აშთორეთი
ქანაანელების ქალღმერთი. მიიჩნევდნენ ბაალის ცოლად. ხშირად გამოსახულია შიშველი ქალის სახით, რომელსაც სასქესო ორგანოები გადიდებული აქვს. მისი თაყვანისცემა გავრცელებული იყო ძველი მსოფლიოს ხალხებში. აშთორეთის სახელი სხვადასხვა ხალხში სხვადასხვა ფორმით იყო ცნობილი. მისი ბერძნული სახელია ასტარტე. ფილისტიმელებისთვის აშთორეთი, როგორც ჩანს, ომის ღვთაება იყო. ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ დამარცხებული მეფე საულის საჭურველი ფილისტიმელებმა აშთორეთის საკერპო ტაძარში დადეს (1სმ. 31:10). თუმცა აშთორეთი ძირითადად ნაყოფიერების ღვთაებად ითვლებოდა. მისი კულტისთვის დამახასიათებელი იყო ორგიები, რომლებიც ტაძრებსა და ბაალისთვის მიძღვნილ მაღლობებზე ეწყობოდა, სადაც მეძავი კაცები თუ ქალები მსახურობდნენ (იხ. ქანაანი, ქანაანელი №2 [ისრაელის მიერ ქანაანის დაპყრობა]).
აშთორეთს ქანაანში თაყვანს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ აბრაამის დროიდან სცემდნენ, რადგან ერთ-ერთ იმდროინდელ ქალაქს „აშთორეთ-კარნაიმი“ ეწოდებოდა (დბ. 14:5, სსგ). ბიბლია აგრეთვე მოიხსენიებს ქალაქ აშთაროთს, ბაშანის გოლიათი მეფე ოგის სამკვიდროს. არ არის გამორიცხული, რომ ეს ქალაქი აშთორეთის საკულტო ცენტრი ყოფილიყო (კნ. 1:4; იეს. 9:10; 12:4).
ბიბლიაში აშთორეთი მხოლობით რიცხვში (ʽაშთორეთ) პირველად გვხვდება იმ მონაკვეთში, რომელიც სოლომონის მეფობის ბოლო წლებში ღვთისგან მის განდგომაზე მოგვითხრობს. იმ დროს ისრაელებმა სიდონელთა აშთორეთის თაყვანისცემა დაიწყეს (1მფ. 11:5, 33). მხოლობით რიცხვში აშთორეთი გვხვდება აგრეთვე იქ, სადაც აღწერილია, როგორ სპობს მეფე იოშია აშთორეთისა თუ სხვა ღვთაებებისთვის სოლომონის მიერ მოწყობილ მაღლობებს (2მფ. 23:13). მრავლობით რიცხვში აშთორეთი (ʽაშთაროთ), სავარაუდოდ, ამ წარმართული ღვთაების გამოსახულებებსა და ქანდაკებებს გულისხმობს (მსჯ. 2:13; 10:6; 1სმ. 7:3, 4).