჯერებლად ჟღერს; აქედან ზოგი ურთიერთგამომრიცხავიც კია. მაგრამ როგორ მოიქცევით, თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენს მეზობლად ცხოვრობს ოსტატი, რომელმაც წლების წინ სწორედ რომ თქვენი საათის მოდელი შეიმუშავა? გარდა ამისა, იგებთ, რომ ის მზადაა სრულიად უსასყიდლოდ შეგიკეთოთ საათი. ძნელი მისახვედრი არაა, ვისზეც შეაჩერებთ არჩევანს.
ახლა შეადარეთ ეს საათი იმედთან. თუ აღმოაჩენთ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს მცხოვრები უამრავი ხალხის მსგავსად თქვენც კარგავთ იმედს, ვის შეიძლება მიმართოთ დახმარებისთვის? უამრავი ადამიანი აცხადებს, რომ შეუძლია პრობლემის გადაჭრა, მაგრამ ის ურიცხვი რჩევები, რომლებსაც ისინი იძლევიან, შეიძლება დამაბნეველი და ურთიერთსაპირისპიროც კი იყოს. ამიტომ, განა გონივრული არ იქნებოდა, რომ პირველ რიგში მიგვემართა მისთვის, ვინც შექმნა კაცობრიობა და ადამიანებს იმედის უნარი მისცა? ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის „შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ და ძალიან სურს ჩვენი დახმარება (საქმეები 17:27; 1 პეტრე 5:7).
იმედის უფრო ფართო განსაზღვრება
ბიბლია უფრო ვრცელ და ფართო განსაზღვრებას აძლევს იმედს, ვიდრე ექიმები, მეცნიერები და ფსიქოლოგები. „იმედად“ ნათარგმნი სიტყვები, რომლებსაც ბიბლიაში დედნისეულ ენაზე ვხვდებით, მოუთმენლად ლოდინსა და კარგის მოლოდინს ნიშნავს. იმედი, ძირითადად, ორ ფაქტორს მოიცავს. მასში შედის რაღაც კარგის წადილი და საფუძველი იმისა, რომ ამ კარგი რამის შესრულების გვჯეროდეს. ბიბლიური იმედი მხოლოდ ოცნება არ არის. ის დამაჯერებელ ფაქტებსა და მტკიცებებს ეყრდნობა.
ამ მხრივ, იმედი ჰგავს რწმენას, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს მტკიცებებზე, და არა მიმნდობლობაზე (ებრაელთა 11:1). თუმცა, ბიბლია რწმენასა და იმედს ერთმანეთისგან განასხვავებს (1 კორინთელთა 13:13).
ილუსტრაციისთვის: როდესაც რაიმე თხოვნით მიმართავთ ახლო მეგობარს, ალბათ იმედოვნებთ, რომ დაგეხმარებათ. თქვენი იმედი არ არის უსაფუძვლო, რადგან გჯერათ თქვენი მეგობრის — კარგად იცნობთ მას და გახსოვთ, როგორი სიკეთითა და დიდსულოვნებით იქცეოდა ის ადრე. თქვენი რწმენა და იმედი ერთმანეთთან კავშირშია, ერთიმეორისგან გამომდინარეობს კიდეც, მაგრამ, ამავე დროს, განსხვავდება. როგორ შეიძლება, რომ ღვთისაც ასე გჯეროდეთ და მისი იმედი გქონდეთ?
იმედის საფუძველი
ღმერთი ნამდვილი იმედის წყაროა. ბიბლიურ დროში იეჰოვას „ისრაელის იმედს“ უწოდებდნენ (იერემია 14:8). ნებისმიერი რეალური იმედი, რომელიც მის ხალხს ჰქონდა, მისგან მომდინარეობდა; ამიტომ, ის იყო მათი იმედი. ასეთი იმედი უბრალო ოცნება არ ყოფილა. ღმერთმა მათ იმედის მტკიცე საფუძველი მისცა. საუკუნეების განმავლობაში მათთან ურთიერთობისას იეჰოვამ დაანახვა თავის ერს, რომ ის ყოველთვის ასრულებდა დანაპირებს. ისრაელის წინამძღოლმა იესო ნავეს ძემ ხალხს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შეიცანით . . . რომ არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა ყველა იმ სასიკეთო სიტყვიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს“ (იესო ნავეს ძე 23:14).
ათასწლეულების შემდეგაც ეს ფაქტი ფაქტად რჩება. ბიბლიაში ბევრგან ვხვდებით ღვთის საოცარ აღთქმებს; ბიბლია, ასევე, სავსეა მათი შესრულების ზუსტი ისტორიული ჩანაწერებით. ღვთის წინასწარმეტყველური აღთქმები იმდენად სანდოა, რომ ზოგჯერ ისინი ისეა გადმოცემული, თითქოს წინასწარმეტყველების წარმოთქმის დროს უკვე შესრულებული ყოფილიყოს.
ამიტომ, ბიბლიას შეიძლება იმედის წიგნი ვუწოდოთ. თუ ადამიანებისადმი ღვთის მოპყრობას გაეცნობით, უფრო მეტი საფუძველი გაგიჩნდებათ იმისათვის, რომ ღვთის იმედი იქონიოთ. პავლე მოციქული წერდა: „ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელთა 15:4).
რის იმედს გვაძლევს ღმერთი?
ყველაზე მეტად როდის ვგრძნობთ იმედის აუცილებლობას? განა იმ დროს არა, როცა სიკვდილს ვუყურებთ თვალებში? ბევრს ამ მომენტში — როდესაც, მაგალითად, სიკვდილი საყვარელ ადამიანს ართმევს — იმედზე თითქმის აღარც ეფიქრება. მართლაც, განა არსებობს სიკვდილზე უიმედო რამ? ის თითოეულს ულმობლად მოგვდევს ფეხდაფეხ. ჩვენ მხოლოდ მისი გადავადება შეგვიძლია, უკუგდება კი არ ძალგვიძს. ბიბლია, მართლაც რომ, მართებულად უწოდებს სიკვდილს „უკანასკნელ მტერს“ (1 კორინთელთა 15:26).
როგორ შეგვიძლია იმედის პოვნა სიკვდილთან პირისპირ დგომისას? ბიბლიურ მუხლში, რომელიც სიკვდილს უკანასკნელ მტერს უწოდებს, აგრეთვე ნათქვამია, რომ ის „მოისპობა“ (აფ). იეჰოვა ღმერთი სიკვდილზე ძლიერია. მან ეს მრავალი შემთხვევის დროს დაამტკიცა. როგორ? მიცვალებულების აღდგენით. ბიბლიაში აღწერილია ცხრა შემთხვევა, როდესაც ღმერთმა თავისი ძალა მკვდრებისთვის სიცოცხლის დასაბრუნებლად გამოიყენა.
ერთი ღირსშესანიშნავი შემთხვევის დროს იეჰოვამ თავის ძეს, იესოს, იმის ძალა მიანიჭა, რომ აღედგინა საყვარელი მეგობარი, ლაზარე, რომელიც უკვე ოთხი დღის მკვდარი იყო. იესომ ეს გააკეთა არა საიდუმლოდ, არამედ აშკარად, დამსწრეთა დიდი ჯგუფის წინ (იოანე 11:38—48, 53; 12:9, 10).
შეიძლება გაიკვირვოთ: „რატომ იყვნენ აღდგენილი ეს ხალხი? ხომ მოხუცდნენ და ბოლოს მაინც ისევ მოკვდნენ?“. ეს მართლაც ასე იყო. მაგრამ, ამგვარი სანდო მონათხრობები აღდგომის შესახებ გვარწმუნებს, რომ შეგვიძლია ვიქონიოთ არა უბრალოდ სურვილი იმისა, რომ ჩვენი საყვარელი მიცვალებულები კვლავ დაბრუნდნენ, არამედ გვაქვს საფუძველი რწმენისა, რომ ეს მართლაც ასე იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ რეალური იმედი გვაქვს.
იესომ თქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“ (იოანე 11:25). სწორედ მას მისცემს იეჰოვა მიცვალებულების აღდგენის ძალას და იესო ამას გლობალური მასშტაბით გააკეთებს. იესომ თქვა: „მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესო ქრისტეს] ხმას მოისმენენ . . . [და] გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). მართლაც, ყველასთვის, ვისაც სამარეში სძინავს, არსებობს აღდგომის იმედი სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე.
წინასწარმეტყველმა ესაიამ აღდგომის ეს ამაღელვებელი სურათი შემდეგი სიტყვებით აღწერა: «გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები! გამოიღვიძეთ და ილხინეთ, მტვრის ბინადარნო, რადგან ცისკრის ცვარი შენი ცვარია, და მიწა აჩრდილებს [„დიდი ხნის მკვდრებს“, „ახალი ინგლისური ბიბლია“] დაბადებს» (ესაია 26:19).
განა ეს მანუგეშებელი არაა? დედის საშვილოსნოში დაცული ჩვილის მსგავსად, მიცვალებულები ყველაზე უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. ისინი, ვინც სამარეში განისვენებს, შესანიშნავად არიან დაცული ყოვლისშემძლე ღვთის უსაზღვრო მეხსიერებაში (ლუკა 20:37, 38). მალე ღმერთი მათ გააცოცხლებს და ისინი იცხოვრებენ ბედნიერ მსოფლიოში, სადაც მათ ელიან მსგავსად იმისა, როგორც ელის ახალშობილს მოყვარული ოჯახი! ასე რომ, სიკვდილის საშიშროების დროსაც კი არსებობს იმედი.
როგორ შეიძლება იმოქმედოს თქვენზე იმედმა
პავლე ბევრს გვასწავლის იმედის ძალაზე. ის ლაპარაკობდა იმედზე, როგორც მეომრის სულიერი აღჭურვილობის მნიშვნელოვან ნაწილზე — მუზარადზე (1 თესალონიკელთა 5:8). რას გულისხმობდა ის ამით? ბიბლიურ დროში მეომარს ბრძოლის დროს ნაბდის ან ტყავის ქუდის ზემოდან ეხურა ლითონის მუზარადი. ამ მუზარადის წყალობით თავის არეში მიყენებული დარტყმების უმეტესობა, რომლებსაც მეომრის მოკვლა შეეძლო, უბრალოდ ისხლიტებოდა. რის ჩვენება უნდოდა პავლეს? ისევე როგორც მუზარადი იცავს თავს, იმედი იცავს გონებასა და აზროვნებას. თუ ღვთის დანაპირებების შესრულების მტკიცე იმედი გაქვთ, გაჭირვების ჟამს თქვენს სულის სიმშვიდეს ვერ დაარღვევს პანიკური შიში ან სასოწარკვეთილება. რომელ ჩვენგანს არ სჭირდება ასეთი მუზარადი?
ღვთის ნებასთან დაკავშირებული იმედის თაობაზე პავლემ სხვა ცოცხალი მაგალითი გამოიყენა. ის წერდა: „[იმედი] ჩვენი სულისათვის არის ღუზასავით სანდო და მტკიცე“ (ებრაელთა 6:19). გემის დაღუპვის დროს არაერთგზის გადარჩენილ პავლეს ძალიან კარგად ესმოდა ღუზის ფასი. ქარიშხლის დროს მეზღვაურები ღუზას უშვებენ. ფსკერს მოჭიდებული და დაჭიმული ღუზის წყალობით გემმა შეიძლება შედარებით უსაფრთხოდ გადაიტანოს ავდარი და გადაურჩეს ქარიშხალს, რომელსაც ის შეიძლება ნაპირისკენ გაეტაცა და კლდეზე მიენარცხებინა.
მსგავსად ამისა, თუკი ღვთის აღთქმები ჩვენთვის „სანდო და მტკიცე“ იმედია, ეს იმედი გადაგვატანინებს ამ მშფოთვარე დროის ქარტეხილებს. იეჰოვა გვპირდება, რომ მალე დადგება დრო, როდესაც კაცობრიობას აღარ გასტანჯავს ომები, დამნაშავეობა, მწუხარება და სიკვდილიც კი (იხილეთ ჩარჩო მე–10 გვერდზე). ამ იმედზე ჩაჭიდება უბედურებისგან დაგვიცავს და მოგვცემს სტიმულს, რომელიც გვჭირდება ღვთის ნორმების შესაბამისად ცხოვრებისთვის და იმისთვის, რომ არ დავნებდეთ დღევანდელ მსოფლიოში გავრცელებულ ქაოსურ და უზნეო სულისკვეთებას.
იმედი, რომელსაც იეჰოვა გვთავაზობს, პირადადაც გეხებათ. ღმერთს უნდა, რომ გაიხაროთ ისეთი სიცოცხლით, როგორიც ჩაფიქრებული აქვს თქვენთვის. მისი სურვილია, რომ «ყველა [„ყველანაირი“, აქ] ადამიანი გადარჩეს». როგორ? უპირველეს ყოვლისა, თითოეულმა უნდა „მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:4). ამ ჟურნალის გამომცემლებს სურთ, წაგახალისონ იმისკენ, რომ შეიძინოთ ეს სიცოცხლის მომცემი შემეცნება ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებიდან. იმედი, რომელსაც ღვთისგან ამგვარად მიიღებთ, ბევრად აღემატება ნებისმიერ იმედს, რომელიც შეიძლება ამ ქვეყნიერებამ შემოგთავაზოთ.
ასეთი იმედით თქვენ არასოდეს იგრძნობთ თავს უმწეოდ, რადგან ღმერთს შეუძლია მოგცეთ ძალა, რომელიც მის ნებასთან შეთანხმებული ნებისმიერი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ (2 კორინთელთა 4:7; ფილიპელთა 4:13). განა ასეთი იმედი არ გჭირდებათ? ამიტომ, თუ იმედი გესაჭიროებათ, თუ ეძებთ მას, გამხნევდით. იმედი არსებობს. თქვენ შეგიძლიათ ჰპოვოთ ის!
[ჩარჩო/სურათი 10 გვერდზე]
იმედის საფუძველი
ეს ბიბლიური აზრები იმედს განგიმტკიცებთ:
◼ ღმერთი ბედნიერ მომავალს გვპირდება.
მის სიტყვაში ნათქვამია, რომ მთელი დედამიწა სამოთხედ იქცევა და ადამიანები მასზე ბედნიერ, გაერთიანებულ ოჯახად იცხოვრებენ (ფსალმუნები 36:11, 29; ესაია 25:8; გამოცხადება 21:3, 4).
◼ შეუძლებელია, ღმერთმა იცრუოს.
მას სიცრუის ყველა ფორმა სძულს. იეჰოვა უსაზღვროდ წმინდაა, ამიტომ ტყუილის თქმა მისთვის წარმოუდგენელია (იგავები 6:16—19; ესაია 6:2, 3; ტიტე 1:2; ებრაელთა 6:18).
◼ ღმერთს უსაზღვრო ძალა აქვს.
მხოლოდ იეჰოვაა ყოვლისშემძლე. სამყაროში ვერანაირი ძალა ვერ შეაკავებს მას თავისი ნების შესრულებისგან (გამოსვლა 15:11; ესაია 40:25, 26).
◼ ღმერთს სურს, რომ მარადიულად იცოცხლოთ.
(იოანე 3:16; 1 ტიმოთე 2:3, 4).
◼ ღმერთი იმედით გვიყურებს.
მას სურს, ყურადღება მიაქციოს არა ჩვენს შეცდომებსა და ნაკლოვანებებს, არამედ კარგ თვისებებსა და მისწრაფებებს (ფსალმუნები 102:12—14; 129:3; ებრაელთა 6:10). ის იმედოვნებს, რომ სწორად მოვიქცევით და სიამოვნებს, როცა ასე ვიქცევით (იგავები 27:11).
◼ ღმერთი დახმარებას აღგვითქვამს მის ნებასთან შეთანხმებული მიზნების მიღწევაში.
მის მსახურებს არა აქვთ იმის საფუძველი, რომ თავი უმწეოებად იგრძნონ, რადგან ღმერთი გულუხვად აძლევს მათ უძლიერეს ძალას — თავის სულიწმიდას (ფილიპელთა 4:13).
◼ ღვთის იმედი ამაო არასოდეს იქნება.
ღმერთი აბსოლუტურად სანდოა, ის არასოდეს გაგიცრუებთ იმედს (ფსალმუნები 24:3).
[სურათი 12 გვერდზე]
ისევე როგორც მუზარადი იცავს თავს, იმედი იცავს გონებას.
[სურათი 12 გვერდზე]
ღუზის მსგავსად, მტკიცე იმედს შეუძლია სიმტკიცე მოგვანიჭოს.
[საავტორო უფლება]
Courtesy René Seindal/Su concessione del Museo Archeologico Regionale A. Salinas di Palermo
-