ანგელოზი
ებრაული სიტყვა მალʼაქ და ბერძნული სიტყვა აგგელოს სიტყვასიტყვით მაცნეს ნიშნავს. ბიბლიის პირველიდან ბოლო წიგნამდე ეს სიტყვები თითქმის 400-ჯერ გვხვდება. თუ საუბარია ზეციურ მაცნეებზე, მაშინ ეს სიტყვები „ანგელოზებად“ ითარგმნება, მაგრამ თუ ადამიანები იგულისხმება, მაშინ „მაცნეებად“ (დბ. 16:7; 32:3; იაკ. 2:25; გმც. 22:8; იხ. მაცნე). თუმცა წიგნ „გამოცხადებაში“, რომელიც სიმბოლიზმით გამოირჩევა, ზოგ შემთხვევაში ანგელოზებში ადამიანები იგულისხმებიან (გმც. 2:1, 8, 12, 18; 3:1, 7, 14).
ანგელოზებს ზოგჯერ სულები ეწოდებათ, რადგან ისინი უხილავები და ძლიერები არიან. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ერთი სული გამოვიდა, იეჰოვას წინაშე დადგა“. მათზე აგრეთვე ნათქვამია: „განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან?“ (1მფ. 22:21; ებ. 1:14). ისინი ზეცაში მკვიდრობენ, ვინაიდან უხილავი სულიერი სხეულები აქვთ (მრ. 12:25; 1კრ. 15:44, 50). მათ აგრეთვე ეწოდებათ „ჭეშმარიტი ღვთის შვილები“, „დილის ვარსკვლავები“ და „უთვალავი წმინდა“ (იობ. 1:6; 2:1; 38:7; კნ. 33:2).
ანგელოზები არ ქორწინდებიან და არ მრავლდებიან. ისინი ინდივიდუალურად შექმნა იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძის, „ღვთის შემოქმედების დასაწყისის“ მეშვეობით (მთ. 22:30; გმც. 3:14). „მისი [ღვთის პირმშოს, სიტყვის] მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე, ხილული და უხილავი ... ის არის ყველაფერზე უწინ, მისი მონაწილეობით გაჩნდა ყველაფერი“ (კლ. 1:15—17; ინ. 1:1—3). ანგელოზები ადამიანამდე გაცილებით ადრე გაჩნდნენ, რადგან როცა ღმერთი დედამიწას აფუძნებდა, „ერთად ჟრიამულობდნენ დილის ვარსკვლავები და ღვთის ძეები ყიჟინებდნენ“ (იობ. 38:4—7).
რაც შეეხება ანგელოზთა რიცხვს, დანიელმა დაწერა: „ათასობით ათასი ემსახურებოდა მას [ღმერთს] და ათი ათასობით ათი ათასი იდგა მის წინაშე“ (დნ. 7:10; ებ. 12:22; იუდ. 14).
ანგელოზთა რანგი. ხილული სამყაროს მსგავსად, უხილავ სამყაროშიც არსებობს სხვადასხვა რანგი. ძალითა და ძალაუფლებით გამორჩეულია მთავარანგელოზი მიქაელი (დნ. 10:13, 21; 12:1; იუდ. 9; გმც. 12:7; იხ. მიქაელი №1). სავარაუდოდ, სწორედ მიქაელი იყო ის ანგელოზი, რომელიც ისრაელებს უდაბნოში მიუძღოდა, ვინაიდან აღმატებულია ძალით და მას ეწოდება „დიდი მთავარი, რომელიც ... [ღვთის] ხალხის ძეების გულისთვის დგას“ (გმ. 23:20—23). თუ გავითვალისწინებთ სერაფიმების პასუხისმგებლობასა და დანიშნულებას, მათ ანგელოზებს შორის მაღალი მდგომარეობა უკავიათ (ეს. 6:2, 6; იხ. სერაფიმები). უფრო ხშირად (85-ჯერ) ბიბლია მოიხსენიებს ქერუბიმებს. ბიბლიაში აღწერილი მათი პასუხისმგებლობებიდან და მოვალეობებიდან აშკარაა, რომ ანგელოზებს შორის მათაც განსაკუთრებული მდგომარეობა უკავიათ (დბ. 3:24; ეზკ. 10:1—22; იხ. ქერუბიმები). მათ შემდეგ მოდის ანგელოზთა დიდი ჯგუფი, ადამიანებთან წარგზავნილი ღვთის მაცნეები. მაგრამ მათი ერთადერთი მოვალეობა ინფორმაციის გადაცემა როდია. როგორც უზენაესი ღმერთის შუამავლები და წარმომადგენლები, ისინი ღვთის განზრახვების აღმსრულებლებიც არიან, იქნება ეს ღვთის ხალხის დაცვა და ხსნა თუ ბოროტთა განადგურება (დბ. 19:1—26).
პიროვნულობა. ზოგი უარყოფს იმ აზრს, რომ ანგელოზები პიროვნებები არიან და თვლის, რომ მათში იგულისხმება ღვთის განზრახვების შესასრულებლად მისგან გამომავალი ენერგია, მაგრამ ბიბლია სულ სხვა რამეს ამბობს. მასში მოხსენიებულია ანგელოზთა სახელები, რაც მათ პიროვნულობაზე მეტყველებს. ამას ადასტურებს ორი სახელის, მიქაელისა და გაბრიელის, მოხსენიება (დნ. 12:1; ლკ. 1:26). ის ფაქტი, რომ ბიბლიაში სხვა ანგელოზთა სახელები არ არის მოხსენიებული მათი თაყვანისცემისა და მათთვის ზედმეტი პატივის მიგებისგან გვიცავს. ღმერთი ანგელოზებს იმისთვის გზავნიდა, რომ მისი და არა საკუთარი სახელით ემოქმედათ. ამიტომაც არ გაუმხილა იაკობს ანგელოზმა თავისი სახელი (დბ. 32:29). ასევე მოიქცა იესო ნავეს ძესთან მისული ანგელოზი. მან იესოს მხოლოდ ის უთხრა, რომ „იეჰოვას ლაშქრის მეთაური“ იყო (იეს. 5:14). როცა სამსონის მშობლებმა მათთან მივლენილ ანგელოზს სახელი ჰკითხეს, მან მიუგო: „სახელს რატომ მეკითხები? საოცარია ეს სახელი“ (მსჯ. 13:17, 18). მოციქულმა იოანემ ორჯერ სცადა ანგელოზების თაყვანისცემა, მაგრამ ორჯერვე საყვედური მიიღო: „იცოდე, ნუ იზამ ამას!.. ღმერთს ეცი თაყვანი“ (გმც. 19:10; 22:8, 9).
ანგელოზები პიროვნებები არიან, ამიტომ მათ შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა (1კრ. 13:1), ადამიანთა სხვადასხვა ენაზე საუბარი (რც. 22:32—35; დნ. 4:23; სქ. 10:3—7) და აზროვნება, რის წყალობითაც ისინი აქებენ და ადიდებენ იეჰოვას (ფს. 148:2; ლკ. 2:13). მართალია, ანგელოზებისთვის ღმერთს სქესი არ მიუცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უპიროვნო ძალები არიან. ბიბლია ანგელოზებს მამაკაცური თვისებების მქონეთ აღგვიწერს. ხორცშესხმის შემთხვევაში ისინი ყოველთვის მამაკაცებად ევლინებოდნენ ხალხს, რადგან ბიბლიაში ღმერთიცა და მისი ძეც მამაკაცებად არიან წარმოდგენილნი. მაგრამ როცა ნოეს დროს ზოგიერთმა ანგელოზმა ხორცი სექსუალური სიამოვნების მისაღებად შეისხა, იეჰოვამ ისინი თავისი ზეციერი სამყოფლიდან გააძევა. ამ შემთხვევიდანაც გამოჩნდა, რომ ისინი პიროვნებები არიან, რადგან ადამიანების მსგავსად აქვთ ნების თავისუფლება და კარგსა და ცუდს შორის არჩევნის გაკეთების უფლება (დბ. 6:2, 4; 2პტ. 2:4). მრავალი ანგელოზი საკუთარი სურვილით განუდგა ღმერთს და სატანას შეუერთდა (გმც. 12:7—9; მთ. 25:41).
შესაძლებლობები და დავალებები. ვინაიდან ღმერთმა ადამიანი „ანგელოზებზე ოდნავ დაბლა“ დააყენა (ებ. 2:7), ანგელოზების გონებრივი შესაძლებლობები ადამიანისას აღემატება. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ისინი ზეადამიანურ ძალას ფლობენ: „აკურთხეთ იეჰოვა, ანგელოზნო მისნო, ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნო“. ანგელოზთა ცოდნა და ძალა კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა ორმა ანგელოზმა სოდომი და გომორა ცეცხლით გაანადგურა. ერთმა ანგელოზმა კი 185 000 ასურელი მეომარი გამოასალმა სიცოცხლეს (ფს. 103:20; დბ. 19:13, 24; 2მფ. 19:35).
ანგელოზებს წარმოუდგენელი სიჩქარით შეუძლიათ გადაადგილება, რასაც მატერიალურ სამყაროში ანალოგი არ მოეპოვება. დანიელს ლოცვაზე პასუხად ღმერთმა ანგელოზი გაუგზავნა. მას ლოცვა დამთავრებულიც კი არ ჰქონდა, როცა ანგელოზი მის გვერდით გაჩნდა (დნ. 9:20—23).
აღმატებული გონებრივი თუ სხვა შესაძლებლობების მიუხედავად, ანგელოზებს შეზღუდვებიც აქვთ. როგორც იესომ თქვა, მათ არ იცოდნენ ქვეყნიერების აღსასრულის „დღე და საათი“ (მთ. 24:36). მათ ძალიან აინტერესებთ, როგორ განხორციელდება იეჰოვას განზრახვები, თუმცა ზოგიერთი დეტალი მათთვის უცნობია (1პტ. 1:12). მათ ახარებთ შემცოდველის მონანიება. ისინი თვალს ადევნებენ „თეატრალურ სანახაობას“, რომლის მონაწილენიც ამ ქვეყნიერებაში მცხოვრები ქრისტიანები არიან. ისინი იმასაც ხედავენ, თუ რა კარგ მაგალითს იძლევიან ქრისტიანი ქალები, რომლებიც „ძალაუფლების ნიშანს“ ატარებენ თავზე (ლკ. 15:10; 1კრ. 4:9; 11:10; იხ. უკვდავება [უკვდავებით დაჯილდოებული სამეფოს მემკვიდრეები]).
ანგელოზები, როგორც იეჰოვას მსახურები, უხსოვარი დროიდან მრავალ დავალებას ასრულებენ. ისინი ემსახურებოდნენ აბრაამს, იაკობს, მოსეს, იესო ნავეს ძეს, ესაიას, დანიელს, ზაქარიას, პეტრეს, პავლეს, იოანესა თუ ღვთის სხვა მსახურებს (დბ. 22:11; 31:11; იეს. 5:14, 15; ეს. 6:6, 7; დნ. 6:22; ზქ. 1:9; სქ. 5:19, 20; 7:35; 12:7, 8; 27:23, 24; გმც. 1:1). მათ მიერ გადაცემული ზოგიერთი ცნობა ბიბლიის ნაწილი გახდა. ბიბლიის სხვა წიგნებთან შედარებით „გამოცხადებაში“ ისინი ყველაზე ხშირად არიან მოხსენიებულნი. მაგალითად, მასში ვკითხულობთ, რომ იეჰოვას დიდებული ტახტის გარშემო აურაცხელი ანგელოზი იდგა; შვიდმა ანგელოზმა ჩაჰბერა შვიდ საყვირს, სხვა შვიდმა ანგელოზმა კი ღვთის რისხვის შვიდი თასი გადმოღვარა; ცაში ანგელოზი დაფრინავდა, რომელსაც „მარადიული სასიხარულო ცნობა“ ჰქონდა; სხვა ანგელოზმა კი გააცხადა, რომ „დაეცა დიდი ბაბილონი“ (გმც. 5:11; 7:11; 8:6; 14:6, 8; 16:1).
ქრისტესა და მისი მიმდევრების მხარდამჭერები. ღვთის წმინდა ანგელოზები იესოს დედამიწაზე ცხოვრებას თავიდანვე დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს. ისინი იყვნენ მისი ჩასახვისა და დაბადების მაცნეები; მას შემდეგ, რაც 40 დღეს იმარხულა, იესოს ანგელოზები მოემსახურნენ. როცა ის დედამიწაზე სიცოცხლის ბოლო ღამეს გეთსემანეს ბაღში ლოცულობდა, ანგელოზი მივიდა მასთან და განამტკიცა. რომ მოენდომებინა, იესოს შეეძლო, სულ მცირე, ანგელოზთა 12 ლეგიონი მოეხმო მის შესაპყრობად მისული ბრბოს წინააღმდეგ. ანგელოზებმა მისი მკვდრეთით აღდგომა გააცხადეს და მისი ზეცად ამაღლების მოწმენიც გახდნენ (მთ. 4:11; 26:53; 28:5—7; ლკ. 1:30, 31; 2:10, 11; 22:43; სქ. 1:10, 11).
ღვთის ზეციერი მაცნეები კვლავ ემსახურებიან იეჰოვას მიწიერ მსახურებს, როგორც იესომ თქვა: „არ დაამციროთ არც ერთი ამ მცირეთაგანი, რადგან გეუბნებით: მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს“ (მთ. 18:10). „განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, იმათ მოსამსახურებლად გაგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?“ (ებ. 1:14). ეს ძლიერი ანგელოზები დედამიწაზე ხილულად აღარ ჩნდებიან იეჰოვას მსახურების დასახმარებლად ისე, როგორც ეს მოციქულების საპატიმროდან გათავისუფლების დროს მოხდა. მაგრამ ღვთის მსახურები დარწმუნებულნი არიან, რომ ანგელოზთა ლაშქარი ყოველთვის მათ გვერდით არის, ისევე როგორც წინასწარმეტყველი ელისესა და მისი მსახურის შემთხვევაში, თუმცა უხილავად. „[ღმერთი] თავის ანგელოზებს უბრძანებს, რომ ყველა შენს გზაზე დაგიცვან“. გვჯერა, რომ „იეჰოვას ანგელოზი დაბანაკებულია მის მოშიშთა გარშემო და იხსნის მათ“ (ფს. 91:11; 34:7; სქ. 5:19; 2მფ. 6:15—17).
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ანგელოზები იესო ქრისტეს გვერდით იქნებოდნენ მაშინ, როცა ის „ხორბალს“ გამოაცალკევებდა „სარეველასგან“ და მაშინაც, როცა „ცხვრებს“ გამოაცალკევებდა „თხებისგან“. ზეცაში ღვთის სამეფოს დაბადების დროს ანგელოზები მიქაელს დრაკონისა და მისი დემონების წინააღმდეგ გამართულ ომში შეუერთდნენ. ისინი ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღესაც მეფეთა მეფის გვერდით იბრძოლებენ (მთ. 13:41; 25:31—33; გმც. 12:7—10; 19:14—16).