-
როგორ გავახაროთ ღმერთი?ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
-
-
თავი 40
როგორ გავახაროთ ღმერთი?
როგორ შეგვიძლია, ღმერთი გავახაროთ? შეგვიძლია, მას რამე მივცეთ? ~ იეჰოვა ამბობს: „ჩემია ტყის ყველა ცხოველი“. ის აგრეთვე ამბობს: „ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო“ (ფსალმუნები 23:1; 49:10; ანგია 2:8). მაგრამ არის რაღაცა, რაც შეგვიძლია ღმერთს მივცეთ. რა? ~
იეჰოვამ ნება დაგვრთო, თავად ავირჩიოთ, ვემსახუროთ მას თუ არა. ის არ გვაძალებს, ვაკეთოთ ის, რაც მას უნდა. მოდი გავიგოთ, რატომ გვაძლევს ღმერთი არჩევნის უფლებას.
ალბათ, იცი, რა არის რობოტი. ეს არის მექანიზმი, რომელიც აკეთებს იმას, რაც მის გამკეთებელს სურს. რობოტს არჩევის უნარი არა აქვს. იეჰოვას შეეძლო, ჩვენც რობოტებივით შევექმენით და ყოველთვის ის გვეკეთებინა, რაც მას მოუნდებოდა. მაგრამ ის ასე არ მოიქცა. იცი, რატომ? ~ აბა დაფიქრდი, ზოგი სათამაშო რობოტს ჰგავს. როცა ღილაკს თითს დააჭერ, ის მხოლოდ იმას აკეთებს, რაც მისმა გამომგონებელმა მოისურვა. გინახავს ასეთი სათამაშო? ~ ხშირად ბავშვებს ბეზრდებათ ისეთი სათამაშო, რომელიც მხოლოდ იმას აკეთებს, რაც მათ უნდათ. ღმერთს არ სურს რობოტებივით ვემორჩილებოდეთ და ღვთის მსახურებას ჩადებული პროგრამის მიხედვით ვასრულებდეთ. იეჰოვას უნდა, რომ გვიყვარდეს ის და თავად გვინდოდეს მისდამი მორჩილება.
რატომ არ შეგვქმნა ღმერთმა ამ რობოტივით?
როგორ ფიქრობ, რას გრძნობს იეჰოვა, როდესაც მას საკუთარი სურვილით ვემორჩილებით? ~ აბა მითხარი, როგორ მოქმედებს შენი საქციელი მშობლებზე? ~ ბიბლია ამბობს, რომ ბრძენი შვილი „მამას ახარებს“, სულელი შვილი კი „დედამისის დარდია“ (იგავები 10:1). შეგიმჩნევია, როგორ უხარიათ მშობლებს, როდესაც იმას აკეთებ, რაც მათ გთხოვეს? ~ მაგრამ რას გრძნობენ, როცა არ უჯერებ? ~
როგორ შეგიძლია გაახარო იეჰოვა და მშობლები?
ახლა, ჩვენს ზეციერ მამაზე, იეჰოვაზე დავფიქრდეთ. ის გვეუბნება, როგორ შევძლებთ მისი გულის გახარებას. მოდი გადავშალოთ ბიბლია და წავიკითხოთ იგავების 27:11 (სსგ). ღმერთი გვეუბნება: «შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს [„მას ვინც გესლიანად დამცინის“, აქ]». იცი, რას ნიშნავს გესლიანი დაცინვა? ~ ვიღაცამ შეიძლება დაგცინოს და გითხრას, რომ არ შეგიძლია იმის გაკეთება, რაზეც თქვი, შემიძლიაო. როგორ დასცინის სატანა იეჰოვას? ~ მოდი ვნახოთ.
როგორც ამ წიგნის მე-8 თავიდან გავიგეთ, სატანას პირველობა მოუნდა. მას სურდა, ყველას მისთვის ეცა თაყვანი. სატანა ამბობს, რომ ადამიანები იეჰოვას მარადიული სიცოცხლისთვის სცემენ თაყვანს. მას შემდეგ, რაც სატანამ ადამსა და ევას დაუმორჩილებლობისკენ უბიძგა, მან ბრალი დასდო ღმერთს: ‘ადამიანები მხოლოდ იმიტომ გემსახურებიან, რომ შენგან რაღაცას მოელიან. თუ ნებას მომცემ, ისე გავაკეთებ, რომ ყველა ზურგს შეგაქცევს’.
რაში დაადანაშაულა სატანამ იეჰოვა მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ შესცოდეს?
მართალია, ბიბლიაში სიტყვასიტყვით არ წერია ასე, მაგრამ იობის შესახებ როცა ვკითხულობთ, აშკარაა, რომ სატანამ რაღაცა ამის მსგავსი უთხრა ღმერთს. ორივესთვის, სატანისთვისაც და ღვთისთვისაც, ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, იყო თუ არა იობი ღვთის ერთგული. მოდი გადავშალოთ ჩვენი ბიბლიები იობის პირველ ორ თავზე და ვნახოთ, რა ხდებოდა იმ დროს.
პირველ თავში ყურადღება მიაქციე იმას, რომ ანგელოზებთან ერთად იეჰოვასთან სატანაც მივიდა. იეჰოვამ სატანას ჰკითხა: „საიდან მოდიხარ?“ სატანამ უპასუხა, რომ მთელი დედამიწა შემოიარა. ამიტომ, იეჰოვამ ჰკითხა: ‘შენიშნე ჩემი მსახური იობი, რომელიც ბოროტებას არ სჩადის?’ (იობი 1:6—8).
სატანა ღვთის ნათქვამს თავისებურად ხსნის. ‘იობი იმიტომ გემსახურება, რომ ცუდი არაფერი შემთხვევია. თუ არ დაიცავ და არ აკურთხებ, მაშინვე დაგგმობს’. მაშინ იეჰოვამ სატანას უთხრა: ‘კარგი, რაც გინდა, ის გაუკეთე, ოღონდ პირადად იობს არაფერი ავნო’ (იობი 1:9—12).
რა გააკეთა სატანამ? ~ მან მოაპარვინა იობის საქონელი და ვირები, ხოლო მწყემსები მოაკვლევინა. შემდეგ მეხი ჩამოვარდა და დახოცა ცხვრები და მათი მწყემსები. მოგვიანებით იობის აქლემებიც მოიპარეს და მათი მწყემსებიც დახოცეს. ბოლოს სატანის ძალით ამოვარდნილმა ქარიშხალმა დაანგრია ის სახლი, სადაც იობის ათი შვილი იყო და ათივე მოკვდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, იობი მაინც ემსახურებოდა იეჰოვას (იობი 1:13—22).
როცა სატანა ისევ მივიდა იეჰოვასთან, იეჰოვამ შენიშნა, რომ იობი კვლავაც მისი ერთგული იყო. სატანამ ამასაც თავისებური ახსნა მოუძებნა: ‘თუ ნებას მომცემ, პირადად მას ვავნო, მაშინვე გმობას დაგიწყებს’. იეჰოვამ ნება დართო სატანას, რომ იობისთვის ავადმყოფობა შეეყარა, მაგრამ გააფრთხილა, არ მოეკლა.
რა გადაიტანა იობმა და რატომ გაახარა ამან ღვთის გული?
მართლაც, სატანამ იობს ისეთი დაავადება შეჰყარა, რომ მთელი სხეული დაუწყლულდა. ისეთი საშინელი სუნი ასდიოდა, რომ ახლოს არავინ ეკარებოდა. იობს ცოლმაც კი უთხრა: „დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ იობთან მისი „ვაი მეგობრები“ მივიდნენ და უთხრეს, რომ ალბათ ბოროტება ჩაიდინა და ამიტომ ჩავარდა ასეთ მდგომარეობაში. მათ უფრო მეტად ატკინეს გული იობს. ამ საშინელი ტკივილისა და ტანჯვის მიუხედავად, რაც სატანამ იობს თავს დაატეხა, ის იეჰოვას ერთგული დარჩა (იობი 2:1—13; 7:5; 19:13—20).
როგორ ფიქრობ, როგორ იმოქმედა იობის ერთგულებამ იეჰოვაზე? ~ მას ძალიან გაუხარდა, რადგან შეეძლო სატანისთვის ეთქვა: ‘შეხედე იობს, ის იმიტომ მემსახურება, რომ თავად სურს’ ასე. მოიქცევი შენც იობივით? შეუძლია იეჰოვას შენი მაგალითით დაამტკიცოს, რომ სატანა მატყუარაა? ~ ნამდვილად დიდი პატივია, ჩვენი მორჩილებით დავამტკიცოთ, რომ სატანას არ შეუძლია ყველა ჩამოაშოროს იეჰოვას. იესოსთვის ეს დიდი პატივი იყო.
სატანამ ვერ აიძულა დიდებული მასწავლებელი, რომ ცუდი საქმეები ჩაედინა. აბა დაფიქრდი, როგორ გაახარებდა მამას მისი საქციელი! იეჰოვას შეეძლო სატანისთვის ეთქვა: ‘შეხედე ჩემს ძეს! მან სრულყოფილი ერთგულება შეინარჩუნა, რადგან ვუყვარვარ!’ ასევე წარმოიდგინე, რა ბედნიერი იქნებოდა იესოც, მამის გული რომ გაახარა. ამ სიხარულის წყალობით იესომ წამების ძელზე სიკვდილიც კი აიტანა (ებრაელები 12:2).
გინდა დიდებული მასწავლებელივით შენც გაახარო იეჰოვა? ~ თუ ასეა, კიდევ მეტი გაიგე, თუ რას ითხოვს იეჰოვა შენგან; შეასრულე, რასაც ის გთხოვს და ამით გაახარე მისი გული!
წავიკითხოთ, თუ როგორ გაახარა იესომ ღმერთი და ჩვენ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება: იგავების 23:22—25; იოანეს 5:30; 6:38; 8:28 და 2 იოანეს 4.
-
-
ბავშვებს შეუძლიათ ღმერთი გაახარონისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
-
-
თავი 41
ბავშვებს შეუძლიათ ღმერთი გაახარონ
შენი აზრით, ყველაზე მეტად რომელმა ბავშვმა გაახარა იეჰოვა? ~ მისმა შვილმა, იესომ. მოდი გავიგოთ, რას აკეთებდა ის, რომ მამა გაეხარებინა.
იესოს მშობლები სამი დღის სავალზე ცხოვრობდნენ იერუსალიმიდან, სადაც იეჰოვას ლამაზი ტაძარი იყო. იესო ამ ტაძარს ‘მამის სახლს’ უწოდებდა და ოჯახთან ერთად ყოველ წელს მიდიოდა იქ პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად.
ერთხელ, როდესაც იესო 12 წლის იყო, მისი მშობლები დღესასწაულიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ღამის გასათევად როცა გაჩერდნენ, შენიშნეს, რომ იესო არც ნათესავებთან იყო და არც მეგობრებთან. ამიტომ, მარიამი და იოსები მაშინვე იერუსალიმში დაბრუნდნენ მის მოსაძებნად. როგორ ფიქრობ, სად იქნებოდა იესო? ~
მათ იესო ტაძარში იპოვეს. ის მასწავლებლებს უსმენდა, კითხვებს უსვამდა და თავადაც პასუხობდა მათ კითხვებს. ისინი გაოცებულები იყვნენ იესოს შესანიშნავი პასუხებით. გესმის ახლა, რატომ გაახარა იესომ ღვთის გული? ~
რასაკვირველია, მარიამმა და იოსებმა ბოლოს და ბოლოს იპოვეს იესო და შვებით ამოისუნთქეს. მაგრამ იესო არ ნერვიულობდა. მან იცოდა, რომ ტაძარზე უკეთესი და უსაფრთხო ადგილი არ არსებობდა. ამიტომ, მშობლებს უთხრა: „ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში უნდა ვყოფილიყავი?“ იესომ იცოდა, რომ ტაძარი ღვთის სახლი იყო და უყვარდა იქ ყოფნა.
ბოლოს მარიამმა და იოსებმა 12 წლის იესო ნაზარეთში წაიყვანეს. როგორ ფიქრობ, ემორჩილებოდა იესო მშობლებს? ~ ბიბლია ამბობს, რომ ის „კვლავაც ემორჩილებოდა“ მათ. შენი აზრით, რას ნიშნავს ეს? ~ იმას, რომ იესო მშობლებს უჯერებდა. დიახ, ის იმას აკეთებდა, რასაც მშობლები ეუბნებოდნენ, თუნდაც ეს ჭიდან წყლის ამოღება ყოფილიყო ან სხვა რამ (ლუკა 2:41—52).
როგორ გაახარა პატარა იესომ ღმერთი?
დაფიქრდი: იესო სრულყოფილი იყო, მაგრამ მაინც ემორჩილებოდა თავის არასრულყოფილ მშობლებს. უხაროდა ეს იეჰოვას? ~ დიახ, რადგან ღვთის სიტყვა ბავშვებს ეუბნება: „დაუჯერეთ თქვენს მშობლებს“ (ეფესოელები 6:1). შენც გაახარებ ღმერთს, თუ იესოს მსგავსად მშობლებს დაუჯერებ.
ღმერთს კიდევ იმით გაახარებ, თუ სხვებსაც მოუყვები მის შესახებ. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ეს ბავშვების საქმე არ არის. ერთხელ ხალხი ცდილობდა, გაეჩუმებინათ პატარა ბიჭები, რომლებიც ღმერთს განადიდებდნენ, მაგრამ იესომ ხალხს უთხრა: ‘ნუთუ ბიბლიაში არასოდეს წაგიკითხავთ: ღმერთი ბავშვებს აალაპარაკებს თავის საქებრად?’ (მათე 21:16). ამიტომ, თუ გულით გვინდა ამის გაკეთება, შევძლებთ, რომ ყველას ვუთხრათ, რა დიდებული ღმერთია იეჰოვა. თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვას გავახარებთ.
საიდან მივიღოთ ღვთის შესახებ ცოდნა, რომ შემდეგ სხვებს მოვუყვეთ? ~ ბიბლიის საშინაო შესწავლიდან. უფრო მეტს კი იქ ვიგებთ, სადაც ღვთის ხალხი იკრიბება მისი სიტყვის შესასწავლად. როგორ გავიგოთ, ვინ არის ღვთის ხალხი? ~
დააკვირდი, რას აკეთებენ ისინი, როცა ერთად იკრიბებიან? ნამდვილად იმას ასწავლიან, რაც ბიბლიაში წერია? კითხულობენ ბიბლიას და განიხილავენ მას? განა ბიბლიის კითხვისას არ ვიგებთ, რას გვეუბნება ღმერთი? ~ ქრისტიანულ შეხვედრებზე ხომ იმისთვის დავდივართ, რომ ღმერთს მოვუსმინოთ? ~ მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, თუ გეუბნებიან, რომ არ უნდა იცხოვრო ისე, როგორც ბიბლია გვასწავლის? იტყოდი ასეთ ადამიანებზე, რომ ისინი ღვთის ხალხი არიან? ~
კიდევ ერთ რამეზე უნდა დავფიქრდეთ. ბიბლია ამბობს, რომ ღვთის ხალხი იქნებოდა ‘ხალხი მისი სახელისთვის’ (საქმეები 15:14). რადგან ღვთის სახელი იეჰოვაა, შეგვიძლია ვკითხოთ ხალხს: არის მათი ღმერთი იეჰოვა? პასუხი თუ უარყოფითი იქნება, იცოდე, რომ ისინი არ არიან მისი ხალხი. ღვთის ხალხი ღვთის სამეფოს შესახებაც უნდა ესაუბრებოდეს სხვებს და ღვთის მცნებების დაცვით უნდა აჩვენებდეს, რომ უყვარს ღმერთი (1 იოანე 5:3).
თუ იცნობ ხალხს, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, შეუერთდი მათ თაყვანისმცემლობაში. შეხვედრებზე ყურადღებით იყავი და დასმულ შეკითხვებს პასუხები გაეცი. სწორედ ასე იქცეოდა იესო ღვთის სახლში ყოფნისას. თუ იესოს მიჰბაძავ, შენც გაახარებ ღმერთს.
შეგიძლია, ბიბლიაში მოხსენიებული სხვა ბავშვებიც გაიხსენო, რომლებმაც ღმერთი გაახარეს? ~ ტიმოთემ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. მამამისს არ სწამდა იეჰოვა ღმერთი, დედასა და ბებიას — ევნიკესა და ლოისს — სწამდათ. ტიმოთე უსმენდა მათ და იეჰოვას შესახებ სწავლობდა.
რისი გაკეთება უნდოდა ტიმოთეს მიუხედავად იმისა, რომ მამამისი არ იყო მორწმუნე?
როცა ტიმოთე გაიზარდა, მოციქული პავლე იმ ქალაქს ესტუმრა, სადაც ის ცხოვრობდა. პავლემ შეამჩნია, როგორ ძალიან უნდოდა ტიმოთეს, იეჰოვასთვის ემსახურა. ამიტომ, ტიმოთეს შესთავაზა, თან წაჰყოლოდა, რათა ღვთისთვის უფრო მეტი გაეკეთებინა. ყველგან, სადაც კი მიდიოდნენ, ისინი ხალხს ღვთის სამეფოსა და იესოს შესახებ ესაუბრებოდნენ (საქმეები 16:1—5; 2 ტიმოთე 1:5; 3:14, 15).
ნუთუ მხოლოდ ბიჭები ახარებდნენ იეჰოვას გულს? ~ არა. განვიხილოთ იმ ისრაელი გოგონას მაგალითი, რომელმაც იეჰოვა გაახარა. მაშინ სირია და ისრაელი ერთმანეთს მტრობდნენ. ერთხელ სირიელებმა ისრაელი დაიპყრეს და პატარა გოგონა ტყვედ წაიყვანეს. ის ნაამანის (ნაყამანი), სირიის მხედართმთავრის, სახლში გაგზავნეს, რათა მის ცოლს მომსახურებოდა.
ნაამანი კეთრით იყო დაავადებული. ვერც ერთმა ექიმმა ვერ შეძლო მისი განკურნება. პატარა გოგონას, რომელიც ისრაელიდან იყო, სჯეროდა, რომ წინასწარმეტყველს, ღვთის განსაკუთრებულ მსახურს, შეეძლო ნაამანის განკურნება. ცხადია, ნაამანი და მისი მეუღლე იეჰოვას არ სცემდნენ თაყვანს. უნდა ეთქვა პატარა გოგონას, რაც იცოდა? შენ რას იზამდი? ~
რით გაახარა ამ ისრაელმა გოგონამ ღმერთი?
პატარა გოგონამ თქვა: ‘ნაამანი რომ იეჰოვას წინასწარმეტყველთან წასულიყო ისრაელში, განიკურნებოდა კეთრისგან’. ნაამანმა მოუსმინა გოგონას და წავიდა იეჰოვას წინასწარმეტყველთან. ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც წინასწარმეტყველმა უთხრა და განიკურნა. ამის შემდეგ ის ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი გახდა (4 მეფეთა 5:1—15).
გინდა იმ პატარა გოგონას მსგავსად ვინმეს დაეხმარო, გაიგოს იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ? ~ ვის შეგიძლია დაეხმარო? ~ რა თქმა უნდა, ზოგიერთი შეიძლება არ ფიქრობს, რომ დახმარება სჭირდება. თუმცა შენ შეგიძლია იმ კარგი საქმეების შესახებ ესაუბრო, რასაც იეჰოვა აკეთებს. მათ შეიძლება მოგისმინონ კიდეც. დარწმუნებული იყავი, ეს ღმერთს გაახარებს.
ახალგაზრდებმა სიხარულით რომ ემსახურონ ღმერთს, გამამხნევებელი იქნება შემდეგი მუხლების წაკითხვა: ფსალმუნების 121:1; 148:12, 13; ეკლესიასტეს 12:1; 1 ტიმოთეს 4:12 და ებრაელების 10:23—25.
-