სამუელი
[სახელი ღვთისა]
გამოჩენილი წინასწარმეტყველი (სქ. 3:24; 13:20); მიიჩნევენ, რომ მან დაწერა ბიბლიის წიგნები: „მსაჯულები“, „რუთი“ და „პირველი სამუელის“ ნაწილი (შდრ. 1სმ. 10:25; 1მტ. 29:29). მამამისი ელკანა კეჰათელი ლევიანი იყო და სამღვდელო საგვარეულოს არ მიეკუთვნებოდა (1მტ. 6:27, 28, 33—38). სამუელს ხუთი ღვიძლი დედმამიშვილი ჰყავდა (სამი ძმა და ორი და) (1სმ. 2:21).
ჯერ კიდევ დაორსულებამდე ხანამ პირობა დადო, რომ ბავშვი იეჰოვას მსახური, ნაზირი იქნებოდა (1სმ. 1:11). როგორც კი ძუძუს მოსწყვიტეს (იქნებოდა სულ მცირე სამი წლისა; შდრ. 2მტ. 31:16), სამუელი შილოში წაიყვანეს კარავში და მღვდელმთავარ ელის მიაბარეს აღსაზრდელად (1სმ. 1:24—28). პატარა სამუელს სელის ეფოდი ეცვა და იეჰოვას წინაშე მსახურობდა. დედამისი ყოველ წელს მიდიოდა სანახავად და ახალი მოსასხამი მიჰქონდა მისთვის (1სმ. 2:18, 19). „იზრდებოდა სამუელი და უფრო და უფრო მოსაწონი ხდებოდა იეჰოვასთვისაც და ხალხისთვისაც“ (1სმ. 2:26).
ადრეულ ასაკში ხდება წინასწარმეტყველი. ღამით სამუელს იეჰოვას ტაძარში ეძინა, „სადაც ღვთის კიდობანი იყო“ და, როგორც ჩანს, მას ევალებოდა დილით „იეჰოვას სახლის კარების“ გაღება (1სმ. 3:3, 15). სავარაუდოდ, სიტყვებში „სადაც ღვთის კიდობანი იყო“ იგულისხმება კარვის ტერიტორია და ისინი ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს სამუელს წმინდათაწმინდაში ეძინა. ვინაიდან ის კეჰათელი ლევიანი იყო და სამღვდელო საგვარეულოს არ მიეკუთვნებოდა, მას არ ჰქონდა კიდობნის ან საწმინდარში არსებული სხვა წმინდა ნივთების ნახვის უფლება (რც. 4:17—20). ერთადერთი ადგილი იეჰოვას სახლში, სადაც სამუელს შეეძლო შესვლა, კარვის ეზო იყო. შესაბამისად, სამუელი როგორც ჩანს, ეზოს კარს აღებდა და ამ ეზოშივე ეძინა. იმ დროისთვის, როცა კარავი მუდმივად იდგა შილოში, როგორც ჩანს, სხვადასხვა ნაგებობა დადგეს მის გარშემო და სამუელს შესაძლოა ერთ-ერთ ასეთ ნაგებობაში ეძინა.
ერთ ღამეს დასაძინებლად დაწოლილ სამუელს მოესმა, რომ ვიღაც სახელით ეძახდა. მას ეგონა, რომ ეს მღვდელმთავარი ელი იყო, ამიტომ მასთან გაიქცა. როცა ეს სამჯერ გამეორდა, ელი მიხვდა, რომ სამუელს იეჰოვა ეძახდა და დაარიგა ის, როგორ მოქცეულიყო. იეჰოვამ გაუცხადა სამუელს ელის სახლისთვის გამოტანილი განაჩენი. შეშინებულმა სამუელმა მხოლოდ მაშინ გადასცა ელის იეჰოვას სიტყვა, როცა ელიმ სთხოვა ამის შესახებ. ასე დაიწყო სამუელის წინასწარმეტყველად მსახურება და მთელმა ისრაელმა გაიგო, რომ ის იეჰოვას წინასწარმეტყველი იყო (1სმ. 3:2—21).
იცავს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ისრაელში. ოც წელზე მეტი ხნის შემდეგ სამუელის რჩევით ისრაელებმა მიატოვეს კერპთაყვანისმცემლობა და მხოლოდ იეჰოვას სცემდნენ თაყვანს. მოგვიანებით სამუელმა ისრაელები მიცფასთან შეკრიბა. ფილისტიმელებმა ისარგებლეს შემთხვევით და ქვეყანაში შეიჭრნენ. შეშინებულმა ისრაელებმა სთხოვეს სამუელს, იეჰოვასთვის ეთხოვა დახმარება. ის ასეც მოიქცა და იეჰოვას მეძუძური ბატკანი შესწირა (1სმ. 7:2—9). ვინაიდან სამუელი კეჰათელი ლევიანი იყო და სამღვდელო საგვარეულოს არ მიეკუთვნებოდა, მას კარვის სამსხვერპლოზე მსხვერპლის შეწირვის უფლება არ ჰქონდა (რც. 18:2, 3, 6, 7) და არც არსად წერია, რომ მან ეს გააკეთა. მაგრამ, როგორც იეჰოვას წარმომადგენელსა და წინასწარმეტყველს, მას შეეძლო, ღვთის მითითებისამებრ სხვა ადგილას მიეტანა შესაწირავი, როგორც ეს გედეონმა (მსჯ. 6:25—28) და ელიამ გააკეთეს (1მფ. 18:36—38). სამუელის ლოცვის საპასუხოდ იეჰოვამ თავზარი დასცა ფილისტიმელებს და ისრაელებს გადამწყვეტი გამარჯვება მოაპოვებინა. ამ გამარჯვების უკვდავსაყოფად სამუელმა მიცფასა და იეშანას შორის ქვა დადო და ებენეზერი უწოდა (ნიშნავს: „ქვა დახმარებისა“) (1სმ. 7:10—12). როგორც ჩანს, ამ და სხვა ბრძოლების დროს მოპოვებული ნადავლიდან ნაწილი სამუელმა იეჰოვას სახლისთვის განწმინდა (1მტ. 26:27, 28).
სამუელის დღეებში ისრაელმა სხვა გამარჯვებებიც მოიპოვა ფილისტიმელებზე (1სმ. 7:13, 14). გამორჩეული იყო იმ დროს აღნიშნული პასექის დღესასწაულებიც (2მტ. 35:18). როგორც ჩანს, სამუელმა აგრეთვე ორგანიზება გაუწია კარიბჭის მცველ ლევიანთა მსახურებას. მოგვიანებით შესაძლოა დავითმა ამის საფუძველზე შეადგინა ლევიანთა მომსახურე ჯგუფები (1მტ. 9:22). ყოველ წელს ეფრემის მთიან მხარეში მდებარე მშობლიური რამადან სამუელი მოგზაურობდა ბეთელში, გილგალსა და მიცფაში და სამართალს უჩენდა ისრაელებს (1სმ. 7:15—17). ის არასდროს იყენებდა ბოროტად თავის მდგომარეობას. მან წუნდაუდებლად იცხოვრა (1სმ. 12:2—5). მაგრამ მისი ვაჟები, იოელი და აბია, სამართალს ამრუდებდნენ (1სმ. 8:2, 3).
საულის მეფედ ცხება. სამუელის ვაჟების ორგულობისა და ამონელების მხრიდან ომის საშიშროების გამო ისრაელის უხუცესებმა სამუელისგან მეფის დაყენება მოითხოვეს (1სმ. 8:4, 5; 12:12). ამის შესახებ ლოცვაზე იეჰოვამ სამუელს უპასუხა: მიუხედავად იმისა, რომ ამ თხოვნაში იეჰოვას მეფობის მიმართ რწმენის ნაკლებობა ჩანდა, სამუელს უნდა შეესრულებინა ისრაელების თხოვნა და აეხსნა მათთვის, რა შედიოდა მეფის უფლებამოსილებაში. ხალხმა იცოდა, რომ მეფის ყოლა მათ თავისუფლებას გარკვეულწილად შეზღუდავდა, მაგრამ მაინც დაჟინებით ითხოვდნენ მეფეს. როცა გაუშვა ისრაელები, სამუელმა იეჰოვას ხელმძღვანელობით ბენიამინელი საული სცხო მეფედ (1სმ. 8:6—10:1). შემდეგ მან შეკრიბა ხალხი მიცფაში და წილისყრამ გამოავლინა, რომ მეფე საული იქნებოდა (1სმ. 10:17—24). სამუელმა კიდევ ერთხელ შეახსენა ხალხს მეფის უფლებამოსილება და ის წიგნში ჩაწერა (1სმ. 10:25).
საულის წინამძღოლობით ამონელებზე გამარჯვების შემდეგ სამუელმა გილგალში შეკრიბა ხალხი მეფობის განსამტკიცებლად. მაშინ სამუელმა თავისი ცხოვრება და ისრაელის წარსული გაიხსენა და დაანახვა მათ, რომ ღვთის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად საჭირო იყო, ხალხიც და მეფეც იეჰოვას მორჩილი ყოფილიყო. იმის დასანახვებლად, თუ რამდენად სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როცა იეჰოვა უარყვეს, როგორც მეფე, სამუელმა ლოცვაში ჭექა-ქუხილი სთხოვა იეჰოვას, რაც უჩვეულო იყო წელიწადის იმ დროისთვის. სამუელის ლოცვაზე იეჰოვას პასუხმა აღძრა ხალხი, გაეცნობიერებინათ თავიანთი დანაშაული (1სმ. 11:14—12:25).
ამის შემდეგ სამუელს ორჯერ მოუწია საულის გაკიცხვა ღვთის ხელმძღვანელობის დაუმორჩილებლობისთვის. პირველ შემთხვევაში სამუელმა განუცხადა საულს, რომ მისი მეფობა შეირყეოდა, რადგან თავდაჯერებულმა თავად შესწირა მსხვერპლი და არ დაელოდა სამუელს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა (1სმ. 13:10—14). მეორე შემთხვევაში სამუელმა განუცხადა, რომ იეჰოვამ უარყო საული, როგორც მეფე, რადგან ღვთის მითითების საპირისპიროდ დაინდო მეფე აგაგი და ამალეკელთა საუკეთესო ცხვარ-ძროხა. სამუელმა შეუსრულა საულს თხოვნა და მასთან ერთად გავიდა ისრაელის უხუცესებისა და ხალხის წინაშე. შემდეგ სამუელმა მოაყვანინა აგაგი და აკუწა ის გილგალში იეჰოვას წინაშე (1სმ. 15:10—33).
დავითის ცხება. ამის შემდეგ ეს ორი კაცი მეტად აღარ შეხვედრია ერთმანეთს. სამუელი მაინც წუხდა საულზე, მაგრამ იეჰოვამ უთხრა მას, რომ წუხილის ნაცვლად წასულიყო ბეთლემში და ისრაელის მომავალ მეფედ იესეს ერთ-ერთი ვაჟი ეცხო. საულს ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა რამეში და სამუელი არ მოეკლა, იეჰოვამ უთხრა სამუელს, შესაწირავად დეკეული წაეყვანა. ბეთლემის უხუცესები შეშინებულები შეეგებნენ მას. შესაძლოა მათ ეგონათ, რომ სამუელი რომელიმე დანაშაულის გამო მივიდა მათ გასაკიცხად ან დასასჯელად. მაგრამ სამუელმა დაამშვიდა და უთხრა, რომ სამშვიდობოდ იყო მისული. მან იესე და მისი ვაჟები შესაწირავის საჭმელად მიიწვია. იესეს პირმშოს, ელიაბის გარეგნობის გამო სამუელმა დაასკვნა, რომ ის იყო იეჰოვას რჩეული მეფე. მაგრამ იეჰოვას არც ელიაბი აურჩევია და არც იესეს სხვა ექვსი ვაჟი. სამუელის დაჟინებული თხოვნით საძოვრიდან მოაყვანინეს ყველაზე უმცროსი ვაჟი დავითი და მის ძმებს შორის სამუელმა იეჰოვას მითითებით ის სცხო მეფედ (1სმ. 15:34—16:13).
მოგვიანებით, როცა მეფე საულმა არაერთხელ სცადა დავითის მოკვლა, დავითი სამუელთან გაიქცა რამაში. შემდეგ ისინი ნაიოთში ჩავიდნენ და დავითი იქ დარჩა, ვიდრე საული თავად არ ჩავიდა მის საძებნელად (1სმ. 19:18—20:1). როცა დავითი ჯერ კიდევ შევიწროებული იყო საულისგან, „მოკვდა სამუელი; დაიტირა ის მთელმა ისრაელმა და დამარხეს თავის სახლში, რამაში“ (1სმ. 25:1). ამგვარად, სამუელს, რომელიც მთელი სიცოცხლე ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს, სიკვდილისას იეჰოვას მოსაწონი მსახურის სახელი ჰქონდა დამკვიდრებული (ფს. 99:6; იერ. 15:1; ებ. 11:32). დავალების შესრულების დროს ის შეუპოვარი იყო (1სმ. 16:6, 11), ავლენდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისადმი ერთგულებას (1სმ. 7:3—6), იყო პატიოსანი (1სმ. 12:3) და გაბედულად და შეურყევლად აცხადებდა და მხარს უჭერდა იეჰოვას განაჩენსა თუ გადაწყვეტილებებს (1სმ. 10:24; 13:13; 15:32, 33).
იმის შესახებ, თუ როგორ სთხოვა საულმა ენ-დორში სულების გამომძახებელს სამუელის გამოძახება, იხ. საული.