საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g99 6/8 გვ. 4-9
  • ბავშვების ნაოფლარი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბავშვების ნაოფლარი
  • გამოიღვიძეთ! — 1999
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ამ პრობლემის მასშტაბები
  • რა განაპირობებს ბავშვების მუშაობას
  • ბავშვთა ექსპლუატაციის ფორმები
  • გამწარებული ბავშვობა
  • როგორ შეგიძლიათ შვილების დაცვა?
    გამოიღვიძეთ! — 2007
  • ვინ დაიცავს ჩვენს შვილებს?
    გამოიღვიძეთ! — 1999
  • სიყრმიდანვე აღზარდეთ ბავშვი
    ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
  • კრიტიკული მდგომარეობა მთელ მსოფლიოშია
    გამოიღვიძეთ! — 1999
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1999
g99 6/8 გვ. 4-9

ბავშვების ნაოფლარი

„ბავშვებს, რომლებიც დღეს წარმოებებში არიან დასაქმებული, ეპყრობიან როგორც ნივთებს და არა როგორც საზოგადოების მომავალს“ (ჩირა ჰონგლადარომი, ტაილანდის შრომითი რესურსების ინსტიტუტის დირექტორი).

ამის შემდეგ თქვენი გოგონასთვის თოჯინის ყიდვისას გაიხსენეთ, რომ მის წარმოებაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, შესაძლებელია, ბავშვები მუშაობდნენ. ან, როდესაც თქვენი ვაჟი ფეხბურთის ბურთს ფეხს დაარტყამს, დაფიქრდით იმაზე, რომ ის შეიძლება სამი წლის გოგონას შეკერილი იყოს, რომელიც დედასთან და თავის ოთხ დაიკოსთან ერთად მუშაობს, რისთვისაც 75 ცენტს ღებულობს. ნოხის ყიდვისას კი წარმოიდგინე, ის შეიძლება ექვსი წლის ბიჭუნას სხარტი თითებით იყოს მოქსოვილი, რომელსაც ყოველ დღე მრავალი საათის განმავლობაში საშინელ პირობებში უხდება მუშაობა.

რამდენად გავრცელებულია ბავშვთა ექსპლუატაცია? როგორ მოქმედებს ეს ბავშვებზე? რა შეიძლება გაკეთდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად?

ამ პრობლემის მასშტაბები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობის თანახმად, 5—14 წლამდე ასაკის მომუშავე ბავშვების რიცხვი განვითარებად ქვეყნებში 250 მილიონს შეადგენსa. როგორც ფიქრობენ, ასეთი ბავშვების 61 პროცენტი აზიაზე მოდის, 32 — აფრიკაზე, 7 კი — ლათინურ ამერიკაზე. ბავშვების ექსპლუატაციას განვითარებულ ქვეყნებშიც ეწევიან.

სამხრეთ ევროპაში უამრავი ბავშვი მუშაობს, განსაკუთრებით კი სეზონურ სამუშაოებზე, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში და პატარა სახელოსნოებში. ბოლო დროს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მას შემდეგ, რაც კომუნიზმი კაპიტალიზმმა შეცვალა, ბავშვების შრომის შემთხვევები მომრავლდა. შეერთებულ შტატებში მათი რიცხვი 5,5 მილიონს აღწევს, — და ეს თორმეტ წლამდე ბავშვების გარდა, რომლებსაც საწარმოებში ან დიდ ფერმებზე არაკანონიერად დროებით მუშებად ამუშავებენ. რამ გამოიწვია მათი ასეთი ყოფა?

რა განაპირობებს ბავშვების მუშაობას

სიღარიბე. „სარისკო და გამომფიტავი სამუშაოსკენ ბავშვებს ყველაზე ხშირად სიღარიბე უბიძგებს, — ნათქვამი იყო ერთ-ერთ პუბლიკაციაში. — ბავშვების ხელფასის სახით მცირე შემოსავალმაც კი, ან საოჯახო საქმეებში დახმარებამ, რაც ნებას რთავს მშობლებს, იმუშაონ, ღარიბი ოჯახი შეიძლება შიმშილით სიკვდილს გადაარჩინოს“ (The State of the World’s Children 1997). მომუშავე ბავშვების მშობლები ხშირად უმუშევრები არიან ან კიდევ არ აქვთ მუდმივი სამსახური. ყოველდღიური შემოსავლის უქონლობის გამო ისინი გულგატეხილობამდე არიან მისულები. მაშინ რატომ სთავაზობენ სამუშაოს არა მშობლებს, არამედ მათ შვილებს? იმიტომ, რომ ბავშვებს ნაკლებს უხდიან. გარდა ამისა, ისინი უფრო მორჩილები და დამთმობები არიან; ბევრი უსიტყვოდ აკეთებს იმას, რასაც ეტყვიან; ბავშვები დამსაქმებლებს იშვიათად უსვამენ კითხვებს, თანაც ნაკლებ წინააღმდეგობას უწევენ მჩაგვრელებს და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სამაგიეროს არ უხდიან.

გაუნათლებლობა. 11 წლის ინდოელი ბიჭუნა, სახელად სუდჰირი, იმ მილიონობით ბავშვის რიცხვს ეკუთვნის, რომლებმაც სკოლა მიატოვეს და მუშაობა დაიწყეს. რატომ? „სკოლაში მასწავლებლები კარგად არ გვასწავლიდნენ, — პასუხობს ის. — და, თუ ვთხოვდით, ჩვენთვის ანბანი ესწავლებინათ, გვცემდნენ, თანაც გაკვეთილებზე ეძინათ . . . რასაც ვერ გავიგებდით, არ გვიხსნიდნენ“. სამწუხაროდ, სუდჰირის მიერ აღწერილი, სკოლაში არსებული სიტუაცია, სიმართლეა. განვითარებად ქვეყნებში საზოგადოებრივი ხარჯების შემცირებამ ყველაზე დიდი ზიანი საგანმანათლებლო სისტემას მიაყენა. 1994 წელს გაეროს მიერ 14 ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკვლევამ რამდენიმე საინტერესო ფაქტი გამოააშკარავა. მაგალითად, შვიდ ქვეყანაში, პირველი კლასის საკლასო ოთახებში ათ მოსწავლეზე მხოლოდ ოთხი სკამია. მოსწავლეების ნახევარს სახელმძღვანელოები არ აქვს, და საკლასო ოთახების ნახევარში დაფები არ არის. გასაკვირი არ არის, რომ ბევრი ასეთ სკოლაში მოსიარულე ბავშვი სწავლას თავს ანებებს და სამუშაოდ მიდის.

ტრადიცია. სარისკო და მძიმე სამუშაოებზე უფრო ეთნიკურ უმცირესობას, დაბალი კლასების წარმომადგენლებსა და ღარიბებს ამუშავებენ. გაეროს ბავშვთა ფონდი აზიის ქვეყნებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „არსებობს თვალსაზრისი, თითქოსდა ზოგი მხოლოდ მმართველობისთვისა და გონებრივი სამუშაოსთვის იბადება, დარჩენილმა უმრავლესობამ კი მხოლოდ ფიზიკური სამუშაო უნდა შეასრულოს“. ამასთან დაკავშირებით არც დასავლეთში არსებობს უკეთესი თვალსაზრისი. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა თავიანთი შვილებისთვის სარისკო სამსახურს არ ისურვებდა, მათ სრულებითაც არ აღელვებთ ის, რომ ბავშვები, რომლებიც რასობრივ, ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნებიან ან ღარიბები არიან, სწორედ ასეთ საქმეზე მუშაობენ. მაგალითად, ჩრდილოეთ ევროპაში უფრო მეტად თურქ და აფრიკელ ბავშვებს ამუშავებენ, შეერთებულ შტატებში კი — აზიელებსა და ლათინოამერიკელებს. ეს პრობლემა დღევანდელმა სიხარბის სულით აღვსილმა საზოგადოებამ კიდევ უფრო გაამწვავა. დაბალი ღირებულების პროდუქციის მოთხოვნილება დიდია. ცოტას თუ აწუხებს ის, რომ ამაში შეიძლება მილიონობით ექსპლუატირებული ბავშვის შრომაა ჩადებული, რომლების სახელებიც არავინ იცის.

ბავშვთა ექსპლუატაციის ფორმები

ბავშვთა ექსპლუატაციის რა ფორმები არსებობს? ძირითადად, ისინი მოსამსახურეებად მუშაობენ. მათ „მსოფლიოში ყველაზე მეტად დავიწყებულ ბავშვებს“ ეძახიან. მოსამსახურედ მუშაობა თითქოს სახიფათო საქმე არ უნდა იყოს, მაგრამ ხშირად ის სწორედ ასეთია. ძირითადად, მათ ძალიან ცოტას ან საერთოდ არაფერს უხდიან. სამუშაოსთან დაკავშირებული მოთხოვნები მთლიანად მათი ბატონების კაპრიზებზეა დამოკიდებული. ასეთ ბავშვებს სიყვარულის, განათლების, თამაშისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გარეშე ტოვებენ. ისინი არც ფიზიკური და სექსუალური შეურაცხყოფისგან არიან დაცულები.

ზოგი ბავშვი იძულებით სამუშაოს ასრულებს და დამონებული შავი მუშაა. სამხრეთ აზიასა და სხვა ქვეყნებში ხშირად რვა-ცხრა წლის ბავშვებს თავიანთი მშობლები მცირე ვალის გამო ქარხნის მფლობელებთან ან მის წარმომადგენლებთან აგირავებენ. მაგრამ ბავშვების სამუდამო მონობაში მიცემითაც კი ვალის შემცირებას ვერასოდეს ახერხებენ.

რა შეიძლება ითქვას კომერციული მიზნებით ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციაზე? გამოთვლილია, რომ ყოველ წელიწადს სულ ცოტა მილიონი გოგონა მაინც ხდება სხეულით მოვაჭრე. ბიჭებსაც ხშირად უწევენ სექსუალურ ექსპლუატაციას. ასეთი სახის შეურაცხყოფა, მიყენებული ფიზიკური და ემოციური ზარალის გამო, — თუ არ ჩავთვლით შიდს-ით ინფიცირებას, — ბავშვების ექსპლუატაციის ყველაზე სახიფათო ფორმაა. „საზოგადოებისთვის ჩვენ მაწანწალები ვართ, — ამბობს 15 წლის სენეგალელი როსკიპი გოგონა. — არავის სურს ჩვენთან ურთიერთობა და იმასაც კი ერიდებიან, რომ ჩვენთან ერთად ვინმემ დაინახოს“b.

პროცენტულად, ყველაზე მეტ ბავშვს სამრეწველო და პლანტაციის მუშებად იყენებენ. ბავშვები სამთო საქმეზეც მუშაობენ, რაც მოზრდილი ადამიანებისთვისაც სახიფათოდ ჩაითვლებოდა. ისინი ხშირად ტუბერკულოზით, ბრონქიტითა და ასთმით ავადდებიან. პლანტაციაში მომუშავე ბავშვებს კი პესტიციდებით მოწამვლის, ან შხამიანი გველებისა და მწერების მიერ დაკბენის საფრთხე ემუქრებათ. ზოგი მაჩეტეთი ლერწმის მოჭრისას სახიჩრდება. მილიონობით სხვა ბავშვისთვის ქუჩა წარმოადგენს სამუშაო ადგილს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ათი წლის შირინი, რომელიც ნაგავში იქექება, რომ რაიმე იპოვოს და გაყიდოს. მას არასოდეს უვლია სკოლაში, მაგრამ თავის რჩენის აუცილებლობა კარგად ესმის. თუ მოახერხებს 30-50 ცენტის გამომუშავებას მაკულატურისა და პარკების გაყიდვით, ისაუზმებს; თუ ნაკლებს დააგროვებს, მშიერი დარჩება. ქუჩაში მომუშავე ბავშვები ხშირად ოჯახის წევრებისგან ცუდ მოპყრობასა და უგულებელყოფას გაურბიან, მაგრამ ქუჩაში უარეს შეურაცხყოფასა და ექსპლუატაციას აწყდებიან. „ყოველდღე ვლოცულობ, რომ ბოროტ ადამიანებს არ შემოვაკვდე“, — ამბობს ათი წლის ჯოზი, რომელიც აზიის ერთ-ერთი ქალაქის მთავარ ქუჩაზე კანფეტებს ყიდის.

გამწარებული ბავშვობა

ბავშვთა ექსპლუატაციის ასეთი ფორმების გამო ათობით მილიონ ბავშვს სერიოზული საფრთხე ემუქრება და ეს შეიძლება ცუდმა სამუშაო პირობებმა გამოიწვიოს. უფროსებისგან განსხვავებით, ბავშვებს შედარებით ხშირად ემართებათ სამსახურში უბედური შემთხვევები. ეს იმიტომ, რომ მათი აგებულება განსხვავდება ზრდასრული ადამიანის აგებულებისგან. ბავშვის ხერხემალი და მენჯის ძვალი მძიმე სამუშაოს გამო ადვილად შეიძლება დეფორმირდეს. გარდა ამისა, პატარისთვის უფრო საშიშია ქიმიური ნივთიერებები და რადიაცია. თანაც, ბავშვები არ არიან ფიზიკურად მზად მრავალსაათიანი ენერგიული და მონოტონური სამუშაოსთვის, რასაც ხშირად აკეთებენ ხოლმე. უმეტეს შემთხვევაში პატარებმა არ იციან, რა საშიშროება არსებობს და არც ის, უსაფრთხოების რა ზომები უნდა მიიღონ.

ბავშვთა ექსპლუატაცია მათ ფსიქოლოგიურ, ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებაზეც საშინლად მოქმედებს. ასეთი ბავშვები სიყვარულის გარეშე იზრდებიან. ცემა, შეურაცხყოფა, შიმშილით დასჯა და სექსუალური ძალადობა დღეს ძალზე გავრცელებულია. ერთი გამოკვლევის თანახმად, 250 მილიონამდე მომუშავე ბავშვიდან თითქმის ნახევარმა სკოლა დატოვა. გარდა ამისა, შენიშნეს, რომ მთელი დღის განმავლობაში მომუშავე ბავშვები ნაკლებად სწავლის უნარიანები ხდებიან.

რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? იმას, რომ მომუშავე ბავშვების უმრავლესობას მუდმივი სიღარიბე, ტანჯვა, ავადმყოფობა, გაუნათლებლობა და საზოგადოებისგან განმარტოება ელის. ან კიდევ, როგორც ჟურნალისტმა რობინ რაიტმა აღნიშნა: „მიუხედავად მეცნიერული და ტექნიკური წინსვლისა, მეოცე საუკუნის ბოლოს მსოფლიო მილიონობით ისეთ ბავშვს აყალიბებს, რომლებსაც თითქმის არ აქვთ ნორმალური ცხოვრების, მით უმეტეს კი, XXI საუკუნეში შესვლის პერსპექტივა“. ეს გამომაფხიზლებელი სიტყვები წამოჭრის კითხვებს: როგორ უნდა მოვეპყროთ ბავშვებს? არსებობს მათი ასეთი ექსპლუატაციის აღმოფხვრის რაიმე საშუალება?

[სქოლიოები]

a ამავე ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ბავშვი მინიმუმ 15 წლის უნდა იყოს, რომ იმუშაოს, რადგან მან სავალდებულო განათლების მიღება უნდა მოასწროს. მათ ძირითადად ეს საზომი გამოიყენეს იმის დასადგენად, რამდენი ბავშვი მუშაობს დღეს მთელ მსოფლიოში.

b ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 1997 წლის 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 11—15 (რუს.).

[ჩარჩო 5 გვერდზე]

რას ნიშნავს ბავშვების შრომა?

ნებისმიერ საზოგადოებაში ბავშვების უმრავლესობა ამა თუ იმ სახის სამუშაოს ასრულებს, რაც დამოკიდებულია იმ საზოგადოებასა და დროზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. მუშაობა შეიძლება აუცილებელიც იყოს ბავშვების განათლებისთვის და მშობლების მიერ შვილებისთვის ხელობის გადასაცემად. ზოგ ქვეყანაში ბავშვები ხშირად სახელოსნოებსა და მცირე მომსახურეობაში მუშაობენ, მოგვიანებით კი გამოცდილი მუშები ხდებიან. სხვა ქვეყნებში მოზარდები კვირაში რამდენიმე საათს შრომობენ მხოლოდ ჯიბის ფულისთვის. გაეროს ბავშვთა ფონდი აღნიშნავს, რომ ასეთი სამუშაო „სასარგებლოა, რადგან ხელს უწყობს და აუმჯობესებს ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, ზნეობრივ და სოციალურ განვითარებას, ისე რომ ხელს არ უშლის სწავლას, გართობასა და დასვენებას“.

მეორე მხრივ, ბავშვების ექსპლუატაციაზე საუბრისას უფრო ისეთ ბავშვებს გულისხმობენ, რომლებიც მცირე ანაზღაურების მისაღებად მთელი დღის განმავლობაში მათი ჯანმრთელობისთვის მავნე პირობებში მუშაობენ. ასეთი სახის სამუშაო «აშკარად გამანადგურებელი და ექსპლუატატორულია, — აღნიშნულია ერთ პუბლიკაციაში. — სახალხოდ ვერავინ იტყვის, რომ ბავშვების როსკიპებად გამოყენება რაიმე ვითარებაში გამართლებულია. იგივე შეიძლება ითქვას „ბავშვების იძულებით მუშაობაზე“, ტერმინზე, რომელსაც ფაქტობრივად იმ დამონებულ ბავშვებთან დაკავშირებით იყენებენ, რომლებიც თავიანთი მშობლების ან ბებია-პაპების ვალების გამო მუშაობენ. ეს იმ სამუშაოებსაც ეხება, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიში და სარისკოა. სარისკო სამუშაო კი არც ერთი ბავშვისთვის არ არის დაშვებული» (The State of the World’s Children 1997).

[ჩარჩო⁄სურათი 8, 9 გვერდებზე]

„ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია სათავეში ჩაუდგა ბავშვთა შრომის საშიში ფორმების აღმოფხვრას. ეს ორგანიზაცია მთავრობებს მოუწოდებს, კანონით აკრძალონ 15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვების მუშაობა. ის აგრეთვე ორგანიზებას უწევს ახალ კონვენციებს 12 წლამდე ბავშვების შრომის აკრძალვასთან და სახიფათო პირობებში მათი შრომის უკანონობად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამ მცდელობების შედეგების გასაგებად ჩვენი კორესპონდენტი ესაუბრა ამერიკის შრომის დეპარტამენტის ბავშვთა შრომის საერთაშორისო პროგრამის ხელმძღვანელს, სონია როზენს. მას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სხვადასხვა პროგრამებთან ჰქონდა საქმე. გთავაზობთ ნაწყვეტს მათი საუბრიდან.

— რომელია ყველაზე ეფექტური ხერხი ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის?

— ჩვენ არ გვაქვს ერთი გარკვეული მეთოდი. მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით ისეთ ძირითად საკითხებს განვიხილავთ, როგორიც არის, მაგალითად, საჭირო მართლწესრიგითა და საყოველთაო დაწყებითი განათლებით უზრუნველყოფა, იქნება ეს სავალდებულო თუ ნებაყოფლობითით. რა თქმა უნდა, აუცილებელია მათი მშობლებისთვისაც სათანადო სამსახურების პოვნა.

— კმაყოფილი ხართ ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებით?

— რა თქმა უნდა, არა. ჩვენი აზრით, არც ერთი ბავშვი არ უნდა ასრულებდეს დამამცირებელ სამუშაოს. ამ პროგრამების მეშვეობით ჩვენ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

— როგორ ეხმაურება საზოგადოება მსოფლიო მასშტაბით ბავშვთა ექსპლუატაციის შეწყვეტის მცდელობას?

— ამ კითხვაზე აღარ ვიცი რა გიპასუხოთ. გარკვეულწილად მთელი მსოფლიო ეთანხმება იმ აზრს, რომ ბავშვების ექსპლუატაციას უნდა ვებრძოლოთ. მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში საკითხავი ის არის, როგორ და რამდენად მალე უნდა გაკეთდეს ეს? რომელია საუკეთესო მეთოდები ბავშვების ექსპლუატაციის აღმოსაფხვრელად? ვფიქრობ, ჩვენ სწორედ ამ სირთულეს ვაწყდებით.

— რა მომავალი ელით მომუშავე ბავშვებს?

— მსოფლიოს ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ამ წელს ჟენევას დაუბრუნდება ბავშვთა შრომის არასასურველი ფორმების თაობაზე ახალი კონვენციის მისაღებად; ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის მუშებიც და დამსაქმებლებიც — ეს კი ნამდვილად დიდი მიღწევაა. იმედია, შეიქმნება ახალი სტრუქტურა, რომლის მიზანიც ბავშვთა შრომის სახიფათო ფორმების აღმოფხვრა იქნება.

ყველა როდი იზიარებს სონია როზენის ოპტიმიზმს. ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტი, ჩარლზ მაკ-კორმაკი აღნიშნავს: „პოლიტიკური მიდგომა და საზოგადოების გათვითცნობიერება არ მოაგვარებს ამ პრობლემას“. რატომ? გაეროს ბავშვთა ფონდი აღნიშნავს: „ბავშვთა ექსპლუატაცია ხშირად არაერთ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ძლიერი გავლენის მქონე პირები, მათ შორის ბევრი მეწარმე, დამბანდებელთა ჯგუფები და ეკონომისტები აცხადებენ, რომ, რადაც არ უნდა დაჯდეს, თავისუფალი ვაჭრობის ბაზარი უნდა შენარჩუნდეს. ტრადიციის მიმდევრები კი, რომლებიც ბავშვებს კასტებად და კლასებად ყოფენ, მათ ყველანაირ უფლებებს ართმევენ“.

[სურათი]

სონია როზენი.

[სურათები 5 გვერდზე]

ბავშვების ექსპლუატაციის სამწუხარო ისტორია მაღაროებსა და ბამბის ქარხნებში მათ მძიმე შრომას მოიცავს.

[საავტორო უფლება]

U.S. National Archives photos

[სურათი 7 გვერდზე]

ეს ბავშვი ნაგავში ნაპოვნით ირჩენს თავს.

[სურათი 7 გვერდზე]

პატარა, რომელიც მძიმედ შრომობს შეშის მოგროვებაზე.

[საავტორო უფლება]

UN PHOTO 148046/ J. P. Laffont - SYGMA

[სურათი 7 გვერდზე]

ძაფის სართავ ფაბრიკაში მუშაობა.

[საავტორო უფლება]

CORBIS/Dean Conger

[სურათი 8 გვერდზე]

ქუჩაში გამყიდველად მომუშავე ბავშვები, რომლებიც დღეში 6 ცენტზე ნაკლებს ღებულობენ.

[საავტორო უფლება]

UN PHOTO 148027/Jean Pierre Laffont

[სურათი 8 გვერდზე]

სადურგლოში მომუშავე პატარები.

[საავტორო უფლება]

UN PHOTO 148079/ J. P. Laffont - SYGMA

[სურათი 9 გვერდზე]

თავის რჩენისათვის მებრძოლი ბავშვები.

[საავტორო უფლება]

UN PHOTO 148048/J. P. Laffont - SYGMA

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება