საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შვილების აღზრდა მნიშვნელოვანია, გამოავლინოთ სიბრძნე
    გამოიღვიძეთ! — 2008 | ივნისი
    • რამდენად თავისუფალი უნდა იყოს მოზარდი?

      როგორც ჩანს, მშობლებსა და შვილებს შორის უთანხმოება ყველაზე ხშირად იმ მიზეზით ხდება, რომ შვილებს უფრო მეტი თავისუფლების მიღება სურთ. რამდენად თავისუფალი უნდა იყოს მოზარდი? „ზოგჯერ ვხედავ, რომ თუ ჩემს ქალიშვილს რაიმეს ნებას ვრთავ, ის უფრო მეტს ითხოვს“, — ამბობს ერთი მშობელი.

      აშკარაა, რომ თუ მოზარდებს ზედმეტ თავისუფლებას მივცემთ, ეს მათ ცუდ შედეგებს მოუტანს. ბიბლია გვაფრთხილებს კიდეც, რომ „თავის ნებაზე მიშვებული ყმაწვილი დედის შემარცხვენელია“ (იგავები 29:15). შვილებს ნებისმიერ ასაკში სჭირდებათ სათანადო ხელმძღვანელობა. მართალია, მშობლები სიყვარულით უნდა ადგენდნენ ოჯახში წესებს, მაგრამ მტკიცედ უნდა მოითხოვდნენ ამ წესების დაცვას (ეფესოელები 6:4). ამავე დროს, ახალგაზრდებს გარკვეულწილად უნდა მიეცეთ კიდეც თავისუფლება, რათა უკეთ მოემზადონ იმისთვის, რომ მომავალში გონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ.

      მაგალითად, დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ ისწავლეთ სიარული. როცა პატარა იყავით, სხვები ხელით გატარებდნენ. დროთა განმავლობაში თქვენ დაიწყეთ ხოხვა, შემდეგ კი — სიარული. რა თქმა უნდა, როცა პატარა ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად სიარულს, ამას შეიძლება გარკვეული საფრთხეც ახლდეს თან. ამიტომ, თქვენი მშობლები თვალს არ გაშორებდნენ და სახიფათო ადგილებამდე მისასვლელსაც კი გიკეტავდნენ, მაგალითად, კიბეებამდე, საიდანაც შეიძლებოდა დაგორებულიყავით. და მაინც, ისინი უფლებას გაძლევდნენ, რომ თქვენით გევლოთ. მართალია, რამდენჯერმე აუცილებლად წაიქცეოდით, მაგრამ დროთა განმავლობაში, თქვენ ისწავლეთ სიარული.

      თავისუფლების მისაღებად მოზარდიც მსგავს ეტაპებს გადის. თავიდან მშობლები, ფაქტობრივად, „ხელით ატარებენ“ თავიანთ შვილებს — მათ მაგივრად იღებენ გადაწყვეტილებებს. მოგვიანებით, როცა შვილები გარკვეულწილად მოწიფულები ხდებიან, მშობლები მათ ასე ვთქვათ, „ხოხვის“ უფლებას აძლევენ — ნებას რთავენ, ზოგ საკითხში თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მშობლები შეზღუდვებს უდგენენ მოზარდებს, ანუ „მისასვლელს უკეტავენ“ ყოველივე იმასთან, რაც მათ ზიანს მოუტანს. როცა შვილები მოწიფულები ხდებიან, მშობლები აძლევენ მათ იმის უფლებას, რომ თავისით „იარონ“. შემდეგ, როდესაც ზრდასრული ადამიანები გახდებიან, ისინი შეძლებენ ‘თავიანთი სატარებელი ატარონ’ (გალატელები 6:5).

      რას ვსწავლობთ ბიბლიური მაგალითიდან?

      როდესაც იესო 12 წლის იყო, მშობლები, როგორც ჩანს, მას გარკვეულ თავისუფლებას აძლევდნენ, მაგრამ ის ბოროტად არ იყენებდა მათ ნდობას. მართალია, იესოს „ემატებოდა . . . სიბრძნე, იზრდებოდა და უფრო მეტ კეთილგანწყობილებას იხვეჭდა ღვთისა და ადამიანთა თვალში“, მაგრამ ის „კვლავაც ემორჩილებოდა“ თავის მშობლებს (ლუკა 2:51, 52).

      მშობლებო, თქვენ ამ მაგალითიდან შეგიძლიათ ისწავლოთ ის, რომ უფრო მეტი თავისუფლება მისცეთ შვილებს, თუ მათი მოქმედებიდან ჩანს, რომ ისინი სწორად გამოიყენებენ მას. ყურადღება მიაქციეთ, თუ რას ამბობს ამის შესახებ ზოგი მშობელი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.

      „თავიდან ზედმეტად ვერეოდი ჩემი შვილების საქმეებში. მაგრამ, მოგვიანებით, ვასწავლე მათ, თუ რა პრინციპებით უნდა ეხელმძღვანელათ, და მივეცი იმის უფლება, რომ ნასწავლის შესაბამისად თავად მიეღოთ გადაწყვეტილებები. ამის შემდეგ დავინახე, რომ ისინი უფრო მეტ სიფრთხილეს ავლენდნენ გადაწყვეტილებების მიღებისას“ (სიუ ჰინი, კორეა).

      „მართალია, ყოველთვის, როდესაც შვილებს უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ, მე და ჩემი ქმარი ცოტათი ვშიშობთ ამის გამო. მაგრამ ჩვენ უკან არ ვიხევთ, რადგან ვხედავთ, რომ ბავშვებს შეუძლიათ ამ თავისუფლების სწორად გამოყენება“ (დარია, ბრაზილია).

      „მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია შევაქო ჩემი ბიჭი იმისთვის, რომ სწორად იყენებს თავისუფლებას. მეც ისევე ვიქცევი, რასაც მისგან მოვითხოვ. მაგალითად, ვეუბნები, თუ სად მივდივარ და რის გაკეთებას ვაპირებ. თუ სახლში გვიან დაბრუნება მიწევს, ამის შესახებაც წინასწარ ვატყობინებ“ (ანა, იტალია).

      „ბიჭებთან საუბრისას ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ასაკის მატებასთან ერთად მათ თავისუფლება ავტომატურად კი არ მიეცემათ, არამედ უნდა დაგვანახვონ, რომ ნამდვილად იმსახურებენ ამას“ (პიტერი, ბრიტანეთი).

      ვინ უნდა აგოს პასუხი შეცდომებზე?

      ბიბლიაში ნათქვამია: „კარგია, კაცი ახალგაზრდობაშივე რომ ატარებს ტვირთს“ (გოდება 3:27). მოზარდმა რომ შეძლოს ‘ტვირთის ტარება’, ანუ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ისაა, რომ მან თავის თავზე გამოსცადოს შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტება: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).

      შესაძლოა, ზოგი მშობელი კარგი აღძვრებიდან გამომდინარე მოზარდ შვილს უგუნური მოქმედებების შედეგებისგან იცავს. დავუშვათ, შვილი ფულს უყაირათოდ ხარჯავს და ვალებს იღებს. რას ისწავლის ის, თუ ყოველთვის დედიკო და მამიკო გაისტუმრებენ მის ვალებს? განა უკეთესი არ იქნება, თუ მშობლები დაანახვებენ მას, როგორ დაზოგოს ფული და თვითონ გადაიხადოს თავისი ვალები?!

      შვილებს კარგს არაფერს მოუტანს ის, თუ მშობლები არ ასწავლიან მათ, რომ თავადვე უნდა იწვნიონ თავიანთი უგუნური საქციელის შედეგები. ასე ისინი მომავლისთვის კი არ მოამზადებენ შვილებს, არამედ მათ დათვურ სამსახურს გაუწევენ და მხოლოდ იმას ასწავლიან, რომ გვერდით ყოველთვის ეყოლებათ ვინმე, ვინც რთული მდგომარეობიდან გამოიყვანს, მათ გაფუჭებულ საქმეს გამოასწორებს და მათ ჩადენილ შეცდომებს დაფარავს. ბევრად უკეთესია, მოზარდებს მისცეთ იმის საშუალება, რომ მოიმკან ის, რაც დათესეს, და ისწავლონ, თუ როგორ გადაჭრან პრობლემები. ეს ძალიან დაეხმარება მათ, რომ ‘გაიწაფონ აღქმის უნარი კარგისა და ცუდის გასარჩევად’ (ებრაელები 5:14).

  • შვილების აღზრდა მნიშვნელოვანია, გამოავლინოთ სიბრძნე
    გამოიღვიძეთ! — 2008 | ივნისი
    • [ჩარჩო 9 გვერდზე]

      ზედმეტად ხომ არ ზღუდავთ შვილს?

      ხშირად მოზარდებს იმაზე მეტი თავისუფლების მიღება სურთ, ვიდრე ეს მათთვის დასაშვებია. ამავე დროს, ზოგი მშობელი ზომაზე მეტად ზღუდავს შვილს. ამ ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ სიტუაციაში მშობელი გაწონასწორებული უნდა იყოს. პირადად თქვენ რა დაგეხმარებათ ამაში? კარგი იქნება, თუ თავიდან დაფიქრდებით იმაზე, რაც ქვემოთაა ჩამოთვლილი. აქედან რაში ავლენს თქვენი შვილი გონიერებას?

      □ მეგობრების არჩევა

      □ ტანსაცმლის არჩევა

      □ ფულის ხარჯვა

      □ სახლში დროულად დაბრუნება

      □ საოჯახო საქმეების კეთება

      □ საშინაო დავალებების შესრულება

      □ შეცდომებზე ბოდიშის მოხდა

      □ სხვა ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

      თუ აქედან ზოგ რამეში თქვენი შვილი სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ხომ არ ღირს, რომ მას უფრო მეტი თავისუფლება მისცეთ?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება