საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ანუგეშეთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი
    საგუშაგო კოშკი — 2019 | მაისი
    • სასწავლო სტატია 20

      ანუგეშეთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი (ნაწილი 4)

      „ყოველგვარი ნუგეშის მამა . . . ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორ. 1:3, 4).

      სიმღერა 134 შვილები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან

      მოკლე შინაარსიa

      1, 2. ა) საიდან ჩანს, რომ ნუგეში ყველას გვჭირდება და ადამიანებს გვაქვს სხვების გამხნევების უნარი? ბ) რა ტკივილს აყენებენ ზოგ ბავშვს?

      არ არსებობს ადამიანი, ნუგეში რომ არ სჭირდებოდეს, რადგან ეს ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ჩვენ სხვების ნუგეშისცემის საოცარი უნარითაც ვართ დაჯილდოებული. მაგალითად, როცა ბავშვი წაიქცევა და მუხლს გადაიყვლეფს, მაშინვე ტირილით დედიკოსთან ან მამიკოსთან გარბის. მართალია, მშობლები ჭრილობას ვერ მოუშუშებენ, მაგრამ აუცილებლად დაამშვიდებენ თავიანთ პატარას. ისინი დაინტერესდებიან, რა შეემთხვა, ცრემლს შეუმშრალებენ, მოეფერებიან, მალამოს წაუსვამენ და ჭრილობას შეუხვევენ. ბავშვი მალევე დამშვიდდება და შეიძლება თამაშიც კი გააგრძელოს. დროთა განმავლობაში მას ჭრილობაც მოუშუშდება.

      2 თუმცა ზოგი ბავშვი ამაზე გაცილებით დიდ ტკივილს განიცდის, რადგან მათზე სექსუალურად ძალადობენ. ასეთი რამ შეიძლება მათ ცხოვრებაში ერთხელ მოხდეს ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს. როგორც უნდა იყოს, სექსუალური ძალადობა მათზე ღრმა ემოციურ კვალს ტოვებს. ზოგჯერ მოძალადეები ისჯებიან, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ისინი თავს აღწევენ სასჯელს. თუმცა მაშინაც კი, როცა მოძალადე მალევე ისჯება, იმ ადამიანებს, რომლებიც ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, შეიძლება ემოციური ტკივილი ზრდასრულ ასაკშიც კი არ მოუშუშდეთ.

      3. ა) 2 კორინთელების 1:3, 4-ის თანახმად, რა სურს იეჰოვას? ბ) რომელ კითხვებზე ვიმსჯელებთ?

      3 როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ იმ თანაქრისტიანს, რომელზეც ბავშვობაში სექსუალურად იძალადეს და დღემდე ვერ იშუშებს ემოციურ ჭრილობას? (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:3, 4). იეჰოვას სურს, რომ მის ძვირფას მსახურებს სიყვარულით ეპყრობოდნენ და ანუგეშებდნენ. ამიტომ ვიმსჯელოთ შემდეგ კითხვებზე: 1) რატომ შეიძლება დასჭირდეთ ნუგეშისცემა მათ, ვინც ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა? 2) ვის შეუძლია მათი ნუგეშისცემა? და 3) როგორ შეგვიძლია ვანუგეშოთ ისინი?

      რატომ არის საჭირო ნუგეში?

      4, 5. ა) რატომ უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვები განსხვავდებიან ზრდასრულებისგან? ბ) როგორ შეიძლება სექსუალურმა ძალადობამ ბავშვს სხვებისადმი უნდობლობა გაუჩინოს?

      4 ისინი, ვისზეც ბავშვობაში სექსუალურად იძალადეს, შეიძლება წლების შემდეგაც საჭიროებდნენ ნუგეშს. ამის მიზეზს რომ ჩავწვდეთ, უპირველესად უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვები ძალიან განსხვავდებიან ზრდასრულებისგან. სექსუალურ ძალადობაზე ბავშვები ხშირ შემთხვევაში უფროსებისგან სრულიად განსხვავებულად რეაგირებენ. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

      5 ბავშვები სიახლოვეს უნდა გრძნობდნენ იმ ადამიანთან, ვინც მათ აღზრდაზე ზრუნავს, და ენდობოდნენ მას. ასეთი ურთიერთობა ბავშვს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს და ნდობით განაწყობს მათ მიმართ, ვინც მისადმი სიყვარულს ავლენს (ფსალმ. 22:9). სამწუხაროდ, ბავშვზე სექსუალური ძალადობის ადგილი ხშირად მისივე სახლია და მოძალადეები, ძირითადად, ახლო ნათესავები ან ოჯახის ახლო მეგობრები არიან. როცა ბავშვზე ის ადამიანი ძალადობს, ვისაც ენდობოდა, მას ზრდასრულ ასაკშიც კი უჭირს სხვების ნდობა.

      6. რატომ არის ბავშვზე სექსუალური ძალადობა სისასტიკე და უდიდესი ზიანის მომტანი დანაშაული?

      6 ბავშვები დაუცველები არიან ისეთი სასტიკი და ზიანის მომტანი დანაშაულისგან, როგორიც სექსუალური ძალადობაა. სექსუალური ძალადობა ბავშვს წარმოუდგენელ ზიანს აყენებს, რადგან ის არც ფიზიკურად, არც ემოციურად და არც გონებრივად არ არის მზად ქორწინებისთვის და სქესობრივი ცხოვრებისთვის. ძალადობის მსხვერპლს შეიძლება წარმოდგენა დაუმახინჯდეს სექსზე, უღირსობის გრძნობა გაუჩნდეს და ყველას ეჭვის თვალით დაუწყოს ყურება, ვინც მასთან დაახლოებას შეეცდება.

      7. ა) რატომ ატყუებენ ადვილად მოძალადეები ბავშვებს და როგორ აკეთებენ ისინი ამას? ბ) რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ ტყუილებს?

      7 ბავშვებს არ შეუძლიათ ბოლომდე შეაფასონ მდგომარეობა, ამოიცნონ საფრთხე და მოერიდონ მას (1 კორ. 13:11). ამიტომ მოძალადეები ძალიან მარტივად ატყუებენ ბავშვებს, რათა მათზე სექსუალურად იძალადონ. ისინი საშინელ ტყუილს ეუბნებიან ბავშვს და აჯერებენ, რომ თითქოს ის არის დამნაშავე მომხდარში. ეუბნებიან, რომ საიდუმლოდ შეინახოს ეს ამბავი, რადგან არავინ დაუჯერებს და ვერავინ დაეხმარება. მოძალადეები იმასაც აჯერებენ მათ, რომ ბავშვსა და ზრდასრულს შორის სქესობრივი კავშირი გულწრფელი სიყვარულის გამოხატულებაა. ასეთი ტყუილები აზროვნებას უმახინჯებს ბავშვს და წლების მანძილზე სჯერა ამ სიცრუის. როცა ხვდება, რომ საშინლად მოექცნენ, თავს უღირსად და დამნაშავედ გრძნობს და ფიქრობს, რომ სხვებისგან სიყვარულსა და ნუგეშს არ იმსახურებს.

      8. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იეჰოვას შეუძლია ძალადობის მსხვერპლთა ნუგეშისცემა?

      8 აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ სექსუალურ ძალადობას ხანგრძლივი ზიანი მოაქვს. ეს უდიდესი ბოროტებაა! ამ სისასტიკის ასეთი მასშტაბურობა იმაზე მეტყველებს, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანები „თბილ გრძნობებს მოკლებულები“ არიან და ბოროტები და თვითმარქვიები უარესად იქცევიან (2 ტიმ. 3:1—5, 13). სატანას ბოროტი ზრახვები აქვს ჩვენ მიმართ და სამწუხაროა, რომ ზოგი ადამიანის საქციელი მის წისქვილზე ასხამს წყალს. თუმცა იეჰოვა სატანასა და მის თანამოაზრეებზე გაცილებით ძლიერია. სატანა მას ვერაფერს გამოაპარებს. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვას ბოლომდე ესმის ჩვენი ტკივილი და შეუძლია ჩვენი ნუგეშისცემა. რა ბედნიერებაა, რომ ვემსახურებით ღმერთს, რომელიც „ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს, რათა ჩვენც შევძლოთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს“ (2 კორ. 1:3, 4). ვის იყენებს იეჰოვა ჩვენ სანუგეშებლად?

      ვის შეუძლია ძალადობის მსხვერპლთა ნუგეშისცემა?

      9. ფსალმუნის 27:10-ის თანახმად, რას გააკეთებს იეჰოვა მათთვის, ვისზეც ოჯახმა სათანადოდ არ იზრუნა?

      9 ნუგეშისცემა განსაკუთრებით მათ სჭირდებათ, ვისზეც ახლობელმა იძალადა ან მშობლების უყურადღებობის გამო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ფსალმუნმომღერალმა დავითმა იცოდა, რომ იეჰოვა ყოველთვის ჩვენ გვერდითაა და გვანუგეშებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 27:10). დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ზრუნავს მათზე, ვინც ოჯახის წევრებმა უარყვეს. როგორ აკეთებს ის ამას? იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს იყენებს. თანაქრისტიანები ჩვენი სულიერი ოჯახის წევრები არიან. მაგალითად, მათ, ვინც იეჰოვას თაყვანისმცემლობაში შეუერთდა, იესომ და, ძმა და დედა უწოდა (მათ. 12:48—50).

      10. რას აკეთებდა პავლე მოციქული როგორც უხუცესი?

      10 განვიხილოთ, რა გაგებით არიან თანაქრისტიანები სულიერი ოჯახის წევრები. მოციქული პავლე მძიმედ მშრომელი და ერთგული უხუცესი იყო, რომელმაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. მან ღვთივშთაგონებით მოგვიწოდა: „მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“ (1 კორ. 11:1). ყურადღება მიაქციეთ, რას აკეთებდა პავლე როგორც უხუცესი: „გეალერსებოდით, როგორც მეძუძური დედა ევლება თავს შვილებს“ (1 თეს. 2:7). ერთგული უხუცესები პავლე მოციქულის მსგავსად თბილი და გამამხნევებელი სიტყვებით მიმართავენ მათ, ვისაც ბიბლიის მეშვეობით ანუგეშებენ.

      მოწიფული ქრისტიანი და ანუგეშებს ემოციურად გატანჯულ თანაქრისტიანს

      ხშირად ყველაზე უკეთ შეიძლება მოწიფულმა დამ ანუგეშოს ქრისტიანი და (იხილეთ აბზაცი 11)c

      11. რა ცხადყოფს, რომ უხუცესების გარდა სხვებსაც შეუძლიათ ნუგეშისცემა?

      11 მხოლოდ უხუცესებს შეუძლიათ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ნუგეშისცემა? არა. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ვანუგეშოთ ერთმანეთი (1 თეს. 4:18). სულიერად მოწიფულ დებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ იმ დების გამხნევება, რომელთაც ნუგეში სჭირდებათ. სწორედ ამიტომ შეადარა იეჰოვამ საკუთარი თავი დედას, რომელიც ანუგეშებს თავის შვილს (ეს. 66:13). ბიბლიაში ვკითხულობთ იმ ქალების შესახებ, რომლებიც ანუგეშებდნენ გასაჭირში მყოფთ (იობ. 42:11). იეჰოვას ძალიან ახარებს იმის დანახვა, რომ ქრისტიანი დები ანუგეშებენ თანამორწმუნე დებს, რომლებსაც ემოციური ტკივილის ატანა უწევთ! ერთი ან ორი უხუცესი შეიძლება მოწიფულ დას კონფიდენციალურად გაესაუბროს და ჰკითხოს, შეძლებს თუ არა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქრისტიანი დის დახმარებას.b

      როგორ შეგვიძლია ვანუგეშოთ სხვები?

      12. რას უნდა მოვერიდოთ, როცა თანაქრისტიანის დახმარებას ვცდილობთ?

      12 როცა თანაქრისტიანის დახმარებას ვცდილობთ, ისეთი რამ არ უნდა ვკითხოთ, რაზეც არ სურს ლაპარაკი (1 თეს. 4:11). მაშ, რის გაკეთება შეგვიძლია მათთვის, ვისაც დახმარება და ნუგეშისცემა სჭირდება? განვიხილოთ ბიბლიაში მოხსენიებული ხუთი დამხმარე საშუალება.

      13. პირველი მეფეების 19:5—8-ის მიხედვით, რა გააკეთა იეჰოვას ანგელოზმა ელიასთვის და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

      13 შესთავაზეთ პრაქტიკული დახმარება. როცა თავის გადასარჩენად მტრებს გაურბოდა, წინასწარმეტყველი ელია იმდენად დათრგუნული იყო, რომ სიკვდილი ინატრა. იეჰოვამ ძლევამოსილი ანგელოზი გაუგზავნა თავის გულგატეხილ მსახურს, რომელმაც პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინა მას და ცხელი საჭმელი შესთავაზა (წაიკითხეთ 1 მეფეების 19:5—8). ამ ბიბლიური მონაკვეთიდან ვიგებთ, რომ თუნდაც უბრალო, მაგრამ პრაქტიკულ დახმარებას ხშირად კარგი შედეგი მოჰყვება. საკვების მომზადებამ, უბრალო საჩუქარმა ან თბილი სიტყვებით დაწერილმა ღია ბარათმა შეიძლება ანუგეშოს ასეთი და-ძმები და ჩვენს სიყვარულსა და მზრუნველობაში დაარწმუნოს. თუ გვიჭირს მათ პირად და მტკივნეულ საკითხებზე საუბარი, მათდამი მზრუნველობა შეგვიძლია ასეთი სახით გამოვხატოთ.

      14. რას ვსწავლობთ ელიას შემთხვევიდან?

      14 მყუდროდ და უსაფრთხოდ აგრძნობინეთ თავი. ელიას შესახებ მონათხრობიდან სხვა რამის სწავლაც შეგვიძლია. იეჰოვამ სასწაულებრივად აღმოუჩინა წინასწარმეტყველს საჭირო დახმარება, რათა ხორების მთამდე მიეღწია. შესაძლოა ამ დაშორებულ ადგილას, სადაც იეჰოვამ საუკუნეებით ადრე თავის ხალხს შეთანხმება დაუდო, ელია თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. შეიძლება ის ფიქრობდა, რომ სხვა თუ არაფერი, შორს მაინც იყო მათგან, ვინც მის მოკვლას ცდილობდა. რის სწავლა შეგვიძლია აქედან? თუ გვინდა, რომ ვანუგეშოთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, უპირველესად უსაფრთხოდ უნდა ვაგრძნობინოთ თავი. მაგალითად, უხუცესებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გულგატეხილმა დამ შეიძლება მათთან საუბრის დროს საკუთარ სახლში უფრო მყუდროდ და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, ვიდრე სამეფო დარბაზში. სხვისთვის კი შეიძლება პირიქით იყოს.

      ორი უხუცესი ინახულებს გულდამძიმებულ დას, რომელმაც მოწიფულ ქრისტიან დას სთხოვა, მის გვერდით ყოფილიყო

      ჭრილობების მოშუშებაში დავეხმარებით გულდამძიმებულებს, თუ მოთმინებით მოვუსმენთ, გულმხურვალედ ვილოცებთ და მანუგეშებელ სიტყვებს შევარჩევთ (იხილეთ აბზაცები 15—20)d

      15, 16. რას ნიშნავს, იყო კარგი მომსმენი?

      15 იყავით კარგი მომსმენი. ბიბლია პირდაპირ ამბობს: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვაში“ (იაკ. 1:19). დავფიქრდეთ, ვართ თუ არა კარგი მომსმენი? შეიძლება ვფიქრობთ, რომ მოსმენა პასიური მდგომარეობაა, როცა უბრალოდ უყურებ ადამიანს და არაფერს ეუბნები. მაგრამ კარგ მოსმენაში ამაზე მეტი იგულისხმება. მაგალითად, როცა გულგატეხილმა ელიამ ბოლოს და ბოლოს გული გადაუშალა იეჰოვას, ის ყურადღებით უსმენდა მას. ღმერთს ესმოდა, რომ ელია შეშინებული იყო, თავს მარტოდ გრძნობდა და ფიქრობდა, რომ მის გაკეთებულ საქმეებს ფასი არ ჰქონდა. იეჰოვა სიყვარულით დაეხმარა მას, რომ უარყოფით გრძნობებს მორეოდა. მან ცხადყო, რომ ნამდვილად უსმენდა ელიას (1 მეფ. 19:9—11, 15—18).

      16 როგორ შეგვიძლია მოსმენის დროს თანავუგრძნოთ თანაქრისტიანს და ამით სიყვარული გამოვავლინოთ მის მიმართ? დროდადრო ჩვენი გრძნობები რამდენიმე ტაქტიანი და თბილი სიტყვით შეგვიძლია გამოვხატოთ. შეგიძლიათ უთხრათ: „რა ცუდია, რომ ასეთი რამ შეგემთხვა! არცერთი ბავშვი არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას“. დაუსვით ერთი-ორი კითხვა იმაში დასარწმუნებლად, რომ სწორად გაიგეთ მისი ნათქვამი. მაგალითად, ჰკითხეთ: „შეგიძლია უკეთ ამიხსნა, რას გულისხმობ?“ ან „როგორც მივხვდი, შენ იმის თქმა გინდოდა, რომ . . . სწორად გაგიგე?“. ასეთი თბილი სიტყვები დაარწმუნებს მას, რომ ნამდვილად უსმენთ და ცდილობთ, გაუგოთ მას (1 კორ. 13:4, 7).

      17. რატომ უნდა ვიყოთ მომთმენი და „სიტყვაში ნელი“?

      17 თუმცა ამ დროს სიფრთხილე გმართებთ, რომ ნელი იყოთ სიტყვაში. ნუ გააწყვეტინებთ საუბარს იმის გამო, რომ რჩევა მისცეთ ან აზროვნება შეუსწოროთ. იყავით მომთმენი! როცა ელიამ გული გადაუშალა იეჰოვას, მძაფრი სიტყვებით გამოხატა თავისი ტკივილი. მას შემდეგ, რაც იეჰოვამ რწმენა განუმტკიცა, ელიამ იმავე სიტყვებით გამოხატა თავისი გრძნობები (1 მეფ. 19:9, 10, 13, 14). რას ვსწავლობთ აქედან? ზოგჯერ ემოციურად გატანჯულ ადამიანებს არაერთხელ სჭირდებათ გულის გადმოღვრა. იეჰოვას მსგავსად, ჩვენც მოთმინებით უნდა მოვუსმინოთ. ნაცვლად იმისა, რომ გამოსავალი შევთავაზოთ, მათდამი თანაგრძნობა უნდა გამოვიჩინოთ (1 პეტ. 3:8).

      უხუცესი ლოცულობს ემოციურად გატანჯულ დასთან ერთად; მის ლოცვას მოწიფული და და მეორე უხუცესიც ისმენენ

      18. რატომ იქნება მანუგეშებელი გულდამძიმებული ადამიანისთვის, თუ მასთან ერთად ვილოცებთ?

      18 გულმხურვალედ ილოცეთ მასთან ერთად. მას, ვინც დიდ ემოციურ ტკივილს განიცდის, შეიძლება ლოცვის თავიც არ ჰქონდეს. შესაძლოა ის უღირსად მიიჩნევს თავს, რომ იეჰოვას ლოცვით მიმართოს. ამიტომ, თუ გვინდა, ვანუგეშოთ ის, მასთან ერთად უნდა ვილოცოთ და ლოცვაში სახელით მოვიხსენიოთ. შეგვიძლია ლოცვის დროს ვუთხრათ იეჰოვას, რომ ეს ადამიანი ჩვენთვისაც ძალიან ძვირფასია და და-ძმებისთვისაც. კარგი იქნება, თუ ვთხოვთ იეჰოვას, დაამშვიდოს და ანუგეშოს თავისი საყვარელი მსახური. ასეთმა ლოცვამ შეიძლება დიდად ანუგეშოს გულდამძიმებული ადამიანი (იაკ. 5:16).

      19. რა დაგვეხმარება, რომ უკეთ მოვემზადოთ სხვების სანუგეშებლად?

      19 შეარჩიეთ მანუგეშებელი სიტყვები. დაფიქრდით, ვიდრე რამეს იტყოდეთ. დაუფიქრებელი სიტყვებით შეიძლება გული ვატკინოთ ადამიანს, კეთილი სიტყვით კი განვკურნოთ (იგავ. 12:18). ასე რომ, სთხოვეთ იეჰოვას, დაგეხმაროთ კეთილი, მანუგეშებელი და დამამშვიდებელი სიტყვების მოძებნაში. გახსოვდეთ, რომ ჩვენს ვერცერთ სიტყვას ვერ ექნება ისეთი დიდი ძალა, როგორიც იეჰოვას წარმოთქმულ სიტყვებს (ებრ. 4:12).

      20. რას შეიძლება ფიქრობდეს ძალადობის მსხვერპლი საკუთარ თავზე და რა უნდა შევახსენოთ მათ?

      20 სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება ფიქრობს, რომ უწმინდური და უღირსია; ის არავის უყვარს და არც არავინ შეიყვარებს. ეს მტკნარი სიცრუეა! ბიბლიური მუხლების მეშვეობით დაარწმუნეთ, რომ იეჰოვას ძალიან უყვარს ის (იხილეთ ჩარჩო „ნუგეში ღვთის სიტყვიდან“). გაიხსენეთ, რა თბილი სიტყვებით გააძლიერა ანგელოზმა წინასწარმეტყველი დანიელი, როცა ის გულგატეხილი და ძალაგამოცლილი იყო. იეჰოვას სურდა, დანიელს სცოდნოდა, რამდენად ძვირფასი იყო მისთვის (დან. 10:2, 11, 19). ჩვენი გულდამძიმებული და-ძმებიც ასეთივე ძვირფასები არიან იეჰოვასთვის!

      ნუგეში ღვთის სიტყვიდან

      განსაკუთრებით რომელი ბიბლიური მუხლები ანუგეშებს მათ, ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა? ბევრი ბიბლიური მუხლის მოყვანა შეგვიძლია, თუმცა ქვემოთ მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებთ ყურადღებას. თითოეული მუხლის ქვეშ მოცემულია მუხლთან დაკავშირებული აზრი ან კომენტარი, რომლებიც გვანახვებს, როგორ შეგვიძლია ამ მუხლების გამოყენება სხვების დასახმარებლად.

      და კითხულობს ბიბლიას

      იობი 34:22—28

      ხანდახან შეიძლება ისე ჩანდეს, რომ მოძალადე პასუხს არ აგებს ჩადენილი ბოროტებისთვის. მაგრამ ის ვერასდროს დაემალება იეჰოვას, რომელიც ისმენს ძალადობის მსხვერპლთა ღაღადს. იეჰოვას სამართლიანობაზე მინდობა შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაში დაგვეხმარება.

      ფსალმუნი 62:8

      „როგორც ეს მუხლი მოგვიწოდებს, გული გადმოვუღვარე იეჰოვას. ვემუდარებოდი, რომ ვენუგეშებინე და საკუთარი ფიქრებისა და გრძნობების გაკონტროლებაში დამხმარებოდა. გამუდმებულმა ლოცვამ დროთა განმავლობაში მანუგეშა და შინაგანი სიმშვიდე მომგვარა“, — ამბობს უხუცესი, რომელზეც 9 წლის ასაკში სექსუალურად იძალადეს (იხილეთ აგრეთვე ფსალმუნის 56:8—13).

      ესაია 41:10, 13

      ეს მუხლები მანუგეშებელია, რადგან იეჰოვას სიყვარულსა და მამობრივ მზრუნველობაზე მეტყველებს. ღმერთი გვერდში უდგას გასაჭირში მყოფ თავის მსახურებს. მთელ მსოფლიოში მცხოვრებმა ღვთის მსახურებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს ამ სიტყვების ჭეშმარიტება, მათ შორის მათაც, ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

      ესაია 32:1, 2

      „დახმარებისთვის უხუცესებს მივმართე. მათთან რამდენჯერმე ვისაუბრე. უხუცესებმა პირადი ინტერესი გამოავლინეს და ყურადღებით მომისმინეს. მათ ჩემთან ერთად ილოცეს ჩემთვის“, — აღნიშნავს, ქრისტიანი და, რომელიც 6 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

      1 კორინთელები 13:4, 7

      გაიხსენეთ ეს მუხლები, თუ ვინმე გეტყვით, რომ წარსულში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მოერიდეთ ისეთი სიტყვების თქმას, რითაც ეჭვს შეიტანდით მის ნათქვამში. ბევრი მოძალადე ეუბნება ბავშვს, რომ, თუ გაახმაურებს ამ ამბავს, არავინ დაუჯერებს მას და ზოგი ამ შეხედულებით იზრდება. ამიტომ ყურადღება მათ გრძნობებზე გაამახვილეთ და ანუგეშეთ ისინი.

      2 კორინთელები 10:4, 5

      სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ ბევრ სიცრუეს აჯერებენ, მაგრამ ღვთის სიტყვას შეუძლია სატანის დიდი სიცრუეც კი „დაამხოს“.

      1 იოანე 3:19, 20

      როცა გული უსამართლოდ გვდებს მსჯავრს, უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა „ჩვენს გულებზე დიდია და მან ყველაფერი იცის“. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ძვირფასნი ვარ ღვთის თვალში.

      იხილეთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“, თავი 24.

      21. ა) რა მომავალი ელით მოუნანიებელ შემცოდველებს? ბ) რის გაკეთება უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი მათ დასახმარებლად, ვინც უსამართლობის მსხვერპლი გახდა?

      21 როცა სხვებს ვანუგეშებთ, მათ იეჰოვას სიყვარულში ვარწმუნებთ. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა სამართლიანი ღმერთია. მის თვალს არანაირი ძალადობა არ ეპარება. იეჰოვა ხედავს ყველაფერს და მოუნანიებელ შემცოდველს დაუსჯელს არ დატოვებს (რიცხ. 14:18). ვიდრე ეს დრო დადგება, მოდი ყველანაირად ვეცადოთ, ჩვენს სიყვარულში დავარწმუნოთ ძალადობის მსხვერპლნი. რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა სამუდამოდ მოუშუშებს ჭრილობებს მათ, ვინც სატანამ და მისმა ქვეყნიერებამ დაჩაგრა! მალე დადგება დრო, როცა აღარავის გაახსენდება განცდილი ტკივილი (ეს. 65:17).

  • ანუგეშეთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი
    საგუშაგო კოშკი — 2019 | მაისი
  • სიყვარული და სამართლიანობა ბოროტების წინააღმდეგ
    საგუშაგო კოშკი — 2019 | მაისი
    • სასწავლო სტატია 19

      სიყვარული და სამართლიანობა ბოროტების წინააღმდეგ (ნაწილი 3)

      „შენ არა ხარ სიბოროტის მოყვარული ღმერთი; ვერასოდეს დამკვიდრდება შენთან ბოროტი“ (ფსალმ. 5:4).

      სიმღერა 142 მტკიცედ ჩავეჭიდოთ ჩვენს იმედს

      მოკლე შინაარსიa

      1—3. ა) ფსალმუნის 5:4—6-დან გამომდინარე, როგორ უყურებს იეჰოვა ბოროტებას? ბ) რატომ ეწინააღმდეგება ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ქრისტეს კანონს?

      იეჰოვას სძულს ყველანაირი ბოროტება (წაიკითხეთ ფსალმუნის 5:4—6). მას განსაკუთრებით ეზიზღება ბავშვებზე ძალადობა, რაც შემზარავი დანაშაულია. იეჰოვას მსგავსად ღვთის მსახურებსაც სძულთ ბავშვებზე ძალადობა, ამიტომ ქრისტიანული კრება არასოდეს შეიწყნარებს ასეთ საქციელს (რომ. 12:9; ებრ. 12:15, 16).

      2 ბავშვზე ნებისმიერი სახის სექსუალური ძალადობა სრულიად ეწინააღმდეგება ქრისტეს კანონს (გალ. 6:2). რატომ ვამბობთ ამას? როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, ქრისტეს კანონი, ანუ ყველაფერი, რასაც იესო სიტყვითა და საქმით ასწავლიდა, სიყვარულზეა დაფუძნებული და ხელს უწყობს სამართლიანობას. ვინაიდან ჭეშმარიტი ქრისტიანები ამ კანონით ხელმძღვანელობენ, ბავშვებს სიყვარულით ეპყრობიან და თავს დაცულად აგრძნობინებენ. ბავშვებზე სექსუალური ძალადობა კი ეგოისტური და ბოროტი საქციელია, რაც მათ დაუცველობის განცდას უტოვებს და თავს ისე აგრძნობინებს, რომ ისინი არავის უყვარს.

      3 სამწუხაროდ, ბავშვებზე სექსუალური ძალადობა გლობალური პრობლემაა. ამისგან არც ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან დაზღვეული, რადგან „ბოროტები და თვითმარქვიები“ საგრძნობლად მომრავლდნენ და ზოგიერთმა შეიძლება კრებაში შეღწევაც კი სცადოს (2 ტიმ. 3:13). გარდა ამისა, ზოგი, ვისაც ღვთის მსახურად მოჰქონდა თავი, გაუკუღმართებულ ხორციელ სურვილებს აჰყვა და ბავშვზე სექსუალურად იძალადა. თავდაპირველად განვიხილოთ, რატომ არის ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ამაზრზენი დანაშაული. შემდეგ ვისაუბროთ, რა ზომებს მიმართავენ უხუცესები, როდესაც კრებაში ვინმე მძიმე ცოდვას სჩადის, მაგალითად ბავშვზე სექსუალურად ძალადობს, და როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილების დაცვა.b

      შემზარავი დანაშაული

      4, 5. რატომ არის ბავშვზე სექსუალური ძალადობა მის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა?

      4 ბავშვზე სექსუალური ძალადობა ღრმა და მტკივნეულ კვალს ტოვებს ყველაზე — როგორც თავად ძალადობის მსხვერპლზე, ისე მისი ოჯახის წევრებსა თუ თანაქრისტიანებზე, რომელთაც აღელვებთ მისი კეთილდღეობა. ბავშვზე სექსუალური ძალადობა შემზარავი დანაშაულია.

      5 ბავშვის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა. ეს არის დანაშაული, რომელიც დიდ ტკივილსა და ტანჯვას აყენებს ადამიანებს. როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, სექსუალური მოძალადე მთელ ცხოვრებას უმახინჯებს ბავშვს. ის ბოროტად სარგებლობს ბავშვის ნდობით და უსაფრთხოების განცდას უკარგავს. ჩვენ უნდა დავიცვათ ბავშვები ასეთი ბოროტებისგან და ვანუგეშოთ და დავეხმაროთ მათ, ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლიc გახდა (1 თეს. 5:14).

      6, 7. რატომ არის ბავშვზე სექსუალური ძალადობა კრებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული?

      6 კრების წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა. როცა ქრისტიანი ბავშვზე სექსუალურად ძალადობს, კრების რეპუტაციას ლახავს (მათ. 5:16; 1 პეტ. 2:12). უსამართლობა იქნებოდა იმის თქმა, რომ ქრისტიანული კრება იწყნარებს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას, მაშინ როცა მილიონობით ღვთის მსახური ყველაფერს აკეთებს, რომ იეჰოვას განსადიდებლად მოიქცეს (იუდ. 3). ქრისტიანულ კრებაში არასდროს მოიძებნება ადგილი მათთვის, ვინც მოუნანიებლად სჩადის ბოროტებას და ღვთის ორგანიზაციის რეპუტაციას ლახავს.

      7 ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ქრისტიანები უნდა დაემორჩილონ უმაღლეს ხელისუფლებას (რომ. 13:1). ხელისუფლებისადმი მორჩილებას მათდამი პატივისცემითა და კანონმორჩილებით გამოვხატავთ. თუ კრებაში ვინმე დაარღვევს სისხლის სამართლის კანონს, მაგალითად ბავშვზე სექსუალურად იძალადებს, ეს ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იქნება (შეადარეთ საქმეების 25:8). მართალია, უხუცესებს არ ევალებათ კანონის აღსრულება, მაგრამ ისინი ხელს არ აფარებენ ბავშვზე სექსუალურად მოძალადეს და არ არიდებენ მას ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სასჯელს (რომ. 13:4). შემცოდველი მოიმკის იმას, რაც დათესა (გალ. 6:7).

      8. როგორ უყურებს იეჰოვა ადამიანის წინაშე ჩადენილ ცოდვას?

      8 ღვთის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა (ფსალმ. 51:4). ყველაზე უარესი ისაა, რომ, როცა ერთი ადამიანი მეორის წინაშე სჩადის დანაშაულს, ის იეჰოვასაც სცოდავს. დავფიქრდეთ კანონზე, რომელიც ღმერთმა ისრაელს მისცა. ამ კანონში ეწერა, რომ ვინც მოჰპარავდა ან გამოსტყუებდა მოძმეს რამეს, „ორგულად [მოექცეოდა] იეჰოვას“ (ლევ. 6:2—4). რა თქმა უნდა, როცა კრებაში ვინმე სექსუალურად ძალადობს ბავშვზე, ის ასე ვთქვათ, „ჰპარავს“ მას უსაფრთხოების განცდას, რაც იეჰოვას წინაშე ორგული საქციელია. მოძალადე უდიდეს შეურაცხყოფას აყენებს იეჰოვას სახელს. სწორედ ამიტომ არის ბავშვზე სექსუალური ძალადობა ღვთის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე ცოდვა, რაც სისაძაგლედ უნდა მივიჩნიოთ.

      9. ბიბლიაზე დაფუძნებულ რა ინფორმაციას გვაწვდის იეჰოვას ორგანიზაცია წლების მანძილზე და რატომ?

      9 ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით იეჰოვას ორგანიზაციამ წლების მანძილზე ბიბლიაზე დაფუძნებული უამრავი ინფორმაცია გამოაქვეყნა. მაგალითად, „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის სტატიებში იბეჭდებოდა რჩევები, თუ როგორ შეუძლიათ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ გაუმკლავდნენ ემოციურ ტრავმას, რა უნდა გააკეთონ სხვებმა მათ დასახმარებლად და რის გაკეთება მართებთ მშობლებს შვილების დასაცავად. უხუცესებმა ორგანიზაციისგან მიიღეს ბიბლიაზე დაფუძნებული დეტალური მითითებები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როცა საქმე ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ეხება. ორგანიზაციაში პერიოდულად ხდება იმ მითითებების გადახედვა, რომლებითაც უხუცესები ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემთხვევაში ხელმძღვანელობენ. ამის მიზანი ის არის, რომ ამ პრობლემის მოგვარების დროს უხუცესებმა ქრისტეს კანონით იხელმძღვანელონ.

      როგორ იქცევიან უხუცესები მძიმე ცოდვის დროს

      10—12. ა) რა ახსოვთ უხუცესებს და რა არის მათი მთავარი მიზანი, როცა საქმე მძიმე ცოდვებს ეხება? ბ) იაკობის 5:14, 15-ის თანახმად, რის გაკეთებას ცდილობენ უხუცესები?

      10 მძიმე ცოდვებთან დაკავშირებული საკითხის გადაჭრის დროს უხუცესებს ახსოვთ, რომ ქრისტეს კანონის თანახმად, სიყვარულით უნდა მოეპყრონ სამწყსოს და ღვთის თვალში სწორად და სამართლიანად მოიქცნენ. შედეგად, მათ ბევრ რამეზე უწევთ ფიქრი, როცა სერიოზული ცოდვის შესახებ იგებენ. უხუცესების უმთავრესი საფიქრალი ღვთის სახელის წმინდად დაცვაა (ლევ. 22:31, 32; მათ. 6:9). გარდა ამისა, ისინი ზრუნავენ და-ძმების სულიერ კეთილდღეობაზე და მხარში უდგანან მათ, ვინც ჩადენილი ცოდვის მსხვერპლი გახდა.

      11 ამასთანავე, თუ შემცოდველი ქრისტიანულ კრებას მიეკუთვნება, უხუცესები ცდილობენ, დაადგინონ, ინანიებს თუ არა ის ჩადენილ დანაშაულს, რათა იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენაში დაეხმარონ (წაიკითხეთ იაკობის 5:14, 15). ის ქრისტიანი, რომელიც ჰყვება არასწორ სურვილებს და სერიოზულ ცოდვას სჩადის, სულიერად არის ავად. ეს ნიშნავს, რომ მას აღარ აქვს იეჰოვასთან ჯანსაღი ურთიერთობა.d უხუცესები შეიძლება ექიმებს შევადაროთ, რომლებიც ცდილობენ, გამოაჯანმრთელონ დასუსტებულები ანუ შემცოდველები. ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევები შემცოდველს იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ ის გულწრფელად ინანიებს თავის საქციელს (საქ. 3:19; 2 კორ. 2:5—10).

      12 აშკარაა, რომ უხუცესებს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ისინი სიყვარულით ზრუნავენ ღვთისგან მიბარებულ სამწყსოზე (1 პეტ. 5:1—3). მათ სურთ, რომ და-ძმებმა კრებაში თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, ამიტომ დაუყოვნებლივ მოქმედებენ, როცა საქმე მძიმე ცოდვებს ეხება, მაგალითად ბავშვზე სექსუალურ ძალადობას. რა ზომებს მიმართავენ ისინი? დავფიქრდეთ მე-13, მე-15 და მე-17 აბზაცების დასაწყისში დასმულ კითხვებზე.

      13, 14. ემორჩილებიან უხუცესები ფაქტის გაცხადებასთან დაკავშირებულ კანონს, როცა საქმე ბავშვზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ეხება? ახსენით.

      13 ემორჩილებიან უხუცესები ფაქტის გაცხადებასთან დაკავშირებულ კანონს, როცა საქმე ბავშვზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ეხება? დიახ. იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი კანონი არსებობს, უხუცესები ცდილობენ, დაიცვან ის (რომ. 13:1). ასეთი კანონები არ ეწინააღმდეგება ღვთის კანონს (საქ. 5:28, 29). ამიტომ, როცა ისინი იგებენ სავარაუდო ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ უკავშირდებიან ფილიალს, რათა ამ კანონის გათვალისწინებასთან დაკავშირებით კონკრეტული მითითებები მიიღონ.

      14 როცა ესაუბრებიან მსხვერპლსა და მის მშობლებს, ან მას, ვინც იცის, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ბავშვზე ძალადობას, უხუცესები შეახსენებენ მათ უფლებას, რომ შეუძლიათ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართონ. რის თქმა შეიძლება იმ შემთხვევაზე, როცა კრებაში ვინმეს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ და ეს ამბავი გახმაურდა? უნდა დაიდანაშაულოს თავი ღვთის სახელის შეურაცხყოფაში იმ ქრისტიანმა, რომელმაც ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს შეატყობინა? არა. ამ შემთხვევაში ერთადერთი, ვინც ღვთის სახელს შეურაცხყოფს, მოძალადეა.

      15, 16. ა) 1 ტიმოთეს 5:19-ის თანახმად, რატომ არის საჭირო სულ მცირე ორი მოწმე სამართლებრივი კომიტეტის შესაქმნელად? ბ) როგორ იქცევიან უხუცესები, როცა კრებაში ვინმეს ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი?

      15 რატომ არის სულ მცირე ორი მოწმე საჭირო, რომ სამართლებრივი კომიტეტი შედგეს? ეს არის სამართლიანობის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ბიბლია ადგენს. თუ შემცოდველი არ აღიარებს დანაშაულს, ბრალის დასადებად და სამართლებრივი კომიტეტის შესაქმნელად ორი მოწმეა საჭირო (კან. 19:15; მათ. 18:16; წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:19). ნიშნავს ეს იმას, რომ მაშინაც ორი მოწმეა საჭირო, როცა სავარაუდო ძალადობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ატყობინებენ? არა. ორი მოწმე არ არის საჭირო, როცა უხუცესი ან სხვა ვინმე სავარაუდო დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებს ატყობინებს.

      16 როცა კრებაში ვინმეს ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი, ფაქტის გაცხადებასთან დაკავშირებით უხუცესები ემორჩილებიან ქვეყნის კანონმდებლობას, შემდეგ კი ცდილობენ, ბიბლიის საფუძველზე დაადგინონ, საჭიროა თუ არა სამართლებრივი კომიტეტის შექმნა. თუ ადამიანი უარყოფს ბრალდებას, უხუცესები მოწმეების ჩვენებას განიხილავენ. უხუცესებს საკმარისი საფუძველი ექნებათ სამართლებრივი კომიტეტის შესაქმნელად, თუ სულ მცირე ორი ადამიანი დაამოწმებს ამ ფაქტს — ერთი, ვინც ბრალდება წაუყენა, და მეორე, ვინც დაადასტურებს ამ ბრალდებას, ან ამ პირის მიერ ბავშვზე სექსუალური ძალადობის სხვა შემთხვევას.e თუ მეორე მოწმე არ არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ ბრალმდებელი ცრუობს. მაშინაც კი, თუ ორი მოწმის მეშვეობით არ დასტურდება ბავშვზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, უხუცესები აცნობიერებენ, რომ შეიძლება სერიოზული ცოდვა იყო ჩადენილი, რამაც დიდი ტკივილი მიაყენა სხვებს. ისინი კვლავაც აგრძელებენ დაზარალებულების მხარდაჭერას. ამასთან ერთად, უხუცესები აკვირდებიან სავარაუდო მოძალადეს, რათა კრება შესაძლო საფრთხისგან დაიცვან (საქ. 20:28).

      17, 18. რა როლს ასრულებს სამართლებრივი კომიტეტი? ახსენით.

      17 რა როლს ასრულებს სამართლებრივი კომიტეტი? სიტყვა „სამართლებრივი“ არ ნიშნავს, რომ უხუცესები ასამართლებენ ანუ წყვეტენ, უნდა დასაჯონ თუ არა სამართალდამცავებმა კანონის დამრღვევი. უხუცესები არ ერევიან კანონის აღსრულებაში და სისხლის სამართლის საკითხებს სამართალდამცავებს ანდობენ (რომ. 13:2—4; ტიტ. 3:1). ნაცვლად ამისა, ისინი „ასამართლებენ“ ანუ წყვეტენ, უნდა დარჩეს თუ არა ასეთი ადამიანი კრებაში.

      18 უხუცესები, რომლებიც სამართლებრივ კომიტეტში ინიშნებიან, მხოლოდ რელიგიური კუთხით განსჯიან საკითხს. ისინი წმინდა წერილების საფუძველზე განსაზღვრავენ, სინამდვილეში ინანიებს თუ არა შემცოდველი. თუ არ ინანიებს, ის კრებიდან ირიცხება და ამის შესახებ კრებაში განცხადება კეთდება (1 კორ. 5:11—13). თუ შემცოდველი ინანიებს, შეიძლება კრებაში დარჩეს. თუმცა უხუცესები ატყობინებენ მას, რომ შეიძლება ვერასდროს მიიღოს პასუხისმგებლობები და დავალებები. ბავშვების დაცვის მიზნით უხუცესებმა შეიძლება პირადად გააფრთხილონ მშობლები, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ ბავშვს, როცა ამ ადამიანთან ურთიერთობს. ასეთი ზომების მიღების დროს უხუცესები იცავენ კონფიდენციალურობას და არ ამჟღავნებენ ძალადობის მსხვერპლთა ვინაობას.

      როგორ უნდა დაიცვათ შვილები

      მშობლები შვილებს ასწავლიან წიგნიდან „დიდებული მასწავლებელი“

      მშობლები ასაკისთვის შესაფერის ინფორმაციას აწვდიან შვილებს სექსზე, რითაც იცავენ სექსუალური ძალადობისგან. ისინი ამისთვის ღვთის ორგანიზაციისგან მოწოდებულ პუბლიკაციას იყენებენ (იხილეთ აბზაცები 19—22)

      19—22. რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს შვილების დასაცავად? (იხილეთ სურათი გარეკანზე)

      19 შვილების ზიანისგან დაცვა, ძირითადად, მშობლებსf ევალებათ, რადგან შვილები ჯილდოა ღვთისგან, „მემკვიდრეობა იეჰოვასგან“ (ფსალმ. 127:3). მშობლებო, შვილების დაცვის პასუხისმგებლობა იეჰოვამ თქვენ მოგანდოთ! რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ისინი სექსუალური ძალადობისგან დაიცვათ?

      20 პირველი, მოიძიეთ ინფორმაცია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესახებ. გაიგეთ, როგორი ადამიანები ძალადობენ ბავშვებზე და რა მეთოდებს მიმართავენ მათ შესაცდენად. ყურადღებით იყავით, თუ რაიმე საფრთხეს იგრძნობთ (იგავ. 22:3; 24:3). არ დაგავიწყდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში მოძალადე ის ადამიანია, ვისაც ბავშვი კარგად იცნობს და ენდობა.

      21 მეორე, კარგი კომუნიკაცია იქონიეთ შვილებთან (კან. 6:6, 7). ამაში ისიც იგულისხმება, რომ ყურადღებით მოუსმინოთ თქვენს შვილებს (იაკ. 1:19). გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებს, რომლებზეც სექსუალურად იძალადეს, ხშირად აშინებთ ამაზე საუბარი. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ არავინ დაუჯერებს; ან შესაძლოა მოძალადე დაემუქრა, რომ, თუ სხვებს ეტყოდა ამის შესახებ, რამეს დაუშავებდა. თუ ატყობთ თქვენს შვილს, რომ რაღაც აწუხებს, რბილად დაუსვით კითხვები და მოთმინებით მოუსმინეთ, რათა გაიგოთ მისი გულისნადები.

      22 მესამე, ასწავლეთ შვილებს. ბავშვებს ასაკისთვის შესაფერისი ინფორმაცია მიაწოდეთ სექსზე. ასწავლეთ, რა თქვან ან როგორ მოიქცნენ, თუ ვინმე მათ შეუფერებლად შეეხება. გამოიყენეთ ორგანიზაციის მიერ მოწვდილი ინფორმაცია ბავშვების დასაცავად (იხილეთ ჩარჩო „თქვენც ისწავლეთ და შვილებსაც ასწავლეთ“).

      პუბლიკაციები და ვიდეოები, რომელთა მეშვეობითაც მშობლებმა ცოდნა თავადაც უნდა მიიღონ და შვილებსაც უნდა ასწავლონ

      თქვენც ისწავლეთ და შვილებსაც ასწავლეთ

      მშობლებისთვის

      • „თქვენი შვილი საფრთხეშია“, „როგორ დავიცვათ შვილები?“, „აქციეთ ოჯახი უსაფრთხო ადგილად“ — „გამოიღვიძეთ!“, 1993 წლის 8 ოქტომბერი [ინგლ.].

      • „საფრთხე, რომელიც მშობლებს საგონებელში აგდებს“, „როგორ შეგიძლიათ შვილების დაცვა?“, „დაე, თქვენი ოჯახი უსაფრთხო თავშესაფარი იყოს!“ — „გამოიღვიძეთ!“, 2007 წლის ოქტომბერი.

      • „როგორი უნდა იყოს მამა“ — „საგუშაგო კოშკი“, 2008 წლის 1 ოქტომბერი.

      • „ესაუბრეთ შვილებს სექსზე“ — „საგუშაგო კოშკი“, 2010 წლის 1 ნოემბერი.

      • „ჩვენ ვიცავთ ჩვენს შვილებს“ — ვიდეო JW მაუწყებლობაზე®.

      • „იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან ოჯახებს, თავი დაიცვან სექსუალური მანიაკებისგან“ — სტატია ვებგვერდზე jw.org® (იხილეთ ჩვენ შესახებ / საქმიანობა).

      • „რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს სექსზე?“ — სტატია ვებგვერდზე jw.org (ბიბლიური სწავლებები / პასუხები ბიბლიურ კითხვებზე)

      • „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“, თავები 10, 32.

      • „დაუმეგობრდი იეჰოვას — დაიცავით შვილები“ — ვიდეო ვებგვერდზე jw.org (იხილეთ ბიბლიური სწავლებები / ბავშვები).

      ახალგაზრდებისთვის

      • „რას ამბობენ შენი თანატოლები — სექსუალური შეურაცხყოფა“ — ვიდეო ვებგვერდზე jw.org (იხილეთ ბიბლიური სწავლებები / ახალგაზრდები).

      • „როგორ დავიცვა თავი სექსუალური მოძალადეებისგან?“ — „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 1, თავი 32.

      • „ახალგაზრდების შეკითხვები — რა უნდა ვიცოდე სექსუალური ძალადობის შესახებ? (ნაწილი 1) როგორ ავირიდო თავიდან“ — სტატია ვებგვერდზე jw.org (ბიბლიური სწავლებები / ახალგაზრდები).

      • რა არის სექსუალური შეურაცხყოფა? — „პასუხები ახალგაზრდების 10 კითხვაზე“, კითხვა 8.

      ნუგეში ძალადობის მსხვერპლთათვის

      • „დაეხმარეთ მათ, ვისზეც ოჯახის წევრმა სექსუალურად იძალადა“ — „საგუშაგო კოშკი“, 1983 წლის 1 ოქტომბერი [ინგლ.].

      • „ისინი ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ“, „ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფარული ჭრილობები“ — „გამოიღვიძეთ!“, 1991 წლის 8 ოქტომბერი [ინგლ.].

      • „ახალგაზრდების შეკითხვები — რა უნდა ვიცოდე სექსუალური ძალადობის შესახებ? (ნაწილი 2) რეაბილიტაცია“ — სტატია ვებგვერდზე jw.org (ბიბლიური სწავლებები / ახალგაზრდები).

      • „ანუგეშეთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი“ — „საგუშაგო კოშკი“, 2019 წლის მაისი, სასწავლო სტატია №20.

      23. როგორ უყურებენ იეჰოვას მოწმეები ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      23 იეჰოვას მოწმეებისთვის ბავშვებზე სექსუალური ძალადობა მძიმე ცოდვა და დიდი ბოროტებაა. ისინი ხელმძღვანელობენ ქრისტეს კანონით და ხელს არ აფარებენ დამნაშავეს, ანუ არ არიდებენ მას ჩადენილი დანაშაულის შედეგებს. მაგრამ, როგორ დავეხმაროთ მათ, ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა? ამ საკითხზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

      როგორ უპასუხებთ?

      • რატომ არის ბავშვზე სექსუალური ძალადობა შემზარავი დანაშაული?

      • რას ითვალისწინებენ უხუცესები, როცა საქმე მძიმე ცოდვას ეხება?

      • როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაიცვან თავიანთი შვილები სექსუალური ძალადობისგან?

      სიმღერა 103 მწყემსები — ძღვენი ადამიანთა სახით

      a ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ შეგვიძლია დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან. აგრეთვე გავიგებთ, რას აკეთებენ უხუცესები კრების დასაცავად და როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილების დაცვა.

      b განმარტება: ბავშვზე სექსუალური ძალადობაა, როცა ზრდასრული მამაკაცი ან ქალი ბავშვს იყენებს თავისი სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად. ამაში შეიძლება შედიოდეს სქესობრივი კავშირი, ორალური ან ანალური სექსი, სასქესო ორგანოებზე, მკერდზე და საჯდომზე მოფერება ან სხვა უზნეო საქციელი. მართალია, მსხვერპლთა უმეტესობა გოგონები არიან, მაგრამ ბევრი ბიჭიც გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებზე ძირითადად მამაკაცები ძალადობენ, მოძალადეები შეიძლება ქალებიც იყვნენ.

      c განმარტება: ამ და მომდევნო სტატიაში სიტყვა მსხვერპლი მიუთითებს იმ ადამიანზე, რომელზეც ბავშვობაში სექსუალურად იძალადეს. ამ სიტყვას იმის ხაზგასასმელად ვიყენებთ, რომ ბავშვს ტკივილი მიაყენეს, გამოიყენეს და მომხდარში მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის.

      d სულიერი სისუსტე არ ამართლებს მძიმე ცოდვას. შემცოდველი სრულად არის პასუხისმგებელი თავის არასწორ არჩევანსა თუ საქციელზე და იეჰოვას წინაშე აგებს პასუხს (რომ. 14:12).

      e ბავშვი არასდროს უნდა დააპირისპირონ სავარაუდო მოძალადესთან. შეიძლება მშობელმა ან ნდობით აღჭურვილმა პირმა შეატყობინოს უხუცესებს სავარაუდო ძალადობის შესახებ, რათა ბავშვს ემოციური ტრავმა არ გაუმწვავონ.

      f მშობლებთან დაკავშირებული რჩევები ეხება როგორც კანონიერ მეურვეებს, ისე მათ, ვინც ბავშვის აღზრდაზე ზრუნავს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება