სახე
სახის აღმნიშვნელი ებრაული და ბერძნული სიტყვები (ებრ. ფანე; ბერძ. პროსოპონ) სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. ამ სიტყვას ქართულშიც რამდენიმე მნიშვნელობა აქვს.
ხშირ შემთხვევაში „სახეში“ იგულისხმება თავის წინა მხარე, პირისახე, პირი (დბ. 50:1; მთ. 6:16, 17; იაკ. 1:23). ის აგრეთვე შეიძლება აღნიშნავდეს რაიმეს წინა მხარეს (გმ. 26:9; შდრ. აგრეთვე 2მფ. 10:9, სსგ; ეზკ. 2:9, 10, ბსგ), ზედაპირს (ეს. 14:21; იობ. 38:30; სქ. 17:26) ან გარეგნობას (მთ. 22:16; გლ. 2:6).
დამოკიდებულება და მდგომარეობა. ხშირად სახის გამომეტყველება გამოხატავს ადამიანის შინაგან მდგომარეობასა და განწყობას. შესაბამისად, სიტყვები „სახე“ და „პირი“ გამოიყენება სხვადასხვა ვითარებაში ღვთის ან ადამიანის დამოკიდებულების დასახასიათებლად ან იმ თვალსაზრისის აღსაწერად, რომელიც ღმერთს ან სხვა ვინმეს აქვს ამა თუ იმ პირის შესახებ. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე გავრცელებული გამოთქმა, სადაც ეს სიტყვები გვხვდება.
„სახის ძებნა“ მიუთითებს წყალობის ან დახმარების მისაღებად ღვთის ან რომელიმე მმართველის წინაშე წარდგომის მცდელობაზე (ფს. 24:6; 27:8, 9; 105:4; იგ. 29:26; ოს. 5:15). ებრაულ ენაში გამოთქმა „ვინმესთვის სახის აწევა“ მისთვის ანგარიშის გაწევას ნიშნავს (1სმ. 25:35; იხ. მიუკერძოებლობა).
ვინმეს „სახის მოლბობა“ მისი რისხვის დაცხრომასა და გულის მოლბობას ნიშნავს (გმ. 32:11; ფს. 119:58, სქ-ები).
ვინმესთვის „სახის ნათელის მოფენა“ მისდამი წყალობის გამოვლენას გულისხმობს (რც. 6:25; შდრ. ფს. 80:7), ვინმეს „სახის წინ დაყენება“ კი — მისდამი ყურადღების გამოვლენას (ფს. 41:12; შდრ. ფს. 140:13).
სიტყვა „პირისპირ“ ზოგჯერ შეიძლება ვინმესთან ახლო ურთიერთობაზე ან უშუალო საუბარზე მიუთითებდეს. წინასწარმეტყველ მოსეზე, რომელსაც სწორედ ასეთი სიახლოვე ჰქონდა ღმერთთან და რომლის მეშვეობითაც ღმერთი ძლევამოსილ საქმეებს ასრულებდა, ნათქვამია, რომ იეჰოვა „პირისპირ იცნობდა“ მას (კნ. 34:10—12). მართალია, მოსეზე ისიც არის ნათქვამი, რომ „იეჰოვას სახეს“ ხედავდა და იეჰოვა პირისპირ ელაპარაკებოდა, მაგრამ ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. როგორც ბიბლიიდან ჩანს, იეჰოვა მოსეს თავისი წარმომადგენლების, ანგელოზების მეშვეობით ესაუბრებოდა და არა ხილვებითა თუ სიზმრებით. ამიტომაც გამოიყენება ბიბლიაში ზემოხსენებული სიტყვები მათი ურთიერთობის აღსაწერად (რც. 12:6—8; გმ. 33:20; სქ. 7:35, 38; გლ. 3:19; შდრ. დბ. 32:24—30; ოს. 12:3, 4). მოსემ ისრაელებს შეახსენა, როგორ ელაპარაკა მათ ღმერთი პირისპირ — მათ ძლიერი ხმა ესმოდათ სინას მთასთან, თუმცა იეჰოვას ვერ ხედავდნენ (კნ. 5:4; 4:11—15; ებ. 12:19).
რაც შეეხება იესოს, განკაცებამდე ის პირდაპირი გაგებით მამის გვერდით იყო. იესომ თქვა, რომ მისი მამის სახეს ხედავენ ღვთის სულიერი ძეებიც, ანგელოზებიც, რომლებიც იეჰოვას ზეციერ სამყოფელში მსახურობენ (ინ. 1:18; 8:57, 58; მთ. 18:10; შდრ. ლკ. 1:19). თავის დროზე ქრისტეს თანამემკვიდრეებად წოდებულნიც იხილავენ იეჰოვა ღმერთს (1ინ. 3:1—3).
მოციქულ პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ადრინდელ ქრისტიანებს ღვთის განზრახვის შესახებ შედარებით მცირე ცოდნა ჰქონდათ, მაგრამ ზეციერი ჯილდოს მიღების შემდეგ მათ ცოდნა გაუღრმავდებოდათ, ყველა წინასწარმეტყველების შესრულების შემდეგ კი ბოლომდე ჩასწვდებოდნენ ღვთის განზრახვას. მან თქვა: „ამჟამად ბუნდოვან მონახაზს ვხედავთ ლითონის სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ“ (1კრ. 13:12; შდრ. 2კრ. 3:18; 4:6).
„პირში თქმა“ პირდაპირ, დაუფარავად თქმას ნიშნავს (იობ. 21:31) და ზოგჯერ შეიძლება თავხედობასა და უპატივცემულობაზე მიუთითებდეს (იობ. 1:11). მსგავსი მნიშვნელობით გამოიყენება გამოთქმა „ვინმეს სახისგან გაკიცხული“ (ფს. 80:16).
„პირის მიბრუნება“ მიზნის დასახვას ან რაღაცისკენ სწრაფვას ნიშნავს (დბ. 31:21; იერ. 44:12) და მტკიცე გადაწყვეტილების აზრს ატარებს (2მტ. 20:3, სქ.; დნ. 11:16—19; ლკ. 9:51—53). დანიელმა პირი იბრუნა იეჰოვასკენ, ანუ დახმარების სათხოვნელად გულმოდგინედ დაიწყო ღვთის ძიება (დნ. 9:3). მტკიცე გადაწყვეტილება სახის გამომეტყველებაზეც აისახება — ადამიანს ტუჩები მოკუმული და მზერა დაჟინებული აქვს. ესაიამ კაჟივით გაიმაგრა სახე, ანუ მტკიცედ გადაწყვიტა, არ დანებებოდა მტერს და არ შეეწყვიტა მსახურება (ეს. 50:7). ურჩმა იუდეველებმა „სახეები კლდეზე მეტად გაიმაგრეს“, რადგან გაჯიუტდნენ და შეგონება უარყვეს (იერ. 5:3). იეჰოვაზე ნათქვამია, რომ მან სახე თავისი სამართლიანი კანონის დამრღვევთა წინააღმდეგ მიაქცია, რაც მათ უარყოფასა და გასამართლებას ნიშნავდა. ასეთებს უბედურება და სიკვდილი არ ასცდებოდა (ლვ. 17:10; 20:3—6; იერ. 21:10; შდრ. 1პტ. 3:12).
„სახის დაფარვა ან დამალვა“ სხვადასხვა მნიშვნელობით გვხვდება. როცა იეჰოვა ღმერთი ვინმესგან მალავდა სახეს, ეს ხშირ შემთხვევაში იმას ნიშნავდა, რომ აღარ სწყალობდა და აღარ აძლიერებდა მას. ზოგჯერ იეჰოვას შეიძლება კონკრეტული პირის ან ადამიანთა ჯგუფის, მაგალითად, ისრაელი ერის ურჩობის გამო დაემალა სახე (იობ. 34:29; ფს. 30:5—8; ეს. 54:8; 59:2). თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ იეჰოვა თავს იკავებდა მოქმედებისა და პასუხის გაცემისგან მანამ, სანამ ამას თავად არ ჩათვლიდა საჭიროდ (ფს. 13:1—3). დავითის სიტყვები, „ჩემი ცოდვებისგან დაფარე შენი სახე“, ღმერთისთვის ცოდვების პატიების თხოვნას ნიშნავდა (ფს. 51:9; შდრ. ფს. 10:11).
ადამიანის ან ანგელოზის მიერ საკუთარი სახის დაფარვა თავმდაბლობის, მოწიწებისა და პატივისცემის გამომხატველი ჟესტი იყო (გმ. 3:6; 1მფ. 19:13; ეს. 6:2), ზოგჯერ კი — გლოვის ნიშანი (2სმ. 19:4). ელიფაზმა ცილი დასწამა იობს, თითქოს დოვლათმა იობი ისე გააამაყა, რომ, ასე ვთქვათ, სახე ქონით დაიფარა (იობ. 15:27). სახის დაფარვა, როგორც ეს ჰამანის შემთხვევაში მოხდა, სირცხვილსა და მოსალოდნელ სასჯელს ნიშნავდა (ესთ. 7:8; შდრ. ფს. 44:15; იერ. 51:51).
„პირის არიდება“ გულგრილობისა და ზიზღის მაჩვენებელია (2მტ. 29:6; იერ. 2:27; 32:33). იეჰოვა თავისი რჩევის უგულებელმყოფელთ ზიზღის ნიშნად ზურგს უჩვენებს „მათი უბედურების დროს და არა სახეს“ (იერ. 18:17).
„სახეში შეფურთხება“ უკიდურესი შეურაცხყოფისა და დამცირების ფორმა იყო (რც. 12:14; კნ. 25:9; ეს. 50:6; მთ. 26:67).
გაიგივებულია პიროვნებასთან. სახე სხეულის ყველაზე თვალში საცემი ნაწილია. ხშირად სწორედ სახით არჩევენ ადამიანებს ერთმანეთისგან და სახეზე ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება. ამიტომ სიტყვა „სახე“ ზოგჯერ პიროვნების სინონიმადაც გამოიყენება. მაგალითად, 2 სამუელის 17:11-სა და საქმეების 3:19-ში ებრაული და ბერძნული სიტყვები, რომლებიც სიტყვასიტყვით ნიშნავს „შენს სახეს“ და „იეჰოვას სახისგან“, ნათარგმნია როგორც „შენ თვითონ“ და „იეჰოვასგან“.
წარსადგენ პურს, რომელიც კარავში ელაგა, ებრაულად სიტყვასიტყვით „სახის პური“ ეწოდებოდა (გმ. 25:30), რადგან ეს პური, ასე ვთქვათ, იეჰოვას სახის წინაშე იდო. ეს ფრაზა მიუთითებდა თავის ხალხთან იეჰოვას სიახლოვეზე, რისი სიმბოლოც კარავი იყო.
სხვა მნიშვნელობები და სიტყვები. სახის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა (პროსოპონ) ზოგჯერ მიუთითებს სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა ფაქტორებით განპირობებულ გარეგნულ სახეზე (მთ. 22:16; 2კრ. 5:12; გლ. 2:6).
ებრაული სიტყვა ʼაფ (ცხვირი, ნესტოები) ზოგჯერ ცხვირ-პირზეც მიუთითებს და ითარგმნება როგორც პირი, უფრო ხშირად ისეთ კონტექსტებში, სადაც საუბარია პირქვე დამხობაზე (დბ. 3:19; 19:1; 48:12). ებრაული სიტყვა ʽაჲინ (თვალი) გამოყენებულია იეჰოვასთან, რომელიც თითქოსდა პირისპირ (სიტყვასიტყვით თვალდათვალ) ეცხადებოდა თავის ხალხს (რც. 14:14, შდრ. სსგ).