ღვთისადმი მსახურებაში გაერთიანებული დიდი ოჯახები
„მემკვიდრეობა უფლისაგან — შვილები, გასამრჯელო — მუცლის ნაყოფი. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. ნეტარია მამაკაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით“, — დაწერა ფსალმუნმომღერალმა (ფსალმუნი 126:3–5).
დიახ, შვილები შეიძლება იეჰოვას კურთხევა იყოს. სწორედ ისე, როგორც მშვილდოსანი კმაყოფილია, როცა იცის, თუ საითკენ დაუმიზნოს კაპარჭში ჩაწყობილი ისრები, მშობლებიც ბედნიერები არიან, როდესაც შვილებს მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან ბილიკს უჩვენებენ (მათე 7:14).
დიდი ხნის წინათ ღვთის ხალხის ოჯახებს ‘კაპარჭები სავსე’ ჰქონდათ ბავშვებით. მაგალითად, დაფიქრდით მათ მიერ ეგვიპტის ტყვეობაში გატარებულ წლებზე: „ინაყოფიერეს ისრაელიანებმა, გაფუფუნდნენ, მრავალრიცხოვანი შეიქნენ და მეტისმეტად გაძლიერდნენ. აავსეს მთელი ქვეყანა“ (გამოსვლა 1:7). ეგვიპტეში შესულ ისრაელების რიცხვის შედარება, იქიდან გამოსულთა რაოდენობასთან, ცხადყოფს, რომ ოჯახს საშუალოდ ათი შვილი ჰყავდა.
მოგვიანებით იესო გაიზარდა ოჯახში, რომელიც დღეისათვის შეიძლება ძალიან დიდი ჩანდეს. თუმცა იესო პირმშო იყო, იოსებსა და მარიამს მის გარდა კიდევ ოთხი ვაჟი და რამდენიმე ქალიშვილიც ჰყავდათ (მათე 13:54–56). თუ როგორ ვერ შეამჩნიეს მარიამმა და იოსებმა იერუსალიმიდან წამოსვლისას, რომ იესო მათთან ერთად არ იყო, შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ ბევრი შვილი ჰყავდათ (ლუკა 2:42–46).
დიდი ოჯახები დღეს
სულიერი, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა მიზეზების გამო დღეს ბევრი ქრისტიანი წყვეტს, პატარა ოჯახები ჰქონდეთ. მიუხედავად ამისა, დიდი ოჯახები ბევრგან მიღებულია. გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდის გამოცემის (The State of the World’s Children 1997) თანახმად, გამრავლების უმაღლესი მაჩვენებელი საჰარის (აფრიკა) სამხრეთ რეგიონშია. აქ ქალს საშუალოდ ექვსი შვილი ჰყავს.
ქრისტიანი მშობლებისთვის, რომლებსაც დიდი ოჯახები აქვთ, ადვილი არ არის შვილების ისე აღზრდა, რომ იეჰოვა უყვარდეთ, მაგრამ ბევრი კარგად ართმევს ამას თავს. ოჯახი მაშინ არის წარმატებული, როცა წმინდა თაყვანისმცემლობაშია გაერთიანებული. კორინთის კრებისთვის პავლე მოციქულის მიერ მიწერილი წერილი დღევანდელი ქრისტიანი ოჯახებისთვისაც აქტუალურია. მან მისწერა: „ხოლო მე შეგაგონებთ, ძმანო. . . რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით“ (1 კორინთელთა 1:10). როგორ შეიძლება ოჯახში ამის მიღწევა?
მშობლები სულიერად მოწიფულები უნდა იყვნენ
ძირითადი ფაქტორი ის არის, რომ მშობლები ღვთის ერთგულები უნდა იყვნენ. ყურადღება მივაქციოთ, რა უთხრა მოსემ ისრაელებს: „ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით. გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე. ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (მეორე რჯული 6:4–7).
ყურადღება მიაქციეთ, რომ, მოსეს მითითებით, მშობლებს ‘გულში’ უნდა ჰქონოდათ ღვთის მცნებები. მხოლოდ მაშინ იქნებოდნენ მშობლები განწყობილები, სულიერად დაემოძღვრათ შვილები. მართლაცდა, როცა მშობლები სულიერად ძლიერები არიან, ისინი გულით მოწადინებულები არიან, ასწავლონ შვილებს სულიერი საკითხები.
სულიერი რომ გახდეს და შეიყვაროს იეჰოვა მთელი გულით, აუცილებელია, რომ პიროვნებამ რეგულარულად იკითხოს ღვთის სიტყვა, იფიქროს მასზე და ცხოვრებაში გამოიყენოს ის. ფსალმუნმომღერალმა დაწერა, რომ, ვინც იეჰოვას რჯულისკენ ისწრაფის და მას „დღედაღამ“ კითხულობს, იქნება „წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმუნი 1:2, 3).
ისევე, როგორც ხშირი მორწყვისას ხეს კარგი ნაყოფი გამოაქვს, სულიერად კვებით ოჯახებს ღვთისმოსაწონი ნაყოფი გამოაქვთ, რაც იეჰოვას განადიდებს. ასე ხდება დასავლეთ აფრიკაში მცხოვრებ უვადიგვუს ოჯახში. თუმცა უვადიგვუსა და მის ცოლს რვა შვილი ჰყავთ, ორივე პიონერად მსახურობს, ანუ სრული დროით მომსახურე იეჰოვას მოწმეები არიან. ის ამბობს: „ოც წელზე მეტია, რაც რეგულარულად ვატარებთ ბიბლიის ოჯახურ შესწავლას. ბავშვობიდანვე ვასწავლიდით შვილებს ღვთის სიტყვას არა მარტო ოჯახური შესწავლისას, არამედ მსახურებისასაც და სხვა დროსაც. ერთის გარდა, რომელიც ექვსი წლისაა, ყველა სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მონათლული მაუწყებელია“.
თანამშრომლობა
„სიბრძნით შენდება სახლი“, — ამბობს ბიბლია (იგავნი 24:3). ოჯახში ასეთი სიბრძნე თანამშრომლობის სულს წარმოქმნის. ოჯახის „კაპიტანი“ მამაა; ის არის ღვთის მიერ დანიშნული ოჯახის თავი (1 კორინთელთა 11:3). ღვთის შთაგონებით მოციქულმა პავლემ ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად სერიოზული იყო ოჯახის მეთაურობა, როდესაც დაწერა: „ვინც არ ზრუნავს [მატერიალურად და სულიერად] თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8).
ღვთის სიტყვის ამ რჩევის თანახმად, ქრისტიანმა ქმრებმა უნდა იზრუნონ თავიანთი ცოლების სულიერობაზე. თუ ცოლი დატვირთულია საოჯახო საქმეებით, სულიერად დასუსტდება. აფრიკის ერთ ქვეყანაში ახლად მონათლულმა ქრისტიანმა კრების უხუცესებს შესჩივლა, რომ მისი ცოლი სულიერ საკითხებს გულგრილად ეკიდებოდა. უხუცესებმა უთხრეს, რომ მის ცოლს პრაქტიკული დახმარება სჭირდებოდა. ქმარი სახლის საქმეების გაკეთებაში ცოლს მხარში ამოუდგა. აგრეთვე დროს უთმობდა, დახმარებოდა მეუღლეს კითხვისა და ბიბლიური შემეცნების გაუმჯობესებაში, რასაც ცოლი კარგად გამოეხმაურა და ახლა მთელი ოჯახი გაერთიანებულია ღვთის მსახურებაში.
მამებმა აგრეთვე უნდა იზრუნონ შვილების სულიერობაზე. პავლემ დაწერა: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). როცა მშობლები მიჰყვებიან რჩევას, არ გააღიზიანონ და ღვთისმოსაწონად აღზარდონ შვილები, ბავშვები გრძნობენ, რომ ოჯახის სასურველი წევრები არიან. შედეგად ამისა, ისინი უფრო ეხმარებიან და ახალისებენ ერთმანეთს სულიერი მიზნების მისაღწევად.
თანამშრომლობა შეიცავს შვილებისთვის თეოკრატიული დავალებების მიცემას, როდესაც ამისთვის მზად არიან. ერთი უხუცესი მამა, რომელსაც 11 შვილი ჰყავს, დილით ადრე იღვიძებს და სახლიდან გასვლამდე რამდენიმეს შესწავლას უტარებს. უფროსი ბავშვები მონათვლის შემდეგ უმცროს და-ძმებს რიგრიგობით ასწავლიან ბიბლიას. მამა თვალყურს ადევნებს და აქებს მათს მცდელობას. ექვსი მონათლულია, სხვები კი ისწრაფიან ამ მიზნისკენ.
კარგი ურთიერთობა და საერთო მიზნები
გაერთიანებული ოჯახებისთვის დიდად მნიშვნელოვანია მოსიყვარულე ურთიერთობა და საერთო სულიერი მიზნები. ნიგერიაში მცხოვრებ ქრისტიან უხუცესს, გორდონს, შვიდი შვილი ჰყავს, რომელთაგანაც უფროსი 27 წლისაა, უმცროსი კი — თერთმეტის. ექვსი მათგანი, მშობლების მსგავსად, პიონერია, ყველაზე უმცროსი, რომელიც ახლახან მოინათლა, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რეგულარულად მონაწილეობს სამქადაგებლო საქმიანობაში, ორი უფროსი ვაჟი კი სამსახურებრივი თანაშემწეა კრებაში.
გორდონი თითოეულ ბავშვს თვითონ ასწავლიდა ბიბლიას. გარდა ამისა, ოჯახს აქვს ბიბლიის შესწავლის ყოველმხრივ ამომწურავი პროგრამა. დილაობით ისინი იკრიბებიან ბიბლიური მუხლის განსახილველად და შემდეგ ემზადებიან კრების შეხვედრებისთვის.
ერთ-ერთი მიზანი, რომელიც ამ ოჯახის წევრებს აქვთ დასახული, ჟურნალებში „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მოცემული ყველა სტატიის წაკითხვაა. ახლახან მათ თავიანთ დღის განრიგში ბიბლიის ყოველდღიურად კითხვაც ჩართეს. წაკითხულზე საუბრით ოჯახის წევრები ერთმანეთს ახალისებენ, რომ განაგრძონ ამის კეთება.
ბიბლიის ყოველკვირეული შესწავლა ისე კარგად არის ორგანიზებული, რომ არავის უნდა შეხსენება — ყველა მოუთმენლად ელის მას. წლების მანძილზე ოჯახური შესწავლის მასალა, ჩატარების მეთოდი და ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია ბავშვების წლოვანებისა და საჭიროებების შესაბამისად. ეს ოჯახი დაუახლოვდა ღვთის სხვა ერთგულ მსახურებს და ამან სასარგებლო ზემოქმედება მოახდინა ბავშვებზე.
ამ ოჯახის წევრები საქმეებს ერთად აკეთებენ და დასვენებასაც უთმობენ დროს. კვირაში ერთხელ „ოჯახურ საღამოს“ ატარებენ: ვიქტორინებს მართავენ, ხუმრობენ, პიანინოზე უკრავენ, საინტერესო ამბებს ყვებიან და, საერთოდ, ისვენებენ. ხანდახან კი პლაჟზე მიდიან ან სხვა საინტერესო ადგილებს ინახულებენ.
იეჰოვაზე მინდობა
ყოველივე ზემოხსენებული დიდ ოჯახებთან დაკავშირებულ სიძნელეებს არ ამცირებს. «ძალიან ძნელია იყო კარგი მამა, როცა რვა შვილი გყავს, — თქვა ერთმა ქრისტიანმა. — მათი რჩენა მოითხოვს უხვ ფიზიკურ და სულიერ საზრდოს; ბევრი უნდა ვიმუშაო, საკმარისი ფული რომ ვიშოვო მათ უზრუნველსაყოფად. უფროსები უკვე დიდები არიან. რვანივე სკოლაში დადიან. თუმცა სულიერ აღზრდას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ზოგი ჯერაც ჯიუტობს და არ მისმენს. მამწუხრებენ, მაგრამ ვიცი, რომ ზოგჯერ მეც ვაკეთებ რაღაცა ისეთს, რაც იეჰოვას გულს ამწუხრებს, ის კი მპატიობს. ასე რომ, მოთმინებით უნდა განვაგრძო შვილების გამოსწორება, სანამ არ დაჭკვიანდებიან.
იეჰოვა მომთმენია ჩვენ მიმართ, რადგანაც სურს, რომ ყველამ მოინანიოს. მეც ვცდილობ მივბაძო მას ამაში. ოჯახში შესწავლას ვატარებ და ზოგმა ჩემმა შვილმა მიზნად დაისახა, მოინათლოს. მაგრამ ყოველივე ამას საკუთარი ძალით არ ვაკეთებ. ვცდილობ, ყოველთვის მივმართო იეჰოვას ლოცვით და გავიხსენო იგავი, რომელიც ამბობს: „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“. იეჰოვა დამეხმარება, რომ აღვზარდო შვილები» (იგავნი 3:5, 6).
არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი!
ზოგჯერ შვილების აღზრდა შეიძლება უნაყოფო ჩანდეს, მაგრამ არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი! თუ შვილები ახლა არ აფასებენ ან დადებითად არ ეხმაურებიან თქვენს მცდელობებს, შეიძლება მომავალში მოიქცნენ ასე. დრო სჭირდება ბავშვის ისეთ ქრისტიანად აღზრდას, რომელსაც სულის ნაყოფები ექნება (გალატელთა 5:22, 23).
კენიაში მცხოვრები მონიკა, რომელსაც ცხრა დედმამიშვილი ჰყავს, გვიყვება: „მშობლები ბავშვობიდანვე გვასწავლიდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. მამა ყოველკვირა გვასწავლიდა ქრისტიანული პუბლიკაციებიდან. მისი სამუშაოს გამო შესწავლა ყოველთვის ერთ დღეს არ გვქონდა. ზოგჯერ, როცა სამუშაოდან მოდიოდა და ეზოში ვთამაშობდით, გვეუბნებოდა, რომ ხუთი წუთის შემდეგ ყველანი სახლში შევსულიყავით, რადგან ბიბლიის შესწავლა გვექნებოდა. შესწავლის შემდეგ გვეკითხებოდა, თუ გვქონდა შეკითხვები ან პრობლემები, რომ განგვეხილა.
მამა ცდილობდა, რომ ღვთისმოშიშ ბავშვებთან გვქონოდა ურთიერთობა. ის ყოველთვის მოდიოდა სკოლაში, რომ გაეგო მასწავლებლებისგან, როგორ ვიქცეოდით. ერთხელ სკოლაში მან შეიტყო, რომ ჩემმა სამმა უფროსმა ძმამ ბიჭებთან იჩხუბა და რომ ისინი ზოგჯერ უზრდელობდნენ. მამამ ცუდი საქციელისთვის დასაჯა ისინი, მაგრამ აგრეთვე გამონახა დრო, რომ დაენახვებინა მათთვის ბიბლიიდან, რატომ უნდა მოქცეულიყვნენ ღვთისმოსაწონად.
მშობლები კრებისთვის ჩვენთან ერთად ემზადებოდნენ და გვიჩვენებდნენ შეხვედრებზე დასწრების სარგებლობას. სახლში გვავარჯიშებდნენ, რომ გვესწავლა მსახურება. ბავშობიდანვე დავდიოდით სამქადაგებლო მსახურებაში მათთან ერთად.
დღეს ჩემი ორი უფროსი ძმა სპეციალური პიონერია, ერთი და პიონერია და მეორე, რომელსაც თავისი ოჯახი აქვს, აქტიური მქადაგებელია, ორი უმცროსი და კი, რომლებიც 16—18 წლისები არიან, მონათლული მაუწყებლები არიან. ყველაზე უმცროსი ორი ძმა ჯერ პატარაა. მე სამი წელია კენიაში, იეჰოვას მოწმეების ფილიალში, ვმსახურობ. მიყვარს და ვაფასებ მშობლებს, რადგან ისინი სულიერად მოწიფულები არიან და კარგი მაგალითი მოგვცეს“.
რამდენი შვილიც უნდა გყავდეთ, არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი მათ დასახმარებლად, რომ მარადიულ სიცოცხლემდე მიმავალ ბილიკზე დააყენოთ. როცა იეჰოვა აკურთხებს თქვენს მცდელობებს, გაიმეორებთ მოციქულ იოანეს სიტყვებს, რომლებიც თავის სულიერ შვილებზე თქვა: „არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან“ (3 იოანე 4).