-
თვალსა და ხელს შუა გამქრალი ბავშვობაგამოიღვიძეთ! — 2003 | მაისი 8
-
-
თვალსა და ხელს შუა გამქრალი ბავშვობა
„ლაღი ბავშვობის უფლება — ეს არის ყველა პატარის ძირითადი უფლება“ („დაჩქარებული ბავშვობა“).
ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ უკლებლივ ყველა პატარას უნდა ჰქონდეს ბავშვობის წლების შედარებით უზრუნველად და უღრუბლოდ გატარების შესაძლებლობა. მაგრამ, რამდენად სამწუხაროც უნდა იყოს, უამრავ ბიჭსა და გოგონას ეს მხოლოდ ნატვრად აქვს ქცეული. დაფიქრდით იმ ათასობით, ან იქნებ მილიონობით, პატარაზე, რომლებსაც უმოწყალო ომები ბავშვობის ოცნებებს უმსხვრევს. სხვა უამრავს კი დამონებითა და მხეცურად მოპყრობით უშრობენ სისხლს.
უმრავლესობისთვის ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რას გრძნობენ ბავშვები, როდესაც იძულებული არიან, ქუჩაში დაიწყონ ცხოვრება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გარეთ უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, ვიდრე სახლში. მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ სითბო და მზრუნველობა, მათ ისღა დარჩენიათ, ქუჩური ცხოვრების „ანბანი“ ისწავლონ და ათასი ჯურის ვიგინდარასგან დაიცვან თავი. ერთი სიტყვით, ჩვენი მშფოთვარე ეპოქა ძალიან ხშირად სწორედ ბავშვებს ასვამს თავის წარუშლელ დაღს.
„ნეტავ ბავშვობა დამაბრუნებინა“
22 წლის კარმენმა რთული ბავშვობა გამოიარაa. მას და მის დას მამა მხეცურად ექცეოდა, დედა კი საერთოდ არ ზრუნავდა მათზე, რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ ქუჩაში დაეწყოთ ცხოვრება. თუმცა ქუჩის ცხოვრება უამრავი ხიფათით არის სავსე, საბედნიეროდ, ორივე გოგონამ მოახერხა იმ მახეებისთვის თავის არიდება, რომლებშიც სახლიდან გამოქცეული უამრავი ახალგაზრდა ებმება.
და მაინც, კარმენი ძალიან განიცდის იმას, რომ ბავშვობა საპნის ბუშტივით თვალსა და ხელს შუა გაუქრა და ვერც კი იხსენებს, იყო თუ არა მის ცხოვრებაში ასეთი პერიოდი. „22 წლისა ისე გავხდი, რომ ბავშვობა რა არის, არც კი ვიცი, — ჩივის ის. — ახლა გათხოვილი ვარ და საკუთარი ბავშვი მყავს, მაგრამ ხშირად, გეგონება პატარა გოგონა ვიყოო, ისე ძალიან მინდება თამაში — აი, თუნდაც თოჯინებით. როგორ მინდა, რომ მშობლები ზრუნავდნენ ჩემზე და გულში მიხუტებდნენ. ნეტავ ბავშვობა დამაბრუნებინა“.
კარმენისა და მისი დის მსგავსად უამრავი ბავშვი იტანჯება. ისინი ქუჩაში ცხოვრობენ და, ფაქტობრივად, სრულიად მოკლებული არიან ბავშვობის მხიარულ წლებს. ბევრი მათგანი დანაშაულს სჩადის, რათა როგორმე თავი გაიტანოს. საინფორმაციო წყაროებისა და სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ზოგი ბავშვი საოცრად ადრეული ასაკიდან იწყებს დამნაშავეობას. სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს სხვა გარემოებაც: მრავალი გოგონა ისეთ ასაკში ხდება დედა, როცა თვითონ ჯერ კიდევ ბავშვია.
ფარული სოციალური კრიზისი
ალბათ, გასაკვირი აღარ უნდა იყოს, რომ სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც უცხო ოჯახში არიან აღსაზრდელად გადაცემული. გაზეთ „უიკენდ ოსტრეილიენის“ მოწინავე სტატიაში ნათქვამი იყო: „ჩვენი საზოგადოება მოულოდნელად აღმოჩნდა იმ კრიზისის წინაშე, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაცვის სფეროში შეიქმნა. დანგრეული ოჯახებიდან გამოსული სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი რჩება სათანადო მზრუნველობის გარეშე“. გაზეთი შემდეგ დასძენს: „ზოგჯერ თვეები და წლებიც კი ისე გადის, რომ ზოგი მზრუნველობამოკლებული ბავშვი საერთოდ არ ახსენდებათ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა თანამშრომლებს. სხვა ბავშვები კი მუდმივ თავშესაფარს არიან მოკლებული — მათ დაუსრულებლად აგზავნიან ერთი მიმღები ოჯახიდან მეორეში“.
იყო ისეთი შემთხვევაც, როცა 13 წლის გოგონა სამი წლის განმავლობაში 97 სხვადასხვა ოჯახს მიაბარეს აღსაზრდელად და ზოგ ოჯახში მან მხოლოდ ერთი ღამე გაატარა. იგი იხსენებს, რა უზომოდ ტანჯავდა დაუცველობისა და იმის გრძნობა, რომ არავის სჭირდებოდა. ამ გოგონას მსგავსად, მშობლების მზრუნველობამოკლებულ მრავალ მოზარდს ბავშვობა თვალსა და ხელს შუა გაუქრა.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი აღარ არის, რომ დღეს სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დაკარგულ ბავშვობაზე — ტრაგედიაზე, რომელიც უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. ზემოხსენებული პირქუში ფაქტების გათვალისწინებით, შეგიძლიათ, ბედნიერ მშობლად ჩათვალოთ თავი, თუ თქვენი შვილები თქვენ გვერდით იზრდებიან და ყოველივე აუცილებლით მათ უზრუნველყოფას ახერხებთ. მაგრამ არსებობს სხვა საშიშროება. ვერ ვიტყვით, რომ დღევანდელ მსოფლიოში ბავშვობა ყოველთვის სოციალური პრობლემების გამო ქრება თვალსა და ხელს შუა. ზოგჯერ პატარებს უფროსები „უჩქარებენ“ ბავშვობის წლებს ანუ ართმევენ მას. როგორ ხდება ეს და რა შედეგები მოაქვს ამას?
[სქოლიო]
a სახელი შეცვლილია.
-
-
წართმეული ბავშვობაგამოიღვიძეთ! — 2003 | მაისი 8
-
-
წართმეული ბავშვობა
მოქუფრული ცის ქვეშ მომცრო, ერთძრავიანი თვითმფრინავის გრუხუნი ისმის. იგი სიჩქარეს ავითარებს და მალე ასაფრენ ბილიკს სწყდება. აქვე მასმედიის წარმომადგენლები შეკრებილან. ფოტოკორესპონდენტები თავიანთ ფოტოაპარატებს წამითაც არ აძლევენ მოსვენებას, აღფრთოვანებული ჟურნალისტებისგან კი უწყვეტ ნაკადად მოედინება კითხვები და კომპლიმენტები. საინტერესოა, ვინ იყო ყურადღების ცენტრში? არა, ეს აჟიოტაჟი არ გამოუწვევია თვითმფრინავში მყოფ ერთადერთ უფლებამოსილ პილოტს და არც მის ერთადერთ მგზავრს — უკვე მოწიფულ მამაკაცს. ცნობისმოყვარეობის ობიექტი მგზავრის შვიდი წლის გოგონა იყო.
სწორედ ამ პატარა გოგონას უნდა ემართა თვითმფრინავი. მისი მიზანი არსებული რეკორდის მოხსნა და ახლის დამყარება იყო, თანაც ზუსტად უნდა მიჰყოლოდა წინასწარ დადგენილ განრიგს. ჟურნალისტებსა და ფოტოკორესპონდენტებს უნდა გადაენაცვლათ იმ ადგილებზე, სადაც კი თვითმფრინავის მორიგი დაშვება იყო დაგეგმილი. ცუდი ამინდის მიუხედავად პილოტმა, გოგონამ და მისმა მამამ მხნედ ააბიჯეს თვითმფრინავში. ბავშვს ბალიში დაუდეს, რათა ხელსაწყოთა დაფას მხედველობის არე არ დაეფარა; ფეხებზე კი სპეციალური მოწყობილობა მიაბეს, პედლებს თავისუფლად რომ მისწვდომოდა.
სამწუხაროდ, ფრენა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. ჰაერის მძლავრ ტურბულენტურ ნაკადში მოულოდნელად მოხვედრილმა თვითმფრინავმა მიმართულება იცვალა, დაკარგა ამწევი ძალა და მიწას დაასკდა. სამივე ადამიანი დაიღუპა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ხოტბა-დიდებას თავი ანებეს და უმალ მომხდარი ტრაგედიის გაშუქება დაიწყეს. მასმედიამაც ხომ არ ითამაშა გარკვეული როლი ამ უბედურების დატრიალებაში? სწორედ ასეთი შეშფოთება გამოთქვა ზოგიერთმა ჟურნალისტმა და რედაქტორმა. ბევრმა დაჟინებით მოითხოვა, რომ ბავშვებისთვის საერთოდ აეკრძალათ თვითმფრინავის მართვა. შეერთებულ შტატებში მიიღეს რამდენიმე კანონი, რომელთა თანახმადაც არასრულწლოვნებს მეტად აღარ ჰქონდათ თვითმფრინავის მართვის უფლება. მაგრამ ამ სენსაციური ამბისა და, ერთი შეხედვით, ასე ადვილად მოგვარებული პრობლემის უკან გაცილებით ღრმა შინაარსის საკითხები იმალება.
ამ ტრაგედიამ ზოგი სერიოზულად დააფიქრა ჩვენი დღეებისთვის დამახასიათებელ ერთ ტენდენციაზე: ბავშვებს ხშირად უფროსები ართმევენ ბავშვობას; ისინი ადრეულ ასაკშივე ჰკიდებენ მათ იმ ტვირთს, რომელსაც, ჩვეულებრივ, ზრდასრული ადამიანები ატარებენ. რა თქმა უნდა, შედეგები ყოველთვის არ არის ისე ტრაგიკული, როგორც ზემოთ მოხსენიებულ შემთხვევაში, მაგრამ მათ სერიოზული და ხანგრძლივი ზიანის მოტანა შეუძლიათ. ახლა კონკრეტულად ვნახოთ, რანაირად ართმევენ უფროსები ბავშვებს ბავშვობას.
განათლება ჩქაროსნული მეთოდით
გასაგებია, რომ მშობლებს ყოველთვის ძალიან ახარებთ შვილების წარმატება. მაგრამ, თუ შვილის წარმატებაზე ფიქრი მათ მოსვენებას უკარგავს, მშობლებმა შეიძლება მეტისმეტად დატვირთონ ბავშვები და ძალიან ადრეულ ასაკში უზომოდ დიდი მოთხოვნები წაუყენონ მათ. თავიდან შეიძლება ყველაფერს უწყინარი სახე ჰქონდეს. მაგალითად, ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტ მშობელს უჩნდება იმის სურვილი, რომ მათი შვილები გაკვეთილების შემდეგ სპორტულ წრეებზე ან მუსიკალურ სკოლებსა და ცეკვის სტუდიებში დადიოდნენ. ხშირად კი ამას კერძო მასწავლებლის გაკვეთილებიც ემატება.
რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია იმაში, რომ ბავშვს ხელი შევუწყოთ შესაძლებლობებისა თუ ნიჭის უკეთ გამოვლენაში, მაგრამ ამ დროს გადამეტებული გულმოდგინების გამოჩენის საშიშროებაც არსებობს. ამის მაგალითია ზოგი ბავშვი, რომლებსაც უფროსებზე არანაკლები საზრუნავი აქვთ და მათსავით უწევთ ცხოვრების ჭაპნის ზიდვა. ჟურნალ „ტაიმში“ ვკითხულობთ: «იყო დრო, როცა ბავშვებს მართლაც ჰქონდათ ბავშვობა, ახლა კი იძულებული არიან, მკაცრად განსაზღვრულ განრიგს მისდიონ. ბავშვები, რომლებიც ბავშვური სილაღით უნდა ანცობდნენ და ცელქობდნენ, ახლა მუშა ფუტკრებივით ირჯებიან და „დიადი“ მიზნებისკენ ისწრაფვიან».
ზოგი მშობელი მოელის, რომ მათი შვილები თავის დროზე ცნობილი სპორტსმენები, მუსიკოსები ან კინოვარსკვლავები გახდებიან. ზოგჯერ პატარები ჯერ კიდევ დედის მუცელში არიან, როცა მშობლები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში წერენ მათ იმ იმედით, რომ მომავალში წარმატების უფრო მეტი შანსი ექნებათ. გარდა ამისა, ზოგი მომავალი დედა ეწერება ეგრეთ წოდებულ „მშობიარობამდელ უნივერსიტეტებში“, სადაც ჯერ არშობილი პატარების მუსიკალურ განათლებაზე ზრუნავენ. მიზანი ჩვილის გონებრივი შესაძლებლობების სტიმულირებაა.
ზოგიერთ ქვეყანაში ექვს წლამდე ასაკის ბავშვების კითხვის უნარისა და მათემატიკური ნიჭის შეფასებას ახდენენ. ზოგი ფიქრობს, რომ ასეთი პრაქტიკა ემოციურ ზიანს აყენებს პატარებს. მაგალითად, რა დაემართება იმ ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში „ჩაიჭრება“? როგორც წიგნ „დაჩქარებული ბავშვობის“ ავტორი, დეივიდ ელკაინდი, შენიშნავს, მოსწავლეებს სკოლები ნაჩქარევად და ძალიან ადრეულ ასაკში ყოფენ გარკვეულ კატეგორიებად. ელკაინდის აზრით, ამით სკოლები იმაზე კი არ ზრუნავენ, რომ სწავლება უფრო ეფექტური გახადონ, არამედ თვითონ იადვილებენ სამუშაოს.
როგორ ფიქრობთ, მოაქვს თუ არა უარყოფითი შედეგები ზრდადასრულებული ადამიანის უღელში ბავშვების ნაადრევად შებმას? ელკაინდი შეშფოთებულია დღევანდელ საზოგადოებაში არსებული ტენდენციით, სადაც მიღებულია დიდი ადამიანების საზრუნავით პატარების გადატვირთვა. იგი ამბობს: «ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ უკვე „ნორმალურ მოვლენად“ მიგვაჩნია, თუკი მოზარდებს თანამედროვე ცხოვრების სულ უფრო მზარდ და გაუსაძლის სტრესებს მოვახვევთ თავს». წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა არის ნორმალური და მისაღები ბავშვებისთვის, მართლაც ძალიან სწრაფად იცვლება.
გამარჯვების მანია
ბევრ მშობელს, როგორც ჩანს, ნორმალურად და სასურველადაც კი მიაჩნია შვილებისთვის იმის ჩაგონება, რომ მოგება — განსაკუთრებით სპორტულ ღონისძიებებში — უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ცხოვრებაში. ოლიმპიური მედლის მოპოვება დღეს ძალიან ბევრ ბავშვს აქვს მიზნად დასახული. მომავალში რამდენიმე წამით დიდების მწვერვალზე ყოფნისა და კარგი ცხოვრებით უზრუნველყოფის მიზნით ზოგ ბავშვს თითქმის, ან საერთოდ, არ აცდიან ბავშვობით გახარებას.
ავიღოთ, მაგალითად, ტანმოვარჯიშე გოგონები. ისინი ადრეული ასაკიდანვე მკაცრ რეჟიმში არიან და მათი ნაზი ორგანიზმი ძლივს უძლებს უზარმაზარ ფიზიკურ დატვირთვას. ოლიმპიურ თამაშებზე გამოსასვლელად ისინი წლების განმავლობაში გადიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მომზადებას. გამარჯვებას კი, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ერთეულები მოიპოვებენ. საინტერესოა, რა დასკვნამდე მივლენ ისინი, რომლებიც წაგებულთა შორის აღმოჩნდებიან — ჩათვლიან თუ არა, რომ მართლაც ღირდა ამ ყველაფრისთვის ბავშვობისა და მოზარდობის წლების შეწირვა? არათუ დამარცხებულებს, დროთა განმავლობაში შეიძლება გამარჯვებულებსაც გაუჩნდეთ ეჭვები ამასთან დაკავშირებით.
ამ პატარა გოგონებს ბავშვობით გახარებას არ აცდიან; მთელი მათი გონებრივი შესაძლებლობები მხოლოდ ერთი რამისკენ არის მიმართული: მათგან სპორტის სუპერვარსკვლავი უნდა გამოვიდეს. ამასობაში კი, მათი ფიზიკური განვითარება შეიძლება შეფერხდეს გადამეტებული ვარჯიშის გამო. ზოგ გოგონას ძვლების ნორმალური განვითარებაც კი უფერხდება. არც კვების მოშლილობა წარმოადგენს იშვიათ მოვლენას. არის შემთხვევები, როცა სქესობრივი მოწიფულობაც იგვიანებს (ზოგჯერ რამდენიმე წლითაც კი). მაგრამ ბევრი გოგონა დღეს სრულიად საწინააღმდეგო პრობლემის წინაშე დგას: ისინი ნაადრევად მწიფდებიან სქესობრივად (იხილეთ ზემოთ მოცემული ჩარჩო).
ბავშვები, რომლებსაც ბავშვობის გარდა ყველაფერი აქვთ
როგორც გართობის ინდუსტრია ირწმუნება, თუ გვინდა, რომ შვილებს იდეალური ბავშვობა ვაჩუქოთ, ისინი ფუფუნებაში უნდა ვაცხოვროთ და ყოველმხრივ უნდა გავანებივროთ. ზოგჯერ მშობლები თავდაუზოგავად მუშაობენ, ოღონდ კი თავიანთ შვილებს ყველანაირი კომფორტი შეუქმნან — აცხოვრონ „სასახლეში“, ჩააცვან მდიდრულად და გასართობი არ მოაკლონ.
სამწუხაროდ, ამ „მეთოდით“ აღზრდილი არაერთი ბავშვი მისძალებია ალკოჰოლურ სასმელებსა და ნარკოტიკებს და აგრესიული, დაუმორჩილებელი გამხდარა. რატომ? ბევრ მათგანს გულისწყრომით ევსება გული იმის გამო, რომ თავს უარყოფილად გრძნობს. ბავშვები მშობლის სიყვარულსა და მზრუნველობას საჭიროებენ. მშობლები, რომლებიც სწორედ საამისოდ ვერ იცლიან, შეიძლება თავს ასე ინუგეშებდნენ: „ჩვენ ხომ იმიტომ ვმუშაობთ და იმას ვახმართ დროსა და ენერგიას, რომ ჩვენი შვილები ბედნიერები იყვნენ“. სინამდვილეში კი, ამით ისინი, შეიძლება, სრულიად საპირისპიროს აკეთებდნენ.
როგორც ბავშვთა ფსიქოლოგი, ჯუდით პაპაზი ამბობს, ზოგ „ოჯახში, რომლებიც საზოგადოების მაღალ და შეძლებულ ფენას განეკუთვნება, დედაც მუშაობს და მამაც“ და ხშირად ასეთი მშობლები «„იძულებული“ არიან, შვილები გაანებივრონ, რადგან სადღაც გულის სიღრმეში ხვდებიან, რომ მატერიალურ კეთილდღეობას ისინი სწორედ ოჯახური ურთიერთობების უგულებელყოფის ხარჯზე აღწევენ». ჯუდითის აზრით, ასეთი მოქმედებით მშობლები „თავიანთი მოვალეობებისგან თავის გამოსყიდვას ანუ გამოხსნას“ ცდილობენ.
როგორც წესი, მსგავსი მიდგომით გამოწვეულ შედეგებს ბავშვები იმკიან. მათ შეიძლება სავსე ჰქონდეთ ოთახი ათასგვარი სათამაშოთი და სხვა ნივთებით, მაგრამ აკლდეთ ის, რაც ყველაზე აუცილებელია ბედნიერი ბავშვობისთვის — მშობლის მზრუნველობა და სიყვარული. დედ-მამის ხელმძღვანელობისა და დარიგებების გარეშე, მათ ძალიან ადრეულ ასაკში, თითქმის მოუმზადებლებს, უწევთ ისეთი სერიოზული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, რომლებიც მოწიფულობას მოითხოვს: მივიღო თუ არა ნარკოტიკები? დავიწყო თუ არა სქესობრივი ცხოვრება? მივმართო ძალადობას, როცა გაბრაზებული ვარ? მოსალოდნელია, რომ ამ საკითხებში ისინი უფრო თანატოლებს მიბაძავენ ან ტელეგადაცემებსა და კინოფილმებში ნანახს გადმოიღებენ. რა მოსდევს ასეთ საქციელს ხშირად? ის, რომ ბავშვობა მოულოდნელად, და ზოგჯერ ტრაგიკულადაც, მთავრდება.
ბავშვი მშობლის როლში
ბავშვები ძალიან განიცდიან, როდესაც გაყრის, განცალკევებული ცხოვრების ან სიკვდილის გამო ოჯახს ერთ-ერთი მშობელი აკლდება. მრავალი მარტოხელა მშობელი, ცხადია, შესანიშნავად ართმევს თავს შექმნილ ვითარებას, მაგრამ ზოგ შემთხვევაში პატარებს დიდების საქმის კეთება უწევთ და მათ თვალსა და ხელს შუა უქრებათ ბავშვობა.
გასაგებია, რომ მარტოხელა მშობელს ზოგჯერ მარტოობა ტანჯავს და ამან ზოგი მათგანი შეიძლება იქამდე მიიყვანოს, რომ მეორე მშობლის მოვალეობები რომელიმე — როგორც ხშირად ხდება, ყველაზე უფროს — შვილს გადააბაროს. დეპრესიაში მყოფმა მშობელმა შეიძლება თავის პატარა ვაჟს ან ქალიშვილს გადაუშალოს გული და შვილები იმ პრობლემებით დატვირთოს, რომელთა სატარებლადაც ისინი ჯერ არ არიან მზად. ზოგი მარტოხელა მშობელი ემოციურად მეტისმეტად დამოკიდებული ხდება ბავშვზე.
სხვები კი მშობლის პასუხისმგებლობაზე საერთოდ უარს ამბობენ და შვილებს აიძულებენ, დიდების გასაკეთებელი მთლიანად აიღონ თავიანთ თავზე. კარმენი და მისი და, რომლებიც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, სწორედ იმიტომ წავიდნენ სახლიდან, რომ ამ მძიმე მდგომარეობას გასცლოდნენ. მათ თავიანთი პატარა და-ძმების მოვლა ჰქონდათ დავალებული მიუხედავად იმისა, რომ ისინიც ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ. ამ ტვირთის ტარება მათ ძალებს აღემატებოდა.
ეჭვგარეშეა, ბავშვებისთვის ბავშვობის წართმევას ძალიან არასასურველი შედეგები მოაქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსგავსი რამ თავიდან ავიცილოთ. აქვე გვინდა გახაროთ, რომ საქმე არც თუ ისე ცუდად არის — სინამდვილეში, მშობლებს ნამდვილად შეუძლიათ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რითაც თავიანთ შვილებს ლამაზ ბავშვობას აჩუქებენ. რა ნაბიჯებია ესენი? ამ კითხვაზე არსებობს პასუხები, რომელთა უტყუარობაც დრომ გამოსცადა. მოდი ვნახოთ ისინი.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
ნაადრევი მოწიფულობით გამოწვეული სირთულეები
შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ გოგონები დღეს ნაადრევად მწიფდებიან სქესობრივად? ამ საკითხზე მეცნიერებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ზოგი ამბობს, რომ XIX საუკუნის შუა ხანებში გოგონებს, საშუალოდ, 17 წლის ასაკში ეწყებოდათ სქესობრივი მომწიფება, დღეს კი ეს მაჩვენებელი 13 წლამდე ჩამოვიდა. 1997 წელს შეერთებულ შტატებში 17 000 გოგონა გამოიკვლიეს. გამოირკვა, რომ თეთრკანიანი გოგონების 15 პროცენტსა და შავკანიანების 50 პროცენტს მომწიფების ნიშნები უკვე რვა წლის ასაკში შეენიშნებათ! ზოგი ექიმი ეჭვქვეშ აყენებს ამ გამოკვლევის შედეგებს და მშობლებს დაბეჯითებით სთხოვენ, მეტისმეტად ნაადრევ მომწიფებას ნუ მიიჩნევენ, უბრალოდ, „ნორმალურ მოვლენად“.
ასეა თუ ისე, ნაადრევი მომწიფება სირთულეებს უქმნის როგორც მშობლებს, ისე ბავშვებს. ჟურნალ „ტაიმში“ ნათქვამი იყო: „ნაადრევი სქესობრივი მომწიფება არა მარტო ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს სხეულში, არამედ, რაც უფრო საგანგაშოა, ის გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე — ბავშვისა, რომელიც წესით ზღაპრებს უნდა კითხულობდეს, მაგრამ იძულებულია, დონჟუანები მოიგერიოს . . . ბავშვობა ხომ ისედაც ხანმოკლეა“. ამ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით სტატიაში დამაფიქრებელი კითხვა იყო დასმული: „თუ გოგონებს სხეული სრულწლოვანი ადამიანის ცხოვრებისკენ უბიძგებს, მაშინ როცა გულითა და გონებით ისინი ჯერ კიდევ ბავშვები არიან, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მათ სამუდამოდ დაკარგონ?“.
ის, რაც სამუდამოდ იკარგება, ხშირად უმანკოებაა — გოგონები სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდებიან. ერთი დედა პირდაპირ ამბობს: „იმ გოგონებს, რომლებსაც ასაკთან შედარებით უფრო დიდი შეხედულება აქვთ, ბიჭები ბუზებივით ეხვევიან“. ვინც ვერ უძლებს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლას და სქესობრივ ცხოვრებას ნაადრევად იწყებს, სავალალო შედეგებს იმკის. გოგონა შეიძლება უღირსობის გრძნობამ და სინდისის ქენჯნამ შეაწუხოს. ასეთმა საქციელმა შეიძლება ჯანმრთელობასაც მიაყენოს ზიანი და ღრმა ემოციური ჭრილობები გამოიწვიოს.
-
-
ბედნიერი ბავშვობაგამოიღვიძეთ! — 2003 | მაისი 8
-
-
ბედნიერი ბავშვობა
ბედნიერი ბავშვობა, უმთავრესად, სწორ აღზრდაზეა დამოკიდებული. საინტერესოა, რა იგულისხმება სწორად აღზრდაში? ამ საკითხზე, ალბათ, არაერთი რჩევა გსმენიათ — გამოუყავით შვილებს დრო; ყურადღებით მოუსმინეთ; მიეცით საღი და გონივრული რჩევები; თანაუგრძნეთ, გაიზიარეთ მათი სიხარული და ტკივილი; იყავით ნამდვილი მეგობრები და, ამავდროულად, როგორც მშობელი, ნურც ავტორიტეტს დაკარგავთ მათ თვალში. ამ კარგად ნაცნობი რჩევების გათვალისწინება, რასაკვირველია, დიდ სამსახურს გაუწევს მშობლებს, მაგრამ ყოველივე ამის გარდა, არის რაღაც კიდევ უფრო არსებითი და მნიშვნელოვანი — ის, რასაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მილიონობით მშობელი საკუთარმა გამოცდილებამ ერთ რამეში დაარწმუნა: თუ გვინდა, რომ ბავშვი სწორად აღვზარდოთ, აუცილებელია ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობა. რატომ? იმიტომ, რომ ოჯახს თვითონ ბიბლიის ბრძენმა ავტორმა, იეჰოვა ღმერთმა, ჩაუყარა საფუძველი (დაბადება 1:27, 28; 2:18—24; ეფესელთა 3:15). აქედან გამომდინარე, ბუნებრივია დავასკვნათ, რომ მისი შთაგონებით დაწერილი წიგნი საუკეთესო ხელმძღვანელობას გაგვიწევს ბავშვების აღზრდის საკითხში. ნუთუ შეუძლია საუკუნეების წინათ დაწერილ წიგნს, ბიბლიას, დაგვეხმაროს თანამედროვე საზოგადოებაში არსებული ისეთი პრობლემის გადაჭრაში, როგორიცაა ბავშვებისთვის ბავშვობის წართმევა? განვიხილოთ ამ საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე ბიბლიური პრინციპი.
„ბავშვთა სვლით“
ისაკის ძე, იაკობი, მრავალი შვილის მამა იყო. ბიბლიამ შემოგვინახა მის მიერ წარმოთქმული გონივრული სიტყვები; როცა ოჯახთან ერთად გრძელ გზას უნდა დასდგომოდა, მან თქვა: „ბავშვები სათუთნი არიან . . . იაროს ჩემმა ბატონმა [ესავმა, იაკობის უფროსმა ძმამ] თავისი მსახურის წინ, მე კი წამოვალ ნელა . . . ბავშვთა სვლით“ (დაბადება 33:13, 14).
იაკობმა იცოდა, რომ მისი შვილები უფროსებს ვერ გაუტოლდებოდნენ. ისინი სათუთნი ანუ უფრო პატარები და სუსტები იყვნენ და უფრო მეტ მზრუნველობას საჭიროებდნენ. მან შვილებს კი არ დააძალა, უფრო ჩქარა ევლოთ, არამედ თვითონ შეანელა სვლა. იაკობის ასეთი საქციელი ღვთის მიერ თავისი მიწიერი შვილებისადმი გამოვლენილი სიბრძნისა და გულისხმიერების ანარეკლი იყო. ჩვენს ზეციერ მამას ესმის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს. იგი არასდროს ითხოვს ისეთი რამის გაკეთებას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება (ფსალმუნები 102:13, 14).
მსგავს სიბრძნეს ზოგი ცხოველიც კი ირეკლავს, რაც იმით აიხსნება, რომ ღმერთმა მათში „ინსტინქტური სიბრძნე“ ჩადო (იგავები 30:24, აქ). მაგალითად, ნატურალისტებმა შენიშნეს, რომ სპილოების მთელი ჯოგი ანელებს სვლას, თუ მათ შორის „ბავშვი-სპილო“ იმყოფება, და ყველა მის პატარა ნაბიჯებს უწყობს ფეხს, რათა იგი უფროსებს არ ჩამორჩეს.
თანამედროვე საზოგადოებაში ზოგი საერთოდ არ ცნობს ღვთიურ სიბრძნეს, მაგრამ თქვენ ნუ მიჰბაძავთ მათ. გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი „სათუთია“ და უფროსივით არ შეუძლია დიდი პასუხისმგებლობებისა თუ საზრუნავის ტვირთვა. მაგალითად, თუ მარტოხელა მშობელი ხართ და რთული პირადული პრობლემების წინაშე დგახართ, ხომ არ მიგიწევთ გული შვილისკენ, რათა მას გაანდოთ საწუხარი? თუ ასეა, ყველანაირად ეცადეთ, რომ სძლიოთ ამ სურვილს. უმჯობესია, გულისტკივილი გაუზიაროთ სრულასაკოვან, მოწიფულ მეგობარს — სასურველია მას, ვინც ბიბლიის გონივრული რჩევების გამოყენებაში დაგეხმარებათ (იგავები 17:17).
გარდა ამისა, ყურადღება იმასაც მიაქციეთ, რომ თქვენი შვილის ცხოვრების ტემპი თავბრუდამხვევი არ გახდეს ან მისი დღის განრიგი იმდენად გადატვირთული და ზედმიწევნით დაგეგმილი არ იყოს, რომ მას დრო აღარ რჩებოდეს ბავშვური გართობებისთვის. ნუ აიძულებთ ბავშვს, რომ თანამედროვე ცხოვრების რიტმს აჰყვეს. ნაცვლად ამისა, დაეხმარეთ მისთვის მიზანშეწონილი ტემპის შერჩევაში. ბიბლია ბრძნულ რჩევას გვაძლევს: „ნუ მისცემთ წუთისოფელს იმის საშუალებას, რომ თავის ყალიბში მოგაქციოთ“ (რომაელთა 12:2, ფილიპსის თარგმანი).
ყოველივეს თავისი დრო აქვს
ბიბლიაში სხვა ბრძნული პრინციპიც არის მოცემული: „ყოველივეს თავისი დრო და ყოველ საგანს თავისი ჟამი აქვს ცის ქვეშ“. რა თქმა უნდა, სამუშაოსა და სხვადასხვა საქმესაც თავისი დრო აქვს. ბავშვებსაც ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი — იქნება ეს საშინაო დავალებების შესრულება, საოჯახო საქმეები თუ სულიერ საქმიანობებში მონაწილეობა. მაგრამ ბიბლიიდან ზემოთ ციტირებული მონაკვეთი ამით როდი მთავრდება. იქვე ნათქვამია, რომ ‘სიცილისა და ცეკვის’ ჟამიც არსებობს (ეკლესიასტე 3:1, 4).
ბავშვებს თამაშისა და სიცილის განსაკუთრებული მოთხოვნილება აქვთ. მათ სურთ, მართლაც რომ ბავშვური უზრუნველობით დახარჯონ მოზღვავებული ენერგია. თუ მათი დღის განრიგი მხოლოდ სკოლით, გაკვეთილების შემდგომი საქმიანობებითა და სხვა სერიოზული დავალებებით შემოიფარგლება, ისინი ვერ დაიკმაყოფილებენ ამ მოთხოვნილებას. ამან, თავის მხრივ, შეიძლება გააღიზიანოს და უზომოდაც კი დაადარდიანოს ისინი (კოლასელთა 3:21).
ზემოთ მოყვანილი ბიბლიური პრინციპი სხვა კუთხითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაგალითად, თუკი ყველაფერს თავისი დრო აქვს, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვობა ბავშვად ყოფნის დროა? თქვენ, ალბათ, იზიარებთ ამ მოსაზრებას, მაგრამ თქვენი შვილები შეიძლება ყოველთვის არ დაეთანხმონ ამ აზრს. პატარა ბიჭები და გოგონები, ხშირად, უფროსებს ჰბაძავენ. გოგონებს ზოგჯერ ძალიან უნდათ დიდი ქალებივით ეცვათ და გამოიყურებოდნენ. ნაადრევმა სქესობრივმა მომწიფებამ ბავშვს შეიძლება კიდევ უფრო გაუძლიეროს იმის სურვილი, რომ დიდი ადამიანივით გამოიყურებოდეს.
გონიერ მშობლებს ესმით, რომ ეს სახიფათო ტენდენციაა. ჩვენს დეგრადირებულ მსოფლიოში ზოგი სარეკლამო რგოლი და გასართობი პროგრამა ბავშვების ისე წარმოჩენას ცდილობს, თითქოს ისინი ნაადრევად ჩამოყალიბებული არიან და უკვე გაღვიძებული აქვთ სექსუალური გრძნობები. მაკიაჟი, სამკაულები და გამომწვევი ჩაცმულობა დღეს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება პატარებში. მაგრამ ნუთუ გონივრულია, რომ ჩვენი შვილები უფრო თვალში მოსახვედრები გავხადოთ იმ გაუკუღმართებული ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი ბიწიერი ვნებების დასაკმაყოფილებლად ბავშვებზე ნადირობენ? როდესაც მშობლები ეხმარებიან შვილებს იმაში, რომ თავიანთი ასაკის შესაფერისად ჩაიცვან, ამით ისინი სხვა ბიბლიურ პრინციპსაც იცავენ: „გონიერი ხედავს ბოროტს და იმალება, ხოლო გულუბრყვილონი ჩაივლიან და ისჯებიან“ (იგავები 27:12).
მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი: თუ ბავშვს ნებას დავრთავთ, რომ სპორტი მისთვის უმთავრეს მისწრაფებად იქცეს, მისმა ცხოვრებამ შეიძლება ქაოსური ხასიათი მიიღოს და ვეღარ შეძლოს ‘ყველაფრისთვის თავისი დროის’ გამოყოფა. ბიბლიაში გონივრული შეგონებაა ჩაწერილი: «ხორციელი წვრთნა ნაკლებად [„მეტ-ნაკლებად“, აქ] სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც» (1 ტიმოთე 4:8).
ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბავშვს არ დაუმახინჯდეს აზროვნება ასეთი შეხედულებით: „მოგება უმთავრესია“. მრავალი მშობელი შვილებს შეჯიბრების დაუოკებელ ჟინს უღვივებს და ჩააგონებს, რომ მათ ნებისმიერ ფასად უნდა გაიმარჯვონ. ამის გამო სპორტული ღონისძიებები და თამაშები ბრძოლის ველს უფრო ემსგავსება, ვიდრე გართობას. გამარჯვების მანიით შეპყრობილი ზოგი ბავშვი ტყუილსაც არ თაკილობს და შეიძლება სხვა მოთამაშეებიც დააშავოს. ასეთ გამარჯვებას ნამდვილად არა აქვს ფასი!
დაეხმარეთ მოთმინების სწავლაში
ბავშვებისთვის ხშირად საკმაოდ რთულია იმის სწავლა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. როდესაც მათ რაიმე უნდათ, ძალიან უჭირთ მოთმინებით ლოდინი. მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს დღევანდელ საზოგადოებაში არსებული სხვა ტენდენციაც: ადამიანებს ყველა სურვილის მომენტალურად დაკმაყოფილება სურთ. გართობის ინდუსტრია ხშირად ასეთი იდეით კვებავს ხალხის გონებას: „თუ რამე გულით გინდა, ნუ მოიცდი — ნურაფერს მოიკლებ!“.
ნუ გაებმებით ასეთი პროპაგანდის მახეში — ნუ გაანებივრებთ და ნუ გარყვნით შვილებს! „თუ ადამიანს ესმის, რომ რაიმე სურვილის დაკმაყოფილებას დრო და მოთმინება სჭირდება, ეს მისი ემოციური მოწიფულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია“, — ვკითხულობთ წიგნში „ბავშვი და კომპიუტერული სამყარო“. იქვე აღნიშნულია: „თვითდისციპლინა და ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის უნარი — ეს არის სკოლაში თუ მის გარეთ ბავშვებს შორის არსებულ მზარდ ძალადობასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება“. ბიბლიაში ერთი მეტად სასარგებლო პრინციპია ჩაწერილი: «ვინც თავის მონას [„მსახურს“, აქ] ანებივრებს სიყმაწვილიდან, საბოლოოდ ის მონა პატრონად იქცევა [„უმადური გახდება“, აქ]» (იგავები 29:21). თუმცა ეს ბიბლიური მუხლი ახალგაზრდა მსახურებისადმი ბატონის მოპყრობაზე საუბრობს, მრავალი მშობელი თავად დარწმუნდა, რომ ამ პრინციპის გამოყენება ძალიან სასარგებლოა შვილებთან მიმართებაშიც.
სხვა ყველაფერთან ერთად, აუცილებელია ბავშვის აღზრდა „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). სიყვარულით დარიგება ბავშვებს თავშეკავებულობისა და მოთმინების გამომუშავებაში დაეხმარება. ეს თვისებები კი მათ გაუადვილებს ცხოვრებაში ბედნიერებისა და კმაყოფილების პოვნას.
ბედნიერ ბავშვობას მალე ვერაფერი შეუქმნის საფრთხეს
ჩვენი განხილვის შემდეგ შეიძლება ასეთი კითხვა დაგებადოთ: ნუთუ ბრძენ და მოსიყვარულე ღმერთს, რომელმაც ეს სასარგებლო პრინციპები მოგვცა, სურდა, რომ ასეთ მსოფლიოში გვეცხოვრა? ნუთუ მას უნდოდა, რომ ბავშვები გაზრდილიყვნენ გარემოში, რომელიც ხშირად არათუ ხელს უწყობს კარგ ადამიანებად მათ ჩამოყალიბებას, არამედ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ათასგვარ ხიფათს უმზადებს? ალბათ, ნუგეშს მოგგვრით იმის გაგება, რომ იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს, იესო ქრისტეს, ძალიან უყვართ ადამიანები, მათ შორის ნებისმიერი ასაკის ბავშვი. მალე ისინი ყოველგვარ ბოროტებას აღმოფხვრიან დედამიწაზე (ფსალმუნები 36:10, 11).
როგორ წარმოგიდგენიათ ეს მშვიდობიანი და ბედნიერი დრო? მოდი გონებაში წარმოვისახოთ ბიბლიაში ლამაზი ენით დახატული ეს სურათი: „მგელი კრავთან ერთად იცხოვრებს, და ვეფხვი თიკნის გვერდით წამოწვება, ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ“ (ესაია 11:6). დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც ხშირად ასე უმოწყალოდ უმსხვრევს და ართმევს პატარებს ბავშვობის ლამაზ წლებს, დიდი ნუგეში მოაქვს ღვთის დანაპირებს, რომლის თანახმადაც ადამიანებს შესანიშნავი მომავალი ელით დედამიწაზე! ცხადია, ჩვენს შემოქმედს არ სურს, რომ პატარებს თვალსა და ხელს შუა უქრებოდეთ ბავშვობა და არც ის უნდა, რომ უფროსები ართმევდნენ მას. მისი განზრახვაა, ბავშვობა სიცოცხლის ბედნიერი და მხიარული წლები იყოს.
-