ვინ დაიცავს ჩვენს შვილებს?
დამაიმედებელია იმის ცოდნა, რომ ბავშვებზე ძალადობა მსოფლიო მასშტაბის პრობლემად აღიარეს. ისეთ ღონისძიებაზე, როგორიც იყო სტოკჰოლმის მსოფლიო კონგრესი ბავშვთა კომერციულ-სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ, რომელსაც 130 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო, ყურადღება გამახვილდა ამ პრობლემაზე.
გარდა ამისა, ზოგ ქვეყანაში ძალაში შედის კანონები, რომელთა თანახმადაც აკრძალულია სექს-ტურიზმი და ბავშვების პორნოგრაფია. კეთდება პედოფილების აღრიცხვაც, რომ მათ არ ავნონ ბავშვებს.
არსებობენ ბავშვების კეთილისმყოფელებიც, რომლებიც მათი დაცვის მიზნით უშვებენ კანონებს. ამასთანავე, რამდენიმე ქვეყანა და კერძო პირი უარს აცხადებს იმ პროდუქციის შესყიდვაზე, რომელიც ბავშვების მძიმე შრომით არის წარმოებული.
იმ დროს, როდესაც მთელი გულით მივესალმებით ბავშვებზე ძალადობის აღმოფხვრას, რეალისტები უნდა ვიყოთ და გვესმოდეს, რომ ამ პრობლემას საზოგადოებაში ძალიან ღრმადა აქვს გადგმული ფესვები. გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ იოლი გამოსავალი — კანონის გამოცემა — სრულყოფილად დაიცავს ჩვენს შვილებს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი კანონი უკვე გამოიცა, პრობლემა მაინც არსებობს. მსოფლიოს კანონისდამრღვევთა დანაშაულია, რომ პატარების ნორმალური ბავშვობის დაცვა მთელი რიგი კანონების გამოცემით გახდა აუცილებელი.
მხოლოდ კანონებით არ შემოიფარგლება ბავშვების დაცვა. ჩვენ ამას ვხედავთ მთელი რიგი კანონების რატიფიკაციის შედეგებით, თუნდაც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით. კარგად არის დასაბუთებული, რომ ამ სახელმწიფოთა შორის მრავალი, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო არ იღებს საჭირო ზომებს თავიანთი ქვეყნის ბავშვთა ექსპლუატაციის შესაჩერებლად. ბავშვებზე ძალადობა მაინც რჩება უდიდეს საერთაშორისო პრობლემად.
მშობლებს დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ
მშობლის მოვალეობის წარმატებით შესრულება საკმაოდ რთულია. საამისოდ მსხვერპლის გაღებაა საჭირო. მოსიყვარულე მშობელი უნდა დარწმუნდეს, რომ შვილებს არ სწირავს. ერთ ჟურნალში ნათქვამია, რომ ხშირად „მშობლის როლის შესრულება სახლობანას თამაში ჰგონიათ“ (Maclean’s). თოჯინას ივიწყებენ ან თამაში აღარ იტაცებთ, მშობლის როლი კი ღვთისგან ბოძებული პასუხისმგებლობაა.
მშობლის როლის კარგად შესრულება ბავშვისთვის საუკეთესო საჩუქარია — ეხმარება მას, რომ ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობა ჰქონდეს. ასეთი ცხოვრება არაა დამოკიდებული სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ბავშვს სჭირდებით — ითხოვს თქვენს სიყვარულს, სითბოსა და დროს, როდესაც ეშინია, ჰაერივით სჭირდება თქვენი მხარდაჭერა. მისთვის აუცილებელია, უსმენდეს თქვენს ზღაპრებს, იყოთ მისაბაძი, სიყვარულით ზრდიდეთ.
რაც შეეხება სქესობრივი ზნეობის საკითხს, მშობლებო, საქმე ისე დააყენეთ, რომ მორიდებითა და პატივისცემით მოეპყროთ თქვენი შვილების გონებასა და სხეულს. როცა მშობლები შვილებს საზღვრებს უდგენენ, ისინი ძალიან სწრაფად ხვდებიან, როგორი საქციელია მორალურ საზღვრებს გადაცილებული. მათ აუცილებლად უნდა ასწავლოთ, როგორ მოიქცენ შინ და გარეთ. თუ თქვენ არ ასწავლით, ვიღაც სხვა გააკეთებს ამას თქვენ მაგივრად და შედეგი შეიძლება თქვენთვის არასასურველი აღმოჩნდეს. ასწავლეთ შვილებს, როგორ მოიქცნენ, თუ ზნეობის საკითხში საფრთხე დაემუქრებათ. აუხსენით მათი სხეულის სასქესო ორგანოების დანიშნულება და ასწავლეთ, რომ ახლოს არავინ მიიკარონ. აუხსენით, როგორ მოიქცნენ, თუ ვიღაცა მოინდომებს სხეულის ასეთ ნაწილებზე შეხებას.
ყოველთვის იყავით საქმის კურსში, სად და ვისთან ერთად არიან თქვენი შვილები. ვინ არიან მათი ახლო მეგობრები? ვის უტოვებთ ბავშვებს? შეგიძლიათ ენდოთ მათ? რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებმა ყველას ეჭვით უნდა უყურონ. სათანადოდ შეაფასეთ ადამიანები, რომლებსაც თქვენს ბავშვთან აქვთ ურთიერთობა, და მხოლოდ გარეგნობას ნუ მიენდობით.
წარმოიდგინეთ, რა გულგატეხილები იქნებოდნენ ის მშობლები, რომლებიც საკმაოდ გვიან მიხვდნენ, რომ შვილებზე ძალა იხმარეს მღვდლებმა, მასწავლებლებმა და ახლო ნათესავებმა, რომლებსაც ენდობოდნენ. კარგი იქნებოდა, თქვენ, როგორც მშობელმა, კითხვა დაუსვათ საკუთარ თავს: „თვალს ხუჭავს ჩემი ეკლესია პატარების მიმართ ძალადობაზე ან ფარავს მსგავს ფაქტებს? მტკიცედ იცავს ჩემი რელიგია მაღალზნეობრივ ნორმებს?“ ასეთ კითხვებზე პასუხი დაგეხმარებათ ბავშვების დაცვის საკითხში ოპტიმალური არჩევნის გაკეთებაში.
ყველაზე მეტად კი ეცადეთ, რომ ბავშვები გაეცნონ შემოქმედის პრინციპებს და მთელი გულით დააფასონ ისინი; ეს ბევრ ტკივილს ააცილებს მათ თავიდან. როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ მშობლები პატივს სცემენ მაღალზნეობრივ ნორმებს, ისინიც სიხარულით ბაძავენ მათს კარგ მაგალითს.
ერთადერთი რეალური გამოსავალი
ცხადია, ვერც კანონები, ვერც დამნაშავეთა დასჯის სასტიკი ზომები თავისთავად ვერ დაიცავს ჩვენს შვილებს. თვითონ შემოქმედი ღვთივსულიერი სიტყვით, ბიბლიით, ცვლის გამხეცებული ადამიანის აზროვნებას, რომ უმწიკვლო, საზოგადოებისთვის მოსიყვარულე და მაღალზნეობრივი პიროვნება იყოს.
ამის შესაძლებლობა არაერთხელ დამტკიცებულა. ბევრს მიუტოვებია გახრწნილი ცხოვრება. დღეს ისინი წარმოადგენენ ღვთის სიტყვის ძალის ცოცხალ მაგალითებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი ნაბიჯია, გახრწნილთა უმეტესობა არ გამოსწორდება. სწორედ ამიტომ აღგვითქვა იეჰოვა ღმერთმა, რომ ყველა, ვინც ჩვენს შვილებს ხრწნის, მალე განადგურდება საკუთარ ფილოსოფიებთან, ვნებებსა და გაუმაძღრობასთან ერთად (1 იოანე 2:15–17).
შემდეგ, ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, როდესაც აღარ იქნება სიღარიბე, პატარებს ექნებათ მშვიდი და უშფოთველი ბავშვობა, რაც ღვთისგან ბოძებული უფლებაა. ეს ნიშნავს, რომ დასრულდება არა მხოლოდ ბავშვებზე ძალადობა, არამედ მწარე მოგონებებიც, რაც ბევრს ცხოვრებას უშხამებს: „აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა“ (ესაია 65:17).
ამგვარად, ღვთის ახალ ქვეყნიერებაში იესო ქრისტეს სიტყვები დიდებულად შეიძენს რეალურ მნიშვნელობას: „გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სასუფეველი [სამოთხედ ქცეული დედამიწის ზეციური მმართველობა]“ (მათე 19:14).
[სურათი 9 გვერდზე]
ასწავლეთ შვილებს შემოქმედის განზრახვები და პრინციპები.
[სურათი 9 გვერდზე]
ტაქტიანად ასწავლეთ შვილებს, როგორ მოიქცნენ სექსუალური ძალადობის საფრთხისას.
[სურათი 9 გვერდზე]
მშობლის როლის კარგად შესრულება შვილებისთვის საუკეთესო საჩუქარია.
[სურათები 10 გვერდზე]
ღვთის ახალი ქვეყნიერების დროს პატარებს ბედნიერი ბავშვობა ექნებათ.