საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიმართეთ კარგ მრჩეველს
    გამოიღვიძეთ! — 2007 | აგვისტო
    • რჩევა 1

      მიმართეთ კარგ მრჩეველს

      რატომ არის მნიშვნელოვანი? ბავშვის დაბადების შემდეგ მშობლებს შეიძლება ურთიერთსაპირისპირო გრძნობები დაეუფლოთ. ერთი ბრიტანელი მამაკაცი, ბრეტი, რომელსაც შვილი შეეძინა, ამბობს: „ძალიან მიხაროდა, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობდი. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მამობისთვის მზად არ ვიყავი“. არგენტინელი მონიკა, რომელსაც გოგონა შეეძინა, ამბობს: „ვფიქრობდი, ვიქნებოდი თუ არა მზრუნველი დედა. შევძლებდი ჩემი პატარას აღზრდას პასუხისმგებლობის მქონე ადამიანად?“

      თქვენც გიფიქრიათ მსგავსად? ბავშვის აღზრდა ერთ-ერთი ურთულესი, მაგრამ ამასთანავე სასიამოვნო პასუხისმგებლობაა. მშობლებს დროდადრო შეიძლება იმედგაცრუება დაეუფლოთ, მაგრამ ბავშვის აღზრდას სიხარულიც მოაქვს. ერთმა მამამ აღნიშნა: „ბავშვის აღზრდის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ გვეძლევა“. ვინაიდან თქვენ დიდ გავლენას ახდენთ შვილების ჯანმრთელობასა და ბედნიერებაზე, შეიძლება იფიქროთ, რომ მათ აღსაზრდელად საიმედო რჩევა გჭირდებათ.

      პრობლემა: ერთი შეხედვით, ბავშვის აღზრდა ყველას შეუძლია. წლების წინ ახალბედა მშობლები ისე ზრდიდნენ შვილებს, როგორც თავად ისინი გაზარდეს, ან რელიგიური შეხედულებებით ხელმძღვანელობდნენ. მაგრამ ბევრ ქვეყანაში ოჯახური კვანძები თანდათანობით ირღვევა და რელიგიაც გავლენას კარგავს. ამიტომ ბევრი მშობელი საიმედო რჩევებისთვის სპეციალისტებს მიმართავს. ზოგჯერ მათი რჩევები გონივრულია, ზოგჯერ კი ურთიერთგამომრიცხავია და შეიძლება მალე გაუფასურდეს.

      გამოსავალი: რჩევებისთვის მას მიმართეთ, ვინც ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა აღზარდოთ შვილები — ადამიანის შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს (საქმეები 17:26—28). მისი სიტყვა, ბიბლია შეიცავს პირდაპირ რჩევებსა და პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც დაგეხმარებათ შვილების აღზრდაში. ღმერთი ამბობს: „რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“ (ფსალმუნი 32:8).

      რა რჩევებს აძლევს ღმერთი მშობლებს, რომ ბედნიერი შვილები ჰყავდეთ?

      [ჩანართი 3 გვერდზე]

      „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი“ (იგავები 3:5).

  • შექმენით თბილი ატმოსფერო
    გამოიღვიძეთ! — 2007 | აგვისტო
    • რჩევა 2

      შექმენით თბილი ატმოსფერო

      რატომ არის მნიშვნელოვანი? ბავშვებს ძალიან სჭირდებათ სიყვარული. 1950 წელს ანთროპოლოგი ეშლი მონტეგიუ წერდა: „სრულფასოვანი განვითარებისთვის ადამიანს ყველაზე მეტად სიყვარული სჭირდება; მისი [ფიზიკური და ემოციური] ჯანმრთელობა სიყვარულზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით პირველი ექვსი წლის მანძილზე“. მკვლევარები დღესაც იზიარებენ მონტეგიუს დასკვნას, რომ „სიყვარულის ნაკლებობამ ბავშვებზე შეიძლება სერიოზული კვალი დატოვოს“.

      პრობლემა: უსიყვარულო, ეგოიზმით გაჟღენთილი ქვეყნიერების გავლენა ასუსტებს ოჯახურ კვანძებს (2 ტიმოთე 3:1—5). ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი შეიძლება გახდეს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული ფინანსური და ემოციური საზრუნავი. მაგალითად, თუ ცოლ-ქმარს განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ შვილების დასჯასა და კარგი საქციელისთვის მათ წახალისებაზე, მათ შორის უკვე არსებული პრობლემები შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს.

      გამოსავალი: დაგეგმეთ, რომ მთელმა ოჯახმა ერთად გაატაროთ დრო. ცოლ-ქმარმაც უნდა გამოუყოთ ერთმანეთს დრო (ამოსი 3:3). გონივრულად გამოიყენეთ ის პერიოდი, როცა ბავშვებს სძინავთ. ნუ შესწირავთ ამ ძვირფას წუთებს ტელევიზორის ყურებას. არ დაუშვათ, რომ სიყვარული გაგინელდეთ; ყოველთვის გამოავლინეთ ის სიტყვითა თუ საქმით (იგავები 25:11; ქებათა ქება 4:7—10). მუდმივად ‘ბრალის დადების’ ნაცვლად, ეძებეთ შესაძლებლობები, რომ ყოველდღე შეაქოთ მეუღლე (ფსალმუნი 103:9, 10; იგავები 31:28).

      დაარწმუნეთ შვილები თქვენს სიყვარულში. ამ მხრივ მაგალითი მშობლებს იეჰოვამ მისცა, როცა სახალხოდ გამოხატა თბილი გრძნობები თავისი ძის, იესოს მიმართ (მათე 3:17; 17:5). ფლეკი, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს, ამბობს: „ბავშვები ყვავილებივით არიან. როგორც პატარა მცენარე იხრება მზისკენ სინათლისა და სითბოს მისაღებად, ისე ბავშვები ილტვიან მშობლებისკენ სიყვარულის მისაღებად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ისინი მათთვის ძვირფასნი არიან“.

      მიუხედავად იმისა, მეუღლე გყავთ თუ მარტოხელა მშობელი ხართ, თქვენი ოჯახური ცხოვრება გაუმჯობესდება, თუ დაეხმარებით ოჯახის წევრებს, რომ უყვარდეთ ღმერთი და ერთმანეთი.

      მაგრამ, რას ამბობს ღვთის სიტყვა მშობლების უფლებამოსილებაზე?

      [ჩანართი 4 გვერდზე]

      „სიყვარული . . . გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14).

  • გამოიყენეთ თქვენი უფლებამოსილება
    გამოიღვიძეთ! — 2007 | აგვისტო
    • რჩევა 3

      გამოიყენეთ თქვენი უფლებამოსილება

      რატომ არის მნიშვნელოვანი? გამოკვლევები ცხადყოფს, რომ „თუ მშობლები სიყვარულს ავლენენ ბავშვების მიმართ და თავიანთ უფლებამოსილებას იყენებენ მათი აღზრდისას, ანუ ყველანაირად ზრუნავენ შვილებზე და შეზღუდვებსაც უდგენენ, ბავშვები კარგად სწავლობენ, უადვილდებათ ადამიანებთან ურთიერთობა, არ ეუფლებათ უღირსობის გრძნობა და იმ ბავშვებზე ბედნიერები არიან, რომელთა მშობლებიც მეტისმეტ ლმობიერებას ან მეტისმეტ სიმკაცრეს იჩენენ“, — ნათქვამია ჟურნალ „მშობლებში“.

      პრობლემა: ჩვეულებრივ, შვილები მშობლების უფლებამოსილებას ეწინააღმდეგებიან. ჯონ როუზმონდი თავის წიგნში „მშობლის ძალა“ წერს: „ბავშვები ადვილად ხვდებიან, როდის არ იჩენენ მშობლები სიმტკიცეს და როდის შეიძლება მათი დაყოლიება. თუ ოჯახის მართვის სადავეს მშობლები არ აიღებენ, მაშინ მას ბავშვები აიღებენ“.

      გამოსავალი: ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს უფლებამოსილებას თუ გამოიყენებთ, შვილებს ჩამოიშორებთ ან დათრგუნავთ. იეჰოვა ღმერთს, ოჯახის დამფუძნებელს, ოჯახის მართვის უფლება ბავშვებისთვის არ მიუცია. მან ის მშობლებს მიანდო, ბავშვებს კი შემდეგი მითითება მისცა: „დაუჯერეთ თქვენს მშობლებს“ (ეფესოელები 3:14, 15; 6:1—4).

      ოჯახში უფლებამოსილების გამოყენება მეტისმეტი სიმკაცრის გარეშეც შეიძლება. როგორ? მიჰბაძეთ იეჰოვას. მას სურს ნებით დავემორჩილოთ, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია გვაიძულოს, მისი ნება შევასრულოთ. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა“ (ესაია 48:18). იეჰოვას უნდა სიყვარულით დავემორჩილოთ და არა ძრწოლით (1 იოანე 5:3). ის მეტისმეტს არ მოითხოვს ჩვენგან; მან იცის, რომ მისი პრინციპების დაცვა ჩვენთვის სასარგებლოა (ფსალმუნი 19:7—11).

      რა დაგეხმარებათ, რომ სწორად გამოიყენოთ მშობლის უფლებამოსილება? უპირველესად, უნდა დარწმუნდეთ, რომ ამას ღმერთი ითხოვს თქვენგან. ამასთანავე, უნდა გჯეროდეთ, რომ ღვთის პრინციპებით ცხოვრება საუკეთესო გზაა როგორც თქვენთვის, ისე თქვენი შვილებისთვის (რომაელები 12:2).

      კონკრეტულად, რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი უფლებამოსილება გამოიყენოთ?

      [ჩანართი 5 გვერდზე]

      „აღზარდე შვილები  . . . და გულს გაგიხარებენ“ (იგავები 29:17, „ახალი გადამუშავებული სტანდარტული თარგმანი“).

  • დაადგინეთ წესები და შესაბამისად იმოქმედეთ
    გამოიღვიძეთ! — 2007 | აგვისტო
    • რჩევა 4

      დაადგინეთ წესები და შესაბამისად იმოქმედეთ

      რატომ არის მნიშვნელოვანი? „ფაქტია, რომ ბავშვებისთვის კარგია, როცა ოჯახში ნათლად არის დადგენილი წესები და სასჯელი, რაც მათ დარღვევას მოჰყვება. ასეთი წესების გარეშე ბავშვები საკუთარ თავზე კონცენტრირებულები, ეგოისტები და უხასიათოები ხდებიან და გარშემომყოფებზეც უარყოფითად მოქმედებენ“, — ამბობს ჯორჯიის უნივერსიტეტის დოქტორი, სოციოლოგი რონალდ საიმონსი. ღვთის სიტყვაშიც ნათქვამია, რომ „შვილის მოყვარული მუდამ ჭკუას ასწავლის მას“ (იგავები 13:24).

      პრობლემა: გონივრული შეზღუდვების დადგენასა და დაცვას დრო, ძალისხმევა და შეუპოვრობა სჭირდება. ჩვეულებრივ, ბავშვებს ახასიათებთ, რომ თავისი გაიტანონ. მაიკი და სონია, რომელთაც ორი შვილი ჰყავთ, ამას შემდეგნაირად ხსნიან: „ბავშვები პატარა ადამიანები არიან; მათ თავიანთი აზრები, სურვილები და ცოდვისკენ თანდაყოლილი მიდრეკილება აქვთ“. უდავოა, მაიკსა და სონიას ძალიან უყვართ თავიანთი გოგონები, მაგრამ, როგორც აღნიშნავენ, „ზოგჯერ ბავშვები ჯიუტები და ეგოისტები არიან“.

      გამოსავალი: ისე მოექეცით ბავშვებს, როგორც იეჰოვა ექცეოდა ისრაელს. თავისი ხალხის მიმართ სიყვარული იეჰოვამ იმით გამოავლინა, რომ მისცა კანონები, რომლებიც უნდა დაეცვათ (გამოსვლა 20:2—17). იეჰოვამ ისიც აუხსნა ისრაელებს, თუ რა შედეგებს მოიმკიდნენ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში (გამოსვლა 22:1—9).

      აქედან გამომდინარე, ურიგო არ იქნება, თუ ჩამოწერეთ იმ წესებს, რომელთაც თქვენი შვილი უნდა დაემორჩილოს. ზოგი მშობლის აზრით, ბევრი წესის დადგენა საჭირო არ არის. კარგად შერჩეული რამდენიმე წესი დასამახსოვრებლადაც ადვილია და დასაცავადაც. წესებს გვერდზე მიუწერეთ, როგორ დაისჯება ბავშვი წესის დარღვევის შემთხვევაში. სასჯელი ზომიერი უნდა იყოს და არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. დროდადრო წესებს მშობლებმაც უნდა გადახედონ, რათა თითოეულმა იცოდეს, რა მოეთხოვება.

      თუ ბავშვმა წესები დაარღვია, ნუ დააყოვნებთ დასჯას; იყავით მშვიდი და მტკიცე, და გამონაკლისს ნუ დაუშვებთ. გაბრაზებულ გულზე ნუ დასჯით ბავშვს, ჯერ დამშვიდდით (იგავები 29:22). ნუ გადადებთ ბავშვის დასჯას. ნუ აჰყვებით ბავშვთან ვაჭრობას, რადგან მან შეიძლება იფიქროს, რომ წესების დაცვა ნაკლებად მნიშვნელოვანია. ბიბლიაში წერია: „სწრაფადვე რომ არ სრულდება განაჩენი ბოროტი საქმისთვის, ამიტომ არის ადამიანის გული მთლიანად ბოროტების ჩადენისკენ მიმართული“ (ეკლესიასტე 8:11).

      კიდევ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი უფლებამოსილება შვილების სასიკეთოდ?

      [ჩანართი 6 გვერდზე]

      „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“ (მათე 5:37).

  • შეადგინეთ დღის რეჟიმი და დაიცავით
    გამოიღვიძეთ! — 2007 | აგვისტო
    • რჩევა 5

      შეადგინეთ დღის რეჟიმი და დაიცავით

      რატომ არის მნიშვნელოვანი? ჩვეულებრივ, ზრდასრული ადამიანები რეჟიმით ცხოვრობენ. სამსახური, ღვთის თაყვანისცემა და დასვენება რეჟიმს მოითხოვს. თუ მშობლები არ ასწავლიან ბავშვებს დროის დაგეგმვასა და გეგმის დაცვას, ბავშვები ბევრს დაკარგავენ. ფსიქოლოგი, პროფესორი ლორენს სტაინბერგი ამბობს: „გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბავშვები დადგენილი წესებითა და რეჟიმით თუ ცხოვრობენ, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, სწავლობენ თავშეკავებას და დამოუკიდებლები ხდებიან“.

      პრობლემა: დღეს ცხოვრება დაძაბულია. მრავალი მშობელი ბევრს მუშაობს, ამიტომ ბავშვებისთვის ცოტა დრო რჩებათ. რეჟიმის დადგენა და დაცვა მშობლისგან თვითდისციპლინასა და სიმტკიცეს მოითხოვს, რადგან ბავშვს შეიძლება თავიდან არ სურდეს რეჟიმით ცხოვრება.

      გამოსავალი: მიჰყევი ბიბლიის შემდეგ მითითებას: „ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს“ (1 კორინთელები 14:40). მაგალითად, სანამ ბავშვები პატარები არიან, მრავალი მშობელი გონივრულად უდგენს მათ ძილის დროს. მაგრამ ბავშვს დასაძინებლად წასვლა არ უნდა ეზარებოდეს. ტატიანა, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს და ორი შვილის დედაა, ამბობს: „როცა გოგონები დასაძინებლად წვებიან, ვეფერები და ვუყვები, რას აკეთებდა დედიკო, სანამ ისინი სკოლაში იყვნენ. შემდეგ ვეკითხები, თვითონ რას აკეთებდნენ. ბავშვები თავისუფლად გრძნობენ თავს და ყველაფერს მიყვებიან“.

      ტატიანას მეუღლე, კოსტასი ბავშვებს ძილის წინ მოთხრობებს უკითხავს. ის ამბობს: „ბავშვები თავიანთ აზრს გამოთქვამენ წაკითხულზე; შემდეგ ვსაუბრობთ იმაზე, რაც მათ აინტერესებთ და აღელვებთ. პირდაპირ რომ ვკითხო, რა აწუხებთ, არაფერს მეტყვიან“. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება ძილის დროც შეიცვალოს. თუ რეჟიმს მიჰყვებით, ბავშვები კვლავაც გაგიზიარებენ თავიანთ აზრებს.

      გარდა ამისა, გონივრული იქნება, თუ ოჯახის წევრებს ჩვევად ექნებათ, რომ დღეში ერთხელ მაინც შეიკრიბონ სადილად ან ვახშმად. შეკრების დრო შეიძლება საჭიროების მიხედვით შეიცვალოს. ჩარლზი, ორი შვილის მამა, ამბობს: „სამსახურიდან ზოგჯერ გვიან ვბრუნდები, ამიტომ ჩემი მეუღლე ბავშვებს წაახემსებს ხოლმე, რომ შემდეგ მთელმა ოჯახმა ერთად ვივახშმოთ. ჩვენ ვიხსენებთ დღის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს, განვიხილავთ ერთ ბიბლიურ მუხლს, ვსაუბრობთ პრობლემებზე და დროს სასიამოვნოდ ვატარებთ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ უწყობს ხელს ეს ჩვევა ოჯახის თითოეული წევრის ბედნიერებას“.

      ეს რჩევა რომ გაითვალისწინოთ, სამსახურმა ხელი არ უნდა შეგიშალოთ ოჯახში დადგენილი რეჟიმის დაცვაში. გამოიყენეთ ბიბლიის რჩევა: ‘დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია’ (ფილიპელები 1:10).

      კიდევ რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომ შვილებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ?

      [ჩანართი 7 გვერდზე]

      „ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს“ (1 კორინთელები 14:40).

  • გაიგეთ, რას გრძნობს თქვენი შვილი
    გამოიღვიძეთ! — 2007 | აგვისტო
    • რჩევა 6

      გაიგეთ, რას გრძნობს თქვენი შვილი

      რატომ არის მნიშვნელოვანი? ბავშვებს სურთ, და სჭირდებათ კიდეც, რომ მათთვის ყველაზე ძვირფასმა ადამიანებმა, მშობლებმა, იცოდნენ, რას გრძნობენ ისინი. თუ მშობელი გამუდმებით ეკამათება ბავშვს, როცა ის თავის გრძნობებს გამოხატავს, ბავშვმა შეიძლება თავისუფლად ვეღარ გამოთქვას აზრი და საკუთარ თავში დაეჭვდეს.

      პრობლემა: ხშირად ბავშვები თავიანთ აზრებსა და გრძნობებს მძაფრად გამოხატავენ. ზოგჯერ რასაც ბავშვები ამბობენ, მშობლისთვის მძიმე მოსასმენია. მაგალითად, გულგატეხილმა ბავშვმა შეიძლება წამოიძახოს: „სიცოცხლე აღარ მინდა!“a. მშობელმა თავისდაუნებურად შეიძლება დაუშალოს: „ასე ნუ ამბობ!“ ისინი შეიძლება შიშობენ, რომ თუ ბავშვს ბოლომდე მოუსმენენ, მისი აზრის გამზიარებლები გამოვლენ.

      გამოსავალი: გამოიყენეთ ბიბლიის რჩევა და ‘სწრაფი იყავით მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში’ (იაკობი 1:19). გაიხსენეთ, რომ იეჰოვა ღმერთს ესმოდა თავისი ერთგული მსახურების, როცა მათ უარყოფითი გრძნობები ეუფლებოდათ და ამის შესახებ ბიბლიაშიც ჩაიწერა (დაბადება 27:46; ფსალმუნი 73:12, 13). ერთ-ერთი მაგალითია იობი, რომელმაც უმძიმესი განსაცდელის დროს სიკვდილი ინატრა (იობი 14:13).

      რასაკვირველია, ზოგიერთ საკითხში იობს თვალსაზრისი უნდა შეეცვალა. მაგრამ იეჰოვამ გაითვალისწინა იობის გრძნობები და არ შეაწყვეტინა საუბარი. მან იობის ღირსება დააფასა და მოთმინებით მისცა საშუალება, გული გადმოეღვარა. იეჰოვამ მხოლოდ ამის შემდეგ შეუსწორა იობს თვალსაზრისი. ერთმა ქრისტიანმა მამამ თქვა: „თუკი იეჰოვა მაძლევს შესაძლებლობას, ლოცვაში გული გადმოვუღვარო, მე რატომ არ უნდა მივცე ჩემს შვილებს დადებითი და უარყოფითი გრძნობების გამოხატვის შესაძლებლობა?!“

      სხვა დროს, როცა დააპირებთ, ბავშვს უთხრათ: „ეს ასე არ არის!“ ან „ასე არ უნდა იფიქრო!“, გაიხსენეთ იესოს ცნობილი წესი: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკა 6:31). მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ სამსახურში უხეშად მოგექცნენ ან გულგატეხილი ხართ იმის გამო, რომ რაღაც არ გამოგივიდათ. საწუხარი, ალბათ, ახლო მეგობარს გაუზიარეთ და უთხარით, რომ სამსახურში სირთულეებს ვერ უმკლავდებით. რას ელით ამ დროს მეგობრისგან? გესიამოვნებათ, მეგობარმა რომ თქვას: „თავს ასე არ უნდა გრძნობდე!“ და მაშინვე დაასკვნას, რომ ყველაფერი თქვენი ბრალია? ალბათ, გინდათ, რომ მეგობარმა ასეთი სიტყვები გითხრათ: „მართლა არ იქნებოდა ადვილი; მძიმე დღე გქონია“.

      ბავშვებიც და უფროსებიც ადვილად მიიღებენ რჩევას, თუ დაინახავენ, რომ რჩევის მიმცემს ესმის მათი გრძნობები და გასაჭირი. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ბრძენის გული მის საუბარს წვდომის უნარს სძენს, მის ბაგეებს კი დამაჯერებლობას მატებს“ (იგავები 16:23).

      რა უნდა გააკეთოთ, რომ ბავშვმა გაითვალისწინოს რჩევა?

      [სქოლიო]

      a უყურადღებოდ არ დატოვოთ ბავშვის არც ერთი გამონათქვამი, რომელიც თვითმკვლელობას ეხება.

      [ჩანართი 8 გვერდზე]

      „მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა“ (იგავები 18:13).

  • მიეცით მაგალითი
    გამოიღვიძეთ! — 2007 | აგვისტო
    • რჩევა 7

      მიეცით მაგალითი

      რატომ არის მნიშვნელოვანი? ადამიანი, ძირითადად, სხვებზე დაკვირვებით სწავლობს, სიტყვებიდან კი ინფორმაციას იგებს. მაგალითად, მშობელმა შეიძლება უთხრას შვილს, რომ თავაზიანი იყოს და არ მოიტყუოს. მაგრამ მშობლები თუ ერთმანეთს ან ბავშვებს უყვირიან და დროდადრო იტყუებიან, ბავშვები სწავლობენ, რომ უფროსები ასეც უნდა იქცეოდნენ. დოქტორი სალ სივიერი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ ბავშვები ყველაზე მეტად მშობლების მაგალითიდან სწავლობენ.

      პრობლემა: მშობლები სრულყოფილები არ არიან. მოციქული პავლე წერს: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23). მოწაფე იაკობმა კი დაწერა, რომ „ენას ვერავინ ათვინიერებს“ (იაკობი 3:8). ამასთანავე, ბავშვებს ახასიათებთ მშობლების მოთმინებიდან გამოყვანა. ლერი, ორი გოგონას მამა, რომელიც მშვიდი და თავშეკავებულია, ამბობს: „ბავშვებს ისე ადვილად გამოვყავდი მდგომარეობიდან, რომ გაოცებული ვრჩებოდი“.

      გამოსავალი: ეცადეთ, მისცეთ კარგი და არა — სრულყოფილი მაგალითი. საკუთარი შეცდომებიდანაც ასწავლეთ ბავშვებს რაიმე კარგი. ქრისი, ორი გოგონას მამა, ამბობს: „თუ ბავშვებმა მდგომარეობიდან გამომიყვანეს ან ჩემი მიზეზით დაზარალდნენ, ვაღიარებ შეცდომას და ბოდიშს ვუხდი. აქედან ჩემი შვილები სწავლობენ, რომ მშობლებიც უშვებენ შეცდომებს და ყველას გვჭირდება გაუმჯობესება“. კოსტასი, რომელიც ერთ-ერთ წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, ამბობს: „მდგომარეობიდან როცა გამოვდივარ, ბოდიშს ვიხდი, ამიტომ ჩემმა გოგონებმა ისწავლეს, რომ თავადაც უნდა მოიბოდიშონ, როცა რაიმეს აშავებენ“.

      იეჰოვა ღმერთი ამბობს: „ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იზრუნეთ მათზე — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფესოელები 6:4). ბავშვებს შეიძლება უფროსებზე მეტად აღიზიანებთ, როცა ადამიანი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ამიტომ კარგი იქნება, ყოველი დღის ბოლოს ჰკითხო საკუთარ თავს: „მთელი დღის მანძილზე სიტყვაც რომ არ დამეძრა, რას ისწავლიდნენ ბავშვები ჩემი საქციელიდან? სიტყვითაც იმას ვასწავლი მათ, რასაც საქმით?“

      [ჩანართი 9 გვერდზე]

      „სხვებს ასწავლი და საკუთარ თავს არა?“ (რომაელები 2:21).

      [სურათები 9 გვერდზე]

      მშობელი თუ ბოდიშს იხდის, ბავშვი სწავლობს, რომ თავადაც უნდა მოიბოდიშოს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება