კრიტიკული მდგომარეობა მთელ მსოფლიოშია
უსახლკარო ბავშვების შემზარავი ხოცვა-ჟლეტა ბრაზილიაში იმის კიდევ ერთი მაგალითია, თუ რამდენად ხელაღებით ეკიდებიან არასასურველ ბავშვებს. ცნობების თანახმად, ამ ქვეყანაში ყოველწლიურად ასობით ბავშვს ხოცავენ.
შემზარავი ძალადობაა ბავშვებზე დანბლეინში (შოტლანდია), ვულვერჰემპტონში (ინგლისი) და კიდევ მრავალგან. მაგალითად, წარმოიდგინეთ 12 წლის ანგოლელი ობლის, მარიას, ტკივილი, რომელიც გააუპატიურეს და მოგვიანებით, უკვე ფეხმძიმე, აიძულეს, დაახლოებით 320 კილომეტრი ფეხით გაევლო. ამის გამო მან დროზე ადრე იმშობიარა. ახალშობილმა მხოლოდ ორი კვირა იცოცხლა. ერთ კვირაში ავადმყოფი მარია შიმშილით გარდაიცვალა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დახმარების საგანგებო ფონდის (იუნისეფი) 1992 წლის უწყებაში ნათქვამია, რომ „ბავშვების წინააღმდეგ ომი XX საუკუნის შემოქმედებაა“. იუნისეფის 1996 წლის უწყებაში მოხსენიებული იყო, რომ, ზოგის აზრით, „მტრების მომავალი თაობებიც ანუ მათი შვილებიც უნდა განადგურდნენ“. პოლიტიკური მიმომხილველი ამ აზრს შემდეგნაირად გადმოგვცემს: „ვირთხების ამოსახოცად წრუწუნები უნდა ამოვწყვიტოთ“.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ორი მილიონი ბავშვი ამოჟლიტეს. გარდა ამისა, ოთხი მილიონი ნაღმმა დაასახიჩრა, მათ შორის ბევრი დაბრმავდა და თავის ტვინის ტრავმა მიიღო. ისინი როგორღაც აგრძელებენ ცხოვრებას და მათს რიცხვს ემატება ომის დაუნდობლობით უსახლკაროდ დარჩენილთა მთელი არმია. ამიტომ არაა გასაკვირი საგაზეთო წერილის სათაური: „კოშმარი — ომის დროს ბავშვებისადმი დაუნდობელი სიმხეცე“.
ბავშვების მიმართ ასეთი მხეცობა კაცობრიობას სცხებს ჩირქს, რაც სარწმუნო საბუთია იმისა, რომ ბავშვების მდგომარეობა საგანგაშოა არა მხოლოდ ერთსა და ორ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. თანაც ბევრ ბავშვს, რომლებზეც ძალა იხმარეს, უღალატეს კიდეც.
უღალატეს მათ, ვისაც ენდობოდნენ
ბავშვზე საშინელ ჭრილობას ტოვებს ღალატი განსაკუთრებით მშობლის, მეგობრის ან აღმზრდელის მხრიდან, რომელსაც ენდობა. შეერთებულ შტატებში ოპრა უინფრეის სატელევიზიო დისკუსიის — „ტკივილიანი დუმილი: ბავშვებისადმი სისასტიკის მხილება და დასრულება“ — ტრანსლაციის შემდეგ უამრავი სატელეფონო ზარი ცხადყოფს, რომ მშობლების ძალადობა ბავშვებზე ძალიან ხშირია. „ყველაზე შემზარავი სატელეფონო ზარები პატარა ბავშვებისგან იყო, რომლებიც შეშინებული რეკავდნენ და ფიზიკური თუ სექსუალური შეურაცხყოფისგან ხსნას ეძებდნენ“, — აღნიშნა პროგრამის მთავარმა რეჟისორმა არნოლდ შაპირომ ჟურნალში „ბავშვები დღეს“ (Children Today).
ეს პროგრამა შეეცადა გაექარწყლებინა წარმოდგენა, რომ თითქოს ბავშვებზე მოძალადეები დიდი და საშინელი უცნობები არიან. ფაქტი ისაა, რომ „ბავშვებზე ხშირად ძალადობენ მშობლები და ახლო ნათესავები“, — ამბობს დასასრულს შაპირო. კიდევ ერთი გამოკვლევა ადასტურებს ამ დასკვნას და მიუთითებს იმაზეც, რომ ოჯახის სანდო მეგობრებიც ზოგჯერ, ასე ვთქვათ, ირჩევენ ბავშვსა და ოჯახს მომავალში კარგად დაგეგმილი ძალადობისთვის. სისხლის აღრევა ნდობის ყველაზე საშინლად გათელვაა.
პედოფილები კიდევ ერთ საშიშროებას წარმოადგენენ მსოფლიოს ბავშვებისთვის. ერთ საინფორმაციო ბიულეტენში განმარტებული იყო: „პედოფილია პატარების მიმართ სქესობრივი ლტოლვაა. . . პედოფილიას უცილობლად სდევს თან დამნაშავეობა: სქესობრივი წადილის ძალით დაკმაყოფილება, ყოველგვარი უხამსობა და გათელვა, რაც ბავშვების პორნოგრაფიას უკავშირდება“ (Trends & Issues in Crime and Criminal Justice).
მთელ მსოფლიოს მოედო პედოფილთა წრეების შესახებ შემზარავი ცნობები. მსგავსი წრეები სექსუალურად რყვნიან ბავშვებს (იხილეთ ჩარჩო მე-7 გვერდზე). მათი მსხვერპლი როგორც პატარა ბიჭები, ისე პატარა გოგონებიც არიან. მათ უსინდისოდ იტყუებენ, აუპატიურებენ და შემდეგ ემუქრებიან ან უსაზღვროდ ანებივრებენ, რომ თავიანთი „კლუბის“ წევრებად დატოვონ. ისინი, რომლებიც გეგმავენ და ასრულებენ ამ ბილწ საქმეებს, ხშირ შემთხვევაში საზოგადოების ცნობილი წევრები არიან და ზოგჯერ პოლიციისა და სასამართლოსგან დაუფარავად მოქმედებენ, მათი მხრიდან დაცვაში სრულიად დარწმუნებულები.
მღვდლების მხრიდან ბავშვებზე სექსუალური ძალადობაც აღმაშფოთებელია. მსოფლიოს ყველა კუთხიდან საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რამდენად ხშირად აუპატიურებენ მღვდლები ბავშვებს, ხშირ შემთხვევაში ღვთის სახელით. მაგალითად, მსჯავრდებულმა ანგლიკანური ეკლესიის მღვდელმა ათი წლის მსხვერპლს უთხრა, რომ „ღმერთი ელაპარაკებოდა მისი [მღვდლის] მეშვეობით და ყველაფერი, რასაც თვითონ მოიმოქმედებდა, ან ყველაფერი, რასაც ის [ბავშვი] გააკეთებდა, მოსაწონი იქნებოდა ღვთისთვის და ამიტომ სწორი იქნებოდა“.
ბავშვებზე სქესობრივი ძალადობის შესახებ წიგნზე კომენტარში მოხსენიებული იყო მღვდლებისა და სხვა სანდო პირებისგან გაუპატიურებულ ბავშვებზე. ნათქვამი იყო, რომ ამ საქმეში ჩარეული ორგანიზაციები იმაზე ზრუნავდნენ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად შელახულიყო მათი სახელი და დაეცვათ არა სათუთი ბავშვები, არამედ საკუთარი თავი (The Battle and the Backlash: The Child Sexual Abuse War).
საზარელი შედეგები
ბავშვი, ჩვეულებრივ, ადამიანს მთელი გულით ენდობა. ამიტომ, თუ მის ნდობას თელავენ, ეს საშინლად მოქმედებს ბავშვის მიმნდობ გულზე. პუბლიკაციაში „ბავშვებზე ძალადობა და მათი უგულებელყოფა“ (Child Abuse & Neglect) ნათქვამია: „გარემო, სადაც ადრე თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ, და პიროვნება, რომელიც საყრდენს წარმოადგენდა, ბავშვში საფრთხისა და შიშის გრძნობას იწვევს. მისი სამყარო ამოუცნობი და უმართავი ხდება“.
ასეთი ძალადობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მრავალი წელი გრძელდება, ზოგ ბავშვს მომავალში უვითარებს როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემებს. ნდობის ასეთი ჩაწიხვლა უსაშველოდ ტკივილიანია, რადგან ბავშვზე შეჩერდა ძალადობის არჩევანი მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი იყო. მაგრამ მრავალი ბავშვი, რომლებზეც ძალას ხმარობდნენ, არასოდეს ამჟღავნებდა მომხდარს, რითაც ძირითადად მოძალადეები სარგებლობენ.
უკანასკნელ წლებში ბავშვებზე ძალადობა მსოფლიო მასშტაბით გახშირდა, ასე რომ, ამ ზღვა ფაქტების უარყოფა და იგნორირება უკვე შეუძლებელია. მაგრამ უმეტესობა იმ აზრისაა, რომ ბავშვებზე ძალადობის აღმოფხვრა უსაზღვროდ რთული ამოცანაა. ამიტომ შემდეგი კითხვები სავსებით დროულია: არსებობს ისეთი პიროვნება, რომელიც ნამდვილად დაიცავს ჩვენს ბავშვებს? როგორ შეგვიძლია ჩვენ, მშობლებს, დავიცვათ ღვთის წყალობით გაჩენილი შვილები და მოვუფრთხილდეთ უმწეო პატარების ცხოვრებას? ვის უნდა მიმართონ მშობლებმა დახმარებისთვის?
[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]
ინტერნეტის უაღრესად გასაიდუმლოებული ოპერაცია
რამდენიმე თვის წინათ ინტერნეტის ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ მიმართული, პოლიციის ისტორიაში ერთი ყველაზე დიდი, საიდუმლო ოპერაციის დროს პოლიციამ 12 ქვეყანაში მოაწყო რეიდები დაახლოებით 100-ზე მეტი სავარაუდო პედოფილის ოჯახში. აშშ-ში პედოფილების მხოლოდ ერთ დაჯგუფებას ჩამოართვეს 100 000-ზე მეტი პორნოგრაფიული სურათი, რომლებზეც ბავშვები იყვნენ აღბეჭდილი.
ინგლისელი დეტექტივი, რომელიც კოორდინირებას უწევდა ხუთთვიან საინტერნეტო გამოძიებას, ამბობს: „ჩამორთმეული სურათები ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს შეჰზარავს“. სურათზე აღბეჭდილი იყვნენ ორივე სქესის წარმომადგენლები, მათ შორის ორი წლის ბავშვებიც. ბელგიის პოლიციამ განაცხადა, რომ ინტერნეტში ნანახი წარმოადგენდა „ბავშვების პორნოგრაფიის უაღრესად საზიზღარ სცენებს. . . საქმე იქამდეც მივიდა, რომ საკუთარ შვილებს რყვნიდნენ, რათა ყველაზე გამაოგნებელი ფოტო წარმოედგინათ“. ერთმა თავის კომპიუტერში შეიტანა ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო, როგორ აუპატიურებდა ახლო ნათესავს.
ასეთ პიროვნებათა შორის იყვნენ მასწავლებლები, ერთი მეცნიერი, იურიდიული და სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტები, სამხედრო დაზვერვის უფროსი, ბუღალტერი და უნივერსიტეტის პროფესორი.
[სურათი 6 გვერდზე]
ასაფეთქებელმა მოწყობილობამ ამ ბიჭუნას მარჯვენა ხელი დაუზიანა.
[საავტორო უფლება]
UN/DPI Photo by Armineh Johannes
[საავტორო უფლება 7 გვერდზე]
Photo ILO/J. Maillard