-
ისრაელიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
1. ღმერთმა ეს სახელი იაკობს მაშინ დაარქვა, როცა ის სავარაუდოდ 97 წლისა იყო. იმ ღამით, როცა თავის ძმასთან, ესავთან, შესახვედრად იაბოკის ხევი გადაკვეთა, იაკობი ვიღაცას ერკინებოდა. როგორც გაირკვა, ეს ანგელოზი იყო. შეუპოვარი ბრძოლისთვის იაკობს ღვთის კურთხევის ნიშნად ისრაელი ეწოდა. ამ შემთხვევის აღსანიშნავად იაკობმა იმ ადგილს ფენიელი, იგივე ფენუელი უწოდა (დბ. 32:22—31; იხ. იაკობი №1). მოგვიანებით ბეთელში ღმერთმაც დაადასტურა, რომ მას უკვე ისრაელი ერქვა. იმ დღიდან მოყოლებული სიკვდილამდე იაკობს ხშირად ისრაელად მოიხსენიებდნენ (დბ. 35:10, 15; 50:2; 1მტ. 1:34). ბიბლიაში 2 500-ზე მეტჯერ გვხვდება ეს სახელი და უმეტეს შემთხვევაში იაკობის შთამომავლებისგან შემდგარი ერი იგულისხმება (გმ. 5:1, 2).
-
-
იაკობიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იმ ღამით, როცა ესავთან შესახვედრად სამხრეთისკენ მიმავალმა იაკობმა თავის სახლეულობასთან ერთად იაბოკი გადაკვეთა, მას უჩვეულო რამ შეემთხვა — ის ანგელოზს შეერკინა. შეუპოვრობისა და დაჟინებულობისთვის ანგელოზმა მას სახელი შეუცვალა და ისრაელი დაარქვა (ნიშნავს: ღმერთთან მოჭიდავე (შეუპოვარი); ღმერთი დაეჭიდა) (დბ. 32:22—28). ამის შემდეგ ორივე სახელი ხშირად მოიხსენიება ებრაულ პოეზიაში არსებულ პარალელიზმებში (ფს. 14:7; 22:23; 78:5, 21, 71; 105:10, 23). შერკინებისას ანგელოზი ბარძაყის სახსარზე შეეხო იაკობს და ის სამუდამოდ დააკოჭლა, შესაძლოა, მისთვის თავმდაბლობის სასწავლებლად. ეს იაკობს მუდმივად შეახსენებდა, რომ ღვთისგან ბოძებული კეთილდღეობისა და ანგელოზთან შერკინების გამო ზედმეტად არ უნდა განედიდებინა თავი. ამ მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნავად იაკობმა იმ ადგილს ფენიელი ან ფენუელი უწოდა (დბ. 32:25, 30—32).
-