-
იყენებს თქვენი შვილი ინტერნეტს?გამოიღვიძეთ! — 2008 | ოქტომბერი
-
-
იყენებს თქვენი შვილი ინტერნეტს?
დროის ნებისმიერ მონაკვეთში მილიონობით მოზარდი სახლში, სკოლაში, მეგობართან თუ სხვა ნებისმიერ ადგილას სარგებლობს ინტერნეტით, იქნება ეს კომპიუტერით, მობილური ტელეფონით ან ისეთი სახის პორტატიული მოწყობილობით, რომლითაც ინტერნეტში შესვლაა შესაძლებელი. თუ მშობელი ხართ, შეიძლება ამჩნევთ, რომ თქვენი შვილი ინტერნეტში უფრო უკეთესად გრძნობს თავს, ვიდრე თქვენთან და შესაძლოა მან ისიც კი იცის, თუ როგორ დაგიმალოთ, რას აკეთებს ინტერნეტში.
ეს საკითხი სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს. თქვენ შეგიძლიათ ამ მხრივ დახმარება გაუწიოთ თქვენს შვილებს. ინტერნეტი შეიძლება შევადაროთ უცხო ქვეყანას, სადაც თქვენი შვილი ადგილობრივი მაცხოვრებელია, თქვენ კი ტურისტი ხართ. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ კარგად გაეცნოთ ამ „უცხო ქვეყანას“. საჭირო არ არის, ინტერნეტის გამოყენება სპეციალისტივით იცოდეთ, რომ თქვენი შვილი საფრთხისგან დაიცვათ.
ამ სტატიათა სერიაში მოცემული ინფორმაცია დიდ დახმარებას გაგიწევთ. თავდაპირველად ვისაუბროთ იმ ზოგიერთი საფრთხის შესახებ, რომელსაც შეიძლება თქვენი შვილი შეხვდეს ინტერნეტში.
[ჩანართი 3 გვერდზე]
კანადაში მოზარდების თითქმის ნახევარი მობილური ტელეფონების საშუალებით შედის ინტერნეტში
-
-
ბავშვები და ინტერნეტი — რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?გამოიღვიძეთ! — 2008 | ოქტომბერი
-
-
ბავშვები და ინტერნეტი — რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული, თუ სად იდგა კომპიუტერი. როგორც ფიქრობდნენ, თუ ის გამოსაჩენ ადგილზე იდგა, ასეთ შემთხვევაში ნაკლები იყო იმის ალბათობა, რომ ბავშვი არასასურველ ვებ-საიტზე შესულიყო. საღი აზრი გვკარნახობს, რომ ასეთი მიდგომა მართლაც გონივრულია — ბავშვს არ უნდა ჰქონდეს თავის საძინებელ ოთახში კომპიუტერი, რომ მან განმარტოებით შეძლოს ინტერნეტის გამოყენება — თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. დღეს უკაბელო ინტერნეტის წყალობით შესაძლებელია, რომ მოზარდებმა, სადაც არ უნდა იყვნენ, ყველგან ისარგებლონ ინტერნეტით. მრავალი მობილური ტელეფონითაც შესაძლებელია ინტერნეტში შესვლა. გარდა ამისა, არსებობს ინტერნეტ-კაფეები, ინტერნეტ-ჯიხურები, ბიბლიოთეკები და, რაღა თქმა უნდა, მეგობრის სახლი, სადაც თქვენს შვილს შეუძლია ინტერნეტით სარგებლობა. იმის გამო, რომ ამდენი არჩევანი არსებობს, მშობლებმა შეიძლება ვერც კი გაიგონ, თუ როდის შედის მათი შვილი ინტერნეტში და რას აკეთებს იქ.
განვიხილოთ, თუ რა შეიძლება იზიდავდეს თქვენს შვილს ინტერნეტში და რა მხრივ შეიძლება იყოს ეს მისთვის სახიფათო.
იმეილი
რა არის იმეილი? ეს არის ელექტრონული ფოსტა, რომლის მეშვეობითაც წერილი ელექტრონული სახით იგზავნება.
რატომ იზიდავს ის მოზარდებს? იმეილი სწრაფი საშუალებაა მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან დასაკავშირებლად. ის საკმაოდ იაფი ჯდება.
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? ზოგჯერ ადრესატს იმეილის საშუალებით სრულიად უცხოსგან მისდის წერილები. ასეთ წერილებს სპამს უწოდებენ. სპამი მხოლოდ მომაბეზრებელი წერილი როდია. ხშირად ის ისეთი შინაარსისაა, რომ ადრესატს სექსისა თუ სხვა სახის უხამსი მოქმედებისკენ უბიძგებს. წერილში შეიძლება განთავსებული იყოს ბმული. წერილის მიმღებმა — განსაკუთრებით კი გამოუცდელმა ბავშვმა — შეიძლება დააწკაპუნოს ამ ბმულზე და გაუაზრებლად საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია გაუმჟღავნოს წერილის გამომგზავნელს, რომელმაც მისი მონაცემები შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს. თუ ადრესატი ასეთ წერილებს უპასუხებს — თუნდაც იმ მიზნით, რომ აუკრძალოს, მეტად აღარ მისწეროს — ეს უფრო მეტად დაარწმუნებს წერილის გამომგზავნელს, რომ იმეილის მისამართი ზუსტია და უფრო ხშირად გაუგზავნის მას წერილებს.
ვებ-საიტი
რა არის ვებ-საიტი? ვებ-საიტზე თავმოყრილია ელექტრონული გვერდები, რომლებიც შექმნილია ორგანიზაციების, სასწავლებლების, ბიზნეს-კომპანიებისა თუ ცალკეული პირების მიერ.
რატომ იზიდავს ის მოზარდებს? მილიონობით საიტი მოზარდებს ფართო არჩევანს სთავაზობს. ეს საიტები მათ შესაძლებლობას აძლევს, იყიდონ ან მოძებნონ რაიმე, დაუკავშირდნენ მეგობრებს, ითამაშონ ან ჩამოტვირთონ თამაშები თუ სიმღერები.
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? ვებ-საიტებს მრავალი ზნედაცემული ადამიანი თავისი მიზნების მისაღწევად იყენებს. ბევრ ვებ-საიტზე სექსუალური სცენებია ასახული და ასეთი გვერდები შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს მონიტორზე. მაგალითად, შეერთებულ შტატებში 8—16 წლამდე გამოკითხული მოზარდების 90 პროცენტმა აღნიშნა, რომ მათ მონიტორზე სრულიად შემთხვევით ჩნდება ხოლმე პორნოგრაფიული საიტები — უმეტეს შემთხვევაში მაშინ, როცა საშინაო დავალებებს ამზადებენ.
არსებობს ისეთი ვებ-საიტებიც, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს ადვილად შეუძლია აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. კანადაში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკითხვის დროს, რომელშიც მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ყოველმა მეოთხე ბიჭმა აღიარა, რომ შესული იყო ასეთ საიტებზე. გასაგებია, რომ სპეციალისტებს ძალიან აღელვებთ ეს საკითხი, რადგან დღეს ვებ-საიტებზე განთავსებული აზარტული თამაშები მოზარდებს უფრო და უფრო იზიდავს. ინტერნეტში აგრეთვე ვხვდებით ისეთ საიტებს, რომლებშიც მოუწოდებენ მომხმარებელს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ გამხდრები იყვნენa. არის აგრეთვე ისეთი ვებ-საიტები, რომლებიც სიძულვილს აღვივებს რელიგიური უმცირესობებისა თუ ეთნიკური ჯგუფების მიმართ. ზოგი საიტი იმისთვის არის განკუთვნილი, რომ ხალხს ასწავლონ ბომბების გაკეთება, საწამლავის დამზადება და ტერორისტული აქტების მოწყობა. ინტერნეტ-თამაშებში მოთამაშეები სასტიკ ძალადობას მიმართავენ, ერთმანეთს ასახიჩრებენ და კლავენ.
ჩეთ-რუმი
რა არის ჩეთ-რუმი? ეს არის ელექტრონული სივრცე, სადაც ტექსტური შეტყობინების საშუალებით ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
რატომ იზიდავს ის მოზარდებს? თქვენი შვილი შეიძლება ერთდროულად დაუკავშირდეს მრავალ უცხო ადამიანს და ისეთ თემებზე ისაუბრონ, რაც მათთვისაა საინტერესო.
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? პედოფილები იყენებენ ჩეთ-რუმებს იმ მიზნით, რომ ბავშვები ინტერნეტის მეშვეობით გარყვნან ან პირისპირ შეხვდნენ, რომ უშუალოდ დაამყარონ მათთან სქესობრივი კავშირი. ვნახოთ, რა შეემთხვა ერთ-ერთი წიგნის ავტორს, როდესაც ის იკვლევდა, თუ რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისთვის ინტერნეტი. მან თავი 12 წლის გოგონად გაასაღა. წიგნში ვკითხულობთ, რომ ერთმა მაშინვე შესთავაზა მას, ჩეთ-რუმით პირადი მიმოწერა ჰქონოდათ. მან უთხრა, რომ არ იცოდა, როგორ დაეწყო მასთან პირადი მიმოწერა. მისმა „ახალშეძენილმა მეგობარმა“ დაწვრილებით აუხსნა ყველაფერი, შემდეგ კი ჰკითხა, სურდა თუ არა მასთან [ინტერნეტით ვირტუალური] სექსი ჰქონოდა („What in the World Are Your Kids Doing Online?“).
მყისიერი შეტყობინება
რა არის მყისიერი შეტყობინება? ეს არის ტექსტური შეტყობინება, რომლის დროსაც ორ ან მეტ ადამიანს შეუძლია ერთმანეთთან მიმოწერა და პარალელურად ტექსტისთვის თვალის დევნება.
რატომ იზიდავს ის მოზარდებს? როცა ვინმეს სურს, მყისიერი შეტყობინების მეშვეობით დაუკავშირდეს რომელიმე მეგობარს, თავის მიერვე შექმნილი მისამართების სიიდან იღებს მის მისამართს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ როგორც კანადაში ჩატარებული გამოკვლევა აჩვენებს, 16 — 17 წლის მოზარდების 84 პროცენტი მყისიერი შეტყობინების მეშვეობით უკავშირდება თავის მეგობრებს და ამას დღეში საათზე მეტს უთმობს.
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? მყისიერი შეტყობინებით ურთიერთობა ბავშვს ხელს შეუშლის სწავლაში და სხვა ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც ყურადღების მობილიზებას მოითხოვს. გარდა ამისა, თქვენ ვერ გაიგებთ, ვისთან აქვს თქვენს შვილს ურთიერთობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ მათი საუბრის მოსმენაც არ შეგიძლიათ, რადგან ერთმანეთთან ტექსტური შეტყობინებით აქვთ კავშირი.
ბლოგი
რა არის ბლოგი? ეს არის ინტერნეტ-დღიური.
რატომ იზიდავს ის მოზარდებს? ინტერნეტ-დღიურში მოზარდებს იმის საშუალება ეძლევათ, რომ განათავსონ ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — ისინი წერენ იმაზე, თუ რას გრძნობენ, რას განიცდიან, რა ინტერესები აქვთ და რას საქმიანობენ. ბლოგში დათმობილია ადგილი კომენტარებისთვის და, რა თქმა უნდა, ბევრ ბავშვს აინტერესებს, ვინ გამოეხმაურა მათ.
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის წაკითხვა ყველას შეუძლია. ზოგი მოზარდი ამ გვერდზე დაუფიქრებლად განათავსებს ისეთ ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება მათი ოჯახის წევრების შესახებ ყველაფრის გაგება და ამასთანავე სკოლისა თუ სახლის მისამართის დადგენა. გარდა ამისა, ვისაც საკუთარი ვებ-ბლოგი აქვს, მისი რეპუტაცია ილახება. მაგალითად, ზოგი დამსაქმებელი სანამ სამსახურში აიყვანს ვინმეს, ამოწმებს, აქვს თუ არა მას ვებ-ბლოგი.
სოციალური ქსელი
რა არის სოციალური ქსელი? ეს არის საიტი, რომელზეც ქმნიან საკუთარ ვებ-გვერდს, სადაც სურათებს, ვიდეოსა და ბლოგებს განათავსებენ.
რატომ იზიდავს ის მოზარდებს? ასეთ საიტებზე შექმნილი ვებ-გვერდები მრავალს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი თავის შესახებ განათავსონ ინფორმაცია. ამ ქსელის მეშვეობით მოზარდები ბევრ ახალ „მეგობარს“ იძენენ.
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? „ეს ქსელი ინტერნეტ-წვეულებას ჰგავს, — ამბობს ჯოანა. — იქ ბევრ უცნაურ ადამიანს გადაეყრები“. ამ ქსელში განთავსებული პირადი ინფორმაცია შეიძლება ბევრი ზნედაცემული ადამიანის ხელში ჩავარდეს. ერთ-ერთი სპეციალისტი პერი აფტაბი ამბობს, რომ ასეთი საიტები „პედოფილებისთვის დიდი სუპერმარკეტივით არის, სადაც ფართო არჩევანია“.
ინტერნეტში იშვიათად თუ იპოვის ვინმე ნამდვილ მეგობარს. ზოგი მოზარდი თავის ვებ-გვერდზე მხოლოდ იმიტომ აგროვებს სხვების მისამართებს, რომ უფრო პოპულარულად წარმოაჩინოს თავი. მათ შეიძლება სიაში ისეთი ადამიანების მისამართებიც კი შეიტანონ, ვისაც არასოდეს შეხვედრიან. თავის წიგნში კენდის კელსი აღნიშნავს, რომ ამგვარად ისინი ფაქტობრივად „ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ იმით აფასებენ, თუ რამდენი ადამიანის მოწონება დაიმსახურა“. ის დასძენს: «ასეთმა დამოკიდებულებამ ჩვენი შვილები „სავაჭრო საქონლად“ აქცია. ისინი უზომოდ დიდი გავლენის ქვეშ არიან — ნებისმიერ ხერხს მიმართავენ, რომ მეტი მეგობარი შეიძინონ» („Generation MySpace“). ერთ-ერთ წიგნში შემდეგი კითხვაა დასმული: „როგორ უნდა ასწავლოთ ბავშვებს სიბრალულისა და თანაგრძნობის გამოვლენა, მაშინ როცა ინტერნეტ-სამყარო მათ ყოველგვარ გრძნობებს მოკლებულ ურთიერთობებს ასწავლის? მათ შეუძლიათ დღეს გაიცნონ ვინმე, ხვალ კი სამუდამოდ დაივიწყონ“ („What in the World Are Your Kids Doing Online?“).
ჩვენ განვიხილეთ ის ექვსი საშუალება, რაც დღეს ძალიან პოპულარულია მოზარდებში. თუ მშობელი ხართ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ თქვენს შვილს თავიდან აარიდოთ ის ზიანი, რაც შეიძლება ინტერნეტმა მოუტანოს?
[სქოლიო]
a ასეთი საიტების შემქმნელები და ასეთივე ორგანიზაციების დამფუძნებლები აცხადებენ, რომ არავის მოუწოდებენ უკიდურესი სიგამხდრისკენ. ისინი აგრეთვე ამბობენ, რომ ვინც მათ რჩევებს მიჰყვება, ანორექსია არ ემუქრება. თუმცა, ზოგი მათგანი თვლის, რომ ანორექსია დაავადება არ არის. მათი აზრით, ადამიანი თავად ირჩევს ასეთი ცხოვრების წესს. ამ საიტების ფორუმებზე მოცემულია რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაუმალონ მოზარდებმა მშობლებს თავიანთი წონა და როგორ მოატყუონ ისინი, თითქოს სრულფასოვნად იკვებებიან.
[ჩანართი 4 გვერდზე]
ინდოეთში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 54 პროცენტზე მეტით გაიზარდა. მათგან უმრავლესობა მოზარდია
[ჩანართი 7 გვერდზე]
„მშობლები შეიძლება ფიქრობენ, რომ კომპიუტერის ვიდეო თვალი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვი ადვილად და იაფად დაუკავშირდეს მეგობრებსა თუ ნათესავებს, მაგრამ პედოფილებისთვის ვიდეო თვალი ბავშვის საძინებელში დარჩენილი ღია ფანჯარასავითაა“ (რობერტ მიულერ III, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი)
-
-
ბავშვები და ინტერნეტი — როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?გამოიღვიძეთ! — 2008 | ოქტომბერი
-
-
ბავშვები და ინტერნეტი — როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?
თქვენ როგორც მშობელს, რა უფრო აგაღელვებდათ — იმის გაგება, რომ თქვენს შვილს თქვენი ავტომანქანის გასაღები აქვს, თუ ის, რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია ინტერნეტში შესვლა? გარკვეულწილად ორივე შემთხვევაში არსებობს საფრთხე. ამასთანავე, ამ ორივე სიტუაციაში მშობლებს გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრიათ. ცხადია, მშობლებს არ შეუძლიათ, თავიანთ შვილებს სამუდამოდ აუკრძალონ ავტომანქანის ტარება, მაგრამ მათ შეუძლიათ, შვილებს მისი უსაფრთხოდ მართვა ასწავლონ. მსგავსადვე, მრავალი მშობელი შვილებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებას ასწავლის. ქვემოთ მოცემული ბიბლიური პრინციპები თქვენთვის დამხმარე იქნება.
„წინდახედული ცოდნით იმოქმედებს“ (იგავები 13:16). იმ მშობლებმა, რომელთა შვილებსაც ინტერნეტის გამოყენება შეუძლიათ, უნდა იცოდნენ ძირითადად რისთვის გამოიყენება ის და რას აკეთებენ მათი შვილები ინტერნეტში, იქნება ეს მყისიერი შეტყობინების მეშვეობით ვინმესთან ურთიერთობა, ვებ-გვერდების კითხვა თუ სხვა ნებისმიერი რამ. „შეეცადეთ გაერკვეთ ტექნიკის სიახლეებში, — ამბობს მარშა, ორი შვილის დედა. — ნუ დაასკვნით, რომ თქვენს ასაკში ვეღარაფერს ისწავლით“.
„ბანს მოაჯირიც გაუკეთე, რომ არავინ გადმოვარდეს“ (კანონი 22:8). ინტერნეტ პროვაიდერებისა თუ სხვადასხვა პროგრამების საშუალებით მშობლებს შეუძლიათ, ასე ვთქვათ, „მოაჯირი გააკეთონ“, ანუ დაბლოკონ საზიანო ვებ-საიტები და არასასურველი სარეკლამო რგოლები, რომლებიც მომხმარებელს სხვა საიტის გახსნას სთავაზობს. ზოგი პროგრამის მეშვეობით პირადი მონაცემების დაბლოკვაც შესაძლებელია, მაგალითად, სხვებმა რომ არ გაიგონ ბავშვის სახელი და მისამართი. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ყოველთვის არ იბლოკება ყველა საზიანო ინფორმაცია. გარდა ამისა, ზოგი მოზარდი ისე კარგად ერკვევა კომპიუტერში, რომ მათ შეუძლიათ ბლოკის მოხსნა.
„განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს; იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის“ (იგავები 18:1). ბრიტანეთში 9—19 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ თითქმის ყოველ მეხუთეს აქვს ინტერნეტის გამოყენების საშუალება თავის საძინებელ ოთახში. თუ სახლში კომპიუტერი ისეთ ადგილზე იდგმება, რომ ყველას შეეძლება მისი დანახვა, ეს დაეხმარება მშობლებს, თვალი ადევნონ იმას, რასაც ბავშვები ინტერნეტში აკეთებენ. ასეთ შემთხვევაში ბავშვები შეიძლება მოერიდონ არასასურველი საიტების გახსნას.
„კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო, რადგან დღეები ბოროტია“ (ეფესოელები 5:15, 16). წინასწარ უნდა იცოდეთ, თუ როდის შევა თქვენი შვილი ინტერნეტში, რამდენი ხანი გამოიყენებს მას და რომელი საიტების გახსნას შეძლებს ის. ბავშვთან ერთად იმსჯელეთ იმაზე, თუ რატომ უდგენთ მას ასეთ წესებს, და დარწმუნდით, რომ კარგად გაიგო, რაც აუხსენით.
ცხადია, ვერ შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი შვილი, როცა ის სხვაგან გამოიყენებს ინტერნეტს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, შვილს ზნეობრივი ფასეულობები ჩაუნერგოთ, რომ თქვენი თანდასწრების გარეშე გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოსa (ფილიპელები 2:12). სანამ ბავშვს მოსთხოვთ, რომ თქვენ მიერ დადგენილი წესების თანახმად იმოქმედოს, ჯერ კარგად აუხსენით, რა შედეგები შეიძლება გამოიღოს ამ წესების დარღვევამ.
„[კარგი დედა] თვალყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება“ (იგავები 31:27). თვალყური ადევნეთ, როცა თქვენი შვილი ინტერნეტს იყენებს და უთხარით, რომ ყოველთვის ასე მოიქცევით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მათ განმარტოების საშუალებას არ აძლევთ. გახსოვდეთ, რომ ინტერნეტი სახალხო ფორუმია. ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები მშობლებს ურჩევენ, რომ ყოველთვის აკონტროლონ, თუ რას აკეთებენ მათი შვილები ინტერნეტში, შეუმოწმონ იმეილი და ნახონ, რომელ საიტებზე შედიან ისინი.
„ჭკუა დაგიცავს და გამჭრიახობა დაგიფარავს; დაგიხსნის ბოროტების გზიდან, უკუღმართად მოლაპარაკე კაცისგან“ (იგავები 2:11, 12). მხოლოდ ის არ არის საკმარისი, რომ მშობლებმა თვალყური ადევნონ შვილებს, თუ რას აკეთებენ ისინი ინტერნეტში. მათ ყველაზე მეტად ის დაიცავთ, თუ რა ფასეულობებს ჩაუნერგავთ და როგორ მაგალითს მისცემთ. ამიტომ, დრო გამოყავით და შვილებთან ერთად იმსჯელეთ იმაზე, თუ რა საფრთხე ახლავს ინტერნეტის გამოყენებას. შვილებთან გულღიად ლაპარაკი საუკეთესო საშუალებაა ინტერნეტით გამოწვეული საფრთხის თავიდან ასარიდებლად. „ჩვენ ორივე ბიჭს ვუთხარით, რომ ინტერნეტს ხშირად ცუდი ადამიანები იყენებენ თავიანთი მიზნებისთვის, — ამბობს ერთი მამა, რომელიც იეჰოვას მოწმეა. — ჩვენ აგრეთვე ავუხსენით მათ, თუ რა არის პორნოგრაფია და რატომ უნდა მოერიდონ მას. გარდა ამისა, ისიც კარგად დავანახვეთ, რომ არასოდეს იქონიონ ურთიერთობა უცხოებთან“.
თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ შვილები
თქვენი შვილები ინტერნეტით გამოწვეული საფრთხისგან რომ დაიცვათ, ეს ძალისხმევას მოითხოვს. გამუდმებით იცვლება ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების ელექტრონული საშუალებები. ტექნიკის წინსვლა შეიძლება მრავალმხრივ იყოს ბავშვებისთვის სასარგებლო, მაგრამ ამავე დროს ისინი შესაძლოა სერიოზული საფრთხის წინაშე დადგნენ. როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაიცვან თავიანთი შვილები ამ საფრთხისგან? „სიბრძნე იცავს კაცს“, — ნათქვამია ბიბლიაში (ეკლესიასტე 7:12).
დაეხმარეთ შვილებს, რომ დაბრძენდნენ. აუხსენით, თუ როგორ გამოიყენონ ინტერნეტი გონივრულად და როგორ აირიდონ საფრთხე თავიდან. თუ ასე მოიქცევით, ისინი შეძლებენ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებას.
[სქოლიო]
a მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ მრავალ მოზარდს ინტერნეტში შესვლა შეუძლია მობილური ტელეფონით, სხვა პორტატიული მოწყობილობებით და ვიდეო-თამაშებისთვის განკუთვნილი კომპიუტერებითაც კი.
[ჩანართი 8 გვერდზე]
ბრიტანეთში 9—19 წლამდე ასაკის მოზარდების 57 პროცენტი ინტერნეტში ყოველკვირა უყურებს პორნოგრაფიულ მასალას. მაგრამ, მშობლების მხოლოდ 16 პროცენტს სჯერა, რომ მათი შვილები ასე იქცევიან
[ჩანართი 9 გვერდზე]
სპეციალისტების აზრით, ყოველდღიურად შეიძლება 750 000-ზე მეტი პედოფილი იყენებდეს ინტერნეტს სხვების გაცნობის მიზნით
[ჩანართი 9 გვერდზე]
შეერთებულ შტატებში 12—17 წლამდე ასაკის მოზარდების 93 პროცენტი იყენებს ინტერნეტს
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
შეგიძლიათ ასწავლოთ შვილს, რომ გონივრულად გამოიყენოს ინტერნეტი?
-