ებრაული წერილები
ღვთივშთაგონებული 39 წიგნი დაბადებიდან მალაქიას ჩათვლით (თანამედროვე ბიბლიების მიხედვით) შეადგენს ბიბლიის უდიდეს ნაწილს.
თანამედროვე ბიბლიებში არსებული თანმიმდევრობის მიხედვით ებრაული წერილები შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ: 1) ისტორიული (დაბადებიდან ესთერის ჩათვლით, 17 წიგნი); 2) პოეტური (იობიდან ქებათა ქების ჩათვლით, 5 წიგნი) და 3) წინასწარმეტყველური (ესაიადან მალაქიას ჩათვლით, 17 წიგნი). ასეთი დაყოფა საკმაოდ ზოგადია, ვინაიდან ისტორიულ ნაწილში გვხვდება პოეზია (დბ. 2:23; 4:23, 24; 9:25—27; გმ. 15:1—19, 21; მსჯ. 5) და წინასწარმეტყველებები (დბ. 3:15; 22:15—18; 2სმ. 7:11—16), პოეტურ ნაწილში — ისტორიული ცნობები (იობ. 1:1—2:13; 42:7—17) და წინასწარმეტყველებები (ფს. 2:1—9; 110:1—7), წინასწარმეტყველურ ნაწილში კი — ისტორიული ცნობები და პოეზია (ეს. 7:1, 2; იერ. 37:11—39:14; 40:7—43:7; გდ. 1:1—5:22).
ებრაელებმა ამ 39 წიგნიდან ზოგი გააერთიანეს და სხვა თანმიმდევრობით დააჯგუფეს, რის შედეგადაც 24 ან 22 წიგნი მიიღეს. მათ ტრადიციულ კანონში ეს წიგნები სამ ნაწილად არის დაყოფილი. პირველი ნაწილია კანონი (ებრ. თორაჰ; მას აგრეთვე ხუთწიგნეული ეწოდება), რომელშიც შედის: დაბადება (1), გამოსვლა (2), ლევიანები (3), რიცხვები (4) და მეორე კანონი (5) (იხ. ხუთწიგნეული); მეორეა წინასწარმეტყველები (ებრ. ნევიʼიმ), რომლებიც იყოფა ე. წ. ადრინდელ წინასწარმეტყველებად, კერძოდ: იესო ნავეს ძე (6), მსაჯულები (7), სამუელი (8) (პირველი და მეორე ერთ წიგნად), მეფეები (9) (პირველი და მეორე ერთ წიგნად), და ე. წ. გვიანდელ წინასწარმეტყველებად, რომლებიც, თავის მხრივ, იყოფა დიდ წინასწარმეტყველებად: ესაია (10), იერემია (11), ეზეკიელი (12), და თორმეტ მცირე წინასწარმეტყველად (13) (ოსიას, იოელის, ამოსის, აბდიას, იონას, მიქას, ნაუმის, აბაკუმის, სოფონიას, ანგიას, ზაქარიასა და მალაქიას წინასწარმეტყველებები ერთ წიგნად); მესამეა წერილები (ჰაგიოგრაფები, ებრ. ქეთუვიმ): ფსალმუნები (14), იგავები (15), იობი (16), რომელთაც მოსდევს ხუთი გრაგნილი (მეგილოთი): ქებათა ქება (17), რუთი (18), გოდება (19), ეკლესიასტე (20), ესთერი (21), დანიელი (22), ეზრა-ნეემია (23) (ერთ წიგნად) და მატიანე (24) (პირველი და მეორე ერთ წიგნად). ზოგჯერ რუთს მსაჯულებთან აერთიანებდნენ, გოდებას კი — იერემიასთან. შედეგად, ებრაული ანბანის ასოების რაოდენობის მიხედვით იღებდნენ 22 წიგნს. თუმცა ასეთი დაყოფა თითქმის არ გვხვდება თანამედროვე ებრაულ ბიბლიებში.
ყველა უძველეს კატალოგში ებრაული წერილების წიგნები ზემოთ მოყვანილი თანმიმდევრობით არ არის მოხსენიებული. ამის მიზეზი ის არის, რომ იმ პერიოდში თითოეული წიგნი ცალკეულ გრაგნილზე იყო დაწერილი. მაგალითად, ბაბილონის თალმუდში (ბავა ბატრა 14ბ) ნათქვამია: „რაბინები გვასწავლიდნენ, რომ წინასწარმეტყველების [წიგნების] თანმიმდევრობაა: იესო ნავეს ძე, მსაჯულები, სამუელი, მეფეები, იერემია, ეზეკიელი, ესაია და თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი“ (ნათარგმნია მ. საიმონისა და ი. სლოტკის ინგლისური თარგმანიდან). ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ მოსდევს „იერემიას“ „ესაია“ არაერთ ებრაულ ხელნაწერში, რომლებიც გერმანიასა და საფრანგეთშია შესრულებული.
დამწერები. ებრაული წერილები შეადგინეს და დაწერეს ებრაელებმა, რომელთაც „ღვთის წმინდა სიტყვები მიენდოთ“ (რმ. 3:1, 2). ამ ქრისტიანობამდელი წმინდა წერილების უდიდესი ნაწილი ებრაულ ენაზე დაიწერა, გარდა იმ მცირე მონაკვეთებისა, რომლებიც არამეულად დაიწერა: დაბადება 31:47, ეზრა 4:8—6:18 და 7:12—26, იერემია 10:11 და დანიელი 2:4ბ—7:28. ამასთან, არამეული სიტყვები გვხვდება „იობში“, ზოგიერთ ფსალმუნში, „ქებათა ქებაში“, „იონაში“, „ესთერსა“ და „დანიელის“ ებრაულად დაწერილ მონაკვეთებში. არამეული ენის გავლენა „ეზეკიელშიც“ იგრძნობა.
ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის დამწერი და შემდგენელი მოსე იყო. მის შემდეგ ბიბლიის წერაში მონაწილეობა მიიღო კიდევ 38-მა დამწერმა და შემდგენელმა, მათ შორის იესო ნავეს ძემ, სამუელმა, დავითმა, სოლომონმა, ესაიამ, იერემიამ, ეზეკიელმა, დანიელმა, ეზრამ და ნეემიამ. ებრაული წერილების დამწერები ძვ. წ. მე-16 საუკუნიდან მე-5 საუკუნემდე 1100-წლიან პერიოდში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ. ზოგი მათგანი იყო მწყემსი, გადამწერი, გამგებელი, მეფე, წინასწარმეტყველი და მღვდელი.
ბიბლიის ზოგი დამწერი აღწერილი მოვლენების თვითმხილველი იყო. მაგალითად, მოსემ დაწერა ფარაონთან თავისი შეხვედრების შესახებ (გმ. 5:1—12:32). გენეალოგიური ნუსხების შესადგენად ისინი გულმოდგინედ იკვლევდნენ ძველ ჩანაწერებს და იღებდნენ ისტორიულ მონაცემებს (1მტ. 1—9). მაგრამ ბევრი რამ, მათ შორის, წინასწარმეტყველებები და ზეცაში ანგელოზთა შეკრებების შესახებ ცნობები აღემატებოდა ადამიანთა ცოდნას და მათი გაგება მხოლოდ ღვთის შთაგონებით იყო შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიას დიდი ხნის მანძილზე სხვადასხვა წარმოშობის მრავალი ადამიანი წერდა, ზემოხსენებული ფაქტორები და ბიბლიის ჰარმონიულობა ადასტურებს, რომ მის დამწერებს „წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2პტ. 1:21).
ებრაული წერილების კანონი. ჩვენს ბიბლიებში ებრაული წერილების წიგნები დაწერის თარიღის მიხედვით არ არის მოცემული. იოელი, ამოსი და იონა დაახლოებით ორი საუკუნით ადრე ცხოვრობდნენ, ვიდრე იერემია, ეზეკიელი და დანიელი. ზოგჯერ წიგნის სახელწოდებაც არ გვიმხელს დამწერის ვინაობას. მაგალითად, იობის წიგნი, როგორც ჩანს, მოსემ დაწერა, რუთის წიგნი კი — სამუელმა. ინფორმაცია ცალკეული წიგნების დამწერსა და დაწერის დროზე იხილეთ ცხრილში „ბიბლიის წიგნების ჩამონათვალი მათი დასრულების თარიღის მიხედვით“ სტატიიდან ბიბლია. აგრეთვე ცალკეული წიგნების, შინაარსის, მნიშვნელობის, კანონიკურობისა და უტყუარობის დამადასტურებელი მტკიცებებისა თუ სხვა ინფორმაციის გასაგებად იხილეთ სტატიები შესაბამისი სახელწოდებით.
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში იესო ქრისტეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ებრაული წერილების კანონი იმ დროისთვის უკვე დამტკიცებული და დამკვიდრებული იყო. მაგალითად, მან მოიხსენია ებრაული წერილების სამი ნაწილი, როცა „მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა და ფსალმუნებში“ მის შესახებ ჩაწერილზე საუბრობდა (ლკ. 24:44). იესოს მიმდევრებიც წერდნენ და საუბრობდნენ „მოსეს კანონზე“, „წინასწარმეტყველთა წიგნებსა“ და „წმინდა წერილებზე“ (სქ. 13:15; 18:24; 28:23; რმ. 1:2; 2ტმ. 3:15; იხ. ბიბლიის კანონი).
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არც ერთი აპოკრიფული წიგნი არ შესულა ებრაულ კანონში. ძვ. წ. მე-5 საუკუნეში მცხოვრები ეზრასა და მალაქიას დროიდან მოყოლებული ებრაული წერილების სრულ კანონს გულმოდგინედ იცავდნენ საეჭვო ხასიათის ნებისმიერი წერილის დამატებისგან (იხ. აპოკრიფი). ამ საქმეს დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ სოფერიმების სახელით ცნობილი გადამწერები, რომელთა საქმეც მოგვიანებით მასორეტებმა გააგრძელეს.
თავიდან ებრაული წერილები ხმოვნებისა და სასვენი ნიშნების გარეშე იწერებოდა. ისინი არ იყო დაყოფილი თავებად და მუხლებად. ახ. წ. პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში ბიბლიის გულმოდგინე გადამწერებმა, მასორეტებმა, კითხვისა და წარმოთქმის გასაადვილებლად შექმნეს ხმოვნების აღმნიშვნელი ნიშნები და მახვილები.
დაცვა და გადაცემა. სოფერიმები (გადამწერები) დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ, რომ გადაწერის დროს შეცდომები არ დაეშვათ, თუმცა თავად შეჰქონდათ ცვლილებები ზოგიერთ ადგილას, სადაც მათი აზრით ღვთისა და მისი წარმომადგენლების მისამართით დედანი უპატივცემულო გამონათქვამებს შეიცავდა. 140-ზე მეტ შემთხვევაში ამ იუდეველმა გადამწერებმა ღვთის სახელის აღმნიშვნელი ტეტრაგრამატონი შეცვალეს სიტყვებით „უზენაესი უფალი“ და „ღმერთი“ (იხ. აქ, დანართი, გვ. 1736, 1737).
ჩვენამდე ებრაული წერილების არც ერთი დედანი არ არის მოღწეული, თუმცა არსებობს მისი 6 000-მდე სრული ან ნაწილობრივი ხელნაწერი. ნეშის პაპირუსი, რომელიც „მეორე კანონის“ მცირე მონაკვეთებს შეიცავს, და მკვდარი ზღვის ხელნაწერებიდან ბევრი ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო გადაწერილი. წმინდა წერილების ებრაული ასლების გარდა, ქრისტიანობამდელი წერილები სრულად ან ნაწილობრივ მრავალ ენაზე ითარგმნა. პირველი თარგმანი იყო ბერძნული სეპტუაგინტა, რომლის თარგმნაც დაახლ. ძვ. წ. 280 წელს დაიწყეს. იერონიმეს ლათინური ვულგატაც ებრაული წერილების ერთ-ერთი ადრინდელი თარგმანია. ებრაული წერილების ინგლისურად შესრულებულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ საფუძვლად დაედო ებრაული წერილების უძველესი სრული ხელნაწერის, ლენინგრადის კოდექსის (B 19A), ბეჭდური გამოცემა, ანუ რუდოლფ კიტელის „ბიბლია ჰებრაიკის“ მე-7, მე-8 და მე-9 გამოცემები.
ბიბლიის კრიტიკოსები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ეჭვქვეშ დააყენონ ებრაული წერილების სანდოობა და აცხადებენ, რომ ის ან ყალბია, ან ისტორიულ სინამდვილეს მოკლებული იგავ-არაკების კრებული. მაგალითად, ისინი ნაწილებად ყოფენ ბიბლიის ცალკეულ წიგნებს და იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ თითოეულ მათგანს რამდენიმე დამწერი ჰყავდა, თითქოს ერთ ადამიანს სხვადასხვა სტილით წერა არ შეეძლო. ასეთი არგუმენტი აზრმოკლებულია, რადგან ადამიანს, რომელიც ლექსებს წერს, პროზის დაწერაც შეუძლია, და პირიქით. იურისტს, რომელიც იურიდიულ დოკუმენტს ადგენს, შეუძლია უცბად შეცვალოს წერის სტილი, როცა თავისი ცხოვრებიდან შემთხვევებს ჰყვება. კრიტიკოსთა მსჯელობა ძალზედ ზერელეა, როცა საკუთარი თეორიის თანახმად ამბობენ, რომ „იაჰვისტის“ (ლათ. „J“) კატეგორიის მუხლები, რომლებშიც იეჰოვას სახელი გვხვდება, დაწერა სხვამ და არა „ელოჰისტის“ (ლათ. „E“) კატეგორიის მუხლების დამწერმა, რომლებშიც გამოყენებულია წოდება „ღმერთი“ (ებრ.ʼელოჰიმ).
ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორის, კ. კიჩინის განცხადებით, უძველეს ახლოაღმოსავლურ ტექსტებში არ არსებობს დოკუმენტური ჰიპოთეზის მხარდამჭერი მტკიცებები იმის შესახებ, რომ ბიბლიის თანახმად ერთი კაცის მიერ დაწერილი ტექსტი რამდენიმე კაცმა დაწერა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ბიბლიის მსგავს სხვა უძველეს წყაროებთან ამ თეორიის გამოყენებას აბსურდამდე მივყავართ (Ancient Orient and Old Testament, 1968, გვ. 115).
რამდენად მნიშვნელოვანია. ებრაული წერილები უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მათში ჩაწერილი კანონების, ისტორიისა და წინასწარმეტყველებების გარეშე ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დიდი ნაწილი გაუგებარი იქნებოდა (ლკ. 24:27, 44). „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“. „რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გაკვეთილია და ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია“ (რმ. 15:4; 1კრ. 10:11). ამიტომ ბიბლიის ქრისტიანი დამწერები ხშირად პირდაპირ ან ირიბად ციტირებდნენ ებრაული წერილებიდან. ამგვარად ისინი ავითარებდნენ ებრაულ წერილებში დაწყებულ მრავალ თემასა და მათში ჩაწერილ დაპირებებს. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ქრისტიანულ-ბერძნული წერილები შეიცავს ებრაული წერილებიდან 320 პირდაპირ ციტატას. უესტკოტისა და ჰორტის თანახმად, ციტატებისა და მინიშნებების საერთო რაოდენობა დაახლ. 890-ია.
ებრაული წერილების გარეშე ბევრი რამ არ გვეცოდინებოდა ადამიანის წარმოშობის, სიკვდილის მიზეზისა და ედემში მიცემული დაპირების შესახებ, რომ ქალის შთამომავალი თავს გაუჭეჭყავდა გველს. აგრეთვე დაწვრილებით არ გვეცოდინებოდა ნოეს წარღვნის, სისხლის სიწმინდის, ღვთის მიერ აბრაამთან დადებული შეთანხმების, იეჰოვასთან შეთანხმებაში მყოფი ხალხისთვის ბრძოლისა და თეოკრატიული სახელმწიფოს ისტორიის შესახებ, რომელიც ღვთის ზეციერ სამეფოს განასახიერებდა.