გეენა
[ებრ. გე ჰინნომის (ჰინომის ველი) ბერძ. შესატყვისი]
ეს სიტყვა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში 12-ჯერ გვხვდება. ბევრმა მთარგმნელმა თავს უფლება მისცა და ის ჯოჯოხეთად თარგმნა, თუმცა მრავალ თანამედროვე თარგმანში გაკეთებულია ბერძნული სიტყვა გეენნას ტრანსლიტერაცია (მთ. 5:22, აქ, სსგ, Ro, Mo, ED).
ღრმა და ვიწრო ჰინომის ველი, რომელიც მოგვიანებით ამ ბერძნული სახელით გახდა ცნობილი, მდებარეობდა ძველი იერუსალიმის სამხრ. სამხრ.-დას-ით. მისი დღევანდელი სახელია უადი-ერ-რაბაბი (გე-ბენ-ჰინომი) (იეს. 15:8; 18:16; იერ. 19:2, 6; იხ. ჰინომის ველი). იუდას მეფეები ახაზი და მენაშე ამ ადგილზე კერპთაყვანისმცემლობას ეწეოდნენ, რაშიც შედიოდა ბაალისთვის ადამიანების მსხვერპლად მიტანა და ცეცხლში გატარება (2მტ. 28:1, 3; 33:1, 6; იერ. 7:31, 32; 32:35). მოგვიანებით ერთგულმა მეფე იოშიამ წაბილწა ეს ადგილი, განსაკუთრებით თოფეთის სახელით ცნობილი ნაწილი, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო (2მფ. 23:10).
არ არის მარადიული სატანჯველის სიმბოლო. იესო ქრისტემ გეენას დაუკავშირა ცეცხლი (მთ. 5:22; 18:9; მრ. 9:47, 48). მათეს, მარკოზისა და ლუკას გარდა, ეს სიტყვა მოწაფე იაკობმაც გამოიყენა და ცეცხლთან დააკავშირა (იაკ. 3:6). ამ კავშირის საფუძველზე ზოგი ბიბლეისტი ცდილობს, გეენა იოშიას მმართველობამდე ადამიანების მსხვერპლად შეწირვას და ცეცხლში გატარებას დაუკავშიროს და მიიჩნევს, რომ იესომ ის მარადიული სატანჯველის სიმბოლოდ გამოიყენა. ვინაიდან ეს რიტუალი იეჰოვა ღმერთისთვის სისაძაგლე იყო და მას მსგავსი რამის გაკეთება არ უბრძანებია და გულშიც არ გაუვლია (იერ. 7:31; 32:35), ნაკლებად სავარაუდოა, რომ ღვთის ძემ ღვთის განაჩენზე საუბრისას ეს ცრურელიგიური ჩვეულება გეენის სიმბოლური მნიშვნელობის აღსანიშნავად გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ღმერთმა ჰინომის ველის შესახებ იწინასწარმეტყველა, რომ ის გახდებოდა გვამების თავიდან მოსაცილებელი ადგილი და არა ცოცხალი მსხვერპლის სატანჯველი ადგილი (იერ. 7:32, 33; 19:2, 6, 7, 10, 11). ამგვარად, მიიჩნევენ, რომ იერემიას 31:40-ში მოხსენიებულ „გვამებისა და ქონნარევი ნაცრის მთელ ველში“ ჰინომის ველი იგულისხმება. აგრეთვე ვარაუდობენ, რომ „ნაცრის კარიბჭის“ გავლით შესაძლებელი იყო ამ ველის აღმოსავლეთ ნაწილში გასვლა, სადაც ჰინომის ველი კედრონის ხევს უერთდებოდა (ნემ. 3:13, 14).
აქედან გამომდინარე, გეენის შესახებ ბიბლიაში ნათქვამი ეთანხმება ტრადიციულ შეხედულებას, რომელიც რაბინულ ხელნაწერებსა თუ სხვა წყაროებშია მოცემული. ამ შეხედულების თანახმად, ჰინომის ველი იყო იერუსალიმის ნაგავსაყრელი (ფილიპსის თარგმანში მათეს 5:30-ში სიტყვა გეენნა გადმოტანილია „ნაგვის გროვად“). ებრაელი მკვლევარი დავიდ ქიმხი (სავარაუდოდ, 1160—1235) კომენტარს უკეთებს ფსალმუნის 27:13-ს და ისტორიულ ფაქტებს გვაწვდის ამ ადგილის შესახებ: „ეს ადგილი, რომელიც იერუსალიმს ესაზღვრება, სიბინძურის კერაა. ხალხი იქ გვამებსა და ყოველივე უწმინდურს ყრიდა. იქ გამუდმებით ენთო ცეცხლი მკვდართა ძვლებისა და ყოველგვარი უწმინდურების დასაწვავად. ამიტომ ეწოდება ბოროტთა გასამართლებას სიმბოლურად გეჰინომი“.
სრული განადგურების სიმბოლო. აშკარაა, რომ იესომ გეენა საბოლოო განადგურების მნიშვნელობით გამოიყენა, რაც ღვთის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შედეგია. შესაბამისად, გეენაში მოხვედრილის მკვდრეთით აღდგომა შეუძლებელია (მთ. 10:28; ლკ. 12:4, 5). იესომ ბოროტ მწიგნობრებსა და ფარისევლებზე თქვა, რომ ისინი, როგორც ჯგუფი, „გეენის კერძად“ იქცეოდნენ (მთ. 23:13—15, 33). განადგურებისთვის თავის ასარიდებლად იესოს მიმდევრებს უნდა მოეშორებინათ ნებისმიერი რამ, რაც სულიერი გაგებით დააბრკოლებდა მათ. ქრისტიანებს უნდა „მოეკვეთათ“ ხელი ან ფეხი და „ამოეთხარათ“ თვალი, ანუ ჩაეკლათ სხეულის ნაწილებში მყოფი ცოდვა (მთ. 18:9; მრ. 9:43—47; კლ. 3:5; შდრ. მთ. 5:27—30).
იესოს, როგორც ჩანს, ესაიას 66:24-ში ჩაწერილი სიტყვები ჰქონდა მხედველობაში, როცა გეენა მოიხსენია ადგილად, სადაც „მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება“ (მრ. 9:47, 48). გეენა რომ აქ სრული განადგურების სიმბოლოდ გამოიყენება და არა სატანჯველის სიმბოლოდ, ჩანს ესაიას ზემოხსენებული მუხლიდან, სადაც საუბარია არა ცოცხალ ადამიანებზე, არამედ „იმ ადამიანთა გვამებზე“, რომლებიც ღვთის წინააღმდეგ სცოდავდნენ. თუ ჰინომის ველი, როგორც ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებებიდან ჩანს, ნაგვისა და გვამების გადასაყრელი ადგილი იყო, მაშინ ცეცხლი, რომელსაც გასაძლიერებლად შესაძლოა გოგირდს უმატებდნენ (შდრ. ეს. 30:33), მათ გასანადგურებლად საუკეთესო საშუალება იქნებოდა. რასაც ცეცხლი არ სწვდებოდა, მატლები უჩნდებოდა და ყველაფერს ანადგურებდა. ამგვარად, იესოს სიტყვები ნიშნავდა, რომ ღვთის მიერ გამოტანილი განადგურების გამამტყუნებელი განაჩენი ბოლომდე შესრულდებოდა.
გადატანითი მნიშვნელობით. მოწაფე იაკობი სიტყვა „გეენას“ იყენებს, როცა ამბობს, რომ უმართავი ენა უმართლობით არის სავსე, მწველი სიტყვები კი ბილწავს მათი წარმომთქმელის სხეულს და გავლენას ახდენს მთელ მის ცხოვრებაზე. ასეთი ენის გამო, რომელიც „მომაკვდინებელი გესლით არის სავსე“ და ბოროტ გულზე მოწმობს, ადამიანმა შეიძლება ღვთისგან გეენის სასჯელი დაიტეხოს (იაკ. 3:6, 8; შდრ. მთ. 12:37; ფს. 5:9; 140:3; რმ. 3:13).
ბიბლიაში სიტყვა „გეენა“ იმავე სიმბოლური მნიშვნელობით გამოიყენება, როგორც წიგნ „გამოცხადებაში“ „ცეცხლის ტბა“ (გმც. 20:14, 15; იხ. ცეცხლის ტბა).