საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საფრთხე, რომელიც მშობლებს საგონებელში აგდებს
    გამოიღვიძეთ! — 2007 | ოქტომბერი
    • საფრთხე, რომელიც მშობლებს საგონებელში აგდებს

      ჰიზარსა და სკოტს ბედნიერი ოჯახი აქვთa. მათ სამი წლის ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე ბიჭუნა ჰყავთ, რომელსაც მზრუნველობას არ აკლებენ. დღევანდელ მსოფლიოში ბავშვზე ზრუნვა არც ისე ადვილია, რადგან მშობლებს მრავალი საფიქრალი აქვთ და უამრავი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ბავშვებს ხომ ბევრი რამის სწავლა სჭირდებათ! ჰიზარსა და სკოტს განსაკუთრებით ერთი რამ აღელვებთ — დაიცვან ბავშვი სექსუალური შეურაცხყოფისგან. რატომ აწუხებთ მათ ეს საკითხი ასე ძლიერ?

      „მამაჩემი გულქვა კაცი იყო. ის სმას იყო გადაყოლილი და როცა დალევდა, ყველას გვეჩხუბებოდა, — იხსენებს ჰიზარი. — მე და ჩემს დებს ის ხშირად გვცემდა ხოლმე და სექსუალურ შეურაცხყოფას გვაყენებდა“b. ცხადია, რომ ასეთი შეურაცხყოფა დიდ ემოციურ ჭრილობას აყენებს ადამიანს. ამიტომ გასაკვირი არაა, თუ რატომ სურს ჰიზარს, დაიცვას თავისი შვილი! სკოტსაც კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის დაცვა.

      მრავალი მშობელი შეშფოთებულია იმით, რომ ძალიან გახშირდა ბავშვების სექსუალური შეურაცხყოფა. ეს ფაქტი ალბათ თქვენც გაღელვებთ. ჰიზარისგან განსხვავებით თქვენ, შესაძლოა, პირადად არ გამოგიცდიათ სექსუალური შეურაცხყოფა და მისი მწარე შედეგები, მაგრამ, უდავოდ, გსმენიათ იმის შესახებ, თუ როგორ გაიზარდა ასეთი ამაზრზენი შემთხვევების რიცხვი. მთელ მსოფლიოში მზრუნველი მშობლები თავზარდაცემულნი არიან იმის გამო, რომ ასეთი რამ მათ მხარეშიც ხდება.

      გასაკვირი არ არის, რომ ერთი მკვლევარი,  რომელიც სექსუალური შეურაცხყოფის საკითხს იკვლევს, ბავშვთა სექსუალური შეურაცხყოფის შემთხვევათა მომრავლებას „დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ ფაქტს“ უწოდებს. ეს მართლაც სამწუხაროა, მაგრამ გასაკვირია, რომ ასეთი რამ ხდება? ასეთი ფაქტების მომრავლება გაოცებას არ იწვევს მათში, ვინც ბიბლიას სწავლობს. ღვთის სიტყვა გვიხსნის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში, რომელსაც „ბოლო დღეები“ ეწოდება — დროში, როდესაც ფართოდ იქნებოდა გავრცელებული ‘სისასტიკე’, და იცხოვრებდნენ „საკუთარი თავის მოყვარული“ და „თბილ გრძნობებს მოკლებული“ ადამიანები (2 ტიმოთე 3:1—5).

      სექსუალური შეურაცხყოფის პრობლემა დღეს ძალიან მწვავედ დგას. ზოგი მშობელი საგონებელში ვარდება, როდესაც ფიქრობს იმ ადამიანების ბოროტებაზე, რომლებიც სექსუალური შეურაცხყოფის მიზნით ბავშვებზე „ნადირობენ“. მაგრამ, არის ეს ისეთი პრობლემა, რომელთანაც მშობლები ვერაფერს გახდებიან? თუ შეუძლიათ მათ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა თავიანთი შვილების დასაცავად? ამ კითხვებს მომდევნო სტატიებში გაეცემა პასუხი.

  • როგორ შეგიძლიათ შვილების დაცვა?
    გამოიღვიძეთ! — 2007 | ოქტომბერი
    • როგორ შეგიძლიათ შვილების დაცვა?

      მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების სექსუალური შეურაცხყოფის საკითხი მწვავედ დგას, ბევრს არ სურს ამაზე სერიოზულად დაფიქრება. მშობლებს ამის გაფიქრებაც კი ზარავთ! მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელ მსოფლიოში შემზარავ და უსიამოვნო რეალობად იქცა ბავშვების სექსუალური შეურაცხყოფა, რაც მათზე საშინელ კვალს ტოვებს. მაშ, ღირს თუ არა ამ საკითხზე სერიოზულად დაფიქრება? განა ყველაფერს არ გააკეთებდით ბავშვის უსაფრთხოების დასაცავად? ამიტომ, ნამდვილად ღირს სექსუალური შეურაცხყოფის პრობლემისთვის თვალის გასწორება და ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგი რამის გაგება, მით უმეტეს, რომ ეს თქვენგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. ასეთი ცოდნის წყალობით თქვენ ნამდვილად შეძლებთ შვილების დაცვას.

      ამიტომ, არ დაუშვათ, რომ ამ პრობლემის მასშტაბურობამ ფარ-ხმალი დაგაყრევინოთ და გაფიქრებინოთ, რომ ვერაფერს გახდებით. სხვა თუ არაფერი, თქვენ გაქვთ ის, რაც არ გააჩნია თქვენს შვილს, და რის შესაძენადაც მას წლები, შესაძლოა, ათწლეულებიც კი დასჭირდეს — ეს არის ცოდნა, გამოცდილება და სიბრძნე, რაც წლების განმავლობაში დააგროვეთ. ბავშვს რომ დაეხმაროთ, მნიშვნელოვანია, გაიღრმაოთ ცოდნა, შეიძინოთ მეტი სიბრძნე და გამოცდილება და ეს ყოველივე შვილის დასაცავად გამოიყენოთ. ჩვენ განვიხილავთ სამ ძირითად ნაბიჯს, რომლის გადადგმაც ყველა მშობელს შეუძლია: 1) პირველ რიგში თქვენ თვითონ დაიცავით თქვენი შვილი, 2) მიეცით შვილს საჭირო ცოდნა სექსთან დაკავშირებით და 3) ასწავლეთ მას, როგორ დაიცვას თავი.

      იცავთ თქვენს შვილს?

      პირველ რიგში, სექსუალური შეურაცხყოფისგან ბავშვის დაცვის პასუხისმგებლობა აკისრიათ მშობლებს და არა თავად ბავშვს. სანამ მშობელი შვილს რამეს აუხსნის, ჯერ თავად უნდა იყოს გარკვეული ამ საკითხში. თუ მშობელი ხართ, ზოგი რამ უნდა იცოდეთ ბავშვთა სექსუალური შეურაცხყოფის შესახებ. თქვენ უნდა იცოდეთ, ვინ აყენებს ბავშვს ასეთ შეურაცხყოფას და როგორ აღწევს ის თავის საწადელს. მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ ისინი, ვინც ბავშვებზე „ნადირობენ“, არიან უცხო ადამიანები, რომლებიც სიბნელით სარგებლობენ და ბავშვების გატაცებისა და გაუპატიურების საშუალებებს ეძებენ. ასეთი ბოროტმოქმედები ნამდვილად არსებობენ. მასმედიის საშუალებით ჩვენ ხშირად ვიგებთ მათ შესახებ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ დანაშაულს ნაკლებად სჩადიან უცხო ადამიანები. ბავშვების სექსუალური შეურაცხყოფის შემთხვევათა დაახლოებით 90 პროცენტი მოდის იმ ადამიანებზე, რომლებსაც ბავშვი კარგად იცნობდა და ენდობოდა.

      ბუნებრივია, თავში აზრადაც არ მოგივათ, რომ კეთილმოსურნე მეზობელს, მასწავლებელს, ექიმს, მწვრთნელს ან ნათესავს იმის სურვილი გაუჩნდება, რომ თქვენს ბავშვთან სექსუალური ჟინი მოიკლას. ფაქტია, რომ უმრავლესობა ასეთი არ არის. ნამდვილად არ იქნებოდა სწორი, რომ ყველასთვის ეჭვის თვალით დაგეწყოთ ყურება. და მაინც, თქვენ შეძლებთ შვილის დაცვას, თუ გეცოდინებათ, ჩვეულებრივ როგორ მოქმედებენ ისინი, ვინც ბავშვებს რყვნიან, ანუ პედოფილები (იხილეთ ჩარჩო მე-6 გვერდზე).

      თუ გეცოდინებათ, რა ტაქტიკით მოქმედებენ პედოფილები, თქვენ უკეთ შეძლებთ შვილის დაცვას. მაგალითად, როგორ მოიქცევით, თუ ვინმე, ვისაც, ერთი შეხედვით, ბავშვებთან უფრო სიამოვნებს ურთიერთობა, ვიდრე უფროსებთან, თქვენი შვილის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენს, საჩუქრებს ჩუქნის და ხშირად გთავაზობთ, რომ ბავშვთან დარჩება ან გეუბნებათ, რომ სადმე გაასეირნებს მას? უნდა დაასკვნათ, რომ ეს ადამიანი პედოფილია? რა თქმა უნდა, არა. ნაჩქარევად ნუ გამოიტანთ დასკვნებს. მას, ვინც ასე იქცევა, შეიძლება არანაირი ცუდი განზრახვა არ ამოძრავებდეს და სუფთა გულით მოქმედებდეს. და მაინც, მისმა ასეთმა მოქმედებამ შეიძლება დაგაფიქროთ. ბიბლიაში ნათქვამია: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15).

      გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი შემოთავაზება, რომელიც იმდენად კარგად ჟღერს, რომ ცოტა დაუჯერებელი გეჩვენებათ, შეიძლება სუფთა გულიდან არ მომდინარეობდეს. ყურადღებით დააკვირდით ნებისმიერ ადამიანს, ვინც თავისი ინიციატივით გთავაზობთ, რომ ბავშვთან მარტო დარჩება. ასეთ ადამიანს უთხარით, რომ ნებისმიერ დროს ნახავთ ხოლმე, რას აკეთებს ბავშვი. ახალგაზრდა მშობლები მელისა და ბრედი, რომლებსაც სამი ვაჟი ჰყავთ, ყოველთვის ცდილობენ, რომ ბავშვები მარტო არ დატოვონ დიდებთან. მუსიკის მასწავლებელს, რომელიც მათ სახლში ერთ-ერთ ბიჭს გაკვეთილებს უტარებდა, მელისამ უთხრა: „სანამ აქ ხართ, ხშირად შემოვალ ხოლმე“. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს მშობლები მეტისმეტად ფრთხილობენ, მაგრამ მათ ურჩევნიათ, თავი დაიზღვიონ, ვიდრე მერე სანანებლად გაუხდეთ საქმე.

      აქტიურად ჩაებით ბავშვის ცხოვრებაში — იცოდეთ, როდის რას აკეთებს, ვისთან მეგობრობს და რით არის დაკავებული სკოლაში. დაწვრილებით გაიგეთ, სად და ვისთან ერთად მიდის თქვენი შვილი ექსკურსიაზე. ერთი ფსიქიატრი, რომელიც 33 წელია, რაც სექსუალური შეურაცხყოფის შემთხვევებს იკვლევს, აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევებიდან ძალიან ბევრის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ მშობლები ოდნავ მაინც გამოავლენდნენ სიფრთხილეს. მას მოჰყავს ერთი პედოფილის სიტყვები, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის: „შეიძლება ითქვას, რომ მშობლები თავად გვიგდებენ ხელში თავიანთ შვილებს  . . . ისინი თვითონ მიადვილებენ საქმეს“. გახსოვდეთ, პედოფილების უმრავლესობა ისეთ ბავშვებზე „ნადირობს“, რომელთა ხელში ჩაგდებაც უფრო ადვილია. როდესაც მშობელი აქტიურადაა ჩაბმული შვილის ცხოვრებაში, ის ხელს უშლის პედოფილს, რომ ბავშვი თავის სამიზნედ აქციოს.

      შვილის დაცვაში ისიც დაგეხმარებათ, თუ ყოველთვის ყურადღებით მოუსმენთ მას. თუ ბავშვს სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს, მან შეიძლება არაფერი გითხრათ იმის გამო, რომ ძალიან დარცხვენილია და თქვენი რეაქციის ეშინია. ამიტომ ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვს და დააკვირდით, რამე საეჭვოს ხომ არ ამბობსa. თუ ბავშვი ისეთ რამეს ამბობს, რაც საგონებელში გაგდებთ, მშვიდად დაუსვით მას კითხვები, რომ გული გადაგიშალოთ. თუ ბავშვი რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე გეუბნებათ, რომ არ სურს მასთან დარჩენა, ჰკითხეთ, რატომ. თუ თქვენი შვილი ამბობს, რომ ეს ადამიანი მას უცნაური თამაშებით ართობს, ჰკითხეთ, როგორ ეთამაშება მას და რას აკეთებს ამ დროს. თუ ბავშვი ჩივის იმაზე, რომ ვინმე უღიტინებს, ჰკითხეთ, სად უღიტინებს. უყურადღებოდ არ დატოვოთ ბავშვის ნათქვამი. პედოფილები ბავშვებს ეუბნებიან, რომ არავინ დაუჯერებს მათ და, სამწუხაროდ, ხშირად ასეც ხდება ხოლმე. და თუ მშობელი დაუჯერებს და მხარს დაუჭერს ბავშვს, რომელსაც სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს, ამით დაეხმარება მას, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს.

      საჭირო ცოდნა მიეცით ბავშვს

      ერთ ნაშრომში, რომელშიც ბავშვთა სექსუალური შეურაცხყოფის საკითხი ირჩევა, მოყვანილია ერთი დაპატიმრებული პედოფილის სიტყვები: „მომიყვანეთ ისეთი ბავშვი, რომელმაც არაფერი იცის სექსის შესახებ და ის ჩემი მორიგი მსხვერპლი გახდება“. ეს თავზარდამცემი სიტყვები მშობლებისთვის კარგი შეხსენებაა. ბავშვები, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ სექსზე, გაცილებით ადვილად ხვდებიან პედოფილების მახეში. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ცოდნა და სიბრძნე გვიხსნის „უკუღმართად მოლაპარაკე კაცისგან“ (იგავები 2:10—12). განა არ გინდათ, რომ დაიცვათ ბავშვი ასეთი ადამიანებისგან?! მაშასადამე, მეორე ნაბიჯი, რომელიც შვილების დაცვაში დაგეხმარებათ, არის ის, რომ არ მოერიდოთ ბავშვებთან ამ მნიშვნელოვან საკითხზე საუბარს.

      მაგრამ, როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? ბევრ მშობელს ცოტათი ეუხერხულება შვილებთან სექსზე ლაპარაკი. თქვენი შვილებისთვის კი ეს თემა შეიძლება კიდევ უფრო უხერხული იყოს და მათ, შესაძლოა, არ წამოიწყონ თქვენთან ამ საკითხზე საუბარი. ამიტომ, ინიციატივა თქვენ აიღეთ. მელისა ამბობს: „ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ვასწავლიდით, სხეულის რომელ ნაწილს რა ერქვა. ჩვენ მათ ბავშვური ენით კი არ ვუხსნიდით, თუ რას რა ერქვა, არამედ ისე როგორც სინამდვილეშია. ამას იმიტომ ვაკეთებდით, რომ მათთვის არაფერი ყოფილიყო უცნაური ან სამარცხვინო“. ასეთი საუბრების შემდეგ უფრო ადვილია ბავშვთან სექსუალური შეურაცხყოფის შესახებ დალაპარაკება. მრავალი მშობელი უბრალოდ ეუბნება თავის შვილს, რომ სხეულის ის ნაწილები, რომლებსაც საცურაო კოსტიუმი ან ტრუსი ფარავს, განსაკუთრებულია და მათ არავინ არ უნდა ეხებოდეს.

      წინა სტატიაში მოხსენიებული ჰიზარი ამბობს: „მე და სკოტმა ვუთხარით ჩვენს ბიჭს, რომ მის სასქესო ორგანოს არავინ არ უნდა შეხებოდა, რადგან ის სათამაშო არ იყო, და მისით არც მამიკოს, არც დედიკოს და არც ექიმს არ უნდა ეთამაშათ. როდესაც ის ექიმთან მიგვყავდა, მე ვუხსნიდი, რომ ექიმი მხოლოდ იმისთვის შეეხებოდა, რომ გაესინჯა“. დროდადრო ორივე მშობელი ესაუბრება ბავშვს ამ თემაზე და ეუბნება, რომ ყოველთვის თავისუფლად მივიდეს მათთან და მოუყვეს, თუ ვინმე ცუდად ან ისე შეეხება, რომ უხერხულად იგრძნობს თავს. სპეციალისტები, რომლებიც ბავშვზე ზრუნვისა და მათი შეურაცხყოფის თავიდან არიდების საკითხებზე მუშაობენ, ყველა მშობელს ურჩევენ, რომ მსგავსი საუბრები ჰქონდეთ შვილებთან.

      ბევრისთვის ამ მხრივ ძალიან დამხმარე აღმოჩნდა წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“b. ამ წიგნის 32-ე თავში, რომლის სათაურიცაა „ღმერთმა დაიცვა იესო“, პირდაპირ არის საუბარი ბავშვთა სექსუალური შეურაცხყოფის თემაზე. ამავე თავში ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა დაიცვან ბავშვებმა თავი. „ამ წიგნმა უფრო დამაჯერებელი გახადა ჩვენი სიტყვები“, — ამბობს მელისა.

      ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ დღეს არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სურთ, უმართებულო სახით შეეხონ ბავშვებს ან პირიქით, სურთ, რომ ბავშვები შეეხონ მათ. ამ გაფრთხილებამ მათზე ისე არ უნდა იმოქმედოს, რომ შეშინდნენ ან ყველა უფროსი ადამიანის მიმართ უნდობლობა განუვითარდეთ. „ამის ცოდნა უბრალოდ ეხმარება ბავშვს, რომ ფრთხილად იყოს, — ამბობს ჰიზარი. — ეს არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი გაფრთხილება, რასაც ბავშვს ვაძლევთ, და მინდა აღვნიშნო, რომ ამ გაფრთხილებათაგან უმეტესობა აბსოლუტურად არ ეხება სექსუალურ შეურაცხყოფას. სწორედ ამიტომ ჩემი შვილი სულაც არ გრძნობს შიშს“.

      ბავშვს ისიც უნდა ასწავლოთ, რომ მორჩილებაზე გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდეს. ბავშვისთვის მორჩილების სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამავე დროს, რთული (კოლოსელები 3:20). თუმცა, ზოგჯერ მშობლები, როცა ბავშვებისგან მორჩილებას ითხოვენ, უკიდურესობაში ვარდებიან. თუ მშობლები ბავშვს ასწავლიან, რომ ყოველთვის დაემორჩილოს უფროსებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ის შეიძლება ადვილად აღმოჩნდეს პედოფილის მახეში. თუ ბავშვი მეტისმეტად დამყოლია, პედოფილები ამას მაშინვე შეამჩნევენ. გონიერი მშობლები თავიანთ შვილებს ასწავლიან, რომ მორჩილება შეფარდებითი ცნებაა. ქრისტიანი მშობლებისთვის არც ისე ძნელია ამის ახსნა შვილებისთვის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მათ შეუძლიათ მარტივად აუხსნან შვილს: „თუ ვინმე ისეთი რამის გაკეთებას გთხოვს, რაც იეჰოვა ღმერთს არ მოსწონს, შენ არ უნდა გააკეთო. არც დედიკომ და არც მამიკომ არ უნდა მოგთხოვონ ისეთი რამის გაკეთება, რაზეც იეჰოვა ამბობს, რომ ცუდია. თუ ვინმე ცდილობს, ისეთი რამე გაგაკეთებინოს, რაც არასწორია, შენ ყოველთვის უნდა გვითხრა ამის შესახებ“.

      დაბოლოს, უთხარით შვილს, რომ არავის აქვს მისთვის იმის თქმის უფლება, რომ მშობლებს რამე დაუმალოს. დაარიგეთ ბავშვი, რომ თუ ვინმე ასეთ რამეს სთხოვს მას, აუცილებლად მოვიდეს თქვენთან და ყველაფერს მოგიყვეს. რაც არ უნდა უთხრას ასეთმა ადამიანმა ბავშვს, თუნდაც დაემუქროს, ან თუნდაც თავად ბავშვმა რაღაც არასწორი ჩაიდინოს, უთხარით, რომ ის ყოველთვის მოვიდეს თქვენთან და ყველაფერი გითხრათ ამის შესახებ. ასეთმა დარიგებამ ბავშვი არ უნდა შეაშინოს. თქვენ შეგიძლიათ დაარწმუნოთ ის, რომ უმრავლესობა ასე არ მოიქცევა — არ შეეხებიან იქ, სადაც არ შეიძლება, არ სთხოვენ იმას, რაც ღმერთს არ მოსწონს, და არც რაიმეს საიდუმლოდ შენახვას სთხოვენ. ისევე როგორც საჭიროა, წინასწარ იცოდეს ადამიანმა, როგორ იმოქმედოს, თუ შემთხვევით ხანძარი გაჩნდება, ბავშვმაც წინასწარ, ყოველი შემთხვევისთვის უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს, თუმცა ამ გაფრთხილებების გამოყენება შეიძლება მას არასოდეს დასჭირდეს.

      ასწავლეთ ბავშვს, როგორ დაიცვას თავი

      მესამე ნაბიჯი, რომელსაც განვიხილავთ, იმაში მდგომარეობს, რომ თქვენს ბავშვს ასწავლოთ, როგორ მოიქცეს, თუ ვინმე ეცდება ისარგებლოს თქვენი არყოფნით. ხშირად მშობლებს ურჩევენ, რომ ბავშვებთან სცენა გაითამაშონ. მშობლები ბავშვს უსვამენ სხვადასხვა კითხვას, მაგალითად: „როგორ მოიქცევი, თუ  . . .?“ და ბავშვი პასუხობს. შეგიძლიათ ჰკითხოთ ბავშვს: „როგორ მოიქცევი, თუ ბაზარში ერთმანეთს დავკარგავთ? როგორ მიპოვი?“ შეიძლება ბავშვის პასუხი მთლად ისეთი არ იყოს, როგორსაც ელოდით, მაგრამ შეეცადეთ, დამატებითი კითხვებით სწორ დასკვნამდე მიიყვანოთ ბავშვი. მაგალითად, შეგიძლიათ ჰკითხოთ: „რას გააკეთებ, რომ არავინ მოგატყუოს და ხიფათს არ გადაეყარო?“

      შეგიძლიათ მსგავსი მიდგომა გამოიყენოთ და ჰკითხოთ ბავშვს, როგორ მოიქცეოდა, თუ ვინმე ეცდებოდა, რომ უმართებულოდ შეხებოდა მას. თუ ატყობთ, რომ ბავშვში ასეთი კითხვები შეშფოთებას იწვევს, შეგიძლიათ სხვა ბავშვზე მოუყვანოთ მაგალითი. შეგეძლოთ გეთქვათ: „პატარა გოგონა თავის საყვარელ ნათესავთან ერთად არის, მაგრამ მისი ნათესავი ცდილობს შეეხოს მას იქ, სადაც არ შეიძლება. როგორ ფიქრობ, როგორ უნდა მოიქცეს გოგონა, რომ ნათესავი გაჩერდეს?“

      რისი გაკეთება უნდა ასწავლოთ ბავშვს, თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება? ერთ წიგნში ნათქვამია: «მტკიცედ ნათქვამი შემდეგი სიტყვები: „არა!“, „ეს არ გააკეთო!“ ან „თავი დამანებე!“ აშინებს მას, ვინც ბავშვის შეურაცხყოფას ცდილობს, და შედეგად, ის უკან იხევს და ასკვნის, რომ ბავშვს შეეშვას». მოკლე სცენების გათამაშებით დაეხმარეთ ბავშვს, დარწმუნდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლებს ხმამაღლა მოიგერიოს პედოფილი, მაშინვე გამოიქცეს და ყველაფერს მოგიყვეთ. თუნდაც ბავშვმა კარგად აითვისოს გაკვეთილი, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ მას შეიძლება დაავიწყდეს ნასწავლი. ამიტომ, რეგულარულად გაუმეორეთ ის, რაც ასწავლეთ.

      ყველამ, ვინც უვლის ბავშვს, მათ შორის მამაკაცებმაც — იქნება ეს მამა, მამინაცვალი თუ სხვა ნათესავები — უნდა მიიღონ მონაწილეობა ბავშვთან ასეთ საუბრებში. რატომ? იმიტომ, რომ ყველა, ვინც მონაწილეობას მიიღებს ასეთ დასწავლებაში, ფაქტობრივად, პირდება ბავშვს, რომ არასოდეს ჩაიდენს ასეთ უმსგავსობას. სამწუხაროდ, სექსუალური შეურაცხყოფა უმეტესწილად სწორედ რომ ოჯახის წევრებისა თუ ახლო ნათესავების მხრიდან ხდება. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ამ გახრწნილ ქვეყნიერებაში თქვენი ოჯახი უსაფრთხო თავშესაფრად აქციოთ.

      [სქოლიოები]

      a სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ხშირად ბავშვის ქცევიდან ჩანს, რომ მის თავს რაღაც ხდება. მაგალითად, თუ ატყობთ, რომ ბავშვი მოულოდნელად შეიცვალა — ძილში შარდვა დასჩემდა და გვერდიდან არ გშორდებათ, რადგან მარტო ყოფნის ეშინია — ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ მას რაღაცა სერიოზულად აწუხებს. თუ ბავშვს ასეთი რამე ემართება, ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს. მშვიდად დაელაპარაკეთ, რომ გაიგოთ, რა აწუხებს თქვენს შვილს. ეს დაგეხმარებათ, რომ ანუგეშოთ ბავშვი, დაარწმუნოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, და დაიცვათ ის.

      b გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

  • დაე, თქვენი ოჯახი უსაფრთხო თავშესაფარი იყოს!
    გამოიღვიძეთ! — 2007 | ოქტომბერი
    • დაე, თქვენი ოჯახი უსაფრთხო თავშესაფარი იყოს!

      „თბილ გრძნობებს მოკლებულები“. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ჩვენს დროში, რომელსაც „ბოლო დღეები“ ეწოდება, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი სწორედ ასეთი იქნებოდა (2 ტიმოთე 3:1, 3, 4). ის ფაქტი, რომ ოჯახში ბავშვის სექსუალური შეურაცხყოფის შემთხვევებმა დიდ მასშტაბებს მიაღწია, ამ წინასწარმეტყველების უტყუარობას ადასტურებს. დედანში გამოყენებული ბერძნული სიტყვა „ასტორგოს“a, რომელიც ქართულად ნათარგმნია როგორც „თბილ გრძნობებს მოკლებულები“, მიუთითებს იმ სიყვარულის ნაკლებობაზე, რომელიც უნდა ჰქონდეთ ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ; ამ სიტყვაში განსაკუთრებით ისეთი სიყვარულის ნაკლებობა იგულისხმება, რომელიც მშობლებსა და შვილებს შორის უნდა არსებობდეს. ბავშვის სექსუალური შეურაცხყოფა ყველაზე ხშირად სწორედ რომ ოჯახის ან ნათესავების მხრიდან ხდება.

      როგორც ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, ოჯახში ბავშვს სექსუალურ შეურაცხყოფას უმეტესწილად აყენებს მამა, მამინაცვალი ან ის მამაკაცი, ვინც ბავშვს მეურვეობას უწევს. ხშირად ამ უმსგავსობას ნათესავებიც სჩადიან. პედოფილები ძირითადად გოგონებზე „ნადირობენ“, თუმცა მსხვერპლთა შორის ბიჭებიც არიან. პედოფილი ქალები არც ისეთ იშვიათობას წარმოადგენენ, როგორც შეიძლება გეგონოთ. ალბათ, სექსუალური შეურაცხყოფის ის ფორმა, რომელზეც ყველაზე ნაკლებად საუბრობენ, დედმამიშვილებს შორის სისხლის აღრევაა, როცა უფროსი ან უფრო ძლიერი ბავშვი ძალით ან მოტყუებით ამყარებს სქესობრივ კავშირს უმცროს ან უფრო სუსტ დასთან ან ძმასთან. უდავოდ, თქვენთვის, როგორც მშობლისთვის, ნებისმიერ ასეთ ქმედებაზე გაფიქრებაც კი ალბათ შემზარავია.

      როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი ოჯახი ასეთი პრობლემებისგან? ცხადია, ოჯახის თითოეულმა წევრმა უნდა იცოდეს ის პრინციპები, რომლებიც ოჯახს ასეთი საფრთხისგან დაიცავდა, და აფასებდეს მათ. ამ მხრივ საუკეთესო ხელმძღვანელობას გაგიწევთ ღვთის სიტყვა, ბიბლია.

      რას ამბობს ღვთის სიტყვა სქესობრივ ურთიერთობებზე?

      ოჯახი რომ დაცული იყოს, საჭიროა ზნეობასთან დაკავშირებული ბიბლიური ნორმების დაცვა. ბიბლია არ ერიდება სქესობრივ ურთიერთობებზე საუბარს. ეს თემა მასში ღირსეულად, მაგრამ ამავე დროს ღიად და პირდაპირ არის გაშუქებული. ბიბლიაში ნაჩვენებია, რომ ღმერთმა ადამიანს სქესობრივი ურთიერთობის უნარი იმიტომ მისცა, რომ ცოლ-ქმარს სიამოვნებას ანიჭებდეს (იგავები 5:15—20). მაგრამ, რაც შეეხება ქორწინების გარეშე სქესობრივ კავშირს, ღვთის სიტყვა მას განსჯის. მაგალითად, ბიბლია აშკარად გმობს სისხლის აღრევას. ლევიანების მე-18 თავში ჩამოთვლილია ასეთი სახის ურთიერთობები. ყურადღება მიაქციეთ, თუ რა წერია ერთ-ერთ მუხლში: „არც ერთი თქვენგანი არ გაეკაროს თავის სისხლით ნათესავს სიშიშვლის გამოსაჩენად [სქესობრივი კავშირის დასამყარებლად]. მე ვარ იეჰოვა“ (ლევიანები 18:6).

      სისხლის აღრევა იეჰოვამ იმ „სისაძაგლეთა“ შორის მოიხსენია, რომელთა ჩადენის შემთხვევაში ადამიანი სიკვდილით უნდა დასჯილიყო (ლევიანები 18:26, 29). აქედან აშკარად ჩანს, რომ შემოქმედს ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მაღალი ნორმები აქვს დადგენილი. დღეს მრავალი ქვეყნის მთავრობაც იზიარებს მსგავს შეხედულებას და ოჯახში ბავშვების სექსუალურ შეურაცხყოფას დიდ დანაშაულად მიიჩნევს. კანონის თანახმად, ხშირად სრულწლოვანი ადამიანის მიერ ბავშვის სექსუალური შეურაცხყოფა გაუპატიურებად ითვლება. რატომ უთვლიან ასეთ ადამიანს ჩადენილ ქმედებას გაუპატიურებად, თუკი მას ბავშვზე ძალა არ უხმარია?

      მრავალი უფლებამოსილი პირი თანდათანობით მიდის იმ დასკვნამდე, რასაც ბიბლია ბავშვების შესახებ ამბობს — ბავშვებს არა აქვთ ისეთი განსჯის უნარი, როგორიც უფროსებს. მაგალითად, იგავების 22:15-ში ნათქვამია: „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს“. პავლე მოციქულმა კი ღვთის შთაგონებით დაწერა: „როცა ბავშვი ვიყავი  . . . ბავშვივით ვაზროვნებდი და ბავშვივით ვმსჯელობდი, მაგრამ ახლა, როცა კაცი ვარ, ყოველივე ბავშვური მოვიშორე“ (1 კორინთელები 13:11).

      ბავშვს ბოლომდე არ ესმის, რა არის სქესობრივი კავშირი, და არც იმ შედეგების წარმოდგენა შეუძლია, რაც ამას წლების შემდეგ მოყვება. ამიტომ, ბევრი ეთანხმება იმ აზრს, რომ ბავშვს არ შეუძლია გააზრებულად დათანხმდეს ვინმეს სქესობრივ ურთიერთობაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სრულწლოვან ადამიანს (ან ბავშვზე შედარებით უფროსს) სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვთან, ის თავს ვერ გაიმართლებს იმის თქმით, რომ ბავშვმა მას წინააღმდეგობა არ გაუწია ან თვითონ სთხოვა ამის გაკეთება. სწორედ ამიტომ სრულწლოვან ადამიანს ასეთი ქმედება გაუპატიურებად ეთვლება. ეს არის დანაშაული, რაც ხშირად თავისუფლების აღკვეთით ისჯება. გაუპატიურებისთვის პასუხი მოეთხოვება პედოფილს და არა მის მსხვერპლს.

      სამწუხაროდ, დღეს ასეთ დამნაშავეთა უმრავლესობა დაუსჯელი რჩება. მაგალითად, ვარაუდობენ, რომ ავსტრალიაში პედოფილთა მხოლოდ 10 პროცენტის წინააღმდეგ არის საქმე აღძრული და აქედან მხოლოდ რამდენიმეა პასუხისგებაში მიცემული. სხვა ქვეყნებშიც მსგავსი მონაცემებია. თუ მთავრობები ნაწილობრივ მაინც იცავენ ქრისტიანულ ოჯახებს, ბიბლიური პრინციპების გამოყენებას მით უფრო მეტად შეუძლია ოჯახების დაცვა.

      ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იციან, რომ ღმერთი, რომლის პრინციპებიც მის სიტყვაშია ჩაწერილი, არ იცვლება. ის ჩვენ მიერ ჩადენილ ისეთ საქმეებსაც კი ხედავს, რაც სხვებისთვის დაფარულია. ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“ (ებრაელები 4:13).

      ღმერთი პასუხს მოგვთხოვს, თუ მის კანონებს დავარღვევთ და სხვებს ზიანს მივაყენებთ. მაგრამ თუ დავიცავთ ჩვენს სასარგებლოდ მოცემულ მის მცნებებს, რომლებიც ოჯახურ ცხოვრებას ეხება, ის კურთხევებს არ მოგვაკლებს. რომელია ზოგიერთი ასეთი მცნება?

      სიყვარულით გაერთიანებული ოჯახი

      ‘სიყვარული, — როგორც ბიბლია ამბობს, — გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია’ (კოლოსელები 3:14). ბიბლიის თანახმად სიყვარული მხოლოდ გრძნობა არ არის. ის ვლინდება იმ საქმეებში, რისი გაკეთებისკენაც აღძრავს ადამიანს — მოქმედებებში, რომელთა გაკეთებასაც ან უბიძგებს ადამიანს, ან პირიქით, უკრძალავს (1 კორინთელები 13:4—8). ოჯახში სიყვარული ვლინდება ერთმანეთისადმი ღირსეული მოპყრობით, პატივისცემითა და სიკეთის გამოვლენით. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახის თითოეულ წევრს ისე მოვექცეთ, როგორც ამას ღმერთი მოითხოვს. ღმერთი ოჯახში თითოეულს საპატიო და მნიშვნელოვან როლს აკისრებს.

      მამა ოჯახის თავია, ამიტომ სიყვარულის გამოვლენაში ოჯახის წევრებს ის მაგალითს უნდა აძლევდეს. მას ესმის, რომ ქრისტიან მამებს არა აქვთ უფლება, ბოროტად გამოიყენონ თავიანთი ძალა და სასტიკად მოეპყრონ ცოლ-შვილს. პირიქით, ის ქრისტესგან იღებს მაგალითს და ისე განაგებს ოჯახს (ეფესოელები 5:23, 25). ოჯახისთავი ნაზად, სიყვარულით ეპყრობა ცოლს და მომთმენი და რბილია შვილების მიმართ. ის ერთგულად იცავს ცოლ-შვილს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არაფერი დაემუქროს მათ სიმშვიდეს, ზნეობრივ სიწმინდესა და უსაფრთხოებას, და რომ მათ უნდობლობა არ განუვითარდეთ გარშემო მყოფთა მიმართ.

      ისევე როგორც ქმარს, ცოლს და დედას მნიშვნელოვანი და ღირსეული როლი აკისრია ოჯახში. იმის დასანახვებლად, თუ როგორ იცავენ იეჰოვა და იესო თავის ხალხს, ბიბლიაში მოხსენიებულია ცხოველებისა თუ ფრინველების დედობრივი ინსტინქტი, რაც მათ შვილების დაცვისკენ უბიძგებს (მათე 23:37). დედაც თავის შვილებს თავგამოდებით უნდა იცავდეს. მოსიყვარულე დედისთვის შვილების უსაფრთხოება და კეთილდღეობა საკუთარზე ბევრად მნიშვნელოვანია. მშობლები არ დაუშვებენ, რომ თავიანთი ძალა ბოროტად გამოიყენონ ოჯახის წევრების მიმართ, უხეშად მოექცნენ მათ და დააშინონ ისინი. მშობლები არც იმას დაუშვებენ, რომ შვილები მსგავსად მოექცნენ ერთმანეთს.

      როდესაც ოჯახის თითოეული წევრი ერთმანეთს ღირსეულად და პატივისცემით ექცევა, ისინი ხელს უწყობენ ოჯახში სასიამოვნო ურთიერთობას. ერთი წიგნის ავტორი, უილიამ პრენდერგასტი წერს: „ყველა მშობელს ყოველდღიურად უნდა ჰქონდეს ახლო ურთიერთობა შვილებთან, პატარები არიან ისინი თუ მოზრდილები“. შემდეგ კი დასძენს: „როგორც ჩანს, ეს არის სექსუალური შეურაცხყოფისგან შვილების დაცვის საუკეთესო საშუალება“. ბიბლიაც სწორედ იმისკენ მოუწოდებს მშობლებს, რომ შვილებთან მუდმივად ჰქონდეთ თბილი ურთიერთობა (კანონი 6:6, 7). როდესაც ოჯახში ამ რჩევებს ითვალისწინებენ, სახლი იქცევა იმ ადგილად, სადაც ოჯახის წევრები თავისუფლად და შიშის გარეშე უშლიან გულს ერთმანეთს.

      მართალია, ბოროტ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ და ყველა საშიშროებას ვერ ავერიდებით, მაგრამ, თუ ჩვენი ოჯახი უსაფრთხო თავშესაფარი იქნება, თავს დაცულად ვიგრძნობთ. თუ ვინმეს ოჯახის გარეთ ტკივილს მიაყენებენ, მას ეცოდინება, სად უნდა ეძებოს ნუგეში და თანაგრძნობა. მისთვის ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ ეს ადგილი მისი ოჯახია და რომ ის მართლაც უსაფრთხო თავშესაფარია ამ ბოროტ ქვეყნიერებაში. დაე, ღმერთმა აკურთხოს თქვენი ძალისხმევა, რომ თქვენი ოჯახიც ასეთი თავშესაფარი იყოს!

      [სქოლიო]

      a ეს ძველი ბერძნული სიტყვა ასე განიმარტება: „ნათესავების მიმართ გულცივი“. ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში ეს მუხლი შემდეგნაირადაა გადმოცემული: „მათ არ ეყვარებათ ოჯახის წევრები“.

      [ჩარჩო⁄სურათი 10 გვერდზე]

      როგორ დავიცვათ ოჯახში უსაფრთხოების ზომები?

      ინტერნეტი: თუ თქვენს შვილებს შეუძლიათ ინტერნეტის გამოყენება, ასწავლეთ მათ, როგორ გამოიყენონ ის, რომ ხიფათს არ გადაეყარონ. არსებობს უამრავი პორნოგრაფიული საიტი, აგრეთვე „ჩეთ რუმები“ და ურთიერთობისთვის განკუთვნილი სხვადასხვა საიტები, რომელთა საშუალებითაც პედოფილები ეძებენ თავიანთ მსხვერპლს და შეცდომაში შეჰყავთ ბავშვები. ამიტომ გონივრულია, კომპიუტერი ისეთ ადგილზე დაიდგას, რომ მშობლებმა ადვილად შეძლონ იმის გაკონტროლება, თუ როგორ იყენებენ ბავშვები მას. ინტერნეტით სარგებლობისას ბავშვებმა მშობლების ნებართვის გარეშე არავის არ უნდა მისცენ ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ და არც არავის არ უნდა დათანხმდნენ შეხვედრაზე (ფსალმუნი 26:4).

      ალკოჰოლური სასმელები: ხშირ შემთხვევაში ბავშვს სექსუალურ შეურაცხყოფას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები აყენებენ. როგორც ფაქტები ცხადყოფს, ის ადამიანები, რომლებსაც ზედმეტი ალკოჰოლი აქვთ მიღებული, ნაკლებად თავშეკავებულები არიან. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზოგი ადამიანი ისეთი სურვილების დაკმაყოფილებისკენ ილტვის, რასაც ფხიზელი ალბათ უფრო დაიოკებდა. როგორც უნდა იყოს, ეს საფრთხე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიის იმ რჩევის მიყოლა, რომელიც ეხება სიმთვრალესა და უზომოდ სმას (იგავები 20:1; 23:20, 31—33; 1 პეტრე 4:3).

      განმარტოების უფლება: ერთი ქალი იხსენებს: „დედის სიკვდილის შემდეგ სახლში მხოლოდ მამას ჰქონდა თავის ოთახში ფარდები და მხოლოდ მის საძინებელს ჰქონდა კარი. ის სააბაზანოშიც კი არ გვაძლევდა განმარტოების საშუალებას“. ამ კაცმა ყველა თავის ქალიშვილს სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა. ოჯახში ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თითოეულს აქვს განმარტოების უფლება. როგორც მშობლებს სჭირდებათ ზოგჯერ შვილებისგან განმარტოება, ასევე შვილებსაც სჭირდებათ განმარტოება, როცა ისინი წამოიზრდებიან. გონიერი მშობლები ისე ექცევიან თავიანთ შვილებს, როგორც თავად სურთ, რომ მოექცნენ მათ (მათე 7:12).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება