-
ეკლესიები კრიზისს განიცდიანგამოიღვიძეთ! — 2007 | თებერვალი
-
-
ევროპელები ზურგს აქცევენ ეკლესიებს
1600 წელზე მეტი ხნის მანძილზე ევროპის უმეტეს ნაწილს ქრისტიანები მართავდნენ. დღეს რა გავლენით სარგებლობს რელიგია ევროპაში? 2002 წელს სოციოლოგმა სტივ ბრუსმა თავის წიგნში „ღმერთი მოკვდა — დასავლეთის სეკულარიზაცია“ დიდი ბრიტანეთის შესახებ თქვა, რომ იქ „XIX საუკუნეში ჯვრისწერის გარეშე ქორწილი წარმოუდგენელი იყო“. თუმცა 1971 წელს ინგლისელთა მხოლოდ სამოცმა პროცენტმა დაიწერა ჯვარი, 2000 წელს კი — მხოლოდ 31-მა პროცენტმა.
ლონდონში გამომავალი გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ რელიგიური მიმომხილველი წერს: „ძირითადი კონფესიები — ანგლიკანური, კათოლიკური, მეთოდისტური და გაერთიანებული რეფორმირებული ეკლესიები, თანდათანობით კარგავენ თავიანთ გავლენას“. ის სხვა მონაცემებსაც იშველიებს და ამბობს, რომ „დღეს ღვთისმსახურებას მოსახლეობის მხოლოდ ორი პროცენტი ესწრება, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ 2040 წლისთვის დიდ ბრიტანეთში ეკლესიები დაიხუროს“. ჰოლანდიასაც იმავეს უწინასწარმეტყველებენ.
„ბოლო ათწლეულებია, რაც ჩვენი ქვეყანა საგრძნობლად წუთისოფლისეული გახდა. სავარაუდოა, რომ 2020 წლისთვის მოსახლეობის 72 პროცენტი არც ერთი რელიგიის წევრი აღარ იქნება“, — აღნიშნულია ჰოლანდიის ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულების მიერ მოწოდებულ ცნობაში (Dutch Social and Cultural Planning Office). გერმანიის ერთი ინტერნეტ-გაზეთი იუწყება: „ადრე ნუგეშს ეკლესიებში, სამსახურსა და ოჯახში ეძებდნენ, ახლა კი ბევრი გერმანელი ჯადოქრობასა და ოკულტიზმს მიმართავს. . . . მრევლის სიმცირის გამო ქვეყანაში ეკლესიები იხურება“.
იმ ევროპელებს, რომლებიც ეკლესიაში დადიან, მაინცდამაინც ღვთის ნების გაგება არ აინტერესებთ. „იტალიელები რელიგიას თავიანთი ცხოვრების წესს არგებენ“, — ნათქვამია ერთ ცნობაში. ერთი იტალიელი სოციოლოგი ამბობს: „მღვდლის ნათქვამიდან მხოლოდ იმას ვიღებთ, რაც გვაწყობს“. იმავეს თქმა შეიძლება ესპანელ კათოლიკეებზეც; მათთვის რელიგიაზე მნიშვნელოვანი მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვაა, და ყველაფრის მიღება დღესვე სურთ.
ეკლესიების სწავლებები დღეს რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ქრისტე და მისი მოწაფეები ასწავლიდნენ და ასრულებდნენ. იესომ არ დააფუძნა ისეთი რელიგია, სადაც ადამიანი თვითონ აირჩევდა, რას შეასრულებდა და რას — არა. მან თქვა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, ყოველდღე ატაროს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს“. იესო ასწავლიდა ადამიანებს, რომ ქრისტიანული პრინციპებით ცხოვრება მსხვერპლსა და ძალისხმევას მოითხოვს (ლუკა 9:23).
-
-
ეკლესიები კრიზისს განიცდიანგამოიღვიძეთ! — 2007 | თებერვალი
-
-
[ჩარჩო/სურათი 6 გვერდზე]
„დიდი არჩევანი“
საფრანგეთში კათოლიკური ეკლესიის ეროვნული დასაქმების ცენტრის დირექტორი ამბობს: „ვხედავთ, რომ ადამიანები რელიგიაში ირჩევენ იმას, რაც სურთ. ისინი ეკლესიის მომსახურებით სარგებლობენ; თუ ეკლესია არ მოსწონთ, ტოვებენ მას და სხვაგან გადადიან“. ექსეტერის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის პროფესორმა გრეის დეივიმ ევროპული რელიგიების გამოკვლევისას დაწერა: „ადამიანები, უბრალოდ, იღებენ სხვადასხვა რელიგიიდან იმას, რაც მოსწონთ. მათ შეუძლიათ აირჩიონ რელიგია ისევე, როგორც ცხოვრების წესი და ნებისმიერი სხვა რამ“.
-