დღე
იეჰოვა ღმერთმა დროის ეს ძირითადი მონაკვეთი დაადგინა იმ პერიოდის პირველ „დღეს“, როცა დედამიწას ადამიანების დასასახლებლად ამზადებდა. ამ დროს, როგორც ჩანს, გაფანტულმა სინათლემ სქელ ღრუბელში გაატანა და წყლით დაფარულ დედამიწაზე პირველად დაიწყო დღე-ღამის მონაცვლეობა, როცა თავისი ღერძის გარშემო მბრუნავ დედამიწას მზის შუქი მოეფინა. „ზღვარი დაუდო ღმერთმა სინათლესა და სიბნელეს. და უწოდა ღმერთმა სინათლეს დღე და სიბნელეს — ღამე“ (დბ. 1:4, 5). ამ შემთხვევაში დღეში იგულისხმება დღის ნათელი მონაკვეთი ღამის ბნელი საათებისგან განსხვავებით. თუმცა შემდეგ კონტექსტში სიტყვა „დღე“ სხვადასხვა ხანგრძლივობის პერიოდზე მიუთითებს. ებრაულ და ბერძნულ წერილებში „დღე“ (ებრ. იომ; ბერძ. ჰემერა) გამოიყენება პირდაპირი, გადატანითი და სიმბოლური მნიშვნელობით.
მზისიერი დღე-ღამე არის დროის ფუნდამენტური საზომი ერთეული და დედამიწის ღერძული ბრუნვის სრული პერიოდი. მის ხანგრძლივობად ითვლება ორ თანამიმდევრულ ზედა კულმინაციას შორის დროის შუალედი (მზე ზედა კულმინაციაშია შუადღისას). მზისიერ დღე-ღამეში 24 საათია და ის შუაღამით იწყება. თუმცა ბიბლიურ დროში დღის დაყოფა სხვადასხვანაირად ხდებოდა.
ებრაელებში დღე იწყებოდა საღამოს და მზის ჩასვლიდან მზის ჩასვლამდე გრძელდებოდა. ამგვარად, ის ერთი საღამოდან მეორე საღამომდე გრძელდებოდა. „საღამოდან საღამომდე დაიცავით შაბათი“ (ლვ. 23:32). როგორც დაბადების 1:5-დან ჩანს, ეს შეესაბამება იეჰოვას შემოქმედებით დღეებს: „დადგა საღამო და დადგა დილა, — პირველი დღე“ (შდრ. დნ. 8:14).
ებრაელების გარდა, დღის საღამოდან საღამომდე ათვლა გავრცელებული იყო ფინიკიელებში, ნუმიდიელებსა და ათენელებში. ბაბილონელებში დღე აისიდან აისამდე გრძელდებოდა, ეგვიპტელებსა და რომაელებში კი — შუაღამიდან შუაღამემდე (როგორც ეს დღეს არის გავრცელებული).
მიუხედავად იმისა, რომ ებრაელებისთვის დღე ოფიციალურად საღამოს იწყებოდა, ზოგჯერ დღის დასაწყისად დილას მოიხსენიებდნენ. მაგალითად, ლევიანების 7:15-ში ვკითხულობთ: „მშვიდობის მსხვერპლის, სამადლობელი მსხვერპლის ხორცი შეწირვის დღეს შეიჭამოს ... დილამდე არ [უნდა] შეინახოს“. როგორც ჩანს, ამას უბრალოდ აზრის უფრო ადვილად გასაგებად ამბობდნენ.
როგორც შემოქმედების შესახებ მონათხრობიდან ჩანს, დღის ნათელ მონაკვეთსაც დღე ეწოდებოდა (დბ. 1:5; 8:22). ბიბლიაში დღე-ღამე ბუნებრივ მონაკვეთებად იყოფა: გათენების ბინდბუნდი (ფს. 119:147; 1სმ. 30:17), გარიჟრაჟი ანუ აისი (იობ. 3:9), დილა (დბ. 24:54), შუადღე (კნ. 28:29; 1მფ. 18:27; ეს. 16:3; სქ. 22:6), დაისი ანუ მზის ჩასვლა, რაც დღის მიწურულს აღნიშნავდა (დბ. 15:12; იეს. 8:29), და საღამოს ბინდი, შებინდება (2მფ. 7:5, 7). ხალხისთვის ცნობილი იყო მღვდლების მიერ გარკვეული შესაწირავების აღვლენისა და საკმევლის კმევის დროც (1მფ. 18:29, 36; ლკ. 1:10).
რა პერიოდი იგულისხმება ფრაზაში „ორ საღამოს შორის“?
14 ნისანს საპასექო კრავის დაკვლასთან დაკავშირებით ბიბლიაში გვხვდება ფრაზა „ორ საღამოს შორის“ (გმ. 12:6). ზოგიერთი ნაშრომის თანახმად, რომლებიც იუდაურ ტრადიციას განმარტავს, ეს პერიოდი გრძელდება შუადღიდან (როცა მზე გადადის) მზის ჩასვლამდე. თუმცა, სავარაუდოდ, უფრო ზუსტი ახსნა ისაა, რომ პირველ საღამოში იგულისხმება მზის ჩასვლა, მეორე საღამოში კი — სიბნელის ჩამოწოლა, ანუ დრო, როცა მზის სინათლე ქრება (კნ. 16:6; ფს. 104:19, 20). მსგავსად განმარტავდნენ ამას ესპანელი რაბინი აბენ-ეზრა (1092—1167), სამარიელები და კარაიმები. ამ შეხედულებას მხარს უჭერენ აგრეთვე მეცნიერები: მიქაელისი, როზენმიულერი, გესენიუსი, მაურერი, კალიში, კნობელი და კაილი.
არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ებრაელები ბაბილონში გადასახლებამდე დღეს საათებად ყოფდნენ. თუმცა გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დღის საათებად დაყოფა იუდეველებში ჩვეულებრივი რამ გახდა. ესაიას 38:8-სა და 2 მეფეების 20:8—11-ში მოხსენიებული „კიბის საფეხურებზე დაფენილი მზის ჩრდილი“, შესაძლოა მიუთითებს მზის საათით დროის გამოთვლაზე (იხ. მზე [ათი საფეხურით უკან დაბრუნებული ჩრდილი]).
ძველ ბაბილონში გამოიყენებოდა სამოცობითი თვლის სისტემა. ეს სისტემა საფუძვლად დაედო დღის 24 საათად (იყოფა ორ 12-საათიან პერიოდად), საათის 60 წუთად და წუთის 60 წამად დაყოფას.
დედამიწაზე იესოს მსახურების დროს გავრცელებული იყო დღის ნათელი მონაკვეთის საათებად დაყოფა. მაგალითად, იოანეს 11:9-ში იესომ თქვა: „თორმეტი საათი არ არის დღეში?“. ეს მონაკვეთი აისიდან დაისამდე გრძელდებოდა, ანუ დაახლოებით დილის 6 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ამგვარად, „მესამე საათი“ დაახლოებით დილის 9 საათი იქნებოდა. სწორედ ამ დროს წმინდა სული გადმოვიდა მოწაფეებზე ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე (მთ. 20:3; სქ. 2:15). გზით დაქანცული იესო იაკობის ჭასთან იჯდა დაახლოებით „მეექვსე საათისთვის“, ანუ შუადღეს. დროის იმავე მონაკვეთში იოპეში მყოფ პეტრეს ძალიან მოშივდა (ინ. 4:6; სქ. 10:9, 10). აგრეთვე დაახლოებით იმავე დროს სიბნელე ჩამოწვა მთელ დედამიწაზე და „მეცხრე საათამდე“, ანუ 15 საათამდე გაგრძელდა, როცა იესო წამების ბოძზე მოკვდა (მთ. 27:45, 46; ლკ. 23:44, 46). მეცხრე საათს აგრეთვე „ლოცვის საათი“ ეწოდებოდა (სქ. 3:1; 10:3, 4, 30). ასე რომ, „მეშვიდე საათი“ დაახლოებით 13 საათი იქნებოდა, „მეთერთმეტე საათი“ კი — დაახლოებით 17 საათი (ინ. 4:52; მთ. 20:6—12). იმ პერიოდში ღამესაც ყოფდნენ საათებად (სქ. 23:23; იხ. ღამე).
ზოგჯერ ებრაელები გამოთქმაში „დღე და ღამე“ 24-საათიანი მზისიერი დღე-ღამის რაღაც მონაკვეთს გულისხმობდნენ. მაგალითად, 1 მეფეების 12:5, 12-ის თანახმად, რობოამმა იერობოამსა და სხვა ისრაელებს უთხრა: „წადით და სამი დღის შემდეგ დაბრუნდით“. მას სამი 24-საათიანი დღე-ღამე არ უგულისხმია, რაც იქიდანაც გამოჩნდა, რომ ხალხი მასთან „მესამე დღეს“ მივიდა. იმავე გაგებით გვხვდება მათეს 12:40-ში ფრაზა „სამი დღე და სამი ღამე“, რომელიც იესოს სამარეში ყოფნას ეხება. როგორც ბიბლიიდან ჩანს, ის „მესამე დღეს“ აღდგა მკვდრეთით. აშკარაა, რომ იუდეველ მღვდლებს ზუსტად ესმოდათ იესოს სიტყვები, რადგან მისი აღდგომისთვის ხელის შეშლის მცდელობისას გაიმეორეს იესოს სიტყვები „სამი დღის შემდეგ აღვდგებიო“ და პილატეს სთხოვეს, გაეცა ბრძანება, რომ „სამარხი მესამე დღემდე“ დაცული ყოფილიყო (მთ. 27:62—66; 28:1—6; იხ. სხვა მაგალითები: დბ. 42:17, 18; ესთ. 4:16; 5:1).
მეშვიდე დღის, შაბათის გარდა, ებრაელებში კვირის დღეებს სახელები არ ჰქონდა (იხ. შაბათი). ისინი ამ დღეებს უბრალოდ შაბათიდან ითვლიდნენ. იესოსა და მისი მოციქულების დროს შაბათის წინა დღეს სამზადისის დღე ეწოდებოდა (მთ. 28:1; სქ. 20:7; მრ. 15:42; ინ. 19:31; იხ. კვირა). დღეებისთვის პლანეტებისა და სხვა ციური სხეულების სახელების დარქმევა წარმართული ჩვეულება იყო. რომაელებმა კვირის დღეები მზის, მთვარის, მარსის, მერკურის, იუპიტერის, ვენერასა და სატურნის მიხედვით დაარქვეს, მოგვიანებით ჩრდილოეთ ევროპაში აქედან ოთხი სახელი რომაული ღვთაებების გერმანული ეკვივალენტებით ჩაანაცვლეს.
ზოგჯერ სიტყვა „დღე“ გამოიყენება რაიმე მანძილის აღსანიშნავად, როგორც ეს ჩანს გამოთქმებიდან „ერთი დღის სავალი“ და „შაბათი დღის სავალი“ (რც. 11:31; სქ. 1:12; იხ. ზომა-წონის ერთეულები).
წინასწარმეტყველებაში ზოგჯერ ერთ დღეში ერთი წელიწადი იგულისხმება. ამის მაგალითია ეზეკიელის 4:6: „მეორედ მარჯვენა გვერდზე დაწექი და ორმოცი დღე იტვირთე იუდას სახლის დანაშაული. წელიწადზე დღეს, თითო წელიწადზე თითო დღეს გიდგენ“ (იხ. აგრეთვე რც. 14:34).
ზოგ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულია დღეების კონკრეტული რაოდენობა, მაგალითად, სამდღე-ნახევარი (გმც. 11:9), 10 დღე (გმც. 2:10), 40 დღე (ეზკ. 4:6), 390 დღე (ეზკ. 4:5), 1 260 დღე (გმც. 11:3; 12:6), 1 290 დღე (დნ. 12:11), 1 335 დღე (დნ. 12:12) და 2 300 დღე (დნ. 8:14).
ებრაულ და ბერძნულ ენებზე სიტყვა „დღე(ები)“ აგრეთვე გამოიყენება რომელიმე ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდის აღსანიშნავად, მაგალითად „ნოეს დროს [სიტყვასიტყვით დღეებში]“ და „ლოტის დროს [სიტყვასიტყვით დღეებში]“ (ლკ. 17:26—30; ეს. 1:1).
უფრო ფართო ან გადატანითი მნიშვნელობით სიტყვა „დღე“ გამოიყენება ფრაზებში: „იმ დღეს, როცა ღმერთმა ადამი შექმნა“ (დბ. 5:1), „იეჰოვას დღე“ (სფ. 1:7), „რისხვის დღე“ (სფ. 1:15), „ხსნის დღე“ (2კრ. 6:2), „გასამართლების დღე“ (2პტ. 3:7), „ყოვლისშემძლე ღვთის დიდი დღე“ (გმც. 16:14) და სხვ.
ფართო გაგებით „დღე“ გამოიყენება სხვადასხვა ხანგრძლივობის პერიოდის აღსანიშნავად, როგორც ეს შემოქმედების შესახებ „დაბადებაში“ ჩაწერილი მონათხრობიდან ჩანს. იქ საუბარია ექვსი შემოქმედებითი დღისგან შემდგარ კვირაზე, რომელსაც მეშვიდე დღე, დასვენების დღე მოსდევს. კვირა, რომელიც ებრაელებს უნდა აღენიშნათ ღვთის მიერ მათთვის მიცემული კანონის შეთანხმების თანახმად, შემოქმედებითი კვირის მინიატურული ასლი იყო (გმ. 20:8—11). ბიბლიაში ექვსივე შემოქმედებით დღესთან დაკავშირებული მონათხრობი მთავრდება სიტყვებით: „დადგა საღამო და დადგა დილა — პირველი [მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე] დღე“ (დბ. 1:5, 8, 13, 19, 23, 31). თუმცა მეშვიდე დღე მსგავსი ფრაზით არ მთავრდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ღმერთი დედამიწასთან დაკავშირებული შემოქმედებითი საქმიანობისგან ისვენებს, კვლავ გრძელდება. ებრაელების 4:1—10-ში მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ ღვთის დასვენების დღე მისი თაობის დროსაც გრძელდებოდა, ანუ დაწყებიდან 4 000-ზე მეტი წლის შემდეგ. აქედან ჩანს, რომ თითოეული შემოქმედებითი დღის ხანგრძლივობა სულ მცირე ათასობით წელი იყო. ერთ რელიგიურ ენციკლოპედიაში აღნიშნულია: „შემოქმედების პერიოდები შედგებოდა შემოქმედებითი დღეებისგან, ანუ განვითარების ეტაპებისგან, და არა 24-საათიანი დღეებისგან“ (A Religious Encyclopædia, ფ. შაფის რედაქციით, 1894, ტ. I, გვ. 613).
ექვსი მონაკვეთისგან ანუ შემოქმედებითი „დღისგან“ შემდგარ მთელ პერიოდს, რომელიც პლანეტა დედამიწის მომზადებას მიეძღვნა, დაბადების 2:4-ში ეწოდება „დღე“: „ასე წარმოიშვა ცა და დედამიწა იმ დღეს, როდესაც იეჰოვა ღმერთმა ცა და დედამიწა შექმნა“.
ადამიანისგან განსხვავებით შემოქმედი ჩვენს მზის სისტემაში არ მკვიდრობს და მასზე გავლენას არ ახდენს სხვადასხვა ციკლი თუ ციური სხეულების ორბიტა. მარადიული ღმერთის შესახებ ფსალმუნმომღერალმა თქვა: „შენს თვალში ათასი წელი გუშინდელი, განვლილი დღესავით არის, და ღამის ერთ გუშაგობას ჰგავს“ (ფს. 90:2, 4). მსგავსად, მოციქულმა პეტრემ დაწერა, რომ „იეჰოვასთვის ერთი დღე ათასი წელია, ხოლო ათასი წელი — ერთი დღე“ (2პტ. 3:8). კაცისთვის 1000-წლიანი პერიოდი შედგება 365 242 დღე-ღამისგან, შემოქმედისთვის კი ის შეიძლება ჩაითვალოს დროის ერთ უწყვეტ პერიოდად, რომლის დროსაც ის იწყებს მიზანმიმართულ ქმედებას და წარმატებით ასრულებს მას ისევე, როგორც ადამიანი დილით იწყებს რაიმე საქმეს და საღამოსთვის ასრულებს მის კეთებას.
იეჰოვამ შექმნა სამყარო, სადაც დრო, სივრცე, მოძრაობა, მასა და ენერგია მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ის თავისი განზრახვისამებრ განაგებს ამ ყველაფერს და მიწიერი ქმნილებებისადმი თავისი განზრახვის განსახორციელებლად ადგენს კონკრეტულ დროს, „დღესა და საათსაც“ კი (მთ. 24:36; გლ. 4:4). ის ზედმიწევნით იცავს თავის დადგენილ დროებსა და ვადებს.